დიზაინერი გოგონა, რომლისთვისაც საკუთარი საქმე ბედნიერებაა

ის 23 წლისაა და მას იცნობენ, როგორც დახვეწილი გემოვნების მქონე ახალგაზრდა დიზაინერს.

დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობს ზუგდიდში. ახლაც სწორედ აქ ეწევა თავის საყვარელ საქმიანობას, რომელიც ბებოსგან ისწავლა.

ყოველთვის უყვარდა ეს ნაჭრები, ლამაზი კაბების შექმნა და ტანსაცმლით აღფრთოვანებული ქალბატონების გასტუმრება, როდესაც ისინი სალომეს ბებოსგან სასურველი დიზაინის სამოსს იღებდნენ.

პროფესიით ფარამაცევტი დღეს დიზაინერია და თავის საქმესაც შესანიშნავად უძღვება.

 

გაიცანით, _ ეს სალომე ფირცხელავაა, ნიჭიერი დიზაინერი ზუგდიდიდან:

_ მომიყევი ცოტაოდენი შენზე (ვინ ხარ, წარმოშობით საიდან, რამდენი წლის, რას საქმიანობ?)

_ მე ვარ სალომე ფირცხელავა, 23 წლის. დავიბადე და გავიზარდე ზუგდიდში.

პროფესიით ფარმაცევტი ვარ, თუმცა ამ სფეროში საკუთარი თავი არასოდეს გამომიცდია, ჩემს რეალურ პროფესიასთან არანაირი საერთო არ აქვს. ამჟამად ჩემი საქმე დიზაინია. შესაძლოა, ხმამაღალი ნათვამი იყოს, ამ ეტაპზე საკუთარ თავს დიზაინერი დავუძახო. ამისთვის დიდი გზა მაქვს გასავლელი, ახლა სწორედ ამ გზას გავდივარ.

_ რატომ დაინტერესდი იმ საქმით, რასაც აკეთებ: რა იყო ინსპირაცია, ვისთან ერთად საქმიანობ, პირველი ნაბიჯები როგორ გადადგი?

_ ის, რასაც ახლა ვაკეთებ, რაც ძალიან მიყვარს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ბებოს დამსახურებაა… ღრმა ბავშვობიდან ამ გარემოცვაში ვიყავი _ ლამაზი ქალბატონები ლამაზ კაბებში. ვხედავდი, როგორ ზრუნავდა იმაზე, რომ მასთან მოსული კლიენტი თავდაჯერებულად, ლამაზად წასულიყო მისგან, ეს ფაქტი ძალიან მომწონდა…

მახსოვს, სკოლაში ღონისძიება ტარდებოდა, ამ ღონისძიებაზე უნდა წავსულიყავი და გადავწყვიტე, ჩემი პირველად შექმნილი კაბა ჩამეცვა. ამ კაბამ ძალიან ბევრი კომპლიმენტი დაიმსახურა. ეს ფაქტი მესიამოვნა, ჩემთვის სტიმული იყო. მერე მეორე კაბა შევქმენი, ის პირველზე უკეთესი გამოვიდა, ეს მომწონდა და ვხვდებოდი, რომ ამ საქმეში შეიძლებოდა, საკუთარი თავი მეპოვა.

_ რა სირთულეები შეგხვდა გზად?

_ სანამ დასახულ მიზანს საბოლოოდ არ მიაღწევ, მგონია, რომ ეს გასავლელი გზა რთულია, ზუსტად ამ ეტაპზე ვარ ახლა.

_ რას გაძლევს ის, რომ დღეს ახლებურად, ან შენებურად აჩვენებ ხოლმე საზოგადოებას შენი თვალით დანახულ მოდას და სილამაზეს?

_ პირველ რიგში, გამოცდილებას. მთავარია, შენი თვალით დანახული და აღქმული (მოდა) საზოგადოებამდე სწორად მიიტანო..

_ როგორია მომხმარებლების დაინტერესება?

_ როდესაც საინტერესოს და ახალს სთავაზობ მომხმარებელს, დაინტერესებაც, თავისთავად, მუდამ მაღალი დოზით იქნება.

_ ვინ გიფასებს ყველაზე ობიექტურად შენს ნამუშევრებს?

_ პირველ რიგში, აუცილებლად კმაყოფილი უნდა ვიყო საკუთარი თავით, ამასთან ერთად, ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანის აზრს, ვისგანაც ეს ყველაფერი ვისწავლე…

_ ზოგადად, რას აკეთებ ყველაზე დიდი სიამოვნებით?

_ ზოგჯერ ძალიან პატარა მიზეზიც კი საკმარისია ადამიანის ბედნიერებისთვის, ამიტომ თუ ამაში ვმონაწილეობ, ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

_ ე. ი. ყველაზე დიდი სიამოვნებით ადამიანებს ახარებ.

ვისთვის ან რისთვის არ გენანება რაიმე?

_ არავისთვის არაფერი არ მენანება

_ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის (საქმეში)?

