ერთი ეზოს პარლამენტი

საბედნიეროდ, თბილისის გარეუბანში მაინც დარჩა, ჯერჯერობით, ეზოები, სადაც თავისუფლად შეიძლება გავლა-გამოვლა, ჯოკერის, ნარდის, დომინოს და თქვენ წარმოიდგინეთ, უფრო „სააზროვნო“ სამაგიდო თამაშებიც კი, რადგან სიწყნარეა და სიმშვიდე.

 

ვერც უგულავამ, ვერც ნარმანიამ და ვერც მანამდე არსებულმა ქალაქის „თავებმა“ ვერ შეძლეს ყველგან მრავალსართულიანი სახლების ჩაკვეხება. მომავალი რას იზამს, ვინ იცის, ისე ყველა მერობის კანდიდატი იჭიმება და იფიცება, უკანონობას ამ სფეროში აღარ დავუშვებო, მაგრამ ნათქვამია: დათვმა 50 სიმღერა იცოდა და ყველა პანტაზეო. მერს ხშირად ვინ ჰკითხავს? ხომ არიან ზევით?.. აქ უნდა დავასტოპო, თორემ ეზოს ამბების ნაცვლად, დაუკრეფავში გადავალ და მავანის ყეფა მაკლია? ისე კოხტად ვზივარ ჩრდილში და სიმშვიდეში, ეზოში კი არა, სამოთხის მიმდებარე ბაღში მგონია თავი. ხალხი აქ დღის ნებისმიერ მონაკვეთში ბლომადაა. ის ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ხასიათით გამოირჩევა, რაც ბუნებრივია, მაგრამ რომ ჩამოიაროს ვინმე გზააბნეული პარტიის დღეში ათლარიანმა წევრმა და ღრეჭა-მუდარის მერე ესენი მხარდამჭერი ანკეტის შევსებაზე დაითანხმოს, გრაფაში „სამუშაო ადგილი“ ყველა „უმუშევარს“ ჩაწერს. ერთხელ ბატონმა სერგომ, გვარად დიდიამ, დროებით უმუშევარი ჩაწერა და ყბად აიღეს: დროებით თუ არა, ხვალ დაგიძახებს ქუმსიშვილი და ბღუჯა-ბღუჯა ფულებიან სამსახურს შემოგთავაზებსო.

დღეს განსაკუთრებული ჟრიამულია, თუმცა ისეთი, ყურს რომ უხარია. მეზობელი მე-12 კორპუსის ორკაციანი დომინოს უძლეველი გუნდი მე-9 კორპუსელების ასევე ორკაციანს ეთამაშება. გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს, ასევე ორივე გუნდის გულშემატკივრებს, მატჩის შემდეგ სუფრაზე ის ელოდებათ, რასაც თამროს „გარაჟში“ იყიდიან. თუმცა ისტორიულ შერკინებამდე სამი საათით ადრე ბატონმა დავითმა, რომელსაც მისი ცხოვრება არსად უმუშავია, მარა ორი თვის წინ 65 შეუსრულდა და ქე გაირტყა თვეში 180 ლარი, ოციანს რომ უძახიან და შიგ 18 ლიტრა ძლივს ჩადის, ეგეთი სავსე შტოფი შემოდგა სადომინო მაგიდაზე, _ იხარჯეთ, ბიჭებო.

_ დათიკო ბიძია, რა გისხია შით? (ხო, შეცდომა არ გეგონოთ, „შითო“), _ იკითხა მუდამ კაი ხასიათზე მყოფმა ჩხლართამ, შტოფს თავი მოხადა, უსუნა და ეჭვიანი მზერა მიაპყრო.

_ რა და კვაწარახი, სუფთა ცოლიკაურია, შე ბოთე, _ უპასუხა დავითმა.

_ კი მარა, ცოლიკაურის ღვინო რამ გააწითლა? _ იკითხა ავლიპამ, რომელსაც საეჭვო ღვინო კი არა, ცხარე ძმარი რომ დაუდგა, ფეხს არ მოიცვლის, ვიდრე ერთი ჭიქა მაინც იქნება.

_ კაით, ახლა, ცოტა ოცხანური გავურიე და იმიტომ მიიღო ასეთი ფერი, _ გასცა რეცეპტის საიდუმლო დავითმა.

