ზვიად ცეცხლაძე: „სხვა გზა არ გვაქვს, ეს მთავრობა უნდა გავუშვათ“

ირინა მაკარიძე

სამოქალაქო საზოგადოება, ახალგაზრდობა ისევ ქუჩაში გამოვიდა და საპროტესტო აქციებს მართავს, პარლამენტთან „დაფიონის“ ორგანიზებით აქციები 14 და 19 სექტემბერს გაიმართა.

რა გახდა ამის მიზეზი და რა როლი აქვს ახალგაზრდებს ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესში _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ახალგაზრდული ორგანიზაცია „დაფიონის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად ცეცხლაძე:

_ აქციების განახლების მიზეზი გახდა გორში 14 სექტემბერს გაკეთებული ოლიგარქის განცხადება, რომელიც იმდენად შეურაცხმყოფელი იყო, რომ აზრი, „მოდი, ვითმინოთ არჩევნებამდე“, ჩვენთვის გახდა მიუღებელი. გადავწყვიტეთ, იმ მომენტში ღირსება უნდა დაგვეცვა ჩვენი პროტესტით, მიუხედავად იმისა, ვიაზრებთ, რომ მთავარი ბრძოლა არჩევნებზე გველის.

_ რატომ იყო ეს განცხადება მიუღებელი და რა დამაზიანებელი  შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას?

_ როდესაც ადამიანი ამბობს, რომ საქართველო არის დამნაშავე, „თავს დაესხა ოს დებსა და ძმებს და ცეცხლის ალში გახვია ცხინვალი“, ამით, ფაქტობრივად, ამბობს, რომ მართლები არიან ისინი, რომლებიც საქართველოსგან თავს იცავდნენ. ამ ლოგიკით ის ამართლებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლტოლვას დამოუკიდებლობისკენ. შესაბამისად, ეს განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი და ეხმიანება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უფრო და უფრო მოშლასა და დარღვევას. ეს პოლიტიკური კუთხით, რაც შეეხება მორალური თვალსაზრისით, ეს იყო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების სულებისა და მათი ოჯახის წევრების შეურაცხყოფა, ასევე ვეტერანების შეურაცხყოფა. ეს შეურაცხყოფაა ჩვენთვისაც, რომ შეურაცხყვეს ჩვენი გმირები, რომელთა მიერ გაწეული მსხვერპლის ფასად ჩვენ ვცხოვრობთ ამ „ფუფუნებაში“, რომ რუსული სამხედრო ჩექმა ჩვენს მიწაზე, საქართველოს კონტროლირებად ნაწილზე, არ დგას.

_ ამ ომზე საუბრისას ივანიშვილმა რუსეთი კონტექსტიდან საერთოდ გააქრო, არ უხსენებია, ამაზე რას იტყვით?

_ ივანიშვილი საქართველოს როდესაც აგრესორს უწოდებს, რუსეთი ავტომატურად მართალი გამოდის, მას ოსები უნდა დაეცვა აგრესორი ქართველებისგან. ივანიშვილის ამ ლოგიკით, რუსეთს არათუ ოკუპანტს, არამედ განმათავისუფლებელს თუ უწოდებ. ბიძინა ივანიშვილმა, ფაქტობრივად, რუსეთი მშვიდობის დამცველად გამოიყვანა და არა ოკუპანტად.

_ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს რუსული კანონი, რომლის წინააღმდეგაც ასე აქტიურად გამოდიოდით სტუდენტები, უკვე ამოქმედდა, რას იტყვით ამის შესახებ?

_ ველოდით, გამომდინარე იმ „ტიტუშკების“ თავდასხმებისა და ძალადობისგან, რაცას ხელისუფლება ახორციელებდა აქტიურ მოქალაქეებზე, კანონის ამოქმედებისთანავე დაიწყებოდა რეპრესიები, თუმცა ჩანს, ისინიც ელოდებიან არჩევნებს, რაც, გარკვეულწილად, ხელ-ფეხს გვიხსნის, მეტი დრო გვაქვს ბრძოლისთვის და მეტი დრო გვაქვს მზადებისთვის.

_ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველა ელოდება, მაგრამ უკვე საკმაო დრო გავიდა და სასამართლომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო, ამაზე რას იტყვით?

