ესმა გუმბერიძე: „რთულია მძიმე სოციალურ პირობებში იყო გმირი…”

oo

რთულია, იყო სამართლის დამცველი, სწავლობდე უნივერსიტეტში, იცოდე სამი ენა და პარალელურად რამდენიმე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდე. თუმცა ყველაფერი ორმაგად რთულდება, როდესაც უსინათლო ხარ და გარემო საკუთარი შესაძლებლობის რეალიზების გზებს, უბრალოდ, გიჭრის.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ბიბლიოთეკაში შესული ბიბლიოთეკარს ვეუბნები, რომ ესმას ვეძებ. მასზე აქ ყველამ იცის. მანაც მიმასწავლა ოთახი, სადაც ჩემი რესპონდენტი იყო. მისკენ მივიჩქარი და სანამ ესმასთან მივალ, ერთ ოთახთან ბევრი სტუდენტი დგას, რიგს იკავებენ. აქ ქსეროასლებს იღებენ. მე ესმასთან შევდივარ. ის მასთან მსხდომ ორ გოგონას ჩემს თავს აცნობს, როგორც „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტს. ოთახი ბნელია, საბჭოთა დროინდელი გამათბობლით თბება. ირგვლივ წიგნებია, სუნიც წიგნის ტრიალებს. ახალგაცნობილი გოგონები ესმას წამკითხველები არიან და ახლა მარტო გვტოვებენ. ვრჩებით მაგიდასთან მე და ის.

გაიცანით ეს ესმა გუმბერიძეა, 21 წლის სამართლის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. ის უსინათლოა, თუმცა ბევრის მნახველი.

სანამ უშუალოდ რესპონდენტთან მივიდოდი, მისი სოციალური ქსელის გვერდი გადავქექე, რომ რაიმე საინტერესო არ გამომრჩენოდა. საოცარია, იგი უსინათლოა, თუმცა ძალიან აქტიური, ნამყოფია ევროპასა და ამერიკაში, წერს პოსტებს და ღიად განიხილავს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. გამიკვირდა, როგორ ახერხებდა წერას თვითონ. თუმცა ყველაფერს თავად უპასუხა. მას ტელეკომპანია „ობიექტივზე“ პირდაპირ ეთერში გადაცემა მიჰყავს, რომელსაც „ახალგაზრდული სული“ ჰქვია. საუბრობენ ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ან ახალგაზრდა ექსპერტებს იწვევენ. ასევე აქცენტს აკეთებენ ბავშვთა, ქალთა და შშმ პირების უფლებებზე, უნივერსიტეტის საპროტესტო აქციებსა და ა. შ.

იურიდიულზე იმიტომ ჩააბარა, რომ ბავშვობიდან ხშირი შეხება ჰქონდა სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურასთან. თავიდან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფარგლებში ინგლისშიც იყო.  ცხოვრებაში ხშირად აწყდება სირთულეებს. სამართალი ის სფეროა, რომლითაც, მისი თქმით, სხვა თუ არაფერი, მეგობრებს, ახლობლებს, ან „მისნაირებს“ მაინც დაეხმარება. მაგალითად, მაშინ, როცა  უსინათლოთა სკოლადამთავრებული ბავშვები უნივერსიტეტებში ირიცხებოდნენ, იქ მათ ელემენტარულ პირობებს არ უქმნიდნენ, ამიტომ ესმა ეუბნებოდა და უხსნიდა, რომ კერძოა თუ საჯარო უნივერსიტეტი, ვალდებულია, შეასრულოს ის, რაც სასწავლო ხელშეკრულებაშიც აქვთ გათვალისწინებული, იგივე წამკითხველის მიმაგრება.  იყო სტაჟიორი ორგანიზაციაში „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“. იქ შშმ პირთა სამართლებრივი ადვოკატირების პროექტის ფარგლებში მონაწილეობდა.

