ვალმერ ბუთბასა და „მულტიკას“ წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის გაუხმაურებელი დეტალები

„ქრონიკა+“ იცავს სპეცოპერაციაში მონაწილეთა კონფიდენციალურობას. სტატიაში აღწერილია რეალური ისტორია.

პირს, რომელმაც დაგეგმილი ოპერაცია მარტომ ჩაატარა, 2013 წელს დაცვა მოუხსნეს და უარი უთხრეს თბილისში ბინის ქირის გადახდაზეც.

ვალმერ ბუთბა რუსეთის მიერ ინსპირირებული ქართულ-აფხაზური სამხედრო დაპირისპირების დროს ცნობილი საველე მეთაური იყო. ომის დასრულების შემდეგ, 1994 წლის მარტში, გალის რაიონის ე. წ. დაბალი ზონის სოფლების ქართული მოსახლეობის ხელმეორე გენოციდში მონაწილეობდა, რომელიც რუსეთის სამშვიდობო ძალების აბსოლუტური წაყრუების ფონზე მიმდინარეობდა.

პოლკოვნიკის წოდების მქონე ვალმერ ბუთბამ ჯერ ომში, შემდეგ კი გალის რაიონის ქართველ მოსახლეობასთან უსასტიკესი მეთოდების გამოყენებით გაითქვა სახელი. მისი გავლენა ძლიერი იყო არა მარტო გალის აფხაზურ ადმინისტრაციაზე, არამედ, ზოგადად, ე. წ. მინისტრთა კაბინეტზეც.

გალის რაიონი, ფაქტობრივად, ვალმერ ბუთბას ჰქონდა ჩაბარებული. ის სათავეში ედგა რეკეტს, ხოლო 2000-იანი წლების დასაწყისში ჰყავდა კარგად ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ადამიანთა გატაცებაზე იყო ორიენტირებული.

გატაცების შემდეგ ოჯახს გამოსასყიდის გადახდას სთხოვდნენ. იყო შემთხვევები, როცა გატაცება მკვლელობით სრულდებოდა _ თუკი ოჯახი და ახლობლები პირობას არ ასრულებდნენ და საჭირო თანხას დროულად ვერ შეაგროვებდნენ.

2000-2010 წლებში გალის რაიონის ტერიტორიაზე ვალმერ ბუთბას ჯგუფი სერიოზულ საფრთხედ იქცა არა მარტო გალის, არამედ ზუგდიდის რაიონის მცხოვრებლებისთვისაც: 2004 წლის შემდეგ ბუთბას ჯგუფს ბევრმა, იმდროინდელი ხელისუფლებისგან შევიწროებულმა ეთნიკურად ქართველმა კრიმინალმა შეფარა თავი, რომლებიც ზუგდიდის რაიონიდან ადამიანების გატაცებაში მონაწილეობდნენ.

ვალმერ ბუთბას განუყრელი მეგობარი და მისი მარჯვენა ხელი იყო თამაზ კვეკვესკირი, იგივე „მულტიკა“, რომელიც ქართველების პათოლოგიურ სიძულვილში ჯგუფის მეთაურს არაფრით ჩამოუვარდებოდა.

ქართული ძალოვანი უწყებების წინაშე აქტუალურად დადგა ამ დანაშაულებრივი ჯგუფის გაუვნებელყოფის საკითხი, რომელიც ერთ-ერთმა ქვეუწყებამ (უწყება და ქვეუწყება შეგნებულად არ სახელდება, _ ავტ.) ითავა.

გადაწყვეტილების მოთავეები, ცხადია, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ჯგუფის გაუვნებელყოფა ვერ მოხდებოდა მისი მეთაურისა და „მარჯვენა ხელის“ აყვანის, ან ლიკვიდაციის გარეშე. ვინაიდან მათი აყვანა და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო, ორივეს ლიკვიდირება გადაწყდა.

ოპერაცია, სავარაუდოდ, ვერ ჩატარდებოდა, თუ არ მოიძებნებოდა ვინმე ვალმერ ბუთბას გარემოცვიდან, რომელიც ამ მისიას, ანუ სისასტიკით განთქმული ბუთბასა და კვეკვესკირის ლიკვიდაციას თავის თავზე აიღებდა. ამოცანა გადაუჭრელი ჩანდა, მაგრამ გარემოებათა დამთხვევის წყალობით, გამოსავალი მოიძებნა.

