ვლადიმერ ლაგვილავა: „თბილისის ბიუჯეტი არის კორუფციული და მიზნად ისახავს ამომრჩეველთა მოსყიდვას!“

 

„ანტიკორუფციული პოლიტიკის ინსტიტუტი“ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტს აკრიტიკებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ეს არის კორუფციული ბიუჯეტი, რომელიც გათვლილია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და მიზნად ისახავს ამომრჩევლების მოსყიდვას.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ანტიკორუფციული პოლიტიკის ინსტიტუტის“ თავმჯდომარე ვლადიმერ ლაგვილავა:

_ 2017 წელს თბილისის ბიუჯეტი არის 801 მილიონი ლარი და, წინა წელთან შედარებით,  შემცირებულია 46 მილიონ 624 ათასი ლარით. დოლართან მიმართებით 2017 წლის ბიუჯეტი, რომელიც 801 მილიონი ლარია, დღევანდელი კურსით გამოდის 297 მილიონი დოლარი, ხოლო 2014 წლის ბიუჯეტი, რომელიც, მხოლოდ და მხოლოდ, 785 მილიონი ლარი იყო, 491 მილიონი ამერიკული დოლარი გამოდიოდა მაშინდელი კურსით, ამაში ცალსახად წაგებულები ვართ, მაგრამ აქ არის სხვა დეტალები. ვიცით, რომ 2017 წელი არის თვითმმართველობისთვის საარჩევნო წელიწადი და ყველა მუხლი, რომელიც ბიუჯეტშია მოცემული, დაწყებული საგზაოდან, ინფრასტრუქტურა, ეკოლოგიური მდგომარეობა, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, კულტურა და სპორტი, აბსოლუტურად ყველა მუხლში ბიუჯეტი არის შემცირებული, ასევეა საზოგადოებრივი დაცვა და უსაფრთხოება. რაც შეეხება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაერთიანებას, ეს მუხლი გაზრდილია მილიონ 152 000 ლარით და ეს არის გაზრდილი, მხოლოდ და მხოლოდ, იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ ამ პრიორიტეტში პირდაპირ აქვთ გათვალისწინებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მოსყიდვა და მათი გულის მოგების ხარჯები. მაგალითისთვის ჩავყვეთ მუხლებს:

მუხლი 05 01 09 _ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ნაძალადევის რაიონში _ 200 000 ლარი გათვალისწინებულია, მხოლოდ და მხოლოდ, ტრენინგებში, სემინარებსა და კონკურსებში.

მუხლი 05 01 10 _ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა დიდუბის რაიონში _ 100 000 ლარი პრიზი პლანშეტური კომპიუტერი (200ც. 500 ლარი), 100 000 ლარი დაჯილდოების ცერემონია, კონკურსები, ტრენინგები.

მუხლი 05 01 11 _ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ჩუღურეთის რაიონში _ 42 000 ლარი _ ტრენინგები, ბროშურები, ფურშეტები.

მუხლი 05 01 12 _ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ვაკის რაიონში _ 42 000 ლარი _ ტრენინგები, ბროშურები, ფურშეტები.