კითხვაზე, თუ რა ძირითად პრობლემას აწყდება იგი, ესმა პასუხობს: „გარემოს, ტრანსპორტის მოუწესრიგებელი მოძრაობის გამო, გზაზე ვერ გავდივარ. ელემენტარულად, ტროტუარზეც კი მოძრაობენ მანქანები. ხშირ შემთხვევაში დედაჩემთან ერთადაც მექმნება საფრთხე მოძრობისას. საერთოდ, ავტობუსებში გაჩერებები არ ცხადდება, არ არის  ავტობუსების მკაცრი ცხრილი, რომ მე ვიცოდე, როდის მოვა ჩემი ავტობუსი და საჭიროში ჩავჯდე. არის სხვა ბევრი ფაქტორი, რის გამოც მარტო ვერ დავდივარ. გარემო არ არის ადაპტირებული _ ამაზე ყველა საუბრობს, ყველა აღიარებს, მათ შორის, ხელისუფლებაც, მაგრამ სურათი მაინც არ იცვლება.

ასევე უნარების ნაკლებობაცაა, _ რომ გადაადგილდე და ასე იარო, უნდა იცოდე გარემოს გამოყენებაც, სად წახვიდე შენი თეთრი ხელჯოხით, მოძებნო შენი გზა, სადაც მიდიხარ, სასურველი ავტობუსი და ა. შ. ამ ყველაფერს უნარები და ცოდნა სჭირდება. რეალურად კი დაწესებულება არ არის, სადაც გასწავლიან სპეციალურ უნარებს.  მით უფრო რთულად აქვთ საქმე ასაკიან უსინათლოებს, რომლებიც ზრდასრულები დაუსინათლოვდნენ, ან ბავშვებს, რომლებიც ჩვეულებრივ სკოლაში სწავლობენ.

უნივერსიტეტი ჩემს შემთხვევაში ყველაზე უპრობლემო სივრცე გამოდის, მყავს წამკითხველი, ოფიციალურად ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, რომლებიც სტუდენტური დასაქმების ფარგლებში ისევ აქაურ სტუდენტებს წარმოადგენენ. კომპიუტერით ვაბარებ გამოცდებს და გაორმაგებული დროც მაქვს, თუმცა არ გვაქვს ელწიგნები. შენობაში კი ჩემით გადავადგილდები, არავის დავყავარ, მაგრამ პრობლემაა ის, რომ მშობელს დავყავარ სახლიდან“.

ესმას თქმით, მარტო ქუჩა არ წარმოადგენს პრობლემას, მაღაზიებში უნდა იყოს ვიღაც, ვინც გამოგყვება და გასწავლის, სად რა დევს, მიგყვება და მოგაწვდის. „აშშ-ში მაღაზიაში შესვლისას სალაროსთან ვიღაცას გამომიყოფდნენ და ის მარჩევინებდა, მეხმარებოდა“.

მას იმაზე მეტად სურს  რეალიზება, ვიდრე არის. თავისუფლად საუბრობს ქართულ-რუსულ-ინგლისურ ენებზე. ამბობს, რომ შესაძლებლობები არის ჯაჭვი, რაღაც ერთზე უარის თქმით და დაზარებით 1000 რგოლს ტოვებ.

კითხვაზე, თუ როგორ ახერხებს ასეთ აქტიურობას და თავად, დამოუკიდებლად წერას, ამბობს, რომ სპეციალური უფასო პროგრამა აქვს კომპიუტერში, რომელიც ეხმარება და თუ ესმა რაიმე შეცდომას დაუშვებს, კომპიუტერი თავად ასწორებს. თუმცა პრობლემა ისაა, რომ ესმა კომპიუტერის პანელს ვერ იყენებს, ახალ პროგრამას ვერ სწავლობს: „უნდა ვიცოდე კლავიშების კომბინაცია, რომლითაც რაღაცას ვაკეთებ ხოლმე. დღეს, მაგალითად,  შემთხვევით წამოვიღე ლეპტოპი, სემინარზე რაღაც გვქონია დასაწერი და ამოვიღე, დავწერე“.

ახალგაზრდა იურისტი ფიქრობს, რომ მსგავსი ტიპის შშმ პირების რეალიზება მეტწილად ოჯახსა და სოციალურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული: „ჩემი ოჯახი ქუთაისიდან თბილისში გადმოვიდა, რომ სკოლაში მევლო და აქ მესწავლა. რეალურად, ძალიან ბევრი ჩადეს ჩემში. იქ კი სკოლაში არავინ იყო ორიენტირებული განსაკუთრებულ  განათლებაზე. ოჯახმა თუნდაც სკოლაში, ან ინტერნატში უნდა გაუშვას ბავშვი, თავის რეგიონში ჯდომას ურჩევნიათ, აქ სპეციალიზებულ სასწავლებელში ისწავლონ.

