ესე ამბავი მერიის, ოპოზიციისა და მიწისქვეშა ქუთაისის შესახებ

მორიგი შეტევა გარევაჭრობაზე ქუთაისში

„ქალაქის მერის პოზიცია უცვლელია, იგი ქუთაისში არ დაუშვებს გარევაჭრობას. მოლაპარაკება გაიმართა ბაზრობების ხელმძღვანელებთან, რომლებიც მზად არიან, გარემოვაჭრეებს სამი თვით უფასოდ გამოუყონ დახლები“, _ ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გავრცელდა. მერის ამ გადაწყვეტილებას უხმაუროდ არ ჩაუვლია. გარემოვაჭრეებმა ცენტრალური ქუჩის გადაკეტვა სცადეს და ხელისუფლებას უკან დახევისკენ მოუწოდეს. გიორგი ჭიღვარია პოზიციას არ თმობს და არ აპირებს, მისი წინამორბედების მსგავსად, აქციების შემდეგ აკრძალვა კვლავ გააუქმოს.
გარევაჭრობა ქუთაისისთვის ბოლო წლებში სერიოზულ პრობლემად იქცა. ქალაქის ცენტრში „მწვანე ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორია სრულად ათვისებულია კუსტარულად მოწყობილი დახლებით, რის გამოც არა მარტო ავტომანქანებს, არამედ ფეხით მოსიარულეებსაც კი გადაადგილების საშუალება აღარ ეძლეოდათ. მალფუჭებადი პროდუქტების რეალიზაცია ყოველგვარი კონტროლის გარეშე პირდაპირ ტროტუარიდან ხდებოდა, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
ქუთაისის ქუჩებში ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანი ვაჭრობს, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, ისეთებიც არიან, რომლებსაც სავაჭრო დახლები ბაზრობების შიდა ტერიტორიაზეც აქვთ აღებული და პარალელურად გარე პერიმეტრზეც ეწევიან რეალიზაციას. აუცილებლად მოგხვდებათ თვალში ისეთებიც, რომლებიც ტროტუარებთან გაჩერებული დატვირთული მსუბუქი ავტომანქანებიდან ვაჭრობენ. მოკლედ, გარემოვაჭრეები, ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხალხისგან შედგებიან, რომელთაგან უმრავლესობას მატერიალურად ნამდვილად არ უჭირს და რომლებიც იმ ადამიანებს არიან ამოფარებულნი, ქუჩაში მართლაც რომ ლუკმა-პურის საშოვნელად არიან გამოსულნი.
მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ადამიანთა ერთმა ჯგუფმა არასწორად მიიჩნია. მათი აზრით, გარევაჭრობა ბევრისთვის ოჯახის რჩენის ერთადერთი საშუალებაა და აკრძალვა ასეთი სახით თვითდასაქმებულთა ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. მაგრამ უმრავლესობაში ისეთებიც აღმოჩნდნენ, რომლებიც ხელისუფლების გადაწყვეტილებას მიესალმებიან და ქალაქის ქუჩებში შექმნილი ანტისანიტარიისა და ქაოსის გამო წლებია, პრეტენზიებს გამოთქვამენ.
როგორც ქუთაისის მერმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ხელისუფლებამ მოლაპარაკება გამართა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ბაზრობების ხელმძღვანელებთან და ისინი მზად არიან, 3 თვის განმავლობაში გადასახადის გარეშე დაუთმონ დახლები გარემოვაჭრეებს. მეტიც: „ნინოშვილის ბაზრის“ დირექცია ამ ადამიანებს ერთი წლის განმავლობაში ჰპირდება გადასახადისგან განთავისუფლებას. ხელისუფლებამ გარემოვაჭრეთა ერთ ნაწილს დასაქმებასაც შესთავაზა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ადამიანები, რომლებმაც ქუთაისის მწვანე ბაზრის შემოგარენი და ცენტრალური ქუჩების ტროტუარები აითვისეს, შეთავაზებაზე კატეგორიულ უარს იმ მოტივით აცხადებენ, რომ მცირე შემოსავლებისა და საბანკო კრედიტების არსებობის გამო ვერ შეძლებენ ბაზრობის დირექციისთვის საშეღავათო პერიოდის შემდეგაც გადასახადის გადახდას.
რამდენიმე დღეში მერია ჭავჭავაძის ქუჩაზეც აპირებს გარევაჭრობის აკრძალვას, რაც თანდათან ქალაქის სხვა უბნებსაც მოიცავს. ასე რომ, დავა ხელისუფლებასა და გარემოვაჭრეებს შორის კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. მერი კატეგორიულია და უკან დახევას არ აპირებს. რამდენად შეძლებს იგი პოზიციის შენარჩუნებას, შეხვდება თუ არა ქუთაისის ქუჩები ტურისტულ სეზონს მოწესრიგებული და გახდება თუ არა იგი საქართველოს სხვა ქალაქებისთვის მაგალითი, სულ მალე გამოჩნდება.
თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია გარემოვაჭრეებიდან იმ ადამიანთა იდენტიფიცირება და დასაქმება მოხდეს, რომლებისთვისაც ქუჩაში ჯდომა იძულება იყო და რომელთა უფლებების დაცვაც ხელისუფლების მოვალეობაა.

