ვენეციის პირველადი მათრახი – უნდა გადადგეს თუ არა პრეზიდენტი არჩევითობის გადასარჩენად?

ვენეციის კომისიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ დალაგებული კიდევ ერთხელ აურია. მართალია, ჯერ წინასწარი დასკვნით, მაგრამ პოლიტიკური ვითარების შესაჯანჯღარებლად ესეც საკმარისი აღმოჩნდა.

რამდენიმე დღის წინათ ვენეციის კომისიამ თავისი შენიშვნები საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობას გამოუგზავნა. როგორც პარლამენტის ახალგაზრდა თავმჯდომარე ირწმუნება, პირველადი რეკომენდაციების ადრესატი მხოლოდ ის და პრეზიდენტი იყვნენ. მეტს არავის დედამიწის ზურგზე ეს „საიდუმლო“ დოკუმენტი არ უნდა ენახა. თუმცა მოხდა ისე, რომ დოკუმენტის მოპოვება არც ოპოზიციას გასჭირვებია და არც _ ჟურნალისტებს. შესაბამისად, გასული კვირის ბოლოს ვენეციის კომისიის შენიშვნები და რეკომენდაციები, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საზოგადოების განსჯის საგანი გახდა.

დასკვნის გასაჯაროებაში ირაკლი კობახიძემ, რა თქმა უნდა, მაშინვე პრეზიდენტი მარგველაშვილი დაადანაშაულა და კიდევ ერთხელ დასდო ბრალი დესტრუქციულ ქმედებებში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. თავის მხრივ, კობახიძის ბრალდებები კატეგორიულად უარყო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და მეტიც, განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის ე. წ. პირველადი დასკვნა პრეზიდენტს საერთოდ არ მიუღიაო.

სანამ პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი გაარკვევენ, თუ ვისგან გაჟონა საიდუმლო ინფორმაციამ და ვინ მიაწოდა ვენეციის დასკვნა ოპოზიციას და მედიას, გეტყვით, რომ არავითარი კონსპირაციული შეთქმულების თეორიების ხლართვა საჭირო არაა. ოპოზიციურმა პარტიებმაც და შემდეგ მედიამაც ვენეციის კომისიის პრველადი დასკვნა იმავე ვენეციის კომისიიდან მიიღეს. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ თუ კობახიძეს დოკუმენტი პირადად, კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიომ გამოუგზავნა, ოპოზიციას დასკვნა კომისიის შედარებით რიგითმა თანამშრომლებმა „გადმოუგდეს“ მეილებზე. ვენეციის კომისია ისეთივე ბიუროკრატიული ორგანიზაციაა, როგორც ნებისმიერი სხვა და მასში ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები მუშაობენ, როგორც სხვაგან, რომლებსაც ნაცნობ-მეგობრები ჰყავთ და, მათ შორის, საქართველოშიც. ასე რომ, თუ მაინცდამაინც განტევების ვაცია საძებნელი, უმჯობესია, კობახიძემ ის იტალიაში ეძებოს.

რაც შეეხება თავად დასკვნას, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯერ არასდროს ვენეციის კომისიის დასკვნა, საქართველოდან გაგზავნილ კანონპროექტებთან დაკავშირებით, არ ყოფილა ასეთი მკაცრი და მკაფიო (ორმაგი წაკითხვის შესაძლებლობების გარეშე). დასკვნაში გაკრიტიკებულია ხელისუფლების ზუსტად ის ინიციატივები, რომლებზედაც მეექვსე თვეა, ამდენი ხმაური და კამათი მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ ეს დასკვნა ოპოზიციამ თავის აქტივში ჩაიწერა და განაცხადა, რომ ვენეციის კომისია ოპოზიციური პარტიების ერთობლივ წერილს დაეყრდნო, რომელიც კომისიაში ორი კვირის წინათ გაიგზავნა და სადაც დეტალურად იყო აღწერილი ის პრობლემები, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებსა და კერძოდ, საარჩევნო სისტემას ეხებოდა.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დასკვნაში ნათქვამია, რომ სამი კომპონენტი ერთად, _ ანუ გადაუნაწილებელი მანდატების ერთი პარტიისთვის მიკუთვნება, ბლოკების გაუქმება და ბარიერის არდაწევა, _ ესაა პოლიტიკური ოპოზიციისთვის მდგომარეობის უკიდურესად გართულება და მმართველი პარტიის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება. ეს სამი კომპონენტი ერთად არც ერთი ცივილიზებული ქვეყნის საარჩევნო სისტემაში არ არსებობს. გარდა ამისა, კომისია გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით გვთავაზობს სამ რეკომენდაციას:

  1. გადაუნაწილებელი მანდატები გადანაწილდეს პროპორციულად იმ პარტიებს შორის, რომლებიც საარჩევნო ბარიერს გადალახავენ;
  2. დაწესდეს მანდატების ზედა ზღვარი;
  3. ალბათ, ყველაზე ეფექტიანი გზა სამართლიანი სისტემის შესაქმნელად: საარჩევნო ბარიერმა დაიწიოს 3 ან 2 პროცენტამდე.

