ვინ გახდება დედაქალაქის მერი?

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ, რომელიც საქართველოში შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტოლოგი ნიკა ჩიტიძე:

 

_ ბატონო ნიკა, შემოდგომაზე საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება და, ალბათ, პოლიტიკური შედეგებიც სწორედ ამ დროს გამოჩნდება. მანამდე კი ვისაუბროთ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც ამ არჩევნებში მონაწილეობენ.

_ ჩემი აზრით, პოლიტიკური პარტიები არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან, პირველ რიგში, ფინანსური თვალსაზრისით, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ სამეწარმეო სუბიექტებმა 8 მილიონ ლარზე მეტი გადარიცხეს ე. წ. შემოწირულობების სახით პოლიტიკური პარტიების ანგარიშზე და აქედან 90%-ზე მეტი მიიღო მმართველმა ძალამ _ „ქართულმა ოცნებამ“. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩნდება გარკვეული კითხვები, რატომ რიცხავენ სხვადასხვა ტენდერში გამარჯვებული ან უტენდეროდ სხვადასხვა პროექტის განმხორციელებელი სამეწარმეო სუბიექტები თანხას სწორედ „ქართული ოცნების“ ანგარიშზე? შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური პარტიები არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან. თუმცა, მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ ბევრი პოლიტიკური პარტია უფასო რეკლამით სარგებლობს, მისასალმებელი ფაქტორია. საერთო ჯამში, დიდწილად არჩევნებში ჩართული პოლიტიკური პარტიისა თუ ბლოკის გამარჯვება და საარჩევნო კამპანიის ჩატარება დამოკიდებულია ფინანსურ რესურსებზე. შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო გარემო დემოკრატიის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

_ ვინ გახდება დედაქალაქის მერი? _ ეს იქნება, ალბათ, ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მთავარი ინტრიგა. როგორ განიხილავთ წარმოდგენილ კანდიდატთა შანსებს? გახდება თუ არა აუცილებელი მეორე ტური?

_ შესაძლებელია, რომ მეორე ტური გახდეს საჭირო, როგორც ეს 2014 წელს მოხდა. ეს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის ძალიან კარგი იქნება. თუნდაც იმიტომ, „ქართული ოცნება“ ასეთ შემთხვევაში გამოიტანს დასკვნას, რომ გამარჯვების მიუხედავად, მისი რეიტინგი, 2012 წელთან შედარებით, დაცემულია. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც გვიჩვენა, რომ საარჩევნო ოლქების უმრავლესობაში მეორე ტური ჩატარდა, ამომრჩეველთა ნახევარი კიდევ საარჩევნო უბნებზე არ გამოცხადდა. კალაძის რეიტინგი არის 30%, უდუმაშვილისა და ელისაშვილის რეიტინგები 15-16%-ის ფარგლებში მერყეობს. თუ აქედან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ლოგიკური იქნება მეორე ტურის ჩატარება. თუ პირველივე ტურში კალაძემ გაიმარჯვა და უმრავლესობამ მას მისცა ხმა, მე პირადად კითხვები გამიჩნდება. თუმცა ეს კითხვები ჩვენი საზოგადოების პოლიტიკურ კულტურასთან დაკავშირებით დიდი ხანია, არსებობს. ეს არის ყველაზე მთავარი _ როდესაც ამდენი შეცდომა მოსდის მმართველ ძალას და მიუხედავად ამისა, მოსახლეობა მაინც მათ აძლევს ხმას, მაშინ პრობლემაა პოლიტიკური კულტურის ნაკლებობა, ან მეორე _ აღნიშნული უკავშირდება გარკვეულ მორალურ პრინციპებს. არსებობს ინფორმაცია, რომ 20-30 ლარად ხმის ყიდვაა შესაძლებელი, აქედან გამომდინარე, ბევრი კითხვა იარსებებს და, საერთო ჯამში, შეიძლება, დაისვას კითხვა, _ რამდენად არის ქართული საზოგადოება, გნებავთ, ჩემი ჩათვლით, მზად, რომ საქართველოს ინტეგრაცია მოხდეს ევროპულ სტრუქტურებში?!

_ დედაქალაქის მერობისთვის მებრძოლ კანდიდატთა შორის ძირითად მოთამაშეებად მაინც, ვის განიხილავთ?