იმ დროს ზუგდიდის ციხეში სასჯელს იხდიდა ჯერ კიდევ წინა, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს ადამიანის გატაცებისთვის დაკავებული პირი, რომელიც სწორედ ვალმერ ბუთბას ჯგუფის წევრი იყო. ის მაშინ აიყვანეს, როცა წინასწარ ბუთბას მიერ შედგენილი სიის მიხედვით, გალის რაიონში ადამიანებს იტაცებდა, ან იტყუებდა, ოჯახისგან თანხის მიღების მიზნით.

ა.ს.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ხოლო ოპერაციის დაგეგმვის აუცილებლობის წინაშე აღმოჩენის დროისთვის მოსახდელად, სულ რაღაც, წელიწადი და რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი.

ა.ს.-სთვის ციხეში ცნობილი გახდა ქართველი სამართალდამცველების გააქტიურება გალის მიმართულებით და მოახერხა, მათთვის შეეთვალა, რომ ვალმერ ბუთბასთან დაკავშირებულ გეგმებში მათი დახმარება შეეძლო _ ცხადია, საკუთარი პირობების სანაცვლოდ. მას მაშინვე დაუკავშირდნენ _ სახეზე იყო ბუთბას უახლოესი გარემოცვის წევრი, აფხაზი კრიმინალის თვალში არაკომპრომეტირებული პირი, რომელიც „საქმეზე წასული“ ჩავარდა და ციხეში იხდიდა სასჯელს.

ა.ს.-მ განთავისუფლება და ოპერაციის დასრულების შემდეგ ხელშეუხებლობის გარანტია მოითხოვა. თუმცა სამეგრელოს ძალოვანი სტრუქტურის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, ვინც მასთან მოლაპარაკებას უშუალოდ აწარმოებდა, მოახერხა მისი დარწმუნება, რომ ვადაზე ადრე მის განთავისუფლებას, შესაძლოა, ეჭვი აღეძრა ბუთბასთვის.

სამაგიეროდ, მან გარანტია მიიღო, რომ ციხეში ადმინისტრაციის მხრიდან არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა და ოპერაციის დეტალები მასთან ერთად დაიგეგმებოდა. ასეც მოხდა: ა.ს.-თან ერთად ოპერაცია წელიწადზე მეტხანს იგეგმებოდა და გათვალისწინებული იყო ყველა დეტალი _ ინფორმაციის მიღებითა და გადმოცემით დამთავრებული.

ა.ს. ენგურისპირა, ოკუპაციის ზოლთან მდებარე სოფელში ცხოვრობდა, ცხადია, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მისი განთავისუფლებიდან რამდენიმე დღეში ა.ს.-ს სახლს სპეცრაზმმა ალყა შემოარტყა, ხოლო ციხიდან ახლად განთავისუფლებულმა ა.ს.-მ ალყაშემორტყმული სახლიდან გაპარვა იმაზე 5 წუთით ადრე მოახერხა, ვიდრე სპეცრაზმელები იქ შეიჭრებოდნენ. მისი სახლიდან ოფიციალურად ამოიღეს ავტომატი და ხელყუმბარა, ხოლო ა.ს. ასევე ოფიციალურად, ძებნილად გამოცხადდა. ეს ინფორმაცია, ოპერაციის კადრებთან ერთად, მაქსიმალურად მიეწოდა მედიასაშუალებებსა და ცენტრალურ ტელევიზიებს და რამდენჯერმე განმეორდა საინფორმაციო გამოშვებებში. ითქვა, რომ ძებნილმა ა.ს.-მ, სავარაუდოდ, გალის რაიონს შეაფარა თავი.

ცხადია, ეს „სპეცოპერაცია“ გეგმის ნაწილი იყო, რათა ა.ს.-ს ვალმერ ბუთბას თვალში ალიბი ჰქონოდა. ა.ს. მართლაც, გალის რაიონის ტერიტორიაზე „იმალებოდა“, თან ისე, რომ კრიმინალ პოლკოვნიკს თავად არ დაკავშირებია: ერთ კვირაში ის ვალმერ ბუთბამ თავად მოძებნა და უსაყვედურა, პირდაპირ ჩემთან რატომ არ მოხვედიო?..

