„ეს ნუსხა 2003 წლის შემდეგ თვალით არავის უნახავს, სახელმწიფომ იგი 15 ათას ოჯახს დაუმალა“

საქართველოში მოქმედებს კანონი „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის მოხდისგან განთავისუფლებისა და სასჯელის მოხდის გადავადების“ შესახებ, რომელსაც, რატომღაც, დღემდე არ ახმაურებენ. შესაბამისად, პატიმართა ოჯახებისთვის ხელმიუწვდომელია იმ დაავადებათა ჩამონათვალი, რომელიც სასჯელის მოხდისგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს იძლევა.

„ქრონიკა+“ ამ ჩამონათვალს პირველად აქვეყნებს, ვინაიდან 2003 წლის 27 მარტის შემდეგ ეს ჩამონათვალი, უბრალოდ, გადამალული იყო. არადა, ხსენებული ნუსხა საქართველოს კანონმდებლობით და ევროკონვენციის მესამე მუხლით არის რატიფიცირებული. სავარაუდოდ, ამ ნუსხის გამოქვეყნებას ელის 15 ათასი ადამიანი და მათი ოჯახები, რომელთა პატიმრები საპატიმროებში სხვადასხვა დაავადებისგან იტანჯებიან.

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება პაციენტთა „უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე _ ნანა სანაია:

 

_ დაავადება არ უნდა უშლიდეს ხელს სასჯელის მოხდაში პატიმარს და როდესაც მძიმე და უკურნებელ სენთან გვაქვს საქმე, სასჯელი უნდა გადავადდეს. გადავადების შემთხვევაში პატიმარს სახლში უშვებენ, რათა სახლისა და ოჯახის პირობებში იმკურნალოს. ექვს თვეში ერთხელ მას გამოკვლევას უტარებენ და ეს ადამიანი სახლშია მის არსებით გამოჯანმრთელებამდე. ანუ მკურნალობს ოჯახში და როგორც კი ექსპერტიზის შედეგად დამაკმაყოფილებელი დასკვნა მოვა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრუნდება. ეს დასკვნა არ უნდა  დაიდოს მანამდე, სანამ მის ჯანმრთელობაში დადებითი ცვლილებები არ იქნება, რის შემდეგაც პატიმარი დაბრუნდება და სასჯელის მოხდას გააგრძელებს. მაგალითად, იყო ასეთი პატიმარი, რომელსაც თირკმლების მუდმივი პრობლემა ჰქონდა, მას ორივე ორგანოში ქვები უგროვდებოდა და სამ თვეში ერთხელ ოპერაცია სჭირდებოდა. ანუ საფუძველი არსებობდა, რომ გადავადება მოგვეთხოვა. ეს არის მძიმე დაავადება, რომელიც ადამიანს ხელს უშლის სასჯელის მოხდაში. ასე წერია დღეს მოქმედ კანონში და ევროკონვენციის მესამე მუხლში.

_ როცა პატიმარი გამოჯანმრთელდება, ციხეში უნდა დაბრუნდეს?

_ დიახ.

_ დავუშვათ, პატიმარს 6 წელი მიუსაჯეს, იჯდა 2 წელი, შემდეგ ციხეში დაავადდა, გადავადებით სახლში კიდევ 2 წელი იმკურნალა და ოჯახურ პირობებში ამ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელდა, მერე რა ხდება?

_ დაბრუნდება ციხეში და დარჩენილ 4 წელიწადს მოიხდის. ანუ სახლში ყოფნა წლებში არ ჩაეთვლება.

_ კი მაგრამ, ასე ხომ 8 წელიწადი გამოდის?

_ წელიწადი რაც დარჩა, ის არ იცვლება და სრულად უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთის ადგილებში. უბრალოდ, გადავადების არსი ის არის, რომ ავადმყოფი პატიმარი მოწყვეტილია პატრონებს, დისკომფორტი აქვს, როდესაც მას მძიმე დაავადება სჭირს და ისეთი მძიმე, რომ მისი მკურნალობა ციხის პირობებში შეუძლებელია, ამ დროს პატიმარი განიცდის ტკივილს, ტანჯვას. მისი გაჩერება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეწინააღმდეგება ევროკონვენციის მესამე მუხლს, რომლის მიხედვითაც ავადმყოფის წამება მიუღებელია და არაადამიანურ მოპყრობათა რიცხვს განეკუთვნება.

