ვისთვის აშენებს ღარიბაშვილი თელავში აეროპორტს?

ირინა მაკარიძე

პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში აეროპორტების აღმშენებლობის ერას აანონსებს. ღარიბაშვილს რომ ფრენა უყვარს, ეს უკვე ყველამ იცის, თანაც ბიუჯეტის ხარჯზე. მან ცოტა ხნის წინათ თელავში ახალი აეროპორტის მშენებლობა დააანონსა, ესეც ბიუჯეტის ხარჯზე. პრემიერის განმარტებით,   ქვეყანაში 6 თანამედროვე აეროპორტი  იქნება: თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებს ახალი, თელავის აეროპორტი დაემატება.

პრემიერი აცხადებს, რომ არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ტურისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დღის განმავლობაში კომფორტულად იფრინონ, გადაადგილდნენ თელავიდან ბათუმის,  მესტიის, ამბროლაურისა თუ ქუთაისის მიმართულებით. პრემიერის განცხადებით,  თელავში ახალი აეროპორტი ისტორიული აეროდრომის ადგილზე აშენდება. პირველი მგზავრი კი აეროპორტმა დაახლოებით 2024 წლის მაის-ივნისში უნდა მიიღოს.

რამდენად აქვს ქვეყანას ბიუჯეტის ხარჯზე შიდა ფრენებისთვის ახალი აეროპორტის მშენებლობის ფუფუნება? ვინ უნდა ისარგებლოს ამ სერვისებით, როდესაც საქართველოს მოქალაქეები უკიდურესი გაჭირვების გამო ქვეყანას ტოვებენ და მათ ადგილს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები იკავებენ? _ ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი, რომან გოცირიძე:

_ სანამ შიდა ფრენებისთვის აეროპორტებზე ვიფიქრებდეთ, ჯერ უნდა ვიფიქროთ გზებზე. თელავის აეროპორტის გაკეთებას, კარგი გზა გააკეთონ თელავამდე მოქალაქეებისთვის, გაცილებით სასარგებლო იქნება. გვირაბი რომ იყოს გომბორზე, თბილისიდან თელავამდე ერთ საათში ჩავიდოდა ადამიანი, მაშინ როდესაც თბილისიდან თელავამდე ფრენისთვის ერთი საათი მაინც აეროპორტში რეგისტრაციისთვის იქნება საჭირო. პირველ რიგში, უნდა გაკეთდეს ის, რაც არის გადაუდებლად მნიშვნელოვანი, ანუ საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც საშინელ მდგომარეობაშია. ვხედავთ, ქვეყანაში, რაც ხდება. მერე უკვე დრო აჩვენებს, სჭირდება თუ არა თელავს აეროპორტი და იქნება თუ არა მოთხოვნა იგივე თელავიდან ბათუმისა თუ ქუთაისის მიმართულებით ფრენებზე. ტურისტების რაოდენობის ზრდის კვალობაზე შესაძლებელია, სამომავლოდ ეს თემა დადგეს დღის წესრიგში, მაგრამ ამას სჭირდება ყველაფრის გათვლა და ალტერნატივების შეჯერება, თუნდაც მატარებლის ალტერნატივის კახეთში და ა. შ. ეს არის მოუფიქრებელი და ვოლონტარისტულად წამოსროლილი იდეები, რომელსაც არ აქვს სერიოზული ეკონომიკური და სხვა სახის გათვლები. სხვა ქვეყნების გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ასეთ მოკლე, 100-150 კილომეტრის მანძილზე აეროპორტების გამოყენება და საჰაერო-ტრანსპორტით მგზავრობა არ ხდება. მით უმეტეს, რომ არც ამის შესაძლებლობა აქვთ ჯერჯერობით ჩვენს მოქალაქეებს.

_ ბატონო რომან, რაც შეეხება ვაზიანის აეროდრომს, პრემიერი ხშირად საუბრობს მის ადგილზე ახალი საერთაშორიოსო აეროპორტის მშენებლობაზე, თუმცა ამჯერად ის აღარ უხსენებია. რას იტყვით ამ თემის შესახებ?