სასაფლაოების მოწყობა _ მომგებიანი ბიზნესი ქუთაისში

ავანგარდის დასახლების ხსენებაზე ქუთაისლებს, პირველ რიგში, სასაფლაო ახსენდებათ, მაგრამ ეს არის უბანი, სადაც, მიცვალებულთა საბოლოო განსასვენებელთან ერთად, მაღლივი კორპუსებით განაშენიანებული ქალაქის ერთ-ერთი დიდი დასახლებაა. ამ კორპუსების მცხოვრებლებს კი საკუთარი ფანჯრებიდან ყოველდღიურად უწევთ სასაფლაოსა და სამგლოვიარო კორტეჟების ხილვა და იძულებითი გლოვა.
ავანგარდის დასახლებაში არსებულ სასაფლაოს 11 ჰა-მდე ფართობი უკავია და იგი ყოველწლიურად იზრდება. ტერიტორია დაყოფილია და იგი რამდენიმე კერძო პირს ეკუთვნის, რომლებისთვისაც მიწების საფლავებისთვის გაყიდვა მომგებიან ბიზნესად იქცა. ახლო მომავალში „ბიზნესმენთა“ რიგებს, როგოც ჩანს, კიდევ ერთი შეემატება, რასაც დასახლების მცხოვრებლები აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ სასაფლაოს კიდევ უფრო ზრდას.
„ყოველდღიურად იზრდება სასაფლაო და ლამისაა, უბანში შემოვიდეს. ავანგარდი უკვე სასაფლაოსთან ასოცირდება. შეუძლებელია, ფანჯრიდან გადმოხედვა, აივანზე გამოსვლა. დილიდან ისმის ხალხის მოთქმა. პირდაპირ გზის პირზეა საფლავები. შეუძლებელია ასე ცხოვრება!“ _ აცხადებს დასახლებაში მცხოვრები მარიკა ფრუიძე, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად ახალი სასაფლაოს გახსნის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს.
სულხან-საბას ქუჩა, რომელიც, ჯერჯერობით, ავანგარდის უბანთან დამაკვშირებელი ერთადერთი საშუალებაა, რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული. მაღლივ კორპუსებში მცხოვრებლებს საფლავებთან მხოლოდ ის ზოლი აშორებს, რომელიც ქუჩისთვისაა განკუთვნილი. თავის დროზე, მიწის უკონტროლოდ გასხვისებისა და გულგრილი დამოკიდებულების გამო, დღეს საფლავები ტროტუარის გასწვრივაა მოწყობილი. დასახლებაში მცხოვრები უფროსი თაობა ასეთი სურათის ნახვას უკვე შეეჩვია, მაგრამ მათ არ სურთ, საკუთარ შვილებს საფლავების გარემოცვაში ზრდიდნენ. მოსახლეობა ხელისუფლებას ტროტუარისა და სასაფლაოს ღობით გამიჯვნისკენ მოუწოდებს, რაც, მათი განცხადებით, არსებულ დეპრესიულ ფონს ფეხით თუ ტრანსპორტით გადაადგილებისას შედარებით შეარბილებს, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი მათ ფანჯრებიდან და აივნებიდან სასაფლაოს ხილვა მიანც ყოველდღიურად მოუწევთ. მსგავსი ხედების ხილვა, როგორც ჩანს, მალე ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ჭავჭავაძის გამზირზე, ყოფილი მინისტარის ქარხნის წინ მცხოვრებლებსაც ემუქრებათ, რადგან, ჯერჯერობით, ქუჩის მეორე მხარეს, თვალს მოფარებული ღობის უკან, ახლად მოწყობილი სასაფლაო ყოველდღიურად იზრდება და მათი კორპუსებისკენ ფართოვდება.
ავანგარდის დასახლების მცხოვრებლები ხელისუფლებას ფაქტით დაინტერესებას სთხოვენ და მოუწოდებენ, რეგულაციები მიიღონ, რომლებიც სასაფლაოების დასახლებული პუნქტების ხედვის არეალში მოწყობას აკრძალავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევენ, რომ საზოგადოებაში არსებული დეპრესიული ფონი აღნიშნულის გამო კიდევ უფრო გაღრმავდება.

