ვინ აკონტროლებს სკოლებში ბულინგს?!

ბულინგი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმაა, რომელიც, ძირითადად, მოზარდ თანატოლთა შორის არის გავრცელებული და ერთი მხარის მიერ მეორის ჩაგვრითა და დაცინვით გამოიხატება. შეიძლება ერთი ბავშვი ძალადობდეს მეორეზე ან ჯგუფი _ ჯგუფზე, ან ჯგუფი _ ერთ კონკრეტულ ბავშვზე. ბულინგის მიზეზი კი შეიძლება გახდეს განსხვავებულობა, ფიზიკური ნაკლი და სხვა.

ბულინგი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. ის თავს იჩენს საგანმანათლებლო სისტემის სხვადასხვა ეტაპზე, თუმცა განსაკუთრებით გავრცელებულია სკოლებსა და სასკოლო ასაკში.
ბულინგში ხშირად ფიზიკური ზიანის მიყენებაზე უფრო სახიფათო ფსიქოლოგიური ზიანია. მოძალადის მიერ მსხვერპლის მიმართ გამოყენებული ფრაზები ხშირად ისე მტკივნეულად აღიქმება, რომ მსხვერპლის ისედაც მყიფე თვითშეგნება კიდევ უფრო ქვეითდება. სწორედ ეს იწვევს ფსიქიკაზე საკმაოდ უარყოფით ზეგავლენას, რაც სამომავლო პერსპექტივაში ცუდად აისახება არა მხოლოდ მსხვერპლზე, ასევე მოძალადეზეც.

– რა ფსიქოლოგიური ფენომენია ბულინგი?
– ყველაზე ხშირად რა არის სკოლებში თანატოლებს შორის ძალადობრივი დაპირისპირების მიზეზი?
ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“ ესაუბრება ბავშვთა ფსიქოლოგ თამარ ჩოჩიშვილს:
„ბულინგი ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში. იგი თითქმის ყოველი ეპოქის თანმდევი მოვლენაა, თუმცა ბულინგის პრობლემის აქტუალურობა განსაკუთრებით ბოლო ხანებში გაიზარდა.
ბულინგი არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ძირითადად სკოლებში გვხვდება.
ბულინგი არის ადამიანისთვის ზიანის მიყენების მცდელობა, განმეორებით ჩადენილი ნეგატიური ქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრავმას.
ბულინგი ერთგვარ სოციალურ მოვლენას წარმოადგენს, რომელიც სპეციალისტების მტკიცებით, ძირითადად, დამახასიათებელია ორგანიზებულ ბავშვთა კოლექტივისთვის, პირველ რიგში, ეს არის სკოლა. ბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოზარდი, თუმცა ბულინგის მსხვერპლნი უფრო მეტად ხდებიან რაიმე ნიშნით განსხვავებული ბავშვები, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, ეთნიკური თუ რელიგიური… ბულინგის მოტივაცია სხვადასხვაგვარია: შურისძიება, კონკურენცია, მიუღებლობა, მორჩილება…
ბავშვი-მსხვერპლი სხვებთან შედარებით არის უფრო პატარა და სუსტი, აშინებს ყოველგვარი კონფლიქტი თანატოლებს შორის, საფრთხის გაჩენის შემთხვევაში კი იწყებს ტირილს. ცდილობს, სკოლაში ყოფნისას მოერიდოს ხმაურიან თავშეყრის ადგილებს და დარჩეს კლასში შეუმჩნეველი.
ბავშვ-აგრესორს კი საპირისპირო თვისებები ახასიათებს: ის მუდმივად ცდილობს, უფროსად და ძლიერად გამოიყურებოდეს, ხშირად ეუხეშება მასწავლებლებს, მშობლებს, საკუთარ და-ძმას. თანატოლებთან ურთიერთობისას თავისი ძალის დემონსტრირებას ცდილობს, პრობლემების გადაჭრის დროსაც უპირატესობას ანიჭებს ძალისმიერ გზას. ბავშვ-აგრესორებს მაღალი თვითშეფასება აქვთ და თავიანთ გარემოში სოციალური უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ.
ბულინგი საკმაოდ სერიოზულ და მძიმე შედეგების მომტან პრობლემას წარმოადგენს. ძალადობის მსხვერპლი ბავშვი შეიძლება ხანგრძლივი დროის მანძილზე ვერ განიკურნოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური დაზიანებისგან. განიცდიდეს მუდმივ შიშს, შფოთვას, დამცირებას, მოჭარბებულ აგრესიასა თუ თვითშეფასების დაქვეითებას, რაც ნორმალური ფსიქიკის დეფორმაციის საფუძველი შეიძლება გახდეს“.

