„ვარდების რევოლუციიდან“ მიშას 50-დღიან შიმშილობამდე

რა წერია ეროსი კიწმარიშვილის მემუარებში და ვინ უწოდა 2003 წლის ნოემბერის მოვლენებს „ვარდების რევოლუცია“

ვანო პავლიაშვილი

18 წლის წინ, ანუ 2003 წლის ნოემბერში, როცა მხოლოდ თბილისი კი არა, მთელი „მზისა და ვარდების მხარე“ დუღდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა თითქმის ორი ათეული წელი და ადამიანი, რომელიც იმთავითვე ახალი ქართული სახელმწიფოს ფუძემდებლად მიიჩნეოდა, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდებოდა. მოვლენების ამ სცენარით განვითარებას, ალბათ, თავად მიხეილ სააკაშვილიც არ ელოდა, მაგრამ ცხოვრება და, მით უმეტეს, პოლიტიკა მოულოდნელობებითაა სავსე. შესაბამისად, დღეს ასეთი მოცემულობაა _ „ვარდების რევოლუცის“ პატრიარქი მსჯავრდებულია და, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რეაბილიტაციის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.

რატომ ჯიუტობდა „ოცნება“ და რატომ არ გადაჰყავდა სააკშვილი გლდანის ციხიდან მრავალპროფოლურ სამოქალაქო კლინიკაში, ან რატომ მოიტაცა მესამე პრეზიდენტი რუსთავის 12-ე დაწესებულებიდან და რატომ შეასახლა იძულებით გლდანის ციხეში? _ ამ თემებზე სხვა დროს ვისაურბოთ. ახლა კი „ვარდების რევოლუციის“ ალგორითმი ამოვხსნათ, უფრო სწორად, ის პერიპეტიები, რაც 18 წლის წინ ჩვენ ბედკრულ სამშობლოში ხდებოდა, მოკლედ გავიხსენოთ.

სხვათა შორის, ყველაფერი არჩევების გაყალბებით დაიწყო, ანუ მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც პოლიტიკაში არცთუ დიდი ხნის გამოჩენილი იყო, აცხადებდა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილზე ასლან აბაშიძის „აღორძენება“ კი არა, არამედ, თვითონ გავიდა. ამიტომ, ხელისუფლების გადადგომას კი არა, მოპარული არჩევნების დაბრუნებას, ესე იგი, მეორე ადგილს ითხოვდა. ამასონაში, ზურაბ ჟვანიაც აქტიურდება, რომელსაც იმხანად ალიანსი ნინო ბურჯანაძესთან ჰქონდა, ანუ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარლამენტის ექსსპიკერის პარტია საშინელ შედეგს აჩვენებს და ალბათ, იმიტომ, რომ პოლიტიკურად არ მომკვდარიყო, ჟვანიას გუნდი ფილარმონიაში იკრიბება და იღებს გადაწყვეტილებას, რომ მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ მოაწყოს. გზად ჟვანია-ბურჯანაძის მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალებიც„ უერთდებიან.

აქციის საბოლოო ლოკაციას პარლამენტია, საიდანაც ზურაბ ჟვანია ხელისუფლებას უთვლის, თუ გინდათ მილიონი გაბრაზებული ადამიანი, მიიღებთ მილიონ გაბრაზებულ ადამიანსო და… ოპოზიცია რეგიონებში გასვლას და შესაბამისად, ნოემბრის ბოლოსთვის თბილისში, ისევ რუსთაველზე დაგეგმილი მრავალათასიანი მიტინგისთვის მზადებას იწყებს.      

მაშ, ასე: 2003 წლის 23 ნოემბერი _ ეს არის დღე, როცა თბილისელმა მეყვავილეებმა არნახული შემოსავალი ნახეს, თუმცა გავა დრო და ხალხის ნაწილი, რომელიც ერთ დროს მიშას მზეს იფიცებდა, იტყვის, რომ ის ჩვეულებრივი სატანაა. ეს, რა თქმა უნდა, გადამეტებული შეფასებაა, თანაც მიხეილ სააკაშვილსა და იგივე „ვარდების რევოლუციაზე“ იმთავითვე უამრავი ჭორ-მართალი ტრიალებდა; ზოგი რას ამბობს და ზოგიც _ რას. ეს გასაკვირიც არაა, რადგან ადამის ნაშიერთ „შეთქმულების თეორიები“ ანდამატივით გვიზიდავს.