_ არ გავსინჯოთ ახლა ესე? _ იკითხა კასპელმა გივიამ, რომელსაც ისეთი მანერა აქვს საუბრის, წინადადებას ასო-ბგერა ე-თი ამთავრებს (ლევან ღვინჯილიამ რომ მოისმინოს, ტანსაცმელს შემოიგლეჯს).

_ ახლა რომ ეს ვქნათ, თამაშამდე დავაცარიელებთ, _ თქვა ფრთხილმა ჯიმშერ ობოლაძემ, რომელსაც ადრე დიმა ობოლაძეს რეპორტაჟებისთვის დასცინოდნენ, ახლა კი დიმამ რომ „რუსთავი 2“-დან „იმედში“ მოკურცხლა, იმაზე უშრობენ სისხლს.

_ მართალია კომენტატორის ბიძაშვილი, _ იყვირა ჩხლართამ და ოციანი „გარაჟში“ შეიტანა გასაცივებლად. იქიდან გამოსულს კი ისე გამოაბდლებული ჰქონდა თვალები, ეტყობა, კაი ძალი მოწრუპა.

_ ახალი ამბავი გაიგეთ? _ ყოვლისმცოდნე ლამარა შეერია კაცებში. ლამარა კორპუსის აშენების დღიდან ცხოვრობს აქ და ყველა „ზარია ვოსტოკას“ ეძახის. ბევრმა არც კი იცის, რა არის ეს „ზარია ვოსტოკა“, ამას სხვისგან იმეორებს. გაზეთი იყო რუსულენოვანი, ნეტარხსენებულ კომუნისტურ წარსულში.

_ აბა, ლამარა, გვიშველე რამე ამ გამოყრუებულებს, _ სასოებით შეევედრა ომარ ქეციანი. არ შეგეშინდეთ, ქეცი კი არ სჭირს, დომინოს თამაშისას წამდაუწუმ თავს და კისერს იფხანს, ამიტომ შეარქვეს, თან დომინოს უძლეველი მოთამაშეა და დღეს, ვიდრე მატჩი არ დამთავრდება, არც ერთი მეცხრეკორპუსელი თიკუნით აღარ მოიხსენიებს, ფსიქოლოგიურად ხომ არ მოშლის? თამაშის მერე კი, ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, „ქეციანო-ქეციანო“ არ მოაკლდება.

_ რა და ზაზა ხატიაშვილი გადამდგარა ადვოკატთა უფროსობიდან.

_ გადამდგარა და მატირე ახლა რუსულად, _ ხელი ჩაიქნია დაელმებულმა ჩხლართამ და „გარაჟს“, სადაც ღვინიანი შტოფი ეგულებოდა, სიყვარულით სავსე მზერა მიაპყრო.

_ შე ჩემანალა, შენ, _ წამოხტა ავლიპი და თავისი დიდი სეხნიის „ერთი ერთზე“ ულვაშები აებურძგლა, _ ეგეთ კაცურ კაცებზე კიდია ეს საცოდავი ქვეყანა და შენნაირმა ხვადაგმა გინდა რუსულად იტიროს და გინდა ფრანგულად, ვინ ჩემი ფეხები ხარ.

_ რავა, ნათესავი იყო თქვენი? _ იკითხა დიმა ობოლაძის ნათესავმა.

_ მე რომ სასამართლოში საქმე მქონდა, ხომ იცით, მაგათ სახაზინო ადვოკატს არ ვენდე და ხატიაშვილს მივაკითხე რუსთაველზე. 7-8 წლის ამბავია. სრულიად უცნობ კაცს თან გადამყვა. ტექსტი ჯერ ხელით დაწერა, მერე ეზოში ჩავიდა და ათ წუთში კომპიუტერზე ამობეჭდილი მომიტანა. თან ისე დამიწერა, ის სასამართლო მოვიგე.

_ კაი კაცი ყოფილა, ღმერთმა გაუმარჯოს და ამრავლოსთე, _ დალოცა კასპელმა გივიამ ღვინჯილიას ჯინაზე.

_ კარგ ხალხს რა გამოლევს? _ თქვა ჩხალრთამაც და სიგარეტის „ბიჩოკი“ მოისროლა.