ბულინგი ოთხ ტიპად იყოფა:

1. ფიზიკური ბულინგი _ ბულინგის ყველაზე ძალადობრივი ფორმა, რომელიც გულისხმობს ფიზიკური ზიანის მიყენებას ან მის მცდელობას. მისი ფორმებია: ჩხუბი, თმის მოქაჩვა, პირადი ნივთების განზრახ დაზიანება და სხვ.;
2. ფარული ბულინგი _ ეს არის მორალური და ემოციური ძალადობის ფორმა, რომელიც პირდაპირ არ არის მიმართული ობიექტისადმი. მაგ.: ტყუილები, ჭორების გავრცელება, სხვა მოსწავლეებთან დამცირება, მოსწავლის სოციალურ იზოლაციაში მოქცევა და სხვ.;
3. ვერბალური ბულინგი _ არის ბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმა. ამ შემთხვევაში მოსწავლის დამცირება და მასზე ძალადობა ვერბალური ხასიათისაა. მისი ფორმებია: დაცინვა, შეურაცხყოფა, ღირსების შელახვა, დაშინება;
4. კიბერ-ბულინგი _ განსხვავდება ბულინგის სხვა ფორმისგან, რამეთუ ის სექსუალურ მიზნებს უკავშირდება, თუმცა ტრადიციული ბულინგის მსგავსად, შესაძლოა მოიცავდეს დამამცირებელი სახელების შერქმევას, თავდასხმასა და შანტაჟის სერიოზულ საფრთხეებს.
ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ბულინგის ზუსტი სტატისტიკური მონაცემები. ამას საკმაოდ ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც ბავშვზე ძალადობა ერთგვარ ნორმადაც კია ქცეული.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირებულმა ძალადობრივმა ფაქტებმა, რომელიც დაფიქსირდა საგანმანათლებლო სივრცეში, ბულინგის საკმაოდ მძიმე და საგანგაშო შედეგები ცხადყო.
პრობლემა, რომელზედაც ბევრი არ საუბრობს, აშკარად არსებობს და მძიმედაც აისახება სასწავლო პროცესებზე. თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ნაკლებად არსებობს კონტროლის მექანიზმი, რომელიც საგანმანათლებლო სფეროში ბულინგის მოვლენას შეისწავლის და დაარეგულირებს.
სწორედ ამაზეა საუბარი სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომლის მიხედვითაც, სკოლებში ბულინგის პრობლემა ძალიან ფართოდაა გავრცელებული, თუმცა საგანმანათლებლო სივრცეში არ არსებობს ბულინგის რეაგირებისა და შეტყობინების სისტემა.
კვლევა აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრისთვის რეკომენდაციებსაც აერთიანებს. მათ შორისაა სასწავლო გეგმის დახვეწა, სხვადასხვა საგანში ადამიანის უფლებების საკითხების ინტეგრირება, მოსწავლეების ანონიმურობის დაცვა ამ პრობლემებზე საუბრისას.

