ვინ არის მოსამართლე დიანა ფარქოსაძე, რომელსაც „ახალგაზრდა ადვოკატები“ სავარაუდო კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენას ედავება?!

სავარაუდო კორუფციული სამართალდარღვევის ფაქტზე „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დიანა ფარქოსაძეს პროკურატურასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უჩივიან. ამასთანავე, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მოსამართლე ქონებაჩამორთმეულ მოქალაქეთა სხვადასხვა საქმეზე გადაწყვეტილებების კოპირებას აკეთებს და მხოლოდ საქმის ნომერსა და აღწერილობას ცვლის.

ამ საკითხთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი _ არჩილ კაიკაციშვილი:

_ არჩილ, ბოლო დღეებია, მნიშვნელოვანი ხმაური გამოიწვია მოსამართლეების შეურაცხყოფის ფაქტებზე მოსალოდნელი სანქციების შემოღების საკითხმა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. ნაწილი ემხრობა ადმინისტრაციულ სანქციებს, ნაწილიც არ გამორიცხავს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხების გამკაცრებასაც. როგორ შეაფასებდით არსებულ დისკუსიას?

_ ჩვენ ყველანი ყურადღებით ვაკვირდებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემოთავაზებულ მსჯელობას, რომელიც სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისა და მოსამართლეების შეურაცხყოფის ფაქტებზე რეგულაციების მიღების საჭიროების საკითხს ეხება. ყურადღებით გავეცანი 26 აპრილის იუსტიციის საბჭოს განცხადებას, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დარღვევის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით წარმოდგენილ დოკუმენტს ეხებოდა. ჩვენ გულგრილად არ უნდა დავტოვოთ დოკუმენტში წარმოდგენილი გამონათქვამების ხარისხი და მიზანი, ვინაიდან ბევრი მათგანი ნამდვილად შეურაცხმყოფელია. ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი პროფესიის ადამიანის, ან ინსტიტუციის შეურაცხყოფა, ლანძღვა და დაუმსახურებელი კრიტიკაც კი. საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეთანხმდეს სამოქალაქო კულტურის სტანდარტზე. ამ თვალსაზრისით ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია სასამართლო სისტემის, ან ადვოკატთა კორპუსის შეურაცხყოფის დაშვება. ჩვენ ვართ მართლმსაჯულების განმახორციელებელი რგოლი და შესაბამისად, დემორალიზებულ სისტემაში შეუძლებელია ყველაზე მაღალი მიზნის _ ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. ეს არის ჩემი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, თუმცა ასევე მკაფიო პოზიცია მაქვს იმ მოლოდინებზე, რა უნდა დავუშვათ და რა _ არა. მინდა, ყურადღება მიაქციოთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის შემდგომ მღელვარება გამოიწვია იუსტიციის საბჭოს წევრებისა და ცალკეული მოსამართლეების საკითხის მიმართ დაფიქსირებულმა იმგვარმა პოზიციებმა, როდესაც საუბარი შეეხო სასამართლო სისტემისა და მოსამართლეთა შეურაცხყოფის ფაქტების შემთხვევაში, სანქციების შემოტანის საკითხმა და მათი უმრავლესობა ურთიერთსაწინააღმდეგოდ მიუთითებდა ადმინისტრაციული წესით თუ სისხლის სამართლებრივი წესით დასჯის მექანიზმებზე. მიმაჩნია, რომ საბჭოს წევრების ასეთმა წინადადებებმა და პრობლემის გადაწყვეტის ერთიანი ხედვის არარსებობამ გამოიწვია რეალური პრობლემების გადაფარვაც და ახლა საბჭოს წევრები თავისმართლების პოზიციაში ჩააყენა კიდეც. ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდა და გამონათქვამები, რომელიც გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში სასამართლოს შეურაცხყოფის ფაქტებად დასახელდა, ნამდვილად საგანგაშოა და ნამდვილად შეურაცხყოფს სასამართლოს. ეს არის ჩემი შეხედულება იმის მიუხედავად, თუ რა დამოკიდებულება შეიძლება მქონდეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი მოსამართლეების მიმართ. კატეგორიულად არ ვეთანხმები ყოფილი მოსამართლე თამაზ ურთმელიძის კონკრეტულ მსჯელობებსა და გადაწყვეტილებას, თუნდაც „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელზე თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართ, რომელიც გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში წარმოებულ დავას ეხება, თუმცა თამაზ ურთმელიძის მიმართ არასდროს გამჩენია განცდა, რომ „მონა მოსამართლეა“, ან „ასამარებს ქართულ სასამართლო სისტემას“, ან „დაკვეთა შეასრულა“. ახლაც მიმაჩნია, რომ ბატონი ურთმელიძე აღმოჩნდა უკიდურესად მიკერძოებული, როდესაც თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ორგანიზაცია ტოლერანტი უნდა ყოფილიყო პოლიტიკოსის მეუღლისა და მედია-გამომცემლის მიმართ. სამწუხაროდ, საბჭოს დოკუმენტში ძალიან ბევრი გამონათქვამია წარმოდგენილი, რომელიც ნამდვილად შეურაცხყოფს სასამართლო სისტემას და კონკრეტულ მოსამართლეებს, თუმცა არ მიმაჩნია, რომ მხოლოდ ერთი საქმის _ „რუსთავი 2“-ის საქმის წარმოების პროცესში გამოთქმული ეს მოსაზრებები, რომელიც დოკუმენტშია შეკრებილი, უნდა განზოგადდეს და საფუძველი გახდეს, დაწესდეს სანქციები და ამით პირდაპირ შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. სასამართლო ხელისუფლებაც მზად უნდა იყოს კრიტიკისთვის. ჩვენი კანონმდებლობა ზედმიწევნით კარგად განსაზღრავს და არეგულირებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში წარმოებული დავების პრაქტიკას. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია სასამართლოს კრიტიკის ფარგლებში, მისი ხარისხის მიუხედავად, სამართლებრივი პასუხისმგებლობა გახდეს კრიმინალიზებული, ან საკანონმდებლო დონეზე შემოიღონ ადმინისტრაციული სანქციები. მოსამართლეების მიმართ კრიტიკა არ უნდა შეიზღუდოს, ეს კი მათი შეურაცხყოფის გზითაც არ უნდა ხდებოდეს. მიმაჩნია, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ წინადადება უნდა დაზუსტდეს, თუ საბოლოოდ რას გვთავაზობენ. ამისთვის ჯერ ჩამოყალიბებული დოკუმენტი უნდა ვიხილოთ და საფუძვლიანი დასკვნების გაკეთების საშუალება მოგვეცეს. არსებული დოკუმენტის ცალკეული კომენტატორების აზრს თუ მოვუსმენთ, დღეს ცვლილების მიზანი გაცილებით მეტია, ვიდრე შეურაცხყოფისგან პროფესიის დაცვა _ საქმე ეხება კრიტიკის შეზღუდვას. ავტორებმა უნდა დაგვისაბუთონ, რასთან დაკავშირებით გახდა ეს ინიციატივა საჭირო. ცენზურას დემოკრატიულ საზოგადოებაში, ვფიქრობ, არ დაუშვებს და მხარდაჭერა არც ექნება პარლამენტის მხრიდანაც. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ჩვენთვის მკაფიო უნდა გახდეს, სად გადის გამოხატვის თავისუფლებასა და დასაშვებ კრიტიკას შორის ზღვარი, როდესაც საუბარი ეხება მოსამართლის, თუ მთლიანად სასამართლოს ზღვარგადასული შეურაცხყოფის ფაქტების არსებობას და მათზე მსჯელობას.

_ თქვენ ხართ არაერთი გახმაურებული საქმის ადვოკატი და იმ მოსამართლეებს ამხელთ, რომლებიც სისტემური დანაშაულის საქმეებზე კანონისა და სამართლის უზენაესობის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებენ. თუკი მედიამ სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა საჯარო არ გახადა, თუნდაც მწვავე ფორმით, ცალმხრივად თავად სასამართლო რამდენად დაადგება კეთილშობილების გზას?

