დიმიტრი შაშკინი: „მოვა დრო და ალასანიას დაუსვამენ შეკითხვას, რატომ ჩაშალა აშშ-სთან მოლაპარაკება?.. “

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, „ქრონიკა+“-თან ინტერვიუში ამბობს, რომ 26 მაისი ქვეყნის ღირსების, მისი იდეოლოგიის ზეიმის დღეა და ამ დღის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს სამხედრო აღლუმიც, რომელიც უკვე მეხუთე წელია, არ ტარდება.

_ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რამაც ჩვენს ქვეყანაში თავი იჩინა, არის სახელმწიფო იდეოლოგიის არარსებობა და უგულებელყოფა. სახელმწიფო იდეოლოგია არის ის აუცილებელი რამ, რაც ყველა თავმოყვარე ქვეყანას აქვს: იქნება ეს აშშ, ისრაელი თუ სხვები.

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, როცა სახელმწიფო იდეოლოგია განზეა ჩაჩოჩებული. ანუ სახელმწიფო იდეოლოგია არის თავისთვის, მივიწყებული, მთავრობა არის თავისთვის და ხალხი არის თავისთვის… სახელმწიფო ინტერესები არის შელახული.

იმის მიუხედავად, ვის მოსწონდა ან არ მოსწონდა სააკაშვილის ხელისუფლება, ფაქტია, რომ მაშინ სახელმწიფოს ჰქონდა იდეოლოგია და ეს ხალხს კარგად ესმოდა: ვისთვისაც უნდა გეკითხა, ყველამ იცოდა, საით მიდიოდა ქვეყანა, როგორ ვითარდებოდა, რა იყო პრიორიტეტები.

ახლა ამ მთავრობას რა უნდა, რა სახელმწიფოს ვაშენებთ, ბოლოს და ბოლოს, მემარჯვენეები ვართ თუ მემარცხენეები, ამაზეც კი პასუხს ვერავინ მოგცემთ…

ჩემი სუბიექტური აზრით: ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ მივიღეთ, რაღაც, „თბილისობის“ მსგავსი ზეიმი.

ჩემი აზრით, 26 მაისი, პირველ რიგში, არის სახელმწიფო იდეოლოგიის ზეიმი. ეს არის, პირველ რიგში, ურთიერთობა შეიარაღებულ ძალებსა და საზოგადოებას შორის და ეს არის ქვეყნის ბრწყინვალების დღე, იმიტომ რომ ქვეყანა არის დამოუკიდებელი და ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის ღირსების დღე. ოღონდ ხუთი წელია, რაც თბილისობისმაგვარი ზეიმი მივიღეთ იმ განსხვავებით, რომ რუსთაველზე მწვადს არ წვავენ… მაგრამ შეიძლება ერთი წელი გავიდეს და მწვადიც შეწვან…

ბევრი საუბარი იყო, უნდა ტარდებოდეს თუ არა აღლუმი, ბევრი დილეტანტი კამათობს მთავრობის მხრიდან და ცდილობს ახსნას, რატომ არ უნდა იყოს აღლუმი. ნებისმიერი ადამიანი, ვინც პოლიტოლოგიაში ერკვევა, გეტყვით, რომ ისეთი სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა, აღლუმი მნიშვნელოვან და დიდ როლს თამაშობს, პირველ რიგში, ჯარისთვის, იმიტომ რომ ჩვენი შეირაღებული ძალები ძალიან ახალგაზრდაა, აქ სამხედრო დინასტიები, რეალურად, არ არსებობს, ან ჩანასახშია და ეს დღე, როდესაც ტარდება აღლუმი, ჯარისთვის მნიშვნელოვანია, რათა თავისი ბრწყინვალება აჩვენოს და კონტაქტი ჰქონდეს საზოგადოებასთან.

შეიარაღებულ ძალებს საზოგადოებასთან ყოველდღიური კონტაქტი ვერ ექნება და არც უნდა ჰქონდეს, მაგრამ აღლუმი არის ის დღე, როდესაც ჯარს შეუძლია, საზოგადოების წინაშე მთელი თავისი ბრწყინვალებითა და ღირსებით წარდგეს.

ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ ან დიდი ბრიტანეთი, აღლუმი დიდ როლს ვერ თამაშობს, რადგან იქ უკვე არის ინსტიტუციურად ჩამოყალიბებული შეიარაღებული ჯარები, დინასტიები, იქ სხვა ურთიერთობაა საზოგადოებასა და ჯარს შორის, ჩვენთან კი ჯარი ძალიან ახალგაზრდაა და აღლუმი, პირველ რიგში, თვითონ მას სჭირდება.

ნებისმიერ სამხედრო პირს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, აღლუმი რამდენად მნიშვნელოვანია. რაც მთავრობამ გააკეთა, რომ  რამდენიმე ერთეული ტექნიკა გამოიყვანა და ერთი ასეული ჯარი, ბუნებრივია, ეს ვერ ჩაითვლება საზოგადოებასა და ჯარს შორის ურთიერთობად.

_ ქართული სამხედრო წარმოების ნიმუშებიც კარგად გამოიფინა, როგორც წინა წლებში, არადა, გვახსოვს, ივანიშვილის 2011-12 წლების წინასაარჩევნო რიტორიკის კვალდაკვალ, მერე ხელისუფლებამაც აითვალწუნა ქართული სამხედრო წარმოება…

_ დიახ, რა თქმა უნდა: არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ამ მთავრობას ჩვენი სამხედრო წარმოება არ მოსწონს. ამას არ მალავდა არც ბიძინა ივანიშვილი, ამას არ მალავდნენ არც თავდაცვის მინისტრები, მაგალითად, თინა ხიდაშელი.

ამ მთავრობის ერთიანი პოზიციაა, რომ არ მოსწონთ ჩვენი სამხედრო წარმოება. ამაში არიან ერთიანები. არგუმენტად როცა მოჰყავთ, რომ კილომეტრებზე გაჭიმული საწარმოები არ გვაქვს, ვურჩევ წაიკითხონ თანამედროვე ეკონომიკის სახელმძღვანელოები, რადგან 21-ე საუკუნეში საწარმო ვერ იქნება ვერტიკალური, იქმნება ჰორიზონტალური საწარმოები.

ვერტიკალური საწარმო ეს იყო მანუფაქტურა, როდესაც ერთ ადგილას კეთდებოდა დიზაინიც, იკერებოდა შარვალიც და ღილსაც იქვე აკეთებდნენ. ეს იყო ტიპური მეცხრამეტე საუკუნის მანუფაქტურა, 21-ე საუკუკუნეში კი საწარმოები არის ჰორიზონტალური, რაც ნიშნავს, რომ ერთი ნაწილი კეთდება ჩინეთში, მეორე ნაწილი _ საფრანგეთში, მესამე _ ავსტრალიაში…

ნებისმიერი ეკონომისტი ამას დაადასტურებს, ამიტომ მთავრობის ეს განცხადება არგუმენტი არ არის. ფაქტია, საკაშვილმა ნულიდან შექმნა სამხედრო წარმოება. ის, რომ ამ მთავრობას სააკაშვილი არ მოსწონს, არავის აძლევს უფლებას, დააკნინოს ჩვენი შესაძლებლობები და ის წარმატებები, რომელსაც სამხედრო წარმოებამ მიაღწია.

სამწუხაროდ, პოლიტიკური ზიზღი სააკაშვილის მიმართ ამ მთავრობამ ამ წარმოებაზე გადაიტანა და როგორი კარგიც არ უნდა იყოს, ის არ უნდათ. არ იღებენ და ვერ იღებენ კარგ შედეგს, მათ არ შეუძლიათ კარგზე თქვან, რომ კარგია და ეს ცუდია ქვეყნისთვისაც და ამ ხალხისთვისაც…

_ წელს სამხედრო ავიაციის არგამოყენებაზეც იყო საუბარი, აღლუმი არა, მაგრამ ვერტმფრენების გადაფრენას ყველა ელოდა, თითქოს, საქართველოს სახელმწიფო დროშის გაშლით… რა ხდება სამხედრო ავიაციაში?

