ვინ და რატომ აძვირებს პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასებს?!

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასების მომატება, მზარდი პროგრესიით, ორი წლის წინათ დაიწყო.

პირველად მედიკამენტების ღირებულება 7.3%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, 2015 წლის იანვარში ფასები გაიზარდა მედიკამენტების ისეთ ჯგუფებზე, როგორიცაა სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები (12.2%), ტკივილგამაყუჩებლები (17%), ანტიბიოტიკები (14.89%), ვიტამინები (14.6%), საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები (20.31%), ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (18.31%).

ასეთი ზრდის მიუხედავად, ხელისუფლებას დღემდე არ დაუზუსტებია იმ ექვსი ჯგუფის ყველაზე ხშირად მოხმარებად მედიკამენტებზე, კიდევ სადამდე შეიძლება გაიზარდოს ფასები?

არადა, ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე ჯანდაცვის  რეფორმირებაში მთავარ საკითხად საყოველთაო დაზღვევის თემა წამოტივტივდა. და სწორედ აქ იჩინა თავი მედიკამენტებზე სტაბილური ფასების დაწესების პრობლემამ. კერძოდ, ხელისუფლების ცვლისა და ჯანდაცვის რეფორმირების მსვლელობაში ფასების ზრდა გარკვეული სახის მედიკამენტებზე გარდაუვალი აღმოჩნდა.

იმ დროს, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ისე ვერ „მიემართებოდა“, როგორც უნდა წარმართულიყო, კერძოდ კი მედიკამენტების ფასები ზემოთ იწევდა, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასები თუ კიდევ გაიზარდა, სახელმწიფო დოტაციას მიმართავს, რათა ფასები შეინარჩუნოს და, რიგ შემთხვევებში, დაწიოს კიდეცო.

მინისტრის ეს განცხადება იყო და სერგეენკო ექსპერტებმა მაშინვე საკითხისადმი ზერელე დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს. საუბარი იყო იმაზე, რომ მართალია, მედიკამენტებზე ფასების ზრდა მძიმე ტვირთად დააწვებოდა სოციალურად დაუცველ ნაწილს, მაგრამ მთავრობას, ამ მიზნით, დოტაციისთვის არ უნდა მიემართა, ვინაიდან ეს ფასების ზრდას კი არ შეაჩერებდა, არამედ „გააპრავებდა“. ერთჯერადად ხალხს კი ეშველებოდა, მაგრამ ამას გრძელვადიანი უარყოფითი შედეგები მოჰყვებოდა როგორც ფარმაცევტული ბიზნესის, ასევე ეკონომიკის სხვა სექტორებისთვის. რა თქმა უნდა, ამის დასასაბუთებლად საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლევებს მიმართეს. მაგალითად, „გამჭვირვალობას“ არ დაუხანებია და სასწრფად წარმოგვიდგინა რისკები, თუ რა შეეძლო გამოეწვია დოტაციას. კერძოდ, ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტების ჯგუფებზე ფასების უფრო მაღალი ზრდის შემთხვევაში დოტაცია სახელმწიფოს, შესაძლოა, ათეულ მილიონობით ლარი დაჯდომოდა. მინისტრის ინფორმაციით, არსებულ მდგომარეობაში, 15 ათასზე მეტი დასახელების მედიკამენტიდან მხოლოდ 100-მდე პრეპარატზეა ფასები გაზრდილი და, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ 7-დან 10%-მდე.

ახლა, გავიხსენოთ, რა მდგომარეობა იყო საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში მედიკამენტებით მომსახურების კუთხით: მედიკამენტებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ანაზღაურებდა მხოლოდ გადაუდებელ სტაციონარულ და ამბულატორულ დაწესებულებებში, ხოლო გეგმური ამბულატორული მომსახურების ფარგლებში მედიკამენტების ანაზღაურება არ ხდებოდა არც სამედიცინო დაწესებულების შიგნით და არც მის გარეთ. გამოკითხულთა იგივე კონტინგენტს თუ მივმართავთ, 1918 რესპონდენტიდან 75%-მა არ იცოდა, როდის შეეძლო უფასოდ მიეღო მედიკამენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. მართალია, დანარჩენი 10% ამბობდა, რომ იცოდა, მაგრამ ის 10%, რომელიც აცხადებდა, რომ იცის, გარკვევით ინფორმირებული არ იყო, თუ როდის ხდებოდა ანაზღაურება.

