ევროობლიგაციები _ უპრეცედენტო გზა ინვესტორების მოსაზიდად

საქართველოში კარგა ხანია, აქტიურად დგას საკითხი, რომელიც ქართულ ბაზარზე არსებულ ოლიგოპოლიურ მდგომარეობას ეხება. ყველამ იცის, რომ ქართული საბანკო სექტორი, მომგებიანობის მიხედვით, მსოფლიო ათეულშია, მოგების ზრდა კი, თავის მხრივ, ხსენებულ ოლიგოპოლიურ მდგომარეობასა და იმ ორ დომინანტ ბანკს უკავშირდება, რომელთა გაბატონებაზეც უკვე ყველა თამამად საუბრობს.

წელს, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნამდე ერთი დღით ადრე, 25 მაისს, ცნობილი გახდა მოვლენის შესახებ, რომელმაც ცალსახად მოგება უნდა მოუტანოს საქართველოს და ისიც ერთ-ერთ დომინანტ ბანკს _ „საქართველოს ბანკს“ უკავშირდება.

მთავრობის წევრები, ეროვნული ბანკი, სფეროს ექსპერტებიც კი დიდი სიხარულით შეხვდნენ სიახლეს, რომელიც 500 მილიონი ლარის მოცულობის ევროობლიგაციებს ეხება.

უპრეცედენტო შემთხვევა პირველად ხდება ქართული საბანკო სივრცის ისტორიაში და ვარაუდობენ, რომ იგი უცხოელი ინვესტორების ნდობასაც გამოიწვევს და მათ დაინტერესებასაც.

როგორც აღვნიშნე, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო ობლიგაციები ადგილობრივ ვალუტაში განათავსა. ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 11%-ს შეადგენს, ხოლო ვადა _ 2020 წლის ივნისამდეა. საქართველოს ბანკის ლარით დენომინირებული ევროობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდა.

„ეს გარიგება ქვეყნისთვის და ქართული საბანკო სექტორისთვის დიდი მიღწევაა, რადგან გამოხატავს უცხოელი ინვესტორების ნდობას ქვეყნის ეკონომიკური გეზის, მისი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკისა და საბანკო სექტორის მიმართ. იგი ნიშნავს არა მარტო უცხოური კაპიტალის მოზიდვას საქართველოში, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ეკონომიკის ლარიზაციის პროცესში. გარიგება ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივი საფონდო და სავალუტო ბაზრების შემდგომ განვითარებას“, _ აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

აღნიშნულ საკითხზე კომენტარები გააკეთეს სამთავრობო უწყების წარმომადგენლებმაც.

 

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ეროვნულ ვალუტაში გამოსული ამ ევროობლიგაციებით ლარის შემდგომი პოპულარიზება და ინვესტორების დაინტერესება ივარაუდა:

„ლარით დენომინირებული ევროობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ლარიზაციის მიმართულებით. აღნიშნული სტრატეგია ასევე ითვალისწინებს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რომლის აუცილებელი კომპონენტია ბაზარზე ქართული კორპორაციული სექტორის ეროვნული ვალუტით დენომინირებული გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების ხელმისაწვდომობა. აღნიშნულ სექტორს უნდა შეეძლოს ლარში გრძელვადიანი ობლიგაციების გამოშვება და კაპიტალის მიღება. ეროვნული ვალუტის ევროობლიგაციების გამოშვება ასევე ხელს შეუწყობს ლარის შემდგომ პოპულარიზაციას საერთაშორისო ინვესტორებს შორის, რაც მნიშვნელოვანია მათი ადგილობრივ ბაზარზე შემოსვლის თვალსაზრისით“.

 

თავის მხრივ, ამ სიახლეს მიესალმება და მხარს უჭერს „საქართველოს ეროვნული ბანკი“ და მისი პრეზიდენტი _ კოკა გვენეტაძე:

„საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ლარით დენომინირებული ბონდების გამოშვებას, როგორც კაპიტალის ბაზრის განვითარების აუცილებელ კომპონენტს და, მეორე მხრივ, გრძლევადიანი ლარის რესურსზე ხელმისაწვდომობისა და ლარიზაციის ხელშემწყობ ფაქტორს.

მისასალმებელია, რომ ქართული ეროვნული ვალუტით დენომინირებული პირველი ევრობონდების საერთაშორისო ბირჟაზე განთავსება, ავტორიტეტული ფინანსური ინსტიტუტების შემდეგ, „ქართული ბანკის“ მიერ ხორციელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინიციატივას ადგილობრივი კომპანიებიდან არაერთი მიმდევარი გამოუჩნდება“.

