დროებით ოკუპირებულ რეგიონში რუსები ქართულ ძეგლებს ანადგურებენ

შორენა მარსაგიშვილირუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული კვალი ნელ-ნელა იშლება: უძველესი ქართული ტაძრებიდან ქრება ქართული წარწერები; ნადგურდება უნიკალური ფრესკები. ქართული კვალის წაშლას ხელს უწყობენ რუსი რესტავრატორები. მათ რესტავრირებულ ქართულ ეკლესიებს იერიც კი აღარ შერჩათ ქართული. ამის ნათელი მაგალითია ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.მართალია, რუსეთის საპატრიარქო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ოფიციალურად საქართველოს ნაწილად აღიარებს, მაგრამ ოკუპირებულ რეგიონებში ქართულ ეკლესიას არავინ უშვებს. მეტიც: რუსები ცდილობენ, დაეპატრონონ ქართულ ტაძრებს. წლებია, ისინი ახალი ათონის დასაკუთრებას ცდილობენ. ამან აფხაზებში დიდი აღშფოთება გამოიწვია და იქაური ეკლესია ორად გაიყო.აფხაზეთში ეკლესიებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლების მონახულების საშუალება არ ეძლევათ ქართველ სპეციალისტებს. დაზიანებული ძეგლების ფოტოებს ხშირად აქვეყნებენ რუსი ტურისტები, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში მრავლად ჩადიან.განადგურებული ქართული ძეგლების გადაღება შეძლეს „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აქტივისტებმა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ნინო ბურჭულაძემ, „ქრონიკა+“-თან განაცხადა, რომ აფხაზეთში ქართული ძეგლები უმძიმეს მდგომარეობაშია. ეს ფოტო-ვიდეო მასალიდანაც კარგად ჩანს.ნინო ბურჭულაძე ამბობს, რომ ქართულმა მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს ქართული მემკვიდრეობის გადასარჩენად. ამ მოსაზრებას იზიარებს კულტურის ყოფილი მინისტრი, გურამ ოდიშარია, რომლის თქმითაც, რუსებმა აფხაზეთში ქართული კვალის წაშლა, ჯერ კიდევ, მეფის რუსეთის დროს დაიწყეს.„ერთიანი საქართველოს პირველი მეფის საფლავი განადგურების პირასაა“დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული ძეგლების გადაღება „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აქტივისტებმა  ზაფხულში მოახერხეს. გადაღებები ეტაპობრივად მიმდინარეობდა. ნინო ბურჭულაძე: _ ძალიან დიდი ხანი ვცდილობდით, აფხაზეთში გადაგვეღო ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. რა თქმა უნდა, გააზრებული გვქონდა ის რისკებიც, რომელიც ჩვენს მცდელობას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ამის საშუალება მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ მოგვეცა. გადაღებები მიდიოდა სამ ეტაპად: პირველი იყო გალი და ოჩამჩირის რაიონი, შემდეგ სოხუმი და ბოლოს გაგრა-გუდაუთის ზონა. შემიძლია გითხრათ, რომ წარმოუდგენელია ის მასშტაბები, რომელიც აფხაზეთში ქართული კვალის წაშლის პროცესს აქვს. აფხაზეთში ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა იმდენად მძიმე მდგომაროებაშია, რომ ასე თუ გაგრძელდა, აფხაზეთში ქართული კვალი სამუდამოდ გაქრება. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: რა თქმა უნდა, აუცილებლად დავბრუნდებით ჩვენს მიწაზე, თავიდან ავაშენებთ ქალაქებსა და სოფლებს, მაგრამ თუ ჩვენი  უნიკალური მემკვიდრეობა აღარ იარსებებს, ჩვენი ყველა ძალისხმევა ფუჭი იქნება.