„ევროპული საქართველო“ „არემჯი გოლდის“ საქმიანობაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

პოლიტიკური პარტიები საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე 16 ჰა მიწის შესაძენად ერთიანდებიან. ამ ფორმით საყდრისის გადარჩენის კომიტეტი „არემჯი გოლდისთვის“ ელექტრონულ აუქციონზე უკონკურენტო სტატუსის ჩამორთმევას გეგმავს, მანამდე კი პოლიტიკურმა პარტიებმა ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით მიმართეს და დაგეგმილი აუქციონის გაუქმება მოითხოვეს.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი ამ საკითხის განსახილველად კომიტეტის სხდომას და საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. სერგო რატიანის თქმით, აუცილებელია პარლამენტმა გამოიძიოს ის ზიანი, რომელიც „არემჯი გოლდისგან“ გარემოს მიადგა და ასევე წარსულში კომპანიის მიერ კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ფაქტი.
„ამ ვითარებაში იმის პარალელურად, რომ აუცილებლად უნდა გაიმართოს გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომა, ხასგასმით მიგვაჩნია, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის როგორც კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ფაქტს, ისე დღეს გარემოსადმი მიყენებული ზიანის ფაქტს“, _ განაცხადა რატიანმა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა ვაჩეიშვილის განცხადებით, არსებობს რისკი იმისა, რომ ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში ეკოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო კატასტროფულ მაჩვენებლამდე ავიდეს.
„არის რისკი, რომ ჩვენ მივიღოთ საშინელი მდგომარეობა, რომელსაც თვითონ სახელმწიფო მფარველობს. საზოგადოება უნდა იყოს კონსოლიდირებული, პოლიტიკური პარტიები ვართ კონსოლიდირებული, რომ ხელისუფლება გონს მოეგოს“, _ აცხადებს ვაჩეიშვილი.
„საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია აცხადებს, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად, ჩუქნის 16 ჰას „არემჯი გოლდს“, კომპანია კი ზიანს არ ანაზღაურებს.
„ჩვენ მივმართეთ სწორედ იმ უწყებას, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო აუქციონის გამოცხადების შესახებ. მისი უფლებამოსილებაა, შეაჩეროს აუქციონი“, _ აცხადებს კორძაია.
„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივან თამარ კეკენაძის განცხადებით: „გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს „არემჯის“, რომელიც სტანდარტების დარღვევით აწარმოებს სამთო მოპოვებას“.
აღნიშნულ აქციას უერთდება „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტია. პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში უფრო და უფრო იმატებს იმ საკითხების რაოდენობა, რაც განსხვავებული შეხედულებების მქონე პოლიტიკურ პარტიებს აიძულებს გაერთიანებას.
დმანისის გადარჩენის ფონდის შექმნის ინიციატივა „ახალ საქართველოს“ ეკუთვნის. „ახალი საქართველოს“ პოლიტიკურ მდივან პაატა მანჯგალაძის განცხადებით: „მოვუწოდებთ საზოგადოებას, შემოწირულობა შემოიტანონ, რომ ჩვენ თვითონ გამოვისყიდოთ ეს ტერიტორია და დავამარცხოთ ის ეკოციდი, რაც ხდება ადგილზე“. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ამ თემაზე „ქრონიკა+“ პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრს, სერგო რატიანს ესაუბრება:
_ ბატონო სერგო, თქვენი ინფორმაციით, რა ახალი გეგმები აქვს კომპანია „არემჯის“ დმანისის რაიონში?
_ ჩვენ ვიცით, რომ „არემჯი გოლდისა“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებით საყდრისის უძველესი ოქროს მაღარო დაინგრა. ფაქტობრივად, დანაშაულებრივი ქმედებები მოხდა. ამაზე გამოძიებას ვითხოვდით („ნაციონალური მოძრაობის“ სახით) და ეს მოწოდება პარლამენტში ორჯერ ჩავარდა. ალბათ, გახსოვთ, რომ ამ გამოძიებას „თავისუფალი დემოკრატებიც“ ითხოვდნენ. მაშინ ოპოზიციამ ვერ გავიტანეთ, რომ საბოლოო ჯამში ეს საგამოძიებო კომისია შექმნილიყო.
