ელენე ხოშტარიას კომფორტის ზონა

თბილისის მერობის კანდიდატებიდან აქტიურად განაგრძობს თავის კამპანიას და დასახელებული პოსტისთვის იბრძვის „ევროპული საქართველოს“ ლიდერი _ ელენე ხოშტარია. იგი მერობის ერთადერთი ქალი კანდიდატია. „ქრონიკა+“ სწორედ მისი კომფორტის ზონით დაინტერესდა.

როგორც მასზე ბიოგრაფიულ ლექსიკონში მოცემული ინფორმაციით ირკვევა, დაბადების ადგილია ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი საერთაშორისო უსაფრთხოების განხრით; მას შემდეგ, 2002 წელს, იყო სტაჟიორი „ადამიანის უფლებების მოსკოვის ჰელსინკის გრუპში“ და რუსეთის ფედერაციაში აკრედიტებულ საქართველოს საელჩოში;

2004 წლიდან კი გახლდათ საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი შსს-ში, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უფროსის მოადგილე;

2004-2006 წლებში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი; 2007-2012 წლებში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე იყო; 2012-2016 წლებში „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ GRASS -ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელია. ამ ყველაფრის შემდეგ, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე გახლდათ საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში; დღეს იგი მერობის კანდიდატია.

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

მისი ქონებრივი დეკლარაციის გადახედვაც არ იქნება ურიგო საქმე. ამ ეტაპისთვის ბოლო ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის 31 დეკემბერსაა შევსებული და 3 დღის შემდეგ გამოქვეყნებული.

38 წლის პარლამენტის წევრ ელენე ხოშტარიას სახელზე, დეკლარაციის შევსების მომენტში, ორი მიწის ნაკვეთი, ერთი აგარაკი და ერთიც საცხოვრებელი სახლი ფიქსირდება. ხოშატარია 5179.00 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს თელავში, სოფელ იყალთოში, ასევე, 1502.00 კვ.მ. ნაკვეთს ტაბახმელაში, 423.00 კვ.მ საცხოვრებელ სახლს ტაბახმელაშივე და 180.60 კვ.მ. აგარაკს იყალთოში. მის სახელზე, დეკლარაციის მიხედვით, მეტი უძრავი ქონება არ მოიპოვება, თუმცა ამავე დეკლარაციაში მითითებულია მისი მეუღლის უძრავი ქონების მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ირკვევა, რომ ირაკლი ბერიძე 25%-იანი წილის მფლობელია თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მდებარე 66.43 კვ.მ. ბინის, 100%-ით მის მფლობელობაშია კიდევ 2 ბინა: საბურთალოს ქუჩაზე 185.00 კვ.მ. და ცინცაძის ქუჩაზე 60.00 კვ.მ. საცხოვრებელი ბინები.

გასაკვირია და მათ სახელზე არ ფიქსირდება მოძრავი ქონება, რომლის ღირებულებაც აღემატება 10 000 ლარს.

თუმცა, ირაკლი ბერიძე ფლობს BGEO Group PLC-ის 30.00 ბრიტანული ფუნტი სტერლინგის ნომინალის მქონე 480 აქციას და JSC Medical Corporation EVEX -ის 1068.00 აშშ დოლარის ღირებულების 8 ობლიგაციას.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ელენე ხოშატარიას სახელზე ,,თი-ბი-სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 1000.00 ლარი,  ამავე ბანკში მიმდინარე ანგარიშზე 0.00 ლარი და „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე 100.00 ლარი აღენიშნებოდა.

დეკლარაციის შევსების მომენტში ხოშტარიას საკუთრებაში არსებულ ნაღდ ფულად მასად, რომლის რაოდენობაც 4000 ლარს აღემატება, რატომღაც, 100 ლარია მითითებული.

სამეწარმეო საქმიანობაში არ აღენიშნება მისი, ან მისი ოჯახის წევრების მონაწილეობა.

გრაფაში: „საქართველოში ან სხვა ქვეყანაში, თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა“, მითითებულია, რომ მის მეუღლეს, ირაკლი ბერიძეს, სამშენებლო კომპანია M2-დან დეველოპმენტის დირექტორობისას 102000 ლარი აქვს მიღებული, თავად ელენე ხოშტარიას კი „თავისუფალ უნივერსიტეტში“ ლექტორობისას 40 000 ლარი და „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებლობით 24 000 ლარი მიუღია.