_ კი მაგრამ, სახლში განკურნებულ პატიმარს უკან ციხეში რომ მიაბრუნებ, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ მთელი მკურნალობა წყალში ჩაუყარო. მისი ციხეში მიბრუნება მდგომარეობის გაუარესებას არ ნიშნავს? იქ აბრუნებ, სადაც დაავადდა?

_ გარკვეულწილად, ეს ამასაც ნიშნავს, მაგრამ ჩვენ კანონმდებლობას ვითვალისწინებთ და ორიენტირებულები ვართ იმაზე, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში რისი გაკეთება შეგვიძლია დაავადებული პატიმრებისთვის. იცით, ალბათ, როდესაც ადამიანი ციხეში ხვდება, მასზე ზრუნვა სახელმწიფომ უნდა აიღოს და არ დაუშვას მისი დაავადების პრეცედენტი. პირიქით ხდება და სისტემატურად _ პატიმარს შეიძლება გაურთულდეს დაავადება, მაგრამ ეს შეუსაბამობა კანონის საფუძვლებს არ აუქმებს.

_ კარგით, მძიმე დაავადების საფუძველზე პატიმართა გადავადების ან განთავისუფლების ფაქტები თუ ყოფილა?

_ აი, უკვე მივედით მთავარ და ყველაზე სკანდალურ თემამდე: იმისთვის, რომ სასჯელი გადავადდეს, ან პირი განთავისუფლდეს, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის სახელმწიფო ბიურომ ექსპერტიზის დასკვნაში უნდა ჩაწეროს „მძიმე“. არადა, ამის დაწერას ერიდებიან! თუ ვისაუბრებთ განთავისუფლების ფაქტებზე, ძირითადად ტერმინალურ სტადიაში მყოფ პატიმრებს ათავისუფლებენ. ტერმინალური სტადია კი ნიშნავს სიკვდილის წინა სტადიას. რაც შეეხება „მძიმეს“ _ მის მაგივრად წერენ, რომ არის „პროგნოზულად მძიმე“.

_ „პროგნოზულად მძიმე“ რას ნიშნავს?

_ „პროგნოზულად მძიმე“ ნიშნავს იმას, რომ ახლა არა, მაგრამ მომავალში დამძიმების პერსპექტივაა. თანაც ამ „პროგნოზულად მძიმეს“ წერენ ისეთ ავადმყოფებზე, რომლებიც ძალიან მძიმედ არიან და მომავალში წინასასიკვდილო სტადიას უახლოვდებიან. გვინდა მოვითხოვოთ, რომ ის რეალური სურათი აისახოს ექსპერტიზის ამ დასკვნებში, რაც სინამდვილეშია, იმიტომ რომ სწორედ ექსპერტიზის ამ დასკვნებზეა დამოკიდებული სასჯელის გადავადებისა და განთავისუფლების საკითხები. ასევე ექსპერტიზას შორის ურთიერთგამომრიცხავი შინაარსის მქონე დასკვნებია. მაგალითად, ადრე ჩვენ ორი დოკუმენტი გვქონდა, სადაც ექსპერტიზამ „პროგნოზულად მძიმე“ ჩაწერა, რამდენიმე დღეში სიტუაცია რომ დამძიმდა და პატიმარი სასიკვდილო სტადიაში გადავიდა, ჩაწერა „მძიმე“. ანუ როდესაც ხედავენ, რომ ადამიანი მოკვდება და პასუხისმგებლობა მათ დაეკისრება, ეგრევე ცვლიან დასკვნას.

_ გადავადების შემთხვევაში, ოჯახში მკურნალობის გავლის პროცესში, ეხება თუ არა პატიმარს ამნისტია?

_ თუ ამნისტია ამ მუხლით გამოცხადდა და ყველას შეეხეო, შეეხება იმ ადამიანსაც, რომელიც „გადავადებით“ სახლში მკურნალობს. ავადმყოფის მკურნალობა გარკვეულ ხარჯებს უკავშირდება და როდესაც ადამიანი ავადაა, სახელმწიფო ვალდებულია, სტაციონარში გადაიყვანოს. ახლა ნახეთ, რა ხდება? _ სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო სტაციონარები, მაინცდამაინც, კარგად აღჭურვილი არ არის. როდესაც პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან უარესდება, იმის გამო, რომ თვითონ არ აქვთ არც სათანადო აპარატურა და არც კვალიფიციური სპეციალისტები ჰყავთ, სხვა კლინიკებში ათავსებენ. ხელშეკრულება აქვთ დადებული კლინიკებთან.