ყველაზე საინტერესოა მუხლი 05 01 13 _ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა საბურთალოს რაიონში _ 500 000 ლარი _ „საპილოტე პროგრამა“ _ „მართე შენი ქალაქი“ _ მათ შორის, 246 000 ლარი შტატგარეშე მოსამსახურეებისთვის, 48 600 ლარი მათი პრემია, ფიჭური სატელეფონო მომსახურების ხარჯები 10 440 ლარი და სხვ. ძალიან სასაცილო ციფრია, მარტივად რომ დავითვალოთ, ეს საპილოტე პროგრამა  „მართე შენი ქალაქი“ 2016 წელს ჩატარდა საბურთალოს რაიონში, სადაც 34 ადამიანი იყო დასაქმებული, აქედან 4 იყო პროექტის ხელმძღვანელი და 30 პროექტის მონაწილე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის 30 ადამიანი, ცალსახად იყო „ქართული ოცნების“ აქტივისტი. ეს საპილოტე პროგრამა, მხოლოდ და მხოლოდ, იმისთვის გააკეთეს, რომ თავიანთი ამომრჩევლები დაესაქმებინათ. 10 000 ლარი წარმოიდგინეთ, რამხელა სატელეფონო ხარჯებია და რა კოლოსალურ რიცხვს ვიღებთ. ნებისმიერი კავშირგაბმულობის კომპანია გვთავაზობს ყოველთვიურ ულიმიტო მომსახურებას 25 ან 20-ლარიან პაკეტს. ეს რომ 30 კაცზე გავამრავლოთ, 10 000 ლარი ნამდვილად არ ჯდება. ამ შემთხვევაში, მერია ბიუჯეტში პირდაპირ გვატყუებს. პროგრამა ერთ რაიონში 500 000 ლარი დაჯდა, ამ საპილოტე პროგრამის განხორციელება სურთ მთელ ქალაქში, ათივე რაიონში, რომელიც 5 000 000 მილიონი ლარი დაჯდება და, დაახლოებით, 300-მდე „ქართული ოცნების“ აქტივისტს დაასაქმებს. რატომაა საჭირო დამატებითი პროგრამა, როცა თითოეულ გამგეობას „თბილისის კორპუსის“ წარმომადგენლები ჰყავს და მათ შეუძლიათ გადაამზადონ ამხანაგობების თავჯდომარეები? როდესაც ოპოზიციას შენიშვნები ჰქონდა ბიუჯეტთან დაკავშირებით, მთავარი შენიშვნები იყო პლანშეტური კომპიუტერის შეძენაზე, რომელიც უწერიათ, რომ თითოს შეიძენენ 500 ლარად, შემდეგ, ოპოზიციის შენიშვნებზე დასახელება _ პლანშეტური კომპიუტერი გააქრეს და ჩაწერეს, რომ აფინანსებენ საპილოტე პროგრამას, მაგრამ საპილოტე პროგრამას როდესაც ვნახულობთ, იქ უკვე ჩამოშლილია, რომ შევიძენთ კომპიუტერებს და ა. შ.

_ ბიუჯეტის სხვა მუხლებზე რას იტყვით?