გარდა ამისა, ვენეციის კომისია თავის რეკომენდაციებში პრინციპულად აყენებს კონსენსუსის აუცილებლობის საკითხს. ეს კი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების გაგრძელებას ნიშნავს.

ვერ გეტყვით, ელოდა თუ არა ხელისუფლება ასეთ მკაცრ დასკვნას, მაგრამ მათი პირველი რეაქციები სრულიად არაადეკვატური რომ იყო, ეს ფაქტია. „ოცნების“ ყველა წარმომადგენელი, აშკარად საერთო დირექტივით, აცხადებდა, რომ ესაა მათთვის იდეალური დასკვნა და რომ ისინი სწორედ ასეთ დასკვნას ელოდნენ ვენეციიდან და ა. შ. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ დასკვნაში მართლაცაა პოზიტიური შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ, როგორც იქნა, საქართველო უარს ამბობს მაჟორიტარულ-პროპორციულ, შერეულ სისტემაზე და გადადის მთლიანად პროპორციულ სისტემაზე. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ პროპორციული სისტემას მოყოლებული დათქმები კომისიისთვის ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია.

როგორც მოსალოდნელი იყო, შემოთავაზებული სამი რეკომენდაციიდან  ხელისუფლება სწორედ იმას ჩაებღაუჭა, რომელიც ყველაზე ნაკლებად შეცვლის არსებულ უსამართლობას. ესაა რეკომენდაცია ზედა ზღვარის დაწესებასთან დაკავშირებით. მეტიც, „ოცნებამ“ მეორე დღესვე გამოაცხო შესაბამისი ინიციატივა. კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ზედა ზღვარი იქნება 90 სადეპუტატო მანდატი, ხოლო ქვედა ზღვარი _ 40%, ანუ პარტია, რომელიც მიიღებს ამომრჩეველთა ხმების  40%-ს, ან მეტს და გავა პირველ ადგილზე, მას კანონი ავტომატურად მიაკუთვნებს 90 მანდატს. ასე რომ, რეალურად, არაფერი იცვლება, _ პირველ ადგილზე გასული პარტია ისევ უამრავ დაუმსახურებელ მანდატს მიისაკუთრებს. დავუშვათ, რომ პარტიამ მიიღო ხმების 40% და გავიდა პირველ ადგილზე, ეს ნიშნავს, რომ მან 150-კაციან პარლამენტში მიიღო 60 მანდატი. მაგრამ კანონი მას 90 მანდატს ჩუქნის, ანუ 30 მანდატი ბონუსად უნდა მიიღოს პარტიამ, რომელსაც ამომრჩეველთა ნახევარიც არ ენდობა. მაშინ, იქნებ, ვინმემ აგვიხსნას, სადაა განსხვავება იმ ვარიანტთან, ყველა გადაუნაწილებელი მანდატი გამარჯვებულს რომ უნდა წაეღო? არადა, პარლამენტის თავმჯდომარე იხტიბარს არ იტეხს და გვიმტკიცებს, რომ ზედა ზღვარის დაწესების შემდეგ ბონუსი, ანუ დაუმსახურებელი მანდატების რაოდენობა, ერთნიშნა ციფრს არ გადააჭარბებსო. თუმცა ამაზე დავა დღეს არ ღირს, რადგან ირაკლი კობახიძემ არაერთხელ დაუმტკიცა მთელ ქვეყანას, რომ მათემატიკაში სერიოზული პრობლემები აქვს.

