„ვფართხალებთ და როდის გაგვძვრება სული, კაცმა არ იცის!“

დიდი ხანია, ორი საქართველო არსებობს, ანუ ერთი საქართველო „ოცნებისაა“, სადაც ასი ქარხანა გუგუნებს, მეორე საქართველო კი რეალური საქართველოა, საქართველო, სადაც ადამიანები შიმშლით სიკვდილის ზღვარზე არიან!

ხელისუფლებას ამ მეორე საქართველოს დანახვა კი არა, გაგონებაც არ უნდა და, ალბათ, სწორედ ამიტომ იყრის თავზე ნაცარს და პერსონები, რომლებსაც უმაღლესი თანამდებობები უკავიათ ან ახლო წარსულში ეკავათ, ეკონომიკური სტაგნაციის დასამალად კომიკური განცხადებების გაკეთებასაც არ ერიდებიან.
აი, მაგალითად, გავიხსენოთ დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც, თავის დროზე, ქვეყნის ფინანსებს განაგებდა. მოგვიანებით თავად ივანიშვილმაც აღიარა, რომ ქუმსიშვილი კარგი მინისტრი არ იყო, თუმცა მის მიერ პარლამენტში წამოსროლილი სიტყვები, ლამის, „ოცნების“ ეკონომიკურ დოქტრინად იქცა.
„ტურიზმთან მიმართებით ძალიან ბევრი შემიძლია გესაუბროთ. 2 მილიარდ 100 მილიონს აგენერირებს დღეს ტურიზმი. უშგულში ავედი და იქ ყველა სახლს აწერია გესტჰაუსი, სასტუმრო. ბავშვებისთვის სუვენირების შეძენა მოვინდომე, ამოვიღე ჯიბიდან ფული და ძალიან გამიხარდა, იცით, რა? _ როდესაც მე ქალბატონს 100-ლარიანი გავუწოდე იმისთვის, რომ რაღაც მეყიდა, მან ჯიბიდან ამოიღო ბღუჯა, ფულის ბღუჯა ამოიღო. ახლაც ტანში მაჟრიალებს, რადგან სიამოვნებისგან კინაღამ დავკოცნე ის ქალი, ეს არის ტურიზმის გავლენა“, _ თქვა ქუმსიშვილმა 2016 წელს პარლამენტში გამოსვლისას.
დღეს ქუმსიშვილი უკვე ისტორიის კუთვნილებაა და იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა, განსასჯელის სკამზეც ვიხილოთ, თუმცა ამჯერად საუბარს ყოფილი ჩინოვნიკის მომავალზე კი არა, ქართული ეკონომიკის „ბღუჯა-ბღუჯა ჟრიალზე“ ვაპირებთ.
დიახ, ჩვენს ეკონომიკას „აჟრიალებს“ და ეს ფეხის ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა. ამ „ჟრიალს“ ყველაზე კარგად, მოსახლეობაზე რომ არაფერი ვთქვათ, მცირე და საშუალო მეწარმეები გრძნობენ.
ოფიციალური სტატისტიკა, შეიძლება, არ არსებობს, მაგრამ „ქრონიკა+“ არაერთ ადამიანს ესაუბრა, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ ინდმეწარმე იყო და „გარაჟში“ მაღაზიას ან საცხობს ამუშავებდა.
ამ ადამიანთა თქმით, იძულებული გახდნენ, თავიანთი მცირე საწარმოები დაეხურათ, რადგან მოგებას ვინ ჩივის, ე. წ. საბრუნავი ფულიც აღარ რჩებათ.
მცირე და საშუალო ბიზნესის მსგავსად მძიმე პერიოდი უდგას მსხვილ ბიზნესსაც და ამის მაგალითია თუნდაც ის გარემოება, რომ ერთ-ერთი წარმატებული მეფრინველეობის ფაბრიკა დახურვის პირასაა.
დახურვის წინაპირობად კი ლარის გაუფასურება, ენერგომატარებლების გაძვირება და დღგ-ს გადასახადი სახელდება.
მეწარმეებს მძიმე ტვირთად დააწვათ ე. წ. დაგროვებითი პენსიის გადასახადიც.