_ არასერიოზულია, რომ თბილისში 2 საერთაშორისო აეროპორტი იყოს. ეს ხომ სასაცილოა, მით უმეტეს, ვაზიანის აეროდრომი არის სამომავლოდ  საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლაცდარმი. არა მარტო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, არამედ რეგიონში მთლიანი უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი და მასზე ასეთი ზერელე დამოკიდებულება არის უპასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, სჭირდება აეროპორტებს  განვითარება, მაგრამ ჯერ არსებული რესურსები უნდა იყოს გამოყენებული _ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში.

_ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებასთან დაკავშირებით იყო საუბარი, აქ ასაფრენ-დასაფრენი ზოლი დაგრძელდება, რომ აეროპორტს შესაძლებლობა ჰქონდეს დიდი სატვირთო ბოინგების მიღების, ამის შესახებ რას იტყვით?

_ ქუთაისის აეროპორტი უნდა გაფართოვდეს, მას უნდა შეეძლოს დიდი სატვირთო ბოინგების მიღება, მაგრამ ამაში სახელმწიფო კი არ უნდა ხარჯავდეს ფულს, ისევე როგორც თუნდაც ენერგეტიკაში, ჰესების მშენებლობაში ან ანაკლიაში.  სახელმწიფოს ფული უნდა მოხმარდეს ადამიანებს, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, განათლებას, ხოლო მსგავსი, კომერციულად მომგებიანი პროექტები უნდა გააკეთოს კერძო ინვესტორმა, ქართული ინვესტიცია იქნება თუ უცხოური. ქუთაისის აეროპორტის პრივატიზაცია უნდა მოხდეს, ინვესტორმა უნდა დახარჯოს ფული ამაში და არა _ ქვეყანამ.  აეროპორტები, პორტები, ნამახვანის ჰესი, ხუდონჰესი, ნენსკრა ჰესი, ამისთვის 4-5 მილიარდის უცხოური ვალუტის კაპიტალდაბანდებაა საჭირო. 4-5 მილიარდი თუ სახელმწიფომ გაიღო, მაშინ ისევე კატასტროფულ მდგომარეობაში დარჩება განათლების სისტემა, როგორშიც არის სკოლები და ჯანდაცვა. ფული საიდან მოდის? ან ვსესხულობთ, ან გადასახადებიდან მოდის, ასეთი პროექტები უნდა შენდებოდეს კერძო ფულით. ახლა იტყვიან, რომ თელავში კერძო ინვესტორი არ ააშენებს, ეს ხომ სუბსიდირებულია, წამგებიანია. თუ წამგებიანია, მაშინ სახელმწიფომ რატომ უნდა წააგოს? მაშინ ადექი და გააკეთე ის, რაც არის აუცილებელი, მაგალითად, გზა.

_ თქვენ საუბრობდით ქუთაისის აეროპორტის პრივატიზებაზე, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს? აღსანიშნავია, რომ, ჯერ კიდევ, აქტუალურია აზრი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენის შესახებ.

_ თბილისში თუ არის კერძო აეროპორტი, ქუთაისში რატომ არ უნდა იყოს შესაძლებელი? შეგახსენებთ: თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს თურქულ კომპანია TAV Georgia მართავს. ქუთაისის აეროპორტში იზრდება ტვირთბრუნვა, იზრდება მგზავრთნაკადები და მშვენიერი საპრივატიზაციო ობიექტია. 

_ რამდენად უკავშირდება აეროპორტების მიმართ ინტერესი ქვეყნის, როგორც სატრანზიტო დერეფნის, ფუნქციას?

_ რა თქმა უნდა, სატრანზიტო დერეფნი არის საქართველო, მისი როგორც აეროპორტები, ასევე გზა, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, სომხეთისთვის, ისევე როგორც ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ტვირთების ტრანზიტისთვის აბრეშუმის გზად წოდებული მარშრუტით. ბუნებრივია, გზებიც უნდა იყოს, პორტებიც და აეროპორტებიც, მაგრამ ამას უნდა გათვლა, როდის, რომელი უნდა აშენდეს, ვინ უნდა ააშენოს და ვის საკუთრებაში უნდა იყოს. განცხადება, რომ აეროპორტს მთავრობა გააკეთებს, ეს არის აბსოლუტურად არაკომპეტენტური მიდგომა.