რაც შეეხება ბანკთან ურთიერთობებს, სესხსა და იპოთეკებს, ელენე ხოშტარიას სახელზეა 126 000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი „თი-ბი-სი ბანკში“, რომლიდანაც გასავალი 126 000 ლარი იყო. მეუღლის სახელზეა ასევე „თი-ბი-სი ბანკში“ იპოთეკური სესხი, რომელიც შემოსავალს წარმოადგენს იმავე, 52 000 ლარის ოდენობით, მისსავე სახელზეა „საქართველოს ბანკში“ სამომხმარებლო სესხი 5000 ლარის ოდენობით, რომელიც კვლავ შემოსავლად ფიქსირდება.

დეკლარაციის ფურცლებზე ცარიელია გრაფები: „თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული საჩუქარი, რომლის ღირებულება აღემატება 500 ლარს“ და  „წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თქვენი, ან თქვენი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან/და გასავალი, რომლის ოდენობა (ღირებულება) თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1500 ლარს და არ არის მითითებული ამ დეკლარაციის სხვა ფურცლებზე“.

აღნიშნული დოკუმენტის გაცნობის შემდეგ კი უშუალოდ მისი „კომფორტის ზონის“ აღწერაზე გადავიდეთ.

ჟურნალისტური წყაროებიდან ვიცოდით, რომ სახლში, რომელიც მდებარეობს წყნეთში და ეკუთვნის ელენე ხოშტარიას მეუღლეს, ოჯახი ერთად ცხოვრობდა. შესაბამისად, არა თბილისში, ან ტაბახმელაში მდებარე, არამედ წყნეთში არსებულ მათ საცხოვრებელს მივაშურეთ.

დეკლარაციაში ეს უძრავი ქონება მითითებული არ არის, მაშინ, როცა ირაკლი ბერიძის სხვა უძრავი ქონება აქტიურად სჭარბობს ელენესას.

მოკლედ, როგორც უკვე აღვნიშნე, დეკლარაციას და ბიოგრაფიულ მონაცემებს უკვე გაცნობილი, ახლა უშუალოდ „კომფორტის ზონისკენ“ გავემართე.

საღამოს 18:00 საათი იქნებოდა, შაბათი დღე, როცა სიცხისგან მბორგავ თბილისიდან შედარებით გრილ და მაღალ წყნეთს მივაშურე, თან აქტიურად ვფიქრობდი მაია წყნეთელზე, რომელიც შესაძლოა, ელენე ხოშტარიას მსგავსად, ან უფრო მეტადაც მებრძოლი ქალბატონი გახლდათ.

სადგურის მოედანზე წყნეთისკენ მიმავალ სამარშრუტო ტაქსებს თავიანთი გრაფიკი ნამდვილად დარღვეული აღმოაჩნდათ, თან შაბათი იყო და იქ დროის კარგვას ვამჯობინე, ავტობუსით გამესეირნა ჯერ ვაკეში, შემდეგ ბაგებში და ბოლოს _ წყნეთში.

მივაშურე ჩემს #34 ავტობუსს და  რიგიანადაც გავხრიგინდით სადგურის მოედნიდან და როგორც უკვე ვთქვი, ვაკესაც მივაშურეთ, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მგზავრებს სანდომიანი სახის მონაზონი შემოუერთდა და ჩემ წინ მოთავსდა. საკმაოდ კეთილგანწყობილი ჩანდა და არც ვინმე გაულანძღავს მოკლე კაბის, ან ამოღებული დეკოლტეს გამო. მივხვდი, რომ ზედმეტის უფლებას არ აძლევდა საკუთარ თავს (როგორც ბევრმა ფანატიკოსმა მორწმუნემ იცის ხოლმე!) და საკუთარ საზრუნავზე ფიქრობდა.

წყნეთის გზას დამდგარი უკვე ბაგებიც გავიარეთ და ვერის ხეობას მაღლიდან გადავხედეთ. მაშინვე გამიელვა აზრმა, თუ როგორ შეძლო ამ ერთმა ბეწო მდინარემ ამხელა უბედურების მოტანა!

