დიმიტრი ბიძინაშვილი: „ივანიშვილი არჩევნების წაგებას შეეგუა და უსაფრთხოების გარანტიებს ეძებს“

არასამთავრობო ორგანიზაცია „შეცვალეს“ დამფუძნებელი, დიმიტრი ბიძინაშვილი, მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერები, ფაქტობრივად, აღარ დარჩა. მისი თქმით, მმართველ პარტიას ის ხალხიც გაემიჯნა, რომელიც, ჯერ კიდევ, 2-3 თვის წინათ ოპოზიციას აგინებდა. ახლა ისინი ოპოზიციას იმის გამო აგინებენ, „ოცნება“ ხელისუფლებიდან რატომ ვერ გაუშვითო.

რა საფრთხეს გრძნობს ივანიშვილი? როგორ აპირებს თავის გადარჩენას? როგორ აქციეს სპორტი კრიმინალურ ელემენტად ხელისუფლებაში მყოფმა წარმატებულმა სპორტსმენებმა? რატომ ვერ გაბედავენ ხალხთან მისვლას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები? საიდან უნდა იქნიოს კალაძემ მუშტები? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება:

_ ბატონო დიმიტრი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი შეიძლება, ბიძინა ივანიშვილი იყოს. გახდება თუ არა ოლიგარქი ამ არჩევნებზე მმართველი პარტიისთვის მაშველი რგოლი?
_ ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ პარლამენტში შესვლით გარკვეული გარანტიები მიიღოს. მას მხოლოდ დეპუტატის იმუნიტეტი უნდა, წინააღმდეგ შემთხვევაში პრემიერის პოსტზე დაბრუნდებოდა. თუ ოლიგარქი „ოცნების“ სიის პირველი ნომერი გახდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას არჩევნებზე უკვე ხელი აქვს ჩაქნეული. სიის სათავეში ჩადგომით ის ვეღარ გახდება პარტიის გამწევი ძალა. ელემენტარულად დაპირებასაც კი ვერ მისცემს საზოგადოებას. ერთი და იმავე დაპირებების გაცემა რომ აეკრძალოს, ივანიშვილს მხრების აჩეჩვის მეტი არაფერი დარჩება.
_ 2018 წელსაც გეგონათ, რომ ვერაფერს დაჰპირდებოდა ხალხს, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გამოვიდა და ვალების ჩამოწერის შესახებ ამცნო საზოგადოებას.
_ ამას გარდა ხალხს დაჰპირდა, ერთი წელი მაცალეთ და ყველაფერს გამოვასწორებო. გამოსწორების ნაცვლად ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. ხშირად გვისაუბრია ხალხის გაჭირვებაზე, მაგრამ ახლა ადამიანს ცარიელი პურის ყიდვის საშუალებაც კი არ აქვს. ოფიციალური სტატისტიკით, პანდემიის გამო 120.000 დასაქმებული დარჩა უმუშევარი. ხალხი აცნობიერებს, რომ „ოცნებას“ მხოლოდ გაჭირვება და სიკვდილი მოაქვს. მათ დაპირებებს აღარავინ დაიჯერებს. ამას ივანიშვილიც ხვდება და ცდილობს, პარლამენტში შესვლით გარანტიები მიიღოს.
_ პარლამენტის რიგითი წევრობა არ ეხამუშება ამხელა მილიარდერს?
_ ეს თუ იმის გარანტი იქნება, რომ არჩევნების შემდეგ ხელს არავინ ახლებს, რიგითი დეპუტატობა არ ეხამუშება. ახლა მას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს _ შეინარჩუნოს ის ქონება, რაც ქართველ ხალხს წაგლიჯა. ამიტომაც ფიქრობს, რომ საარჩევნო სიას ჩაუდგეს სათავეში.
_ ზოგიერთის აზრით, ივანიშვილის პირველნომრობა მაშველი რგოლი იქნება პარტიისთვის, თქვენი აზრით კი დამარცხების აღიარებას ნიშნავს, თან ამას დაჟინებით იმეორებთ.
_ გამარჯვებისთვის რომ ებრძოლა, იტყოდა, მე ვიქნები „ოცნების“ პრემიერობის კანდიდატიო, მაგრამ არ ამბობს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ დეპუტატობა მხოლოდ თავის გადასარჩენად უნდა.