ქუთაისში მიწამ თავი დაიფასა

ქუთაისში მიწას ფასი დაედო. ყოველი შემთხვევისთვის, ასეთი შთაბეჭდილება რჩება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. საკრებულომ ინიციატივას მხარი დაუჭირა და ქალაქის სამივე ზონაში ფასი 7%-ით გაიზარდა. ახალი დადგენილების თანახმად, პირველ ზონაში 1 კვ.მ ფასი 190-ით, მეორე ზონაში 135-ით და მესამე ზონაში 68 ლარით განისაზღვრა. ხელისუფლების გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გია უკლებას თქმით, ასეთი გადაწყვეტილებით ხელისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საპრივატზაციო გეგმის შესრულებას. „სირცხვილია, როცა მერიამ არგუმენტად მოიტანა რამდენიმე აუქციონის შედეგები, სადაც მიწა დადგენილ ფასზე ძვირად გაიყიდა. ეს არის, ძირითადად, პატარა ნაკვეთები, რაც ცხადია, მყიდველს დიდ სხვაობას არ აძლევს, მაგრამ რაც უფრო დიდი იქნება მიწა, ფასიც უფრო გაიზრდება და ბიზნესი მიწას არ იყიდის. ეს დააზარალებს როგორც ბიზნესს, ისე ქალაქის ბიუჯეტს“, _ განაცხადა უკლებამ.
დეპუტატის ასეთ პოზიციას კატეგორიულად არ იზიარებს ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი, გიორგი გიორგობიანი და აცხადებს, რომ მერია გეგმის შესრულების კუთხით პრობლემას ვერ ხედავს.
„მიწაზე მოთხოვნა მაღალია. ყოველდღიურად 10-15 განცხადება შემოდის მიწის ყიდვაზე. ჩვენ დასკვნა გავაკეთეთ მოთხოვნისა და აუქციონის შესაბამისად, სადაც ყველა ზონაში არსებულ ფასზე მეტად გაიყიდა მიწა. ქუთაისის მერია პასუხისმგებლობას იღებს, რომ არსებული ფასებით ბიზნესი და ბიუჯეტი არ დაზარალდება“, _ აცხადებს ეკონომიკის სამსახურის უფროსი.