და მაინც, რა მოხდა რეალურად ანუ დრამა, რომელსაც „რუსთავი 2“-ის მაშინდელმა „სახემ“, ნათია ზამბახიძემ ღია ეთერში, ერთი შეხედვით, სპონტანურად „ვარდების რევოლუცია“ უწოდა, მართლაც ხელისუფლების ყვავილოვანი შეცვლა იყო თუ კარგად დაგეგმული პოლიტიკური ავანტიურა, რომელიც წლების განმავლობაში მზაზდდებოდა და რომელმაც კულმინაციას 2003 წლის 22-23 ნოემბერს მიაღწია? _ ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემა მხოლოდ იმ რამდენიმე ადამიანს ხელეწიფება, ვინც ეს „ორგანიზებული ქაოსი“ დაგეგმა და რეალობად აქცია, თუმცა მსგავსი შეთქმულებების დეტალები, როგორც წესი, არასოდეს საჯაროვდება…

ისე, 23 ნოემბრის მოვლენებთან შესაძლოა, პირდაპირ კაშირში არ აქვს, მაგრამ „ვარდების რევოლუციამდე“ ერთი წლით ადრე, ანუ 2002 წელს, უშიშროების საბჭოს მდივანს საკუთარ კაბინეტში გარდაცვლილს პოულობენ და მაშინვე ჩნდება ვერსია, რომ ნუგზარ საჯაიამ თავი მოიკლა, მოიკლა იმიტომ, რომ მაშინდელი ვერსიით, ადამიანმა, რომელმაც მთელი ცხოვრება უშიშროების სისტემებში გაატარა და რომელსაც უამრავი რამ ჰქონდა ნანახი, მედიაში მის წინააღმდეგ აგორებულ „შავ პიარს“ ვერ გაუძლო, ადგა და შუბლში ორი ტყვია დაიხალა.

ჰო, რა თქმა უნდა, არავინ იცის, ადამიანის ქვეცნობიერი როდის რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ მას შემდეგ ორი ხელისუფლება მოვიდა, მაგრამ ოფიციალურად არ დასმულა კითხვა: უშიშროების საბჭოს მდივანი ხომ არ მოკლეს?

ისე, ნუგზარ საჯაიას მკვლელობიდან, თვითმკვლელობასა თუ თვითმკვლელობამდე მიყვანიდან გავა სამი წელი და კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირის გარდაცვალების მოწმენი გავხდებით: 2005 წლის 3 თებერვალს, პრემიერი ზურაბ ჟვანია აღესრულება და… ისევ ყოველგვარი გამოძიებისა და ექსპერტიზის გარეშე, მაშინდელი გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი „დამაჯერებელად“ გამოგვიცხადებენ, რომ ჟვანია უბედური შემთხვევის ანაწერა გახდა.

დიახ, საჯაია-ჟვანიას გარდაცვალების პირველ წუთებსა თუ საათებში გაკეთებული განცხადებები თითქმის ან თითქმის იდენტურია!

რატომ? _ ეს დღემდე რიტორიკული კითხვაა.

…ცხონებული შევარდნაძე საჯაიას, როგორც ამბობენ, თვალდახუჭული ენდობოდა. მერე? _ ნუგზარ საჯაია, როგორც აღვნიშნეთ, უშიშროების საბჭოს მდივანი იყო. შესასაბამისად, ყველა ძალოვან უწყებას აკონტროლებდა, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების პულსზე ედო.

საჯაიას გარდაცვალების შემდეგ კი ყველას, ვინც პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად ერკვევა, გაუჩნდა განცდა, რომ ქვეყანა ასაფეთქებლად გამზადებულ ნაღმს დაემსგავსა.

სხვათა შორის, საჯაიას გარდაცვალების პერიოდშივე, კიდევ ერთი მოვლენის თვითმხილველნი გავხდით, რომელსაც ზოგი ანალიტიკოსი „მინი რევოლუციასაც“ უწოდებს. მხედველობაში 2001 წლის ნომებრის მოვლენები მაქვს, როცა „მოქკავშირის„ რეფორმატორები ედუარდ შევარდაძეს ღიად გამეიჯნენ. ეს გამიჯვნა კი თავისუფალი სიტყვის დაცვის საბაბით დაიწყო. კერძოდ:

