ვასილ მამულაშვილი: „შაქარაშვილის საქმეში“ შესაძლოა, რეალური დამნაშავეები გაქრნენ“
ჯერ კიდევ ბურუსით მოცულია და უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა 19 წლის გიორგი შაქარაშვილის სავარაუდო მკვლელობის საქმეზე. ის 4-დღიანი ძიების შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება. ამ დროისთვის ჩხუბის ეპიზოდზე 17 პირია დაკავებული. მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
გარდა ამისა, გამოძიებას დაემატა ახალი მუხლი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, თუმცა ბრალი ამ მუხლით ჯერ არავის წაყენებია.
რა მტკიცებულებები არსებობს „შაქარაშვილის საქმეში“? გახდა თუ არა გამოძიება საზოგადოების ემოციური „დაკვეთის“ შემსრულებელი? რამდენად რეალურია მორაგბეების მიმართ ბრალის დამძიმება?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ „შაქარაშვილის საქმეზე“ დაკავებული მორაგბეების ადვოკატ ვასილ მამულაშვილს ესაუბრა:
_ ბატონო ვასილ, როგორ მოხვდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები თქვენთან და იყო თუ არა ეს ფაქტი გამოძიების კონკრეტული გზავნილი?
_ ჩვენ 6 ივლისს წარვადგინეთ მოთხოვნა და იმ მომენტისთვის ყველა შესაძლო მტკიცებულების გადმოცემა მოვითხოვეთ. ვინაიდან ეს ინფორმაცია მოცულობითი იყო, ჩვენს კომპიუტერში ბრალდების მხარის შესაძლო მტკიცებულებები 07 ივლისს ჩაგვიწერეს. მეორე დღეს, 08 ივლისს, როდესაც დავიწყეთ ინფორმაციის გაცნობა, მაშინვე შევამჩნიეთ, რომ გადმოცემული ინფორმაციის ნაწილი წარმოადგენდა პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, რის შემდგომაც, დაახლოებით, 23:00 საათზე ჩავედით მცხეთის პოლიციის დეპარტამენტში და მოვითხოვეთ ჩვენს კომპიუტერში ამ კადრების განადგურება, რადგან სსკ 157-ე პრიმა მუხლი ითვალისწინებს ვალდებულებას: თუ ასეთი კადრები ვინმეს ხელში აღმოჩნდება, ვალდებულია განაცხადოს პოლიციაში. ცხადია, ჩვენ ეს დავიცავით. იყო დავა იმაზე, რომ მათ ამ პასუხისმგებლობის აღება არ სურდათ. იყო შემოთავაზება, რომ შეთანხმების საფუძველზე ოქმით გაგვეფორმებინა. მე ვთხოვდი აღიარებას, რომ ეს მათი ბრალეულობით მოხდა, რაზედაც უარი გვითხრეს, რის შემდეგაც წარვადგინე განცხადება, რომ ეს მტკიცებულებები განადგურებულიყო. მეორე დღეს კი დაიწყო აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის 157-ე მუხლით გამოძიება. გამოვიკითხეთ მოწმის სახით _ პოლიციელების მხრიდან ამ კადრების შესაძლო შენახვასა და გავრცელებასთან დაკავშირებით. ჩავაბარეთ კომპიუტერი მტკიცებულების განადგურების მიზნით და ალბათ თბილისის პროკურატურა შესაბამისად ირეაგირებს. ეს ჩანაწერი ეხებოდა ერთ-ერთი მონაწილე პირის მეგობარ გოგოს, რომელიც საერთოდ შემხებლობაში არ არის საქმესთან. ეს ინფორმაცია ჩვენ გავიგეთ პოლიციელებისგან. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არაპროფესიონალიზმთან და არაკომპეტენტურობასთან. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ პოლიციელებს ეს კადრები არც უნახავთ, ისე გადმოგვცეს ან შეიძლება ნახეს და მიიჩნიეს, რომ ვინაიდან ექსპერტიზამ ეს წაშლილი ფაილები მობილურიდან ამოიღო, ეს იყო საქმის შემადგენელი ნაწილი და ამ მასალის გადმოუცემლობა პირიქით _ მათ პრობლემას შეუქმნიდა. ფაქტია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების (რომელიც საქმესთან არ არის კავშირში) შენახვა აუცილებლობას არ წარმოადგენს და აუცილებლად უნდა განადგურდეს.