_ ცოტა ხანში შეიძლება თქვას, რომ ის იქნება „ქართული ოცნების“ პრემიერობის კანდიდატი.
_ 2012 წელსაც თქვა, პრემიერი ვიქნებიო, მაგრამ 2013 წელს დატოვა პოსტი და ჩრდილში გადაინაცვლა. მისმა სიტყვებმა ჯერ მაშინ დაკარგა ფასი. ახლა საერთოდ აღარავის სჯერა ოლიგარქის.
_ მისმა სიტყვამ შეიძლება, ფასი დაკარგა, სამაგიეროდ, დიდი ფული აქვს. ხალხს, როგორც თქვენ ამბობთ, კიდევ უფრო გაუჭირდა და ამ გაჭირვებულების მოსყიდვა ხომ არ გაუმარტივდება ოლიგარქს?
_ არა მგონია, რომ ადვილი იყოს გაჭირვებული ადამიანების მოსყიდვა. ისინიც ნათლად აცნობიერებენ, რომ თუ დღეს ხმაში აიღებენ 20 ლარს, კიდევ 4 წელი უარესს გაჭირვებაში მოუწევთ ცხოვრება. ეკონომიკა მხოლოდ კი არ გაჩერდა, მინუსებში წავიდა. ჩვენ თუ „ქართული ოცნების“ დარჩენას დავუშვებთ, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა გაბანკროტდება. ამდენ საგარეო ვალს ვეღარ გავუმკლავდებით. ცოტა ხანში საგარეო ვალის აღებასაც კი ვერ შევძლებთ. ფინანსური დახმარებაც შემცირდება. ყველა ვხედავთ, თუ როგორ აქტიურობენ ამერიკელები და როგორ დაგვიწესეს სანქციები.
_ ამ სანქციების გამო ხელისუფლება დიდად არ ნერვიულობს. მათ განცხადებებში ეს არ ჩანს.
_ არადა, ძალიან ბევრი სანერვიულო აქვთ. ყველაზე მეტი სადარდებელი ბიძინა ივანიშვილს აქვს. მას წინ უდევს მოლდოველ ოლიგარქ პლოხოტნიუკის მაგალითი. ამ ოლიგარქს „ოცნების“ ლიდერზე მეტი ფული ჰქონდა, მაგრამ რას მიაღწია? _ ქვეყნიდან სადღაც არის გადახვეწილი. არაა გამორიცხული, მთელი მისი ქონება გაყინონ. იმაზეც მიდის საუბარი, რომ მისი მილიარდები მოლდოვას გადაეცეს. ხვდება „ოცნების“ ლიდერი, რომ ამერიკელებთან დემოკრატობანას თამაში აღარ გაუვა.
_ ფაქტია, რომ ჯერ ისევ თამაშობს.
_ კიდევ რამდენიმე ხანი გააგრძელებს დემოკრატობანას თამაშს. თუ გაუვა, ხომ კარგი, თუ არადა, დაყვება დასავლეთის მოთხოვნას და დემოკრატიული პროცესების განვითარებას ხელს აღარ შეუშლის. აშშ-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო იყოს; უნდათ, რომ პოლიტიკური ნიშნით არავის სჯიდნენ; როცა საერთაშორისო კომპანიები შემოდიან ქართულ ბაზარზე, მათ პრობლემები არ შეექმნათ. დასავლელი პარტნიორები ფინანსურად, ძირითადად, იმიტომ გვეხმარებიან, რომ აქ დემოკრატიამ მოიკიდოს ფეხი. ამას ისინი ჩვენთვის აკეთებენ და არა _ საკუთარი თავისთვის. დასავლეთი ჩვენს ქვეყანას სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს და უნდა, რომ აქ ყველაფერი კარგად იყოს. დემოკრატიისა და სამართლიანობის გარეშე კი არაფერი გვეშველება.
ქვეყანაში არადემოკრატიული პროცესები თუ გაგრძელდება, ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო გაჭირდება ცხოვრება _ დასავლეთი სანქციებს დააწესებს, ფინანსურ დახმარებას ვეღარ მივიღებთ. ხელისუფლება თავის მადაზე უარს არ იტყვის. საბიუჯეტო სახსრებს გამოიყენებს კომფორტის შესაქმნელად და ხალხისთვის არაფერი დარჩება. ამიტომ უნდა შევცვალოთ „ქართული ოცნება“ და დემოკრატიულ გზას დავადგეთ.
საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარება ივანიშვილს არ აწყობს, მაგრამ მას აღარ აქვს იმის რესურსი, რომ საზოგადოება დააშინოს და „ოცნების“ სასარგებლოდ მიაცემინოს ხმა. საზოგადოება უკვე ხდება, რომ ამათ ხელში არც ქვეყანას და არც მათ პერსპექტივა არ გააჩნიათ.
ერთი რამე უნდა გაითვალისწინოს „ქართულმა ოცნებამაც“ და ნებისმიერმა პარტიამ, რომელიც ხელისუფლებაში მოვა: ხალხის დაშინება არ ჭრის. ასეთი ფაქტები მის გაღიზიანებას იწვევს და მათგან ხელისუფლება საკადრისს პასუხს ღებულობს ხოლმე. ჩვენი საზოგადოება ისედაც გაღიზიანებულია და „ოცნებას“ არ ვურჩევ, რომ კიდევ უფრო დაძაბოს სიტუაცია.
_ საზოგადოების განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს მომატებული კრიმინალი, რომლის ასალაგმავადაც ხელისუფლება არაფერს აკეთებს.
_ უკვე აუტანელი მდგომარეობაა. სულ დავდივარ და ხალხს ვხვდები. შემიძლია გითხრათ, რომ მათ „ქართული ოცნების“ დანახვაც კი აღარ უნდათ. ერთ რამეზე ყველა ვთანხმდებით: სანამ რუსი ოლიგარქი მართავს ქვეყანას, აქ კარგი არაფერი მოხდება.
_ კრიმინალი ასე რატომ გაიფურჩქნა? თქვენი თაობის ერთი ნაწილი რატომ ეზიარა ასეთი დიდი სიამოვნებით ე. წ. ქუჩის აკადემიას?
_ ესეც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა. „ნაციონალების“ დროს კრიმინალი წელში იყო გადატეხილი. ხელისუფლებაში მოსულ „ოცნებას“ მხოლოდ ქვეყნის განვითარებაზე უნდა ეზრუნა. ამის ნაცვლად მივიღეთ ძალიან მძიმე კრიმინოგენური ვითარება. ისევ გამოჩნდნენ ძველი ბიჭები, რომლებიც ქუჩას ულაგებენ „ქართულ ოცნებას“, . სინამდვილეში კი ისინი არანაირი ძველი ბიჭები აღარ არიან, არამედ სუს-ის „ნასედკებს“ წარმოადგენენ.
_ სუს-თან და შსს-სთან თანამშრომლობა მათი გაგებით ხომ „გრეხია“?
_ ადრე შავი გაგების ხალხისთვის სისტემასთან თანამშრომლობა „გრეხი“ იყო, ახლა დაუფარავად თანამშრომლობენ მასთან.
_ ეს თანამშრომლობა რაში გამოიხატება?
_ ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. ნამდვილი კოჰაბიტაცია აქვთ. მათი თანამშრომლობის ნათელ მაგალითებს ძირითადად არჩევნებზე ვხედავთ ხოლმე. ეს ძველი ბიჭები დგანან სიებით ხელში და აკონტროლებენ, ვინ შევიდა და გავიდა უბანზე. სიებს სუსი აწვდის და ეს მათ სულაც არ უტყდებათ. მათივე გაგებით რომ ვთქვათ, რაის შავი და კაი ბიჭები გამოდიან ამ ყველაფრის შემდეგ.
_ კარგი ბიჭები საერთოდ რატომ ჰქვიათ? კარგი ბიჭები ისინი არიან, რომლებიც ოკუპაციასა და უსამართლობას აპროტესტებენ.
_ ესენი კარგ ბიჭობაზე არც დებენ თავს. ესენი „კაი ბიჭები“ არიან და „ოცნებამ“ ეგ სტატუსიც წაართვა _ „ნასედკობაში“ ჩაითრიეს. იმის მაგივრად, რომ ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებდნენ, ექაჩებიან იქ, სადაც წამალი, სასმელი და უბედურებაა.
_ ჯანსაღი ცხოვრების წესი სპორტს უკავშირდება, მაგრამ ბოლო დროს ქართული სპორტი კრიმინალთან ასოცირდება. სპორტსმენები ძალიან ცუდ ამბებში არიან გახვეულები.