– რა კონკრეტულ მიგნებებს გვთავაზობს კვლევა?
– არსებობს თუ არა ბულინგის საკმაოდ კომპლექსური პრობლემის რეგულირების მექანიზმი?
ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“ ესაუბრება სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ხელმძღვანელ მედეა გუგეშაშვილს:
„სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული კვლევა ეხებოდა ადამიანის უფლებათა სწავლების შეფასებას საშუალო სკოლებში. კვლევის კონკრეტული ამოცანები იყო:
(ა) ეროვნული სასწავლო გეგმის ანალიზი ადამიანის უფლებათა სწავლების მიმართულებით;
(ბ) სასკოლო დონეზე მასწავლებელთა მიერ ადამიანის უფლებათა სწავლება, როგორც საგაკვეთილო, აგრეთვე კლასგარეშე აქტივობების, სადამრიგებლო საათისა თუ ზოგადი სასკოლო კულტურის ჩამოყალიბების მეშვეობით;
(გ) მასწავლებელთა კომპეტენცია და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა ადამიანის უფლებათა სწავლების მიმართულებით;
(დ) მოსწავლეთა ცოდნა, დამოკიდებულებები და უნარები ადამიანის უფლებების შესახებ;
(ე) მოსწავლეთათვის ინფორმაციის წყაროები და რესურსებზე წვდომა ადამიანის უფლებათა სწავლების მიმართულებით;
(ზ) სასკოლო გარემო ადამიანის უფლებათა მიდგომების ჭრილში.
კვლევამ აჩვენა ხარვეზებისა და პრობლემების არსებობა ზემოთ ჩამოთვლილ ყველა მიმართულებით, მათ შორის, სასკოლო გარემოს კუთხით. სასკოლო გარემოში, სხვა საკითხებთან ერთად, მოიაზრება ჩაგვრისა და ძალადობის საკითხი სკოლებში, თუმცა აღნიშნულის გამომწვევი მიზეზების დადგენა არ წარმოადგენდა მოცემული კვლევის მიზანს. ადამიანის უფლებათა განათლება კორელაციაშია ძალადობისა და შეუწყნარებლობის შემთხვევებთან, ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, თუმცა არა ერთადერთი. აღნიშნულის კვლევა საჭიროებს მულტიდისციპლინურ მიდგომასა და მრავალი ფაქტორის გაანალიზებას, ხოლო მოცემული კვლევა შემოიფარგლება ბულინგისა და ჩაგვრის პროცენტული მაჩვენებლის, ტიპოლოგიის, ჩაგვრის მეთოდებისა და საფუძვლების იდენტიფიცირებით.
სასკოლო გარემოს კვლევისას გაანალიზდა: სკოლის ადმინისტრაციის მექანიზმები ჩაგვრის შემთხვევათა რეგულირების სფეროში, რომლითაც გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:
ფორმალიზმი _ ზოგიერთი საკითხი გაწერილია პროცედურებში, თუმცა ამას ფორმალური ხასიათი აქვს (სასკოლო გარემოს მეშვეობით ადამიანის უფებათა სწავლების დაბალი მაჩვენებელი;
• ამ პროცედურების არსებობის შესახებ ნაკლები ინფორმირებულობა;
• დაბალი ნდობა მოსწავლეებში პროცედურებით და სასკოლო წესებით საკუთარი უფლებების რეალიზების თაობაზე.
დისკომფორტი სკოლაში სხვადასხვა მახასიათებლის გამო:
• გენდერული იდენტობის, ეთნიკურ-რელიგიური კუთვნილებისა და ენის, ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის, გარეგნობის, სექსუალური ორიენტაციის, აკადემიური მოსწრების გამო დისკომფორტის/არასასურველობის შესახებ მიუთითებს გამოკითხულთა არცთუ უმნიშვნელო ნაწილი _ 31.2%;
• მოსწავლეთა ამ ჯგუფის მეოთხედი (25%) არასასურველად/არაკომფორტულად ყოფნის 1-3 მიზეზს ასახელებს;
• მოსწავლეთა გარკვეული ნაწილის დეკლარირებული და რეალური მოსაზრებები განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგალითად, მოსწავლეები, რომლებიც უთითებენ, რომ „სკოლაში ყოფნა სასიამოვნოა“, ამავე დროს, აღიარებენ დისკომფორტის/არასასურველობის შეგრძნებას აკადემიური მოსწრების (82 შემთხვევა), გარეგნობის (69 შემთხვევა), სქესის (40 შემთხვევა), სოციალური მდგომარეობის (27 შემთხვევა), აღმსარებლობისა და რწმენის (26 შემთხვევა), ეთნიკური კუთვნილების (25 შემთხვევა), სექსუალური ორიენტაციის (15 შემთხვევა);
მოსწავლეთა ჩაგვრა და დაცინვა სხვადასხვა მიზეზით:
რასობრივი/ეთნოკულტურული კუთვნილების გამო _ 20%, სექსუალური ორიენტაციის გამო _ 12.1%, სქესობრივი კუთვნილების გამო _ 14.9%, რელიგიური კუთვნილების გამო _ 18.2%, შეზღუდული შესაძლებლობის გამო _ 19.7%, სოციალური სტატუსისა თუ მდგომარეობის გამო _ 22.7, გამოკითხულ მოსწავლეთა 49.3% მიუთითებს, რომ თავად გამხდარა ბულინგის მსხვერპლი; სხვა მოსწავლეების ბულინგის შემთხვევაზე აღნიშნავს შედარებით მეტი მოსწავლე _ 60.4%.
კვლევამ აჩვენა, რომ ბულინგის შემთხვევები უფრო მეტია დიდ კონტინგენტიან სკოლებში, მცირე ზომის სკოლებთან შედარებით, ასევე კერძო სკოლებში მოსწავლეები უსაფრთხო გარემოზე უფრო მეტად მიუთითებენ, ვიდრე ეს საჯარო სკოლების შემთხვევაშია.
მოსწავლეთა მიერ ბულინგის შემთხვევების შესახებ საუბრის მაღალი პროცენტული მაჩვენებლის საპირისპიროდ, სკოლების ადმინისტრაცია ცდილობს უარყოს ჩაგვრისა და დაცინვის ფაქტები სკოლაში (95-99%).
მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის შესწავლას არ მოიცავდა მოცემული კვლევა, თუმცა მოსწავლეთათვის შეკითხვაზე, თუ რა მოიმოქმედეს, როდესაც ჩაგვრის შემთხვევების შესახებ შეიტყვეს _ მანდატურისთვის ან მშობლისთვის ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მიუთითა გამოკითხულ მოსწავლეთა (სულ 960 მოსწავლე) 9.8%-მა, ხოლო მათგან, ვინც თავად გახდა ბულინგის მსხვერპლი, ამის შესახებ მშობელს ან მანდატურს აცნობა 4.7%-მა“.