სანუგეშოდ გეტყვით, რომ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა გალის რაიონში, სადაც, ძირითადად, ქართველები ცხოვრობენ. ეს უპირველეს ყოვლისა იმ გულანთებული მოსახლეობის დამსახურებაა, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ისედაც მწირი რესურსით ტაძრები გადაარჩინოს. ადგილზე მოგვიყვნენ, რომ ხშირად მთლიანი სოფელი აგროვებს ფულს ძეგლის გადასახურად, დაბზარული კედლების ამოსალესად და ხე-მცენარეებისგან მათ გასათავისუფლებლად. თუმცა ასეთი კეთილშობილური საქმეც ზიანის მომტანია, რადგან ძეგლი თავის ავთენტიკურობას კარგავს, ვინაიდან ასეთ დროს სამუშაოები არ მიმდინარეობს სპეციალისტის ზედამხედველობით; ადგილობრივებსაც შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნიათ. გალის რაიონში ასევე გადავიღეთ ღუმურიშის, ოქუმის, წარჩეს, ჩხორთოლის ეკლესიები. როდესაც ჩვენებმა ოჩამჩირიდან მოქვის საკათედრო ტაძრის  ინტერიერის ფოტო-ვიდეო მასალა გადმომიგზავნეს, არ დაგიმალავთ, შევძრწუნდი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილი იყო ილორის ბედიც, ზოგადადაც გვქონდა წარმოდგენა ძეგლების მდგომარეობაზე, მაგრამ როცა საკუთარი თვალით ხედავ, რა დღეშია ძეგლი, სხვა ემოცია, უბრალოდ, ვერ გექნება. მოქვის ინტერიერის გადაღება კი ნამდვილად გმირობის ტოლფასი იყო, რადგან ტაძარში, როგორც წესი, არავის უშვებენ. X საუკუნის ეს უნიკლაური ძეგლი სავალალო მდგომარეობაშია და მშველელიც არსად ჩანს. ქართული წარწერები, რომლებიც უხვად გვხვდებოდა ძეგლის კედლებზე, აღარსად ჩანს.ბევრად მძიმე მდგომარეობაშია ბედიის ტაძარი რომელსაც ბუნებრივი პროცესების გარდა ახალი მტერი, ე. წ. რესტავრატორები გამოუჩნდნენ.  ტაძარში კედლები ნახევრად გადაღებილია. ხარაჩოების არსებობა მიუთითებს, რომ ე. წ. რესტავრაცია დაწყებულია. თუმცა სინამდვილეში რას ემსახურება ეს „სარესტავრაციო“ სამუშაოები, არავინ იცის. ძეგლის ინტერესებს ნამდვილად არა. ბაგრატის ფრესკის ნაცვლად, რომელსაც წლების განმავლობაში ნელ-ნელა ფხეკდნენ, უხარისხო ფოტოა ჭიკარტით მიმაგრებული. ბაგრატ III-ის საფლავის ქვა ადგილზე აღარ დევს და იქვე, სხვა ჩამოყრილ ქვებთან ერთად აგდია. ცნობილი ქართული წარწერა, სადაც ბაგრატის დედა, დედოფალი გურანდუხტია მოხსენიებული, წაშლილია. წარწერის არარსებობა თითქოს არ უნდა გაგვკვირვებოდა, მაგრამ წარწერაზე ჩანს, რომ „ვიღაცას“ დიდი მონდომებით უმუშავია. აფხაზურ წყაროებს თუ დავუჯერებთ, ილორის შემდეგ სწორედ ბედიის ტაძარს ემუქრებოდა უკვე „გარუსება“. სარესტავრაციო სამუშაოები  რუსულ კომპანია „ტექტონიკს“ უნდა ჩაეტარებინა, რომელიც ქალაქ ვლადიმირში იყო დარეგისტირებული. ქართული კვალის წაშლის მაგალითებს სოხუმის ეროვნულ მუზემშიც გადავაწყდით, რომლის ექსპონატების გადაღებაც  მოვახერხეთ. მუზეუმში დაცულ ექსპონატებს ტრადიციულად შესაბამისი ინფორმაცია მოსდევს, გამონაკლისი მხოლოდ ქართული ექსპონატებია, რომელთაც არ გააჩნიათ ინფორმაცია. ასე მაგალითად, თამარის, დემეტრეს, ბაგრატ მესამის ფრესკების რეპროდუქციის ქვეშ ვერსად წაიკითხავთ, ვინ არიან გამოსახულნი. ინფორმაცია არ აქვს წებელდის კანკელის არტეფაქტსაც და ასეთი ბევრია. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.