დღესაც საუბარია გარემოს მზარდ დაბინძურებაზე და მის უარყოფით შედეგებზე. კერძოდ, 2013-2016 წლებში გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან შემოწმება განხორციელდა. ამ პროცესმა ოთხ შემთხვევაში გარემოსთვის მიყენებული ზიანი 29 მილიონის, შემდეგ მილიონის ოდენობით დაადგინა. უკვე 2016 წლის დასკვნაშიც წერია, რომ გარემო ასევე ძალიან სერიოზულად ზიანდება. ოღონდ არ მაქვს მონაცემები, დროის ამ მონაკვეთში გარემოსთვის მიყენებული ზიანი კონკრეტულად დათვლილია თუ არა.
ამ ფონზე, „არემჯი გოლდი“ გამოსატუტი მოედნების გაფართოებას ითხოვს, ანუ იმ პირობებში, როცა ის არ ასრულებს თავის მოვალეობას, გარემოს ზიანს აყენებს (მისი სათანადოდ დაცვის მაგივრად), წარმოების კიდევ უფრო გაშლისკენ ისწრაფვის. ხელისუფლება კი, ფაქტობრივად, თანხმდება, რომ შესაძლებელია, ეს გაფართოება მოხდეს.
ამ პირობებში საფუძვლიანი ეჭვია, რომ არსებობს კორუფციული სქემა და ამ დროს შეუძლებელია, საპარლამენტო-საგამოძიები კომისია არ დაინიშნოს.
_ ამ საგამოძიებო კომისიის მუშაობას რა შედეგები ექნება?
_ ბუნებრივია, რომ ამ გზით პრობლემის ირგვლივ ბევრ რაღაცას ნათელი მოეფინება. საპარლამენტო-საგამოძიებო კომისია განსაკუთრებული უფლებებით აღჭურვილია. იმ კორუფციულ სქემებზე, რომელიც ზოგ შემთხვევაში, უბრალოდ, ზედაპირზე დევს, უკვე კონკრეტულად იქნება ნათქვამი, თუ ვისი (რომელი) ინტერესის სფეროა ეს ყველაფერი? ვინ არის უფლებამოსილი (პასუხისმგებელი), რომ საქმე აღნიშნული მიმართულებით წინ წავიდეს?
_ ამ მოთხოვნაზე რეაგირება როგორია?
_ მოთხოვნა პარლამენტში წინა კვირაში შევიტანე და, ჯერჯერობით, გამოხმაურება არ გვქონია.
_ ადგილობრივ მოსახლეობასთან თუ გქონიათ ამ პრობლემატიკაზე კონტაქტი, მათი დამოკიდებულება როგორია?
_ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. იცით, რომ 2018 წლის იანვრის დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციის გამოკვლევებით, მაგალითად, ივნისში, ოქტომბერსა და შემდეგ უკვე ნოემბერში ადგილზე გარემოს სერიოზული დაბინძურება ფიქსირდება. საუბარია როგორც წყალზე, ასევე ნიადაგზე. იქ დაწვრილებით გამოკვლეულია, თუ რა მავნე ზემოქმედება აქვს ამ ყველაფერს ადამიანების ჯანმრთელობაზე.
ეს იმ ხალხსაც კარგად მოეხსენება. უბრალოდ, იქ ადგილზე შავი მდინარეები და წყაროები მოდის, ეს ხალხიც ხედავს, თუ რა დონის გარემოს დაბინძურებაა. თან ამით არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას ადგება ზიანი, ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქტებია და კვლევაში საუბარია, თუ როგორ უარყოფით ზეგავლენას ახდენს ეს პროცესი მწვანილზე, კარტოფილსა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებზე, რომელიც კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე არის ნაწარმოები. ეს მერე პირდაპირ ზემოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე,
ამიტომ წარმოება რომ მავნებელია, ადგილობრივმა მოსახლეობამ ეს ნამდვილად იცის.