_ მთავარი მოთამაშეები იქნებიან კახა კალაძე, ზაალ უდუმაშვილი და ალეკო ელისაშვილი, ეს იქნება პირველი სამეული და ვფიქრობ, მათ აქვთ შანსი, მეორე ტურში გადავიდნენ. ინტელექტუალური ადამიანი გახლავთ ელენე ხოშტარია, ასევე გიორგი ვაშაძე, თუმცა მათი შანსები გაცილებით ნაკლებია. ასე მგონია, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი ხმას მისცემს „ქართულ ოცნებას“, იმიტომ, რომ ფინანსები აქვს და მეტი აქტივისტები ჰყავს სახელისუფლებო პარტიის კანდიდატს; შემდეგ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელს, იმიტომ, რომ ის გახლავთ მთავარი ოპოზიციური ძალა. ეს ყველაფერი დადასტურდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების, 2014 წლის მუნიციპალური არჩევნებისა თუ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. რაც შეეხება ბატონ ელისაშვილს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკრებულოს არჩევნებში მან 2014 წელს გაიმარჯვა და „ქართული ოცნების“ კანდიდატიც კი დაამარცხა მაჟორიტარულ ოლქში. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მას გარკვეული რეიტინგი მართლაც აქვს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მგონია, რომ ეს სამი მთავარი კანდიდატია, რომელიც პირველ ადგილზე გავა, თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარია, საბოლოო ჯამში, რომელი გაიმარჯვებს.

_ როგორ შეგიძლიათ დაახასიათოთ ეს სამი კანდიდატი? რა არის მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები?

_ კახა კალაძეში დადებითს ვერაფერს ვხედავ. თუნდაც ის ფაქტი, რომ დღეს ის „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებს, შევახსენებ, რომ 2008 წლის პირველ ნახევრამდე თვითონ იყო „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი, შემდეგ ბიზნესში შეექმნა პრობლემა და ოპოზიციაში გადავიდა. თუნდაც მისი ერთ-ერთი გამონათქვამი, რომ მისთვის სულერთია, ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი. კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით გვახსოვს, თუნდაც, თქვენს კოლეგებს ნაძირალები რომ უწოდა, როდესაც მწვავე კითხები დაუსვეს. მან ხელი დააფარა იმ კრიმინალებს, რომლებმაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს კამერების თვალწინ. ამიტომაც, რეალურად, რთულია, ამ ადამიანს დაუჭირო მხარი, მაგრამ, ისევ და ისევ, ეს პოლიტიკურ გემოვნებაზე და ადამიანის პოლიტიკურ კულტურაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება ზაალ უდუმაშვილს, მას პოლიტიკური საქმიანობის შედარებით ნაკლები გამოცდილება აქვს და ეს შეიძლება მინუსადაც ჩავუთვალოთ, მაგრამ ეს მისი დანაშაული არ არის, რადგან სხვა სფეროში მოღვაწეობდა. მას ჯერ არ უმუშავია ისეთ თანამდებობაზე, რომ მენეჯერული თვისებები გამოევლინა. როგორც ჟურნალისტი, ის გახლდათ პროფესიონალი და თავის საქმეს მაღალ დონეზე უძღვებოდა. ასე აქცენტს იმიტომ ვსვამ, ვიფიქროთ, რამდენად შესაძლებელია, რომ ის იყოს კარგი მენეჯერი მერის პოსტზე. მეორე მხრივ, უდუმაშვილი ტელევიზიაში მუშაობის პროცესში თვალყურს ადევნებდა პოლიტიკურ მოვლენებს და საკმაოდ ინფორმირებული ადამიანია _ ეს არის მისი დადებითი მხარე.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, შეიძლება ითქვას, რომ მებრძოლი ადამიანია, „ქართული ოცნების“ სხვადასხვა წარუმატებლობას აკრიტიკებს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც ის ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა, ყველანაირად ცდილობდა, რომ მაშინდელი ოპოზიცია დაეცვა. მეც ვყოფილვარ მის გადაცემებში და დებატების დროს ის მხოლოდ მე მიწევდა ოპონირებას. წესით, დებატების დროს ჟურნალისტმა ორივე მხარეს უნდა გაუწიოს ოპონირება და ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს. ელისაშვილი, ამ შემთხვევაში, არ იყო ნეიტრალური ჟურნალისტი, საუბრობდა იმაზე, რომ ის იყო ივანიშვილის მხარდამჭერი და მისთვის სულ ერთი იყო, ვინ იდგა მის გვერდით. თუ ჭკვიანი ადამიანი ხარ, თავიდანვე უნდა გაათვითცნობიერო, ვინ ვინ არის. მისთვის ახლა გახდა ცუდი „ქართული ოცნება“ და ჩემი აზრით, მას გამჭრიახობა აკლია, რომ ეს ყველაფერი თავიდანვე გაეანალიზებინა.

თამარ ბატიაშვილი