წყნეთში მიმავალს სასტიკად გამაფრთხილეს, _ ცენტრში ჩამოდი, სადაც ტაქსის მძღოლი დაგხვდება, თორემ, არც ისე პატარაა იქაურობა და ვინ იცის, რამდენ ხანს მოგიწევს სიარული სასურველი ადგილის საპოვნელადო. მეც სხვა რა გზა მქონდა და კონტროლიორს ყოველ 5 წუთში ვეკითხებოდი, სად არის ტაქსების წყება, სადაც ჩემთვის საინტერესო ინფორმაციას გავიკითხავ-მეთქი? ამ კითხვა-პასუხში მთელი ავტობუსი ჩაერთო და ომახიანად მიმითითეს ცენტრისკენ, სადაც ხსენებული ქალბატონი მაია წყნეთელის ძეგლი იდგა და საკმაოდ განვითარებული სავაჭრო სისტემაც შეინიშნებოდა. იქვე გახსნილ სკვერში ბავშვები თამაშობდნენ უფროსებთან ერთად, სკოლის ასაკის ბიჭები კი ველოსიპედებით ტრიუკების შესრულებით იყვნენ გართულები.

რატომღაც, ამ ცენტრისგან მოშორებით, ეკლესიასთან მომიწია ჩამოსვლა, უფრო მაღლა ან დაბლა ჩამოსვლას სჯობს, აქ ჩამოვიდე-მეთქი. მშვენიერი არჩევანიც გამიკეთებია, ამას მაშინ მივხვდი, როცა იმ თეთრი ტაქსის მძღოლთან მივედი, რომელიც ძალიან დამეხმარა და მშვიდობითაც მატარა.

უკვე 19:00 საათი იქნებოდა, ზაფხულია და ადრე არ ბნელდება, გამიმართლა. თანაც, ქალაქიდან ამოსულზე აქ მეტად გრილოდა, შესაძლოა, საღამო პერიოდის ბრალიც იყო, მაგრამ აშკარად უკეთესი ჰაერი და ტემპერატურა შეინიშნებოდა.

ავტობუსიდან გადმოსულმა უკვე ხსენებულ თეთრ ტაქსის მივაშურე, რომელსაც თავი წარვუდგინე და თან ვკითხე, _ ელენე ხოშტარიას საცხოვრებელი სახლი ხომ არ იცით, სად არის-მეთქი? _ აბა, მე რა ვიცი, აქ იმდენი ქუჩაა, თან ზემო, შუა თუ ქვემო წყნეთში ცხოვრობს, ისიც არ იციო? _ არა-მეთქი… _ მაშინ წინ რომ მაღაზიაა, იქ შედი და იკითხეო.

შევედი. სალაროსთან საკმაოდ დიდი რიგი იდგა, ამიტომ ყველას გასაგონად ვიკითხე:

_ უკაცრავად, ელენე ხოშტარიას საცხოვრებელი ხომ არ იცით?

ყველამ უარის ნიშნად აქეთ-იქით გაიქნია თავი, _ თუ მის შტაბს ეძებთ, აქვე ახლოსაა, მაგრამ თვითონ სახლი არც ვიცით, საერთოდ აქ ცხოვრობსო?! _ კი-მეთქი.

_ მე ვიცი, მინახავს კიდევაც, ქვემოთ, ტაბიძის ქუჩაზე უნდა მიხვიდეთ და მანდ იკითხეთო, _ გამოსვლისას გაახსენდა ერთ-ერთ მათგანს.

მადლობა გადავუხადე და გახარებული გამოვედი მაღაზიიდან. ჩემს თეთრი ტაქსის მძღოლს მივაშურე და ტაბიძის ქუჩაზე წავედით-მეთქი. მანაც გამიღიმა, _ არაა პრობლემაო და ჩავსხედით. სიმართლე გითხრათ, მასზე პოზიტიური და დადებითი ტაქსის მძღოლი იშვიათად მინახავს.

ტაბიძის ქუჩა ამ ეკლესიიდან მოშორებით, ქვევით მდებარე, პარალელური ვიწრო ქუჩა აღმოჩნდა, სადაც საკმაოდ ბევრი ბავშვი იდგა უფროსებთან ერთად.

იმის გამო, რომ ზუსტად არ ვიცოდით, რომელი იყო აქ ჩვენი ინტერესის ობიექტი, ამიტომ ქუჩაში გამოსულ და საკუთარი ჭიშკრის წინ მდგომ ახალგაზრდა ბებოს ვკითხეთ ამის შესახებ:

_ გამარჯობა, ელენე ხოშტარიას საცხოვრებელ სახლს ხომ ვერ მიმასწავლით?