_ საერთო ოპოზიციური წინადადება ამ ტერიტორიის გამოსყიდვაზე რა შედეგებს მოიტანს?
_ ბუნებრივია, აღნიშნულ ოპოზიციურ მოთხოვნას ჩვენც შევუერთდით, მაგრამ ეს პრობლემატიკის მხოლოდ ერთი მიმართულებაა, ამით „არემჯი გოლდის“ არეალი ნაკლებად იზღუდება.
გარდა ამისა, ჩვენ სამი კვირის წინ გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომის გამართვა მოვითხოვეთ. ამაზე წინასწარი თანხმობა არსებობს და თარიღი უნდა დადგინდეს. კარგი იქნება, თუ გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ჰკითხავთ, როდის გაიმართება ეს სხდომა. პრინციპული თანხმობა არსებობს, სადაც სწორედ ეს პრობლემური საკითხები განიხილება.
_ კომპანია „არემჯი“ აცხადებებს, რომ ამ აუქციონზე გამოტანილ 16 ჰა მიწის ნაკვეთზე კომპანია ამ ეტაპზე არავითარ სამუშაოებს არ აწარმოებს; კომპანიას აღნიშნული ტერიტორია ესაჭიროება სანაყაროების მოსაწყობად (ფუჭი ქანის განსათავსებლად)…
_ ჯერჯერობით რაც ვიცით, მათ გაფართოება იმისთვის სჭირდებათ, რომ ბნელ ხევში და ფიტარეთთან ახალი კარიერი უნდა გაიხსნას. ნედლეულს სწორედ იქიდან წამოიღებენ და გამოსატუტი მოედნების გაფართოებისთვის სჭირდებათ ეს ყველაფერი.
ამის (საწარმოო მოედნების) გაფართოებას მაშინ იწყებენ, როდესაც გარემოს აბინძურებენ და მათზე დაკისრებულ მოვალეობებს არ ასრულებენ. ამ შემთხვევაში, რა მნიშვნელობა აქვს, იქ ადგილზე ოქრო არის თუ არა? მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ისინი გარემოს დაბინძურებას აგრძელებენ. ამიტომ სახელმწიფოს უფლება არ აქვს, ეს დაუშვას.
ნახეთ, მანდ კორუფციის საფუძვლიანი ეჭვი რატომ არის. ჯერჯერობით ამაზე თანხმობა, ანუ გამოსატუტი მოედნების გაფართოებაზე ნებართვა გარემოს დაცვას არ მიუცია (ამის გაკეთება არც შეიძლება) და ამ ფონზე აძლევენ მიწას, რაც გამოტუტვისთვის სჭირდებათ.
ვიმეორებ: კომპანიას სამუშაოების ჩასატარებლად ნებართვა არ მიუღია, მაგრამ მიწას მაინც აძლევენ. აქ წინასწარი პროცესებია დაწყებული და ჩვენ სწორედ ეს რეალობა უნდა გავაცნობიეროთ. ამ დროს, ამბობენ, რომ იქ ოქრო არ არისო. დიახ, ეს ოქრო ამოღებულია, მათ საყდრისი დაანგრიეს და იქიდან ოქრო მაქსიმალურად მოპოვებულია.
ეს მიწები მათ გამოსატუტი მოედნების გასაფართოებლად სჭირდებათ. ის ოქრო, რომელიც მანდ უნდა გამოხშირონ, ფიტარეთიდან უნდა წამოიღონ. ამიტომ დღეს, რეალურად, დარტყმის ქვეშ უკვე ფიტარეთია, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ეს მოედნები სწორედ იქიდან წამოსაღები პირველადი ნედლეულის გასასუფთავებლად სჭირდებათ.