_ რა შემხებლობა აქვთ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფებს ამ საქმესთან?
_ მათ არანაირი შემხებლობა არ გააჩნიათ მომხდართან. კონფლიქტი მოხდა და ეს ადამიანები მივიდნენ ამ საკითხის გასარკვევად. რა მოიაზრება გარკვევაში, ეს შეფასებითია. გარკვეული დანაშაულებები დასჯადია დანაშაულის მომზადების პროცესში. მაგალითად, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ედავებოდნენ დანაშაულის მომზადებას; არის დანაშაულები, რომელიც დასჯადია მცდელობიდანვე. მაგალითად, პირმა ყველაფერი გააკეთა დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ შედეგი არ დადგა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ამ შემთხვევაში, დავუშვათ, ამ ადამიანებს ჰქონდათ მათი ცემის მცდელობა. ძალადობას არ შეიძლება, მცდელობა ჰქონდეს, ძალადობა მატერიალური სახის დანაშაულია და არა _ ფორმალური, ანუ შედეგს აქვს ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა. როგორც ვიცი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ამ პირების ცემის განზრახვაც კი არ ჰქონიათ. ამაზე კი პასუხს გვცემს ამირხანაშვილის მიმართ განხორციელებული ქცევა. მათ არ მიუყენებიათ დაზიანება ამირხანაშვილისთვის, თუმცა თუ ცემის განზრახვას მივიჩნევთ, ეს სამართლებრივად არ არის დანაშაული. მე ვიცავ იმ პირებს, რომლებსაც თავისუფლების აღკვეთას ედავებიან, რომ მათ ამირხანაშვილს აღუკვეთეს თავისუფლება. თავად ამირხანაშვილი ამბობს, რომ მისთვის თავისუფლება არ აღუკვეთიათ და რომ თბილისში წამოიყვანეს. ის ყოველგვარი ძალადობის გარეშე ჩამოიყვანეს თბილისში. ერთი მტკიცებულებაც არ არსებობს, რომ ვინმეს თავისუფლება აღუკვეთეს. ასეთი ბრალდება ამირხანაშვილმა რომც თქვას, ამ ადამიანებმა თავისუფლება აღმიკვეთოსო, კანონის თანახმად განაჩენი ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ანუ მინიმუმ ორი მტკიცებულება უნდა იყოს, რომელიც ერთმანეთთან შეთანხმებული იქნება. როგორც ამირხანაშვილის ჩვენებაა მტკიცებულება, ასევე ბრალდებული 6 პირის ჩვენებაც მტკიცებულებაა. დავუშვათ, 6 ადამიანი ამბობს, რომ მათ თავისუფლება არ აღუკვეთიათ, ამირხანაშვილიც იგივეს ამბობს, ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი მოსამართლე და თუნდაც არა იურისტი ადამიანიც გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. განვიხილოთ მეორე ვარიანტი: 6 ადამიანი ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, ამირხანაშვილი კი ამბობს, რომ ჩაიდინეს. ეს არ იქნება საკმარისი, რადგან მხოლოდ ერთი დაზარალებულის ჩვენება არ კმარა. მაგალითად, ახლა მე რომ დავრეკო პოლიციაში და თქვენზე განვაცხადო, რომ დამემუქრეთ, ამის საფუძველზე რომ დაგაკავონ, ეს ხომ არ იქნება საკმარისი? ამიტომაც არის დამატებითი მტკიცებულებები საჭირო. ასე რომ, ამირხანაშვილი რას იტყვის, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან უკვე განვმარტეთ, რომ მისი ჩვენება 75-ე მუხლის თანახმად დაუშვებელი მტკიცებულებაა. გასაგებია, გამოძიების პროცესი რთულია. ყველა საქმეზე სურათის აღდგენა სრულად ვერ მოხდება თუ არ გვაქვს ვიდეოჩანაწერები. თუ ვიდეოჩანაწერები არ გვაქვს, ფაზლის აწყობის მსგავსად ნელ-ნელა უნდა შევავსოთ ცარიელი ადგილები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვანი დეტალი არ გაგვაჩნია. ამ კონკრეტულ საქმეზე რაღაც სურათი აღადგინეს, მაგრამ ობიექტური ჭეშმარიტების აღდგენა ვერ მოახერხეს. ეს შეიძლება გამოძიების ბრალიც არ იყოს და ამ საქმეში წარმატებული ქვეყნების გამომძიებლებიც რომ ჩავრთოთ, იმათაც ვერ გამოიძიონ. ბევრი საქმეა გამოუძიებელი, მათ შორის, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხშირად საქმე ისეა შესრულებული, მტკიცებულებები განადგურებული, რომ სრული სურათის აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ ამ საქმეზე ჩვენ ვნახეთ არაპროფესიონალიზმი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაამართლა, რომ კამერის ჩანაწერები კი არ წაგვიშლია, წაიშალაო. ასევე მოწმის დაკითხვის პროცესი წინასწარ უნდა დაიგეგმოოს, დამატებითი გამოკითხვა კი დამატებითი გარემოებების წარმოშობის შემთხვევაში ხდება. ამათმა დაკითხეს მოწმეები, შემდეგ რაღაც გაახსენდათ, დაიბარეს და იგივე შეკითხვები დაუსვეს, მოწმეებმა იგივე კითხვას მიზანმიმართულად თუ გაუცნობიერებლად სხვაგვარი პასუხები გასცეს, _ ეს არაპროფესიონალიზმია.
