ზაზა ჭაია: „ფეოდალური შემოსევების შემდეგ საქართველოს ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ასეთი რიცხვი არ ახსოვს“

არის თუ არა „კრიმინალი კარგ მდგომარეობაში“? რა არის ქვეყანაში დანაშაულის ზრდის მიზეზი? რეალურად, რა საფრთხეების წინაშე დგას საზოგადოება?

ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „სამართალდამცველთა ლიგის“ წევრი, ზაზა ჭაია:

 

_ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე კრიმინოგენური ვითარებაა, უკვე ხელისუფლების მომხრეებიც კი საუბრობენ, რომ მდგომარეობა აიჭრა. ძარცვა, ყაჩაღობა, ქურდობა ყოველდღიური თემებია. იმის მიუხედავად, რომ დანაშაული ხდება ყოველთვის და ყველგან, და არც საქართველოა გამონაკლისი, ამ ფაქტებით უკმაყოფილო მოსახლეობის რაოდენობა დღითი დღე იზრდება. რამდენად საგანგაშოა არსებული ვითარება და რეალურად არის თუ არა გაზრდილი დანაშაულის სტატისტიკა?

_ ჯერ ჩვენც და საზოგადოებაც გავერკვეთ, მართლაც გამწვავდა თუ არა მდგომარეობა და მართლაც გაიზარდა თუ არა დანაშაული. ეს რომ თვალნათელი გახდეს, მოკლედ მიმოვიხილავ დანაშაულის ცალკეულ სფეროებს, რაც საზოგადოებას ნათელ წარმოდგენას შეუქმნის საქართველოში დანაშაულის მდგომარეობაზე და ტენდენციებზე.

დავიწყოთ მეტად საყურადღებო თემით _ ძალადობა საზოგადოების მოწყვლად ფენებზე, ქალბატონებზე, ბავშვებსა და მოხუცებზე.

გაუზვიადებლად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველოს ფეოდალური შემოსევების შემდეგ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ასეთი რიცხვი არ ახსოვს. მარტო ოჯახური ძალადობის გამო, საქართველოში, 2014 წელს მოკლეს 23 ქალბატონი; 2015 წელს _ 16; 2016 წელს _ 21; 2017 წლის 1-ლი სექტემბრისთვის უკვე მოკლული იყო 20 ქალბატონი. წარმოგიდგენიათ?! თან ეს მარტო ოჯახური ძალადობის, თორემ, საქართველოში ყოველ წელს ხდება ასზე მეტი ქალბატონის მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, დაჭრა და დასახიჩრება.

ყოველ წელს აღირიცხება ქალბატონებზე ძალადობის 3/4 ათასი შემთხვევა, რომელთაგანაც სისხლის სამართლის საქმეები მხოლოდ 75% აღიძვრება და ვერავითარი „შემაკავებელი ოქმი“ ქალბატონთა წინააღმდეგ მკვლელობასა და ძალადობას ვერ აფერხებს.

კატასტროფულია მდგომარეობა მოხუცთა ძალადობის კუთხითაც, რომლებიც ხშირად ყაჩაღური თავდასხმის, ან ძარცვის მსხვერპლნი ხდებიან და რომლებიც ხშირად ლეტალური შედეგებითაც მთავრდება, მათ წამებაზე ან არაადამიანურ მოპყრობაზე, რომ აღარ ვილაპარაკოთ.

ასევე გაზრდილია ბავშვთა მიმართ ძალადობის რიცხვი. გახშირებულია ბავშვთა წამების, მათი დანაშულში ჩაბმისა და მათ მიმართ პედოფილიის ფაქტები. იყო შემთხვევა, როცა პირმა ასამდე პედოფილიის ფაქტი აღიარა! წარმოიდგინეთ, რა ხდება ამ კუთხით.

_ ამ ფაქტებზე უკვე საუბრობენ არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები. გთხოვთ, გააგრძელოთ…

_ ყურადღება შევაჩეროთ ბანკებზე, საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციებზე, სავაჭრო ორგანიზაციებსა და კერძო სავაჭრო ობიექტებზე თავდასხმის ფაქტებზე. საქართველოს მთელი დამოუკიდებლობის განმავლობაში ბანკებზე იმდენი შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმა არ მომხდარა, რაც 2012 წლის შემდგომ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში, ცალკეულ ბანკებზე, 5-6 თავდასხმაა განხორციელებული და მათ საზოგადოება დაცინვით „სასწავლო ბანკებს“ ეძახის, რომლებზე თავდასხმებითაც ყაჩაღები „კვალიფიკაციას იმაღლებენ“. ის, რაც ბანკებზე თავდასხმის კუთხით დღეს საქართველოში ფიქსირდება, არ ხდება არც ლიბიაში, არც სირიაში და არც ერაყში, სადაც ომი მძვინვარებს. ეს ხდებოდა მხოლოდ XIX ს-ის 80-90-იანი წლების ველურ დასავლეთსა და ჯონი დილინჯერის ეპოქაში.