არ შემიძლია არ შევეხო ბესლეთის ბაგრატის ციხეს და X საუკუნის თამარის ხიდს. ეს უკანასკნელი ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. თამარის ხიდსა და ბაგრატის ციხეს დღეს ხე-მცენარეები ჭამენ უკვე პირდაპირი მნიშვნელობით. ბაგარატის ციხე, რომელიც შუა საუკუნეებში სოხუმის ციტადელს წარმოადგენდა, ამჟამად აღარც ჩანს, დაწყებულია ასევე ქვის ცვენაც. თამარის ხიდის ქვეშ აღარ იკითხება ქართული წარწერა, სადაც ბაგრატია მოხსენიებული.საფრთხე ემუქრება ბიჭვინთის საკათედრო ტაძრის უნიკალურ ფრესკებსაც. მოგეხსენებათ, ტაძარში, ჯერ კიდევ, გასულ საუკუნეში საკონცერტო დარბაზი მოეწყო. დღეს იქ მუდმივად ხმის  გამაძლიერებლების გამოყენებით ჩართულია მუსიკა, რაც ბგერის დეციბალის არასათანადო რეგულირების გამო საფრთხეს უქმნის ტაძარში ალაგ-ალაგ შემორჩენილ ქართული კედლის მხატვრობას.სოფელ ლიხნში არის შარვაშიძის სასახლე, მას ჩაჩბას სასახლედ მოიხსენიებენ. ჩვენ შევესწარით, როგორ უყვებოდა ამის შესახებ გიდი მრავალრიცხოვან ტურისტთა ჯგუფს. ასევე სასახლის შესასვლელშიც არის გაკრული შესაბამისი დაფა.მართლა ძალიან დიდი რისკის ფასად მოვახერხეთ ძეგლების გადაღება. არ მინდა, იფიქროთ, რომ იქ ვინმე გაშლილი ხელით გველოდა ან სათანადო აპარატურით შეიარაღებულები დავდიოდით. რა თქმა უნდა, არა.  და რა იყო ჩვენი მიზანი? _ გვინდოდა, რომ საზოგადოების, მედიისა და სპეციალისტების ყურადღება მიგვეპყრო და კიდევ ერთხელ გვეთქვა, რომ აფხაზეთში ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას გადარჩენა სჭირდება. თუ გადარჩენას ვერ შევძლებთ, იქნებ, ეს პროცესი ოდნავ შევანელოთ მაინც. ამისთვის ყველა გზა უნდა გამოვიყენოთ, პირველ რიგში, ის ძაფები, რომლებიც ომიდან 30 წლის შემდეგაც არ გაწყვეტილა გარკვეულ ჯგუფებს შორის, აკადემიურ წრეებს შორის. ამის პრეცედენტები გვაქვს. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეაში სამეფო სამარხების, ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლების, შესწავლას სამხრეთ კორეა აფინანსებდა სხვადასხვა ორგანიზაციის ქოლგით, რადგან ის ამ ორი ქვეყნის საერთო  ისტორიის ნაწილია.აფხაზეთში ქართული ძეგლების სავალალო მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, მათ შორის, „იუნესკოსა“ და „ლურჯი ფარის საერთაშორისო წარმომადგენლოებასაც“ შესაბამისი რეაგირებისთვის და ჰააგის კონვენციის შესაბამისი მუხლის ამოქმედება მოვითხოვეთ, რომელიც ომის პირობებში კულტურული მემკვიდროების დაცვას ეხება. სამწუხაროდ, პასუხები დიდად დამაიმედებელი ნამდვილად არ იყოშარშან შემოდგომით „ეუთოს“ ასამბლეაზე ქართუომა მხარემ ცალკე საკითხად დააყენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკიდრეობის მდგომაროების შესწავლის საკითხი, რაც ერთგვარი შედეგი იყო ჩვენი ამ პროექტის.ჩვენ თუ მთლიანად აფხაზეთს ვერ მოვიცავათ, იქნებ გალის რაიონის მოსახლეობას მაინც მივაწოდოთ ინფორმაცია შესაბამისი სპეცილიალისტების ჩართულობით, როგორ უნდა გადარჩეს ესა თუ ის ძეგლი ავთენტიკურობის დაურღვევლად. ეს ბევრად მარტივი პროცესი და ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება იმ საქმეში. მონდომება და კეთილი ნებაა საჭირო მხოლოდ.

