ვახტანგ მაისაია: „ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია!“

საქართველოს საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ექსპერტი სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებში, ვახტანგ მაისაია:

_ ბატონო ვახტანგ, საქართველომ 2017-2020 წლების „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის“ დოკუმენტი მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან მზარდი მილიტარიზაცია ზრდის სამხედრო აგრესიის განახლების რისკს, კრემლი განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს „რბილი ძალის“ ელემენტების გაძლიერებაზე იმისთვის, რომ უზრუნველყოს სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება, პრორუსული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების გაძლიერება და მოახდინოს დასავლური საგარეო-პოლიტიკური კურსის დისკრედიტაცია. როგორ შეაფასებდით თავდაცვის სტრატეგიულ დოკუმენტს?

_ ეს არის ნატოს მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი, რომ კიდევ უფრო მიგვეღწია მათთან თავსებადობისთვის, გამოკვეთილიყო თავდაცვის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რამდენად აისახება თავდაცვის პოლიტიკა რეალობაზე, რომ ჩვენი ნატოელი მოკავშირეებისთვის შესაძლებელი ყოფილიყო ინტერპრეტაციის გაკეთება, დამატებით კიდევ რომ მომხდარიყო თავდაცვის უფრო კონცეპტუალური საფუძვლების შემუშავება. ამ დოკუმენტის შექმნა საქართველომ დაიწყო მაშინ, როდესაც ნატოსკენ აიღო გეზი. 2003-2004 წლებში გამოვიდა თავდაცვის მიმოხილვის პირველი ვარიანტი, ეს არის მორიგი დოკუმენტი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს 3-წლიან ხედვებს ითვალისწინებს _ როგორ ესახებათ თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტების წარმოჩენა ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით? დოკუმენტი ორიგინალურობით გამოირჩევა-მეთქი, ვერ ვიტყვი. იგი მოითხოვს გაშალაშინებას და ჩამოყალიბებას, რაღაც ნაწილებში აღრეულია პრიორიტეტული მიმართულებები და დეფინიციებიც კი არ არის ასახული ისე, რომ თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმარების პრინციპებს შეესაბამებოდეს. ერთ სქემაში ნახსენებია, რომ ჯერ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია დგინდება, მერე საფრთხეებისა და რისკების იდენტიფიკაცია და მერეა წარმოჩენილი სხვა კატეგორიები. ამ დროს პირიქით უნდა იყოს, _ ჯერ უნდა წარმოჩინდეს საფრთხეების პრიორიტეტი, კლასიფიკაცია და მერე უნდა განისაზღვროს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია. ასეა ლოგიკური. ერთ ვარიანტში სამხედრო ინჟინერია წარმოადგენს კონტრმობილურობას _ სამხედრო-საინჟინრო პოტენციალის განვითარებას და ვერ გავიგე, საინჟინრო მიმართულების განვითარება როდის აქეთ გახდა კონტრმობილურობა?! როგორც ჩანს, ავტორებმა გარკვეული ცნებები აურიეს და კონტრმობილურობაში იგულისხმეს, რომ სამხედრო-საინჟინრო ტექნოლოგიების მეშვეობით შეაჩერებენ მოწინააღმდეგის შეტევას. მაშინ უნდა დაფიქსირებულიყო, რომ ეს არის მოწინააღმდეგისა და არა ჩვენი შეიარაღებული ძალების. წერია, რომ შეიარაღებული ძალების მობილურობის გარდა, ასევე, საინჟინრო შესაძლებლობების განვითარება უნდა მიესადაგებოდეს მობილურობის თავსებადობის პრინციპს და არა პირიქით. თუ პირველად გიწერია, რომ მობილურობაა მთავარი და მერე კონტრმობილურობა გიწერია და მისი თანხვედრა შესაძლებლობების განვითარებაზე, მაშინ გაუგებარია, რაზეა საუბარი? ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო არეული ტერმინოლოგია ძალიან ბევრია, წყლის ეფექტი უფრო არის, ვიდრე ის, რომ დოკუმენტი ყოფილოყო შექმნილი მართლა კონცეპტუალური მხარის გასაძლიერებლად. ერთგან წერია, _ ტოტალური თავდაცვა. ამ დოკუმენტში არ არის მოცემული განმარტება, ისევე როგორც სხვა დოკუმენტებში, და გაურკვეველია, რას მოიცავს ტოტალური თავდაცვა? წერია, რომ უნდა შეიქმნას შესაბამისი მობილური სარეზერვო ძალების სისტემა და ამ დროს სამინისტროს სამხედრო და სარეზერვო პრინციპი არ არის ახსნილი, განუმარტებელია ტერიტორიული თავდაცვის სისტემა. წერია, რომ, თურმე, სამხედრო გავლილი ადამიანები ამ რეზერვის შემადგენელი ნაწილი არიან. ეს ნონსენსია, რაც იმას ნიშნავს, დაწერო, რომ ორჯერ ორი ოთხია. ბუნებრივია, სარეზერვო სამსახურში უნდა ჩაითვალონ ის მოქალაქეები, რომელთაც სამხედრო-სავალდებულო სამსახური გაიარეს, ბუნებრივია, რომ ისინი ავტომატურად ხდებიან სარეზერვო ძალების ნაწილი. არ არის ახსნილი სარეზერვო ძალების სტრუქტურული მიდგომები, ასაკობრივი ინტერვალები, როგორ მიესადაგება იმ საფრთხეების აღკვეთას, რომელიც საქართველოს წინაშე დადგება, სამხედრო და არა პოლიტიკური უსაფრთხოების კუთხიდან გამომდინარე; სიტყვა არ არის ნათქვამი სამხედრო სტრატეგიაზე თავდაცვის მიმოხილვასთან მიმართებით. უცნაური ელემენტია, რომ საქართველოს რეგიონი უნდა იყოს პირდაპირი პირველწყარო შეიარაღებული ძალების კონცეპტუალური განვითარებისა და მათი არეალის განსაზღვრისა; არ არის ნახსენები, თავდაცვის როგორი სისტემა უნდა ჰქონდეს ქვეყანას, რომ დაიცვას კონკრეტული სამხედრო საფრთხეებისგან, ეს ძალიან ზოგად კონტექსტშია ნახსენები. ასეთ დოკუმენტებს სტაჟიორებიც არ წერენ. რას ნიშნავს სიტყვა: „კრემლის მიერ“ _ ნატოს მოკავშირეების შედგენილ ასეთ ოფიციალურ დოკუმენტში არ მესმის? როდესაც ამ დოკუმენტში ხმარობ სიტყვა „კრემლს“, ალბათ, ეს არის ჩვენი მოკავშირეების დაცინვა და შავი იუმორი! დაწერე რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ხელმღვანელობა. მაშინ დავწეროთ „თეთრი სახლი“ და ა. შ. ამ დოკუმენტის მიმართ ასეთი არასერიოზული კუთხით მიდგომა, სულ ცოტა, ღიმილს იწვევს. გასაგებია, რომ რუსეთის სამხედრო მზაობა და განვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საფრთხეს ქმნის, მაგრამ როგორ, რა კონტექსტში ქმნის, რა თანმდევი ელემენტები აქვს?!. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი გამიზნულია საქართველოს შეიარაღებული ძალების კიდევ უფრო მეტი რესტრუქტურიზაციისკენ. ფაქტობრივად, რეალურად, პრიორიტეტი იმაზეა აღებული, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები მაქსიმალური კუთხით უნდა შემცირდეს, გარდა იმისა, რომ 4000 ადამიანი დაითხოვეს და შეიარაღებული ძალებიდან კიდევ აპირებენ დაითხოვონ რამდენიმე ათასი ადამიანი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს შეიარაღებულ ძალებში 80% საკონტრაქტო დონეზე აყვანილი მოსამსახურეები არინ. ასეთ სამხედროებს ამ დოკუმენტის მიხედვით კიდევ უფრო სოციალურად ნაკლებად უსაფრთხოების გარანტიებს უჩენ. სამხედრო მოსამსახურეებს რა სიგნალს აძლევ, როგორ გაიუმჯობესონ თავიანთი სამხედრო პროფესიონალური უნარ-ჩვევები, თუ იმაზე იფიქრონ, ხვალ თუ ზეგ მათი სამსახურის დაკარგვის გარანტიები როგორი დონით განისაზღვრება? ეს რას ნიშნავს?! დოკუმენტში წერია, რომ უნდა გაუქმდეს სამხედრო-საზღვაო დეპარტამენტი და შეიქმნება ოპერატიული მმართველობის შემადგელობაში საზღვაო დაგეგმარების განყოფილება. ეს რა მიდგომაა?! 9000 კმ გაქვს საზღვაო აკვატორია, რომელიც, ფაქტობრივად, აბსოლუტურად დაუცველი იქნება, მით უმეტეს, არ არის გათვალისწინებული ზღვიდან წამოსული სამხედრო საფრთხეების პრევენცია. თუ ვამცირებთ, სამხედრო-საზღვაო დეპარტამენტს ვაუქმებთ და განყოფილების დონეზე გადაგვყავს, ე. ი. კიდევ უფრო ვამცირებთ ჩვენი საზღვაო სივრციდან შემოტანილ საფრთხეებს. ორჯერ გადავხედე ამ დოკუმენტს და რამდენი შეუსაბამობა აღმოვაჩინე! ეს არასერიოზული დამოკიდებულებაა კონცეპტუალურ დოკუმენტებზე მუშაობის დროს, რაც ნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტროში ხელმძღვანელობა დაკომპლექტებულია არაპროფესიონალური ნიშნით. ერთადერთი ეს დასკვნა შეიძლება გამოიტანოს ადამიანმა. არ შეიძლება, ამ ყველაფერს სიურეალისტური კუთხით მიუდგე, ეს არ არის მხატვრული შემოქმედება, არც მხატვრობის დარგი, რომ თვითშემოქმედების აპოგეის განცხომაში გადავვარდეთ.