_ იმდენად ბანალური ამბავია, რომ ეს კანონი არაკონსტიტუციურია, იურიდიულ დონეზე კი არ არის საჭირო ამის ახსნა. ჯერჯერობით სასამართლო ვერ ბედავს თქვას, რომ ეს კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია.

_ ისინიც არჩევნების შედეგებს ელოდებიან?

_ ვფიქრობ, არჩევნებამდე მაინც იტყვიან ამას, იქ სადაც ბოდიშის მოხდაზე იყო საუბარი, არ მგონია, ამ კაცს რამე მოერიდოს. უბრალოდ, დროის საკითხია, როდის ათქმევინებს სასამართლოს მორიგ სისულელეს.

_ რაც შეეხება თქვენს პირად ბრძოლას, იყავით უკრაინაში გარკვეული პერიოდით, რას იტყვით ამის შესახებ, რა გამოცდილება იყო ეს?

_ უკრაინაში სამხედრო გამოცდილების მისაღებად წავედი, გავიარე ელემენტარული სამხედრო მომზადება. ფრონტზე არ ვყოფილვარ, ძირითადად, ბაზაზე ვიყავი, თუმცა ყოველ ღამით უკრაინა იყო დაბომბვების ქვეშ, ერთ-ერთი აფეთქების შედეგად კონტუზია მივიღე, დაზიანებებიც აღმენიშნება. საქართველოში დაბრუნება მომიწია, საჭიროა თავზე რენტგენის გადაღება. ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც მაქვს _ ჰიპოფიზის ადენომა, კისტა და ა. შ. თუმცა არ დამცალდა _ ჩემი ჩამოსვლის მეორე დღეს ბიძინა ივანიშვილმა ისეთი რამე განაცხადა, რომ კვლავ ქუჩაში მოგვიხდა გამოსვლა. ჯანმრთელობის მიხედვას მირჩევნია საპროტესტო აქციაზე ვიყო, გავაპროტესტო ეს მარაზმი, ვიდრე ექიმებთან ვიარო. ვფიქრობ, დაიცდის ეს სამედიცინო საკითხები, ვიდრე სახელმწიფოებრივი.

_ ვერ დაგეთანხმები, ვფიქრობ, აუცილებელია, საკუთარ ჯანმრთელობას მიხედო.

_ ჯერჯერობით დრო მაქვს კიდევ.

_ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ახალგაზრდები გამოეყვანა კომფორტის ზონიდან და ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში. რას გეგმავთ, რა ფორმით აპირებთ წინასაარჩევნო პროცესში ჩართვას?

_ გარკვეული პერიოდი ამ პროცესებს გვერდიდან ვადევნებდი  თვალს, რადგან უკრაინაში აქტიურ რეჟიმში ვიყავი წვრთნებში  ჩართული, პარალელურად, საქველმოქმედო საქმიანობაში, რადგან ამ ორს ერთმანეთისგან ვერ განაცალკევებ, როდესაც ქვეყანა საომარ ვითარებაშია. დაბრუნებისთანავე გამოჩნდა, რომ აქტიურად ემზადებიან ახალგაზრდული ორგანიზაციები სადამკვირვებლო და სხვა მიმართულებებით, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიიყვანონ არჩევნებზე და მეტი ადამიანის ხმა დაიცვან. ვფიქრობ, ჩვენი მისიაც ეს იქნება, ჯერჯერობით ამ მხრივ როლი არ გვიპოვია. ჩვენ გვაქვს მუშაობა დაწყებული სოციალური მედიით ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, შევქმენით ჯგუფი, ვაპირებთ ვიდეოების, პოდკასტების გადაღებას, ყველაფერი მზად არის ამისთვის. ალბათ ხმების დაცვის კუთხით იქნება ჩვენი საქმიანობა მიმართული.

_ „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მათი დამსახურებაა ქვეყანაში მშვიდობის არსებობა. რას იტყვით, რამდენად იქნება ეს თემა „ქართული ოცნებისთვის“ არჩევნებში წარმატების მომტანი?