_ გარდა იმისა, რომ ამ შემთხვევაში არაპროფესიონალიზმი ვლინდება, გაქვთ თუ არა ეჭვი გამოძიების მხრიდან მოწმეზე ზეწოლის განხორციელებაზე?
_ მაგალითად, არასრულწლოვან ზ.ხ.-ს შემთხვევაში მაქვს განცდა, რომ მის მიმართ განხორციელდა ზეწოლა, რადგან მის ჩვენებაში ისეთი ინფორმაციებია შეტანილი, რომელიც ფიზიკურად ვერ იქნებოდა მოწმის მიერ მიწოდებული. მაგალითად, ერთ-ერთი მოწმე ამბობს, საცემრად მივსდევდით, ვერ დავეწიეთ, მაგრამ ვიცოდით, სად იმალებოდნენ, შემდეგ წამოვედითო. ლოგიკურად წარმოვიდგინოთ, ადამიანს საცემრად მისდევდნენ, იცოდნენ, სადაც იყვნენ და დაზიანებას არ მიაყენებდნენ?! _ ეს არასწორი ინფორმაციაა. არავინ იცოდა, ვინ სად იმალებოდა. ვინც ნახეს, ეს იყო ამირხანაშვილი, რომელიც თავისი ნებით წამოიყვანეს თბილისში. ამირხანაშვილზე კი იმიტომ არ იძალადეს, რომ ინციდენტის მონაწილე არ იყოო. თუ ამირხანაშვილი ამ მოტივით არ სცემეს, მაშინ შაქარაშვილიც არ იყო ინციდენტის მონაწილე და ლოგიკურად, არც მას სცემდნენ. დადგენილია, რომ შაქარაშვილს ამირხანაშვილის მსგავსად არავისთვის დაზიანება არ მიუყენებია. ანუ ამირხანაშვილი დაინდეს და შაქარაშვილი მოსაკლავად გაიმეტეს?! _ ეს ხომ ალოგიკურია.
_ დღეის მდგომარეობით, რა ხელშესახები მტკიცებულებები არსებობს საქმეში?
_ ფაქტია, რომ დღეის მდგომარეობით არანაირი ხელშესახები მტკიცებულებები არ გვაქვს იმის სათქმელად, რომ სახეზეა მკვლელობა. საუბრობდნენ იმაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა: შაქარაშვილი არის ნაცემი, წყალში დამხრჩვალი და ა. შ. ეს მსჯელობები არის უფრო სამოქალაქო დონეზე არსებული ვერსიები, რომელსაც საერთო არაფერი აქვს საქმესთან.
_ რატომ?