_ რუსული „რბილი ძალის“ წინააღმდეგ პრევენციული ზომების მისაღებად რამდენად ადეკვატურია ჩვენი ხელისუფლების ქმედებები 2017-2020 წლების „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის“ დოკუმენტის მიხედვით?

_ ძალიან საინტერესოა, რა შუაშია აქ „რბილი ძალების“ ელემენტი?! ეს არის პოლიტიკური საფრთხე. როცა სამხედრო დოკუმენტში წერ პოლიტიკური საფრთხის ელემენტებს, ეს იგივეა, რომ კულინარიულ წიგნში, სადაც წერია, მაგალითად, როგორ უნდა გამოაცხო საიუბილეო ტორტი, დაწერო სოფლის მეურნეობაში მღრღნელების წინააღმდეგ პესტიციდური ელემენტების გამოყენება, ანუ რომ გამოიყენო ფქვილი და ხორბალში შეიძლება იყოს მღრღნელებისგან წამოსული თავდასხმა, ანუ საფრთხე. დაახლოებით იგივე ვარიანტია. მესმის, ამ დოკუმენტის ავტორებს სურდათ ყოფილიყვნენ ორიგინალურები, თავი წარმოეჩინათ მაღალ ინტელექტუალებად, მაგრამ სამხედრო დოკუმენტში წერ იმ საფრთხეებზე, რომელიც სამხედრო კლასიფიკაციაში ნაკლებად შედის, სულ მცირე, უცნაურია. ამ დოკუმენტში არ ჩანს, როგორ უნდა მოხდეს ამ რისკების პრევენცია, მათი შეკავება და მათი გადალახვა.

_ ცოტა ხნის წინათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოხუმს ეწვია. თქვენი აზრით, ამ ვიზიტით რისი თქმა უნდა მოსკოვს თბილისისთვის?