_ ესეც „ქართული ოცნების“ დამსახურებაა: გნებავთ აღმასრულებელ და გნებავთ საკანონმდებლო ორგანოში უამრავი სპორტსმენია. ისინი უნდა დადიოდნენ და ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებდნენ. უნდა შთააგონებდნენ, რომ ძლიერმა სუსტი არ უნდა დაჩაგროს. სამწუხაროდ, კალაძეები, კობიაშვილები, ყველაშვილები და სხვები საკუთარი კეთილდღეობის გარდა არაფერზე აღარ ფიქრობენ, სპორტით დაკავებულ ახალგაზრდებს კი ზონდერობისკენ მიათრევენ.
მგონი, ყველამ ვიხილეთ აჭარელი მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ არის დაპირისპირებული. ამ ადამიანმა საჯაროდ, პირდაპირ თქვა, თუ როგორ სთხოვდნენ ზონდერჯგუფებში გაწევრიანებას. ამ ინიციატვით მას აჭარის მთავრობის მეთაურის მამამ მიმართა, _ წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციოდ თუ ივლიდა, არჩევნებზე, უბნებზე თუ დადგებოდა, საჭიროების შემთხვევაში თუ იჩხუბებდა, ამისთვის გასამრჯელოს მიიღებდა. წულუკიძემ ამაზე უარი თქვა და მალევე დააკავეს.
ხელისუფლებაში მყოფი სპორტსმენები ხშირად საუბრობენ თავიანთ სპორტულ მიღწევებზე, მაგრამ სინამდვილეში სპორტსაც არ სცემენ პატივს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალგაზრდებს ზონდერებად არ აქცევდნენ. მათ სპორტსმენები მხოლოდ იმისთვის სჭირდებათ, რომ მათი დახმარებით ოპონენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
პირდაპირ ეთერში იხილა მთელმა საქართველომ, თუ რას წარმოადგენს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე. მან ევროპის ჩემპიონს ჯაჭვი დაარტყა. ახლა ეს ახალგაზრდა საქართველოს სახელით ასპარეზობაზე უარს ამბობს. ამის გამო არავინ შეწუხებულა, არც მოძალადე პრეზიდენტი დაუსჯიათ.
_ ამ ვითარებაში მთლად სიმპათიურად არც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გამოიყურება. ლევან კობიაშვილის პრეზიდენტად პირველი არჩევა სასწაული იყო. ადამიანი მძევლად აიყვანეს და მისი განთავისუფლების სანაცვლოდ კობიაშვილის კონკურენტმა კანდიდატურა მოხსნა.
_ ეს სამარცხვინო არჩევნებიც პირდაპირ ეთერში მიდიოდა. კალაძის გარემოცვა ღიად აცხადებდა, თუ კობიაშვილის კონკურენტ კანდიდატურას მოხსნის, დავაბრუნებთ გატაცებულ ადამიანსო. ესენი აღარც ადამიანები არიან და აღარც სპორტსმენები. არაფერში წერია, რასაც „ოცნების“ წევრები კადრულობენ.
_ ყველა სფერო გააუბრალოეს და ბოლოს სპორტიც შეგვაზიზღეს.
_ ქვეყანაში ვერ დამისახელებთ ინსტიტუტს, რომელიც ჩამოშლილი და დისკრედიტებული არ იყოს. ერთადერთი მეოთხე ხელისუფლება დარჩა, რომელიც ვერ ჩამოშალეს. ჟურნალისტები რომ არა, „შაქარაშვილის საქმეც“ მიიჩქმალებოდა. ეს საქმე მედიის გამოძიებულია. ამან „ქართული ოცნება“ ძალიან გაამწარა და გადაწყვიტა, მედიისთვის ცენზორი დაეწესებინა. ხვალ და ზეგ თქვენი საქმიანობა თუ არ მოეწონებათ, მოვა ვიღაცა და დროებით მმართველად დაგიჯდებათ. დროებითი მმართველი ბიძინა ივანიშვილის შერჩეული იქნება. და თქვენც დაწერთ იმას, რაც ივანიშვილს უნდა. ფაქტობრივად, ყველგან ივანიშვილის თვალსა და ყურს ჩასვამენ.