 

„ქრონიკა+“ ამ მედიკამენტებზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით „პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარეს _ ნანა სანაიას დაუკავშირდა:

_ ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ მედიაციის სამსახურის ცნობადობა საქართველოს მოსახლეობაში დღემდე ძალიან დაბალია. ამ სამსახურის არსებობა 2%-მა თუ იცის. აქ მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითი მოგვყავს მედიკამენტებით მომსახურებასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საყოველთაო დაზღვევის პროგრამების მიმართ მოსახლეობის ნდობა იმთავითვე დაბალი იყო. მოსახლეობის მხოლოდ 17%-ს სჯერა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათი სადაზღვევო პაკეტი ნამდვილად მთლიანად დაფარავს მათ სამედიცინო ხარჯებს, ხოლო 31% მიიჩნევს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ახალი პროგრამა ჯანდაცვასთან დაკავშირებულ მათ ხარჯებს არ შეცვლის. მოსახლეობაში გადახდისუნარიანობის სტატისტიკა შემდეგნაირად გადანაწილდა: 47% მზად არის, თვეში 30 ლარი და მეტი გადაიხადოს მათთვის სასურველ სამედიცინო დაზღვევაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 1.6 მილიონი ზრდასრული მოქალაქე მზადაა, საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის ფინანსური ტვირთი სახელმწიფოსთან ერთად გაინაწილოს. უნდა ითქვას, რომ საყოველთაო დაზღვევის დაწყებიდან, ანუ  2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში მოქმედებდა 363 329 არასახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო კონტრაქტი, აქედან კორპორაციული არასახელმწიფო იყო 344 156 და ფიზიკური პირების კიდევ _ 19 173. ამ მაჩვენებელში არ შედის საჯარო მოხელეთა კორპორაციული დაზღვევა, რომელიც მოიცავდა 128 538 ადამიანს.

_ მაშინ, როდესაც სახელმწიფომ მზადყოფნა გამოთქვა, დოტაციით ჩარეულიყო და ფასების ზრდა შეეჩერებინა, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ რეკომენდაციები გამოაქვეყნა, რომ ეს უკუპროცესებს გამოწვევდა.

_ და სრულიად სწორად. ჯერ ერთი, ამ ორგანიზაციის მიერ მოყვანილი ციფრები სიმართლესთან ყველაზე ახლოს დგას და მეც, ფაქტობრივად, ამით ვხელმძღვანელობ. სამართლიანად იყო აღნიშნული, რომ დოტაციამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ აფთიაქები მიიღებენ სტიმულს, კიდევ უფრო გაზარდონ ფასები. აფთიაქებს იმედი ექნებოდათ, რომ სახელმწიფო ფასების ამ ზრდას თავისი დოტაციით დაფარავდა, რაც ძალიან მომგებიანი იქნებოდა აფთიაქებისთვის. სამაგიეროდ,  მნიშვნელოვან ზარალს მიაყენებდა ბიუჯეტს. ეს კი ყოვლად დაუშვებელია. გარდა ამისა, ასეთი პრეცედენტი თუ მოხდა, მოსახლეობაში მოლოდინი და მოთხოვნა შეიქმნება სხვადასხვა ფორმის დოტაციაზე.

_ კი მაგრამ, ბიუჯეტიდან ხომ ფინანსდებოდა სოფლის მეურნეობის პროექტები?

_ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისეთი ხარჯები აღარ ფინანსდება, როგორიცაა სოფლის მეურნეობისთვის იაფი სესხის პროგრამა, რაც, პრინციპში, სწორი მიდგომაა, მაგრამ, რატომღაც, იგივე პოლიტიკა არ განხორციელდა მედიკამენტებზე ფასების ზრდის დარეგულირებისთვის იმიტომ, რომ ჯანდაცვის სისტემამ ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტების ჯგუფებზე ფასების შესანარჩუნებლად დოტაციები რომ დააწესოს, არა მხოლოდ დააბრუნებს წინა ხელისუფლების დროინდელ იმ მავნე მიდგომას, როდესაც სახელმწიფოს მიერ დაუფიქრებლად ხდებოდა საბაზროზე დაბალ ფასად სხვადასხვა მომსახურების გაწევა, არამედ სრულიად ახალ მასშტაბს შესძენს მას.

