„ვიღაცა „ოსკარზე“ ოცნებობს, მე კიდევ _ კერძო სახლზე“
მსახიობი ნატუკა გულისაშვილი ადამიანთა იმ რიცხვს განეკუთვნება, რომელიც ფარ-ხმალს არასდროს ყრის და ნებისმიერი სირთულის მიუხედავად, დეპრესიაში არ ვარდება. ცდილობს, ყველაფერს პოზიტიურად შეხედოს და სჯერა, რომ კოსმოსში გაშვებული დადებითი ენერგეტიკა აუცილებლად დაუბრუნდება.
_ ნატუკა, რამდენად გაგიჭირდათ კარანტინში ყოფნა?
_ სიმართლე გითხრათ, არ გამჭირვებია. არც დეპრესიაში ჩავვარდნილვარ. ჩემი ერთადერთი სადარდებელი ფინანსები იყო, რადგან ირგვლივ ყველაფერი გაჩერდა. ზოგადად, მაქსიმალურად ვცდილობ რაღაციდან რაღაცის გამოყვანას.
_ კონკრეტულად?
_ კარანტინმა საშუალება მომცა, პროექტები დამეწერა, რომელიც ადრე, დროის უქონლობის გამო, ვერ დავწერე. გარდა ამისა, ბინას, რომელსაც აღდგომას და ან სხვა დღესასწაულზე გენერალურად ვალაგებდი, კარანტინის დროს ყოველდღე ვაწესრიგებდი. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ სულ რაღაცა მეკეთებინა. მერე ონლაინ ვიდეოების ჩაწერა დავიწყე, ფეისბუქ-მეგობრებს კულინარიულ რეცეპტებს ვაცნობდი და ბოლოს ტიკ-ტოკამდეც მივედი. მოკლედ, მე თვითონ ვიქმნიდი განწყობას.
_ განწყობას, რომელიც ბევრს არ ჰქონდა და უჭირდა ხასიათის შენარჩუნება. თქვენ როგორ ახერხებდით ამას?
_ რეჟიმი მქონდა შემდეგნაირი: მხოლოდ დილით ვუყურებდი საინფორმაციოს, მერე საერთოდ ვთიშავდი ტელევიზორს, შემდეგ ძაღლი გამყავდა სასეირნოდ, სახლის საქმეებით ვკავდებოდი, მერე წერის საათები მქონდა… მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ყველაფერში დადებითს ეძებს.
_ როგორც ვიცი, საკუთარ აივანზე კიტრისა და პომიდვრის მოსავალიც აიღეთ.
_ დიახ, _ პლასტმასის დიდ ქოთნებში ჩავთესე ოთხი ძირი პომიდორი, კიტრი, მწვანილი და ა. შ. აივანზე რისი დატევის შესაძლებლობაც მქონდა, ყველაფერი გავაკეთე.
_ ერთხელ დაწერეთ, _ ჩემი ოცნებაა, მქონდეს საკუთარი სახლი თავისი ეზოთიო.
_ საერთოდ, როცა ადამიანს რაღაცა გინდა და ამ სურვილებს კოსმოსში უშვებ, ის უპირობოდ დადებითად გიბრუნდება. დღემდე მჯერა, რომ აუცილებლად მექნება კერძო სახლი, რადგან ეს ჩემი ოცნებაა. ვიღაცა დიდ მანქანაზე ან ჩემი პროფესიის ადამიანი „ოსკარზე“ ოცნებობს, მე კიდევ _ კერძო სახლზე.
_ ძალიან კარგი ოცნება გაქვთ, მაგრამ რატომ გინდათ ასე ძალიან კერძო სახლი?
_ თუნდაც იმიტომ, რომ ხელოვანი ადამიანი ვარ და ძალიან მიყვარს მცენარეები, ცხოველები. ორი რამ არ მეხერხება: კერვა და ქსოვა. დანარჩენი, დაწყებული მშენებლობიდან, დამთავრებული ელექტროობით, ყველაფერი გამომდის. ზოგადად, ძალიან მიყვარს ბუნება და მიწასთან მუშაობა. მქონია პერიოდი, როდესაც უსამსახუროდ ვყოფილვარ და მაგ დროს ძალიან დამხმარებია ეზო, მიწა, ბუნება, ყვავილები, მცენარეები, იმიტომ რომ იქ გადამაქვს ჩემი ფიქრები, იქიდან ვიღებ ძალიან დიდ ენერგიას. ვცდილობ, ყველაზე ცუდ სიტუაციაშიც კი არ ჩავვარდე დეპრესიაში. არის მეორე რაღაც: საქართველოში მსახიობი და ტელეწამყვანი დროებით ხარ და არც არასდროს გექნება ის პენსია და სტაბილური ხელფასი, რომ შენი პროფესიით ან გაკეთებული საქმით გააგრძელო ცხოვრება. აქედან გამომდინარე, კერძო სახლი ჩემთვის მშვიდი სიბერეა, კერძო ბიზნესია, რაზედაც ჩემი პროექტი მაქვს და ეს იქნება ძალიან ახლოს ხელოვნებასთან.