_ ჩემი პროფესიული სტანდარტი პროფესიულ ეთიკაზე დგას. შესაბამისად, არც ერთი მოსამართლის მიმართ, რომელიც უკიდურესად სახელს უტეხს სასამართლოს, არც სასამართლო დარბაზსა და არც საჯარო სივრცეში, ჩემი არც ერთი გამონათქვამით, შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. მძაფრი კრიტიკა დასაშვებია. როდესაც სისტემას არგუმენტებითა და მტკიცებულებებით ელაპარაკები, საზოგადოება უკეთესად არჩევს, ვინ არის მართალი. ავიღოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ ქონებაზე დავა, ან ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის ლისის ტბის წართმევის საქმეზე საერთო სასამართლოებში მიღებული გადაწყვეტილებები. ისინი კრიტიკას ვერ უძლებს. რა თქმა უნდა, მედიამ უნდა გააშუქოს ყველა შემთხვევა და ფაქტებზე დაფუძნებული, უტყუარი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. მედიის ფუნქციაც საზოგადოების ზედმიწევნით ინფორმირების მოვალეობაა. ლანძღვა-გინების გარეშე პროფესიონალ ჟურნალისტებს შესანიშნავად გამოგდით პრობლემის დასმა და საჯარო ინტერესის შექმნაც. სასამართლო სისტემის, ცალკეული გადაწყვეტილებების კრიტიკული შეფასება აუცილებელია, ოღონდ საწინააღმდეგო აზრი არგუმენტებს უნდა ეფუძნებოდეს. იმისთვის, რომ მედიის მონაწილეობით სასამართლო უკეთესი გახდეს, აღნიშნული მიზანიც შესაძლებელია. ზოგადად მიმაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ იჩქარა, როდესაც შემუშავებული დოკუმენტი მედიის წარმომადგენლებს არ გააცნო და ამ მიმართულებით სამუშაო შეხვედრა არ დაგეგმა. მედიასთან ომი ყველაზე დამაზარალებელი პროცესია, რაც ხელისუფლების ყველა შტოსთვის გასაგები და გასათვალისწინებელი უნდა იყოს. ჯერ უნდა მოესმინათ მედიის წარმომადგენელთა მოსაზრებები და გონივრულად შექმნილიყო პრობლემის დასმისა და გადაჭრის საკითხი. მედია ქვეყანაში მეოთხე ხელისუფლებას წარმოადგენს და, პირველ ყოვლისა, ასეთი მიდგომებით სწორედ მედია ხდება განსაკუთრებული შეზღუდვისა და სანქცირების ქვეშ. ამიტომაც კარგად უნდა დავფიქრებულიყავით, ჟურნალისტური კორპუსის წარმომადგენლებთან კონფრონტაცია რა შედეგებისა და თვითზიანის მომყენებელი აღმოჩნდებოდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ალბათ, ამ პროცესში დაშვებულ შეცდომებზე იფიქრებს და კარგი იქნება, თუკი დოკუმენტი, რომელიც გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში სასამართლოს შეურაცხყოფის ფაქტების დადგენას მოემსახურება, ჟურნალისტური კორპუსის მონაწილეობით, ერთობლივად შეიქმნება.

_ როგორც ცნობილია, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ-ერთი მძლავრი კრიტიკა ეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დიანა ფარქოსაძის იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სწორედ საზოგადოებისთვის ორი რეზონანსული საქმის _ როლანდ ბლადაძისა და რამაზ ახვლედიანის სარჩელები. თქვენ აღნიშნეთ, რომ მოსამართლე სავარაუდო კორუფციულ გარიგებებშიც აღმოჩნდა და პროკურატურაში საჩივარი შეიტანეთ. რატომ არ რეაგირებს ამ საქმეზე პროკურატურა, ან იუსტიციის უმაღლესი საბჭო?