ბონუსების თემა მხოლოდ ერთ-ერთი პრობლემაა, რომელიც აზრს უკარგავს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. ძალიან მნიშვნელოვანია ბლოკების გაუქმების საკითხიც, რომლის შედეგადაც პარტიებს გაერთიანებისა და  გაძლიერების ყველანაირი შესაძლებლობა მოესპობათ, რაც ყველა არჩევნების წინ უმნიშვნელოვანესი ბერკეტია ოპოზიციისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოში ყველა ხელისუფლება ხელისუფლებაში ბლოკით მოვიდა და ბლოკების აკრძალვა დღეს „ოცნების“ მხრიდან აშკარა შიშს წარმოაგენს იმისა, რომ მასაც რომელიმე პოლიტიკური ბლოკი გაისტუმრებს ხელისუფლებიდან. მართალია, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში უშუალოდ ბლოკების შესახებ არაა საუბარი, მაგრამ ბარიერის 3 ან 2 პროცენტამდე დაწევა აღნიშნული პრობლემის ერთგვარი დაბალანსებაა. ევროპული პრაქტიკით, იქ, სადაც აკრძალულია ბლოკის შექმნა, საარჩევნო ბარიერი საერთოდ არ არსებობს, ან ეს ბარიერი ძალიან დაბალია. ეს კი უზრუნველყოფს იმას, რომ პარტიებს გაცილებით მეტი შანსი უჩნდებათ მოხვდნენ პარლამენტში და თითქმის აღარ იკარგება ამომრჩეველთა ხმები, რომელთა რაოდენობა, მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 360 000 იყო.

ერთი სიტყვით, ქართულმა საზოგადოებამ, თითქმის, სრულად იცის, რა პოზიცია აქვს ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ესაა არაოფიციალური და პირველადი დასკვნა. ვენეციის კომისიაში სხდომა 16 ივნისსაა ჩანიშნული და ოფიციალური დასკვნა 17 ივნისამდე არ იქნება. გამორიცხული არ არის, რომ კომისიამ დამატებითი რეკომენდაციები ჩაწეროს მასში. ხელისუფლება კი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ სანამ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა არ დაიდება, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას არ დავიწყებო. თუმცა როგორც უკვე არაერთხელ დავრწმუნდით, „ქართული ოცნების“ დაპირებებს ფასი არ აქვს, რადგან ისეთი სისწრაფით ცვლიან მოცემულ დაპირებებს, რომ ვეღარც გაიგებ, რომელი იყო თავდაპირველი. ამ შემთხვევაშიც ზუსტად ასე მოხდა _ საპარლამენტო კომიტეტებში საკონსტიტუციო განხილვები მანადე დაიწყო, სანამ თუნდაც ეს პირველადი დასკვნა დაიდებოდა.

როგორც ვხედავთ, „ოცნეში“ ძალიან უცნაური დამოკიდებულება აქვთ სიტყვა დალოდებასთან დაკავშირებით. დალოდება ნიშნავს, რომ ხელისუფლება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას პარლამენტში, რაც ვენეციის კომისია საბოლოო დასკვნას გამოგვიგზავნის და მასში გამოთქმულ რეკომენდაციებს ხელისუფლება, დაპირებისამებრ, დააკმაყოფილებს.

„ოცნებაში“ საკუთარი დაპირებების შესრულებასა და დასკვნის დალოდებას სხვაგვარად ხსნიან. ფაქტია, რომ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ივნისის პირველი რიცხვებიდანვე დაიწყო. რეკომენდაციების შემდეგ საკონსტიტუციო პაკეტში რაიმე ძირეული ცვლილება რომ განხორციელდეს, ამ კომიტეტებმა თავიდან უნდა მოიწვიოს სხდომა და თავიდან უნდა განიხილოს საკითხი?.. რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, „ოცნებაში“, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვთ, რომ არავითარ ცვლილებას არ გაატარებენ, შესაბამისად, ხელახალი სხდომების ჩატარებაც კომიტეტებს აღარ მოუწევს. კითხვაზე, _ ეს რაღა დალოდებაა?!. „ოცნება“ გვპასუხობს, _ ჩვენ ვიგულისხმეთ, რომ საკითხს პარლამენტის სხდომაზე, კომისიის საბოლოო დასკვნამდე არ გავიტანდით, თორემ რა მოხდა, კომიტეტებზე რომ განვიხილოთო.