ამ დროს 2011 წლის ნოემბერი იდგა. იმ დღიდან ბუთბა ა.ს.-ს გვერდიდან არ იშორებდა. გეგმის მიხედვით, ა.ს.-ს ტანსაცმელში ჩამწერი მოწყობილობა ჰქონდა დამონტაჟებული და დიდი მოცულობის მეხსიერების ბარათში იწერდა საუბრებს, რომლის დროსაც იგეგმებოდა კრიმინალური რეიდები, ირჩეოდა წარსულში ჩადენილი საქმეები, სახელდებოდნენ ხელშემწყობი პირები და კრიმინალთა მოკავშირეები როგორც ენგურსგაღმა, ასევე ენგურსგამოღმა. კვირაში ერთხელ ა.ს., თითქოსდა, ოჯახის ამბების გაგების მიზნით, ენგურის ხიდთან ახლოს, გალის ტერიტორიაზე ხვდებოდა ბიძაშვილს, რომელიც, სინამდვილეში, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი იყო. ამ დროს იქვე ახლომახლო იყო ვალმერ ბუთბაც და თავისი რაზმით პერიმეტრს კეტავდა, რათა ა.ს.-ზე თავდასხმა არ მომხდარიყო. შეხვედრის დროს მცირე ზომის ინფორმაციით დატვირთულ მეხსიერების ბარათს ა.ს. „ბიძაშვილს“ შეუმჩნევლად გადასცემდა, სანაცვლოდ კი მისგან ახალ მეხსიერების ბარათს იღებდა. ა.ს.-ს მიერ გადმოცემული ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მათი დაშიფრვის შემდეგ ათეულობით დანაშაულის პრევენცია მოხდა, გადაარჩინეს უამრავი ადამიანი, ვისაც კრიმინალები გატაცებას უპირებდნენ. ეს ყველაფერი ისე ხდებოდა, რომ ბუთბას არაფერი ეეჭვა _ ა.ს. ისევ მის ნდობით აღჭურვილ პირად რჩებოდა…

2011 წლის დეკემბრის ბოლოს ა.ს.-მ ვალმერ ბუთბას უთხრა, რომ ერთი კვირით შინ აპირებდა უჩუმრად ჩასვლას, _ პოლიცია საახალწლოდ მოდუნებულია, ვერაფერს გაიგებს, სახლში შევიკეტები და არ გამოვალო. უკან დაბრუნებას კი შობის მეორე დღეს დაჰპირდა. მან პოლკოვნიკს სთხოვა, „სადმე, ენგურთან ახლოს“ მანქანით გაეყვანა, საიდანაც სახლში ფეხით გადავიდოდა, ენგურის ფონის გავლით.

ვალმერ ბუთბასაც არაფერი უეჭვია, საღამოს ა.ს. მანქანაში ჩაისვა, მასთან ერთად იყო „მულტიკა“, იგივე თამაზ კვეკვესკირი. მანქანაში საჭესთან ბუთბა იჯდა, ხოლო ა.ს. უკანა სავარძელზე. გზაში ვალმერ ბუთბა ა.ს.-ს სიფრთხილისკენ მოუწოდებდა და რჩევებს აძლევდა, ისიც უთხრა, თუ რამე საფრთხე იგრძენი, დამირეკე და მაგ სოფელში ჯარს შევიყვან, შენს თავს პოლიციას არ დავანებებო. მერე კიდევ ერთხელ უთხრა, თავს გაუფრთხილდიო და ერთი სავსე მჭიდით „მაკაროვი“ უსახსოვრა.

გეგმის მიხედვით, ვალმერ ბუთბას ლიკვიდაცია იმ დღეს არ იგეგმებოდა, მაგრამ ა.ს.-მ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. მან თავში ერთი ტყვია ესროლა ბუთბას და ადგილზე მოკლა, მერე კი იარაღი შემოაბრუნა და „მულტიკას“ სამი ტყვია დაახალა.

ჯერ ენგურამდე კარგა მანძილი იყო დარჩენილი. იმის საშიშროება, რომ აფხაზური მილიციის პატრულს გადაჰყროდა, არც ისე მცირე იყო. ა.ს.-მ ვალმერ ბუთბას ცხედარი იქვე გადმოაგდო მანქანიდან, სწრაფად გაათრია გზისპირზე და თხრილში ჩააგდო, თავად კი საჭეს მიუჯდა და ენგურის მიმართულებით დიდი სიჩქარით გააგრძელა გზა.