ისე, მართლაც სასაცილოა, როდესაც ბანკებს უწევთ საწყლად დაიცვან საკუთარი ჩარიცხვის აპარატები თუ ბანკომატები.

_ დიახ, კატასტროფულია ბანკების კუთვნილი ბანკომატების ქურდობების რიცხვიც, რომლებზედაც ბანკები ხშირად უარს ამბობენ, ან რკინის გალიებში სვამენ, როგორც ქუთაისში, ან პოლიციის ოფისების გვერდით გადააქვთ, თუმცა ვერც ეს იცავს მათ.

შეარაღებულ ყაჩაღურ თავდასხმებზე რას იტყვით?

_ ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ბანდების მიერ ოჯახებზე შეიარაღებული, ყაჩაღური თავდასხმები დანაშაულის გამწვავების ლაკმუსის ქაღალდია. სამწუხაროდ, 90-იანი წლების ეს ჭირი, რომელიც აღმოიფხვრა და მხოლოდ ცალკეული შემთხვევები აღირიცხებოდა, დღეს კვლავ აყვავდა. მარტო 2017 წლის 1 თვეში, საქართველოში, ოჯახებზე, 20 შეიარაღებული ყაჩაღური თავდახმა განხორციელდა, დამალული და/ან გაუხმაურებელი ფაქტების გარეშე. ყველა ეს ფაქტი აღინიშნება ან მკვლელობით, ან წამებით: დაბმა, დაუთოვება, დახრჩობის იმიტაცია, ძვლების დამტვრევა, ბასრი საგნებით დასერვა, სხვა ოჯახის წევრების წამების ყურების იძულება, ან არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა და ეს XXI საუკუნეში! ყოველ წელს ყაჩაღების მიერ ასეულობით ადამიანი განიცდის წამებას. სახელმწიფო დანაშულის ამ მძიმე ფორმას ვერ უმკლავდება.

_ აშკარად შეინიშნება, ხატოვნად თუ ვიტყვი: მოდაში ბრუნდება ორგანიზებული დანაშაულიც.

_ ორგანიზებულმა დანაშაულმა კვლავ აღიდგინა გავლენა და შეაღწია არა მარტო საქმოსნობაში, ვაჭრობასა და კერძო ინტერესებში, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც, რომლის გამოვლინებასაც საზოგადოება ყოველდღე აწყდება.

სამწუხაროდ, ვერც კი წარმოგვიდგენია დანაშაულებრივი სამყაროს მიერ ხარკშეწერილი მცირე თუ დიდი ბიზნესის წარმომადგენელთა რაოდენობა და სფეროები, სადაც ეს უმსგავსობა ხდება.

_ საკმაოდ დრამატულ სურათს ხატავთ, თუმცა მოქალაქეთა უმეტესი ნაწილი შესაძლოა, ვერ ხედავს ორგანიზებული დანაშაულის ფაქტებს, მაგრამ სახელმწიფო განიცდის პირადი ნივთების დაზიანების შემთხვევებს.

_ ამ მხრივ განსაკუთრებით ყურადსაღებია სახელმწიფო ან პირადი ქონების ხელყოფა, მათი დაწვის კუთხით. თქვენს ყურადღებას აღარ გავამახვილებ ცალკეულ პირთა ავტომანქანების, საცხოვრებელი სახლების ან მცირე სავაჭროების განზრახ დაწვაზე, როცა 2012 წლის შემდგომ ბაზრობებისა და მსხვილი სავაჭრო ცენტრების დაწვა ჩვენს ყოველდღიურობად იქცა. ჩამოვთვლი:

  1. დამწვარი „ლილოს“ ბაზრობა _ 2012/15/XI;
  2. დამწვარი სავაჭრო ცენტრი „საბა“ _ 2013/26/02;
  3. დამწვარი „ევროპარკი“ _ 2013/17/VII;
  4. დამწვარი სენაკის ბაზრობა _ 2014/25/VIII;
  5. დამწვარი „ბოშათა“ ბაზრობა _ 2014/16/IX;
  6. დამწვარი „ხოფას“ ბაზრობა _ 2014/7/XII;
  7. დამწვარი „ელიავას“ ბაზრობა _ 2014/27/XII;
  8. დამწვარი „ისნის“ ბაზრობა _ 2015/21/01;
  9. დამწვარი „ელიავას“ ბაზრობა _ 2015/4/VIII;
  10. დამწვარი „შავი“ ბაზრობა _ 2016/2/VIII;
  11. დამწვარი ბაზრობა და „ბავშვთა სამყარო“ _ 2017/29/01;
  12. დამწვარი „ელიავას“ ბაზრობა _ 2017/2/06;
  13. დამწვარი ფოთის ბაზრობა _ 2017/10/07;
  14. დამწვარი „დეზერტირების“ ბაზრობა _ 2017/17/07;
  15. დამწვარი „ისნის“ ბაზრობა _ 2017/19/0;

_ და ამ ფაქტებზე, რეაგირების მხრივ რას გვეტყვით?

_ ჩამოთვლილი სიიდან, თქვენ წარმოიდგინეთ, შსს-ს დღემდე არ დაუდევს სამართლებრივი დასკვნა არც ერთ ხანძარზე, რომელთა 85-90%, თუ ყველა არა, დიდი ალბათობით, განზრახ არის გაჩენილი. შსს-ს ასეთმა დამოკიდებულებამ დაუსჯელობის განცდა წარმოშვა და გამოიწვია ტყეთა მასშტაბური გადაწვა, რომლის უმრავლესობა, ვფიქრობ, ოკუპანტი სახელმწიფოს სპეცსამსახურებმა განზრახ გააჩინეს ზიანის მიყენების, ან ხე-ტყის უკანონო ჭრის გადაფარვის მიზნით.

_ ავტოსაგზაო შემთხვევებზე რას იტყვით. ესეც სამართალდამცველთა ბრალია, თუ მხოლოდ მძღოლების?

_ ავტოავარიები და ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რიცხვი კატასტროფულად იზრდება. დანაშაულის ამ სახეში ადრე კლების ტენდენცია მჟღავნდებოდა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა მძღოლებს ეკისრებათ, მაგრამ აქაც ისმის კითხვა, _ რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს გზებზე გამეფებულია განუკითხაობა და ეს დანაშაული იზრდება.

_ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. რატომ შენელდა დანაშაულთან ბრძოლა და რას უკავშირებთ იმას, რომ საზოგადოებაში პოლიციელი, ერთგვარად, შეშინებულ და დემორალიზებულ პერსონას წარმოადგენს?

_ საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ძალადობის ამდენი ფაქტი თავად სამართალდამცველთა მიმართ. აქამდე არასოდეს მომხდარა, რომ პოლიციის ეზოში 2 პოლიციელი მოეკლათ, ან პოლიციელის მკვლელობისთვის ძებნილს კიდევ მეორე პოლიციელი მოეკლას და კიდევ პოლიციის ავტომანქანები დაეცხრილოს, ან პოლიციელისთვის, პოლიციის ოფისის წინ, დანით თვალი ამოეგდოთ, ან პოლიციის ოფისის წინ პოლიციელი უღვთოდ ეცემოთ და, სამწუხაროდ, ეს არ გახლავთ ცალკეული შემთხვევები. პოლიციელის შეურაცხყოფა, ცემა, სამხრის ახევა პირდაპირ ეთერში დღეს ხშირად ყურადღების მიღმა რჩება და შედეგიც სახეზეა. დაუცველი პოლციელი ვერ იცავს საზოგადოების უსაფრთხოებას. აქვე გაგახსენებთ, რომ 1995 წელს, ბ-ნი ქურდაძის მკვლელობის შემდეგ, არავის გაუბედავს პროკურორის მანქანაში ჩაცხრილვა, ან პროკურორის ავტომანქანის დაწვა, ან მოსამართლის მანქანის დაცხრილვა.

ამას დაამატეთ სრულიად მორღვეული საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რომელზეც ხან „იგლის“ ტიპის საზენიტო გადასატანი სისტემა გადააქვთ, ხან ადამიანები თავისუფლად გადაჰყავთ, ნარკოტიკები თავისუფლად შემოაქვთ და იმ მძიმე სურათს მივიღებთ, რაც უკვე საზოგადოების ყველა წევრს ეხება!