_ ჩვენ ექსპერტიზის დასკვნით გავიგეთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი არის ასფიქსია წყალში დახრჩობთ. დასკვნაში წერია, რომ აწ გარდაცვლილს ჰქონდა მსუბუქი სახის მრავლობითი დაზიანება, რომელიც სიცოცხლისდროინდელია და შეიძლებოდა დროის მოკლე პერიოდში განვითარებულიყო. ასევე მას აქვს გარდაცვალების შემდეგ მიყენებული დაზიანებები. გამოძიების ვერსია არ არის, რომ გარდაცვლილი ნაცემია, ამაზე საზოგადოების ნაწილი საუბრობს. ცემა, მკვლელობა, ძალადობა _ ეს არის სამართლებრივი ტერმინები, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნაში არც ამ და არც სხვა საქმეზე ვერ ჩაიწერება, რომ, მაგალითად, პირი მოკლულია ან ნაცემია. ექსპერტიზით იწერება, რომ პირი გარდაცვლილია და არა მოკლულია, ასევე იწერება, რომ პირს აქვს დაზიანებები და არა ის, რომ პირი ნაცემია. რეალურად, სამართლებრივი ტერმინები ექსპერტიზის საქმე არ არის. დაზიანებები პირებმა ცემის შედეგად მიაყენეს თუ არა, ამის დადგენას სხვა სახის კომპლექსური ექსპერტიზა სჭირდება, რომელიც ჩანიშნულია და დასმულია კითხვა: რით შეიძლება განვითარებულიყო, კონკრეტულად, იმ სახის დაზიანებები, რომელიც გარდაცვლილს აქვს მიყენებული? სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში წერია, რომ შესაძლებელია, ეს დაზიანებები განვითარებულიყო მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, თუმცა ეს არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ გარდაცვლილი ვინმემ სცემა. მაგალითად, შესაძლოა, საქმე ეხებოდეს უბედურ შემთხვევას, პირმა ვარდნის შემდეგ მკვრივ, მყარ საგანთან ურთიერთშეჯახების შედეგად მიიღოს დაზიანება, ანუ ასეთ შემთხვევაში ის პირია მყარ საგანთან მოქმედებაში, რომელმაც დაზიანება მიიღო. ან მეორე შემთხვევა, როცა მკვრივი, მყარი საგანია პირთან მოქმედებაში, რის შედეგადაც პირი იღებს დაზიანებას. ეს არის ამ კონკრეტულ საქმეზე შემდგომი კვლევის საგანი და შესაბამისი კითხვებიც არის დასმული: შესაძლებელია თუ არა გარდაცვლილის დაზიანებები განვითარებულიყო ვარდნის ან დაგორების შედეგად? სანამ ამ კითხვებზე პასუხები არ გვექნება, გარდაცვლილი სცემეს თუ დაახრჩვეს, ამას ვერ დავასკვნით. ანუ ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება, რომელიც პირთა ქმედებებს დაადასტურებს. ცემა თავისთავად მოქმედებას გულისხმობს, ამიტომ პირთა ქმედებები უნდა წარმოჩინდეს და ამ შემთხვევაში შედეგია გარდაცვალება. შესაბამისად, უნდა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, ანუ პირთა ქმედებებმა გამოიწვია თუ არა ეს კონკრეტული შედეგი, ამ შემთხვევაში, შაქარაშვილის გარდაცვალება.
_ რა შეიძლება იყოს პირთა ქმედებების დამადასტურებელი მტკიცებულებები?
_ ასეთ საქმეებზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებებია მოწმეთა ჩვენებები. ამ საქმეში მოწმეთა ჩვენებები არაერთხელ შეიცვალა, შესაბამისად, სანდოობის კუთხით კრიტიკულად ვერ შევაფასებთ. მოწმეთა ჩვენებები, გარკვეულწილად, მერყევი მტკიცებულებაა. შეიძლება, მე და თქვენ ერთი და იგივე ქმედება სხვადასხვანაირად აღვიქვათ, თუმცა არსებითად სხვადასხვანაირად ვერ აღვიქვამთ. მაგალითად, მანქანას ორივე დავინახავთ, თუმცა შეიძლება სხვადასხვანაირად დავახასიათოთ. პირველია აღქმის, მეორე _ დამუშავების, მესამე _ გადაცემის პროცესი. ამ საქმის მოწმეებმა რა დაინახეს, როგორ დაამუშავეს და რა გადასცეს, შესაძლოა, სხვადასხვანაირად მოგვიყვნენ, მაგრამ ადამიანს თუ თავისუფლება აღუკვეთეს და სცემეს, ამ ფაქტს სხადასხვანაირად ვერ აღიქვამენ. ამ საქმეში 5 პირია, რომელიც შეიძლება ფლობდეს გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. ესენი არიან: ამირხანაშვილი, ახვლედიანი, ქათამაძე, ღიბრაძე, ბრეგვაძე. არც ერთი ამ პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციით არ დგინდება, რომ „ტოიტა ქამრიში“ მყოფ პირებს კომუნიკაცია ჰქონდათ შაქარაშვილთან. შესაბამისად, თუ შემხებლობას ეს 5 მოწმე არ გვიდასტურებს, არავინ იცის, შაქარაშვილს ვინმე შეხვდა თუ არა. ესენი ამბობენ, რომ ეს ადამიანები გამოყვნენ მათ და მალევე იპოვეს ამირხანაშვილი, რის შემდეგაც ის წაიყვანეს. გამოძიება სწორედ იმიტომ არის ჩიხში, რომ ვერც ერთი მოწმისგან ვერ იღებს ინფორმაციას, უფრო სწორად, იმ ვერსიაზე ვერ გადის ამ ინფორმაციით, რაც მათ უნდათ ან არ უნდათ, ამას დადასტურებით ვერ ვიტყვი. ფაქტია, რომ მოწმეები ვერ ეხმარებიან გამოძიებას.