_ მაშინ, გამოსავალი არ არის?

_ ხსენებული ორგანიზაციის რეკომენდაციებს თუ დავეყრდნობით,  გამოსავალი შეიძლება იყო მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ნაწილის მედიკამენტებზე ფასების ზრდის ნეგატიური ეფექტისგან დასაცავად, მთავრობამ შეღავათები დააწესოს გარკვეული ჯგუფის წამლებზე.

_ როდესაც საუბარია საყოველთაო ჯანდაცვაზე, აქცენტები სტაციონარულ მომსახურებაზე გადადის. კიდევ იმაზე, როცა ქირურგიული ოპერაციები და მკურნალობა ფინანსდებოდა. არადა, ის, რომ პარალელურ რეჟიმში მედიკამენტების ფასები სულ ზემოთ იწევდა, ამაზე ყურადღებას არავინ ამახვილებდა.

_ იმიტომ, რომ ამის შესახებ მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა არც მაშინ უწყოდა და არც დღეს იცის. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ჩატარებული კვლევის შემდეგ ამ საკითხით დავინტერესდი. წარმოიდგინეთ, 2014 წლის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 3,5 მილიონ ადამიანს ფარავდა. ამაში შედიოდა საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც არ იყო დაზღვეული და პლუს, უმწეოთა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამაში ჩართულები, რომლებიც 2014 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მიუერთდნენ. ე. ი. 2013 წლის 28 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაიწყო, საქართველოში აღარ დარჩა სრული, ანუ მინიმალური პაკეტით დაუზღვეველი ადამიანი. აი, აქ აღმოჩნდა სწორედ სრულიად მოულოდნელი რამ _ გამოკითხული 1918 რესპონდენტიდან 18%-მა არ იცოდა, რომ დაზღვეული იყო. ათვლის წერტილად თუ ამ მონაცემს ავიღებთ, ეს ნიშნავს, რომ 490 000-დან 680 000-მდე საქართველოს მოქალაქემ არ იცოდა, რომ დაზღვეულია. სწორედ, ასეთი მონაცემი დაიდო საყოველთაო დაზღვევის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ. მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელმაც იცოდა საკუთარი დაზღვევის შესახებ, სამაგიეროდ, არ იცოდა, როდის შეეძლო მიეღო, მაგალითად, უფასო მედიკამენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ციფრები და, შეიძლება ითქვას, ყველაზე ზუსტი, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ დაამუშავა. სწორედ ამ კვლევამ მისცა ორგანიზაციას საფუძველი, დაწვრილებითი ფასნამატი ეჩვენებინა მედიკამენტებზე 2016 წელს და მიზეზებიც გაერკვია.

_ და მაინც, რა არის ნომერ პირველი პრობლემა ფარმაცევტულ ბაზარზე, ფასთა ზრდა?

_ ქვეყანაში ნომერ პირველ პრობლემად რჩება პოლიპრაგმაზია, ანუ ავადმყოფისთვის, ერთდროულად, გაუმართლებლად მრავალი წამლისა და სამკურნალო პროცედურის დანიშვნა. თუ საერთაშორისო ორგანიზაციათა ანგარიშებს ჩახედავთ საქართველოსთან მიმართებით, დაინახავთ, რომ 2016 წლამდე ჩატარებული საკანონმდებლო ცვლილებები, უმთავრესად, რეცეპტების შემოღებას ეხებოდა. ასევე ჯარიმების გამკაცრებას უკანონო ფარმაცევტულ საქმიანობაზე და ბევრ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის გაორმაგებას. 2014 წელს, განსაკუთრებით კი აპრილის შემდეგ, ყველა ფარმაცევტულ პროდუქტზე ფასები მნიშვნელოვანად გაიზარდა. ზრდის ტემპმა პიკს 2015 წლის მეორე ნახევარში მიაღწია. 2015 წლის ნოემბრიდან ფასების ზრდის ტემპმა კლება დაიწყო და 2016 წლის მაისიდან მედიკამენტთა ზოგიერთ ჯგუფზე ფასები უკვე შემცირდა. ფასების კლების ტენდენცია თითქმის ყველა ფარმაცევტულ პროდუქტზე 2016 წლის დეკემბრამდე შენარჩუნდა.

