ზალიკო უდუმაშვილი: „ასეთი შეურაცხყოფილი თბილისი მე არ მახსოვს…“

20 იანვრის ყრილობის შემდეგ ენმ-სთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტის დღეც დადგა, _ დღე, როცა წილი ნაყარია: ნიკა მელია პარლამენტს ტოვებს და ენმ-ს სიით იბრძოლებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის, ზალიკო უდუმაშვილმა კი „რუსთავი 2“ დატოვა და თბილისის მერობისთვის იბრძოლებს, როგორც უპარტიო, მაგრამ ენმ-სგან წარდგენილი კანდიდატი.

დიდგორის ველის დატვირთვა ორშაბათს მეტეხმა შეითავსა და იმ ადგილიდან, საიდანაც თბილისი ხელის გულზეა გადაშლილი და სადაც თბილისის დამაარსებლის, ვახტანგ გორგასლის ქანდაკებაა აღმართული, გრიგოლ ვაშაძემ, ნიკა მელიამ და თავად ზაალ უდუმაშვილმა ამომრჩევლებს მიმართეს.

სამივემ ხაზი გაუსვა, რომ თბილისის მერობისთვის ან საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა იწყება ბოღმისგან და ღვარძლისგან თავისუფალ გარემოში. გრიგოლ ვაშაძემ ისიც დაამატა, რომ სხვისმა შურმა და ღვარძლმა დაანახა პარტიას თავისი შეცდომები და ის, რომ ყველას ერთიანობაა აუცილებელი.

ნიკა მელიას გზავნილებიც მოკლე და ნათელი იყო: მან თავდაპირველად პრეზენტაციის ადგილის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ამ ადგილას საქართველოსთვის გარდამტეხი მოვლენა არაერთხელ მომხდარა.

პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის მიერ დამკვიდრებული ტერმინი „გადამწყვეტი ბრძოლა“ სამივე სპიცში არაერთხელ გაისმა. ამჯერად იმ ბრძოლას, რომელშიც ენმ ერთვება, „გადამწყვეტი ბრძოლა დედაქალაქში ოლიგარქზე გამარჯვებისთვის“ ეწოდა. ნიკა მელიას თქმით, გადამწყვეტი ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად სწორედ თბილისიდან უნდა დაიწყოს.

ამ ბრძოლაში გასაერთიანებლად ნიკა მელიამ ყველა პროდასავლური პოლიტიკური ორგანიზაცია მოიხმო.

ზალიკო უდუმაშვილის მხარდასაჭერად ამომრჩევლებისა და მხარდამჭერების მობილიზებისთვის ენმ-მ ფრიად მარტივი და ყველასთვის გასაგები მესიჯი შეარჩია: „ზალიკო თბილისის მერად“.

„დიახ, ზალიკო არ არის ჩვენი პარტიის წევრი, მაგრამ ის არის ჩვენი თანამოაზრე და ჩვენი გუნდის წევრი. ამ ბრძოლაში საჭიროა გამაერთიანებელი ლიდერი“, _ თქვა ნიკა მელიამ და დაამატა, რომ ზაალ უდუმაშვილი უკვე არაერთგზის გამარჯვებულია:

„წლების განმავლობაში მან არაერთხელ გაიმარჯვა როგორც ჟურნალისტმა, პროფესიონალმა და მოქალაქემ და, ამავე დროს, ის ხალხთან ერთად იცავდა სიტყვის თავისუფლებასა და ამ უთანასწორო ბრძოლაშიც გაიმარჯვა“, _ აღნიშნა მან, რის შემდეგაც ტრიბუნა ეთერ ჭელიძის „ჭაღარა თბილისოს“ ჰანგების ფონზე ზაალ უდუმაშვილს დაეთმო.

უნდა ითქვას, რომ ზალიკო უდუმაშვილის გამოსვლას ბევრი დიდი ინტერესით ელოდა. განსაკუთრებით საინტერესო მისი გამოსვლა ე. წ. შუაშისტებისთვის უნდა ყოფილიყო, რომლებიც მასსა და კიდევ ერთ სავარაუდო კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს შორის არჩევანის წინაშე დადგებოდნენ.

უნდა ითქვას, რომ კონკურენტების მხრიდან დათესილი სკეპტიციზმი იმის თაობაზე, რომ თითქოს უდუმაშვილს ლიდერისთვის აუცილებელი ქარიზმა და ტემპერამენტი არ გააჩნია, ზაალ უდუმაშვილმა გამოსვლისთანავე გაფანტა.

„პირველ რიგში, გაბრაზებული თბილისელები არიან ჩემი წარმდგენი, მეც გაბრაზებული ვარ და მე ვარ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი“, _ თქვა ზალიკომ სპიჩის დასაწყისშივე და ამ დროს მართლაც საკმაოდ გაბრაზებულად გამოიყურებოდა.

თავისი გამოსვლის დროს ზალიკომ არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, თუ რას შეძლებს თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში:

„მე შევძლებ დავამარცხო ნეპოტიზმი: ყოველი დანიშვნა და დაწინაურება მხოლოდ კომპეტენციის მიხედვით!