_ რატომ ცვლიან მოწმეები ჩვენებებს? ვის ინტერესში შეიძლება იყოს ეს?
_ მოწმეთა ჩვენებები მერყევია, მათი ობიექტურობა, თანმიმდევრულობა, დამაჯერებლობა და სანდოობა სასამართლოშიც ფასდება. ამ საქმის მოწმეების ჩვენებები არც თანმიმდევრულია, არც დამაჯარებელი და არც სანდოა, ისინი ობიექტურ ინფორმაციას არ გვაძლევენ. ყველა მოწმეს ერთი და იგივე კითხვას რამდენიმე გამოკითვისას სხვადასხვა პასუხი აქვს. ეს გვაძლევს იმ სურათს, რომ ჩვენ გვაქვს საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლი, რომლის თანახმადაც „თუ გამოკითხვით მოწოდებულ ინფორმაციასა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებას შორის ან სასამართლოში მიწოდებულ ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობებია, მხარეს შეუძლია დააყენოს შუამდგომლობა, ამ მტკიცებულების (მოწმის ჩვენების) დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით. ეს ნაწილი რომ განვიხილოთ, მაგალითად, ამირხანაშვილს პირველ ჩვენებაში უწერია, რომ თავისუფლება აღუკვეთეს, შემდეგ 3 ჩვენებაში უწერია, რომ მისთვის თავისუფლება არ აღუკვეთიათ, შესამისად, მისი სასამართლოში მიცემული ჩვენება უპირობოდ წინააღმდეგობაში მოვა მანამდე არსებულ გამოკითხვის ოქმთან, რის შემდგომაც ჩვენ შუამდგომლობას დავაყენებთ ამ ჩვენების დაუშვებლობაზე და სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად არის ეს არსებითი წინააღმდეგობა. ძალიან ბევრ საქმეზე მოსამართლე ასეთ შემთხვევაში განაჩენში ამბობს, რომ აღნიშნული მტკიცებულება არის ურთიერთსაწინააღმდეგო და სასამართლო ვერ დაეყრდნობა ამ მტკიცებულებას. ამ საქმეშიც, თუ საქმის არსებითი განხილვის ეტაპამდე მივედით, მოსამართლე გვეტყვის, რომ ამ 5 მოწმის დაუშვებელი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელ განაჩენს ვერ გამოიტანს.
_ სხვა რა სახის მტკიცებულებები შეიძლება გამოვლინდეს, რითაც საქმის მიმართულება არსებითად შეიძლება განვითარდეს ან შეიცვალოს?