_ ლაშა ნაცვლიშვილმა ტყუილად ხომ არ ილაპარაკა, ბიძინა ყველგანააო. მედიაშიც ხომ უნდა იყოს ბიძინა?
_ ასეთი სურვილი აქვთ. მათ უნდათ, რომ როგორც ჩრდილოეთ კორეაში ადიდებენ პარტიის ბელად კიმ ჩენ ინს, აქაც ეგრე იყოს. ვიღაცას ეს შეიძლება სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ ასე არაა. საქმეს ართულებს ისიც, რომ ივანიშვილს ასეთი რაღაცები მოსწონს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას განათლების მინისტრი ექვთიმე თაყაიშვილს არ შეადარებდა. მეეჭვება, ამ მინისტრს ექვთიმეზე წარმოდგენა ჰქონდეს, თორემ მასსა და ოლიგარქს შორის პარალელს არ გაავლებდა. უბრალოდ, ივანიშვილს უნდა, რომ მას ყველა ექვთიმედ აღიქვამდეს და ილია ჭავჭავაძეს ადარებდეს. რაც არ უნდა ეძახონ „ქოცებმა“ ოლიგარქს ილია და ექვთიმე, ხალხი ივანიშვილს საამაყო ქართველებთან არ გააიგივებს. ილია ჭავჭავაძეც და ექვთიმე თაყაიშვილიც ქართველ ხალხსა და საქართველოს ემსახურებოდნენ. ეს იმაზეა გადასული, რომ რაც შეიძლება მეტი წაგლიჯოს ხალხსა და ქვეყანას. ალბათ მსოფლიოში ბევრი არ მოიძიებნება ისეთი მილიარდერი, რომელიც გაჭირვებული ხალხის კისერზე ცხოვრობს _ ხან ლარად წაიღებს მიწის ნაკვეთს; თავის ძმებსა და დეიდაშვილს სერიოზულ ბიზნესებში უშვებს. იმ სფეროებს უგდებს მათ ხელში, რომლითაც ბიუჯეტი უნდა ივსებოდეს; თავის მინისტრებს ზოგს 700 მილიონს მოაპარინებს, ზოგს _ 400-ს; ტენდერები აუცილებლად მისიანებმა უნდა მოიგონ.
საკადრო პოლიტიკა მთლად საოცარი აქვს: ვიღაც ქალმა კბილი დაუპლომბა და ჯანდაცვის მინისტრად დასვა. ეს კაცი საქართველოს ისე უყურებს, როგორც ერთ პატარა სოფელს. ხელისუფლებაში რომ მოვიდა, ხომ გვითხრა, ერთი პატარა სოფელი ვართო.
_ ერთი პატარა სოფელი თუ ვართ, თავად რა გამოდის?
_ სოფლის გამგებელი გამოდის. მიაჩნია, რომ მთელი ეს პატარა სოფელი მას უნდა ემსახურებოდეს. ამ ადამიანს ისიც არ ესმის, რომ გამგებელს კი არ უნდა ემსახურებოდეს სოფელი, არამედ სოფელს უნდა ემსახურებოდეს გამგებელი. ეს რომ ასეა საჭირო, ამას ოლიგარქს ქართველი ხალხი ძალიან მალე დაანახვებს. ტყუილად ელოდება ხალხისგან მხარდაჭერას. 2012 წლიდან მოყოლებული, დღემდე დაპირებების გაცემის მეტი არაფერი უკეთებია. აბსოლუტურად ყველაფერს დაგვპირდა, რისი დაპირებაც შეიძლებოდა. მისი დაპირებების მიხედვით ყველანი მილიონერები უნდა ვიყოთ. მთლად მილიონერები თუ არა, მილიონერებთან ახლოს უნდა ვიდგეთ.
_ იმ კაცმა გვითხრა, რომ ჩემს მოსვლას ხელისუფლებაში მალე იგრძნობთ თქვენს ჯიბეებზეო და ხომ ვიგრძენით?
_ მისი მოსვლა ხალხის ჯიბეებზე ძალიან ცუდად აისახა. სამაგიეროდ მისი ჩინოვნიკები გამდიდრდნენ. ისე გათავხედდნენ, რომ მანქანებიდან გადმოსვლასა და ხალხთან დალაპარაკებასაც არ კადრულობენ. სულ მალე საერთდ ვეღარ გამოვლენ გარეთ. ქუჩაში გამოსაჩენი პირი აღარ აქვთ, იმდენი რამე დააშავეს. ხალხი ისეთი გაბრაზებულია, ხელისუფლების მაგივრად ჩვენ გვეჩხუბება და გვაგინებს.