 

ცხადია, მნიშვნელოვანია თავად „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის, კახა კიკნაველიძის კომენტარი:

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენთვის და საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი გარიგება წარმატებით დასრულდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უცხოელი ინვესტორები ამ მასშტაბის ინვესტიციას ახორციელებენ ეროვნულ ვალუტაში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო საქართველოსთვის უპრეცედენტო გარიგებაში, განსაკუთრებით ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნულ ბანკს მხარდაჭერისთვის“.

 

როგორც ცნობილია, „საქართველოს ბანკის“ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გარიგება 2017 წლის პირველ ივნისს დასრულდება. თვად ობლიგაციები გამოიცემა და გაიყიდება გამოსაცემი ფასის 100%-ში. ობლიგაციების საკრედიტო რეიტინგებია: BB- (Fიტცჰ) და Bა3 (Mოოდყ’ს). აღნიშნული ტრანზაქციის ხელმძღვანელები იყვნენ ჟ.P. Mორგან-ი და ღენაისსანცე ჩაპიტალ-ი, თანახელმძღვანელი კი „გალტ ენდ თაგარტი“. ტრანზაქციის ხელმძღვანელებისა და კომპანიის იურიდიული მრჩევლები _ Dეცჰერტ LLP-ი და Bაკერ & MცKენზიე LLP-ი.

 

„ქრონიკა+“ დაინტერესდა, თუ რა განწყობაა ამ თემასთან დაკავშირებით სფეროს ექსპერტებს შორის.

 

დავით ასლანიშვილი _ ეკონომიკის დოქტორი:

_ „საქართველოს ბანკი“ საერთაშოროსო ბაზარზე ფინანსურ რესურსს სესხულობს ლარში, ხოლო უნდა გაისტუმროს დოლარში.

ე. ი., სინამდვილეში, უცხოელ ინვესტორებს ამ ფასიანი ქაღალდის ფლობისას ქართულ ლართან მაინც არავითარი შეხება არ ექნებათ, ხოლო მათ წინაშე ნებისმიერი სახის სავალუტო რისკს მაინც ქართული მხარე, ამ შემთხვევაში, ამ ფასიანი ქაღალდის გამომშვები _ სს „საქართველოს ბანკი“ თავის თავზე იღებს.

სასურველია, ემიტენტს ვთხოვოთ, რომ დააკონკრეტოს აღნიშნული ემისიის დანიშნულება _ მოზიდულ რესურსს გამოიყენებს საერთაშორისო ვალდებულებების გადასაფარად, თუ ახალი პროექტების დასაფინანსებლად.

და კიდევ…

ეს განთავსება დუბლინში რუსული საინვესტიციო კომპანიის კონსორციის საფუძველზე მოხდა, ინფორმაცია კი, თავად ბანკის მიერ გაჟღერებულ ცნობაში ნამდვილად არსადაა აღნიშნული.

 

ვახტანგ ხომიზურაშვილი _ სფეროს სპეციალისტი და თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ვიცე-პრეზიდენტი 1994-2006 წლებში:

_ აქ არის ერთი საგულისხმო ფაქტორი, _ პირველი: კარგია, რომ ქვეყანაში იაფი რესურსი შემოდის, იმიტომ რომ ბანკი იზიდავს; მეორე: სად განათავსებს ამ რესურსებს? _ სწორედ ესაა მთავარი კითხვა.

რეალურად, ამხელა თანხას გასაქანი უნდა. ბიზნესი არ იზრდება, იქაური დაფინანსება და დაკრედიტება რომ გაიზარდოს, სამომხმარებლო დაკრედიტება ნაკლებად არის, ანუ ისეთ მდგომარეობაშია, რომ დიდ რისკებზეა საუბარი.

_ სად უნდა წაიღოს საქართველოს ბანკმა ეს ფული? _ ერთადერთი, ეს არის საბანკო ჰოლდინგში, არაპროფილურ აქტივებში, რაც, მეორე მხრივ, ფაქტობრივად, ნეგატიურად მოქმედებს კონკურენციის პირობებზე. რაც შეეხება საბანკო ჰოლდინგებს, ეს იგივეა, რომ ბიზნესსექტორში მიდიოდეს თანხები, რაც კარგი იქნებოდა, მაგრამ  არანაირად არ მოხდება, რადგან იგი არ იზრდება იმ ტემპებით, რომ საკრედიტო რესურსის სახით გაიწოვოს და ბიზნესი დაფინანსდეს.

კი ბატონო, გაიტანეს საერთაშორისო ბირჟაზე ეს ობლიგაციები და იქ განთავსდა, მაგრამ ერთი კითხვაა ყოველთვის, _ რატომ არ ათავსებს იგი გარკვეულ, მცირე ნაწილს მაინც საქართველოში? ადრეც დაისვა ეს შეკითხვა და პასუხი ვერავინ მიიღო. ეროვნული ბანკიც ამ შემთხვევაში ვერც შეუშლის ხელს, პირიქით.

