ვინ მოახტება ველოსიპედს?

ტექდათვალიერების დაბრუნებას 2018 წლის 1-ლი იანვრიდან აპირებენ

იმ დავით ნარმანიამ, რომელმაც მერობა ველოსიპედის ძეგლთან ამაო ბრძოლით დაიწყო (ძვრა ვერ უქნა), მერობას ველობილიკის გახსნით ასრულებს, ზედ პეკინზე ველოტრასა გაგვიშენა.

 

რაღა სემირამიდას დაკიდებული ბაღები და რაღა ნარმანიას დაგებული 1 კმ-იანი, 2,8 მეტრის სიგანის ველობილიკი.

პარალელურად, კახი კალაძე ველოსიპედს მოახტა, ველორბოლაში პეკინიდან ვაჟაზე გაინავარდა და ომახიანად გვამცნო, რომ, თურმე, ნუ იტყვით და, ველოსიპედი, ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი მიმართულება  ყოფილა(!) „და, შესაბამისად, ჩვენს ქალაქში არის ძალიან დიდი პოტენციალი და არის ძალიან დიდი შესაძლებლობები იმისა, რომ ველოსიპედის გადაადგილება იყოს შესაძლებელი. ოღონდ, მთავარია, ინფრასტრუქტურა და ქალაქი მოეწყოს და ადაპტირება მოხდეს ქალაქის“…

იმ ქალაქში, სადაც ერთი ხელის მოსმით მოსპეს ჯერ ტრამვაი, შემდეგ ტროლეიბუსი, ახლა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე გვეღლიცინებიან და ველოპოპულიზმს ნერგავენ _ ისედაც ვიწრო ქუჩებს ველობილიკებით ავიწროებენ. ამ ველოპოპულიზმის წინააღმდეგ თავის „ფეისბუკ-ბალკონიდან“ ნიკა გვარამიამ გაილაშქრა: „ველობილიკს რა უნდა ქალაქში, სადაც არავითარი ველოკულტურა არ არსებობს ლამის გენეტიკური კოდის დონეზე, არ არსებობს ამის არავითარი ისტორიული და მენტალური წინაპირობა და საზოგადოების 99%-ში არათუ ამის მოთხოვნა არაა, უბრალოდ, ვერც კი ხვდებიან, ეს რას ნიშნავს, ან რა საჭიროა? ამხელა ინფრასტრუქტურული და მატერიალური რესურსი მიაქვს ისედაც ღარიბ და ვიწროქუჩებიან ქალაქში სრულიად გამოუსადეგარ სისულელეს. დადგით კამერა და ნახავთ, რომ დღეში 10 ველოსიპედისტიც კი არ ჩაივლის. სრულიად გაუმართლებელ ხარჯად მიმაჩნია და არ მესმის ხბოს აღტაცება ამ სისულელით არც წინა და არც ამ ხელისუფლების დროს“.

მართლაც, საგულისხმოა, რომ ველოკულტურა ჩვენში მხოლოდ დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქში არსებობდა და დღესაც არსებობს. იგივე ბათუმსა და ქუთაისში კი, როგორც ირკვევა, იმატა კიდეც ველოსიპედიანების რიცხვმა მას შემდეგ, რაც ველოტრასები გაკეთდა, მაგრამ ეს ყველაფერი ნიშნავს თუ არა იმას, რომ იგივე აუცილებლად გასაკეთებელია ამ აღმა-დაღმა თბილისში, სადაც მართლაც არასოდეს არსებობდა ეს კულტურა?  გვარამიას პოსტის კომენტარებში ზოგი წერს, რომ ოდესმე ხომ უნდა შემოვიდეს ეს კულტურა თბილისში? გვარამიას თქმის არ იყოს და რატომ, რა აუცილებლობაა? რაც კი რამ კულტურა სადმე არსებობს, ყველაფერი უნდა ავდგეთ და ამ თბილისში უნდა შემოვტენოთ? მით უფრო, რომ ეს კულტურა მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებშიც არაა და არც არავინ იკლავს თავს მისი ხელოვნურად აღორძინებისთვის (ნიკა გვარამიას მტკიცებით, ევოპის, მაქსიმუმ, 20%-ია ველოკულტურული). ჩვენ კი ვფლანგოთ მილიონები, ვაგოთ ეს ველობილიკები ამ ვიწრო ქუჩებში იმ იმედით, რომ ხვალ და ზეგ ყველა ველოსიპედს მოახტება და ამ ბილიკებს აუყვ-ჩაუყვ-დაუყვება? კვერცხისა და ქათმის არ იყოს, ჯერ ველოკულტურა უნდა იყოს და მერე დაიგოს ველობილიკები, თუ ჯერ ველობილიკები უნდა დაიგოს და ამით შეიქმნას ველოკულტურა? გამაგებინეთ, დღეს, უამბილიკებოდ, ათეულ ათასები დადის  ველოსიპედით და მათთვის ვზრუნავთ, რომ დისკომფორტი მოვუხსნათ? ან ამ გამონაბოლქვით გაჟღენთილ პეკინზე კარგი ხვითო კია ველოსიპედით განავარდება, ან ამ მანქანებით გადატენილ პეკინზე, რაც არ უნდა თავისი ბილიკი ჰქონდეთ, რამდენად უსაფრთხოა ველოცუნცული? ამ ამბავმა ბეჟან ჯავახიას კამო გაახსენა, _ ესენი, ეტყობა, კამოს ტრადიციას აგრძელებენ და ასევე დაასრულებენო. 1922  წელს თბილისში ველოსიპედით მიმავალი კამო ავტომობილს შეეჯახა.