„ყველა წარმოებას, რომელიც იმპორტზეა დამოკიდებული, ლარის კურსის ზრდა ძალიან აფერხებს. ჩვენ ყველაფერი შემოგვაქვს: სიმინდი, სოიას შროტი, კონცენტრატი, მედიკამენტები და ა. შ. ამას ემატება გაზის გაძვირებაც _ მივიღეთ შეტყობინება, რომ ტარიფს 10%-ით გვიზრდიან; ამის გარდა, დარგს მძიმე ტვირთად აწევს დღგ-ს გადასახადი, რაზეც დიდი ხანია, ვსაუბროთ და ყურადღებას არავინ გვაქცევს. ძალიან ბევრი ფაბრიკა დაიხურა, ჩვენი დარგი, ძირითადად, არაოფიციალურ სეგმენტში გადავიდა, ვინც ვართ დარჩენილები ოფიციალურ ნაწილში, ასე ვთქვათ, ვფართხალებთ და როდის გაგვძვრება სული, კაცმა არ იცის…
ფასი ვერ გაჰყვა იმ მოვლენებს, რაც ქვეყანაში განვითარდა და შესაბამისად, წარმოებამ მოგება დაკარგა, რიგ შემთხვევაში მინუსზე ვმუშაობთ და რაღაც-რაღაცების გაყიდვა გვიწევს, რომ ფაბრიკები გადავარჩინოთ და არ გავჩერდეთ. სულ რამდენიმე წარმოება ვართ, ვინც ოფიციალურად ვმუშაობთ, დანარჩენი ჩუმად, არარეგისტრირებულად ფუნქციონირებს; ამ დროს ჩვენ ერთ ბაზარზე ვართ და გამოდის, რომ ჩვენი პროდუქცია ძვირია მათთან შედარებით და კონკურენციას ვეღარ ვუწევთ, სახელმწიფო კი ამ პრობლემას ვერ აგვარებს. ერთადერთი გზა, რაც ამ პრობლემას მოხსნის, დარგის დღგ-სგან განთავისუფლებაა, რითაც სახელმწიფო თანაბარ პირობებში ჩაგვაყენებს მწარმოებლებს.
ამჟამად საქართველოს ბაზრის 25-30% ქართულ, დანარჩენი კი იმპორტულ პროდუქციას უკავია. არადა, დღგ რომ მოხსნან, ქართული წარმოება განვითარდება და იმპორტს ჩვენ თვითონ, სახელმწიფოს დახმარების გარეშე შევავიწროებთ“, _ უთხრა ინტერნეტგამოცემა „კომერსანტს“ „ნოზაძის მეფრინველეობის ფაბრიკის“ დამფუძნებელმა მამუკა ნოზაძემ.
ნოზაძის აზრს იზიარებს თელეთის მეფრინველეობის ფაბრიკის, შპს „როსტერის“ დამფუძნებელი ჯაბა პაპიძეც:
„დღე და ღამე შრომის ფასად შევძელით, რომ ევროსტანდარტების პროდუქტები შევქმენით, სასაკლაოები მოვაწყვეთ, ჰასპის სისტემა დავნერგეთ. სასაკლაო პროდუქტის ფასს ისე აძვირებს, რომ ჩვეულებრივ გლეხს, რომელიც სახლში ზრდის ქათამს და ბაზარზე დაკლული გამოაქვს გასაყიდად, კონკურენციას ვერ ვუწევთ. გარდა ამისა, მთელი რიგი პრობლემებია სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობისას, შეტანა რთულია, თუ შეიტან, ისინი თავის ფასს ამატებენ, საქონელს, ძირითადად, სამთვიანი კონსიგნაციით იბარებენ, მაღაზიები ხშირად კოტრდება და ამ თანხას უკან ვერასდროს ვიღებთ“.
სხვათა შორის, საქართველოში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალი რომ იყო, გავლენიანმა დასავლურმა მედიასაშუალება „ევრონიუსმა“, ჯერ კიდევ, ოთხი წლის წინათ იწინასწარმეტყველა.
მაშინ ეს გამოცემა წერდა, საქართველო ეკონომიკურ მორევშია გაჭედილიო და საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად დეპუტატ რომან გოცირიძის სიტყვებს ციტირებდა, რომლის თანახმადაც, „ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკა ეკონომიკურ ვითარებას ვერ შველის.