მათავარი საკითხი მაინც ისაა, თუ სად წავა ეს თანხები. მაგალითად: „თი-ბი-სი ბანკმა“ ეს თანხები მოიზიდა და „რესპუბლიკა ბანკი“ იყიდა…

„საქართველოს ბანკი“ თუ გაუშვებს ამ თანხას (ხომ არ გააჩერებს) საბანკო ჰოლდინგის დაფინანსებაზე, იგივე თავის კომპანიებზე, ან ადგილობრივ გაფართოებაზე, რაც ნეგატიურია კონკურენციის პირობებისთვის, აღმოჩნდება, რომ ეს პროცესი ცუდად მოქმედებს ბიზნესის საერთო განვითარებაზე.

 

გიორგი კეპულაძე _ ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დირექტორი:

_ რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ბანკისთვის _ ქართულ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ევროობლიგაციების გამოშვება თვითონ ქართული ბანკის სიძლიერეზე მიუთითებს და იმაზე, რომ გარკვეული ნდობა არსებობს ინვესტორების მხრიდან ჩვენი ვალუტის მიმართ და, შეიძლება ითქვას, რომ იმიტომაც გადაწყვიტა ბანკმა, ამ ობლიგაციების ეროვნულ ვალუტაში გამოშვება.

ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, დამატებით დადებითად იმოქმედებს ინვესტორებზე იმის გამოც, რომ ვთქვათ, მათ ექნებათ საშუალება, შეიძინონ ქართული ბანკების მიერ გამოშვებული ობლიგაციები, რომელიც სამწლიანია და 11%-იანი სარგებლით.

რაც შეეხება შემოსული თანხების მიმართულებას, ბანკი თავის და აქციონერების შემოსავალს როდის და სად გადაანაწილებს, ამაში ვერავინ ჩაერევა. ბანკისა და აქციონერების შემოსავალს სადაც უნდათ, იქ წაიღებენ.

საქართველოში 500 000 000 ლარის უცხოური ვალუტის შემოსვლა კი, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ვალუტის სიმყარისა და მდგრადობისთვის და, თავისთავად, შემოსული სარგებელი არის არა მხოლოდ კერძო სტრუქტურის, არამედ, ზოგადად, ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, სწორედ ამით იყო გამოწვეული სამთავრობო ჩართულობაც და მთავრობის მიერ ხაზგასმაც, რომ ეს მოვლენა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო, როცა იგი პირველად ხდება.

 

ახლა კი უცვლელად გთავაზობთ უკვე ხსენებული დავით ასლანიშვილის კომენტარსა და შეფასებას აღნიშნულ საკითხზე:

„ეროვნული დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მართლაც მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული პირველი ევროობლიგაცია 500 მლნ ლარის ნომინალით წარმატებით განთავსდა საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ჩვენი ქვეყნის წამყვანი კომერციული ბანკის _ სს „საქართველოს ბანკის“ მიერ.

ემისიიდან მიღებული შესაბამისი რაოდენობა (დაახლოებით, 200 მლნ დოლარი) წარმოადგენს მნიშვნელოვან სავალუტო ნაკადს, რომელიც სასიცოცხლოდ საჭიროა ჩვენს ქვეყანაში სავალუტო ბაზრის სტაბილურობისთვის.

ყველა შემთხვევაში, ამ სამწლიანი ობლიგაციის ემისია ჩაითვლება ქართული კომპანიის მიერ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ პირველ პორტფელურ ინვესტიციად და ასეთად დარჩება დამოუკიდებელი საქართველოს ფინანსური სისტემის ისტორიაში.

მიუხედავად ამისა, აღნიშნული ფასიანი ქაღალდის აღწერაში (იხილეთ ბლუმბერგის სქრინი) მითითებულია, რომ ყველა სახის სამომავლო გადახდა, მათ შორის, კუპონური გადახდები და დაფარვები უცხოელი ინვესტორების წინაშე განხორციელდება მხოლოდ აშშ დოლარში.

რას ნიშნავს ფრაზა „ALL PAYMENთშ IN UშD“, რომელიც ფასიანი ქაღალდის ბოლოშია მითითებული?

ეს ნიშნავს იმას, რომ სს „საქართველოს ბანკი“ საერთაშორისო ბაზარზე ფინანსურ რესურსს სესხულობს ლარში, ხოლო უნდა გაისტუმროს დოლარში.

ე. ი., სინამდვილეში, უცხოელ ინვესტორებს ამ ფასიანი ქაღალდის ფლობისას ქართულ ლართან მაინც არავითარი შეხება არ ექნებათ, ხოლო მათ წინაშე ნებისმიერი სახის სავალუტო რისკს მაინც ქართული მხარე, ამ შემთხვევაში, ამ ფასიანი ქაღალდის გამომშვები სს „საქართველოს ბანკი“ თავის თავზე იღებს.