ეს ხელისუფლება ამ ბერწ ველოპოპულიზმს იმ უბედურების გადასაფარად იყენებს, რაც დედაქალაქში მათი ვაჟკაცობით ტრიალებს. ცალკე  ამდენი ავტომობილისა და მათი გაუმართაობის გადამკიდე, გამონაბოლქვით დაბინძურებულია ჰაერი (როგორც „ვიხრჩობის“ პეტიციაში ვკითხულობთ, საქართველოში ჰაერის უხარისხობის გამო, წელიწადში 100 000-დან 300 ადამიანი იღუპება) და ცალკე ამ გაზრდილ მოძრაობას, ამდენ ავტომობილს ვეღარ იტევს გზები და ქალაქი პარალიზებულია საცობებით. ამის თავიდან აცილებას ველოსიპედზე შეხტომა და ველოსიპედის პოპულარიზაცია კი არ შველის, იმ ინფრასტრუქტურული პროექტების გაკეთება სჭირდებოდა, რომელიც მათ მოსვლისთანავე შეაჩერეს. როდესაც ქალაქში მოსახლეობა მატულობს, ქალაქი უნდა გაიშალოს, გაფართოვდეს და არა ისე, როგორც ახლა ხდება თბილისში _ კორპუსსა და კორპუსს შუა კორპუსებს ტენიან  და ისედაც მჭიდრო ქალაქი უარესად მჭიდროვდება. მერობის ერთი კანდიდატი ველოსიპედით დაკატაობს, მეორე (ელისაშვილი) კი იმაზე გოდებს, თუ თბილისში ავტომობილების რაოდენობა არ შევამცირეთ, არაფერი გვეშველებაო. ელისაშვილი და მერობის სხვა  კანდიდატები ავტომობილებს ებრძვიან, აი, ჩვენი ზეპური საზოგადოება კი საცობებს სოფლელებს აბრალებს. პრაიმშოუში დასხდნენ და იქოთქოთეს, თურმე, „საცობებს იწვევენ რაიონებიდან ჩამოსული ის სასოწარკვეთილი მძღოლები, რომლებიც თბილისში ტაქსაობენ, კვირაობით ცხოვრობენ მანქანაში, შხაპს არ იღებენ, რომ ოჯახი გადაარჩინონ, ორი კაპიკი ჩაიტანონ თბილისში ტაქსაობით“.