_ საქართველოში იმდენად დაძაბული ვითარებაა, რომ მშვიდობის შეგრძნება „ქოცების“ ელექტორატსაც კი არ აქვს, ეს დაძაბულობა ჰაერში იგრძნობა. ბეწვის ხიდზე გადის დღეს საქართველო, ამ სიტუაციას მშვიდობა, ალბათ, ვერ დაერქმევა. პოლიტიკური ვითარება დღეს ძალიან დაძაბულია, როდესაც სახელმწიფო გამუნათებს, გდევნის, გცემს, ფაქტობრივად, ადამიანების ტერორი მიმდინარეობს, ამას ძნელია, მშვიდობა დაარქვა. ამ პერიოდში ეს ცოტა შემსუბუქებულია, თუმცა ძალადობის მაგალითები გვაქვს. „ქართული ოცნება“ არ ერიდება ძალის დემონსტრირებას, ამომრჩეველი როდესაც ამას უყურებს, ხვდება, რომ ეს მშვიდობიანი გარემოს ნაწილი არ არის. ეს აქრობს  მშვიდობის ილუზიას.

_ რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების ნაწილი ისევ რჩება ციხეებში, რომელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. ერთ-ერთი მათგანი, გიორგი შანიძე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, პრეზიდენტმა გაათავისუფლა, რას იტყვით ამის შესახებ?

_ ჩვენმა ჯგუფმა აქციების დროს გაარკვია და 4 ადამიანია ასეთი. ყველაზე ცუდი ისაა, რომ საზოგადოების მხრიდან მაშინ რაიმე  დახმარების ბერკეტი არ გამოჩენილა. ერთ-ერთი ვარიანტი იყო აქციები, მაგრამ აქციები უკვე ლოგიკურ მომენტზე შეწყდა, რადგან იმ პერიოდში (ზაფხული) უკვე შეუძლებელი იყო აქციების გაგრძელება. ვფიქრობ, პრეზიდენტს შესაძლებლობა მიეცემა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ამ ადამიანების პატიმრობა დაასრულოს, ისევე როგორც ეს გააკეთა გიორგი შანიძის, უფრო ადრე კი ლაზარე გრიგორიადისის შემთხვევაში. თუმცა ჩვენ ვაპირებთ შემდეგ აქციაზე ამ საკითხს შევეხოთ, რადგან როდესაც შენს თანამებრძოლს დაიჭერენ და ის კვლავ ციხეში რჩება, ყველაფერი უნდა გააკეთო, ყველა ბერკეტი გამოიყენო, რომ თანამებრძოლს აგრძნობინო, რომ მასთან ხარ და შეგიძლია დაიხსნა ამ საცეცებსგან. ამ მხრივ სამუშაო აქვს ჩვენს საზოგადოებას პატიმრების სოლიდარობისა და დახმარების საკითხში.

_ ამ ძალადობისთვის, რაც ჩაიდინეს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ორი ძალოვანი დაასანქცირა, ასევე ორიც ძალადობრივი დაჯგუფების ხელმძღვანელი, რას იტყვით ამის შესახებ?

_ კიდევ მეტი ადამიანი დასანქცირდება, ვინც პასუხისმგებელია ძალადობრივ ქმედებებსა და დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, ეს უბრალოდ დროის საკითხია. ვფიქრობ, ეს მმართველი ძალის წარმომადგენლებს დააფიქრებს, რომ ხელისუფლებამ შიგნიდან დაიწყოს რღვევა. თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, როგორ ეშინიათ ამ სანქციების, მმართველი ძალის პროპაგანდისტებს ენა ებმით, ტელევიზიით რომ გამოდიან, ეტყობათ დაძაბულობა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ბევრს დაფიქრებს შიგნით. შედეგად, ბიძინა ივანიშვილს უფრო ნაკლები ერთგული ადამიანი ეყოლება გარემოცვაში

_ როგორ ფიქრობთ, ეს აისახება საარჩევნო შედეგებზე? უფრო ნაკლები ადამიანი მისცემს ხმას „ქართულ ოცნებას“? უფრო მეტი ადამიანი წავა არჩევნებზე, რომ ეს ხელისუფლება გაუშვას მმართველობიდან?