მე შევძლებ, უსულო მანქანების ქალაქი ადამიანებს დავუბრუნო!

მე შევძლებ, თბილისი გადავაქციო განათლებაზე განსაკუთრებით ორიენტირებულ ქალაქად…“ _ თქვა მან.

 

იმის შესახებ, თუ რამდენად კმაყოფილი დარჩა გამოხმაურებით მისი პირველი პოლიტიკური გამოსვლის შემდეგ უკვე კონკრეტული პოლიტიკური ფიგურის რანგში, რა მოლოდინი აქვს წინასაარჩევნო პერიოდში, როგორ უყურებს კონკურენციას მერობის კანდიდატებს შორის, რამდენად იქნება „რუსთავი 2“-დან მისი წამოსვლა დარტყმა ამ სამაუწყებლო კომპანიისთვის და როგორ ესახება მისი პოლიტიკური კარიერა, ზაალ უდუმაშვილმა „ქრონიკა+“-ის შეკითხვებს წარდგენის დასრულების შემდეგ უპასუხა:

_ პრინციპში, ის გამოხმაურება, რასაც უახლოეს საათებში სოციალურ ქსელებში გავეცანი, ნორმალურია და კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, ჩემი გზავნილები, ალბათ, სწორად მივიტანე მოსახლეობამდე, შესაბამისად, გამოხმაურებაც ადეკვატური იყო.  დანარჩენს დრო გვიჩვენებს. დაახლოებით სამი თვეა დარჩენილი და ამ ხნის განმავლობაში შევეცდები, ყოველდღიურ რეჟიმში გამოვიყენო ეს პერიოდი იმისთვის, რათა შეხვედრები მქონდეს მოსახლეობასთან, დაწყებული კარდაკარით, დამთავრებული დიდი შეხვედრებით. ყოველდღე მექნება გაწერილი შეხვედრების გრაფიკი და უფრო ახლოს გავეცნობი მოსახლეობის პრობლემებს…

_ ზალიკო, გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია შენს გამოსვლაში სიტყვებმა: „მე ვარ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი“. უფრო დეტალურად ხომ ვერ ახსნიდი ამ გზავნილს?

_ ნამდვილად მიმაჩნია, რომ დღეს თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა გაბრაზებულია. ეს გამოვიტანე სწორედ ჩემს მიმართვაში, იმიტომ რომ ასეთი შეურაცხყოფილი და მიგდებული, ბედის ანაბარა მიტოვებული ეს ქალაქი მე ჯერ არ მახსოვს. ეს არის სწორედ გაბრაზებული თბილისი. სანამ ჯერ კიდევ კანდიდატურას დავაყენებდი, ყველას პოზიცია, ვისაც ვხვდებოდი, ის იყო, რომ არიან გაბრაზებული და სწორედ აქედან წამოვიდა ეს გზავნილი _ ყველა გაბრაზებული მელაპარაკებოდა თბილისის დღევანდელ მმართველობაზე…

_ არსებობს ორად გაყოფილი დამოკიდებულება და პოზიციები იმასთან დაკავშირებით, აუცილებელია თუ არა, თბილისის მერობის კანდიდატი და უშუალოდ, მერი, იყოს თბილისელი? მიგაჩნია თუ არა, რომ მართლაც ასეა და თუ კი, მაშინ შენ პირადად, ამ ბრძოლაში, რა უპირატესობას გაძლევს ის, რომ თბილისში დაიბადე, გაიზარდე და აქ დაამთავრე უმაღლესი სასწავლებელი, რომ ამდენი წელია, ამ ქალაქში ცხოვრობ და, როგორც თქვი, სხვაგან არსად აპირებ ცხოვრებას?

_ მე შორს ვარ აზრისგან, რომ თბილისის მერი აუცილებლად უნდა იყოს მე-9 თაობის თბილისელი _ რასაკვირველია, ეს ასე არ არის. უბრალოდ, ჩემს გამოსვლაში ხაზი გავუსვი იმას, რომ თბილისს უნდა იცნობდე, არ შეიძლება, თბილისის მერი თბილისის ქუჩებში რუკებით გადაადგილდებოდეს, არ შეიძლება, ვერ აგნებდეს უბანს.

მან უნდა იცოდეს, რა უჭირს მოსახლეობას, უნდა იცოდეს, რით ცხოვრობს ქალაქი.

მე იმიტომ გავუსვი ხაზი ჩემს თბილისელობას, რომ დაბადებიდან აქ ვცხოვობ და კარგად ვიცნობ თბილისს, ეს იყო ჩემი გზავნილი და არა ის, რომ აუცილებლად თბილისელი უნდა იყოს თბილისის მერი.

_ ენმ-ს გზავნილებში დღესაც და მანამდეც არაერთხელ გაიჟღერა, რომ ეს არჩევნები, ფაქტობრივად, არის რეფერენდუმი იმის შესახებ, რა დამოკიდებულება აქვს ხალხს ოლიგარქის რეჟიმის მიმართ. ზოგს კი მიაჩნია, რომ თუნდაც თბილისის მერობისთვის ბრძოლაში ენმ-ს ან სხვა, არასახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვება ვერაფერს შეცვლის პოლიტიკურ ცხოვრებაში. შენ როგორ ფიქრობ?