_ თქვენ რატომ?
_ ხალხი ბრაზობს, ამდენი ხანი ხელისუფლებიდან როგორ ვერ გაუშვითო.
_ ხელისუფლებას ვერც ერთი ოპოზიცია ვერ გაუშვებს, თუ ხალხის მახარდაჭერა არ იქნა. ხალხი კი არჩევნებზე არ დადის.
_ ისეთი გაბრაზებულები არიან, ამ არჩევნებზე აუცილებლად წავლენ. „ქართული ოცნება“ არჩევნებზე ნახავს ხალხის ძალას. არჩევნებამდე შეეცდებიან მოსახლეობის გულის მოგებას, მაგრამ გაუჭირდებათ. ფაქტობრივად, ვერსად ჩავლენ. ქუთაისში საერთოდ ვეღარ ჩაადგამენ ფეხს. ქალაქს განვითარების საშუალება მოუსპეს. ჯერ პარლამენტი გადმოიტანეს თბილისში და ახლა ვიზიარი გააქციეს ქვეყნიდან, სადაც უამრავი ქუთაისელი იყო დასაქმებული.
რაჭიდან სულ კინწისკვრით გამოაგდებენ. ამ მშვენიერ კუთხეს ოლიგარქი საშინელებებს უკეთებს. მისი დატბორვა აქვს გადაწყვეტილი. აჭარაშიც იგივე სიტუაციაა. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან შემოვლით გზას ჰპირდებიან, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. ერთადერთი, რასაც ბათუმში აკეთებენ, კორპუსებს დგამენ. ისეა ერთმანეთზე მიდგმული ეს კორპუსები, რომ ხალხს მზის შუქი ენატრება.
კახეთშიც არ ჩაესვლებათ. ნახევარ კახეთს წყალი არ მიეწოდება. არადა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ათეულობით მილიონი აქვთ დახარჯული. ფული ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ჯიბეებში წავიდა, რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ უწყლოდაა.
თბილისში საერთოდ გარეთ არ გამოესვლებათ. კალაძის ე. წ. სიმართლის მუშტს რომ ჩავუჯდეთ ვნახავთ, რომ ყველა იმ მტკივნეულ თემაზე საუბრობს, რაც გულში აქვს ხინჯად.
დიღმის ჭალები, რომელიც თბილისის ფილტვებია, გაანადგურა. იქ რატომ არ დგება და იქიდან რატომ არ იქნევს სიმართლის მუშტს?
ვაკელები საერთოდ გაამწარა. ჯერ ხომ არ აღირსა ჭავჭავაძის გამზირის გახსნა და სიმწარე მერე ნახეთ, მოძრაობა რომ აღდგება. წარმომიდგენია, რა მოხდება, ავტობუსი უკუღმა რომ დაიწყებს სიარულს.
_ არადა, ვაკე მისი მერად არჩევით ძალიან ბედნიერი იყო.
_ ეს ბედნიერება კახა კალაძემ მათ ცუდად შემოუტრიალა. დაიმახსოვრეთ: ჭავჭავაძის გამზირზე გავლა შეუძლებელი იქნება. დიდი ზარზეიმით მოაწყო მიწისქვეშა ნაგავსაყრელი. ამ ნაგავსაყრელიდანაც საჭიროა ნაგვის ამოღება და მისი გატანა. როგორ წარმოგიდგენიათ ერთზოლიან მოძრაობაში ამის გაკეთება?! მანქანა რომ მიადგება ამოსაღებად და დიდი ხნით მოუწევთ ლოდინი ვაკელებს, მერე ნახავენ ნამდვილ საცობს. ერთმა მანქანამ უნდა იმუშაოს მხოლოდ. მეტი ამ პროფილის მანქანა არ გვყავს.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ძალიან მძიმე სიტუაციაშია ქვეყანა და ხელისუფლებაც. ადამიანები, რომლებიც, ჯერ კიდევ, 2-3 თვის წინ ამათ უჭერდნენ მხარს, ახლა საშინლად აგინებენ. ეს განწყობა არჩევნების შედეგებზე აუცილებლად აისახება.

შორენა მარსაგიშვილი