_ რაც შეეხება სოხუმის აეროპორტს, ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა რუსეთის ინტერესი ამ აეროპორტის მიმართ, რას იტყვით ამის შესახებ?

_ სოხუმის აეროპორტი არასდროს აშენდება, რადგან „იკაო“ საერთაშორისო ფრენების ნებართვას არ გასცემს. თუ მაინც აშენდება, ეს იქნება რუსეთის გამოყენებისთვის და რუსეთი ისედაც დაფრინავდა სოხუმში. სამხედრო დანიშნულების იყო და ახლა იქნება რუსეთის შიდა აეროპორტი. ამაზე რუსეთს უნდა დაუწესდეს სანქციები და გააპროტესტოს საქართველოს მხარემ. 

_ რუსეთი ეძებს გზებს ტვირთების შესატანად, ამითაც ხომ არ არის განპირობებული ინტერესი სოხუმის აეროპორტის მიმართ? 

_ ამას უფრო პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, ვიდრე ეკონომიკური. რუსეთს ტვირთების შეტანა თუ უნდა, იქვეა სოჭის პორტიც და აეროპორტიც. მისი მიზანია აფხაზეთის კიდევ უფრო მიბმა რუსეთზე.

_ პერიოდულად გააქტიურდება ხოლმე რკინიგზის აღდგენის თემა აფხაზეთის მონაკვეთზე, ამას რა პერსპექტივა აქვს?

_ უახლოესი წლების განმავლობაში აფხაზეთში რკინიგზის აღდგენას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია.

_ საქართველოში აცხადებდნენ, რომ ჩვენ თუ ეკონომიკურად გავძლიერდებით,  უფრო მიმზიდველი ვიქნებით აფხაზებისა და ოსებისთვის და ისინი მოინდომებდნენ საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნებას, მაგრამ ბედის ირონიით, საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის აღმოჩნდა იმდენად „მიმზიდველი“, რომ თქვენ კანონპროექტებიც კი მოამზადეთ რუსეთის მოქალაქეების მზარდი რაოდენობის შესაჩერებლად, ამის შესახებ რას იტყვით?

_ რუსეთის ინტერესებში შედის, რაც  შეიძლება მეტი გავლენის მოპოვება საქართველოში, როგორც ეკონომიკური, სოციალური და ახლა დემოგრაფიული. დაახლოებით 105 ათასი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში. მარტო უკრაინის ომის შემდეგ 60 ათასამდე რუსეთის მოქალაქე დარჩა საქართველოში. ყიდულობენ ქონებებს, ბინას, ბიზნესს, უძრავ ქონებას, ეს, რა თქმა, უნდა რუსეთისთვის ერთ-ერთი ბერკეტი იქნება საქართველოზე ზემოქმედებისთვის. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც გაურბიან რუსეთის ხელისუფლებას, მობილიზაციას და ა. შ. ბუნებრივია, ყველანი სპეციალურად გამოგზავნილები არ არიან საქართველოში, მაგრამ რა მიზნითაც არ უნდა იყვნენ, აქ იქმნება რუსული კოლონია, რუსული სამყარო, თავიანთი კავშირებით, ბიზნესებით, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად წარმოშობს სხვადასხვა სოციალურ მოთხოვნებს, სკოლების, ბაღებისა და ა. შ. ეს არის ძალიან სახიფათო სურათი და უნდა შეიცვალოს დაუყოვნებლივ. კანონპროექტები ითვალისწინებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვების გაცემის დროებით შეჩერებას, ასევე ერთწლიანი უვიზო ცხოვრების უფლება უნდა შეიცვალოს ევროპული სტანდარტით და მათ უნდა ჰქონდეთ დარჩენის უფლება 6 თვის განმავლობაში მხოლოდ  90 დღით,  ისე როგორც მიღებულია მთელ მსოფლიოში.

_ რამდენად გაქვთ იმედი, რომ ეს კანონპროექტები კანონად იქცევა?

_ თუ იგრძნო „ქართულმა ოცნებამ“, რომ ეს აღელვებს ხალხს და იქნება ამ მხრივ შესაბამისი განწყობა, იძულებული გახდება, მიიღოს, თუ არადა, ჩვენ წინ წავიგდებთ საქმეს და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მივიღებთ ამ კანონს.