„რუსები რომ არა, აფხაზებთან საერთო ენას გამოვნახავდით“დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ისტორიული ძგლები და ეკლესიები რომ მძიმე დღეშია, ამაზე საუბრობს მწერალი, კულტურის ექსმინისტრი, გურამ ოდიშარიაც. მისი თქმით, რუსეთი რომ არ ყოფილიყო, აფხაზებთან საერთო ენა გამოინახებოდა და ძეგლების რესტავრაციის პროცესიც დაიწყებოდა, რომელიც რთული იქნებოდა, მაგრამ არა შეუძლებელი.გურამ ოდიშარიას თქმით, აფხაზეთში ნელ-ნელა იშლება ქართული კვალი და ამას რუსები აკეთებენ. ყოფილი მინისტრის განცხადებით, რუსები აფხაზეთში ქართული კვალის წაშლას მრავალი წელია, ცდილობენ: „აფხაზეთში მძიმე მდგომარეობაშია კულტურული მემკვიდრეობა. რთულ მდგომარეობაშია სალოცავები, ეკლესიები, სადაც ქართველები და აფხაზები ერთად ვლოცულობდით. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც ძალიან ბევრი ისტორიული ძეგლია. ვსაუბრობ შესწავლილ ძეგლებზე. მინისტრობის დროს ბალტიისპირეთის ერთ-ერთ რესპუბლიკაში ვიყავი. იქ მითხრეს, რომ ჩვენ, სულ რაღაც, 200 ისტორიული ძეგლი გვაქვსო… მაშინ, როცა ჩვენ ათასობით ძეგლი გვაქვს. ამ ძეგლების მოვლას ეკონომიკური სიძლიერე სჭირდება. განსაკუთრებით ომის შემდეგ. ომი ძალიან აზარალებს ისტორიულ ძეგლებს. ომის დროს აფხაზეთში ხის ეკლესიები დაიწვა და დაინგრა. ომი ბარბაროსობაა და ამიტომ ყოველთვის ვუჭერდი მხარს მშვიდობას“, _ აღნიშნავს გურამ ოდიშარია „ქრონიკა+“-თან.ყოფილი მინისტრის განმარტებით, ყველაზე მეტი ისტორიული ძეგლი და ეკლესია ოჩამჩირის რაიონშია. ყველასთვის კარგად ნაცნობ და ძვირფას ტაძრებში ქართული კვალი წაშლილია.„ყველაზე მეტი ძეგლი არის ოჩამჩირის რაიონში. მარტო ოლორი და ბედია რად ღირს. ყველა ამ ძეგლს საოცარი ისტორია აქვს. აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის რუსიფიკაცია დიდი ხნის წინ დაიწყო. ლიხნში არის პატარა ეკლესია, რომლის კედლები რუსებმა რამდენჯერმე გადაათეთრეს და ყველაფერი წაშალეს. ამ ტაძრის კედელზე იყო წარწერა ჰალიის კომეტაზე. ეს კომეტა ყოველ 69 წელიწადში ერთხელ უახლოვდება ჩვენს პლანეტას. აფხაზეთში ეს მოვლენა მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეში დააფიქსირეს. ჩვენს პლანეტასთან მისი მოახლოების ამბავი ქართულად დაწერეს. ეს იყო ისტორიული მნიშვნელობის წარწერა. ეს მოვლენა მხოლოდ სამგან იყო ასახული. ამის შესახებ დაწერეს ჩინელებმა და კომეტა ამოქარგა ნიდერლანდების სამეფიოს დედოფალმა. ლიხნში ისტორიული წარწერა წაშლილია. ეს მე-19 საუკუნეში, ცარიზმის დროს მოხდა. მაშინ დაიწყო აფხაზეთში ძეგლების რუსიფიკაცია“, _ აცხადებს კულტურის ყოფილი მინისტრი.ოდიშარიას თქმითვე, აფხაზეთში ძეგლების რუსიფიკაციის პროცესი ახლაც გრძლდება. ამის მაგალითად მოჰყავს ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის რესტავრაცია, რომლის შემდეგაც ქართულმა ტაძარმა ქართული იერი სულ დაკარგა. ოდიშარია წუხს ქართველი მხატვრების ნახატების განადგურებაზეც. ეს ნახატები სოხუმის ეროვნულ გალერეასთან ერთად დაიწვა. იმ გალერეაში დაიწვა აფხაზი მხატვრების ნამუშევრებიც. სამაგიეროდ, აფხაზი მხატვრების ნამუშევრები შემოინახა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულმა გალერეებმა. კულტურის ყოფილი მინისტრი იმედოვნებს, რომ აფხაზებთან ყველაფერი მოგვარდება, ისევ ერთად ვიქნებით და აფხაზი მხატვრების ნამუშევრებს უკვე აქედან ჩავიტანთ სოხუმში. მანამდე იქ ქართული ძეგლები უნდა გადარჩეს. ოდიშარიას თქმით, ამის რესურსი ჯერ კიდევ არსებობს და ამის გაკეთება სახალხო დიპლომატიის გზით შეიძლება.