 

რა ხდება დღეს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე?! როგორ იქნება შესაძლებელი ფასების დარეგულირება? ვინაიდან და რადგანაც ეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოს ეკუთვნის, „ქრონიკა+“-მა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს _ დიმიტრი ხუნდაძეს მიმართა:

_ თქვენ საერთაშორისო ორგანიზაციები ახსენეთ და მაშინ მეც გეტყვით, რომ ასევე ყურადსაღები აქცენტებია გაკეთებული საერთაშორისო ფონდ „Curatio “-ს მიერ ჩატარებულ კვლევაში _ „ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, მეხუთე ტალღა“, სადაც საკმაოდ დიდი ყურადღება აქვს დათმობილი აღნიშნულ საკითხს.

_ რას გულისხმობთ?

_ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი არის სისტემაში განხორციელებული რეფორმების უშუალო მონაწილე. იგი ახორციელებს როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო საქმიანობას ამ სფეროში და ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ექსპერტების შეფასებები. სწორედ ამ კუთხით საინტერესოა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევები, რომლებშიც ობიექტურად არის შეფასებული ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების როგორც ძლიერი, ასევე სუსტი მხარეები.

_ მედიკამენტებზე ფასების მატება გაგრძელდება?

_ მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია  რეკომენდაცია, რომ მედიკამენტებზე ფასების ზრდის პირობებში, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პრეპარატებზე ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს. სამინისტრო კომიტეტთან ერთად ამ საკითხზეც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს და ჩვენ უკვე მივაღწიეთ იმას, რომ 2016 წლის სექტემბრიდან პირველადი მოხმარების სამედიცინო პროდუქტი მოსახლეობისთვის, შედარებით, ხელმისაწვდომი გახდა. თუმცა ეს არ არის, რა თქმა უნდა, საკმარისი და ჩვენი გუნდი ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს. ექსპერტთა წინადადებების გათვალისწინებით, კიდევ უფრო გავააქტიურებთ ამ ხაზს.

დღეს ფარმაცევტული ბაზრის, დაახლოებით, 70% ხუთ მსხვილ კომპანიაზეა გადანაწილებული. ესენია „პსპ ფარმა“ _ 22.32%, „ეი-ბი-სი ფარმაცია“ _ 14.91%, „ავერსი ფარმა“ _ 14.54%, „ჯიპისი“ _ 10.20% და შპს „გლობალფარმი“ _ 7.02%. ექსპერტებმა ასეთ გადანაწილებას სუსტი ოლიგოპოლია უწოდეს, თუმცა შემდეგ მოხდა ის, რომ „ეი-ბი-სი ფარმაცია“ და „ჯი-პი-სი“ გაერთიანდნენ და ბაზრის სეგმენტი კიდევ უფრო შევიწროვდა. არადა, ყბადაღებული თემა, რომ საქართველო 2004 წლიდან მოყოლებული GMP საერთაშორისო სტანდარტებზე უნდა გადასულიყო, 2017 წელსაც ვერ მოხერხდა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის შიგნით წარმოებული მედიკამენტების ექსპორტს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის შიგნით მოხმარებული მედიკამენტების ხარისხსაც. GMP სტანდარტებზე გადასავლას მთავრობა 2016 წლისთვის გეგმავდა, თუმცა მთავრობის ახალი დადაგენილებით ის 2018 წლისთვის გადაიდო.

იმპორტის მონაცემებს თუ ვენდობით, „ავერსი-რაციონალსა“ და „ჯი-ემ-პის“ საქართველოში ბაზრის 97% უკავიათ. მოქმედი კანონმდებლბით, საქართველოს ბაზარზე დაშვებულია 11 168 დასახელების მედიკამენტი, რომელთაგან 1367 ქართული წარმოებისაა. ანუ ქართული წარმოება ყველა მედიკამენტის რაოდენობის 12,25%-ს შეადგენს. ქართული მედიკამენტებიდან 259 სამკურნალო საშუალებას აწარმოებს ,,ავერსი-რაციონალი“, ხოლო 237-ს _ ,,ჯი-ემ-ფარმაცევტიკალსი“.

დასასრულ, კიდევ ერთ დეტალს აღვნიშნავთ: 2012 წელს ფარმაცევტულ კომპანიებთან დაკავშირებულმა პირებმა სახელისუფლებო პარტიას 415 000 ლარი შესწირეს. 2012 წლის შემდეგ მგავსი არაფერი დაფიქსირებულა.

 

 

თამარ როსტიაშვილი