_ დიდი სანაცნობო გყავთ. წეღან ახსენეთ, რომ კონკრეტული პროექტი მაქვს ბიზნესის სახით, რომელიც კერძო სახლს უკავშირდებაო. არ გიფიქრიათ, რომ ეს პროექტი შესთავაზოთ, თუნდაც, თქვენს ნაცნობ-მეგობრებს, ბიზნესსექტორს, რომ დაგაფინანსონ?
_ მე ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ არავის არაფერზე არ ვაწუხებ. სულ რომ უმუშევარი ვიყო, ვცდილობ, არ ვიწუწუნო. ეს არ არის ამპარტავნობა, ეს არის საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა. უამრავი ნაცნობი მყავს, მაგრამ არც კი ვიცი, ვის შეიძლება ეს წარვუდგინო ან შევთავაზო. აქედან გამომდინარე, მთელი ცხოვრება ჩემით მოვდივარ და ისევ საკუთარი თავის იმედი მაქვს.
_ ნატუკა, ცხოვრების რაღაც ეტაპზე იყავით ხან ერთ, ხან მეორე და ხან მესამე არხზე. იწყებოდა თქვენი გადაცემები, შემდეგ იხურებოდა. რაღაც პერიოდი სამსახურის გარეშე იყავით და ზემოთ აღნიშნეთ, რომ არ მჩვევია დეპრესიაში ყოფნაო. არ გჩვევიათ ერთია, მაგრამ რამდენად რთულია ერთ მშვენიერ დღეს დარჩეთ უმუშევარი და არ ჩავარდეთ დეპრესიაში? როგორ ახერხებთ ამას?
_ ჩემი ტელევიზიაში მუშაობის პერიოდი დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საბავშვო ტელევიზია „ენკი ბენკი“ ყალიბდებოდა, შემდეგ იყო „იმედი“, სადაც 6 წელი ვიმუშავე, მერე ვიყავი „იბერიაზე“, „კავკასიასა“ და „საპატრიარქოს ტელევიზიაში“. პრინციპში, ძალიან ბევრ ტელევიზიაში მიმუშავია და პარალელურად რადიოებშიც ვმუშაობდი. ყველა ტელევიზიაში რაღაცას ვსწავლობ. როცა ტელეკომპანია „იმედმა“ დამირეკა, არანაირი შეხება არ მქონდა კულინარიასთან. უბრალოდ, იყო პერიოდი, როდესაც თეატრი გაჩერდა და ჩემს გაკეთებულ გემრიელ კერძებს ტელევიზიების ბუფეტებში ვაბარებდი. ამით პროფესია შევიძინე. როდესაც, წესით, დეპრესიაში უნდა ჩავვარდე, რაღაცას ვსწავლობ. არ მიყვარს თქმა: ცნობილი ადამიანი ვარ და ამიტომ სადღაც ვერ ვიმუშავებ-მეთქი. პატარა გადაჭრილ ვაგონში, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, მეორად ტანსაცმელსაც ვყიდდი. არ მეთაკილება მუშაობა, არ მეთაკილება სწავლა, ოღონდ რაც გამომდის, თორემ არის რაღაცები, რაც ვერასოდეს გამომივა. დღესაც სულ ვსწავლობ, არ ვვარდები დეპრესიაში და ამ დროს ვიყენებ განვითარებისთვის, რაღაც ვარიანტების მოძებნისთვის. ერთმა ძალიან კარგმა უცნობმა გოგონამ „ფეისბუქზე“ მომწერა, _ სულ იცინით და კარგ ხასიათზე ხართ, არაფერი გადარდებთო? იცით, რა არის? მე არ ვთამაშობ, ვცდილობ, ყველაფერს დადებითად ვუყურო. როდესაც გაქვს ორი ხელი, ორი ფეხი და ძალა, აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს ადამიანი.
_ ე. ი. ძლიერი ხართ.
_ თამამად ვიტყვი, რომ ძლიერი ადამიანი ვარ. ქართველებს, რატომღაც, ძალიან ცუდად გვესმის სიტყვა დედაკაცი, ვაკნინებთ მას, ამ დროს კი ილია ჭავჭავაძე დედაკაცს უწოდებს ძლიერი ქალს. მე დიდ პატივს ვცემ სწორად გაგებულ დედაკაცებს, ანუ ძლიერ ქალებს.
_ როცა საკუთარ თავთან მარტო რჩებით, გული არ გწყდებათ რაღაცებზე?
_ როგორ არა.
_ მაგალითად?
_ პირველ რიგში, ზარმაცი ვიყავი და ინგლისური არ ვისწავლე; გული მწყდება იმაზე, რომ რაღაც ნაბიჯი არასწორად გადავდგი, მაგრამ ეს ხომ ცხოვრებაა. გული გწყდება, რომ არ გაფასებენ, სამსახურიდან როცა გიშვებენ, მაგრამ ეს ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ყველაფერზე შეიძლება, ადამიანს გული დაგწყდეს.