„ევრონიუსს“ ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონის სიტყვებიც მოჰყავდა:
„ბევრი მცირე საწარმო დაიხურება. ვფიქრობ, საქართველოში მცირე ბიზნესი მოკვდება. თუ ეს ვითარება ექვს თვეს მაინც გასტანს, საქართველოში მცირე ბიზნესი ვერ გადარჩება“.
დღეს ქვეყანა ზუსტად იმ ზღვარზე დგას, როცა პრობლემები მარტო მცირე კი არა, მსხვილ ბიზნესსაც აქვს და ამის ნათელი მაგალითია „თიბისი ბანკის“ გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.
უფრო ადრე კი „ოცნების“ მარწუხებში „ომეგა ჯგუფი“ აღმოჩნდა, რომლის დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმაც ღიად და პირდაპირ განაცხადა, რომ ხელისუფლება არეკეტებდა და ბიზნესს ახევდა.
ყველაფერ ამის მიუხედავად, „ოცნებას“, როგორც იტყვიან, ქვა აქვს აგდებული და ამ ქვისთვის თავშეშვერილი ამტკიცებს, გინდა თუ არა, ქვეყანაში არნახული ეკონომიკური ზრდა არისო, თუმცა ციფრები და რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია, რაც კარგად აისახება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩატარებულ ეკონომიკურ კვლევაში.
ამ კვლევს მიხედვით, 2004-2012 წლებში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 6,2% იყო; 2013-2017 წლებში კი ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 3,6% შეადგინა, ანუ ზრდის ტემპის შემცირების გამო ქვეყანამ, ბოლო წლებში, 4,3 მილიარდი ლარი დაკარგა.
ამ ფონზე „ოცნება“ ისევ სიჯიუტეს იჩენს და გვარწმუნებს, რომ ეკონომიკა 5 პროცენტით გაიზარდა, რასაც ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე არ იზიარებს და ყველაფერ ამას ციფრებით ინტერპრეტაციას უწოდებს:
„ეკონომიკის 5%-ით გაზრდა არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში რამე სოციალური პრობლემა მოგვარდა. ჩვენ გვაქვს აღრიცხვის სისტემა, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი თვითდასაქმებულად ითვლება. ამ ადამიანების უმეტესობა ან უმუშევარია, ან _ უღარიბესი, ანუ სოფლად მიწის მცირე ნაკვეთს ფლობს და თვეში, შესაძლოა, 900 ლარის შემოსავალიც კი არ აქვს.
როგორ შეიძლება, ამ ადამიანებს თვითდასაქმებულები ვუწდოთ?
ხელისუფლება თვითდასაქმებაზე საუბრობს, მაგრამ ერთ ნიუანსს არ აქცევს ყურადღებას _ მთელ მსოფლიოში დასაქმებულობას არასასოფლო-სამეურნეო სფეროთი ითვლიან. ამიტომ როცა ამბობენ, დასაქმებულთა რაოდენობა 38 ათასით გაიზარდაო, საინტერესოა, ეს ადამიანები სად დასაქმდნენ? ასე რომ, ეს ციფრი პირადად მე არაფერს მეუბნება. ზოგადად, შიდა პროდუქტის ზრდის მონაცემებს რომ აქვეყნებენ, მას კიდევ ხუთი პარამეტრი უნდა ახლდეს. შესაბამისად, იმის თქმა, რომ მშპ გაიზარდა და ყველაფერი კარგად არის, არაფერს ნიშნავს.
საერთოდ, ჯერ არ ყოფილა მთავრობა, რომელიც პრობლემებს აღიარებდა, მაგრამ რასაც პარლამენტში დღეს ვუყურებ, ეს გუნდურობის არასწორი გაგებაა, ანუ „ოცნება“ ამბობს, რადგან უმრავლესობა ვარ, ჩემი მთავრობა უნდა დავიცვაო. ასეთი მიდგომა არ ვარგა“.
ამას გარდა, დემურ გიორხელიძე იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ქართულ ბიზნესში თამაშის დასავლური წესები არ არსებობს და კანონი ცალკეული ბიზნესმენების მიმართ შერჩევითად მუშაობს.
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ამ თემაზე საუბრისას დემურ გიორხელიძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ე. წ. საბანკო განულების თემას იხსენებს და განმარტავს, რომ ეს ამომრჩევლის კლასიკური მოსყიდვა იყო.