_ დღეის მდგომარეობით ჩვენ გვაქვს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ამოღებული „ბორჯომის“ ქილის ქიმიური და ბიოლოგიური ექპერტიზა, რითაც არანირი კვალი არ ამოვიდა, თუმცა ველოდებით ათეულობით ექსპერტიზას, რითაც თეორიულად შესაძლოა მკვლელობის ვერსიის განვითარება, რამაც კონკრეტული პირების მიმართ ბრალდების წარდგენა გამოიწვიოს ან შეიძლება ეს საქმე დარჩეს ისე, როგორც არის, ანუ ბრალი ვერავის მიმართ ვერ წარადგინონ. ვიცით, რომ საქმეში მონაწილე ყველა პირისგან, მათ შორის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებისგან, აღებულია ნიმუშები. თუ რომელიმე პირის ტანსაცმელზე აღმოჩნდა გარდაცვლილის ბიოლოგიური მასალა, ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ პირებს შორის გარკვეული შემხებლობა იყო. შესაძლოა, მხოლოდ შემხებლობა არ იყოს მკვლელობის მთავარი შემადგენელი ნაწილი, მაგრამ გამოძიება ამ შემთხვევაში უკვე წინ არის. მაგალითად, თუ დადგინდება, რომ გარდაცვალების ადგილას არსებული ნიადაგის შემადგენელი ნაწილი და საქმეში მონაწილე რომელიმე პირის ფეხსაცმლიდან აღებული მიწის ნიადაგის ნიმუში იდენტურია, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს პირი გვამის აღმოჩენის ადგილას იმყოფებოდა. ამიტომ ვამბობთ, რომ ჯერ არ არსებობს ბრალდების წარდგენის საფუძველი, თეორიულად იმის შესაძლებლობაც არის, რომ ამ საქმეში გამოჩნდნენ სრულიად სხვა ფიგურანტები, ეს ყველაფერი ამ ექსპერტიზის შედეგებიდან გამომდინარე უნდა დადგინდეს. დღევანდელი მოცემულობით საქმეში ხელშესახები არაფერი დევს, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მოწმეები რაღაცას მალავენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები თანხმობას აცხადებენ ყველა საგამოძიებო მოქმედებაზე. პირიქით, ახლა ჩვენ ვცდილობთ, მოწმეები გამოვკითხოთ ნებაყოფლობით ან სასამართლოში მოვითხოვთ მათ გამოკითხვას. გვაქვს წინადადება, რომ ეს ბრალდებულები წავიყვანოთ შემთხვევის ადგილზე და იქვე შემოწმდეს ვიდეო თუ აუდიო ფიქსაციით, ამასაც არ აკეთებს გამოძიება, თუმცა ჩვენ ამის უფლება გვაქვს და გავაკეთებთ.
_ თქვენ არაერთხელ აღნიშნეთ, რომ გამოძიება ამა თუ იმ საგამოძიებო მოქმედებას არ ახორციელებს. რით ახსნით ამას, ვის სასარგებლოდ მოქმედებენ?
_ გამოძიებამ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო, როცა 17 ადამიანს სხვადასხვა მუხლით ბრალდება წაუყენა. სახელმწიფო შესაძლოა, ამ საქმეზე საზოგადოების მხრიდან წამოსული ტემპერატურის დასტაბილურებას ეცადა, მაგრამ იურიდიულად ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება. არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა, რომ ეს ადამიანები დაეკავებინათ და პატიმრობა გამოეყენებინათ. არ მგონია, ერთი შემთხვევა მაინც იყოს, როცა არასრულწლოვნის მიმართ, რომელსაც ძალადობა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა იყოს შერჩეული. არასრულწლოვნების შემთხვევაში სხვა სტანდარტია, ჩვენ კი ვნახეთ, რომ სასამართლომ ყველას მიმართ ერთი სტანდარტით იხელმძღვანელა. ისინი ეცადნენ, რომ საზოგადოებაზე ეფექტი მოეხდინათ 17 ადამიანის დაკავებით. ასეთი ტიპის საქმეზე ამ რაოდენობით პირის დაკავება არ მახსენდება. ამ პირების დაკავებით საზოგადოების ემოციებს გაუწიეს ანგარიში. ეს არ გადაუწყვეტია იქს გამომძიებელს, ეს მაღალ დონეზე გადაწყდა, _ დარწმუნებული ვარ, რომ ამაში ჩართული იყვნენ მთავარი პროკუორი და ის პირები, რომლებიც სამართლებრივი კუთხით ამინდს ქმნიან. წინასაარჩევნო პერიოდია და ამ პირების დაკავებით ხელისუფლება საზოგადოების გაღიზიანების დაბალანსებას შეეცადა, თუმცა საზოგადოება კვლავ უკმაყოფილოა: 17 პირი დააკავეს, მაგრამ კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია. 1000 კაცი რომც დააკავონ, ეს არ ნიშნავს სამართლიანობის აღდგენას. ერთია დაკავება, მეორე _ განაჩენი, ამ მტკიცებულებებით, დარწმუნებული ვარ, განაჩენი ვერ დადგება. 109-ე მუხლის ნაწილში, ჯგუფურად განზრახ მკვლელობა დამამძიებელ გარემოებაში ბრალი ვერ წარედგინებათ.
_ რა როლი აქვს ამ საქმეში ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძეს?
