ევა გოცირიძის დაწესებული გამოხატვის თავისუფლება!

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ევა გოცირიძე, მოსამართლეების კრიტიკის შეზღუდვის ინიციატივით გამოდის. შესაბამისი პროექტი გოცირიძემ იუსტიციის საბჭოში უკვე წარადგინა და კოლეგების მოწონებაც დაიმსახურა. საბჭოს წევრებმა გოცირიძის ინიციატივას ერთხმად დაუჭირეს მხარი და შეთანხმდნენ ტექსტზე, რომელიც კრიტიკის აკრძალვას უკავშირდება.

ინიციატივის ავტორი აცხადებს, რომ კრიტიკა დასაშავებია, თუმცა არა შურაცხყოფა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადება, რომელსაც საბჭოს წევრებმა 26 აპრილის სხდომაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი, 6 ადრესატისადმია მიმართული. ეს ადრესატები არიან: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ჟურნალისტთა კორპუსი, სამოქალაქო სექტორი, საქართველოს სახალხო დამცველი და საზოგადოება. განცხადებაში, რომელიც თვალსაჩინოებისთვის მოსამართლეებისა და სასამართლოების მისამართით სხვადასხვა დროს მედიაში და მედიის წარმომადგენელთა მიერ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების ჩამონათვალსაც მოიცავს, აღნიშნულია, რომ გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევით წაშლილია ზღვარი კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ევა გოცირიძემ, სხდომაზე კონკრეტული გარემოებებიც ჩამოთვალა: „ზოგიერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს სრულიად მიუღებელი ეპითეტების გამოყენებასთან მოსამართლეების მიმართ, ზოგიერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს მოსამართლეების მიმართ სიძულვილის გაღვივებასთან, მათდამი მტრული დამოკიდებულების ჩამოყალიბების მცდელობასთან, ზოგიერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს მოსამართლეების დაშინებასთან, მათ შორის, სამსახურის დაკარგვის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ისევე როგორც იყო შემთხვევები საჯარო განცხადებებისა სასამართლოს გადაწყვეტილებებისადმი დაუმორჩილებლობის თაობაზე“.

ევა გოცირიძე მიიჩნევს, რომ გამოხატვის თავისუფლების საზღვრები საქართველოში არასწორადაა გაგებული და თმენის ვალდებულება მოსამართლეებს გარკვეულ შემთხვევებში დაუცველ მდგომარეობაში აყენებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, შესაბამისად, საზოგადოებას მოსამართლეთათვის სპეციალური დამცველი სანქციების, რეგულაციების, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ახალი საკანონმდებლო რეგულაციების გატარების აუცილებლობის გამოსაკვეთად დისკუსიისა და მსჯელობის ფორმატს სთავაზობს. ამ შეთავაზებას, პრაქტიკულად, ერთგვაროვანი პასუხით, მყისიერად გამოეხმაურნენ განცხადების ძირითადი ადრესატები.

უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ დამატებითი მექანიზმების შექმნას, ან რომელიმე ჯგუფის უფლებების დაცვისთვის კანონმდებლობის გამკაცრებას სახალხო დამცველი მხარს არ დაუჭერს: „მაშინ ცალკე მივიღოთ კანონი ჟურნალისტთა უფლებების დაცვის შესახებ, ცალკე მივიღოთ კანონი პოლიციელთა დაცვის შესახებ, სამხედრო მოსამსახურეთა დაცვის შესახებ და ყველა იმ ჯგუფის შესახებ, ვისთან დაკავშირებითაც, შესაძლოა, რაიმე კითხვის ნიშანი დაისვას ოდესმე. ჩემი აზრით, ასეთი გადაწყვეტილება არასერიოზულია. მით უმეტეს, არსებობს გარკვეული რეგულაციები. ყველა საჯარო მოხელე არის ვალდებული, დაიცვას კანონი და გარკვეული თმენის ვალდებულებები აქვს ყველას. ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს“.

თითქმის ორდღიანი დისკუსიების შემდეგ გამოიკვეთა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას სასამართლოებისა და ინდივიდუალური მოსამართლეების მიმართ „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლების განსაზღვრის შესახებ მომხრეებზე მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს. მოწინააღმდეგეები, კერძოდ, ფიქრობენ, რომ საკანონმდებლო დონეზე დამატებითი რეგულაციების გარეშეც არსებობს მოსამართლეების დაცვისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიები და დაუშვებელია ამ გარანტიების გაზრდა დემოკრატიის შეზღუდვის ხარჯზე. მედიის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს იმედი აქვთ, რომ პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, რადგან ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, თუმცა გოცირიძის ინიციატივას დადებითად აფასებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, რომლის განცხადებითაც, გარკვეული არგუმენტები შემოთავაზებულია, თუმცა მოსამართლეების შეურაცხყოფის საკითხს კანონპროექტის სახე ჯერ არ აქვს.