ხედავთ, ჩვენ რა გვეგონა და სულ დუშმიუღებელი სოფლელი ტაქსისტების ბრალი ყოფილა თბილისში მანქანების მომრავლება და საცობები და არა იმის, ასეთ გაზულუქებულ ზეპურ ოჯახებს ერთი მანქანის ნაცვლად მთელი ავტოპარკი რომ აქვთ, ყველა გამდიდრებულმა ქართველმა ყველა ქალს რომ მანქანა უყიდა, ვისთან ერთადაც კი თავი „პადუშკაზე“ დადო. სოფლელ ტაქსისტებს  ჭკუის მასწავლებელი და გზის მიმასწავლებელიც იქვე გამოუჩნდა _ რატომ ტაქსაობენ, მიწაზე იმუშაონო, ვაღიაროთ, რომ შრომა არ უყვართო, _ დაასკვნა და შრომისგან ოფლნადენ შუბლზე ხელი გადაისვა… ჯერ ერთი, თუ შრომა არ უყვართ,  ტაქსაობა რანაირადაა მსუბუქი შრომა და მეორეც _ ამ შემთხვევაში, არსებითი აღარცაა, შრომა უყვართ თუ ღოღნოშოს ლოღვნა, აქ არსებითია ის, რომ კვლავ აქტუალურდება დისკრიმინაციული მიდგომა რაიონის მცხოვრებლების მიმართ. დგანან, ხოხბის კუდს იქნევენ და საქართველოს მოქალაქეებს უდგენენ, სად იშრომონ და სად იცხოვრონ! კომუნისტების დროს აქტუალური „მთას დაუბრუნდა მთიელი“  კვირიკაშვილის წინამორბედმა ღარიბაშვილმა გახადა ისევ აქტუალური. თურმე, სოფლები არ უნდა დაიცალოს, რომ ხალხი უნდა დაუბრუნდეს სოფელს. ღარიბაშვილი ბევრს ლაპარაკობდა სოფლელების სოფელში დაბრუნებაზე, მაგრამ კრინტს არ ძრავდა არც თავის დედოფლისწყაროში დაბრუნებაზე და არც ივანიშვილის _ ჭორვილაში დაბრუნებაზე. ახლა ასპარეზზე, როგორც ჩანს, მისი „ორდენის“ „რაინდესები“ გამოვიდნენ და სოფლელებს სოფლისკენ უთითებენ. არავის გადასაწყვეტი არაა, არც მთავრობის და არც პეროიანი ხოხბების, ვინ სად იცხოვრებს და სად იმუშავებს. ეს შეზღუდვაც ისეთივე მავნებლობაა, როგორც ავტომობილების რაოდენობის ხელოვნურად შემცირების მცდელობა. ესენი თუ ნებაზე მიუშვი, მანქანების რიცხვსაც ისევ სოფლელების ხარჯზე შეამცირებენ, მანქანის ყოლის უფლების ჩამორთმევით. თბილისში 22 წლის წინ გაუქმებულ ჩაწერის ინსტიტუტსაც აღადგენენ და ვინც თბილისში დაბადებულები არ ვართ, სულ ხოხბის კუდის ტყლაშუნით გაგვრეკენ. მერე რა, რომ მათი პაპა-ბებიაც, ანდა, სულაც, დედ-მამა ასევე სამუშაოსა და კაი ცხოვრების ძიებაში ჩამოვიდა თბილისში, ეს მათ არ ეხებათ, ეხება ყველა სხვას, ვინც იმ დღის შემდეგ ჩამოვიდა თბილისში. ამ ხოხბებისთვის რომ ესმინათ, აკაკი წერეთელი სხვიტორში უნდა დარჩენილიყო, ილია ჭავჭავაძე _ ყვარელში, ზაქარია ფალიაშვილი _ ქუთაისში, გალაკტიონი ჭყვიშიდან არ უნდა ჩამოსულიყო, ვერიკო ანჯაფარიძე _ ქუთაისიდან, სესილია თაყაიშვილი _ ბათუმიდან, იაკობ გოგებაშვილი _ ვარიანიდან, აკაკი შანიძე _ ქვემო ნოღადან, მიხეილ ჯავახიშვილი _ წერაქვიდან, კონსტანტინე გამსახურდიას ძველი აბაშიდან არ უნდა გაედგა ფეხი, კოტე მარჯანიშვილს _ ყვარლიდან, სანდრო ახმეტელს _ ანაგიდან…

მიდით, იღარიბაშვილეთ, ერთ წამს „დააბრუნეთ“ ეს ხალხი იქ, საიდანაც ჩამოვიდნენ და ხელში რა თბილისიც შეგრჩებათ ავტომობილიან-ველოსიპედიანად, ნახავთ!

ვერც საცობების პრობლემას მოხსნით სოფლელი ტაქსისტების ქალაქიდან გარეკვით და ვერც მოძრაობას შეამცირებთ მანქანების რაოდენობის სხვადასხვა მავნებლური მეთოდით შემცირებით. გამოსავალი წესიერი და სწრაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნაა, როდესაც ადამიანი დაინახავს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ბევრად მოხერხებული და კომფორტულია, ვიდრე საკუთარი მანქანით საცობებში დგომა, თვითონვე დატოვებს იმ მანქანას და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ივლის. რა ვითარებაა დღეს ამ მხრივ? იგივე სამარშრუტო ტაქსებში 45 გრადუს სიცხეში კონდიციონერს არავინ რთავს და ყინვაში _ გათბობას, დადიან ისე, გეგონება, კარტოფილი გადააქვთ, ვინ გადმოჯდება საკუთარი მანქანიდან ამ პირობებში? და რომც თქვას დღეს გარკვეულმა ნაწილმა უარი თავისი მანქანით სიარულზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაწყვიტოს სიარული, აი, მაშინ სად მიდიხართ? ისედაც გადაჭედილი და გადაძეძგილია ავტობუსებიც, სამარშრუტო ტაქსებიც და მერე რა მოხდება? მაგასაც სოფლიდან ჩამოსულ, დუშმიუღებელ ტაქსისტებს დააბრალებთ? ხელისუფლება ვერ აგნებს პრობლემას და ვერ ადგენს, რა არის ამ საცობების მიზეზი და რანაირად გადაჭრი პრობლემას, რომლის გამომწვევი მიზეზი არ იცი? ხელისუფლება ვერ აგნებს და ხედავთ, ჩვენმა ხოხბებმა რა ხელად მიაგნეს საცობების მიზეზს _ სუნიან ტაქსისტებს?  მაინც, რა ყნოსვა აქვთ…