ხშირია შემთხვევები, როცა მშობლები და ზოგადად ოჯახი ცდილობს, დამალოს ბავშვის ცუდად, ან საერთოდ ვერ მხედველობა, ოჯახის შექმნის, ან გათხოვების მიზნით, ეს ძალით შექმნილი ოჯახები კი შესაძლოა, არ ღირდეს იმად, რომ ადამიანმა ვერ ისწავლოს, ვერ რეალიზდეს სხვანაირად“.

ჩემს კითხვებსა და ესმას პასუხებს შორის რამდენიმეწამიანი პაუზაა ხოლმე, გამართული მეტყველება და მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი მარწმუნებს, რომ მას ნაფიქრი აქვს ყველა იმ პრობლემაზე, რაზეც ვსაუბრობთ.

ვეკითხები, რამდენად მზადაა საზოგადოება შშმ პირების მისაღებად? ის კი მპასუხობს, რომ საზოგადოება ყველაფერს ეჩვევა, რა თქმა უნდა, როცა არ იციან რაიმე და ახალია, მიმღებლობა ნაკლებია. თუმცა აქვე დასძენს: „გავიგე, რომ ერთ-ერთ რეგიონში  დღის ცენტრის გახსნის სურვილი იყო, ამ ცენტის პოტენციური შენობის მიმდებარედ მცხოვრებმა მოსახლეობამ კი პეტიცია დაწერა სამეზობლოში და ადგილობრივ თვითმმართველ  ორგანოში შეიტანა, _ არ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა უყურონ ამ შშმ პირებს და შეშინდნენ, დაისტრესონო.  უსამართლობაა ეს. ბევრი რამე მსტრესავს მეც, მაგრამ არ შეიძლება ადამიანების ასე ჩაგვრა მხოლოდ იმიტომ, რომ შშმ-ები არიან მაშინ, როცა შესაძლოა, ჰყავდეთ ნარკოდილერი მეზობელი, რომელიც ძლიერია და ამ ძალისა და შიშის გამო მას ვერ უბედავდნენ ვერაფერს.

მომავალში მაგისტრატურაზე ჩაბარებას გეგმავს, სურს, რომ დამოუკიდებლად ცხოვრებას შეეჩვიოს. ასევე ამბობს: „იქ ცხოვრებისას უფრო ხედავ, როგორ ჩანს შენი ქვეყანა გარედან და ხვდები, რომ საკმაოდ დიდი განსხვავებაა, თუ როგორ გვგონია ჩვენ, რომ აღგვიქვამენ ისინი და  ამ დროს, რეალურად, რანაირად აღგვიქვამენ ჩვენ და ჩვენს ქვეყანას“.

„არსებული ადამიანური ფაქტორებისთვის რამდენიმე გასაღებია, პირველ რიგში, დამოკიდებულება უფრო მეგობრული რომ იყოს ერთმანეთისა და შშმ პირების მიმართ. ინტერესი ადამიანებისა, რომლებიც არ არიან ცარიელი ადგილი და ის თუ ვერ გხედავს, შენ თავად უნდა დაინახო _ შენც ვერ ხედავ მას. ამისგან თავის შეკავება უნდა ვისწავლოთ. გამბედაობაა მეტი საჭირო.  თუმცა ეს ყველაფერი მაინც ურთიერთობებამდე დადის. შშმ პირებთან ურთიერთობა რაც უფრო მეტი ექნება საზოგადოებას, უფრო მეტად გახდება იგი მიმღებელი, გარემოც  უფრო ადაპტირებული, ინკლუზიური და მისაღები იქნება ყველასთვის.

ოჯახები უნდა იყვნენ გამბედავები, გადააბიჯონ სტერეოტიპებს, თუ არადა, ბავშვები მართლა დარჩებიან შშმ პირების და ქველმოქმედების ობიექტის მდგომარეობაში.

