ზაალ უდუმაშვილის კომფორტის ზონა

წლების მანძილზე საზოგადოებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სახედ ევლინებოდა და ცისფერი ეკრანიდან ესალმებოდა, ახლა კი ამას უშუალოდ აკეთებს. იგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატია.

მის შესახებ ბევრი ცნობა არ მოიპოვება, თუმცა ის მაინც ვიცით, რომ ზაალ უდუმაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში საინფორმაციო გამოშვების წამყვანად 2003 წლიდან დაინიშნა. სწორედ მას შემდეგ საღამოს 21:00 საათზე ტრადიციულად და უცვლელად აცნობდა საზოგადოებას დღის მთავარ თემებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის უშუალო კომფორტის ზონის განხილვამდე, უმჯობესია, მის კარიერას შევეხოთ.

საქართველოში ყველამ იცის, რომ იგი ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ქართველ ჟურნალისტად მიიჩნეოდა და მისი სატელევიზიო კარიერაც 25-წლიან სტაჟს ითვლის.

ზოოვეტერინარობიდან პირველივე კურსზე ჟურნალისტიკაში ამოუყვია თავი და მას შემდეგ ეკრანს არ მოსცილებია. 2014 წელს ზაალ უდუმაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ ინიშნება. დღეს კი სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემით აქტიურ საარჩევნო კარიერას აწარმოებს და გამარჯვების რეალური შანსიც აქვს.

ზაალ უდუმაშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

სხვადასხვა მნიშვნელოვანი დაპირებისა და ინიციატივის განსახორციელებლად მერობის ჟურნალისტ კანდიდატს დიდი ბრძოლა მოუწევს, მანამდე კი მისი კომფორტის ზონა უნდა განვიხილოთ, რომელიც წერეთლის გამზირზე, კონკრეტულად კი ზუგდიდის ქუჩაზე მდებარეობს.

დღევანდელი ჩვენი „კომფორტის ზონის“  მთავარი გმირიც სწორედ აღნიშნული პიროვნება გახლავთ.

მიუხედავად მაღალანაზღაურებადი ჟურნალისტის სტატუსისა, მის სახელზე ქონებრივი დეკლარაცია არ არსებობს, თუმცა საჯარო რეესტრში ფიქსირდება, რომ მის საკუთრებაშია ბინები ატენისა და ზუგდიდის ქუჩაზე. ერთი მათგანი მშენებარეა, მეორე კი მის ფაქტობრივ საცხოვრებელს წარმოადგენს. სწორედ მის სანახავად გავემართე პარასკევ საღამოს აღნიშნულ მისამართზე.

თბილისში რომ ქსელური და უმსხვილესი ამერიკული საკვები ობიექტები საკმაოდ ბევრ ადგილზეა, ეს ყველამ იცის. ერთ-ერთი სწორედ წერეთლის გამზირზე, მეტროსადგურ „წერეთლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც კონკრეტული ადგილის განსასაზღვრად კარგ საორიენტაციო ობიექტს წარმოადგენს. ამიტომაც თუ ამ ადგილთან აღმოჩნდებით, იცოდეთ, რომ შესაძლოა, მომავალი მერის სახლთან ახლოს იმყოფებოდეთ.

პარასკევს საღამოს 18:00 საათზე ზუგდიდის ქუჩისკენ ავიღე გეზი. შედარებით დაბალი ტემპერატურა იყო და, შესაბამისად, მზეც ტვინის ამადუღებლად არ აცხუნებდა. ჩვეულებრივ, როგორც ამბობენ, თუ გინდათ, კარგი ჟურნალისტი იყოთ, მუდმივად უნდა გქონდეთ კონტაქტი საზოგადოებასთან, მისი ნაწილი უნდა გახდეთ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობასაც არ უნდა მოერიდოთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეტრო საუკეთესო საშუალებაა ამ კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად, თან უფრო დიდი პლუსი ის აქვს, რომ მიწისქვეშ მეტად გრილა და წერეთლის მეტროსადგურზეც ჩერდება.