_ მონდომება. მნიშვნელოვანია, მაღალი ხარისხით აკეთო შენი საქმე, ძალიან უნდა გიყვარდეს და გსიამოვნებდეს ის, რასაც აკეთებ.

_ რა არის ყველაზე ღირებული ადამიანში?

_ ერთგულება. ვაფასებ ადამიანებს, რომელთაც ნამდვილი მეგობრობა შეუძლიათ და ამის ფასი იციან.

_ გადაწყვეტილება, რომელიც გინანია?

_ არ მიყვარს ფრაზა „დროის უკან დაბრუნებ, რომ შეიძლებოდეს“. აქედან გამომდინარე, მგონი, იმ დროშიც სანანებელი არაფერი მქონია, ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო.

_ რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

_ ტყუილი, ეს არის ის, რასაც შეუძლია, მწყობრიდან გამომიყვანოს.

_ რისთვის არ გენანება დრო?

_ საყვარელი ადამიანებისთვის დრო არასდროს მენანება.

_ თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე?

_ ისეთ გარემოში ვარ, საიდანაც პოზიტივსა და ბევრ სიყვარულს ვიღებ _ მეგობრებთან ვარ ხოლმე.

_ მაქსიმალისტი ხარ? ყველაფრის უმაღლეს დონემდე შესრულება გიყვარს ხოლმე? გინდა, რომ სულ პირველი იყო შენს საქმეში? თუ ხარ/არ ხარ, რაში გამოიხატება მაქსიმალისტობა, ან პირიქით?

_ კი, ვარ. ყოველთვის მინდა, საკუთარი თავისგან მაქსიმალურად მეტი მივიღო, ბოლომდე უნდა დავიხარჯო რომ კმაყოფილი ვიყო შედეგით.

_ მუსიკას უსმენ ხოლმე?

_ ვუსმენ მშვიდს და ჩემთვის სასიამოვნოს.

_ რას გაძლევს ყოველი ახალი გათენებული დღე?

_ ახალი დღე კიდევ ერთი ახალი შანსია, რაღაც შეცვალო უკეთესობისკენ.

_ რაზე ოცნებობ?

_ ზოგადად, მგონია, რომ „ოცნება“ არის ის, რაც რეალობისგან შორს დგას, ამიტომ სულ ისეთი სურვილები მაქვს, რისი ახდენაც რეალურად შესაძლებელია…

_ თუ გყავს ფილმის, ან წიგნის გმირი, რომელსაც გგონია, რომ ჰგავხარ?

_ არა, ვერავისთან ვაიგივებ საკუთარ თავს.

_ ვინ არის მისაბაძი მაგალითი შენთვის და რატომ?

_ ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრს აკეთებენ იმისთვის, რომ იყვნენ წარმატებულები, ბევრს შრომობენ, უყვართ საკუთარი საქმე მგონია, რომ მისაბაძები არიან. არასოდეს მიფიქრია ვინმეს მიბაძვაზე და ასეთი კონკრეტული პიროვნებაც არ მყავს.

_ დღეს რა პრობლემას ხედავ იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობ და, ზოგადად, საქართველოში?

_ საქართველოში ძალიან ბევრი პრობლემა! რაც შეეხება იმ სფეროს, სადაც ვარ, ამ მხრივ, საბედნიეროდ, წინ მივიწევთ, ვიხვეწებით და ეს ფაქტი ძალიან მახარებს… რა თქმა უნდა, პრობლემებიც არის.

_ როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება?

_ ერთიანი ძალისხმევით.

_ როდის ისვენებ ხოლმე და როგორ?

_ ადგილი, სადაც ვისვენებ და თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ, არის ჩემი სახლი… წიგნის კითხვა მამშვიდებს და ეს პროცესი ჩემთვის ნამდვილი დასვენებაა.

_ ვინ გენატრება ყველაზე მეტად?

_ არავინ.

_ რა არის შენთვის ის საქმე, რასაც აკეთებ?

_ ძალიან ბევრი რამ და, მათ შორის, ყველაზე მთავარი _ მომავალი… ჩემი ცხოვრებაა.

_ შენი აზრით, თავისუფალი ხარ?

_ რა თქმა უნდა.

_ რა არის თავისუფლება შენთვის?

_ აბსოლუტური გაგებით თავისუფლება მოვლენათა ისეთი მიმდინარეობაა, როდესაც ამ მოვლენებში მოქმედი თითოეული პირის ნება არ განიცდის ძალადობას სხვათაგან… თავისუფლება, ზოგადად, არჩევანის საშუალება, მოვლენის შედეგის ვარიანტთა არსებობაა. არჩევანის, მოვლენის შედეგის ვარიანტთა არარსებობა თავისუფლების არქონის ტოლფასია.

_ ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა?

_ მოქმედების, დახვეწის ეტაპზე. ალბათ, ეს ეტაპია რთული, გზა, რომელმაც საბოლოო მიზნამდე უნდა მიმიყვანოს…

_ საკუთარი თავი იპოვე?

_ ადამიანმა, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა, მგონი, ეს არის საკუთარი თავის პოვნა… მეც მანდ ვარ.