ძალიან რთულია მძიმე სოციალურ პირობებში იყო გმირი, მაგრამ  როცა მეტი ფინანსები და სოციალური შესაძლებლობაა, მაინც ვერ, ან არ იყენებენ მას. კლასელებისგან გამიგია, რომ სიამყით ამბობენ: „აუდიტორიაში შევედი და ლექტორი ვერ მიხვდა, რომ მე უსინათლო ვარ“. ეს არ არის კარგი, რადგან, საბოლოო ჯამში, თუ ამას ვერ მიხვდა ლექტორი, პრობლემები შეგექმნება დავალების წერისას, ან შესაძლოა სხვანაირად მოგიწიოს ამის დაწერა. იმისთვის, რომ საზოგაოებისთვის გავაკეთოთ რამე, ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ რეალიზებულები თავიდანვე, ამ უნარების ქონა კი ჩვენთვისვეა მნიშნელოვანი და არა საზოგადოებისთვის. შეუცვლელი კადრი არ არსებობს, მე თუ მერიდება თხოვნა, რომ რაღაც მჭირდება, მეზარება გამოსვლა ან მეშინია, როგორ შემომხედავენ, თუ მრცხვენია ჯოხით სიარული, ინვალიდი ხომ არ ვარ, ან რამე, ჩვენ ჩვენ თავს ვაკლებთ ამით და არა იმ საზოგადოებას, რადგან ისინი სხვას მოძებნიან. ერთხელ წავიკითხე, რომ ადამიანს ხშირ შემთხვევაში თავისი შიში უფრო მეტად უღირს, ვიდრე ის კომფორტი, რომელსაც შექმნიდა შიშის გარეშე. ანუ შიშს უფრო დიდ პატივს სცემენ და ეს უნდა დავძლიოთ.

თანაბარი შესაძლებლობის იდეა არ არის მხოლოდ ქველმოქმედებისთვის, სინამდვილეში ის იდეაა, რაც ყველას აძლევს თვითრეალიზების შესაძლებლობას, შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში და ეს რეალიზება, ასევე საზოგადოებისთვისაა სასიკეთო, რადგან ამ ადამიანებს რაიმე სასიკეთოს კეთება შეუძლიათ და როცა შესაძლებლობას აძლევ, ისინი სარგებელს მოგიტანენ. სწორედ  ამიტომ, ამ ადამიანების შესაძლებლობის, უნარის და პოტენციალის დაკარგვა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ეტლით დადიან, ვერ ხედავენ და არ ესმით _ არ ღირს.

ძალიან მნიშვნელოვანია, არ გვეშინოდეს ჩვენი კომფორტის ზონიდან გამოსვლა, იმიტომ, რომ ყოველი ნაბიჯი სასიკეთოა, თუნდაც სანერვიულო იყოს. ამერიკასა და გერმანიაში წასვლისას ვნერვიულობდი, როგორ იქნებოდა იქ ყველაფერი და რომ არ მენერვიულა, იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ვერ ვიაზრებ, რა პრობლემები და მოსალოდნელი საფრთხეები არსებობს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივად გამოვდიოდეთ კომფორტის ზონიდან“.

საუბარი დავასრულეთ. მე დიქტოფონი გამოვრთე, ესმამ კი საგანგებოდ ჩამართვევინა ხელახლა, უნდოდა, რომ დაემატებინა: „რჩევა იქნება, რომ არ გავუშვათ შესაძლებლობები ხელიდან, რადგან როცა ერთი რამ გვეზარება, მას მეორე მიჰყვება, მესამე და ეს უდრის უკან დახევას. გავა დრო, არადა, ერთ შესაძლებლობას შესაძლოა, ბევრი ღირებული და საჭირო რამ მოჰყოლოდა“.

მოვრჩით საუბარს, მან კომპიუტერი და წიგნი ჩანთაში მოათავსა, თეთრი ხელჯოხი გაშალა და უკან იმავე გზით გამოვედით, რომლითაც ესმასთან შევედი. წინ ისევ რიგი დამხვდა ამჯერად ისინი, ერთად აღებული და ცალ-ცალკე ესმას უყურებდნენ. მათგან მხოლოდ ერთმა გააღო კარი.

 

                                                                                   ნინო ტაბაღუა