ზურაბ სადილიანი: „შვილი მომიკლეს და დამნაშავე არ დაუჭერიათ, პროკურატურას 18 თებერვლამდე ვაძლევ დროს, გაასაჯაროოს კადრები!“

2020 წლის 26 მაისს ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე,  ავარია მოხდა. ავტომანქანა „ჰონდა ფიტი“, რომელსაც ბექა ნემსიწვერაძე მართავდა, ველოსიპედით მოძრავ გიგა სადილიანს შეეჯახა. გიგა სადილიანი საავადმყოფოში მომხდარიდან 14 დღეში გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარ სამმართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, მაგრამ სადილიანის ოჯახის თქმით, მერვე თვეა, დამნაშავე დაუსჯელია.

გარდაცვლილის მამა „ქრონიკა+“-სთან აცხადებს, რომ საქმე თავიდანვე გაყალბებულია.

ოჯახი გენერალურ პროკურატურას  18 თებერვლამდე აძლევს დროს. მშობლები ვიდეოკადრების გასაჯაროებას ითხოვენ.

„ქრონიკა+“ გარდაცვლილის მამას, ზურაბ სადილიანს ესაუბრა:

_ ჩვენ მეზობლისგან შევიტყვეთ მომხდარის შესახებ. მე და ჩემი მეუღლე შემთხვევის ადგილას რომ მივედით, ჩვენი შვილი უკვე სასწრაფოს ეკიპაჟს ჰყავდა საავადმყოფოში გადაყვანილი. ადგილზე 4 საპატრულო ეკიპაჟი დაგვხვდა.  ჩავთვალეთ, რომ ავარია შუაგულ ტრასაზე მოხდა, რადგან მანქანა და ბავშვის ველოსიპედი მარჯვნივ ბორდიურზე ეგდო. თუმცა შემთხვევის ადგილის დათვალიერება რომ დავიწყე, ჩემს შვილს რამე ნივთი ხომ არ დაუვარდა-მეთქი, თვითმხილველებმა გვითხრეს,- თქვენ სადაც ეძებთ, ავარია იქ არ მომხდარა, გზის შუა ნაწილშია სისხლის გუბეებიო. მართლაც, გზის შუა ნაწილზე იყო სისხლის გუბეები. ჩემს შვილს მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიღებული.  ფეხი ექვს ადგილას იყო მოტეხილი, ასევე დამტვრეული ჰქონდა თავის ქალა და ლავიწის ძვალი, ხელი მოტეხილი, – ეს ყველაფერი დასკვნაშიც აისახა. მხოლოდ 14 დღე იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში იმისთვის ვიბრძოდით, რომ ჩვენი შვილის სიცოცხლე გადაგვერჩინა, ამიტომ არ გვქონდა იმის დრო, საჩივარი შეგვეტანა. ამ პერიოდის განმავლობაში გამომძიებელიც კი არ მოსულა ჩვენთან, მხოლოდ ბავშვის გარდაცვალებიდან, დაახლოებით, 1 თვის შემდეგ მოვიდა და გვითხრა, _ ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერს ვაკეთებთ დამნაშავის დასასჯელადო.

_ როგორ მიმდინარეობდა გამოძიება და მიგენიჭათ თუ არა დაზარალებულის სტატუსი?

_ 20 წლის ბიჭი მიწაში ჩამიდეს, მომიკლეს და დაზარალებულის სტატუსიც კი არ მოგვანიჭეს. მე და ჩემი მეუღლე მოწმეები ვართ  ამ საქმეში. მე არ მიჩივლია, ვიფიქრე, დამნაშავეს დაიჭერდნენ და რაც საჭირო იყო, იმას მიუსჯიდნენ. მანქანის მძღოლი კი ერთი დღეც არ მჯდარა ციხეში. მომხდარიდან ორი თვის შემდეგ გამომძიებელმა გიორგი გოგბერაშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მძღოლი გაამართლესო. როგორც აღმოჩნდა, ეს ექსპერტიზა არა სამხარაულის ბიუროში, არამედ ქუთაისში ჩატარდა. ადგილზევე გააყალბეს ყველაფერი, _ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს საქმის გაყალბება, ჩემი შვილი მომხდარიდან რამდენიმე წუთში სიკვდილს რომ ებრძოდა.