_ ძალიან სწორად ჩაწვდით არსს, რომ ლავროვის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში ეს იყო კონკრეტულად საქართველოს მიმართ ფარული ულტიმატუმის წაყენება და ჩანდა კიდეც. ორი ტიპის ულტიმატუმის ფორმა იყო: სიგნალური მესიჯი, რომელიც დიპლომატიაში გამოიყენება. პირველი: თუკი ჩვენი ინტეგრაცია მოხდება ალიანსში, რუსეთი კიდევ უფრო გაზრდის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ზეწოლას და შეიძლება, სულ სხვა ფორმატში გადაიყვანოს, პირდაპირ იყო მინიშნება. ლავროვმა, ჯერ კიდევ, აფხაზეთში ვიზიტამდე ჩაატარა პრესკონფერენცია ამის თაობაზე; მეორე: მთავარი განცხადება ის იყო, რომ ლავროვმა პირველად გააჟღერა, _ რუსეთის ეროვნული ინტერესების მთავარი მიმართულება, ამ ეტაპზე, არის რკინიგზის გახსნა. პირდაპირ იყო დაფიქსირებული, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. სხვათა შორის, ლავროვს ამ კუთხით დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა დაეხმარა, რომელმაც ანალოგიურად კიდევ უფრო გააძლიერა ეს მესიჯი საქართველოს ხელისუფლების მიმართულებით. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ვიზიტების პარალელურად, რატომღაც, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დაემთხვა საქართველოში და, ამავე დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ირანში, ირანელების ერთგვარი დაინტერესება ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის გახსნის კუთხით. ეს თეირანშიც იყო დაფიქსირებული, ხაზგასმული და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმაც თავის სიტყვაში არგუმენტად მოიყვანა. ესეც საინტერესო მომენტია იმ კონტექსტში, როდესაც რუსეთი და ირანი სტრატეგიული მოკავშირეები არიან და ისინი გვევლინებიან, ფაქტობრივად, სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის წევრებად აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების კონტექტში, ანუ სირიის კონფლიქტთან მიმართებით. მათი სტრატეგიული მოკავშირეობა, ბუნებრივია, აისახება კავკასიის რეგიონზეც. ჩანს, ისინი ორიენტირებულნი არიან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთის დერეფანი გაიხსნას, რომელზედაც დაინტერესებულია რუსეთის მხარე, ასევე მეზობელი სომხეთის რესპუბლიკა. მანამდე საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა და კიდევ სხვა მაღალი თანამდებობის პირები, რომელთაც ასევე დააფიქსირეს აზრი და მესიჯი გამოუშვეს საქართველოს მისამართით. როგორც ჩანს, ამ მესიჯმა შესაბამისი რეაგირება ვერ იქონია, მათ უკვე გაზარდეს ე. წ. წარმომადგენლობითი წონა და კიდევ უფრო გაახმაურეს მკაფიოდ თავიანთი ამოცანა რეგიონის ფარგლებში.

_ ახლახან მუშაობა დაასრულა საკონსტიტუციო კომისიამ. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო კომისიის საბოლოო შედეგს კომისიაში შემავალმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს და კომისია დატოვეს, მმართველმა გუნდმა კონსტიტუციის ახალი პროექტი მაინც მიიღო. როგორ შეაფასებდით საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შედეგს და რამდენად ეთანხმებით უმრავლესობის განცხადებას, რომ კონსტიტუციის ახალი პროექტი მთლიანად ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურ განვითარებაზეა ორიენტირებული?