საცობებს ქმნის ყველა მიმართულებით გაუაზრებელი მიდგომა. გაიხედეთ და დაინახავთ, ამ ისედაც გადაჭედილ ქუჩებს კიდევ უარესად როგორ ჭედავენ ნაგვის თუ დისტრიბუციის მანქანები, თუ ვერც პრობლემას აგნებთ და ვერც ჭრით, მათ რომ მაინც შეუზღუდონ მოძრაობა დღის საათებში და ღამით იარონ, არ შეიძლება? ოდნავ ხომ მაინც შეამსუბუქებს ეს მდგომარეობას? ან სამარშრუტო ტაქსებს რომ აუკრძალოთ ყველა ფეხის ნაბიჯზე გაჩერება და მხოლოდ გაჩერებებზე ჰქონდეთ გაჩერების უფლება, როგორც ეს რუსთაველზე და ჭავჭავაძეზეა, არ შეიძლება? იცით მაინც, რა ხდება? აი, ის ქალბატონები, საღამოს 6 საათის შემდეგ მაწვნის ან იოგურტის მეტს რომ არაფერს გეახლებიან, ემანდ გავას მეტი ქონი არ მოედოსო, გაჩერებული სამარშრუტოდან მაშინაც არ ჩადიან, როდესაც 10-15 მეტრის იქით გეგმავდნენ ჩასვლას და მძღოლებს დაძრულ „მარშუტკას“ ისევ აჩერებინებენ იმ 10-15 მეტრის გავლის შემდეგ.

ხელისუფლება პრობლემის გადაჭრით კი არაა დაინტერესებული, არამედ იმით, რომ შექმნას ილუზია, თითქოს ამ პრობლემის გადაჭრაზე ზრუნავს. სწორედ ამას ემსახურება ის ტექდათვალიერება, რომელზეც მოსვლის დღიდან საუბრობენ და ბოლოს როგორც გადაწყვიტეს, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან აპირებენ. ვითომდა ამ ტექდათვალიერების დაბრუნებით მოუღებენ ბოლოს დაბინძურებასაც და პრობლემების მთელ ამ კასკადსაც, არადა, მართლა საინტერესოა, 35 სერვისცენტრში როგორ უნდა გაიაროს ტექდათვალიერება და როგორ უნდა შემოწმდეს დღეს საქართველოში რეგისტრირებული მილიონ 200 ათასი მანქანა? ანუ რას ვაკეთებთ, _ საცობები ქუჩებიდან სერვისცენტრებში გადაგვაქვს?

საქართველოში დღეს მილიონ 200 ავტომობილია რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის ყოველ მეორე ზრდასრულ ადამიანს მანქანა ჰყავს.

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2007 წელს საქართველოში სულ 517 574 ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო რეგისტრირებული, 2008 წელს _ 603 380, 2009 წელს _ 647 209, 2010 წელს _ 693 873 მანქანა, 2011 წელს _ 745 232 მანქანა, 2012 წელს _ 806 323.

2012 წლის მდგომარეობით, გამოშვების წლების მიხედვით, მანქანების 44,2% ოც წელზე ძველი იყო, 46,7% _ 11-დან 20 წლამდე „ასაკის“, 4,5% _ 7-10 წლის, 2,7% _ 4-6 წლის, 1,9% _ 1-3 წლის.

ავტომობილების 38% თბილისში იყო რეგისტრირებული.

ავტომობილების რიცხვის ზრდა არც შემდეგ შემცირებულა:

2013 წელს _ 880 226 ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო რეგისტრირებული, 2014 წელს _ 965 088, 2015 წელს _ 1 043 722, 2016 წელს _ 1 126 470. დღეის მდგომარეობით კი უკვე მილიონ 200 ათასამდეა და როგორც ვხედავთ, ბოლო 9-10 წელიწადში მანქანების რიცხვი, პრაქტიკულად, გაორმაგდა, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2016 წლისთვის საქართველოში რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის 46% ოც წელზე ძველია, 45% _ 11-20 წლისაა, 5,4% _ 7-10 წლის, 2,3 % _ 4-6 წლის და მხოლოდ 1,3%-ია 1-3 წლის. ავტოტრანსპორტის 36,7% თბილისში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ირიცხება.

მოკლედ, მანქანების რიცხვის ზრდა-გაორმაგება თუ ასე გაგრძელდა, თვითონ ხოხბებსაც იმდენ ხანს მოუწევთ საცობებში დგომა, რომ ნამდვილად ვეღარ დასცინებენ დუშმიუღებლობაზე სოფლელ ტაქსისტებს და ვინძლო თავადაც გარბოდნენ სოფლად თოხშემართულები.