ამასთან, გიორხელიძე დარწმუნებულია, რომ საბანკო დავალიანების განულებას ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელობა არ ექნება, რადგან ის 600 000 ადამიანი, ვისაც დავალიანება გაუნულდა, ისევ ვალს აიღებს, რათა თავის გადასარჩენად მეტი გზა არ აქვს.
„თუ პოლიტიკურ შეფასებას გავაკეთებთ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა, ამას სხვა პოლიტიკური შეფასება ვერ ექნება.
ქართული საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ქვეყნები ამ გზით არ ვითარდებიან.
ხელისუფლებების მიერ ჩამოყალიბებული ის სიმახინჯე, რასაც ქართული საბანკო სისტემა ჰქვია, შავი სიის შექმნის დაშვებით, მიყვანილია ანტიკონსტიტუციურ უფლებამდე. ეს არის ხელისუფლების დანაშაული.
ის მეორე, რასაც არასაბანკო საფინანსო დაწესებულებები ჰქვია, ისინიც ამ მახინჯი სისტემის ნაწილი არიან, მაგრამ კიდევ გეუბნებით, ეს მათი ბრალი არ არის. ეს ხელისუფლების ბრალია.
რა თქმა უნდა, იმ 600 000 ადამიანისთვის ეს სერიოზული შეღავათია, მაგრამ იმ გარემოში, რომელიც საქართველოშია ჩამოყალიბებული, ეს ხალხი ისევ ვალებში შევა, რადგან სხვა გზა არ აქვს.
ეს პოლიტიკა გამორიცხავს სამუშაო ადგილების შექმნას, ეს არ არის გამართულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკა იმიტომ, რომ თვითონ ეკონომიკურ პოლიტიკაში დომინირებული სწრაფი განვითარება და დასაქმება არ არის.
ხელისუფლებას საერთოდ დაავიწყდა, რა პრობლემებია ქვეყანაში, ადამიანი დაავიწყდა და თვითკმაყოფილებაში ჩაიხრჩო“, _ ამბობს გიორხელიძე.
მძიმე ეკონომიკური ვითარება, როგორც ექსპერტები ამბობენ, „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა, კიდევ უფრო დაამძიმოს.
„არ მახსენდება, რომ ეროვნულ ბანკს რომელიმე მსხვილი კომერციული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიმართ მსგავსი გადაწყვეტილება მიეღოს. ვისურვებდი მეტ დასაბუთებას ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაში, რადგან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. ტრანზაქციები, რომელზედაც მიდის საუბარი, ძალიან ძველია და კითხვის ნიშანს აჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოხდა რეაგირება მაინცდამაინც ახლა _ დაახლოებით, 12 წლის შემდეგ?..
ეს პროცესი ბანკის რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება… ზოგადად, საბანკო სექტორისთვის მსგავსი შემთხვევები არ ახალისებს ინვესტიციებს, მით უმეტეს, მოგეხსენებათ, „თიბისი ბანკი“ ლონდონის საფონდო ბირჟაზეა გასული და საკმაოდ მაღალი კაპიტალიზაცია აქვს. ეს პროცესი აქციის ფასებზე იმოქმედებს…
იმის გათვალისწინებით, რომ „თიბისი“ სისტემური ბანკია, მასთან დაკავშირებული ყველა ქმედება კარგად უნდა გაანალიზდეს, რადგან ამ ბანკისთვის შექმნილი პრობლემა შესაძლოა, მთელი ქვეყნისთვის ეკონომიკურ პრობლემად შემობრუნდეს“, _ ამბობს „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე.
„შეიძლება, 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, მაგრამ მოსახლეობა მაინც უკმაყოფილო იყოს.