გურამ ოდიშარია:_ რუსები აფხაზეთში ქართული კვალის წაშლას აგრძელებენ. ოჩამჩირეში, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარეს რუსმა სპეციალისტებმა. რუსებმა რესტავრაცია ჩაატარეს თავიანთი ხელწერით და მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ დაემსგავსებინათ რუსული არქიტექტურისთვის. იქ ყველაფერი ახლა რუსულ ყაიდაზეა. ტაძარს დაამაგრეს კონდიციონერები, რაც ტაძრის იერსახეს ამახინჯებს. ისტორიული ძეგლისა და ტაძრის აღგენა არ არის ადვილი საქმე. ის ძალიან მაღალი დონის სპეციალისტებმა უნდა გააკეთონ. რესტავრაციამდე უნდა შეისწავლონ ძეგლი, შემდეგ უნდა შედგეს პროექტი და მერე დაიწყოს სამუშაოები. საბედნიეროდ, საქართველოში არიან მაღალი დონის სპეციალისტები. მთავარია, ნება იყოს, თორემ უცხოეთიდანაც მოვიწვევდით სპეციალისტებს და დავიწყებდით აფხაზეთში ქართული ძეგლების აღდგენას.სახალხო დიპლომატიას შეუძლია გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც პოლიტიკას უჭირს. ოფიციალურ პოლიტიკას კი ისეთი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია, რაც სახალხოს არ ძალუძს. პოლიტიკოსები სანამ რამეს გადაწყვეტენ, მანამდე სახალხო დიპლომატია ბევრს აკეთებს. ჯერ კიდევ 1997 წლიდან, სახალხო დიპლომატიის ეგიდით, ხშირად ვხვდებოდი ჩემს თანამემამულე აფხაზებს. იქ დაბადებული კაცი ვარ და აფხაზები თანამემამულეებად მიმაჩნია. ერთობლივი წიგნები და კალენდრები გამოვეცით. ერთობლივი გამოფენებიც კი გვქონდა. 2005-2006 წლებში დავიწყეთ საუბარი, რომ ერთობლივი ძალებით აღგვედგინა ის ძეგლები, რომლებიც შველას ითხოვდნენ. პოლიტიკა ცვალებადია. ისტორიაში რაღაც მეორდება, არის ომი, დაპირისპირება, მერე დგება მშვიდობის პერიოდი. სანამ ერთიანობისა და მშვიდობის ხანა დადგება, ეს ძეგლები უნდა გადავარჩინოთ. აფხაზებთან ვისაუბრეთ, რომ ძეგლების აღდგენაზე ერთად იმუშაონ ქრთველმა, აფხაზმა და ევროპელმა სპეციალისტებმა. იუსნესკოს ჩართვა ამ პროცესში მართალია რთულია, მაგრამ არ არის წარმოუდგენელი. თანხმობა ამაზე არ მიგვიღია. ძეგლების აღდგენა იმ აფხაზებსაც სურთ, რომლებსაც ვესუბრებოდით, მაგრამ აქ პოლიტიკური ნება უნდა იყოს. ეს ნება არ არის.ორი წელი ვიყავი კულტურისა და ძეგლთა დაცვის ინისტრი და ჩვენ ვიცავდით ნებისმიერ ძეგლს. მნიშვნელობა არ ჰქონდა, იყო ეს მართლმადიდებლური ტაძარი, კათოლიკური თუ გრიგორიანული. ვიცავდით მეჩეთებსა და სინაგოგასაც. ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ძეგლი დანგრევისგან გადაგვერჩინა. ზოგიერთ ტაძარს აფხაზეთში ჯერ კიდევ აქვს თაღი შენარჩუნებული. თაღი რომ ჩამოიქცეს და ჩამოინგრეს, მისი აღდგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება. ასეთ შემთხვევაში ამ ძეგლს დაკარგავს არა მარტო ქართველი კაცი, არამედ აფხაზიც და მთელი მსოფლიოც. იქ მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლებია. ამიტომ არსებობს იუნესკო, რომ ასეთი ძეგლები გადაარჩინოს. ერთობლივად როგორმე უნდა გავაკეთოთ ეს საქმე. პოლიტიკოსებს უნდა ვთხოვოთ, რომ ნება გამოიჩინონ. ეს ყველას ვალია. ჩვენ თუ ისინი ვერ გადავარჩინეთ, პასუხს მოგვთხოვს მომავალი თაობა. ეს არის წმინდა თემა. ახლა ომია. ისიც ომია, როცა ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით და ამის გამო უნიკალური ეკლესიები ნადგურდება.