ვის დაერხევა ყველაზე მეტად, როცა გუგავა მოვა?

ლეიბორისტების მერობის კანდიდატს პირველ ზარზე ვერ გავაგონე და ვიფიქრე, რახან გუგავა ყველგან მიდის, შეიძლება, მეტრომშენებლებთან არის გვირაბში და ცოტა შემეშინდა, ხომ არაფერი ჩამოინგრა-მეთქი? მაგრამ როცა მეორე დარეკვა შედეგიანი აღმოჩნდა, გულზე მომეშვა და ვკითხე, _ გვირაბში ხომ არ იყავით-მეთქი? _ არაო, _ მიპასუხა. _ ანუ ზევით ხართ? _ კი, სუფთა ჰაერზე ვარო…

 

_ რას ელით, მაინც, ამ არჩევნებიდან, „გუგავა მოვა“?

_ კი, უნდა მოვიდეს. თუ ხალხს სჭირდება მსახური და არა ბატონი, გუგავა უნდა მოვიდეს, აბა, რა! თუ ბატონი უნდათ, ჰყავთ კაი ხანია და ეს ბატონები, არა მარტო პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობენ, არამედ ბიზნესიც მათ ხელშია და ქვეყანაც… ანუ ესენი მძარცველები არიან და ჩვენ _ ხალხის მსახურნი. ესაა განსხვავება გუგავასა და ამათ შორის და ამიტომ უნდა მოვიდე.

_ მასე, კვირიკაშვილიც ამბობს…

_ რას ამბობს?

_ რას და… ეგერ, ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, ჩემი ხალხის მსახური ვარო.

_ ხალხში თუ თავის პატრონს გულისხმობს, ე. წ. არაფორმალურ მმართველს; ხალხში თუ ბანკის პატრონთა გილდიას გულისხმობს, რომელსაც თავადაც წარმოადგენს, ან იმ მონოპოლისტებს თუ გულისხმობს, წურბლებივით რომ ასხედან ეკონომიკას და წვრილ თუ საშუალო ბიზნესს ახრჩობენ და თუ ეს ჩვენს ხალხზე გამდიდრებული 10% ჰგონია ხალხი, არ ვიცი, რა, მაშინ კი ყოფილა ხალხის მსახური კვირიკაშვილი… ამათ წინა რეჟიმივით უტიფრობის სენი შეეყარათ და გარეთ თუ შიგნით იმ ილუზორული სამყაროს ზღაპრებს ჰყვებიან, სადაც თავად ცხოვრობენ. როცა ქვეყანაში 500 ათას დედასა და ბავშვს კვების პრობლემა აქვს, ამაზე ბევრად მეტი კი სიღარიბის ქვემოთ იმყოფება, იქ, სადაც ზღვარი წაშლილია, ხალხის მსახურებაზე მათი პრეტენზია ორივე თვალით სატირალია. კვირიკაშვილი და მისი გუნდი ხალხის ისეთივე მსახურია, როგორც მე კუნძულ ბორნეოს გუბერნატორი.

_ ვთქვათ, მოხდა სასწაული და მართლა მოხვედით თბილისის ხელისუფლებაში. პირველ ას დღეში რას გააკეთებთ? ოღონდ, კონკრეტულად, თუ არა, ლამის, 30 წელიწადია, სულ ზოგად დაპირებებს ვისმენთ…