იარეთ ფეხით _ ოპოზიციის რჩევა ხელისუფლებას

„ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისის ხელისუფლებას შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონს ახსენებს და მათ კუთვნილებაში არსებული საავტომობილო პარკის გაყიდვას ურჩევს, სამსახურში მისასვლელად კი საკუთარი ავტომობილების გამოყენებას, ფეხით გადადგილებას ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას მოუწოდებს. ასეთი განცხადების გაკეთება ოპოზიციურმა პარტიამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მერიის ბალანსზე რიცხული ავტოპარკის ტექნიკური მომსახურებისა და საწვავის ხარჯები დათვალა. საკრებულოს დეპუტატ გია უკლებას განცხადებით, მათი შეთავაზების გათვალისწინების შემთხვევაში ბიუჯეტი, წლიურად, 448 000 ლარის ეკონომიას გააკეთებს, რომლის გამოყენებაც სოციალურად დაუცველების დასახმარებლად იქნება შესაძლებელი.
დეპუტატის განმარტებით, მერიის ავტოპარკი 61 ავტომობილისგან შედგება, საიდანაც 40 ხელშეკრულებით არის აყვანილი, 21 კი, რომლებიც მერიის ბალანსზეა, უფუნქციოდაა და არ გადაადგილდება.
იმას, რომ ბალანსზე რიცხული ავტომობილები გამოუსადეგარია, მერიაში ადასტურებენ, მაგრამ აქვე მიუთითებენ, რომ ისინი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს შეიძინეს. მერიაში არც იმას უარყოფენ, რომ სატრანსპორტო საშუალებების შენახვა მართლაც ძვირი ჯდება, თუმცა განმარტავენ, რომ ხარჯები დღეისთვის მნიშვნელოვნად არის შემცირებული.
„გასულ წლებში ავტომობილების შეკეთებასა და მომსახურებაზე 64 000 ლარი იხარჯებოდა, ჩვენი ადმინისტრაციის პირობებში ხარჯი 24 000 ლარი გახდა. იმ ავტომობილებს, რომელთა შეკეთებაც ძვირი ჯდება, მერია აღარ გაარემონტებს და გაყიდის“, _ აცხადებენ ქალაქის თვითმმართველობაში.
ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ არ გაიყიდა მათი მმართველობის დროს ავტომობილები, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია უკლებამ უპასუხა, რომ მაშინ, როცა ქუთაისს ისინი მართავდნენ, ქალაქში ინვესტიციები შემოედინებოდა და ეკონომიკურადაც დღეს არსებული მძიმე სიტუაციისგან განსხვავებული მდგომარეობა იყო.
როგორც ჩანს, ქალაქის ამჟამინდელი ხელისუფლება არ აპირებს ოპოზიციის რჩევის გათვალისწინებას და, შესაბამისად, ქუთაისლებიც მაღალჩინოსნებს ვერც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოკალათებულებს, ვერც ველოსიპედებზე ამხედრებულს და ვერც სახლიდან სამსახურებამდე ფეხით მოსეირნეებს დაინახავენ.

ქუთაისის ბიუჯეტმა ცვლილება განიცადა

ქუთაისის ბიუჯეტი მორიგი ჩასწორების წინაშე აღმოჩნდა. გასულ კვირას დოკუმენტში ცვლილება 379 600 ლარით განისაზღვრა, საიდანაც უმეტესი ნაწილი _ 311 ათასი _ დასრულებული პროექტების ანგარიშსწორებას მოხმარდება. ეს უკვე მეორე ცვლილებაა, რომელიც ხელისუფლებამ ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში განახორციელა და რომლის შესახებაც „ნაციონალური მოძრაობა“, ჯერ კიდევ, ბიუჯეტის მიღების დროს წინასწარმეტყველებდა.
საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგა შუშანიას აინტერესებს, შეძლებს თუ არა ხელისუფლება წლის ბოლომდე ერთი ისეთი სხდომის ჩატარებას, რომლის დღის წესრიგშიც საბიუჯეტო ცვლილებაზე საკითხი არ იქნება შეტანილი.
„მერია ყოველ სხდომაზე ბიუჯეტის მუხლებს შორის თანხების გადანაწილებას მიმართავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტი, თავის დროზე, სწორად არ დაიგეგმა, რის გამოც ყოველ სხდომაზე უწევს ახალი ცვლილებების შეტანა. სამწუხაროდ, ეს არ არის ბოლო ცვლილება. მომდევნო სხდომაზეც მერია იძულებული იქნება, ცვლილებები წარმოადგინოს“, _ აცხადებს გიგა შუშანია, რომლის პოზიციას მყარად იზიარებს მისივე თანაპარტიელი გია უკლება. ამ უკანასკნელმა საკრებულოს ბოლო სხდომაზე და საბიუჯეტო ცვლილების განხილვის პროცესში ქალაქის მერის არდასწრებაც გააპროტესტა.
„სად არის, სად იმალება, ბოლოს და ბოლოს, ქალაქის მერი?! არსებობს თუ არა ეს კაცი საერთოდ?! ყოველ საკრებულოს სხდომაზე როგორ აქვს მნიშვნელოვანი შეხვედრა?!“ _ განაცხადა დეპუტატმა, რომელმაც პასუხად ვიცე-მერ იუზა უგულავას განმარტებაც მიიღო. უგულავას თქმით, ქალაქის მერის დღის წესრიგში შეხვედრების გრაფიკის ოპოზიციასთან შეთანხმება არ შედის.
ქუთაისის 54 მილიონინ ბიუჯეტში პირველი შესწორება იანვარში შევიდა, როცა მას რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხა დაემატა. არსებული მონაცემებით ქალაქის ბიუჯეტი 62 მილიონს შეადგენს.

ხვიჩა ვაშაყმაძე