2001 წლის ნოემბერში, „რუსთავი 2“-ში უშიშროების საგამოძიები სამსახური შედის, რასაც ხალხის მღევლარება მოჰყვება: ათასობით და, შეიძლება, ათიათასობით მოქალაქე ტელევიზიის დაცვას გადაწყვეტს და… რუსთაველის გამზირი მომიტინგეებით გაივსება. დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დაცვა თანდათან პოლიტუკურ მოთხოვნებში გადაიზრდება _ პროტესტანტები შს მაშინდელი მინისტრის, „რკინის კაცად“ სახელდებლი კახა თარგამაძის გადაყენებას სკანდირებენ. ანტითარგამაძისეული კამპანიის ავანგარდში სააკაშვილ-ჟვანია და სხვა რეფორმატორები დგანანა. ჟვანია, რომელიც პარლამენტის მოქმედი თვამჯდომრეა, მიტინგზე სიტყვით გამოდის და ულტიმატუმს აყენებს: თუკი შევარდნაძე თარგამაძეს მოხსნის, მზადაა, სპიკერობიდან თვითონაც გადადგეს. პრეზიდენტს ულტიმატუმის შესასრულებლად ძალიან ცოტა დრო ეძლევა.

სიტუაცია მყიფეა _ ყველა „ბაბუს“ გადაწყვეტილების მოლოდინშია და… შევარდნაძე კახა თარგამაძეს შს მინისტრობიდან ხსნის. ჟვანია, როგორც პოლიტიკურ ჯელტმენებს სჩვევიათ, სიტყვას ასრულებს და სპიკერობას ტოვებს.

კახა თარგამაძეს შემცვლელად კობა ნარჩემაშვილი ინიშნება, რომელიც მოგვიანებით, ანუ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, „მეოცნებე“ ხდება, რაც შემთხვევითი, ალბათ, არაა… ქვეყანას გენპროკურორიც ახალი ჰყავს _ გია მეფარიშილი. მართალია, ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარე აღარ არის, მაგრამ პოლიტიკურ პროცესებს მაინც მართავს _ პარლამენტის ახალი თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე მისი მეგობარია…

საერთოდ, „ვარდების რევოლუციის“ შემქმნელებად მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და აწ განსვენებული ზურაბ ჟვანია ითლებიან, თუმცა სიმართლე უნდა ითქვას: რომ არა ცხონებული ეროსი კიწმარიშვილი და, შესაბამისად, იმდროინდელი „რუსთავი 2“, ედუარდ ამბროსის ძე სახლში, ალბათ, არ წავიდოდა. სხვათა შორის, ეროსიმაც, ნუგზარ საჯაიასი არ იყოს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დასრულა, ოღონდ ეს ტრაგედია მას შემდეგ მოხდა, რაც ხელისუფლებაში „ოცნება“ მოვიდა… სხვადასხვა ვერსიით, კიწმარიშვილი „ოცნების“ ბოსებთან დაპირისპირების მსხვერპლი გახდა. საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას ეჭვი არ ეპარება, რომ „ვარდების რევოლუციის“ „რუხი კარდინალი“ მოკლეს, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა.

სხვათა შორის, კიწმარიშვილის გარდაცვალების შემდეგ, ქართულ ინტერნეტმედიაში მისი ე.წ. მემუარები გამოქვეყნდა, რომელშიც ვკითხულობთ:

„ნინო ბურჯანაძის როლი 2003 წლის ნოემბრის მოვლენებში, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, უმნიშვნელოვანესი იყო. ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ის პარლამენტის თავმჯდომარედ და სახელმწიფოში მე-2 უმაღლესი თანამდებობის პირად რჩებოდა, ხოლო შევარდნაძის გადადგომის შემთხვევაში, ახალი პრეზიდენტის არჩევამდე, ნინო ბურჯანაძე შეასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას. ეს კი ოპოზიციას საშუალებას მისცემდა გარდამავალ პერიოდში აღმასრულებელი ხელისუფლება კონტროლის ქვეშ ყოლოდა და არჩევნები ხელსაყრელ გარემოში ჩაეტარებინა. რაც გამარჯვების შანსებს ძალიან მაღალს გახდიდა. 22 ნოემბერს, ახალი პარლამენტის დამტკიცების შემთხვევაში, სპიკერი, უდიდესი ალბათობით, შევარდნაძის სიის პირველი ნომერი და ბადრი პატარკაციშვილის უახლოესი მოკავშირე, ვაჟა ლორთქიფანიძე გახდებოდა და თუნდაც იმავე დღეს, ხალხის ზეწოლის შედეგად, შევარდნაძის გადადგომაც კი სააკაშვილს დიდად ვერ წაადგებოდა _ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ყველა პოლიტიკური ძალა მის წინააღმდეგ გაერთიანდებოდა. ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილება, პარლამენტის სხდომა არ გამართულიყო, ერთი მხრივ, მისი პრაგმატულობის დემონსტრირება იყო _ ის იბრძოდა პროცესებში საკუთარი მნიშვნელობის მაქსიმალური გამოყენებისათვის, მაგრამ მეორე მხრივ, მიუთითებდა შევარდნაძე-პატარკაციშვილის ალიანსის სისუსტეზე. მათ ვერ მოახერხეს ბურჯანაძისთვის ისეთი გარანტიების შეთავაზება, რომ სააკაშვილ-ბურჯანაძის პოლიტიკური წყვილი არ ჩამოყალიბებულიყო, წყვილი, რომელმაც საბოლოოდ წერტილი დაუსვა მათ რამდენიმეწლიან მცდელობას, გარიგებების გზით მომხდარიყო შევარდნაძის მემკვიდრის მოძებნა და მისი გაპრეზიდენტება… საინტერესო იყო, როგორ მოახერხა სააკაშვილმა ნინოსთან ჟვანიას ზურგს უკან სეპარატული ალიანსის შეკვრა, როცა ამ გაერთიანებით, პრეზიდენტი 100% ალბათობით, სააკაშვილი ხდებოდა, რაც რა თქმა უნდა, ნინო ბურჯანაძის გეგმებში თავდაპირველად არ იყო და ის და მიშა, 22 ნოემბრამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე, უმწვავეს პოლიტიკურ დაპირისპირების რეჟიმში აწარმოებდნენ საარჩევნო კამპანიას? იყო, მინიმუმ, ორი სუბიექტური მომენტი: 1. წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას კარგად ჩანდა ბურჯანაძე-დემოკრატების ალიანსის ხელოვნურობა, ჟვანიას გუნდის მხრიდან ბურჯანაძის მიმართ არსებული ზოგადი უნდობლობა და მიუღებლობა, რასაც არ შეიძლებოდა ნინოს მხრიდან, გრძელვადიან პერსპექტივაში, საპასუხო გაღიზიანება არ გამოეწვია. 2. მიხეილ სააკაშვილთან ბურჯანაძის მეუღლის, ბადრი ბიწაძის ნათესაური კავშირი. წლების შემდეგ, ბადრი ბიწაძე მიყვებოდა, ჭიათურის რაიონში, მათ სოფელში, ბავშვობაში, მიშა მდინარეში იხრჩობოდა და გადავარჩინეო. ნათესაური კავშირზე დამყარებული ნდობა, დიდი ალბათობით, გახდა მათი პოლიტიკური გარიგების საფუძველი...

…2003 წლის 22 ნოემბრის 17:00 საათზე, სააკაშვილი და ბურჯანაძე, მომხრეებთან ერთად, პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. აი, როგორ იგონებს ამას, 2008 წელს, რუს ჟურნალისტ პაველ შერემეტთან საუბრისას ნინო ბურჯანაძე:

„_ პარლამენტისკენ წასვლის და სხდომათა დარბაზში შესვლის გადაწყვეტილება ბოლო წუთს, მას შემდეგ მივიღეთ, როცა ტელევიზიით დავინახეთ, რომ შევარდნაძეს ქვორუმი უჩნდება და ის პარლამენტის სხდომას ხსნის. ჩვენ გადავწყვიტეთ, პარლამენტში ჯგროდ არ შევვარდნილიყავით, სწრაფად გამოვყავით ხალხი, რომლებმაც ოფიციალური მონაცემებით მიიღეს პარლამენტის მანდატები და ისინი წინ გავუშვით“.

სააკაშვილის ვერსია იგივე პავლე შერემეტთან 2008 წელს მიცემულ ინტერვიუში ზუსტად ემთხვევა ჩემს ზემოთ ნათქვამს რევოლუციის სამზადისთან დაკავშირებით:

_ ვინ გადაგაწყვეტინათ სხდომათა დარბაზში წასვლა?

_ მე თვითონ გადავწყვიტე.

_ ეს როგორ? იჯექით, იჯექით, გადაწყვიტეთ და წახვედით?