_ შემიძლია ბიუჯეტის სხვა მუხლებზეც ვისაუბრო, მაგრამ უმთავრესი, რაც ჩვენ გვაქვს და ნამდვილად კორუფციული ჩანასახია თბილისის ბიუჯეტში, ეს არის სოციალური მუხლით ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა. აქ საინტერესო რამეს ვხვდებით, მუხლი თითოეულ გამგეობას სხვადასხვანაირად აქვს შედგენილი, სხვადასხვა თანხაა მითითებული და არსად არ არის გაწერილი გაცემის წესი და კრიტერიუმები, ეს არის კორუფციული ბიუჯეტი, რომელიც წინასაარჩევნოდ გამგებლის შეხედულებისამებრ მოისყიდის საკუთარ ამომრჩევლებს. ერთჯერადი ფულადი დახმარებისთვის, მაგალითად, გლდანის რაიონი ითხოვს 60 000 ლარს; ნაძალადევი _ 130 500; დიდუბე _ 600 000; ჩუღურეთი _ 250 000; ვაკე _ 200 000; საბურთალო ერთ თეთრსაც არ ითხოვს; ისანი _ 150 000; სამგორი _ 500 000; კრწანისი _ 200 000; მთაწმინდა _ 200 000 ლარი. ვინმემ აგვიხსნას, _ რა კრიტერიუმებით არის შერჩეული ეს რიცხვები? საბურთალოზე არ ჰყავთ ადამიანები, ვისაც ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარება სჭირდება, თუ გლდანი, რომელიც ყველაზე დიდი რაიონია?! მაგალითად, ჩუღურეთი, რომელიც უფრო პატარა რაიონია, რატომ არის კოლოსალური სხვაობა, როცა ის 60 000-ს ითხოვს, ის კი 250 000-ს, ან, თუნდაც, სამგორი და გლდანი, თითქმის თანაბრები არიან, რატომ არის გლდანის ბიუჯეტის მოთხოვნა 8-ჯერ უფრო მეტი სამგორთან შედარებით ამ მუხლში?! ან გლდანის ბიუჯეტს რატომ აღემატება სამჯერ მთაწმინდის ბიუჯეტი?! უპირველეს ყოვლისა, არ არსებობს არც ერთი წესი გაწერილი, თუ რა კრიტერიუმებით უნდა მოხდეს ფულადი დახმარების საზოგადოებამდე მიტანა. ჩვენ ვიცით ერთადერთი წესი, როდესაც მოქალაქე დაწერს განცხადებას და თუ გამგებელი არის კარგ ხასიათზე, მას დაუფინანსებს, ან თუ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გაუწევს რეკომენდაციას ამ ადამიანს. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ხარჯები მიმართულია თვითმმართველობის არჩევნებზე, ამას ემატება ფულადი დახმარების მუხლები, სადაც ცალსახად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ადამიანები იქნებიან მოსყიდულები. საინტერესო ფაქტია, როდესაც რაიონების ჩაშლაში მივდივართ, ჩუღურეთი წერს, რომ ამ 250 000 ლარიდან 500 ლარს ჩავურიცხავ ერთჯერად ფულად დახმარებას, სხვა წერს, რომ მოქალაქეს 250 ლარით დაეხმარება, რატომ არის ასეთი სხვაობა და განსხვავება?! მაგალითად, თუ გლდანის გამგეობა ამბობს, რომ ჩემს მცხოვრებს მივცემ 250 ლარს, ვაკე ამბობს, რომ მივცემ 500 ლარს. რატომ არის ერთ ქალაქში ამხელა სხვაობა, როცა ერთ ქალაქში ცხოვრობენ, საქართველოს მოქალაქეები არიან და, საერთოდ, რატომ იყოფა პრესტიჟულ და არაპრესტიჟულ რაიონებად?!

_ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ხომ არ არის გაყოფილი?

_ არა, მოსახლეობის რაოდენობაზე რომ იყოს გაყოფილი, გლდანს უნდა ჰქონდეს ყველაზე დიდი ბიუჯეტი. გლდანი და სამგორია ყველაზე დიდი რაიონი მოსახლეობის მხრივ. საინტერესო დეტალი იყო წინა წელს სააღდგომო საჩუქრებთან დაკავშირებით. მაშინ თქვენი გაზეთისა და ტელევიზიის მეშვეობით ვისაუბრეთ, მაგალითად, ერთი სააღდგომო სასაჩუქრე კალათა თუ სამგორს უჯდებოდა ერთ ოჯახზე 15-დან 17 ლარამდე, ვაკეში ეს ჯდებოდა 33-დან 40 ლარამდე. სასაჩუქრე კალათის შემადგენლობაც იყო განსხვავებული. მაგალითად, სამგორელს არ უნდა ჰქონოდა შესქელებული რძე და 1 კგ შოკოლადი, მათ მხოლოდ ბრინჯი და წიწიბურა არგუნეს. რაიონულ დაყოფასა და პრივილეგიებსაც ასხვავებს მერია, გარეუბანსა და ცენტრში მცხოვრებ ხალხს. შეკითხვა მაქვს ქალაქის მერიასთან და საბურთალოს გამგეობასთან, _ რატომ არის, რომ საბურთალოს გამგეობას ამ კონკრეტულ მუხლში ნული უწრია? საბურთალოზე არ გვყავს ადამიანები, ვისაც სოციალური დახმარება სჭირდება, ვისაც ერთჯერადი დახმარება სჭირდება კონკრეტული პროგრამის მოსაგვარებლად?! ეს არის ძალიან მძიმედ ასახული ბიუჯეტი, სადაც ოპოზიციის შენიშვნები მმართველმა გუნდმა არ გაითვალიწინა. ასეთივე თანმიმდევრობით რომ მივყვეთ სხვადასხვა მომსახურებას, საინტერესო ფაქტებს შევხვდებით. მაგალითად, მუხლში სოციალური დახმარებების შესახებ, სადაც არის მედიკამენტების შესყიდვა და დაფინანსება, გლდანი ითხოვს 600 000 ლარს; ნაძალადევი _ 443 000 ლარს; დიდუბე _ 826 112 ლარს; საბურთალო არც ერთ თეთრს არ ითხოვს; ჩუღურეთი _ 591 676 ლარს; ვაკე _ 964 800 ლარს; ისანი _ 253 140 ლარს; სამგორი _ 1 525 000 ლარს; კრწანისი _ 542 000 ლარს; მთაწმინდა _ 800 000 ლარს. ყველა არის სხვადასხვა რაოდენობის თანხა და რა კრიტერიუმებით არის შედგენილი, ვერავინ ხსნის და ვერავინ გეუბნება. მაგალითად, მედიკამენტების დაფინანსებაში შეიძლება ვიცოდეთ, რომ გლდანში გვყავს 100 სოციალურად დაუცველი და საბურთალოზე _ 90, დავთვალოთ ამის მიხედვით, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ხომ არ ვიცით, ვინ გაგვიხდება ცუდად და ვის რა ღირებულების მედიკამენტი დასჭირდება, საიდან მოაქვთ ეს რიცხვი?!