_ სულ მკვდარ კონსტიტუციას კონსტრუქციის მაგვარი რაღაც ელემენტების შექმნა ბევრად სჯობია, რადგან, საერთოდ, ეს ქვეყანა კონსტიტუციის სივრცის მიღმა ვითარდებოდა და თავის უარყოფით ტენდენციებს ავითარებდა, რამაც პოლიტიკურ კრიზისამდე მიგვიყვანა. ამ კონსტიტუციას იდეალურს ვერ დაარქმევ, რადგან აქ, გარკვეულწილად, ბევრი რაღაცაა აღრეული და არ არის სამართლიანი პოლიტიკური დოკუმენტი. სამწუხაროა, რომ ამ კომისიაში არ ყოფილან პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორები, პოლიტოლოგები და იყვნენ გაურკვეველი სპეციალობის მქონე პირები. კონსტიტუციამ საკმაოდ ცუდი ტენდენციები გამოავლინა, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა შეუმდგარია და ძალიან ცუდად კონსტრუირებულია. აშკარად ჩანდა პრეზიდენტის მიმართ პიროვნული დაპირისპირება _ ეს ელემენტი გამოტანილია კონცეპტუალური დოკუმენტის შემუშავების ფორმულაში. მეორე მხრივ, იქ მაღალი დონის სპეციალისტები იყვნენ, რომლებიც კონსტიტუციური მმართველობის სფეროში არიან ჩართულნი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც, ასაკის მიუხედავად, ამ დარგის სპეციალისტია. მიუხედავად ამისა, კონსტიტუციის პარამეტრები კიდევ მოითხოვს დახვეწას. კონსტიტუციაში არ არის გამოკვეთილი პოლიტიკური მართვის კუთხე, გაურკვეველია სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხი. თუნდაც ამ კუთხით დაფიქსირებული რომ ყოფილიყო ტენდენცია და მიმართულება, როგორი ტიპის სახელმწიფო მართვის ქვეყანა გვინდა, რომ ავაშენოთ, თუნდაც სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხი წინასწარ რომ ჩაგვედო, ცუდი არ იქნებოდა. ეს აქამდე შეჩერებული იყო და კიდევ უფრო აფერხებდა ქვეყნის განვითარებას. ყველა ვარიანტში ეს გარდამავალი კონსტიტუციაა, არ არის ხანგრძლივი დოკუმენტი, თუნდაც იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გაურკვეველია. ამ დოკუმენტის შეცვლა მხოლოდ დროის ამბავია. ხანგრძლივი პერსპექტივის კონტექსტში ეს კონსტიტუცია ხმამაღლა ნათქვამია, რაც კარგად წარმოაჩინა 1995 წლის კონსტიტუციამაც _ რა ბედი ეწია მას, მშვენივრად მოგვეხსენება. სამწუხაროა, რომ მუშაობის პროცესში ოპოზიციურმა ძალებმა კომისია დატოვეს და მხოლოდ მმართველი ძალა შერჩა ამ კონსტიტუციაზე მუშაობას. ეს არაჯანსაღ ტენდენციას აფიქსირებს, აჩენს, რომ ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისი ჩიხამდეა მისული. საკონსტიტუციო რეფორმების პროცესმაც შიდაწინააღმდეგობების ელემენტები კარგად გამოავლინა, _ საზოგადოება, ფაქტობრივად, კიდევ ორად არის გაყოფილი, რაც წინა ხელისუფლების, მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის დანატოვარია, ისევე როგორც დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ჩიხამდე რომ გავიდა, იმ ხელისუფლების დამსახურებაა, ეს ფაქტია, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლების დანატოვრისგან როგორმე უნდა გავთავისუფლდეთ. ეს კონსტიტუციის ახალ ვარიანტში, სამწუხაროდ, არ ჩანს. კონსტიტუციური მოწყობის ელემენტების მიხედვით, აქცენტი უფრო მეტად გადატანილია, როგორი უნდა იყოს ძალთა ბალანსი სახელმწიფოს შტოებს შორის და თავდაცვის პოლიტიკის ელემენტები. სამწუხაროდ, აქაც არ არის მკვეთრად გამოყოფილი. ასევე გამოყოფილია სტრუქტურული ელემენტები, როგორიც არის თავდაცვის საბჭოს შექმნა, ესეც კიდევ უფრო მეტ განმარტებას მოითხოვს. ამ კონსტიტუციას კონცეპტუალური და სამართლებრივი ელემენტების შეცვლა 2/3-ით მაინც დასჭირდება. კონსტიტუცია ახალი პრინციპებით არის აგებული და მცირედ განსხვავდება კონსტიტუციის იმ მოდელისგან, რომელიც 1994 წელს შემუშავდა; მესამე: ჩვენ უნდა გადავიდეთ ახალ მოდელზე, ეს არის საპარლამენტო მართვის ფორმა.

_ პრეზიდენტის არჩევის წესზე რას იტყვით? ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქმე იქითკენ მიდის, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით აღარ გაიმართება. რამდენად სამართლიანია მმართველი გუნდის ბრალდებები პრეზიდენტის მიმართ?