სეზონიდან გამომდინარე ხალხიც ქალაქგარეთაა გასული და სასურველ ადგილზე მისასვლელად გაჭყლეტაც არ გიწევს. ამ და სხვა ძირითადი მიზეზების გამო წერეთლის გამზირზე მეტროთი გავემგზავრე.

„წერეთლის მეტროდან“ რომ ამოხვალთ, პოლიციის მწვანეშუშიანი შენობა დაგხვდებათ, რომლის გვერდითაც სწორედ ის საკვები ობიექტი მდებარეობს, ზემოთ რომ უკვე ვახსენე. არცთუ გრილი დღის საღამოს საათებში წერეთლის გამზირზე პოლიციის შენობის წინ ვიდექი და შუქნიშანთან ტრასის მეორე მხარეს გადავედი, ჩემი საორიენტაციო სისტემაც თან მიმყვებოდა, რომ სწორად მეპოვა ზუგდიდის ქუჩა.

ამ ტერიტორიიდან ტრასის მოპირდაპირე მხარეს გადახვალთ თუ არა, ქუჩას უნდა გაუყვეთ, სანამ ხელმარცხნივ შესახვევებთაგან მეორე არ შეგხვდებათ. ვიცოდი, რომ ზუგდიდის ქუჩამდე სოხუმის ქუჩა უნდა გამევლო და მის აქტიურ ძებნასა და თვალების ცეცებაში ვიყავი გართული, როცა მარცხნიდან მშენებლობაზე მომუშავე ადამიანების ხმამაღალმა ყვირილმა და ხმაურმა გამომაფხიზლა. მათ წინ დიდი სამუშაო მანქანა იდგა, მომუშავეთაგან ერთს  მობილური ტელეფონი ეჭირა ხელში და ხმამაღლა ვიღაცას წუხანდელ ამბებს უყვებოდა, მეორე კი ახლოს სკამზე იჯდა და თავს უქნევდა. ეს უკანასკნელი თანამშრომელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან ასაკით საკმაოდ აღემატებოდა სხვა დანარჩენს და შრომისუნარიანობაც შესაბამისად დაბალი ჰქონდა.

მოკლედ, ამ ამბებში სოხუმის ქუჩაც ვიპოვე და უკვე ზუგდიდის ქუჩის შემოსახვევიც გამოჩნდა. როგორც აღვნიშნე, მთავარი ტრასიდან მეორე კვეთაზევე ვიწრო ქუჩა შედის, რომლის მარცხენა მხარეც სწორედ ის ტერიტორიაა, სადაც რაღაც ახალს აშენებენ და შემოღობილია, მარჯვენა მხარეს კი, მცირე ტერიტორიის გავლის შემდეგ, საცხოვრებელ კორპუსს დაინახავთ, რომელსაც სამი სადარბაზო აქვს გამოყოფილი რომაული ციფრებით. პირველ სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინას აივანზე ვაზი გაუშენებია, რომელიც თითქმის მეორე სართულზეც ადის და მწვანედ რთავს იქაურობას.

საცხოვრებელი ბინის ნომრიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ მისი „კომფორტის ზონა“ მესამე სადარბაზოში იქნებოდა და, შესაბამისად, პირველივე ჯერზე იქით გავემართე.

სადარბაზოს კარი ღია იყო.

ნაცრისფერი კარის გავლის შემდეგ პირველ სართულზე აღმოჩნდებით, რომლის მარცხენა მხარეს მაღალ სართულებზე ასასვლელი კიბეებია, პირდაპირ ლიფტი, მარჯვენა და მარცხენა მხარეს კი საცხოვრებელი ბინებია განთავსებული. ლიფტის გვერდით, მარცხენა მხარეს, ჩასასვლელი კიბეებია, რომელსაც უკანა ეზოში გაჰყავხართ.