_ ეს, უპირველეს ყოვლისა, არჩევანია ადამიანურ ღირებულებებს შორის, ამას ასი დღე რად უნდა? ხალხმა უმალ უნდა იგრძნოს, რა განსხვავებაა მათ ბატონებსა და მსახურებს შორის. პირველი: პერსონალური ავტომობილების გაუქმება. ყველა მანქანა აუქციონზე გავა და ფული ბიუჯეტში შევა. ჩინოვნიკებს იმდენად მაღალი ხელფასები აქვთ, კეთილი ინებონ და საკუთარი მანქანებით იმგზავრონ. ვეღარც საწვავის ტალონებს მიიღებენ, თავისი ჯამაგირით ჩაასხან, თუ არადა, მუნიციპალური ტრანსპორტი, ველოსიპედი და საკუთარი ფეხები. ილფი და პეტროვი ამბობდნენ, _ კაცობრიობის საუკეთესო ნაწილი ფეხით დადისო… და იარონ ამათაც. დაუყოვნებლივ გავაუქმებ თანამდებობის პირებზე პრემია-დანამატებს. როცა ამ ქალაქში უამრავი მშიერი ბავშვი დადის, მოხუცებს გაჭირვებისგან, ლამის, სული გასძვრეთ, რა უფლება გაქვს შენ, მერი ხარ თუ რომელიმე პასუხისმგებელი პირი, ათი და ასიათასობით ჩაიჯიბო ბიუჯეტიდან, ასეთს რა განსაკუთრებულ სამუშაოს ასრულებ? უსახლკაროებს, მოხუცებსა და იმ მშობლებს მიხედე, სკოლაში ბავშვის გაშვების საშუალება რომ არ აქვთ. სასტიკი მორატორიუმი გამოცხადდება მჭიდრო დასახლებულ უბნებში მშენებლობებზე. ვიდრე თბილისის განაშენიანების გენგეგმა არ დამტკიცდება, ერთი მშენებლობის ნებართვაც არ გაიცემა. როგორც იურისტი, გეუბნებით, დაუყოვნებლივ შეწყდება კონტრაქტი სითი-პარკთან, რომელიც თავისი ქმედებით კანონს არღვევს, რადგან სადამსჯელო ღონისძიებების ჩატარება მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების საქმეა და არა შპს-სი. კიდევ ბევრ სხვა ღონისძიებას გავატარებ. დაზოგილ თანხებს კი მოვახმარ დასუფთავების, კეთილმოწყობის სამსახურის რიგითი მუშაკების ხელფასების გაზრდას, ტრანსპორტის სამსახურის რიგით თანამშრომლებს, მეტროპოლიტენის რიგით თანამშრომლებს, საბავშვო ბაღის პედაგოგებს, 60 ბავშვი რომ ჰყავთ თითო ჯგუფში და მიზერულ ანაზღაურებას რომ იღებენ. თანხები მოხმარდება სოციალურად დაუცველებს, თუნდაც ვაუჩერების სახით. ასევე დავეხმარებით აკადემიურად წარმატებულ ყველა სტუდენტს, ჩემი მერობის შემთხვევაში, ქალაქის ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება სოციალურ საკითხებზე და თანაბრად გადანაწილდება იმ მოქალაქეებზე, რომელთაც სახელმწიფო ზრუნვა ესაჭიროებათ და არა უსაქმურ ჩინოვნიკებზე, როგორც დღეს ხდება.

_ მაგრამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ რჩება. საკრებულოშიც, ჩემი ვარაუდით, დიდი უმრავლესობით ოცნებელები შევლენ. ლეიბორისტი მერი როგორ იმუშავებს მათთან?

_ საკითხს ასე შევხედოთ, _ ჩვენი ბრძოლის მთავარი მოტივი არსებული რეჟიმის შეცვლაა. ამ არჩევნებით ეს პროცესი უნდა დავიწყოთ. შეცვლა აუცილებელია. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება ღირსების ბრძოლა და მე მეიმედება იმ ადამიანების, ვინც ვერ ეგუება უსამართლობას, სიცრუეს, ოცნებების მსხვრევას. აი, ამ ხალხის, ჩვენი ოქროს ფონდის იმედით შევდივარ ამ ბრძოლაში. ჩვენ ორი მოწინააღმდეგე გვყავს: ფულის ტომრები, რომლებიც კვლავ ეცდებიან ამომრჩევლის სულის ყიდვას და საზოგადოებრივი ნიჰილიზმი. ჩვენს თავში ძალა უნდა ვიპოვოთ და ხელისუფლება არ უნდა ავარჩევინოთ იმ კარგ ხალხს, რომელიც არჩევნებზე არ მიდის. სწორედ ამ კარგმა ხალხმა უნდა დაძლიოს „არაფერი გამოვა“ და მოვიდეს არჩევნებზე ჩვენთვის ხმის მისაცემად. ამით ღირსების ბრძოლას ერთად მოვიგებთ და ქვეყნის დაბრუნებას დავიწყებთ.

_ შეიძლება, ამ არჩევნების შემდეგ გუგავების ოჯახი გინესის წიგნში მოხვდეს. თქვენი ძმა, სამსონი, ქუთაისის მერად იყრის კენჭს. ახი არ იქნება ამ ხელისუფლებისთვის, თქვენ აქ მოხვიდეთ და სამსონი _ იქ?!.