_ პრეზიდენტი არის პოლიტიკური ფიგურა და მას თავისუფლად შეუძლია, გადამწყვეტ ეტაპზე შექმნას პოლიტიკური მოძრაობა თუ ძალა. მართალია, პრეზდენტი უნდა იყოს უპარტიო და მიუკერძოებელი, დამაბალანსებელი ფიგურა, მაგრამ იმ ფონზე, რომ პრეზიდენტს, პრაქტიკულად, ყველანაირი სახელისუფლებო ბერკეტი აქვს წართმეული და ნომინალური ოფიციალური პირია, ბუნებრივია, მას, შეიძლება, ამ კონტექსტში თავისი არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდეს. ესეც კიდევ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არის ღრმა პოლიტიკურ კრიზისში. საქართელოს პრეზიდენტიც არ გვყავს, მაინცდამაინც, პირობითად არქიფოსნაირი მამა-მარჩენალი ტიპაჟი, მას ასევე გააჩნია ძალიან ბევრი უარყოფითი თვისება. ელემენტარულად, პრეზიდენტი იყო მთავარსადალი და თქვენ წარმოიდგიენთ, სამხედრო ძალების ვერავითარი კონტროლის მექანიზმები ვერ შეიმუშავა. უშიშროების საბჭოც გაურკვეველი ტიპის ორგანო იყო და როგორ არის დაკომპლექტებული, ეს ცალკე საუბრის თემაა. აქაც იგივე დილემაა, პრეზიდენტი საუბრობს ყველაფერზე, ოღონდ არა სამხედრო ძალების განვითარების პერსპექტივაზე და ელემენტარულად არ ჩანს, რომ უმაღლესი მთავარსადალია. ეს არის ტრაგედია, როდესაც ვირჩევთ ქვეყნის პრეზიდენტს და საერთოდ არ ესმის სამხედრო აღმშენებლობა, სამხედრო პოლიტიკისა და თავდაცვის პოლიტიკის ნიუანსებში ვერ ერკვევა. ამავე დროს, არ ქმნის იმ მექანიზმებს, რომ ამაში გაერკვეს და, თუნდაც, ამ სპეციალური სტრუქტურების მეშვეობით მართოს. ედუარდ შევარდნაძეზე ბევრს კამათობენ, მაგრამ მას ეს ცოდნა ჰქონდა და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციების შესრულება შეეძლო, ვიდრე სხვა პრეზიდენტებს. ეს არის ტრაგედია. მიხეილ სააკაშვილი როგორი მთავარსადალი იყო, კარგად აჩვენა საქართველო-რუსეთის ომმა წმინდა სამხედრო თეორიული ანალიზის ფორმატით. 9 საათში, ფაქტობრივად, მოწინააღმდეგემ მთლიანად მოახდინა ჩვენი შეიარაღებული ძალების სრული დემორალიზაცია. 9 საათში დასრულდა ეს ომი სამხედრო სტრატეგიული ანალიზიდან გამომდინარე. არ ვსაუბრობ პოლიტიკურზე, რომელიც 3 დღე გაგრძელდა. სხვათა შორის, ეს საქმე მანამდე იყო დამთავრებული, სანამ რუსების მიერ ოკუპაცია განხორციელდებოდა. მე ის მიკვირს, რომ საქართველოს გენერალურმა შტაბმა ამ ომიდან შესაბამისი დასკვნა არ გააკეთა, ანუ ვერ გააკეთა სრულყოფილი სისტემური ანალიზი და ვერ დაადგინა ამ ომში არსებული ჩვენი ნაკლი, ვერ წარმოაჩინა დაგეგმარების ელემენტები და ვერ შეძლო შეიარაღებული ძალების სწორი რეფორმირება, მათი განვითრების მეთოდების განსაზღვრა. სამწუხაროდ, ეს ჩვენმა მოწინააღმდეგემ კარგად გამოიყენა და დღეს რა მდგომარეობაშია რუსეთის შეიარაღებული ძალები, მოგეხსენებათ. შეიარაღებული ძალების რეფორმირების შედეგად, ფაქტობრივად, რუსეთმა სუპერსახელმწიფოს სტატუსიც მიიღო. სხვათა შორის, ეს შეფასება აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ გააკეთა თავის ბოლო პრესკონფერენციაზე. სწორედ ამან შეძლო, რომ მსოფლიო წესრიგი შეეცვალა, ანუ ჩვენმა მტერმა შესაბამისი დასკვნა გამოიტანა, ჩვენ ვერ გამოვიტანეთ, ასეთი ცუდი შედეგია და, მათ შორის, საქართველოს პრეზდენტის მიმართულებითაც. საქართველოს პრეზიდენტს რომ უნდა აეყვანა ერთი სამხედრო მრჩეველი, ეს, ელემენტალურად, სასაცილოა. მას არ გააჩნია ის ინსტრუმენტები და ბერკეტები, რომლითაც სამხედრო ძალების კონტროლის დაწესება და სამხედრო ძალების მართვა შეუძლია. ეროვნული უშიშროების საბჭო მართლა იყო დასაშლელი და ვეთანხმები, რომ ასეთი საბჭოს ყოფნას, სჯობდა, სულ არ ყოფილიყო. საკონსტიტუციო კომისიამ ეს კარგად დააფიქსირა, რომ პრეზიდენტის მთავარი როლი უნდა იყოს თავდაცვის საბჭოს შექმნა. აქ კარგად გამოიკეთა სწორი თავდაცვის რეფორმების მიმართულება და განვითარების მმართველობა. ამაში ვეთანხმები კომისიას, მიუხედავად იმისა, რომ ეს არასწორი ინსტრუმენტი არ უნდა იყოს, მაგრამ იმის გამო, რომ პრეზიდენტმა ეროვნული საბჭო თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში ვერ გამოიყენა, თავისი კომპეტენცია ვერ განავითარა, საკონსტიტუციო საბჭომ პრეზიდენტის უფლებების ერთგვარი დელეგირება მოახდინა სხვა სტრუქტურებზე. საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შედეგებზე, გარკვეულწილად, „ვენეციის კომისიაც“ მოგვცემს დასკვნას.