 

„ქრონიკა+~ გთავაზობთ შეპირებულ ნუსხას, რომელსაც საქართველოში არსებული ყველა პატიმრის ოჯახი ელის. იმდენად, რამდენადაც იგი საკმაოდ ვრცელია, მის მხოლოდ პირველ ნაწილს გაგაცნობთ. შემდეგი ნაწილი „ქრონიკა+“-ის მომდევნო ნომერში გამოქვეყნდება.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება #72/ნ

2003 წლის 27 მარტი ქ. თბილისი

 

იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს

 

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

  1. დამტკიცდეს იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალი, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს.
  2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ა. გამყრელიძე

 

სასჯელის მოხდისგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს წარმოადგენს შემდეგი დაავადებები:

 

მუხლი 1. ტუბერკულიოზი

  1. რესპირატორული ტუბერკულოზი ბაქტერიოლოგიურად ან ჰისტოლოგიურად დადასტურებული: ნ) სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამა (დანართი #13). (8.04.2010 #90/ნ)

ა. ფილტვების დესტრუქციული (ფიბროზულ-კავერნული, დისემინირებული, ციროზული), პროგრესირებადი ტუბერკულოზი;

ბ. პროგრესირებადი კაზეოზური პნევმონია;

გ. ფილტვების ზემდგრადი ტუბერკულოზი;

დ. პლევრის ქრონიკული ტოტალური ემპიემა, პლევრო-ბრონქული მარგულით.

  1. სხვა ორგანოების ტუბერკულოზი:

– თირკმლების ორმხრივი კავერნული ტუბერკულოზი, სპეციფიკური პროცესის გავრცელებით საშარდე გზებში;

– ხერხემლის, მსხვილი ძვლებისა და სახსრების პროგრესირებადი დესტრუქციული ტუბერკულოზი;

  1. მილიარული ტუბერკულოზი.

რესპირატორული, სხვა ორგანოებისა და მილიარული ტუბერკულოზი, გართულებული ქრონიკული ფილტვისმიერი გულის დეკომპენსაციის სტადიაში სუნთქვითი უკმარისობა IIIხ. ან/და თირკმლის ქრონიკული უკმარისობა ტერმინალურ სტადიაში, ამილოიდოზი.

 

მუხლი 2. ავთვისებიანი სიმსივნეები

  1. ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულნი, რომელთა მდგომარეობაც შეესაბამება IV კლინიკური ჯგუფით განსაზღვრულ კატეგორიას.
  2. ლიმფური და სისხლმბადი ქსოვილების ავთვისებიანი დაავადებები. მიოლოპროოლიფერაციული სიმსივნეები.

კლინიკური დიაგნოზი დადასტურებული უნდა იყოს მორფოლოგიური გამოკვლევებით.

ა) მწვავე ლეიკემია (ყველა ფორმა);

ბ) (#57/ნ, 11.03.2004) – ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია – აქსელერაციის სტადია, ბლასტური კრიზი, კახექსიით, ანემიით, ან ჰემორაგიული სინდრომით;

გ) ქრონიკული ერითრომიელოზი – ტერმინალური სტადია;

დ) ერითრემია – გართულებული სისხლჩაქცევებით ან თავის ტვინის სისხლძარღვების თრომბოზებით;

ე) ქრონიკული ლიმფოიდური ლეიკემია – გართულებული ანემიით, თრომბოციტოპენიით, ან მორეციდივე ინფექციებით;

ვ)            (#57/ნ, 11.03.2004) – ქრონიკული მონოციტური ლეიკემია – აქსელერაციის ტერმინალური სტადია ანემიით, ან ჰემორაგიული სინდრომით;

ზ) – მრავლობითი მიელომა – ყველა ფორმა (#57/ნ, 11.03.2004);

თ) – ლიმფოგრანულომატოზი – ყველა სტადია (#57/ნ, 11.03.2004);

ი) (#57/ნ,11.03.2004) – არაჰოჯკინის ავთვისებიანი, ან არადიფერენცირებულ უჯრედოვანი ლიმფომები _ ყველა ფორმა.