_ განსაზღვრული კრიტერიუმების შესახებ ოფიციალურად თუ მიმართეთ მერიას?

_ ჩვენი მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად და ათასჯერ გაგზავნილი წერილისა, ეს წესი არსად დევს, მხოლოდ და მხოლოდ, ადგილზე, გამგეობების გადაწყვეტილებით ხდება პრიორიტეტების მინიჭება. ყოფილა ბევრი შემთხვევა, როდესაც გამგეობაში ორ ადამიანს შეუტანია განცხადება, ერთისთვის არ დაუკმაყოფილებიათ, რომელსაც უფრო უჭირდა და მეორისთვის დაუკმაყოფილებიათ. რატომ დაუკმაყოფილებიათ? იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტმა, კოორდინატორმა თუ სხვამ მასზე გასცა რეკომენდაცია. ასეთი ბევრი შემთხვევა ყოფილა. ჩვენ არ გვინდა, ყველაფერი წარმოჩენილი იყოს ისე, რომ ძალიან ვეკამათებით საარჩევნო ჭრილში, მაგრამ ცალსახაა, რომ ჩვენი, ანტიკორუფციული ინსტიტუტის კვლევის შედეგებით სხვა შეფასებას ვერ იღებს ეს ბიუჯეტი. ეს არის ბიუჯეტი, რომლის თითოეულ ნაწილში ჩადებულია კორუფციული ნიშნები! რატომ არის ბინათმესაკუთრეთა შესახებ მუხლი გაზრდილი 152 000 ლარით, როცა დანარჩენი შემცირებულია?! მაგალითად, ბიუჯეტის პირველ თავში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები იყო 149 და ხდება 118 მილიონი. დედაქალაქში გზები რა მდგომარეობაშია, ლაპარაკიც კი ზედმეტია და აბსოლუტურად ყველა გამგეობას ამ მხრივ ჩამოკლებული აქვს თანხები.