_ პროფესიული თვალსაზრისით რაზე გწყდებათ გული?
_ საერთოდ, ზოგადად მწყდება გული, რომ საქართველოში კინო აღარ არსებობს. აქედან გამომდინარე, ბევრი პროფესიონალი მსახიობი არის უმუშევრად დარჩენილი. გული მწყდება იმაზე, რომ დღესდღეობით არ ვარ არც ერთ თეატრში. ვამაყობ, რომ მაშინ, როდესაც ყველაფერი მკვდარი იყო, 90-იან წლებში, თეატრალურ სარდაფში მსახიობების პირველი ნაკადი ჩვენ ვიყავით, მაგრამ გული მწყდება, რომ არსებობს უამრავი საინტერესო პროექტი, რომელიც ჩემი დაწერილია და, რატომღაც, არ ხედავენ, რადგან ტელევიზიებში თუ არ არის აგრესია, ერთგვარი შოუ, მაშინ რეიტინგი არ იწერება. რეალურად, მარტო მე არ ვარ ასე, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია ჩრდილში.
_ ამ ეტაპზე რამე შემოთავაზება ხომ არ გაქვთ ტელევიზიიდან?
_ სულ არის რაღაც მოლაპარაკებების დონეზე, ყველას უყვარს ნატუკა და ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, თუმცა, ამ ეტაზე, კონკრეტული არაფერია. ამჟამად კიდევ ერთი პროფესია შევიძინე, ეს არის მარკეტინგი და პიარი _ ახლა ამ პროფესიით ვმუშაობ. შეიძლება, ცნობილი სახე იყო, მაგრამ საზოგადოებასთან ვერ ურთიერთობდე ან არ შეგეძლოს კონკრეტული პროდუქტის მიწოდება. ამდენი წლის განმავლობაში ჩემი სპონსორები არასდროს მომიტყუებია _ კარგი თუ იყო, ვამბობდი, რომ კარგია და ცუდი თუ იყო, უარს ვამბობდი იმის სპონსორობაზე. აქედან გამომდინარე, ეტყობა, ნდობა და სიყვარული დავიმსახურე და ამიტომაც ვარ დღეს პიარში. როდესაც „იბერიაზე“ გადაცემა მქონდა, ჩემი სპონსორი იყო კომპლექსი „ემოცია“, სადაც მქონდა გადაღებები და არაჩვეულებრივი დიასახლის-მამასახლისი მყავდა. ჩვენ დავმეგობრდით. შარშან გაიხსნა ევროსტანდარტებზე გათვლილი უზარმაზარი კომპლექსი თავისი აუზებით, ჯაკუზებით და საუნებით და როდესაც შემომთავაზეს, რომ იქ დამეწყო მუშაობა, სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან თბილისიდან 30 კილომეტრში მსგავსი ობიექტი არარსებობს, რომელიც მართლა კარგია და მას 100%-ით ვუწევ რეკომენდაციას.
_ ზაფხულის გატარებასაც „ემოციაში“ აპირებთ?
_ იმდენად დატვირთული გრაფიკი მაქვს, რომ „ემოციაში“ ვიქნები ემოციურად, გრილად ნატახტარში და თუ სადმე გასვლას დავაპირებ, ალბათ, მაქსიმუმ, სამი დღით მოხერხდება. ჩემდა სამარცხვინოდ, სვანეთში არ ვარ ნამყოფი და ვაპირებდი, წავსულიყავი, თუმცა პანდემიამ შემიშალა ხელი. ახლა ვნახოთ, რამდენად მოვახერხებ. აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეთ, გვესტუმროთ, რომ ნამდვილად დარწმუნდეთ, მართლა როგორი განსხვავებული ადგილია „ემოცია“.
_ დაბოლოს, როგორც ვიცი, კინოლოგიამ გაგიტაცათ. რატომ გახდა ეს სფერო თქვენთვის საინტერესო?
_ ამ პანდემიის დროს კიდევ შევისწავლე ერთი პროფესია, კინოლოგია ანუ ძაღლების ფსიქოლოგია. ძალიან მიყვარს ყველაფერი სულიერი, რაც ჩვენ გარშემოა – ძაღლებით და კატებით დაწყებული, ზღვის გოჭით, ზღარბებითა და სხვა ცხოველებით დამთავრებული. შეიძლება ითქვას, ფანატიკურად ვარ მათზე შეყვარებული. ინტერნეტის დახმარებით ცხოველების ფსიქოლოგიაზე ამერიკელი კინოლოგ-ფსიქოლოგების მასალებს გავეცანი. პარალელურად მასტერკლასებს ჩემი ძაღლის ექიმთანაც გავდიოდი. ბევრი რამ შევისწავლე და ცხოველთა სამყაროში უკეთესად გავერკვიე. ძალიან დიდი და საინტერესო მასალაა. ნელ-ნელა უფრო საფუძვლიანად შევისწავლი მას.
გიორგი საკარული