_ თქვენ ამბობთ, რომ ამ საქმეში ყველაფერი გაყალბებულია. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

_ მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიგეთ, რომ მძღოლი არც კი დაუკავებიათ, ადვოკატი ავიყვანეთ და დავიწყეთ ბრძოლა სამართლიანობის აღსადგენად. რაც შეეხება საქმის გაყალბებას, გამომძიებელმა გოგბერაშვილმა გვითხრა, რომ არ არსებობდა საპატრულოს სამკერდე კამერის ჩანაწერები. ადგილზე 4 ეკიპაჟი იყო და წარმოუდგენელია, რომ არც ერთს არ ჰქონოდა კამერა ჩართული. გოგბერაშვილის თქმით, ზოგს გაფუჭებული ჰქონდა, ზოგს კი – არ ჩაურთავს, – ეს ხომ აბსურდია?! გარდა ამისა, მძღოლისთვის არ ჩაუტარებიათ ნარკოლოგიური შემოწმება. ოჯახს გვქონდა უტყუარი ინფორმაცია, რომ ავარიის დღეს მძღოლი ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა. ასევე არ დაუდგენიათ, შემთხვევის მომენტში რა სიჩქარით გადაადგილდებოდა მძღოლი. ამ ნაწილში მძღოლის ნათქვამს ეყრდნობოდნენ. მისი თქმით, იგი 50 კმ/სთ-ით გადაადგილდებოდა. კითხვაზე, _ რატომ არ ჩაუტარეს მძღოლს ნარკოლოგიური თრობის დასადგენი ტესტი?  გამომძიებელმა გვიპასუხა, რომ ნარკოლოგიურში დარეკა და რადგან ბექა ნემსიწვერაძე აღრიცხვაზე არ იყო, არ მიიჩნია საჭიროდ  ტესტირება. გამომძიებელი გოგბერაშვილი ვერ დამიმტკიცებს, რომ იმ მომენტში, როცა მძღოლი ჩემს შვილს დაეჯახა, ის არ იმყოფებოდა ნარკოტიკული თრობის ქვეშ. აქედან გამომდინარე, პროკურატურაში  გამომძიებლის აცილების შუამდგომლობა დავწერეთ, რომელიც დაკმაყოფილდა და ახალი გამომძიებელი დანიშნეს.

საქმის მასალებშია ასევე ბენზინგასამართი სადგურის ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელზედაც ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვი გაიხედავს და დარწმუნდება, რომ მანქანა არ მოდის, ზებრაზე გადადის, უკვე თითქმის  მოპირდაპირე მხარეზეა გადასული, ამ დროს მოდის ის მანქანა, მძღოლი ტელეფონს უყურებს, უცებ შეხედავს ჩემს შვილს, როგორც ჩანს, ვერ ხვდება, რომელ მხარეზე გადადიოდა და საპირისპირო მხარეს გადადის და ეჯახება ჩემს შვილს. გამომძიებელის თქმით, ამის შემდეგ რა მოხდა, ჩანაწერებში არ ჩანს. თუმცა აქ მნიშვნელოვანია: ამ ვიდეოჩანაწერების მიხედვით დგინდება, რომ გზის შუა ნაწილზე შეჯახების შემდეგ უნდა ყოფილიყო მანქანა, ველოსიპედი და ბავშვი, თუმცა ადგილზე მისულებს განსხვავებული სურათი დაგვხვდა: ყველაფერი მარჯვენა მხარეს იყო გადმოტანილი. ამასთანავე, საქმეში დევს მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც აღმოჩნდა მძღოლის ბიძა (დედის ძმა). მისი თქმით, ბავშვი ბორდიურიდან გადმოუხტა მანქანას, ამ დროს კი ვიდეოკადრებში საპირისპიროა ნაჩვენები. ანუ ველოსიპედი, მანქანა და ბავშვი იმიტომ გადაიტანეს ბორდიურის მხარეს, რომ შემთხვევა მძღოლს არ დაბრალებოდა. ჩემი შვილი რომ კვდებოდა და სიკვდილ-სიცოცხლეს რომ ებრძოდა, ეს უნამუსო ხალხი მაშინ საქმის გაყალბებაზე ზრუნავდა. შემთხვევას ექიმი შეესწრო და მან ჩემს შვილს პირველადი დახმარება გაუწია. ექიმის თქმით, როცა იგი ჩემი გიგას შველას ცდილობდა, მისთვის ვიღაცებს (არ ახსოვს, კონკრეტულად ვინ იყვნენ) უთქვამთ, ბავშვი ბორდიურისკენ უნდა გადავიყვანოთ, ამიტომ დროებით შეწყვიტეთ, რასაც აკეთებთო. ე. ი., როცა მანქანა და ველოსიპედი  ბორდიურის მხარეს გადაიტანეს, ბავშვის გადაყვანაც უნდოდათ.