ცოტა მანძილის გავლის შემდეგ ა.ს.-მ „მულტიკას“ ცხედარიც გადმოაგდო ისე, რომ მანქანა არ გაუჩერებია _ კარგად ესმოდა, რომ მისი სიცოცხლე ენგურის ფონამდე სწრაფად მიღწევასა და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სასწრაფოდ გადავლაზე იყო დამოკიდებული.

ოღროჩოღრო, დანგრეულ გზაზე გადაჭარბებული სიჩქარით სიარულის გამო მანქანის მოტორი გადახურდა და ძრავი ჩაქრა. ა.ს.-მ მანქანა იქვე დატოვა და ენგურამდე სირბილით გააგრძელა გზა. ენგურის ფონზე გადასვლისა და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრის შემდეგ ა.ს. პირველსავე მცხოვრებს მიადგა და მობილური სთხოვა. მან ოპერაციის უშუალო დამგეგმავს დაურეკა, იმან კი თბილისში თავდაცვის იმდროინდელი მინისტრი _ ბაჩო ახალაია ჩააყენა საქმის კურსში, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ოპერაციის მომზადება-დაგეგმვაში.

რამდენიმე წუთში ზემოთ ხსენებულ სოფელში კბილებამდე შეიარაღებული ჯგუფი გაიგზავნა, ა.ს. უსაფრთხოდ გამოიყვანეს სახიფათო ზონიდან და სასწრაფოდ გადაიყვანეს თბილისში, სადაც ბაჩო ახალაიას წარუდგინეს.

დაპირებისამებრ, ა.ს.-მ სახელმწიფოებრივი პრივილეგიები მიიღო _ დაუნიშნეს დაცვა, უქირავეს ბინა.

ცოტა ხანში ხელისუფლება შეიცვალა. თავდაცვის სამინისტრომ უარი თქვა ა.ს.-ს ბინის ქირის გადახდაზე. მას დაცვაც მოუხსნეს. ა.ს. სამხედრო პოლიციაში მივიდა და ახალი ხელმძღვანელობის წინაშე თავისი თავის სრული იდენტიფიცირება მოახდინა, იმ იმედით, რომ სპეციალური უსაფრთხოების ზომებსა და მისი სიცოცხლის დაცვაზე უარს არ ეტყოდნენ.

სამხედრო პოლიციაში მას მოკლედ უპასუხეს: „მაგ დავალებაზე ჩვენ არ გაგვიგზავნიხარ, ვინც გაგაგზავნა, დაცვა და ბინის ქირა იმას მოსთხოვე“.

ასე დარჩა ქუჩაში უნიკალური ოპერაციის შემსრულებელი პირი, რომელიც ნებისმიერ სხვა, ნორმალურ ქვეყანაში, ხელისუფლების ცვალებადობის მიუხედავად, დიდ პატივში იქნებოდა.

ეს ის დროა, როცა აფხაზური მხარე უკვე ღიად ადანაშაულებდა ქართულ სპეცსამსახურებს ბუთბასა და კვეკვესკირის ლიკვიდაციაში. ვალმერ ბუთბას დას ა.ს.-ს მოკვლისთვის ათეულობით ათასი დოლარის ჯილდო ჰქონდა დაწესებული და ეს იცოდნენ არა მარტო აფხაზმა, არამედ ქართველმა კრიმინალებმაც, რომლებიც გალის რაიონს იმ დრომდე აფარებდნენ თავს. ცხადია, იცოდნენ ქართულმა სპეცსამსახურებმაც, თუმცა, ამის მიუხედავად, ა.ს.-ს დაცვაც მოუხსნეს და ფაქტობრივად, ქუჩაშიც დატოვეს.

ა.ს.-ს, რომელსაც ზუგდიდში არ ჩაესვლებოდა კონფლიქტის ზონასთან და საოკუპაციო ზოლთან სიახლოვის გამო, ისღა დარჩენოდა, ციხეში წასულიყო _ მან იარაღი იშოვა და მაღაზია დააყაჩაღა, რის შემდეგაც დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს.

ა.ს. ამ დრომდე იხდის სასჯელს.

 

ლაშა ბერულავა