შემდეგი თავი ეს არის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება, ეს მუხლი განისაზღვრება 28 მილიონი ლარით. გარე განათების ქსელების რეაბილიტაცია მილიონ 300 000-ით მცირდება, ქალაქის განვითარების ხელშეწყობა იყო 45 მილიონი და 16 მილიონამდე ჩამოიყვანეს. შემდეგი მუხლია ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება, აქაც მცირდება 6 მილიონი ლარით, ამ თვალსაზრისით რას აკეთებს დედაქალაქის მერია, ჩემთვის საერთოდ უცნობია, მაგრამ წინა წელს იყო 77 მილიონი და ხდება 71. ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაც მცირდება მილიონ 277 ათას 600 ლარით. ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა მცირდება, დაახლოებით, 30 მილიონი ლარით. პირველ რიგში, ეს მუხლი უნდა იზრდებოდეს და აქაც შემცირებები გვაქვს. სხვათა შორის, სოციალური დაცვა მცირდება 29 მილიონით, ეს იმ დროს, როდესაც აცხადებდნენ, რომ ყველა სოციალურად დაუცველს დაეხმარებოდნენ. კომუნალური სუბსიდირება მცირდება 14 მილიონ 470 ათასით, სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიება მცირდება 7 მილიონ 300 000 ლარით; სამგზავრო გადაყვანისა და შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე პირების მომსახურება 6 მილიონზე მეტით მცირდება; სოციალური დახმარების ღონისძიება რაიონში 3 მილონ 715 ათასი ლარით მცირდება და უფასო სწავლება სპორტსკოლებში და საცურაო აუზებში, რომლითაც სარგებლობენ მრავალშვილიანები, სოციალურად დაუცველები და ა. შ. ეს მცირდება 76 500 ლარით. განათლებაშიც სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის ხელშეწყობა შემცირებულია 150 000 ლარით და ჩვენ ვიცით, დღეს რამდენი სტატუსშეჩერებული სტუდენტი გვყავს, რამდენს უჭირს და რამდენი ვერ აგრძელებს სწავლას გადასახადის გამო, ეს მუხლიც შეამცირეს. ბიბლიოთეკების განვითარების ხელშეწყობაც 400 000 ლარამდეა შემცირებული. საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება სარეკლამო ჭრილში გაზარდეს 87 000 ლარით, რა თქმა უნდა, რეკლამებიდან ფულს იშოვიან და ამიტომ! საზოგადოების განათლება და ინფორმირების ხელშეწყობა რეკლამებით _ ეს მუხლიც იზრდება მილიონ 942 000 ლარით. შესაბამისად, ვხედავთ, რომ იზრდება მარტო რეკლამების მუხლი, ბიუჯეტი, მხოლოდ და მხოლოდ, მორგებულია იმაზე, რომ სხვა ყველაფერში დაწიონ და გაზარდონ რეკლამა და იზრდება მხოლოდ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანხა, რომელიც კორპუსებში ამომრჩეველთა მოსყიდვას შეძლებს. კულტურისა და სპორტის დაფინანსება ასევე მნიშვნელოვნად მცირდება 700 ათას 800 ლარით. საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, ცხოველთა მონიტორინგი შემცირებულია ნახევარი მილიონი ლარით. სამწუხაროა, რომ ოპოზიციიდან იყო შეთავაზებები, მაგრამ მმართველმა პარტიამ საერთოდ არ მიიღო იგი. შესაძლებელი იყო, რომ გაეთვალისწინებინათ მათი შეთავაზებები, მეტად კორექტირებული ბიუჯეტი მიგვეღო, საზოგადოებისთვის მისაღები. ასევე მნიშვნელოვანია რამდენიმე დეტალი. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ააიპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“, სადაც 83 ადამიანი მუშაობს და 900 ათასი ლარია მისი ბიუჯეტი. ჩვენ გვახსოვს, სასაცილო სწავლებები გააკეთეს დანა-ჩანგლის ხმარებაზე. ალბათ, ახლა უნდათ, რომ ამ თანხით თამადობა ასწავლონ. არ ვიცი, რატომ გაზარდეს დაფინანსება ამ მუხლში და სხვა რაღაც შეამცირეს? ასევე მნიშვნელოვანია, როდესაც „თბილისის კორპუსზე“ ვსაუბრობთ და ამ საზოგადო პროგრამაზე, რომელზედაც 500 000 ლარია მარტო საბურთალოზე დახარჯული, საერთოდ რა საჭიროა.

_ თქვენ როგორ ფიქრობთ, რა საჭიროა?