ჩემი შესვლა იყო და ლიფტის კარი გაიღო, იქიდან ახალგაზრდა, ბაკებზე ოდნავ ჭაღარაშერეული ბიჭი გამოვიდა, რომელიც, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ, რაღაცას ჭამდა, რადგან აქტიურად ათამაშებდა ქვედა და ზედა ყბას. თეთრი მაისური ეცვა და საკმაოდ სწრაფად მოძრაობდა, თუმცა ეს ჩემი პირველი რესპონდენტი იყო და კითხვის გარეშე არ გავუშვი. როგორც კი გასასვლელი კარისკენ გამოქანდა, სწრაფად დავუძახე:

_ უკაცრავად, გაზეთ „ქრონიკა+“-დან ვარ, მერობის კანდიდატების „კომფორტის ზონაზე“ ვწერ. როგორც ვიცი, ზაალ უდუმაშვილი ამ კორპუსში ცხოვრობს, ხომ არ ვცდები?

_ არა, ამ კორპუსში ცხოვრობს ნამდვილად. ჩვენი მეზობელია.

_ რამდენად ხშირად ხედავთ? სალმიანია?

_ ხშირად არა, მაგრამ ვხვდებით, კი. მე-9-ზე ცხოვრობს. სალმიანიც არის, როცა ვხედავთ. საერთოდ, ძალიან კარგი მეზობელია.

_ გასაგებია, დიდი მადლობა.

უკვე დავრწმუნდი, რომ სწორ ადგილას მოვედი და გზაც გავაგრძელე. სართულებს ავუყევი იმ იმედით, რომ მორიგ რესპონდენტს ვნახავდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ან სახლში არ იყვნენ, ანდაც კონკრეტულ ბინაში არავინ ცხოვრობდა. მეორე და მესამე სართულზე აბსოლუტურად ყველა ბინის კარზე დავრეკე, მაგრამ არც ერთმა არ მიპასუხა. ისე მაინც რომ ექნათ, როგორც სხვაგან გაუკეთებიათ ხოლმე, კიდევ უკეთესი იქნებოდა, ალბათ (იმ ამბავს ვგულისხმობ, ზარის დარეკვის მერე რომ მეკითხებიან, ვინ ხარო, მე კი ვპასუხობ, _ ჟურნალისტი, ორიოდე კითხვა მაქვს-მეთქი და ისევ უჩინარდებიან), მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ბოლოს, როგორც იქნა, მეოთხე სართულზე დავრეკე ზარი და კარზე გასაღების გადატრიალების ხმაც გავიგე. ძალიან გამიხარდა.

კართან შუახნის ქალბატონი გამოვიდა, გრძელი, შავ-თეთრი მთლიანი საზაფხულო კაბა ეცვა და სათვალე ეკეთა. საკმაოდ სანდომიანი სახე ჰქონდა და როოგრც კი კარი გამიღო, მასთანაც იმავე ტექსტით დავიწყე საუბარი:

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ „ქრონიკა+“-დან. ორიოდე კითხვა მექნება, თუ შეიძლება, ზაალ უდუმაშვილთან დაკავშირებით. თქვენი მეზობელია, ხომ?

_ დიახ.

_ მის „კომფორტის ზონაზე“ ვწერ და მაინტერესებს, რამდენად კარგი მეზობელია? რამდენად სალმიანი?

_ რომ გითხრათ, ეწყინება ბატონ ზაალს. გამარჯობა არ იცის სადარბაზოში.

_ მართლა? არადა, მითხრეს, სალმიანიაო.

_ დიახ, რამდენი ხანია, აქ ცხოვრობს, მაგრამ რომ შეგხვდება, გამარჯობას არავის ეუბნება და არავისთან არ აქვს კონტაქტი საერთოდ. აი, ასე გადაეცით (ეს რომ თქვა, უკნიდან პატარა, 7-8 წლის ბიჭი გადმოხტა ლურჯი მაისურით, ალბათ, შვილიშვილი იყო, მაგრამ ამ ქალბატონმა არც კი შეიმჩნია და საკუთარ ნათქვამზე თავის ქნევას აგრძელებდა).

_ კარგი, გმადლობთ, გასაგებია, _ ვუთხარი და გზაც მაღლა გავაგრძელე.