_ არის თუ არა საქმეში ამ ექიმის ჩვენება?

_ ექიმის ჩვენება საქმეში არ დევს, მისი გამოკითხვა არ აწყობდათ. საქმის მასალებში მხოლოდ მძღოლის ბიძის ჩვენებაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩემი შვილი გადმოუხტა მანქანას. ეს მოწმე ბიზნესმენი ჯუმბერ საღინაძეა, იგი გავლენიანი პიროვნებაა და დღევანდელ საქართველოში ხომ ამ პრინციპით დგება სამართალი?! ვიდეო კამერის ჩანაწერები რომ არ გვენახა, ჩვენც ვიფიქრებდით, რომ მძღოლი მართლა  არ იყო დამნაშავე.

_ ამ ეტაპზე რა არის თქვენი მთავარი მოთხოვნა?

_ მას შემდეგ, რაც პროკურატურამ გამომძიებლის აცილების შაუმდგომლობა დააკმაყოფილა, ახალი გამომძიებელი დაინიშნა, რომელმაც პირდაპირ გვითხრა, რომ ეს თავიდან ბოლომდე გაფუჭებული საქმეა, ამიტომ ახლიდან სჭირდება გამოძიებაო. მე და ჩემი მეუღლე პირველ გამომძიებელს არც კი დავუკითხივართ, მეორე გამომძიებელმა დაგვკითხა და ბევრ მნიშვნელოვან დეტალზე გვკითხა.  ვხედავთ, რომ ამ გამომძიებელმა რეალურად დაიწყო მუშაობა, თუმცა საქმე იმდენად ჩაფარცხულია, რომ მას ძალიან უჭირს საქმეზე სიმართლის დადგენა. დიდი უნდობლობა გვაქვს ქუთაისის პროკურატურის მიმართ. ჩემმა მეუღლემ სწორად აღნიშნა, – ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო. როცა მომხდარიდან 8 თვის შემდეგ პროკურატურაში ვიყავით  მთავარ პროკურორ დავით ჩხარტიშვილთან, მან არცკი იცოდა, ვინ იყო საქმის პროკურორი, თავის თანამშრომელს ჰკითხა ამის შესახებ. წარმოიდგინეთ, მან არ იცოდა, რომ საქმის პროკურორი ვახტანგ ჭუმბურიძე იყო.

 ამ ეტაპზე კატეგორიულად მოვითხოვთ, გენერალურმა პროკურატურამ 18 თებერვლამდე გამართოს ბრიფინგი და გაასაჯაროოს ის კადრები, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გაგზავნილი. ამ კადრებზე ასახულია, როგორ მოხდა ავარია და როგორ დაიწყო საქმის ჩაფარცხვა.  პროკურატურამ განმარტოს: კადრებზე აღნიშნული ქმედება არის თუ არა დანაშაული და დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია. თუ გენერალური პროკურატურა ჩვენს მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, 18 თებერვლიდან  პერმანენტულ აქციებს გავმართავთ გენერალურ პროკურატურასთან.

ნენე ინჯგია