_ რამე მისია გაქვს ცხოვრებაში?

_ ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებისგან დაკისრებული მისია, მეც მათ რიცხვს ვეკუთვნი და, რა თქმა უნდა, ეს მისია მაქვს.

_ რა არის ის, რისთვისაც იბრძვი?

_ ძალიან ბევრი რამ: ერთ-ერთი ის მიზანია, რომელიც ცხოვრებაში მაქვს, მისი საბოლოო შედეგი გამხდის ბედნიერს, როდესაც საკუთარი თავით კმაყოფილი ვიქნები და თამამად ვიტყვი: „მე ეს გამომივიდა“.

_ შენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდი, ან გამოასწორებდი შენს ცხოვრებაში, ან ქვეყანაში, ზოგადად?

_ ადამიანს ყოველთვის შეუძლია, საკუთარ ცხოვრებაში რაღაც შეცვალოს და გამოასწოროს. არის, ალბათ, რაღაცები, რასაც შევცვლიდი და შევცვლი კიდეც… ქვეყანაში უამრავ რამეს შევცვლიდი, თუმცა ეს შესაძლებელი არ არის…

_ რა არის ცხოვრების აზრი შენთვის?

_ მინდა, ჩემი სამყარო ნათელი ფერებით, სინათლითა და სიყვარულით ავავსო, რომ მერე თქვენ გიწილადოთ.

_ როგორ ფიქრობ, გაქვს თუ არა წარმატების მიღწევის შანსი დღევანდელ საქართველოში?

_ თუ ადამიანი ძალიან მოინდომებს, აუცილებლად ექნება ამის შანსი.

_ გაქვს ისეთი პრინციპი, რასაც არასდროს უღალატებ?

_ მაქვს პრინციპები, რომლებსაც ვერ ვუღალატებ, საკუთარი „თვისებები“ არ მომცემს ამის უფლებას…

_ რომ არა ის, ვინც ახლა ხარ, ვინ იქნებოდი?

_ შეიძლება, ყველაფერი არ მომწონდეს იმაში, რაც ახლა ვარ, მაგრამ, რატომღაც, მაინც არ მიფიქრია ამაზე…

_ რა არის შენი სამომავლო გეგმა?

_ ძალიან ბევრი გეგმა მაქვს და აუცილებლად განვახორციელებ! დანარჩენს მაშინ მოგიყვები, როდესაც ეს გეგმები უკვე განხორციელებული მექნება. გავიმეორებ: საკუთარი მიზნის ბოლომდე მიყვანა.

_ რაზე ფიქრობ ხოლმე ყველაზე ხშირად?

_ ზოგადად, ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე ყველაფერზე. ყოველთვის ვფიქრობ, არასოდეს ჩერდება ჩემი გონება, მუდმივად ამ ფიქრის პროცესში ვარ. მოკლედ, ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობ: აწმყოზე, მომავალზე და ა. შ.

_ ვისი იმედი გაქვს ცხოვრებაში?

_ პირველ რიგში, უფლის და, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის.

_ რას მოაქვს ყველაზე დიდი სიმშვიდე შენთვის და როგორ გგონია, სად არის ხსნა ადამიანებისთვის?

_ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და სასიცოცხლო ენერგიის ამ გზით შევსება _ ეს საუკუნეებით გამოცდილი მეთოდია. რაც მთავარია, ჩვენში მომხდარი ცვლილებები, შეცვლილი მსოფლმხედველობა გვაპოვნინებს სიმშვიდესა და სიყვარულს, რომელიც შემდეგ მთლიანი სამყაროს მშვენიერების აღქმაში გამოვლინდება. ადამიანის ზრდა შეუწყვეტელი პროცესია, რომელიც მან მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე უნდა აწარმოოს. ალბათ, ეს ხსნა ყველამ საკუთარ თავში უნდა იპოვოს.

_ საყვარელი გამონათქვამი, რასაც ყველაზე ხშირად იყენებ ხოლმე?

_ ძალიან ბევრია. ერთ-ერთი არისტოტელეს პასუხია კითხვაზე, თუ როგორ უნდა მიაღწიოს მოსწავლემ წარმატებას? მან ასე უპასუხა: „უნდა ცდილობდეს დაეწიოს მასზე უკეთესს და არ უნდა უყუროს უკან მდევარს“.

_ რა იქნება შენი გზავნილი საზოგადოებისთვის?

_ ყველამ საკუთარი ცხოვრებით ვიცხოვროთ, ასე ბევრად მარტივია. ნუ დაგვენანება ბედნიერების გაზიარება სხვებისთვის, აკეთეთ ის საქმე, რაც გიყვართ და გაბედნიერებთ.

 

გოგონა კვლავ განაგრძობს თავისი ხელოვნებით მომხმარებლებისა და გემოვნებიანი საზოგადოების მოხიბვლას და მისი შემოქმედების მთავარი შემფასებელიც კვლავ ბებოა.

დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდა დიზაინერს ძალიან მალე ვნახავთ უფრო მაღალ ეშელონებზე.

 

ნინო ტაბაღუა