ქართული ლიტერატურული ძეგლები მანამდეც არ იყო აფხაზეთში ბლომად. მოქვის სახარება იყო. ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ბედიის ბარძიმიც აქეთ არის. აფხაზებმა რამდენჯერმე მოითხოვეს ამ ბარძიმის გადაცემა. არ ვიცი, დაბრუნდება თუ არა ეს ბარძიმი აფხაზეთში, მაგრამ როდესაც დადგება დრო, რომ ჩვენ ერთმანეთს გავუგებთ, ერთმანეთის გასაჭირს გავითვალისწინებთ, ბედიის ბარძიმი დიდ როლს შეასრულებს. ლიტერატურული ძეგლებისგან განსხვავებით ქართველი მხატვრების ნახატები ბლომად იყო აფხაზეთში. ეს ნახატები შეგნებულად არავის გაუნადგურებია. ცოტა ხნის წინ აფხაზეთში ეროვნული გალერეა დაიწვა, სადაც ქართველი მხატვრების ნახატებიც განადგურდა.ამ გალერეაში იყო სოხუმელი კაცის, ვალერი არქანიას ნამუშევრები. მარინისტი _ ზღვის მხატვარი იყო ეს ადამიანი. ძალიან მნიშვნელოვანი და ლამაზი ნახატები იყო. ეს ნამუშევრები აღარ არის. გალერეაში იყო ნიკოლოზ თაბუკაშვილის ნამუშევრები. თაბუკაშვილი თბილისელი კაცი გახლდათ. მან აფხაზეთში ბევრი სიკეთე დათესა. მან შექმნა სამხატვრო სკოლა და აფხაზეთში პირველი სამხატვრო სასწავლებელი. მას აფხაზი მხატვრები ძალიან კარგად იხსენებენ და ამიტომაც იყო, რომ მისი ტილოები იმ გალერეაში ჰქონდათ გამოფენილი. თაბუკაშვილის ყველა ნამუშვარი დაიწვა.ძალიან კარგი მხატვარი იყო ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბა, რომელიც დიდხანს ცხოვრობდა პარიზში და იქვე გარდაიცვალა. ის მეგობრობდა მერი შერვაშიძესთან. საუცხოო პიროვნება იყო და შესანიშნავი ნახატები ჰქონდა. ძალიან დამწყდა გული მის ერთ ნახატზე, მერი შერვაშიძის პორტრეტზე. გენიალური ნამუშვარი იყო, ულამაზესი ქალბატონი ძალიან კარგად იყო დახატული. ეს ტილოც დაიწვა. შერვაშიძე-ჩაჩბას ნახატები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ მუზეუმებშია შემორჩენილი, დაახლოებით, 300 ნამუშვარი. მთავარია, აფხაზებთან მოვილაპარაკოთ. კარგი გალერეა თუ იქნება, შეიძლება გადავცეთ. კულტურა და ხელოვნება არის ძლიერი საშუალება, რომელიც დაეხმარება ადამიანებს დიალოგის წარმართვაში. ერთობლივი წიგნები რომ გამოვეცით, ევროპაში თქვეს, რომ ეს ლიტერატურული ხიდებია ქართველებსა და აფხაზებს შორისო. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენაზეც იყო ჩვენ შორის საუბარი, მაგრამ ეს არ გამოგვივიდა. არ იქნება ცუდი, თუ ჩვენი საუბრები გაგრძელდება. და თუ შევძლებთ ამ ძეგლების გადასარჩენად ერთობლივად მუშაობას, ეს იქნება ჩვენ შორის კულტურული ხიდი.  აფხაზებთან სახალხო დიპლომატიის ეგიდით 1997 წლიდან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ეს მოლაპარაკებები 2008 წლის ომის შემდეგ შეწყდა, მაგრამ მერე ისევ განახლდა. დიალოგი უნდა გაგრძელდეს. აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობა უნდა გადავარჩინოთ.