_ ადექი და ჩააქრე მაინც, შე ოხერო, _ უყვირა დათიკომ, _ გააჩენ „პაჟარს“ და გადაწვავ ამ სასოებით მოვლილ ეზოს.

_ სად ვეძებო ახლა, _ აღრინდა ჩხლართა, მაგრამ წინააღმდეგობა ვერ გაუბედა, სერგოს თვალით ანიშნა, „ბიჩოკი“, რატომღაც, „გარაჟის“ სიახლოვეს იპოვეს და… სამიოდე წუთში იქიდან უკვე შესამჩნევად ფეხარეულები გამოვიდნენ.

_ ნახეთ, რა სიტყვა თქვა გუშინ უგულავამ? _ აღტაცებით ვერ დამალა „პრავადნიკად“ ნამუშევარმა გოგიამ, ადრე რომ სააკაშვილის ლოცვა-კურთხევაში ამოსდიოდა სული, ახლა კი „ევროპულ დემოკრატებს“ დაუძმაკაცდა.

_ უგულავა? შენ და ჯიმშერ ობოლაძემ მოუსმინეთ, _ გაუბრაზდა ქეციანი, _ თქვენისთანაა მაგიც.

_ რას ბრძანებთ, _ ზრდილობიანად უპასუხა გოგიამ, _ აბა, მთავარ მედომინეს ნერვებს ხომ არ მოუშლიდა.

_ ბებიათქვენისამ, _ უკვე შარვლის აწყვეტილი ღილივით იყო ომარა, _ უგულავა და მისი „სასტავი“ ხოხობს გავარდა ფრთებიდან. მიშას ხელის ბიჭები არ იყვნენ? კაცად მაგან არ აქცია? თან რა თანამდებობები დაურიგა!

_ ე, ბიჭო, ერთხელ და სამუდამოდ ხომ ავკრძალეთ პოლიტიკაზე საუბარი ამ ეზოში. შენც რას იშლი ნერვებს, ბატონო ქეც… ჯიმშერ! _ და აქ ისე აღელდა, კასპელა გივიამ ექვსი ე-თი დაამთავრა და ღვინჯილიას სადღაც ზუსტად ამდენჯერ დაასლოკინა.

არ ვიცი, გივიასი შეეშინდათ თუ იმის გამო, რომ მოწინააღმდეგენი მოვიდნენ, ეზო უცებ დამშვიდდა. დაიწყო სამი პარტიისგან შემდგარი კორპუსთაშორისი მატჩი დომინოში, რომლის აღსაწერად, მინიმუმ, ფირდოუსი მაინც არის საჭირო. შედეგი მთავარი არ გახლავთ, კეთილ მეზობლებში ყოველთვის სიამტკბილობა და მეზობლობა იმარჯვებს. ჩვენც პოლიტიკოსები ხომ არ ვართ, უაზროდ ვიყვიროთ, დავჭამოთ ერთმანეთი და მერე ორივეს ვაგინოთ, _ შემჭმელსაც და შეჭმულსაც… ძაან კოხტად გაგრძელდა ყველაფერი, თუმცა როცა სუფრა გაიშალა ძეხვეულით, ნივრეულით და პურეულით, „გარაჟიდან“ მობრუნებული დათიკოს შტოფი ყელიდან ლამის შუაწელამდე ცარიელი იყო, ხოლო სერგო და ჩხლართა ასიოდე მეტრში თავისი ჭკუით დარიალს გადმომდგარებივით გამოხატავდნენ აღტაცებას სამშობლოს სილამაზით, როლებიც გადანაწილებული ჰქონდათ. სერგო რომ იტყოდა, _ „დარიალს რომ მოადგებიო“, ჩხლართა _ „ჰეო!“ _ შესძახებდა, მეტს ვეღარ ახერხებდა, ის ხომ სერგოზე ადრე შევიდა „გარაჟში“.

ღამდებოდა ლამაზად _ მთვარით და ვარსკვლავებით. სიმთვრალეც ყველამ კაი და გემრიელი იცოდა, იყო ჩახუტება და სიყვარული _ ძმობა კაცთა შორის.

ალექსანდრე მარიამიძე