_ ელენე თვითონ აქ აღარ ცხოვრობს ბებო, ბაბუამისი ცხოვრობდა, აი, იმ სახლში, ვარდისფერი თუ მოთეთრო ბეტონის პატარა გალავანი რომ მოუჩანს. თვითონ ელენეც თითქმის აქ გაიზარდა ბაბუამისთან, მაგრამ შემდეგ ეს სახლი გაყიდეს და ახლა აქ აღარ ცხოვრობს.

_ გასაგებია და როგორია ურთიერთობაში, თუ იცით, თუ გინახავთ?

_ ძალიან კარგი, შვილო, ძალიან თბილი და დადებითი გოგოა.

_ გმადლობთ-მეთქი და დავემშვიდობეთ.

იქაურობას გავცდით თუ არა, მე და ბატონმა ვასიკომ (ტაქსის მძღოლი) ერთმანეთში დავიწყეთ საუბარი იმის შესახებ, თუ ვინ უნდა გამოგვეკითხა ახლა ისეთი, რომელსაც ჩვენი ინტერესის ობიექტის მისამართი ეცოდინებოდა?

გზად კიდევ რამდენიმე მოსახლე ვნახეთ, მათაც იგივე გვითხრეს, _ არ ვიცით, აქ თუ ცხოვრობს, ადრე ბაბუამისი ცხოვრობდა, მაგრამ ახლა სხვები ცხოვრობენო.

ამ ამბის გამგონე, უკან მოვტრიალდით და ცენტრალურ გზაზე გამოვედით. გვინდოდა, ქვემო წყნეთში ჩავსულიყავით, იქნებ, იქ სცოდნოდა ვინმეს რაიმე.  ის იყო, ცენტრალურ გზაზე გასულებს სიჩქარე უნდა აგვეკრიფა და ამ დროს ვასიკომ თავისი მეგობარი დაინახა, რომელსაც დაცვის სისტემები ებარა და იმ ლოგიკით, რომ შეიძლებოდა ჩვენი ინტერესის ობიექტი მათი მომხმარებელი ყოფილიყო, ვკითხეთ კიდევაც, თუ იცოდა რაიმე ელენე ხოშტარიასა და მის მეუღლზე? მეუღლის სახელის გაგონებისას აშკარად მიხვდა, ვისაც ვეძებდით და გვითხრა, _ კი, ვიცი, ვისზეც საუბრობთ, სადღაც შორიახლოს ცხოვრობენ, მაგრამ ზუსტად სად, ეგ ნამდვილად არ ვიცი. მის შტაბბინასთან მიდით და იქ ხათუნა დაგაკვალიანებთო.

თურმე, ეს ხათუნა იქ საკმაოდ განთქმული მაკლერია, ყველას იცნობს და მის შესახებაც ყველამ იცის, თან ელენე ხოშტარიას შტაბბინის ქვევით აქვს თავისი ფართი და, შესაბამისად, ხოშტარიასაც იცნობს. ჩემი ტაქსის მძღოლის ნაცნობთან გასაუბრების შემდეგ სწორედ ხათუნასკენ მიმავალ გზას დავადექით. ახალგაზრდა, ქერა, მეგრელი ქალი აღმოჩნდა, ხელში რამდენიმე დოლარი ეჭირა და გზისკენ იყურებოდა.

მივესალმეთ. ისიც ასევე მოიქცა. ვასიკომ ჰკითხა, _ აქ ელენე ხოშტარიას სახლი ხომ არ იცი, სად არისო?

_ როგორ არა, ფოსტის ყოფილი დირექტორი რომ ცხოვრობდა, ნოშრევანი, მაგის სახლისკენ არის. ახლა უკან უნდა დაბრუნდე, სკვერის კუთხეში ჩაუხვიო, შემდეგ მარჯვნივ და მარცხნივ გახვალ, ჩიხში შავჭიშკრიანი კარი სწორედ მათი სახლია, უფრო სწორად, ირაკლის სახლია და ერთად ცხოვრობენ.

ამ დროს საუბარში მე ჩავერთე.

_ გამარჯობა, მე ჟურნალისტი ვარ, ელენე ხოშტარიას „კომფორტის ზონაზე“ ვწერ, თუ მას იცნობთ, მაინტერესებს, როგორია ურთიერთობისას? რამდენად სალმიანი?