_ ჩვენ, მეც და სამსონმაც, განვლილი გზით დავამტკიცეთ, რომ მიუხედავად ბევრი საცდურისა, არასდროს გავყიდულვართ, არასდროს გვიღალატია ჩვენი იდეებისთვის, არ გვიღალატია შალვა ნათელაშვილისთვის და რაც მთავარია, ყოველთვის ვიდექით იქ, სადაც ხალხს სჭირდებოდა: აქციებზე, სასამართლოებზე, მუშტი-კრივსა თუ სხვა პერიპეტიებზე. ამის შესახებ კარგად ხარ ინფორმირებული. თუ ეს გამარჯვება მართლა დადგება, ეს ჩემთვისაც და სამსონისთვისაც საშუალებაა, ხალხს ვემსახუროთ.

_ ამ ბოლო დროს ლეიბორისტებს აკრიტიკებენ, „რუსთავი 2“-სა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ნამეტანი დაუახლოვდნენო, ნათელაშვილი გვარამიას ეჯდა გვერდით შოუშიო…

_ ამ ბინძურ კამპანიას და მის გამავრცელებელ ავყიებს სათავეში ჩაუდგა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც, ჯერ კიდევ, წინა არჩევნების დროს ქადაგად გავარდნილი დადიოდა რეგიონებში და ჭორებს ავრცელებდა ლეიბორისტული საფრთხის მოტივებზე, ამ დროს კი თავად აქვს გავსებული პარტია „ნაციონალებით“, თან ძალიან მშვენივრად გაურიგდა უგულავა-ბოკერია-ბაქრაძეს. გადაინაწილეს მანდატები, გაგვიყალბეს არჩევნები, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავიანთი ამორალობა. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, გვინდა თუ არ გვინდა, იგი ერთადერთი, რადიკალურად დაპირისპირებული ტელევიზიაა ხელისუფლებასთან. ცხადია, იმ დიდ ტელევიზიებს ვგულისხმობ, რომელსაც ქვეყნის სრული დაფარვის საშუალება აქვთ, თორემ სხვა ტელევიზიებიდანაც ისმის სიმართლე. „რუსთავი 2“ კი, ფაქტობრივად, აწონასწორებს ამ რეჟიმს თავისი დაუზოგავი ბრძოლით. წინა წლებში, როცა სხვა ტელევიზიებს უჭირდათ, ასევე ვიცავდით მათ, თუმცა დღეს ზოგიერთმა ტელევიზიამ სახე დაკარგა. ამის მაგალითია ტელეკომპანია „იმედი“ და აქვე გეტყვით, რომ „ლიბერთი ბანკი“ ამ ერთი თვის წინ ბატონმა ივანიშვილმა პატარკაციშვილების ოჯახს მიაბარა. ამიტომაა, „იმედზე“ ჩვენს ჭაჭანებას ვერ ნახავთ.

_ ბევრი ანეკდოტი დადის „გუგავა მოვას“ შესახებ, ერთს მოგიყვები და თუ იცი, შუა გზაში გამაჩერე: ცოლი ეუბნება ლოთ ქმარს, _ თუ შენს მამაკაცურ მოვალეობას აღარ მოიხდი და წუხანდელივით მკვდარივით ეგდები ლოგინში, იცოდე, გუგავა მოვა და უყარე მერე კაკალიო…

_ ეს ანეკდოტი არ მსმენია. ისე, აქამდე ღმერთმა ნუ მიიყვანოს საქმე, ეს ერთადერთი ადგილია, სადაც არაფრის დიდებით არ მივალ… ისე, „გუგავა მოვას“ შემდეგ უამრავი ხალხი გავიცანი, ზოგი საქეიფოდ მეპატიჟება, ზოგი სათევზაოდ და სანადიროდ, ზოგი ჯოკერის სათამაშოდ, ზოგი სად და ზოგი _ სად… იდეაში კი მერს იმიტომ ვირჩევთ, რომ ის უნდა მივიდეს იქ, სადაც ხალხს უჭირს და შეძლოს მათი პრობლემების მოგვარება.

ზაალ ნემსაძე