ამ თემაზე კომპანია „არემჯის“ განცხადებას „ქრონიკა+“ უცვლელად გთავაზობთ:
„2018 წლის 20 მარტს ჩასატარებელი აუქციონის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ წიაღის მოპოვება აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანიის მხრიდან არ იგეგმება, რაც ოპონენტებმა კარგად იციან. ეს ინფორმაცია უხეშ უზუსტობებს შეიცავს. კერძოდ:
1. აუქციონზე გამოტანილ 16 ჰა მიწის ნაკვეთზე კომპანია, ამ ეტაპზე, არავითარ სამუშაოებს არ აწარმოებს;
2. კომპანიას აღნიშნული ტერიტორია ესაჭიროება სანაყაროების მოსაწყობად (ფუჭი ქანის განსათავსებლად);
3. კომპანიას შესწავლილი აქვს აღნიშნული ტერიტორია და მიწის ნაკვეთი სასარგებლო წიაღისეულის კუთხით სტერილურია, რაც ნიშნავს, რომ ამ ნაკვეთზე არ არის სასარგებლო წიაღისეული;
4. 16 ჰა მიწის ნაკვეთი ტყის ფონდში არ ირიცხება;
5. ტერიტორია დაფარულია ბუჩქნარით და მცენარეებით, რომელიც არ შედის წითელ ნუსხაში;
6. აუქციონზე გამოტანილი 16 ჰა მიწის ნაკვეთზე შესვლა და დათვალიერება შესაძლებელია ჩვენი კომპანიის საწარმოო ტერიტორიის გარდა სხვა ლოკაციებიდან და ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის;
შესაბამისად, ბოლო დროს კომპანიის საწინააღმდეგოდ გავრცელებული დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ ვაცხადებთ:
კომპანია საკუთარ საქმიანობას ახორცილებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და მისი მოსახლეობის საკეთილდღეოდ;
ოპონენტების მიერ საკითხის პოლიტიკური ესკალაცია ემსახურება კონკრეტული ჯგუფის პირად ინტერესებს და კომპანია გამორიცხავს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას;
ოპონენტების განცხადებები არის რეალობის დამახინჯებისა და საზოგადოების მორიგ ჯერზე შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რასაც კომპანიამ არაერთგზის გასცა არგუმენტირებული პასუხი.
ამდენად, მივმართავთ პოლიტიკურ პარტიებს, დღეს ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი არის თავისუფალი და მსგავსი განცხადებები აზიანებს არა მხოლოდ ჩვენ კომპანიას, არამედ სახელმწიფოს, ეკონომიკას, რეგიონს და კონკრეტული 3000-ზე მეტი ოჯახის კეთილდღეობას.
მოვუწოდებთ ყველას: ნუ შეეცდებით პოლიტიკური ქულების მოპოვებას დამოუკიდებელი ბიზნესისა და ადამიანების კეთილდღეობის ხარჯზე.
დაბოლოს, „არემჯი“ ყოველთვის მზად არის ღია, კონსტრუქციული და საქმიანი თანამშრომლობისთვის!“ _ ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე კი კომპანია „არემჯის“ დირექტორებმა სს „არემჯი კოპერისა“ და შპს „არემჯი გოლდის“ გარემოს დაცვის, თანამშრომელთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საკითხების ერთიანი პოლიტიკის სახელმძღვანელო დოკუმენტს მოაწერეს ხელი. დოკუმენტში წარმოდგენილია კომპანიის ხედვა და პრინციპები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს გარემოს ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შრომის უსაფრთხოების ზომების გამკაცრება.
„ამ დოკუმენტით კომპანია „არემჯი“ ადასტურებს, რომ უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს თავის საწარმოებში საერთაშორისო სტანდარტების დასანერგად, რათა ამ დრომდე გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების სფეროში გამოვლენილი ხარვეზები გამოასწოროს. დოკუმენტი წარმოადგენს სახელმძღვანელოს კომპანიის თითოეული თანამშრომლისთვის.
გარემოს დაცვის, თანამშრომელთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საკითხების ერთიანი პოლიტიკის სახელმძღვანელო დოკუმენტის ხელმოწერით „არემჯი“ კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას ამ საკითხებში მეტი ეფექტიანობის მისაღწევად მჭიდროდ და ღიად ითანამშრომლოს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან და საზოგადოებასთან“, _ აღნიშნულია ოქროსმომპოვებელი კომპანიის განცხადებაში.

გელა მამულაშვილი