_ ეს სანქციები, რა თქმა უნდა, აისახება, მაგრამ უკვე იმ აქციებზე მოხდა გადანაწილება: ერთ მხარეს არის ჯანსაღი საზოგადოება და მეორე მხარეს საზოგადოება, რომელიც ისეა მოქცეული პროპაგანდის ქვეშ, რომ უკვე აღარაფერი ეშველება. ვისაც უნდა დაენახა, რომ ეს მთავრობა არის ანტიდასავლური და პრორუსული, უკვე დაინახა. ამის მაგალითია თუნდაც ჩემი ოჯახი, ლამის ბოლომდე მხარს უჭერდა „ქართულ ოცნებას“, ვიდრე პირისპირ არ დადგა ფაქტის წინაშე, რომ ეს მთავრობა ღიად უჭერს მხარს რუსეთს და იძულებული არ გახდა, ეს ეღიარებინა. ასეთი ოჯახი ძალიან ბევრია, თუნდაც ყიფშიძეების ოჯახი, უცნობილესი ოჯახი საქართველოში, სადაც ნატალიას ფაქტორმა შეცვალა ბევრი რამ. აქედან გამომდინარე, ეს გადანაწილება უკვე მოხდა. „ქოცების“ მხარეს დარჩნენ ის ამომრჩევლები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ  „ქოცები“ ჯერ კიდევ ძლიერი მხარეა და მათკენ არის საჭირო ყოფნა, ასევე დარჩა პრორუსული ნაწილი. ვფიქრობ, ორივე სექტორში შიშის ფაქტორს ქმნის დასანქცირების თემა. იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც იძულებულები არიან, მხარი დაუჭირონ მმართველ ძალას, არ სურთ მოყვნენ სანქციებში. ვფიქრობ, ვინც იძულებით არის ქოცების მხარეს, მათზე სანქციების თემა ძალიან იმოქმედებს. 

_ თქვენი ოჯახი ახსენეთ. თქვენს ოჯახში როდის შეიცვალეს აზრი და გადმოვიდნენ თქვენს მხარეს?

_ როდესაც მარტის აქციები დაიწყო, ჩემი ოჯახი ჯერ კიდევ „ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს, რის გამოც მე მომიწია გამოპარვა ბათუმიდან თბილისში, საშინლად დაძაბული ურთიერთობა მქონდა ჩემს ოჯახთან. ნელ-ნელა დაიწყო მოტრიალება და ამ აქციებზე საბოლოოდ დასრულდა ეს პროცესი, რადგან მამაჩემს, მაგალითად, ჩემი სიცოცხლით დაემუქრნენ, დედაჩემი უყურებდა, როგორ აპირებდნენ ჩვენს ცემას, როგორ გვესხმოდნენ თავს. ამან ააორთქლა პროპაგანდა. ვისზეც ჯერ კიდევ მუშაობს ეს პროპაგანდა რეგიონებში, არის ის ხალხი, ვინც პროპაგანდისტულ ტელევიზიებს უყურებს, ეს ურეცხავს ტვინს რეგიონებში ადამიანებს, სხვა არხებს არც რთავენ და იციან მხოლოდ ის, რაც „ქართულ ოცნებას“ აწყობს.

_ რის გამო უჭერდა მხარს თქვენი ოჯახი „ქართულ ოცნებას“?

_ ძირითადი მიზეზი არის ის, რაც სხვა ოჯახებს აქვთ, წინა  ხელისუფლება, ფაქტობრივად, დევნიდა ჩემს ოჯახს. ჩემი ოჯახი თავის დროზე იყო ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი და შევარდნაძე დევნიდა, მერე სააკაშვილის რეჟიმთან სამართლებრივად ვერ შეთავსდნენ. ჩემი ოჯახი არის ადვოკატებისა და მოსამართლეების ოჯახი და ფიზიკურად ვერ მოახერხეს არასამართლებრივ სისტემაში ყოფნა. ეს ბრაზი მოჰყვებოდათ, მაგრამ რაც ახლა ხდება, ამ ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. მსგავსად ჩემო ოჯახისა, ძალიან ბევრი ოჯახი ვიცი თანაკურსელის ან მეგობრის, რომელიც „ოცნების“ მხარდამჭერი იყო და აქციების დროს მათი შვილების ჩართულობა გახდა მიზეზი, რომ აზრი შეეცვალათ. სამოქალაქო საზოგადოებას წინ დიდი ბრძოლა გველოდება, სხვა გზა არ გვაქვს, ეს მთავრობა უნდა გავუშვათ.