_ სამწუხაროდ, აქ ბევრად უფრო რთული პრობლემაა. 2013 წელს შეიარაღებულ ძალებში კანიბალიზმი დაიწყო. კანიბალიზმს სამხედრო  მფრინავები ეძახიან პროცესს, როდესაც ერთ ვერტმფრენს შლიან იმისთვის, რომ გააკეთონ ორი სხვა ვერტმფრენი.

მფრინავი არის შეიარაღებული ძალების ელიტა. ნებისმიერი მფრინავისთვის ეს კანიბალიზმი მიუღებელია.

პირველი „იროკეზი“ 2013 წელს დაშალეს იმისთვის, რომ ორი „იროკეზი“ გაეკეთებინათ, გავიდა კიდევ რამდენიმე წელი და უნდა ვაღიაროთ, რომ კანიბალიზმის პრობლემა დამძიმდა. ამ წუთისთვის კი ვერტმფრენების პარკი, რომელიც მზად იქნება შეასრულოს სამხედრო დავალება არა მარტო აღლუმზე, პრაქტიკულად, არ არსებობს.

2012 წელს აშშ-ში ვიყავი. კონგრესის მაშინდელი კომიტეტის თავმჯდომარეებთან დალაგებული იყო საკითხი ობამა-სააკაშვილის შეთანხმების საფუძველზე, რომ ამერიკა გვაძლევდა ვერტმფრენებს კონკრეტულად: „სი-ჰოუქებსა“ და „ჩინუკებს“.

თუ „სი-ჰოუქი“ არის შედარებით პატარა ვერტმფრენი, „ჩინუკი“ არის დიდი ვერტმფრენი, სატვირთო, რომლითაც შესაძლებელი იყო ჩვენი შეიარაღებული ნაწილები გადაგვესროლა ერთი წერტილიდან მეორეში და ჩვენი რელიეფიდან გამომდინარე, ეს იყო უმნიშვნელოვანესი ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის! ალასანიამ კი მოლაპარაკებები იმიტომ ჩაშალა, რომ ეს იყო სააკაშვილის მიღწეული შეთანხმება.

შედეგად, ვერ მივიღეთ ის სუპერკობრები, რომლებსაც ნაწილობრივ შეეძლოთ შეესრულებინათ ეს დავალებები. რაც გვყავდა, გაუგებარ კერძო კომპანიებს გადასცეს და დღეს ჩვენს სამხედრო ძალებს ვერტმფრენების რესურსი არ გააჩნია, იმიტომ რომ კანიბალიზმით არიან დაკავებული. ეს არის ძალიან მძიმე ნებისმიერი მფრინავისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც თავდაცვაზე ფიქრობს.

_ რით ხსნის თავდაცვა ამ კანიბალიზმს?.. რა ახსნა აქვს ან მთავრობის, ან თავად თავდაცვის სამინისტროს ქვედა რგოლების წინაშე?

_ ამ საკითხებში ძალიან ღრმად ჩახედვა არ არის საჭირო იმისთვის, რომ დაინახო, მოტივაციასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები გვაქვს.

სამხედროებს რა უნდა ვთხოვოთ, როდესაც იმ მებრძოლების ნაწილი, ვინც 2008 წელს ომობდა, დაჭერილია, ნაწილი ქვეყნიდან წასულია და სხვა ქვეყანაში ომობს, სადაც საქართველოს ინტერესებს კი იცავს, მაგრამ ამ ქვეყნიდან იძულებითაა წასული…

გახსოვთ, გენშტაბის უფროსი ტუალეტთან დაიჭირა ალასანიამ და ამის მერე მე, მაგალითად, არც ველოდები, რომ გენშტაბში ვინმე დაიწყებს იმაზე ფიქრს, რომ რაღაც წინააღმდეგობა გაუწიოს სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს _ და ეს ნამდვილად სამოქალაქო ოფისია, რადგან იქ პოლიტიკოსები სხედან.