_ უიმე, როგორ არა, ვიცნობ. ძალიან სალმიანი, კარგი გოგოა. მართალია, აქ ყველა ახლოს არ იცნობს, მაგრამ მე ზუსტად მის ოფისთან მაქვს საქმეები და სულ პირზე კოცნით მხვდება ხოლმე. ნამდვილად ხალხისთვისაა შექმნილი ეგ გოგო. თან 4 შვილის დედაა. ძალიან დადებითად ვაფასებ ამ ადამიანს.

_ ანუ ხშირად ხედავთ ხოლმე?

_ ხშირად არა, მაგრამ როცა აქეთაა, მაშინ ვხედავთ ხოლმე, ძალიან სალმიანია, ზრდილი, ჭკვიანი და როგორც ვთქვი, ხალხისთვისაა სულ.  მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, სადაც გითხარით იქ.

_ კარგი, გასაგებია, გმადლობთ.

მანქანა მოვატრიალეთ და გზას სწორედ იმ მიმართულებით გავუდექით, საითაც მიგვასწავლეს. მთავარი ის იყო, რომ შავჭიშკრიანი სახლისთვის მიგვეგნო. სწორადაც წავედით. ჯერ სკვერი გავიარეთ, შემდეგ მარცხნივ ჩავედით, მერე მარჯვნივ მოსახვევი იყო, რომელსაც მაღალი ადგილისკენ მიჰყავხართ, საიდანაც ხსენებული და აწგარდაცვლილი ნოშრევანის სამსართულიანი სახლი მოჩანდა, მის გვერდით, მარცხენა მხარეს, ჩასახვევში კი, სწორედ ჩვენი ინტერესის ობიექტის „კომფორტის ზონა“ მდებარეობდა.

სამსართულიანი სახლია, ლამაზი ეზოთი და შავი ჭიშკრით. ეტყობა, რომ იქ მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს. სახლი საკმაოდ ჩიხშია. ფოტოები ძლივს გადავუღე და გამოვბრუნდით. უკანა გზაზე კვლავ ტაქსის მძღოლის ნაცნობი შემოგვხვდა, ჩალის ქუდი ეხურა, კუბოკრული პერანგი ეცვა, ხელი თეთრი მასით ჰქონდა გასვრილი და იღიმოდა, საშუალო ასაკის მამაკაცი იყო. მანქანა შევაჩერეთ:

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ, ელენე ხოშტარიას „კომფორტის ზონაზე ვწერ“. მაინტერესებს, იცნობთ?

_ კი, როგორ არ ვიცნობ.

_ რამდენად სალმიანია? როგორი მეზობელია?

_ ძალიან კარგი, ბაბუ, ძალიან კარგი. მის ოჯახსაც ვიცნობ და ყველანი მართლა ძალიან კარგები არიან. მშრომელები და ზრდილობიანები.

_ ანუ ხვდებით ხოლმე ხშირად?

_ არც ისე ხშირად, მაგრამ როცა ვხვდებით, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. აქვე ცხოვრობენ.

_ დიახ, დიახ, ვნახეთ, _ ვუთხარი, _ დიდი მადლობა.

დავემშვიდობეთ და უკან, მთავარი გზატკეცილისკენ გამოვედით. უკვე საკმარისი ცნობებიც მქონდა, მისი კომფორტის ზონაც ვნახეთ, ამიტომ ცენტრში გამოსულმა ტაქსი დავტოვე, რომელმაც გადახდაზე უარი მითხრა. მაინც დავუტოვე თანხა. მაია წყნეთელის ძეგლს ფოტო გადავუღე და თბილისისკენ მიმავალ ავტობუსს დაველოდე. გაჩერებაზე კიდევ ერთი ქალბატონი იდგა, რომელმაც ასევე მითხრა, რომ ელენე ხოშტარია მისი მეზობელი იყო, მაგრამ ახლოდან არ იცნობდა, თუმცა როგორც კი ნახავდა, მიესალმებოდა და მისგანაც იგივე პასუხი იყო.

ბოლოს ავტობუსიც მოვიდა, ცხელი თბილისისკენ ავიღე გეზი, აქ ისევ ისეთი ბუღი იდგა, როგორც დავტოვე. ახლაც ასე ცხელა.

 

ნინო ტაბაღუა