_ …ჩვენ ვცდილობდით მოლაპარაკებას. შევარდნაძის გადაყენების საკითხი ბოლო წამს დადგა, როცა მას არ სურდა ელემენტარულის შემჩნევა, რომ ჩვენ, უბრალოდ, გვქონდა უფლება იმაზე, რაც ამომრჩეველებმა მოგვცეს. მეტს ჩვენ არ ვითხოვდით _ მხოლოდ იმას, რაც დავიმსახურეთ. მოეცათ ჩვენთვის პირველი ადგილი და ის კიდევ წელიწადნახევარი იქნებოდა ხელისუფლებაში, ალბათ, საკუთარ მემკვიდრესაც გაიყვანდა პრეზიდენტად.“

დღეს უაპელაციო საზოგადოებრივი აზრია, რომ „ვარდების რევოლუცია“ ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო მხარდაჭერით და მონაწილეობით დაიგეგმა და ეს რევოლუცია კავკასიის რეგიონში რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ განახორციელეს ზოგადად ამერიკელებმა, ასევე, ჯორჯ სოროსმა და საქართველოში მათგან მხარდაჭერილმა პოლიტიკურმა ძალებმა. ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების და პროდასავლური განწყობების ფორმირებაში, რა თქმა უნდა, უდიდესი იყო. 1993 წლიდან მოყოლებული, აშშ-ის საელჩოს, ასევე, USAID თუ სხვა ინსტიტუტების ამ მიმართულებით გაწეული ხარჯები და აქტივობები ნამდვილად შთამბეჭდავი იყო და შედეგიც მოჰქონდა, ასევე დიდი მხარდაჭერა განახორციელა ჯორჯ სოროსმა, თავისი ფონდის _ „ღია საზოგადოება საქართველო“ საშუალებით, რომელსაც ხალხში „სოროსის ფონდს“ ეძახდნენ. ამ ფონდის დაფინანსებამ, 1991-94 წლების სამოქალაქო ომის შემდგომ, ულუკმაპუროდ დარჩენილი უამრავი გამოჩენილი მეცნიერი, ჟურნალისტი თუ კულტურის მოღვაწე ელემენტარული, მცირე, მაგრამ აუცილებელი შემოსავლით უზრუნველყო, განახორციელა ბევრი მნიშვნელოვანი სამეცნიერო, კულტურული თუ მედია პროექტის დაფინანსება, რამაც საერთო ჯამში, საზოგადოების განწყობების ფორმირებაში დიდი წვლილი შეიტანა

აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი და მთელი ამერიკული დიპლომატია, 2003 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით კი ნოემბრის მოვლენებში, ყველანაირად ცდილობდნენ კრიზისის განმუხტვას და ღიად უჭერდნენ მხარს ედუარდ შევარდნაძეს. ბეიკერის შევარდნაძესთან შეხვედრაც და ამ პერიოდის სხვა ამერიკული აქტივობები, მიზნად არ ისახავდა ე.წ. რეჟიმის შეცვლას, არამედ, მიმართული იყო მშვიდობიანი, ევოლუციური, საარჩევნო გზით პოლიტიკური პროცესის შემდგომი განვითარებისკენ. ამიტომ ეს რევოლუცია მათთვის სრულიად მოულოდნელი და დაუგეგმავი რისკი აღმოჩნდა, თუმცა შემდგომი ნაბიჯებით, მათ უსწრაფესად მოახერხეს სიტუაციის თავის სასარგებლოდ შემობრუნება, ახალ ხელისუფლებაზე სასურველი ზემოქმედება და გავლენის მოპოვება და საბოლოოდ, რუსეთს წარმატების შემდგომი განვითარების საშუალება აღარ მისცეს.“

ისე, არავინ ელოდა, რომ 2003 წლის ნოემბრის „ცხელ“ დღეებში, თბილისს რუსეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, იგორ ივანოვი ესტურებოდა, რომელიც _ არ მეტი, არც ნაკლები _სააკაშვილ-ჟვანიას თანხლებით, პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს შეხვდა. მართალია, ვარდების რევოლუციიდან“ 18 წელი გავიდა, მაგრამ დღემდე ვერავინ ამოხსნა ალგორითმი _ რატომ ჩამოვიდა მაშინ ივანოვი…