კვლევამ ასევე გამოსცა გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც გულისხმობს მანდატურის ინსტიტუტის გაძლიერებას, ასევე მოსწავლეებისა და პედაგოგების ცნობიერების ამაღლებას ბულინგის თემაზე, სკოლების ადმინისტრაციის მიერ, ადამიანის უფლებათა შელახვის შემთხვევებზე რეაგირების წესებისა და სანქციების შემუშავებას.
სახალხო დამცველის აპარატი გეგმავს საკოორდინაციო როლის შესრულებას სხვადასხვა უწყების ჩართულობით, ზემოაღნიშნული რეკომენდაციების შესრულების მხარდაჭერის მიზნით.
ბულინგი ძალადობის განსაკუთრებით საზიანო ფორმაა და სკოლებში აუცილებელია პრევენციული პროგრამების შემოღება. ასევე საჭიროა სკოლებში ძალადობის უწყვეტი მონიტორინგი. მიზანშეწონილია სკოლის ფსიქოლოგების როლის გაზრდა და გადამზადება, რომელთაც უნდა შეეძლოთ ადეკვატური მხარდაჭერის გაწევა ძალადობის მსხვერპლთათვის.

– როგორია ბულინგის გავლენა მოზარდებზე?
– რა კონკრეტული მექანიზმით შეიძლება მოსწავლეების დაცვა ამ მძიმე პრობლემისგან?
„ქრონიკა+“ ამ საკითხებზე ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის იურისტ ანა თავხელიძეს:
„ყველაზე ხშირად სკოლებში ბულინგის მიზეზი ხდება საზოგადოებაში ცნობიერების დაბალი დონე. ბავშვები ქცევას სწავლობენ უფროსებისგან. როდესაც ისინი ხედავენ, რომ ოჯახში სიძულვილის ენით საუბრობენ, უფროსები ერთმანეთს ჩაგრავენ, მასწავლებელი დისკრიმინაციულ მიდგომებს ამჟღავნებს მათ შორის ბავშვებისადმი და ა. შ., მათთვის მისაღებ ქცევად აღიქმება სხვისი დაჩაგვრა და შემდგომში თავადაც იგივეს აკეთებენ.
სამწუხაროდ, სახელმწიფოს ჯერ არ აქვს ბულინგისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმი. ამიტომ ბავშვები მინდობილნი არიან კონკრეტული მასწავლებლის, მანდატურის ან მშობლის გულისხმიერებას, რომ ისინი პირველ რიგში შეამჩნევენ და შემდეგ სათანადო ზომებს გაატარებენ. ეს ხდება ალბათ ძალიან მცირე შემთხვევაში.
მანდატურს შეუძლია დიდი როლი ითამაშოს ბულინიგს წინააღმდეგ ბრძოლაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას აქვს სათანადო ცოდნა და უნარ-ჩვევები.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობს ამ საკითხზე, თუმცა კონკრეტულ შედეგებს, ჯერჯერობით, ვერ ვხედავთ. ბულინგის პრობლემა სწრაფად ვერ მოგვარდება, ამას სჭირდება სხვადასხვა უწყების კოორდინებული მუშაობა. უპირველეს ყოვლისა, კომპეტენტური უნდა იყოს ყველა ის პირი, ვისაც შემხებლობა აქვს ბავშვთან, განსაკუთრებით საგანმანათლებლო დაწესებულებებში. კომპეტენცია გულისხმობს როგორც სათანადო ცოდნისა და უნარ-ჩვევების ფლობას, ასევე მგრძნობიარე დამოკიდებულებას. მაგალითად, თუ მასწავლებელი თავად ამჟღავნებს დისკრიმინაციულ მიდგომას, ის ვერ მოახდენს ბულინგის ფაქტზე სათანადო რეაგირებას“.

ბულინგი _ სასკოლო ოინი თუ კომპლექსური პრობლემა, რომელიც ყურადღებასა და რეაგირებას საჭიროებს?
დავა ამ ძირეულ საკითხებზე დღემდე აქტუალურია, შედეგები კი საკმაოდ საგანგაშო და სახიფათოც კი ხდება.
სანამ საზოგადოების ნაწილი იმაზე მსჯელობს, არის თუ არა ბულინგი პრობლემა მოზარდების გარემოცვაში, ყოველდღიურად იზრდება სკოლებში ძალადობის ფაქტები, სამომავლო პერსპექტივა კი ამ კუთხით არც ისე სახარბიელოა.

ანა ურუშაძე