_ ფოტოგრაფი არაგულწრფელი მოწმეა, რომელიც ისევე ცრუობს, როგორც სხვა პირები. ფაქტია, რომ ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსან ნინო გიორგობიანის ნათესავია. რამდენად არის მისი ქცევები გიორგობიანის გავლენის ქვეშ, ეს არ ვიცი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ვიცი, რომ ბრეგვაძე არ არის გულწრფელი. ის ორჯერ გამოიკითხა, თუმცა იმაზე არ საუბრობს, რომ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ თემქაზე მონაწილე პირებთან ერთად ქეიფი გააგრძელა, მან თქვა, რომ სახლში წავიდა. ბრეგვაძე თავის ჩვენებაში ამბობს, რომ როდესაც მეორე მანქანა მოვიდა, 10 წუთის განმავლობაში „ტოიტა ქამრის“ მძღოლები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ამ პირებსო, საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ სანამ მანქანა მოვა, ეს პირები გარბიან. მოწმის ჩვენება წინააღმდეგობაშია ვიდეოჩანაწერთან. ისმის კითხვა, _ რატომ აძლევს მოწმე ამ ჩვენებას?! ასევე ბრეგვაძე ამბობს, რომ 112-ში დარეკა, მაგრამ მისი სატელეფონო ამონაწერით დგინდება, რომ არათუ ორჯერ დარეკა ბრეგვაძემ 112-ში, არამედ ერთხელ დაფიქსირდა 112-დან არა გამავალი, არამედ შემომავალი ზარი, ამასთანავე 112-ის ზარს წინ უსწრებს დაუდგენელ ნომერთან ზარი და მცხეთის პოლიციის სამორიგეოსთან კომუნიკაცია. ეს ნიშნავს, რომ მას აქვს კომუნიკაცია სხვა პირთან, იმ სხვა პირს _ პოლიციასთან და პოლიცია უკავშირდება ბრეგვაძეს, ასევე პოლიციის მოთხოვნით 112 უკავშირდება მას. გარდა ამისა, 112-ის ზარების ავთენტურობის შესახებ კითხვებია: პირველი ზარი 19 ივნისს განხორციელდა, სავარაუდოდ, ეს რეალური დროა, ფაილის შექმნის დროა 00:51-ზე, მეორე ზარი კი თარიღდება 30 ივნისის 23:10 საათით. აქედან გამომდინარე, არის ეჭვი, რომ მეორე ფაილი შემდეგ არის ჩაწერილი. იმ ტერიტორიიდან განხორციელებულია, დაახლოებით, 40 ზარი, მათ შორის, არც ერთზე არ არის სხვა რიცხვი, მხოლოდ 112-ის მეორე ზარი არის 30 ივნისით დათარიღებული, რაც გასაჯაროვდა. შესაბამისად, ამ ნაწილში კითხვები არსებობს. ჩვენ მოვისმინეთ, რომ ბრეგვაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა ექსპერიმენტებს ჩაატარებს, მაგრამ როგორ შეცვლის მისი ექსპერიმენტები იმ ჩვენებას, სადაც ბრეგვაძე ამბობს, რომ 10 წუთის მანძილზე გრძელდებოდა ძალადობაო ან რა ექსპერიმენტით უნდა ჩაანაცვლოს ის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 112-თან კომუნიკაციამდე პოლიციის სამორიგეოსთან ჰქონდა კავშირი? ეს არის ფაქტები, რომლებსაც ვერანაირი ექსპერიმენტით ვერ შეცვლის.
_ რა მოლოდინი გაქვთ ამ საქმეზე და განიხილავთ თუ არა თქვენი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის ბრალის დამძიმებას?
_ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს 143-ე მუხლი აბსურდულად წაუყენეს, აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება მათ 109-ე მუხლიც აბსურდულად წაუყენონ, თუმცა ამაზე ჩვენ ყველაზე ნაკლებად ვნერვიულობთ, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ რა სასამართლო პირობებშიც არ უნდა ვიყოთ, აღნიშნული მტკიცებულებებით ამ საქმეზე აუცილებლად დადგება გამამართლებელი განაჩენი. საქმის განხილვისთვის 6-თვიანი ვადაა იმის გამო, რომ არასრულწლოვნები არიან საქმის მონაწილე პირები. 6 თვეში თუ არ დადგა განაჩენი, ეს პირები განთავისუფლდებიან და სასამართლო სხდომები გაგრძელდება. არაერთი შემთხვევა ვიცით, როცა 9-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული გაუშვიათ და მერე დამდგარა ან გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენი. ანუ ეს ვადა არ უკავშირდება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელებას. ამ საქმეზე სამართლებრივად არ არსებობს ბრალდების დამძიმების საფუძველი, თუმცა რეალობიდან გამომდინარე თეორიული შანსი არის, რომ ეს უსაფუძვლო ბრალდებები წარუდგინონ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს. ეს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ გამოძიებისთვისაც ცუდი იქნება. გამოძიებამ თუ ბრალდება წარუდგინა ამ პირებს, საქმე ამ ნაწილში გახსნილად გამოცხადდება. ასეთ შემთხვევაში გამოძიება შესაძლო ვერსიებზე მუშაობას აჩერებს. რეალური ვერსია შეიძლება დაიკარგოს და რეალური დამნაშავეები გაქრნენ. ეს ცუდია დაზარალებულისთვისაც, რადგან მათ თუ აქვთ განცდა, რომ მკვლელობა მოხდა, ვეღარასდროს გაარკვევენ სიმართლეს.
_ რამდენად ადეკვატურია ამ საქმესთან მიმართებით სახალხო დამცველი და რა ფორმით უნდა ჩაერთოს ის?
_ ნორმის დონეზე: „საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სახელმწიფოებრივი გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით ზედამხედველობას უწევს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ფარგლებსა და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისთვის სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვასა და პატივისცემას. განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, წარმოშობისა და სხვა გარემოებებისა“. ე. ი. ამ შემთხვევაში ყველა პირში იგულისხმება როგორც ბრალდებული, ასევე დაზარალებული, სტატუსს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. შესაძლოა, ვიღაც უკანონოდ დაიჭირონ და ის უფრო საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს. გაკვირვებული ვარ სახალხო დამცველის განცხადებით, _ სანამ ამ საქმეს მკვლელობის სტატუსი არ მიენიჭა, მანამ უფლებამოსილება არ გვქონდაო. მისი ეს განცხადება სრული აბსურდია. სახალხო დამცველის პოზიციიდან ვისაუბრებდი იმაზე, რომ ამ საქმეზე საზოგადოება თუ ჟურნალისტები ხშირად არსებითად მცდარი ინფორმაციის შემცველ ფაქტებს ავრცელებენ, რაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონიდან გამომდინარე დაუშვებელია. თუ სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა გვინდა, საზოგადოების სამართლებრივი დონეც უნდა ავამაღლოთ. გამოსახულების უფლებაც პირადი არაქონებრივი უფლებაა. პერსონალური დაცვის ინსპექტორს რომ მივმართო, ყველა ტელევიზია, ვინც ეს გამოსახულების უფლება დაარღვია, დაჯარიმდება. როდესაც ამ ტიპის ჩანაწერები ვრცელდება, სახეები დაფარული უნდა იყოს. დღეს უკვე ყველაფერი აირია ამ საქმეში.
_ რომ არა მედიის ჩართულობა, საზოგადოებისთვის ბევრი რამ უცნობი იქნებოდა და გამოძიებაც სხვა კუთხით წავიდოდა.
_ ვერ მოვიწონებ მედიის ქცევას, რომელიც მტკიცებით ფორმაში რომელიმე პირს დააბრალებს მკვლელობას, _ ეს არ შეიძლება. თუ ამ ტიპის განცხადებას აკეთებენ, მინიმუმ, ვარაუდის დონეზე მაინც გამოთქვან. ასეთი ტიპის განცხადებები ფრთხილად, ჟურნალილსტური ეთიკის ნორმებისა და სხვა ადამიანების უფლებების დაცვით უნდა კეთდებოდეს. ხშირად ამ ინფორმაციებზე საზოგადოება რეაგირებს, სახელმწიფოს წინასაარჩევნოდ არ აწყობს მილიონობით ადამიანის გაღიზიანება, ამიტომაც გარკვეულ ინფორმაციაზე საზოგადოების რეაქციას შეიძლება არასწორი ბრალის წაყენება მოყვეს. სამწუხაროდ, ხშირად მედიას პროვოცირების მანქანად იყენებენ. ვისურვებ, რომ ყველამ თავისი საქმე სწორი ფორმით აკეთოს. ამავე ფორმით მივესალმები მედიის ჩართულობას. ამის გამოვლინებაა ჩემი ქცევა, მაქსიმალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია.
ნენე ინჯგია