დიდქოცობას გილოცავთ

რატომღაც, შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ქოცები“ კატისებრთა ოჯახიდან არიან. რატომ? კატასავით ზურგზე არ ეცემიან და მაინც ჯიუტად „ქოცობაში“ რჩებიან.

დრო იყო, ბოლო ხმაზე კნაოდნენ, ლიტრა ბენზინზე ლარი მიშას ჯიბეში მიდისო. ერთი იმას არ აკონკრეტებდნენ, რომელ ჯიბეში, შარვლისაში თუ იმ 7 „კასტუმისაში“, თუ „ვაფშემც“ ქიშმირის პალტოს ჯიბეში, დანარჩენი ზუსტად, მისხალ-მისხალ იცოდნენ, რომ ლარი მიშას ჯიბეში მიდიოდა! მომდევნო ოთხი წელი ბენზინი არათუ გაიაფდა, გაძვირდა, მაგრამ, იმ ლარის ბედი აღარავის აღელვებდა. აბა, ლარი რა სალაპარაკოა, როდესაც სააკაშვილის ჯიბეში აღარ ჩადის? და ახლა? აგერ ბენზინზე აქციზური მარკა გააორმაგეს, რაც ბენზინის 20 თეთრით გაძვირებას იწვევს და სულაც აღარ კნავიან „ქოცები“! რა კნავილი, რა ღრუტუნი, ლამის, სიამოვნებისგან აკრუსუნდნენ, _ მერე რა, რომ ბენზინი ძვირდება, აგერ მეტრო და ავტობუსები ხომ არ ძვირდებაო. ამათ ვენაცვალე და ამათ შემართებას, ნახევრად ცარიელ ჭიქას კი არ აღიქვამენ მარტო ნახევრად სავსეს, ისეთი ნიჭიერები არიან, ცარიელ ჭიქასაც სავსედ ხედავენ! იმ ამაგსაც არ უკარგავენ ქოცხელისუფლებას, რომ გამოვიდნენ და „მარშრუტკებს“ მოუწოდეს, არ გააძვიროთ, ეს კარგი არ იქნება მოსახლეობისთვისო. კი მაგრამ, მათთვის ის კარგი იყო, აქციზი და, შესაბამისად, საწვავი რომ გაუძვირეთ? „მე გაგიძვირებ, შენ არ გააძვირო“, _ ეს რამე ახალი თავია ქოცური ლოღიკის სახელმძღვანელოში? მე ვიხეირო, შენ იზარალე? და ნახეთ მათ ვირეშმაკობას, ჩააფინეს იმ ხელშეკრულებაში, რომელიც 2010 წელს გაფორმდა, _ ჩვენ, მერიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, რომ ფასებზე რამე ზეგავლენა მოვახდინოთო. ესეც იმ წყეული „ნაცების“ ბრალიაო. ამ ქოცამომრჩეველს კი, ამით გახარებულებს, რაღაც-რაღაცები ავიწყდებათ, მაგალითად, ის, რომ ტროლეიბუსი ისევ 5 თეთრი ღირს. მერე რა, რომ თბილისში საერთოდ აღარ დადის ტროლეიბუსი? რაც მთავარია, ხომ არ ძვირდება? აბა, ქოცელიტისთვის რა მნიშვნელობა აქვს ტროლეიბუსს, მეტროს, ავტობუსს, სამარშრუტოს, ეგენი მაინც არც ერთით არ დადიან და სულ არ ანაღვლებს პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს, რით ივლის ელექტორატი. რაც მთავარია, ხომ აირჩიეს და 4-წლიანი ვადა გაინაღდეს?

„ქოცებს“ კი არა, აგერ, „ნაციონალებსაც“ აღარ სჭირდებათ საკუთარი ამომრჩეველი. ქვეყანაში მილიონზე მეტი მავრია, რომელმაც საქმე გააკეთა, _ ხმა მისცა და უნდა წავიდეს. ნუ, თუ არ წავა, მუცელში ენა უნდა ჩაიგდოს. ხმა მისცეს და ახლა იმათღა აქვთ ხმის ამოღების უფლება, ვისაც ხმა მისცეს.