სამწუხაროდ, აქაც იგივე სიტუაცია დამხვდა, არავინ იყო სახლში. შესაძლოა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ სამუშაო დღე გახლდათ და მართალია, ის დრო იყო, სახლში რომ ბრუნდებიან, მაგრამ მაინც ვერავინ მოვიძიე ისეთი, ვინც გამესაუბრებოდა. ყველა სართულზე ოთხივე ბინის კარზე ვრეკავდი ზარს, მაგრამ არსაიდან ხმა, არსით ძახილი.

ბოლოს, მეცხრე სართულზე ავედი, სადაც სწორედ ჩვენი ინტერესის ობიექტის ბინა მდებარეობს. ვარდისფრად და სუფთად შეღებილ კედლებს მხოლოდ ამ სართულზე მივაგენი.

კიბეებს ბოლო სართულზე აჰყავხართ, რომელიც, როგორც გითხარით, ვარდისფრადაა შეღებილი. მარცხენა მხარეს წითელი რკინის კარია, რომელსაც ოქროსფრად აწერია 80 და ამავე კარის მარცხენა მხარეს მდებარე კედელზე ერთი ცალი ბრაა მიმაგრებული, მის ქვემოთ კი დაწნული კალათა, რომელშიც ბზა ალაგია. ლიფტიც მუშაობს.

„სუფთად შენახულ“ სართულზე ასვლისას კარს ფოტოები გადავუღე და გეზი კვლავ ქვემოთ სართულებისკენ ავიღე.

როგორც ყოველთვის, ლიფტით სარგებლობას ფეხით სიარული მირჩევნია, თან როცა რესპონდენტი მყავს საძებნი და ამიტომაც დაბლა სართულებისკენ დაშვებულს ყველა კარზე მიწევს ზარის დარეკვა და სასურველი ინფორმაციის მოძებნა.

პირველ სართულამდე ისე ჩავედი, რომ არავინ გამომეხმაურა, ამიტომ პირველ სართულზევე, ხელმარცხნივ მდებარე ბინის კარზე ზარი დავრეკე და, საბედნიეროდ, ქერა ქალბატონმა გამიღო კარი. მასაც გავაცანი თავი და მიზანი, მერე კი კითხვებზე გადავედი:

_ ბატონ ზაალს თუ იცნობთ?

_ როგორ არ ვიცნობ.

_ როგორი მეზობელია, მაინტერესებს, რამდენად სალმიანი?

_ არაჩვეულებრივი, შესანიშნავი.

_ ანუ გესალმებათ ხოლმე?

_ რას ჰქვია, გვესალმება? რა თქმა უნდა!

_ აი, ზემოთ სართულზე ქალბატონმა მითხრა, არ არის სალმიანი ადამიანი და არც არავის ესალმება სადარბაზოშიო (ამის თქმა იყო და სახე უცებ შეეცვალა, ცოტათი გაბრაზდა).

_ თუ ვერ შეგნიშნა, შვილო, როგორ მოგესალმება? ზალიკოს განრიგი ისეთია, დარბის და ღამე გვიან მოდის, მაგრამ მაინც მაგას ვერავინ იტყვის, რომ სალმიანი არ არის.

არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს, რომელიც სალამს გეტყვით კი არა, გადაგკოცნით და მოგიკითხავთ, გადაგყვებათ კიდევაც. შესანიშნავი ადამიანები არიან კარგი შვილებით. რაზეა საუბარი?!

ახლა თუ ადამიანს ინტერესი გაქვს და გინდა, რომ, მაინცდამაინც, ზიანი მიაყენო, ყველაფერი შეგიძლია თქვა.

პირიქით, ძალიან სალმიანია და, საერთოდ, არაჩვეულებრივი, ზრდილობიანი ახალგაზრდაა.

_ კარგი, ძალიან დიდი მადლობა.

_ გაიხარე, შვილო, რას ამბობ, მაგას სპეციალურად თუ იტყვის ვინმე, თორემ არც ერთი სხვა მეზობელი მაგას არ გეტყვით, დამიჯერეთ.