თავდაცვის სამინისტრომ უწყებაში და გენშტაბში მოიყვნა ხალხი, რომელიც დღე და ღამე აგინებდა ჩვენს შეიარაღებულ ძალებს 2008 წლისთვის…

_ გამოსავალი რა არის, ბატონო დიმიტრი? ხელისუფლების შეუცვლელად არის რაიმე უკეთესობა მოსალოდნელი?

_ როცა ჯარი იქმნება და კონკრეტული მიზნისთვის ვითარდება, შეირაღებული ძალების განვითარება სახელმწიფოს მიზანზეა დამოკიდებული. მაგალითად, აშშ-ს მთავრი ძალა არის ავიამზიდი და დამრტყმელი ჯგუფები, რუსი ექსპერტებიც აღიარებენ, რომ ამ ჯგუფის გაჩერების საშუალება არ გააჩნიათ. და ეს მაშინ, როცა ამერიკა არ ელოდება არანაირ თავდასხმას მეზობლებისგან _ არც კანადისგან, არც მექსიკისგან…

საქართველოსთვის კი მთავარი სამხედრო საფრთხე არის რუსეთი. ჩვენი შეირაღებული ძალები და იდეა მისი განვითარებისა არის იმისთვის, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გააჩეროს რუსული ჯარი, რათა საერთასორისო საზოგადოებამ მოასწროს რეაგირება და პლუს ამას, რუსეთმა იცოდეს, რომ ძალიან დიდ ზარალს მიიღებს. ეს მთავრობა კი ამბობს, _ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დავალაგოო, თან ხუთი წელია, ალაგებს და გარდა იმისა, რომ „პროპორშიკების“ დონეზე გვართმევენ მიწებს, გადმოდიან, კლავენ და იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს, ვერაფერი ვნახე დალაგებული…

მარგინალები ამბობენ, ვის, რუსეთს უნდა ვეომოთო? ამაზე პასუხი მარტივია: შენ თუ არ გინდა, შეინახო და კვებო საკუთარი შეიარაღებული ძალები, მაშინ მზად უნდა იყო, რომ აჭამო და მოუარო სხვა ქვეყნის ჯარს. ეს მსოფლიო აქსიომაა.

ბუნებრივია, რომ ჩვენს შეიარარებულ ძალებს არ აქვს საშუალება, აიღოს მოსკოვი, ან დაიპყროს რუსეთი, მაგრამ ამისთვის არც გვჭირდება ჩვენ ჯარი. ის გვჭირდება საკუთარი ტერიტორიის დასაცავად და მინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წელს ჩვენმა ჯარმა რამდენიმე დღის განმავლობაში გააჩერა ბევრად მასზე აღმატებული ცოცხალი ძლა რუსეთის ფედერაციიდან. თავად რუსებიც აღიარებენ, რომ ყველა რესურსი, რაც მათ მაშინ ჰქონდათ, საქართველოში გადმოისროლეს და დეპუტატები დუმაში ამბობდნენ, რომ ესტონეთს რომ გამოეცხადებინა რუსეთისთვის ომი, მოსკოვს და პეტერბურგს აიღებდა, იმიტომ რომ ყველანაირი შეიარაღებული ძალები საქართველოში იყოო.

მიუხედავად ამისა, ჩვენმა ჯარმა გააჩერა ეს ძალა. ჩვენი ჯარის ამოცანაა, რომ რუსეთმა იცოდეს, _ რაც მას უნდა, იმას აქ ვერ გააკეთებს.

რუსეთის გენშტაბის მთავარი თავის ტკივილი მსხვერპლის დათვლაა. როდესაც სამხედრო ოპერაციას იწყებენ, რუსეთს პანიკურად ეშინია მსხვერპლის და ეს ხდება ასე ავღანეთის შემდეგ, იმიტომ რომ მათი პროპაგანდა კი მუშაობს და ხალხზე კი ზემოქმედებს, მაგრამ „ცინკის“ კუბო „ცინკის კუბოა“ და ამას ვერანაირი პროპაგანდა ვერ შეცვლის. „ცინკის“ კუბოები, რომლებიც იგზავნება რუსეთის სოფლებში, ხალხს რეალობაში აბრუნებს წამიერად. ამიტომ რუს სამხედროებს ძალიან ეშინიათ „ცინკის“ კუბოების.