გასული კვირის დასაწყისში ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ ხელისუფლება ვენეციის კომისიის დასკვნის დალოდებას საერთოდ არ აპირებდა და ივნისში არა მხოლოდ კომიტეტების მოლევას, არამედ ორი მოსმენით კენჭისყრის ჩატარებასაც გეგმავდა. ყველაფერი, ალბათ, ასეც მოხდებოდა, რომ არა ზარი ამერიკიდან, კონკრეტულად კი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკმა ზედმეტად აჩქარებულ ირაკლი კობახიძეს ცივი წყალი გადაასხა და მუხრუჭის მოძებნა ურჩია. ქალბატონი ბრინკის განცხადებით, მნიშვნელოვანი იქნება, თუკი საკონსტიტუციო ცვლილებები ვენეციის კომისიის დასკვნამდე არ მიიღება. ამის შემდეგ ახალგაზრდა პარლამენტის თავმჯდომარეს იმის თქმა მოუწია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნამდე საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე არ გავა. თუმცა არაფერი თქმულა იმის შესახებ, კომისიის რეკომენდაციები შესრულდება თუ არა.

რაც უფრო მწვავე იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა და რაც უფრო დაუმძიმდება მდგომარეობა „ქართულ ოცნებას“, მით უფრო გაიზრდება ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციისა და არა მხოლოდ ოპოზიციის შანტაჟის მცდელობა. ამის არაერთი მცდელობა „ოცნებამ“ უკვე გვაჩვენა. კერძოდ, გასულ კვირას სწორედ ასეთი შანტაჟის მცდელობა იყო პრეზიდენტთან დაკავშირებით. დღის წესრიგში კვლავ აქტიურად დადგა საკითხი პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებით 2018 წელს. ამან კი, თავის მხრივ, კვლავ აქტუალური გახადა კითხვა, _ უნდა გადადგეს თუ არა პრეზიდენტი?.. მარგველაშვილის მიმართ ასეთი მოწოდებები გახშირდა. პოლიტიკური პარტიები ისეთი დაჟინებით ითხოვენ მარგველაშვილის გადადგომას, თითქოს ქართული პოლიტიკის ბედი სწორედ ამაზე იყოს დამოკიდებული. ზოგი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გადარჩენას უკავშირებს; ზოგისთვის ეს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გაპრეზიდენტების შანსია; ზოგიც ამაში მხოლოდ პოლიტიკური პროცესის ადუღებას ხედავს და ა. შ.

და მაინც, რატომ უნდა გადადგეს მარგველაშვილი? პირველი ის, რომ ხუთი წლით მაინც გადავარჩინოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი სამასკაციანი ხმოსნებისგან. ანუ მოსახლეობას საშუალება მიეცეს, კიდევ ხუთი წელი, პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი ჰყავდეს. პროცედურულად, თუ მარგველაშვილი დღეს დაწერს განცხადებას გადადგომის თაობაზე, კონსტიტუციის მიხედვით, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2 თვეში უნდა ჩატარდეს. ანუ „ოცნება“ ვერ მოასწრებს საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმებას. მარტივად რომ ვთქვათ, მარგველაშვილს დასწრებაზე თამაშს სთავაზობენ, რათა კონსტიტუციური ცვლილებების ძალაში შესვლამდე უკვე გვყავდეს ხალხის მიერ ახლად არჩეული პრეზიდენტი. ამ გეგმას, რა თქმა უნდა, თავისი ლოგიკა აქვს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“, უფრო ზუსტად კი ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი უკვე შემდგომ, ანუ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზევე შეიცვალოს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, სრული გაურკვევლობაა. ბოლო სამი თვის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე და მისი გუნდი დაჟინებით გვიმტკიცებდნენ, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს მხოლოდ 2023 წლის არჩევნებისთვის გავაუქმებთო, მომავალ წელს კი ისევ ხალხს ავარჩევინებთო. მიუხედავად იმისა, რომ დათქმა 2023 წელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო პროექტში არ მოხვდა, ხელისუფლების წარმომადგენლები მაინც დაჟინებით გვიმტკიცებდნენ, რომ ჩვენ რაც ვთქვით, მაგას წყალი არ გაუვაო. როგორც იტყვიან: ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს… და ეს ბოლო, სწორედ, ის ბოლო განცხადებებია, რომელსაც ბოლო რამდენიმე დღეა, პარლამენტის ახალგაზრდა თავმჯდომარე და „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე აკეთებენ.

გთავაზობთ მცირე ამონარიდებს მათი განცხადებებიდან.

ირაკლი კობახიძე: „უმრავლესობაში სერიოზული წინააღმდეგობაა იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალ წელს პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდეს“;

აი, კიდევ: „ჩვენ ვთქვით, რომ კომპრომისის საფუძველზე შეგვეძლო დაგვეტოვებინა პირდაპირი წესი მომავალი წლისთვის, ასევე პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით, რომელიც მოქმედ პრეზიდენტს უკავშირდება. არსებული მოვლენების გათვალისწინებით, კომპრომისმა აზრი დაკარგა“.