_ საკმაოდ მძიმე რეალობაზე საუბრობთ…

_ ეს არის დანაშულის რამდენიმე სფერო, რომლის გაშლა ყველა კითხვას მოხსნის, დანაშული მომატებულია თუ არა.

_ ამის მიუხედავად, ხელისუფლება და შსს საუბრობს, რომ „კრიმინალი კარგ მდგომარეობაშია“, ფაქტებს აბუქებენ და ცალკეულ დანაშაულებებზე ყურადღებას ზედმეტად ამახვილებენ.

_ საზოგადოებას აინტერესებს, რა პოზიცია ჰქონდა სახელმწიფოს დანაშაულის ზრდასთან დაკავშირებით. თავიდან გვეუბნებოდნენ: ეს საზოგადოებას ელანდება და ყველაფერი გადასარევად არის. როცა ასეთი პოზიციის უგუნურობას მიხვდნენ, გვითხრეს, რომ გაზრდილი კრიმინალი ჟურნალისტების კისერზეა და გაშუქებას უკავშირდება. შემდეგ იმასაც მიხვდნენ, რომ ესეც უგუნურობა იყო და შეჯერდნენ ასეთ „საინტერესო“ ფორმულაზე: დანაშაული ხდებოდა, ხდება და მოხდება, თუმცა რა რიცხვით ხდება და რა სიხშირით, ამაზე აღარაფერს ამბობენ.

კიდევ უფრო საინტერესოა თავად შსს-ს პოზიცია. მიუხედავად აღწერილი მძიმე მდგომარეობისა, შსს-ს „სტატისტიკით“ 2015 წელს დანაშაულის გახსნა იყო 67,34% და საქართველო მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფო გახლდათ, თუმცა გვიან მიხვდნენ, ეს რა უგუნურობაც იყო და დაცინვის ობიექტები გახდნენ არა მარტო საქართველოს შიგნით, არამედ საზღვარგარეთელ კოლეგებთან, 2016 წელს გახსნის პროცენტი „გააუარესეს“ და 10%-ით დასწიეს. საზოგადოებას განუცხადეს, რომ 2016 წელს დანაშაულის გახსნა იყო 57,4% და საქართველო ევროპის ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფო იყო. ამ დროს ევროპის ყველაზე მშვიდ სახელმწიფოებს ბევრ იმ დანაშაულზე საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რომელიც საქართველოში ხდება.

_ ზემოთაც ვიკითხე, მაგრამ მაინც განავრცოთ: მხოლოდ პოლიციის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამო იზრდება სხვა დანაშაულებები? თუნდაც ასეთ შემთხვევაში მუნდირის ღირსების თემაც მოდის წინა პლანზე, რასაც რეალურად ვერ ვხედავთ. ამიტომ, იქნებ, უფრო დეტალურად შევეხოთ ამ საკითხს.

_ გასაგებია, რომ საზოგადოებას აინტერესებს, რა არის დანაშაულის აშკარა და მკვეთრი ზრდის მიზეზები. ბევრ „წვრილმან“ მიზეზთან ერთად შსს-ს ნდობის მკვეთრი დაკარგვა საზოგადოებაში და დანაშაულის ზრდა გამოწვეულია შსს-ში სისტემური დანაშაულებების აღდგენით, რაც ადრე აღმოფხვრილი იყო.

აქაც ჩამოვთვლი:

  1. შს-სს პოლიტიზება _ საქართველოს მთელი დამოუკიდებლობის განმავლობაში არ მომხდარა შსს-ს დეპოლიტიზება;
  2. სტატისტიკის გაყალბება;
  3. დანაშაულის დამალვა;
  4. მძიმე დანაშაულებებზე საქმის შედარებით მსუბუქი მუხლებით აღძვრა;
  5. ძალადობის აღდგენა შსს-ს ოფისებში;
  6. არაჯეროვანი, აგდებული დამოკიდებულება მოქალაქეთა განცხადებებისადმი;
  7. კატასტროფული საკადრო პოლიტიკა;

თუ კვლევების შემდეგ გამოვლენილ და აღდგენილ ამ სისტემურ დანაშაულებს დავუმატებთ თავად რიგით პოლიციელთა პროფესიულ და სოციალურ დაუცველობასა და პოლიციის ძალის არაეფექტიანად გამოყენებას, მივხვდებით, თუ რატომ კარგავს ყოველწლიურად შსს ნდობას საზოგადოებაში, რატომ ვერ იცავს ეფექტიანად საზოგადოების უსაფრთხოებას და რატომ იზრდება დანაშაული.

არმაზ მეტრეველი