თუ მთავრობას უნდა, რომ სწორი ნაბიჯები გადადგას, საჭიროა, ეს სტრუქტურა მოწესრიგდეს. უნდა მოხდეს იმ დარგების სტიმულირება, რომელიც მოსახლეობის უფრო მეტ ნაწილს ასაქმებს. ამ და სხვა ასეთი ცვლილებებით უნდა მოხდეს ის, რომ ეკონომიკური ზრდა საზოგადოებამ იგრძნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის რიცხვი, რომელიც ხალხს არაფერს ეუბნება. თუ მოსახლეობისთვის არაფერი იცვლება, მაშინ რა აზრი აქვს ეკონომიკური ზრდის ამ მაჩვენებლებს და მის გახმოვანებას?“ _ რიტორიკულად კითხულობს ანალიტიკოსი ჭარაია იმ თემაზე საუბრისას, რომელიც „ოცნების“ მიერ ჯერ კიდევ თვეების მიერ ზარზეიმით გახმოვანებულ ეკონომიკის 5-პროცენტიან ზრდას ეხება.
„იმისთვის, რომ ეკონომიკურ ზრდას ინკლუზიური ხასიათი ჰქონდეს, ეკონომიკის სტრუქტურა უნდა შეიცვალოს. კერძოდ, ჩვენი ეკონომიკა მიდრეკილი უნდა იყოს ინოვაციებისკენ, არადა, ჩვენ ყველას ჩამოვრჩებით. კვალიფიციური კადრი არ გვყავს, პრობლემებია განათლებაში. ყველაფერი ეს მოსაგვარებელია, თუმცა ამ მიმართულებით მთავრობა არაფერს აკეთებს“, _ განმარტავს „ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორი გოჩა თუთბერიძე.
შეგახსენებთ: ეკონომიკის 5%-იანი მაჩვენებელი ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნების წინ გაახმოვანა, ანუ ადვილი მისახვედრია, რომ ეკონომიკის აღმავლობაზე საუბარი „ოცნებას“ პიარისთვის დასჭირდა.
ეკონომიკურ სტაგნაციაზე საუბრის დროს ანალიტიკოსები სამ მიზეზზე ამახვილებენ ყურადღებას, რამაც ქვეყანა მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა.
ეს მიზეზებია:
1. რეგულაციების გამკაცრებით ბიზნესგარემოს გაუარესება და შრომითი მიგრაციის შეზღუდვისკენ გადადგმული ნაბიჯები _ შრომის კოდექსის გამკაცრება, შრომის ინსპექციის შექმნა და სხვ. ყველაფერი ეს, როგორც საქმის სპეციალისტები ამბობენ, ქვეყანაში უცხოური კაპიტალის შემოსვლას აფერხებს;
2. კერძო ბიზნესის შევიწროება _ მაგალითად, იმის მცდელობა, რომ საფოსტო მომსახურება მხოლოდ სახელმწიფო ფოსტამ განახორციელოს; სკოლის სახელმძღვანელოების ტენდერის გარეშე დაბეჭდვა, რამაც კერძო სტამბები დააზარალა; კერძო კლინიკების გამოსყიდვა და ზეწოლის გაძლიერება; უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი სქემით, კერძო უნივერსიტეტების დაზარალება; კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის ჯანდაცვის დაზღვევაში შექმნილი პრობლემები, ფიზიკური პირებისა და მცირე საკრედიტო ორგანიზაციებისთვის რეგულაციების გამკაცრება და სხვ.
„ასეთი ქმედებების გამო არავის აქვს გარანტია, რომ მომავალში მთავრობა არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც უკვე არსებულ კერძო ბიზნესს დააზარალებს“, _ ამბობენ ეკონომიკის ექსპერტები;
3. სახელმწიფო ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი, რაც გამოწვეულია მაღალი ბიუროკრატიული და სოციალური ხარჯებით. ამას ერთვის საგარეო ვალის გაზრდა.
ხოლო რეგულაციებმა, რაც მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა, განსაკუთრებული პრობლემების წინაშე ტექნიკით მოვაჭრე ობიექტები დააყენა, ანუ, მოგეხსენებათ, პირველი იანვრიდან „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა~ სრულად ამოქმედდა, შესაბამისად, განვადებები 70%-ით შემცირდა. ამის გამო კი ტექნიკის მაღაზიების ნაწილმა თანამშრომლებისა და რეგიონებში ფილიალების შემცირება გადაწყვიტა.
როგორც ირკვევა, განვადებების შემცირების ეს მეორე ტალღაა. პირველი ტალღა გასულ წლის მაისში იყო, როცა რეგულაციები ნაწილობრივ ამოქმედდა. მაშინ ყველაფერ ამის გამო არაერთი მცირე მაღაზია დაიხურა.