_ თქვენ როგორ „ვერდიქტს“ ელოდებით „ვენეციის კომისიიდან“?

_ „ვენეციის კომისიამ“ უნდა დაადგინოს, შეესაბამება თუ არა ეს კონსტიტუციური მოდელი დემოკრატიული საზოგადოების პოლიტიკურ მოდელს? შეიძლება, გარდამავალ პერიოდში სახელმწიფომ შექმნას არა დემოკრატიული, არამედ ვერტიკალური ტიპის პოლიტიკური მოდელი იმისთვის, რომ მერე ქვეყანა პოლიტიკურად განავითაროს. ასეთი იყო, მაგალითად, თურქეთში. თავიდან არადემოკრატიული მოდელი გახლდათ, თურქეთის რესპუბლიკა გარკვეული დონის ფარგლებში ვითარდებოდა, ევროკავშირთან სამოკავშირეო ხელშეკრულებას ხელი მოაწერა და თურქეთი დემოკრატიული საზოგადოების წევრად ითვლება მიუხედევად იმისა, რომ მას არ ჰქონდა კონსტიტუციის დემოკრატიული მოდელი. ქვეყანას, შეიძლება, დემოკრატიული მოდელი აქვს, მაგრამ, გარკვეულ პერიოდში, მისთვის არ არის დადებითი ელემენტების მომტანი და გარდამავალი ეტაპების გავლა მოუწია. დღეს ჩვენ თუ ვართ დემოკრატიული განვითარების ქვეყანა და ავტორიტარული მმართველობის რეჟიმიდან გამოვედით, რა თქმა უნდა, „ვენეციის კომისიის“ დასკვნა ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. სამწუხაროდ, ეს დოკუმენტი ვერსად ვნახე ატვირთული, რაც ცუდია. არ შემისწავლია, ესეც პრობლემაა, რადგან დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი მაინც უნდა ყოფილიყო. ცოტა სარკაზმულ-იუმორისტული სახის მიმოხილვა გამოგვივიდა, მაგრამ საქართველოს მნიშვნელოვნად აკლია ჯანსაღი იუმორი, რომელიც ჩვენს პოლიტიკოსებს კარგად გამოაფხიზლებდა.

_ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა აქტიური პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების შესახებ განცხადება გააკეთა. ის დაინტერესებულ პირებს სთავაზობს, ახალი ცენტრისტული პარტია შეიქმნას ახლებული მიდგომებით. უსუფაშვილის თქმით, პოლიტიკური ლიდერების ცვლილება არასაკმარისია და აუცილებელია იმ დესტრუქციული პოლიტიკური სისტემის შეცვლა, რომლის გამოც ყველა პოლიტიკური წამოწყება, საბოლოოდ, წარუმატებლად სრულდება. შეცვლის თუ არა ცენტრისტული პარტიის შექმნა ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს?

_ კლასიკური პოლიტიკური პარტია, სამწუხაროდ, საერთოდ არ არსებობს. კლასიკურ პოლიტიკურ პარტიად შემიძლია მხოლოდ გია ჭანტურიად „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ დავასახელო, რომელმაც, სამწუხაროდ, ჭანტურიას მკვლელობის შემდეგ, „ჩაილურის წყალი“ დალია. იმის მერე საქართველოში პოლიტიკური პარტიის ნიშნები აღარ მინახავს, ეს არის ტრაგედია და ახლა, მით უმეტეს, ეს სივრცე გაღარიბებულია და საერთოდ არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, ასეთ პოლიტიკურ ველზე არსებული უდაბნოს ფონზე ოაზისის შექმნის პერსპექტივა კარგია, მაგრამ დავით უსუფაშვილი რამდენად იქნება ამ უდაბნოში მომთაბარე ბედუინების ბელადი, ძალიან საინტერესო თემაა. ბატონ დავითს ამ სფეროში წარმატებებს ვუსურვებ, მას საკმაო ინტელექტი, გამოცდილება, განათლება და შესაბამისად, პოტენციალი აქვს, მაგრამ ვის შემოიკრებს ირგვლივ, ეს არის მთავარი.

 

თამარ ბატიაშვილი