ახლა ყველგან არიან ინტრიგანები.

_ დიდი მადლობა.

_ არაფრის, შვილო, არაფრის. რაც შეიძლება დადებითი, ძალიან დადებითი პიროვნებაა.

_ გასაგებია, ძალიან კარგი, დიდი მადლობა, _ ვუპასუხე ქერა ქალბატონს, რომელიც სასაუბროდ სადარბაზოში გამოვიდა, პირველ სართულზევე ნახსენებ ლიფტთანაც დადგა და ისე მესაუბრებოდა. ბოლოს მე გარეთ გამოვედი და ის თავის სახლში დაბრუნდა.

სადარბაზოდან გამოსვლისას კორპუსს მთლიანად რამდენიმე ფოტო გადავუღე და მანქანების შეთვალიერება დავიწყე, იქნებ, ჩვენი სტატიის მთავარი გმირის მანქანა მეპოვა, მაგრამ ამ პარასკევ დღეს მაინც არაფერი გამოვიდა და ეს ცდაც უშედეგოდ დამთავრდა.

ვინაიდან მაინც არ ვფლობდი ამომწურავ ინფორმაციას, გადავწყვიტე, გვერდით სადარბაზოშიც შევსულიყავი, რომ იქაც მენახა ვინმე, ვინც იცოდა, ან იცნობდა აწ უკვე მერობის კანდიდატს.

როგორც მოლოდინი მქონდა, შედეგიც იგივე მივიღე, _ აქაც არავინ მხვდებოდა სახლში, მაგრამ ბოლოს, მეორე სადარბაზოდან გამოსულს, ახაგაზრდა ქალბატონი შემხვდა შავი სამოსით და შავივე სათვალით. გვერდით პატარა გოგონა მოჰყვებოდა. აშკარად ამ სადარბაზოსკენ მოდიოდნენ, ამიტომ შანსი ხელიდან არ გავუშვი და კვლავ საუბარი დავიწყე:

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ, ორიოდე კითხვა მაქვს, თუ შეიძლება.

_ გისმენთ, _ მითხრა და სათვალე მოიხსნა.

_ ზაალ უდუმაშვილის „კომფორტის ზონაზე“ ვწერ, მაინტერესებს, თუ იცნობთ?

_ კი, ვიცი, მინახავს. გვერდით სადარბაზოში ცხოვრობს.

_ დიახ, ეგ ვიცი. უბრალოდ, მაინტერესებს, რამდენად ხშირად ხედავთ, ან იცნობთ თუ არა?

_ ისე არ ვიცნობ, მაგრამ მინახავს, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი, წარმოსადეგი კაცია.

_ სალმიანია?

_ მე არ ვიცნობ პირადად, ამიტომ ჩემთან არა, მაგრამ მეზობლებთან სალმიანია, რამდენადაც ვიცი. ისე, ჩემს მეუღლესაც ესალმება ხოლმე.

_ გასაგებია, გმადლობთ.

_ ჰოდა, მისი მანქანის ნომრებიც „რუსთავი 2“-ის მსგავსად ბევრ 2-იანს შეიცავს, როგორც ვიცი, და ორი შვილი ჰყავს, ისინიც მინახავს. მეტი არანაირი შეხება არ მაქვს პირადად მასთან.

_ გასაგებია, დიდი მადლობა.

_ არაფრის.

საუბარს მოვრჩით და მან სადარბაზოსკენ გააგრძელა სვლა, მე კი სახლისკენ მიმავალ გზას დავადექი. წამოსვლამდე კიდევ რამდენიმე კადრი გადავუღე კორპუსს და კვლავ მანქანების სერიის შეთვალიერება დავიწყე, თუმცა უშედეგოდ.

მაშ, ასე! ჟურნალისტისა და აწ უკვე რთულ გზაზე შემდგარი მებრძოლი პოლიტიკოსის „კომფორტის ზონა“ სწორედ აქ, ზუგდიდის ქუჩაზე მდებარეობს.

 

ნინო ტაბაღუა