შესაბამისად, ემიტენტს ვთხოვთ, რომ დააკონკრეტოს აღნიშნული ემისიის დანიშნულება _ მოზიდულ რესურსს გამოიყენებს საერთაშორისო ვალდებულებების გადასაფარად, თუ ახალი პროექტების დასაფინანსებლად?

ამასთან არც ქართველ მომხმარებლებს გვაწყენდა აღნიშნული ევროობლიგაციების შეძენა, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რამდენად კონკურენტულ ფასად შეგვეძლება ამ ევროობლიგაციის შეძენა და რამდენს შეადგენს ნომინალის მინიმალური დონე ფიზიკური პირებისთვის?

ამ მიზნით, მომავალში ვისურვებდით, რომ რუსული საინვესტიციო კომპანიის მსგავსი განთავსება უკვე არა დუბლინში განხორციელდეს, არამედ თბილისში ქართული საინვესტიციო კომპანიის კონსორციის საფუძველზე“.

 

პაატა შეშელიძე _ ახალი ეკონომიკური სკოლის დირექტორი:

_ ახალი ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენება არის მისასალმებელი და  რაც მეტს გამოიყენებენ ბანკები თუ სხვა ორგანიზაციები, უკეთესია. ეს არის, პრაქტიკულად, სესხის აღება და შერჩეულია ევროპული ბაზარი.

ჩანაფიქრია ასეთი, რომ სესხი აიღონ ლარში, მაგრამ ეს თანხა ევროპელებისგან მოიზიდონ. რა იქნება საბოლოოდ, არ ვიცით, თუმცა შესაძლოა, ძალიან საინტერესოც  აღმოჩნდეს.

მთავარი სხვა რამეა _ თუკი „საქართველოს ბანკი“ ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაზე მიდის,  მაშინ მას უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი ის ფინანსური რისკები, რაც შეიძლება დადგეს _ ლარის გამყარება ან გაუფასურება. ორივე მიმართულება შეიძლება  საზიანო იყოს მისთვის, ამიტომ, ამ დროის მდგომარეობით, როგორც ჩანს, მათ გარკვეული პოლიტიკური გარანტია აქვთ იმისა, რომ ლარის რყევები აღარ იქნება და ამან გააბედინა მათ ასეთი ნაბიჯის გადადგმა, თუმცა თვითონ საქართველოს ბანკის პროგნოზები, იგივე გსული წლის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, არცთუ ისე სუსტი იყო და შესაძლოა, ახლაც ბევრი რამ გათვლილი ჰქონდეს _ არ გამიკვირდება.

ბონდების გატანა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხდება გარკვეული მიზეზების გამო: პირველ რიგში, რადგან ევრო ბონდები ჰქვია, ევროპაში უნდა გავიდეს. შესაბამისად, როგორც ჩანს, მორგებულია ევროპულ ბაზარზე, იქაა დაზღვეული და შესაბამის ბაზრებზე ივაჭრება. მათ ჰყავთ შუამავლები ევროპულ ბაზრებზე. შეიძლება, იგი ქართველმაც იყიდოს, განა ვინმე დაუშლის, მაგრამ ევროპული ბაზარია შერჩეული.

ტექნიკური თვალსაზრისით ეს მოვლენა დადებითია, თუმცა, პრაქტიკულად, სწორად თუ აქვთ დათვლილი თავიანთი პერსპექტივა და როგორ აქვთ დაზღვეული მონეტარული პოლიტიკის სავალუტო შედეგები, ეგ არ ვიცი.

ადამიანი ან სტრუქტურა სესხს რომ აიღებს, ალბათ, გეგმა აქვს, რაშიც გამოიყენებს ამ თანხას. ყველაფერი ამ წუთში კანონიერია და რაც კანონიერია, იმას აკეთებენ. ბანკს თავისი ჩარჩოები აქვს და იმის ფარგლებში მუშაობს, თუკი რამე შეიცვლება, მერე მოვთხოვთ სხვანაირად პასუხს, მხოლოდ იმაზე, რაც მაშინ იქნება, თორემ ახლა რასაც აკეთებენ, ეს პროფილურია, მათ ამის უფლება აქვთ. არავის საქმე არაა, სად წაიღებენ ამ თანხას.

 

უპრეცედენტო შემთხვევა უკვე დაფიქსირდა: საქართველოს მეტი ადამიანი გაიცნობს, ინვესტორიც მეტი იქნება.

ექსპერტების შეფასებებიდან გამომდინარე, ამ ყველაფერს დიდი დადებითი და რამდენიმე უარყოფითი მხარეც აქვს და ასლანიშვილისა არ იყოს, იმედია, სამომავლოდ მსგავსი განთავსება მოხდება თბილისში, ქართული საინვესტიციო კომპანიის კონსორციის საფუძველზე და არა _ რუსულის.

 

 

ნინო ტაბაღუა