იგივე პათოსია ფრაქცია „ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განხადებებში: „როდესაც კომპრომისს აზრი ეკარგება, მაშინ შესაძლებელია, პირდაპირ გადავიდეთ იმ სისტემაზე, რაც სწორია კლასიკური გაგებით საპარლამენტო მოდელისთვის“.

ბუნებრივია, ასეთი განცხადებები თავდაყირა აყენებს „ოცნების“ ლიდერების თავდაპირველ განცხადებებს 2023 წელთან დაკავშირებით. ასეთი არათანმიმდევრულობა ნათლად წარმოაჩენს ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული დაპირებების არასერიოზულობას და არასანდოობას. ამას ჰქვია პოლიტიკური შანტაჟი, როცა ხელისუფლება ცდილობს, დააშანტაჟოს ოპოზიცია, განსხვავებულად მოაზროვნე საზოგადოების წევრები და რაც მთავარია, დააშანტაჟოს ვენეციის კომისია, რომლისთვისაც პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი მხოლოდ იმ შემთხვევაშია მისაღები, თუ  ცვლილება ხუთი წლის შემდეგ განხორციელდება და, იმავდროულად, საპარლამენტო არჩევნების სისტემა იქნება დემოკრატიული და მაღალი პოლიტიკური კონსენსუსის მეშვეობით მიღებული. ანუ ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ თუ პრეზიდენტი აღარ იქნება პირდაპირი წესით არჩეული, მაშინ პოლიტიკური ბალანსი ქვეყანაში საარჩევნო სისტემამ და ძლიერმა ოპოზიციამ უნდა უზრუნველყოს.

2018 წელთან დაკავშირებით „ოცნების“ ლიდერების ამ ბოლო განცხადებებს თუ გავითვალისწინებთ, ნამდვილად არაა გამორიცხული, მომავალ წელს პრეზიდენტი ხმოსანთა კოლეგიამ აირჩიოს, ანუ მივიღოთ ხელისუფლების დანიშნული, ჯიბის პრეზიდენტი. ასეთ ვითარებაში ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო, პრეზიდენტი მარგველაშვილი რეალურად დაფიქრებულიყო გადადგომისა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე. აქტიურად ფიქრი პრეზიდენტმა უნდა დაიწყოს მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით გამოვა. თუ კანონპროექტში 2023 წელთან დაკავშირებით არაფერი იქნება ნათქვამი, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ გადაწყვიტა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება 2018 წლიდან და ერთადერთი გზა მათთვის ხელს შესაშლელად მარგველაშვილის გადადგომა რჩება. გარისკავს კი ასეთ რადიკალურ ნაბიჯს მარგველაშვილი?.. ძნელი სათქმელია. ჯერჯერობით მის ხელში გაშიშვლებული ხმალი არავის უნახავს. ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, რისი კეთება უნდა მარგველაშვილს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ? თუ პოლიტიკური კარიერის დასრულება და დუშეთში, ჰამაკში ქანაობა უნდა, მაშინ არ გადადგება და ბოლომდე მიიყვანს თავის საპრეზიდენტო ვადას, 2018 წლის ნოემბერში კი დაგვემშვიდობება და, ალბათ, კარგა ხანს მის შესახებ ვეღარაფერს გავიგებთ; მაგრამ თუ მარგველაშვილის გეგმებში პოლიტიკური კარიერის გაგრძელება შედის, მაშინ ამაზე უკეთესი შანსი, გახდეს დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, მას აღარ მიეცემა. გადადგომით და ვადამდელი არჩევნების დანიშვნით მარგველაშვილი ქართული პოლიტიკის სპარტაკი გახდება, რომელიც თავის პატრონს აუჯანყდა და მის წინააღმდეგ გაილაშქრა. ეს, რა თქმა უნდა ხუმრობით, სერიოზულად კი, ასეთი ნაბიჯის შემდეგ, მარგველაშვილი „ბიძინას ხათრით“ არჩეული პრეზიდენტისგან ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ლიდერად გადაიქცევა. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგი ამ ვადამდელ, საპრეზიდენტო არჩევნებს აუცილებლად მოიგებს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური ოპონენტის ადგილს ნამდვილად დაიმკვიდრებს.

 

დემნა ვეშაპიძე