_ დიახ, აბსოლუტურად ვიზიარებ ამ შეხედულებას,  ეს არის ნამდვილად რეფერენდუმი და თუ გვინდა რეჟიმის დამარცხება, სწორედ დღეიდან უნდა დავიწყოთ ბრძოლა. თბილსის მერობა არ არის მხოლოდ  მეურნის თანამდებობა, როგორც ივანიშვილმა წარადგინა ნარმანია და ის კიდევ ცალკე საკითხია,   სანამდე მიგვიყვანა მეურნის მმართველობამ, ეს უკვე ვნახეთ, სამწუხაროდ.

თბილის მერი ეს არის არჩევითი ფიგურა, სერიოზული პოლიტიკური თანამდებობა და მას სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, თუნდაც მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის მოსახლეობა ქვეყნის მოსახლეობის მესამედია. აქედან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, თუ თბილისში მოხდა ვითარების გარდატეხა, ეს აუცილებლად პირდაპირპროპორციულად აისახება დანარჩენ ქვეყანაზეც.

_ ცოტა გრძელვადიან გეგმებზეც რომ გკითხო, შენთან მიმართებით ეს შეკითხვა მანამდეც არსებობდა, _ რას აპირებს ზაალ უდუმაშვილი არჩევნების შემდეგ, იმ შემთხვევისთვის, თუ ვერ გაიმარჯვებს _ ტელესივრცეში დაბრუნდება?

_ რახან პოლიტიკაში წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მივიღე, რასაკვირველია, ეს გადაწყვეტილება მყარია. მე არ მივდივარ პოლიტიკაში სამი და ოთხი თვით და, რაც მთავარია, არ მივდივარ იმისთვის, რომ დავმარცხდე. ჩემი მომავალი გეგმებიც პოლიტიკას უკავშირდება.

_ იმაზე რას იტყვი, რომ ზოგი მოსაზრებით, შენი წამოსვლა „რუსთავი 2“-დან დაასუსტებს ამ სამაუწყებლო კომპანიას და ამის შედეგებს მალე ვიხილავთ?

_ ახლა რთულია ჩემი მხრიდან იმაზე საუბარი, ჩემი წამოსვლა რამდენად სარისკო იყო „რუსთავი 2“-ისთვის, მაგრამ „რუსთავი 2“-ში საკმაოდ წარმატებული და პროფესიონალი გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ ეთერს ჩემი იქ არყოფნა არ დაეტყოს.

რა თქმა უნდა, ბუნებრივია, როცა ერთ-ერთი მთავარი სახე ტოვებს არხს, ეს მოქმედებს ტელეკომპანიაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამას ისე კარგად გაართმევს თავს „კურიერის“ და მთლიანად „რუსთავი 2“-ის გუნდი, რომ მაყურებელი ვერ იგრძნობს.

_ განიხილავ თუ არა მეორე ტურის შესაძლებლობას და რას ფიქრობ იმ შემთხვევაში, თუ სახელისუფლებო კანდიდატთან ერთად შენ იქნები ის კანდიდატი, ვინც მეორე ტურში გავა? გაქვს ამ შემთხვევაში ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი? საერთოდ, ელოდები მეორე ტურს?

_ რა თქმა უნდა, მარცხს არ განვიხილავ, მეორე ტური კი პრაგმატულად შეიძლება განვსაზღვროთ. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ბუნებრივია, რომ თუ ეს ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ჩვენი ამოცანაა თბილისის ხელისუფლების შეცვლა და თბილისში ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება, ყველა უნდა გაერთიანდეს იმ იდეის გარშემო და ვინც მეორე ტურში გავა, იმას დაუჭიროს მხარი.

ჩვენ გვაქვს და გვექნება კონსულტაციები ოპოზიციასთან ამ თემაზე და იმედი მაქვს, კონსენსუსს მივაღწევთ.

_ დაბოლოს, რა სიურპრიზებს ელოდები ხელისუფლებისგან წინასაარჩევნოდ? გაყალბებას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას?.. რამდენად ხარ მზად ამისთვის?

_ ბუნებრივია, ველოდები კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. იქნება გაყალბების მცდელობა, დაშინება, ჩაერთვება სუს-ი და ამის ნიშნები უკვე არის, რომ, ფაქტობრივად, უკვე არის ჩართული.

ხელისუფლება ყველა ზომას გამოყენებს, რომ თავის კანდიდატს მიეხმაროს. ამაზე ცალკე ვიმუშავებთ, გაყალბების მექანიზმებზე და ცალკე შევიმუშავებთ გეგმას, თუ როგორ დავუპირისპირდებით. ცნობილია ისიც, რომ არჩევნების წინ კანონის შეცვლასაც აპირებენ და აბსურდების ჩაწერას, რომ თავის კანდიდატს დაეხმარონ, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ხალხის ნებას მაინც ვერ აღუდგება, თუ თბილისმა გადაწყვიტა, რომ მერი შესაცვლელია, ამის იმედი ნუ ექნება ნურავის…

 

ლაშა ბერულავა