ნახეთ, რა გააკეთეს დონბასში: ისტორიაში პირველად რუსებმა დააყენეს მობილური კრემატორიუმები და გვამებს იმისთვის წვავენ, რომ რუსეთის ქალაქებში ან სოფლებში კუბო არ დაბრუნდეს.

წარმოგიდგენიათ?! საკუთარ ჯარისკაცებს წვავენ დონბასში, რომ მსხვერპლი დამალონ იქ, სადაც ღიად ომობდნენ. 2008 წელს რუსეთის სამხედრო ძალის დანაკარგი იყო იდენტური საქართველოს შეიარაღებული ძალების დანაკარგისა და ეს იმ პირობებში, როდესაც ჰაერში სრული დომინირება ჰქონდათ…

ჩვენი მსხვერპლის დიდი ნაწილი თუ საავიაციო დარტყმებით იყო განპირობებული, ყველა ბრძოლა, სადაც ჩვენი ჯარი ცოცხალ ძალას შეეხო, ჩვენ მოვიგეთ…

გახსოვთ, დუნდულებშიც დავჭერით ამათი გენერალი ხრულოვი, რომელიც გაიქცა. ერთადერთი, ჰაერში მათი დომინირების გამო ვერ მოვახერხეთ ვერაფერი, თუმცა ჩამოვაგდეთ კიდეც…

ზუსტად მაგიტომ, სააკაშვილმა რაც სთხოვა ობამას, ეს იყო საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელსაც ამერიკელები გვაძლევდნენ. სექტემბერში ჩამოვიდნენ ინჟინრები, რომლებიც უკვე ხაზავდნენ, სად უნდა დამდგარიყო ეს სიტემები და ვიმეორებ, ეს ალასანიამ ჩაშალა მთავრობის დავალებით, შემოიტანეს ფრანგული რადარები, რაც ძალიან კარგია და მაგარია, მაგრამ ნახეთ, რა განსხვავებაა: ამ რადარების მეშვეობით, თუ საქართველოს საჰაერო სივრცეს რუსეთის თვითმფრინავი დაარღვევს, უბრალოდ, გვეცოდინება, რომ შემოფრინდა…

მაგრამ მე ის კი არ მაინტერესებს, შემოფრინდა თუ არა, მე მაინტერესებს, როგორ ჩამოვაგდო ეს საფრენი აპარატი და რით ჩამოვაგდო, ეს კი ჩვენ არ გვაქვს…

თუ შენ გული არ გტკივა შენს სამშობლოზე, თუ თავად არ ფიქრობ ამაზე, სხვა ქვეყანა რომის პაპზე დიდი კათოლიკე ვერ იქნება და არავინ არაფერს შემოგტენის…

თუ შენ ნაჩუქარი ვერტმფრენები და ანტისაჰაერო სისტემები ვერ წამოიღე და ვერ შეირგე, ამერიკელებმა რატომ უნდა იდარდონ ამაზე?..

უამრავი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება, პატარა ქვეყანამ გაუძლოს დიდ მტერ ქვეყანას, მაგალითად, ისრაელი, როგორც სახელმწიფო, ბევრად რთულ ვითარებაში შეიქმნა, ვიდრე საქართველო და ის შედგა, როგორც სახელმწიფო.

შეხედეთ კორეას: ჩრდილოეთ კორეის არტილერიას შეუძლია ნებისმიერ მომენტში დაბომბოს სეული, თან სრულიად არაადეკვატური ლიდერი ჰყავს ჩრდილო კორეას. ამიტომ სამხრეთ კორეამ უარი უნდა თქვას შეიარაღებულ ძალებზე და მის განვითარებაზე? უნდა თქვას, რომ მოდი, დავნებდეთ?

თეორიაში ყველაფერი შესაძლებელია, პუტინს შეუძლია გაგიჟდეს და ავსტრალიას ატომური იარაღი ესროლოს, მაგრამ ასეთი რამ არ ხდება იმიტომ, რომ გეოპოლიტიკაში ყველაფერს თავისი ფასი აქვს.