 

მუხლი 3. სხივური დაავადება

  1. მწვავე სხივური დაავადება.

ა) III-IV ხარისხის მწვავე სხივური დაავადება;

ბ) გართულებული კანის III-IV ხარისხის ადგილობრივი სხივური დაზიანებებით.

  1. მწვავე სხივური დაავადებების შედეგები:

ა) ასტენიური სინდრომი რეგულატორული სისტემების (უპირატესად ნერვული და სისხლძარღვოვანი) უკიდურესი გამოფიტვითა და ფუნქციური უკმარისობით;

ბ) ნერვული და სისხლის მიმოქცევის სისტემების ორგანული დაზიანებები თავის ტვინისა და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მძიმე მოშლით;

გ) პერიფერიული სისხლის მაჩვენებლების არასტაბილურობა გამოხატული პანციტოპენიური სინდრომით, ძვლის ჰიპოპლაზიის ნიშნებით;

დ) ღრმა ტროფიკული, დეგენერაციული და სკლეროზული მოგვიანებითი რადიაციული წყლულები;

ე) სხივური კატარაქტა III სტადიის, უკეთმხედველ თვალში მხედველობის სიმახვილით 0,05;

ვ) მოგვიანებითი სხივური ეფექტები (ღვიძლის, ფილტვების, ძვლოვანი და სისხლმბადი ქსოვილების ავთვისებიანი სიმსივნეები).

  1. ქრონიკული სხივური დაავადება.

ა) ქრონიკულ სხივური დაავადება III- IV ხარისხის სიმძიმის ფორმირების პერიოდში, აგრეთვე, შორეული პერიოდის პროგრესირების სტადიაში;

ბ) მოგვიანებითი სხივური ეფექტები (ღვიძლის, ფილტვების, ძვლოვანი და სისხლმბადი ქსოვილების ავთვისებიანი სიმსივნეები).

 

მუხლი 4. ენდოკრინული სისტემის დაავადებები

  1. ტიპი

1 შაქრიანი დიაბეტი (ინსულინდამოკიდებული) მძიმე ფორმა, კეტოაციდოზისადმი მიდრეკილებით, მკურნალობისადმი რეზისტენტული – მძიმე გართულებებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების (გული, ცენტრალური ნერვული სისტემა, თირკმლები) მხრივ.

  1. ჰიპოპარათირეოზის ინოპერაბელური მძიმე ფორმა, ლულოვანი ძვლებისა და ხერხემლის მრავლობითი პათოლოგიური მოტეხილობით და/ან თირკმლების ქრონიკული, ტერმინალური, მკურნალობისადმი რეზისტენტული უკმარისობით.
  2. იცენკო-კუშინგის დაავადება ან სინდრომი, ინოპერაბელური მძიმე ფორმა, მკურნალობისადმი რეზისტენტული, ლულოვანი ძვლებისა და ხერხემლის მრავლობითი პათოლოგიური მოტეხილობით. კუნთების ატროფიით, კარდიომიოპათიითა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე, მკურნალობისადმი რეზისტენტული უკმარისობით, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით, ორი ან მეტი კიდურის პლეგიით ან პარეზით.
  3. ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური კახექსია (სიმონდისის დაავადება) მკურნალობისადმი რეზისტენტული მძიმე, ტერმინალური გართულებებით შინაგანი ორგანოების და ნერვული სისტემის მხრივ.

 

ქრონიკა+“ სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსსბაია ცანავას დაუკავშირდა:

_ რამდენად მოქმედებს 2003 წლის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებულება, სადაც ის დაავადებებია ჩამოთვლილი, რომლითაც პატიმრები გადავადებას ექვემდებარებიან, ანუ იგივე სახლში მკურნალობას?

_ უნდა მოვიკითხო. თუ შეიძლება, კითხვები გამომიგზავნეთ და ყველაფერზე გიპასუხებთ _ რამდენ პატიმარს უნდა გადაუვადდეს, მოქმედებს თუ არა ეს ბრძანება და რომელ დაავადებებზე.

თამარ როსტიაშვილი