_ თითოეულ გამგეობაში და ქალაქის მერიაში არის „თბილისის კორპუსი“, მერიაში ჰყავს „თბილისის კორპუსს“ თავმჯდომარე, გამგეობებში რაიონების მიხედვით ასევე ჰყავს თავმჯდომარეები. ასევე მერიის დაქვემდებარებაში მყოფ რაიონულ მუნიციპალიტეტებში არის „თბილისის კორპუსის“ წარმომადგენელი, ანუ ადამიანი, რომელიც ამხანაგობების თავმჯდომარეებთან კონტაქტობს და ამაში იღებს ფულს. თითოეულ რაიონში თუ ამ ადამიანების გადამზადება უნდათ, მარტივია, კარგად გადაემზადებინათ რაიონებში „თბილისის კორპუსის“ თავმჯდომარეები და შემდეგ კორპუსის თავმჯდომარეებს რომ დაებარებინათ ამხანაგობის თავმჯდომარე, 2-3 დღეში დასრულდებოდა ამ ადამიანების ტრენინგები და მათთვის მთავარი ინფორმაციის მიწოდება. სხვათა შორის, წინა წლებში არ ყოფილა ამდენი ტრენინგ-სემინარი და საპილოტე პროგრამა ამ მუხლით ამხანაგობებთან დაკავშირებით, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნებია და ეს მიანიშნებს, რომ ხმები ბიუჯეტიდან უნდა იყიდონ! წინა წელს, საპარლამენტო არჩევნების დროსაც, ვნახეთ, როცა არჩევნები, ჯერ კიდევ, ჩატარებული არ იყო, ერთჯერადი დახმარებების მუხლით თბილისის გამგეობებს ბიუჯეტში ფული არ ჰქონდათ, რომ დახმარებები გაეწიათ, იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ თავიანთი ამომრჩევლებისთვის თანხები გაფლანგეს. სამწუხაროა, რომ ამაზე საუბარი გვიწევს და სამწუხაროა, რომ დედაქალაქის მერია ჯეროვნად არ ფიქრობს. ისინი დაკავებულები არიან ოპონირებით, როგორმე აჯობონ სხვადასხვა დებატებში, ერთმანეთს გამოეკიდონ 4-წლიან თუ 9-წლიან მმართველობაზე, იმ დროს, როცა საქართველოში ეკონომიკური პრობლემებია და კრიზისი, ამხელა თანხა _ 30 მილიონი ლარზე მეტი, ამხანაგობების განვითარებაში იხარჯება ამომრჩევლის მოსყიდვისთვის. სხვა არაფერი არის, ვერავინ დაგვიმტკიცებს, რომ აქ მოცემული პრიორიტეტები, კონკურსები, ტრენინგები და ა. შ. იქნება სხვა რომელიმე პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებისთვის. ეს იქნება მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის, მათი აქტივისტებისთვის და ოჯახის წევრებისთვის. რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებას, ოპერაციებს, სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის საახალწლო ნობათების შეძენას, მაგალითად, გლდანი ამბობს, რომ ამ მომსახურებისთვის 250 000 მჭირდება, ჩუღურეთი _ 148 000 ლარი, ვაკე _ 40 000 სახაალწლოდ და 40 000 ლარი სააღდგომოდ, ყველგან სხვადასხვა რიცხვზეა საუბარი. როდესაც მიჰყვები, შეიძლება, ვიღაც მოტყუვდეს კიდეც იმით, რომ იქ უფრო ნაკლები სოციალურად დაუცველია და ამიტომ წერია ნაკლები თანხა, მაგრამ როცა უკვე ვუღრმავდებით და ეს გამგეობები ტენდერებს აცხადებენ, ერთ სულზე ზოგი 17 ლარს ხარჯავს და ზოგი _ 38 ლარს, რატომ ხდება ეს განსხვავება, სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი!

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, რომლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე იმყოფებოდა და თანამშრომელთან გადაგვამისართა, მაგრამ მთელი დღის მანძილზე მასთან დაკავშირება ვერ შევძელით.

 

თამარ ბატიაშვილი