და ჩვენ როცა 2012 წლამდე ვქმნიდით შეირაღებული ძალებს, ჩვენი მიზანი იყო, რომ პუტინს ესმოდეს _ ფასი, რომელსაც ის გადაიხდის, თუკი შეიჭრება საქართველოში, იქნება ძალიან მაღალი.

2008 წლიდან 2012 წლამდე იმდენად გავზარდეთ ჩვენი სამხედრო პოტენციალი, რომ ეს ფასი ბევრად მეტი გახდა, მაგრამ ამ 5 წელიწადში ამ მთავრობამ ეს ყველაფერი მიწაში ჩადო, სამწუხაროდ.

_ ალბათ, სენაკის ბრიგადის ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტზეც უნდა გკითხოთ: უპრეცედენტო ფაქტი იყო ბანკომატიდან ფულის გატაცება და სამხედრო პოლიციელებისთვის პისტოლეტების წართმევა… როგორ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო?

_ ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის სამხედრო, დაცულ ტერიტორიაზე შეღწევის? გაიხსენეთ, შარშან ადამიანიც მოკლეს კრწანისის სასწავლო ცენტრში, რომელიც ისევე კარგად უნდა იყოს დაცული, როგორც _ სენაკის ბაზა.

მაგრამ ფაქტია, რომ დისციპლინის სერიოზული პრობლემაა. რატომაა, იცით, დისციპლინის პრობლემა? ის ხალხი, რომელიც ომობდა, ჯარიდან გაშვებულია, ან თავისით წავიდა, იმიტომ რომ ეგეთ ჯარში ვერ იმსახურებდნენ.

მაგალითს გეტყვით: არ მინდა სახელისა და გვარის ხსენება, მაგრამ საქართველოში არის გმირი ოფიცერი, რომელმაც ავღანეთში დიდი მამაცობა გამოიჩინა და მთელი შეირაღებული ძალები მიხვდება, ვისზე ვსაუბრობ…

ეს ის პირია, რომელმაც ცნობილი იერიშის დროს პირადად საკუთარ თავზე აიღო წინააღმდეგობა და რამდენიმე ტერორისტი გაანადგურა, ადამიანი, რომელიც აფხაზეთში ომობდა, ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ომობს ამ ქვეყნისთვის, იბრძოდა  2008 წელს, ეს ადამიანი, სადღაც, ბოლო ნაწილში გაუშვეს და ინსტრუქტორის თანამდებობაზე ამუშავებენ, როდესაც ასეთი გმირები პირიქით უნდა დააწინაურო, რადგან მთელი ჯარი უდიდეს პატივს სცემს ასეთ პირებს…

კიდევ არის ბევრი მსგავსი შემთხვევა და 2008 წელმა აჩვენა, რომ ბევრი ძალიან ძლიერი გმირი ჯარისკაცი და ოფიცერი გვყავს, მაგრამ ასეთ ადამიანებს აქ ან იჭერენ რუსეთისთვის გადასაცემად, ან თვითონ გარბიან ამ ჯარიდან და ქვეყნიდან მიდიან…

მათი მესმის, რადგან როგორ შეიძლება, ემსახურო ადამიანს, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და რუსეთს ელაპარაკება მწვანილზე, როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია?..

ამოიღეთ, რამდენია მკვლელობა თუ თვითმკვლელობა ჯარში… ამოიღეთ სტატისტიკა… ეს ყველაფერი დისციპლინის მოშლის გამო ხდება…

მაგრამ ეს ხელისუფლებები ხომ იცვლება, ხომ ვნახეთ უკვე, რომ მუდმივი არაფერია. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ალასანიას დაუსვამენ შეკითხვას, რატომ ჩაშალა აშშ-სთან მოლაპარაკება ვერტმფრენებისა და ანტისაჰაერო დაცვის სისტემების გადმოცემაზე?..

ეს არ იქნება რევანში, რადგან ამ შეკითხვის დასმის უფლება აუცილებლად ექნება საზოგადოებას…

 

ლაშა ბერულავა