საერთოდ, „ვარდების რევოლუციასა“ და მაშინდელ პერიპეტიებზე სხვადასხვანაირი მოსაზრებები და შეფასებები არსებობს, თუმცა ყველა, მათ შორის, ისინიც, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს და შესაბამისად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ იტანენ, საჯაროდ თუ არა, გულში მაინც აღიარებენ, რომ 2003 წლის 23 ნოემბერი საქართვეოსთვის ერთგვარი ტრანპლინი იყო, ტრანპლინი, რომელმაც ქვეყანა 90-იანი წლების „შავი ჭაობიდან“ ამოათრია და მხოლოდ 24-საათიანი დენი, გაზი და წყალი კი არ მოგვიატანა, არამედ, პოსტსაბჭოთა სივრცეში და, განსაკუთრებით, სამხრეთ კავკასიაში საქართველო, პრაქტიკულად, პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ქრთამი, ნეპოტიზმი და მსგავსი სამოხელეო, ასე ვთქვათ, მანკიერებანი მინიმუმამდე დავიდა. დიახ, 2003-დან 2012 წლამდე იგივე რუსეთიდან საქართველოში, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ იმიტომ ჩამოდიოდნენ, ენახათ, პოლიცია ქრთამს რომ არ იღებდა.

ერთი სიტყვით, მიშა ვინმეს მოსწონს თუ არა, ბრმა უნდა იყოს, ვერ დაინახოს, რომ იმ 9 წელში ევროპული ყაიდის სახელმწიფო ინსტიტუტები შეიქმნა. კი ბატონო, ბევრი სამართლებრივი გადაცდომა ხდებოდა და ზოგჯერ ეს გადაცდომა სისხლიან დანაშაულამდეც მიდიოდა, მაგრამ სამართლიანი ქვეყანა იმისთვის გვინდა, რომ კონკრეტულმა დამნაშავეებმა პასუხი ფაქტებით, არგუმენტებით აგონ და არა _ ვიღაცის მამიდის ქმრის ბიძაშვილის მეზობლის ნათქვამით. სამწუხაროდ, წლებია, საქართველოში სასამართლო არათუ სამართლიანი, არამედ, პოლიტიზებულია, რამაც იგივე მესამე პრეზიდენტის შემთხვევამაც დაგვანახა _ მიხეილ სააკაშვილს, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პიჯაკებისა და იმის გამო ასამართლებენ, რომ თურმე, უკრიანის მაშინდელ პრეზიდენტს, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სასტუმროში საპონისა თუ ტუალეტის ქაღალდის უფასოდ გამოყენების საშუალება მისცეს.

ახლა, ისეთებიც გამოჩნდებიან, რომლებიც სააკაშვილზე საუბრისას გირგვლიანს, რობაქიძესა თუ სხვა ტრაგედიებს გაიხსენებენ, მაგრამ წეღანდელი თქმისა არ იყოს, სასამართლო და ობიექტური გამოძიება იმისტვის არსებობს, რომ პირად შურისძიებაზე მაღლა დადგეს და სამართლიანი ვერდიქტი გამოიტანოს, თანაც ყველაფერ ამას იმასთან კაშირი არ აქვს, რომ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე „ოცნება“ 50 დღე ფიქრობდა და შესაბამისი გადაწყვეტილება მხოლოდ ადგილობრივი თუ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შემდეგ მიიღო.

ასე და ამგვარად: „ვარდების რევოლუციიდან“ 18 წლის შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა ისევ პიკშია და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ამ დუღილის ტემპერატურის „შეფი“, როგორც 18 წლის წინ, ახლაც მიხეილ სააკაშვილია, სააკაშვილი, რომელიც თანამედროვე ქართული პოლიტიკის ნარატივებს ადგენს და, ალბათ, ფაზლსაც შეკრავს.

P.S. ყველა რანგისა და ყაიდის პოლიტიკოსი თუ ანალიტიკოსი ამბობს, რომ ქვეყანაში ცვლილებები რევოლუციური კი არა, ევოლუციური გზით უნდა მოხდეს. ცხადია, ქვეყანა კიდევ ერთ რევილუციას ვეღარ გაუძლებს, მაგრამ პოლიტიკაში სიმბოლოებს ძალიან დიდი ნიშვნელობა აქვს და, სხვათა შორის, სიმბლოები მიხეილ სააკაშვილსაც უყვარს. ჰოდა, ალბათ, სიმბოლურია, რომ წლევანდელი ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, წალენჯიხის თავზე „ოცნების“ დროშა აღარ ფრიალებს _ „ვარდების რევოლუციის“ ავტობუსიც, რომელშიც სააკაშვილი იჯდა, თავის დროზე სწორედ წალენჯიხიდნა დაიძრა. ამ ავტობუსს კი მანქანების კოლონა მოჰყვა.

ისე, ამბობენ, რომ ისტორიაში რაღაცები მეორდება ხოლმე. წალენჯიხაში „ოცნების“ „დაცემაც“ შესაძლოა, ვინმემ განმეორების დასაწყისად ჩათვალოს…