_ მოსამართლე დიანა ფარქოსაძე იმსახურებს კრიტიკას და საჯარო გაკიცხვას იმ გადაწყვეტილებების გამო, რომელიც როლანდ ბლადაძისა და რამაზ ახვლედიანის საქმეებზე მიიღო. პრაქტიკულად, ახვლედიანის გადაწყვეტილებაში გადმოტანილია ბლადაძის გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება. შეცვლილია მხოლოდ გადაწყვეტილების რეგალიები, საქმის ნომერი და აღწერილობითი ნაწილი. ამიტომაც მე მას ბოლო სხდომაზე, გადაწყვეტილების გამოტანის დროს, ვუთხარი, რომ შეურაცხყოფა მიაყენა მანტიას. 2017 წლის იანვარში პროკურატურაში, ხოლო 2016 წლის ოქტომბერში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საჩივრები წარვადგინეთ მოსამართლის სავარაუდო კორუფციული სამართალდარღვევის ფაქტზე მოკვლევის უზრუნველსაყოფად. ბოლო ინფორმაციით, პროკურატურა საქმეს იძიებს, ხოლო საბჭოდან გამოხმაურება არ გვაქვს. მოსამართლის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლის შემდგომ კვლავ პასუხგაუცემელი დარჩა კითხვები, თუ სად ცხოვრობს მოსამართლე დიანა ფარქოსაძე და რა ვითარებაში შეიძინა ოჯახმა ბინა თბილისში. როდესაც დიანა ფარქოსაძემ განიხილა და არ დააკმაყოფილა მოქალაქე როლანდ ბლადაძის სარჩელი, მოსამართლის ოჯახის მიერ შეძენილი უძრავი ქონება ემთხვევა პერიოდს, როდესაც დიანა ფარქოსაძე „პაპუაშვილის საქმეზე“ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდა. კერძოდ, დიანა ფარქოსაძემ 2016 წლის 5 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებით, არ დააკმაყოფილა გიორგი პაპუაშვილის საჩივარი 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე ყადაღის უზრუნველყოფის შესახებ და საჩივარი, საქმის მასალებთან ერთად, გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, ხოლო 2016 წლის 18 აპრილს მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ როლანდ ბლადაძის განმეორებითი მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე არ დააკმაყოფილა და გიორგი პაპუაშვილის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მიღებული წერილის თანახმად, მოსამართლე დიანა ფარქოსაძეზე არ გაიცემა საცხოვრებელი ბინის დაქირავებისთვის თანხა. მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის თანახმად, დიანა ფარქოსაძე რეგისტრირებულია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რატომ არ არის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაში მოსამართლის ამჟამინდელი საცხოვრებელი ფართის თაობაზე მითითება? ასეთი მითითება აუცილებელია, როდესაც მოსამართლე არ სარგებლობს სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ბინის დაქირავების უზრუნველყოფით. ორგანიზაციამ პროკურატურას მიმართა და მოითხოვა, დაიწყოს დიანა ფარქოსაძის ოჯახის მიერ შეძენილი უძრავი ქონების კანონიერების შესწავლა, ასევე მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მიერ სავარაუდო კორუფციული სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენა და დადგინდეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რა საფუძვლებით არ ანაზღაურდება დიანა ფარქოსაძის სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება თბილისის საქალაქო სასამართლოში? ორგანიზაცია პატივს სცემს მესაკუთრის უფლებებს და ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრის ამონაწერის უტყუარობის პრინციპითაც, თუმცა, იმავდროულად, ხელმძღვანელობს რეზონანსული საქმეების განმხილველი მოსამართლის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესით და საზოგადოების უფლებით, ფლობდეს ინფორმაციას, ჰქონდეს ვარაუდები, ეჭვები და მიმართავდეს კანონით დადგენილ ფორმას, ასეთი ეჭვების ნამდვილობის თუ გამორიცხვის თაობაზე. ჩვენი მიზანია, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელება, რომელიც იქნება ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული და პოლიტიკური გავლენებისგან ბოლომდე თავისუფალი.

 

თამარ ბატიაშვილი