„ეს რეგულაციები ბიზნესისთვის სასარგებლო არ არის“ _ აცხადებს ბიზნესმენთა უმეტესობა.
„ოცნების“ გათვლებით, ქართული ეკონომიკის ღერძი ტურიზმია. სწორედ ამ ნიადაგზე, მიმდინარე წელს, ტურიზმის განვითარებაზე, ოფიციალური მონაცამებით, 52,1 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს. ამის შესახებ ცნობილი ორი თვის წინ, ანუ 2018 წლის დეკემბრის მიწურულს გახდა.
მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ეკონომიკა, მართლაც, ტურიზმზე დგას, მაგრამ ეს სტრატეგია ჩვენს რეალობაში რამდენად წარმატებული იქნება, ჯერჯერობით, უცნობია, რადგან გასული წლის ათი თვის მონაცემებით ტურიზმის შემოსავალმა მხოლოდ 2,8 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ამასთან, ისიც აღსანიშნავია, რომ ტურიზმის მსოფლიო რეიტინგში საქართველო მოწინავე ათეულში ან ოცეულშიც კი არ არის. ამ ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმის აყვავებაც ოცნება და მეტი არაფერია.
„ეს „ჟულიკი“ პრემიერი მთელი ერის წინაშე ტრაბახობდა, რომ ტურიზმის სეგმენტში რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს და სამ მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა საქართველოშიო.
ახლა ამ ტრაფარეტული განცხადებების ფონზე ოდნავ ჩავიხედოთ მაკროეკონომიკის ქრესტომათიაში:
მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკაში ფასწარმოქმნის მთავარი განმსაზღვრელი არის მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი. კონკრეტულად, ეროვნული ვალუტის კურსს, ძირითადად, განსაზღვრავს რამდენიმე ფუნდამენტური ფაქტორის კომბინაცია.
მაგალითად: საგარეო ვაჭრობის ბალანსი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, ტურიზმისგან შემოსული უცხოური ვალუტის მოცულობა და კერძო გადმორიცხვების მოცულობა.
პრემიერადწოდებულის განცხადებით, პრაქტიკულად, ყველა ამ მონაცემში არნახული მატებაა. საგარეო ვაჭრობის უარყოფითი ბალანსიც კი შემცირდაო; ინვესტიციები არნახულ მასშტაბებს აღწევსო; აგერ, ტურიზმში ყველა დროის რეკორდი მოუხსნიათ და თუ ოდნავ მოაზროვნე მაინც ხართ, ძალაუნებურად ერთი მარტივი შეკითხვა აუცილებლად გაგიჩნდებათ:
მაშინ რა ჯანდაბა სჭირს ეროვნულ ვალუტას? იქნებ, გაგვცეს პასუხი ამ შეკითხვაზე?“ _ ამ სიტყვებიდან, რომლის ავტორიც ეკონომისტი დავით ნებიერიძეა, კარგად ჩანს, რომ ტურიზმის აყვავებაც, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ოცნებად დარჩება.
ზოგადად, 2012 წლიდან მოყოლებული, ხალხი ოცნებებით იკვებება, ანუ იმის ილუზია, რომ უფასო ფული იქნებოდა, დიდი ხანია, აღარ არსებობს.
მოსახლეობას აღარც იმის იმედი აქვს, რომ ოდესმე რამე შეიცვლება. დღეს ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან. იბრძვიან იმისთვის, რომ შიმშილით სიკვდილს როგორმე თავი დააღწიონ და დაღწევის ერთადერთ გზად ქვეყნიდან წასვლა ესახებათ.
არადა, ხელისუფლება ამასაც უარყოფს და ცოცხალი თავით არ აღიარებს, რომ ბოლო წლებში ემიგრანტთა რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება!
ასევე გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ხელისუფლების წარმომადგენელთა შემოსავლები.
დიახ, ეს არის რეალური საქართველოს რეალური სურათი.
დიახ, ეს არის ქვეყანა, რომლის მოსახლეობის 3-დან 5-პროცენტამდე ფუფუნებაში ცხოვრობს, დანარჩენი ხალხი კი უკიდურეს გაჭირვებაში არსებობს და არა _ ცხოვრობს!

გიორგი აბაშიძე