 

უნდა დაწესდეს თუ არა მოსამართლის შეურაცხყოფაზე საგანგებო რეგულაციები და დაემუქრება თუ არა ასეთ შემთხვევაში საფრთხე გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში?

ამ საკითხზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრნენ არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები.

 

მანანა ნაჭყებია _ „ახალი მემარჯვენეები“:

_ ხელისუფლებაც და ევა გოცირიძეც, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლებას წარმოადგენს და ყველანაირად დასტურდება, რომ ის ხელისუფლების კადრია, ერთ რამეში ცდებიან _ სასამართლოს პრესტიჟი, სასამართლოს რეპუტაცია ილახება ქვეყანაში იმ შემთხვევაში, როდესაც მოსამართლეები სჩადიან კანონდარღვევას, გადაუხვევენ კანონს, ასრულებენ ხელისუფლების მოთხოვნებსა და ა. შ. ამიტომ ასეთი ტიპის შეზღუდვების დაწესება ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყანაში სასამართლოს რეპუტაციის ამაღლებას. ქალბატონმა ევამაც, ხელისუფლებამაც, სხვა მოსამართლეებმაც, იუსტიციის საბჭოს მდივანმა მურუსიძემაც სხვა მხრივ უნდა იზრუნონ სასამართლოს რეპუტაციის ამაღლებაზე, ვიდრე ამ შეზღუდვებით. რაც შეეხება იმას, იზღუდება თუ არა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ბუნებრივია, იზღუდება. ბუნებრივია, ადამიანებს აქვთ უფლება, თავიანთი აზრი იქონიონ სასამართლოს შესახებ და გამოხატონ კიდეც, როდესაც საჭიროა.

 

ჯონდი ბაღათურია _ „ქართული დასი“:

_ გარკვეულ რეგულაციებს კანონი უკვე აწესებს იმ შემთხვევაში, თუკი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო მოსამართლეს, ან რომელიმე თანამდებობის პირს შეურაცხყოფა მიაყენეს. ვფიქრობ, რომ ამაზე მეტი რეგულაციის დაწესება საჭირო არ არის. სიმართლე გითხრათ, როდესაც ეს რეგულაციები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააწესა, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი და მახსოვს, რომ მაშინ ჩვენი კოლეგები „ქართული ოცნებიდან“ მხარს მიჭერდნენ. ახლა, როდესაც ხელისუფლებაში არიან და კრიტიკა იმაზე მეტია, ვიდრე ადრე იყო და ვიდრე თვითონ იქნებოდნენ ხელისუფლებაში, ვფიქრობ, თმენის ვალდებულება უნდა ჰქონდეთ. ამიტომ მე არ ვარ ზედმეტი რეგულაციების დაწესების მომხრე, თუმცა, პირდაპირ გეტყვით, არც იმის მომხრე ვარ, რომ ადამიანი დაამცირო და შეურაცხყოფა მიაყენო. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი უნდა დაარეგულიროს ადამიანის შინაგანმა კულტურამ, ოჯახში აღზრდამ, მისმა ინტელექტმა და არა _ კანონმა. კანონში ყველაფერს ვერ დაწერ.

 

აკაკი ასათიანი _ „ტრადიციონალისტთა კავშირი“:

_ ევა გოცირიძემ და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკუთარ თავს მიხედონ და თავიანთ ავტორიტეტს მოუფრთხილდნენ თავიანთი სამართლიანი მოქცევით, ეს აჯობებს ყველაფერს. გასაკვირი ის არის, რომ არც კი ესმით, რა უხერხულობაში იგდებენ თავს, _ ჩვენ ცუდად მოვიქცევით და თქვენ საერთოდ ნურაფერს იტყვითო, სიტყვების რაღაც ჩამონათვალს აქვეყნებენ. ბოლოს და ბოლოს, არ ვიტყვი იმ სიტყვას და ვიტყვი, _ ბოლოკი და ყველას ეცოდინება, რომ ბოლოკია, როგორც ერთ რუსულ კინოფილმშია ჟარგონად გამოყენებული. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ველოდი, თუ ეს სიტუაცია ამ ზომამდე მივიდოდა. მოსამართლეების ავტორიტეტი არის მათი სამართლიანი მოქმედება, წესიერება, მეტი არაფერი და მას მოუფრთხილდნენ. ამათ ეს არ აინტერესებთ, მთავარია, მათ არავინ არაფერი უთხრას. ასე თუ გატუტუცდებოდნენ, ნამდვილად არ ველოდი. ვფიქრობ, უნდილ უმრავლესობასაც კი ეყოფა ჭკუა, რომ ასეთი რამე არ მიიღოს, იმიტომ, რომ დასაცინებიც ვიქნებით და დემოკრატიულობის თვალსაზრისითაც შენიშვნები გვექნება. საერთოდ, ყველაზე უარესია, როდესაც კომიკური და სასაცილო ხარ, მით უმეტეს, სასამართლო არ უნდა იყოს ასეთი. ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ჩვენ საითაც ვისწრაფვით, სასამართლო და მოსამართლე არ ექვემდებარება არანაირ წესებს. პარლამენტარი შეიძლება გახდეს დაცინვის, ან კრიტიკის ობიექტი, მაგრამ სასამართლო _ არა, ჩვენთან კი ასე არ ხდება.

 

კონსტანტინე გამსახურდია _ „თავისუფლება“:

_ მოსამართლე არის გამაწონასწორებელი და შემაკავებელი საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის. სასამართლო ხელისუფლება მესამე ხელისუფლებაა და, შესაბამისად, მოსამართლეს ვალდებულება აკისრია, რომ მისი გადაწყვეტილება იყოს სამართლიანი და დამოუკიდებელი. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რა ვალდებულება ეკისრება საზოგადოების წარმომადგენლებს, იმაზეც უნდა ვისაუბროთ, რა ვალდებულება აკისრიათ მოსამართლეებს. მოსამართლეების უფლება ისედაც არის კანონით დაცული და ვფიქრობ, რომ ასეთი კანონის მიღება ჩვეულებრივი ტავტოლოგიაა. ზღუდავს თუ არა, საქმე ასე არ დგას, ამას კანონმდებლობა ისედაც არეგულირებს, რადგან არის ასეთი პარაგრაფი, სადაც დაცულია, მათ შორის, მოსამართლეების პატივი და ღირსება. მოსამართლე ვალდებულია, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მისი გადაწყვეტილება ნამდვილად არის სამართლიანი, ობიექტური და დამოუკიდებელი. სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და არ უნდა ტოვებდეს შთაბეჭდილებას, რომ ის ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალაზეა დამოკიდებული და მართულია. ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე არ უნდა ინიშნებოდეს პარლამენტის, კერძოდ, პარლამენტის უმრავლესობის მიერ. ეს არის თავის თავში ძალიან დიდი ბოროტების შემცველი. ამიტომ დღეს პარლამენტში როდესაც ხმოსნებზე საუბრობენ, პრეზიდენტი ხმოსნებმა კი არ უნდა აირჩიონ, ეს ცალკე თემაა და ახლა არ შევეხები, მაგრამ მოსამართლეს, ქვეყნის მთავარ პროკურორსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს თუ ხმოსნები აირჩევენ, ეს გაცილებით უფრო დემოკრატიული იქნება, ვიდრე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არჩევა.

 

თამაზ მეჭიაური _ „ერთიანი საქართველოსთვის“:

_ შეურაცხყოფა არ შეიძლება არა მხოლოდ მოსამართლეების, არამედ არც პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, სასულიერო პირების, რომელი აღმსარებლობისაც არ უნდა იყვნენ და ა. შ. ჩემი აზრით, უნდა არსებობდეს ერთი სტანდარტი, რომ ყველას უფლებები იყოს დაცული. ის გამყოფი, სად მთავრდება კრიტიკა და სად იწყება ღირსების შელახვა, სტანდარტი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს. მოსამართლე იქნება თუ უმუშევარი, ყველას საკუთარი ღირსება აქვს. დამატებითი რეგულაციების დაწესება სწორად არ მიმაჩნია. ეს უნდა იყოს მოქცეული ერთ კანონში. თუ დაკონკრეტება და გამკაცრებაა საჭირო, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მოსამართლეების ცალკე გამოყოფა სწორად არ მიმაჩნია.

 

თამარ ბატიაშვილი