მთავრობას კიდევ სხვა უფლებაც აქვს _ ხანდახან გააჟრიალოს. აგერ, ქუმსიშვილმა ცრუკლასიცისტური ზეშთაგონებით გვახარა, გამაჟრიალაო. როგორც ჯავახური ლექსიკონი განმარტავს, ჟრიალი არის „ტანის ბჟუვილი“. მოკლედ, ტანში აბჟუილებს. დიახ, ქუმსიშვილს ტანში აბჟუილებს, ამ მთავრობის მომყვანს? _ ტვინში. აბა, სხვა რა უნდა დავარქვათ იმ ფაქტს, 4 წელი რომ ნახავ, არაფრის მაქნისები არიან და არაფერი გაუკეთებიათ, გარდა იმისა, რომ ხე ეზოში გადარგეს და საყდრისი ააფეთქეს და რომ ადგები და ისევ ხმას მისცემ? მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ, ამ ზამთარს თქვენც დაგაბჟუილებთ ტანში სიცივისგან, აი, ტარიფს რომ გაზრდიან და ვეღარ შესწვდებით, ან გრაფიკზე რომ გადაგსვამენ და საერთოდ გაგითიშავენ. მალე თქვენც დაგაბჟუილებთ და თქვენც დაიჭერთ ხელში ბღუჯა-ბღუჯა ქალს და მერე ნახეთ ქუმსიშვილის ჟრიალ-ბჟუილი, სვანეთში ასვლაც აღარ დასჭირდება საჟრიალოდ. აქვე, ადგილზე იჟრიალებს, თქვენც და ჩვენც კი ხელში ბღუჯა-ბღუჯა ლარი გვეჭირება, მე თქვენ გეტყვით და არ გვაქვს გამოცდილება კუპონების ბღუჯა-ბღუჯა ჭერის? მე თქვენ გეტყვით და „დვიჟოკის“ ამოქოქვა არ ვიცით, თუ რა? მე თქვენ გეტყვით და კორპუსებშუა კოცონის გაჩაღებისა და ზედ ნახევრად უმი სადილის კეთების მარიფათი არ გვაქვს გამოცდილებაში ჩაკირული? ეს იმ თაობამ იკითხოს, მაშინ რომ თოთო, ან თითისტოლა იყო და არ იცის. ეგ არაფერი, ახლა გაიგებს, რა დროშა მისცა მიშამ მაგათ ქვეყანას, საიდან, რა ჭაობიდან ამოათრია, რომ დაიგრძელეს ენები,  დადგმული ცოცხების კადრებზე გამოიშალნენ ქუჩებში და იმის შემდეგ ქვეყანაში ვერ მოხდა ვერაფერი, რომ ქუჩაში ერთხელ გამოსულიყვნენ. მხოლოდ პლანი აღელვებთ. მე იმას არ ვამბობ, რომ ახალგაზრდობა ამაზე არ უნდა გამოსულიყო, დიახაც, უნდა გამოსულიყო, მაგრამ სხვა რამეზე არ უნდა გამოსულიყო? საყდრისზე არ უნდა გამოსულიყო? ან გამწვანებაზე? ან პანორამაზე? კაი, გავიგე, რომ 2012 წლამდე ამ ქალაქში მარტო ნატა ფერაძე ტ…ნაურობდა და 2012 წლის შემდეგ მარტო ნატა ფერაძეს აქვს ფილტვები და მის რამდენიმე ათეულ თანამებრძოლს?

„ქოცობას“ ასაკი არ აქვს. უბრალოდ, არსებობენ ქორფა „ქოცები“ და მწიფე „ქოცები“.

„ქოცებს“ კი სულაც არ აღელვებთ, აშენდება თუ არა ტრამპთაუერი ბათუმში! აბა, ეს ბატონ ბიძინის რემონტებთან რას მოვა? ამაყად გაჰკივიან, საქართველოში ყველა თეატრი გაარემონტაო, თბილისური თეატრების იქით ცხვირი არ გაუყვიათ და გგონიათ, რომც გაეყოთ, დაინახავდნენ, რა დღეშია რაიონის თეატრები? მაგრამ პერიფერიების თეატრები რაში ადარდებდა ბრძენკაცს? პერიფერიის არტისტებს სად ჰქონდათ ის წონა და გავლენა, რაც დედაქალაქის თეატრებში მომუშავეთ ჰქონდათ და აქვთ?

ტრამპთაუერი აღარ აშენდება, არადა, წესით, 2014 წელს უკვე დამთავრებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ მილიარდერმა იმ მილარდერ ტრამპს, მიშასთან ერთად, სულ მატყუარა და აფერისტი ეძახა მაშინ… ტრამპთაუერი არ აშენდება, მაგრამ საკითხავი და შვებისმომგვრელი ისღაა, რა დაუჯდება მაშინ ტრამპისთვის აფერისტის ძახილი ბატონ ივანიშვილს.

ეგ ივანიშვილმა იდარდოს, თქვენ კი ის იდარდეთ, რა დაგიჯდებათ თქვენი არჩევანი. ლარი კუდამოძუებული გარბის, და არც ვინმეღაა დამწევი. აგერ გამოვიდა ღარიბაშვილზე უკეთესი და ბრძანა, რომ მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავიწყოს სავალუტო კურსი და მხოლოდ ფასთა დონის ცვლილებას და ინფლაციას შეხედოსო. ეს ამბავი იცით, რას ჰგავს? მიტუას შარდი რომ ეპარება და ნერვიულობს, ფსიქოლოგთან რომ წაიყვანენ და მერე შედეგს რომ ჰკითხავენ და მიტუა რომ ეტყვის, ისევ მეპარება, მაგრამ უკვე მკიდიაო. რა ჰქვია ამას, სირაქლემის პოზა, თუ პინგვინის პოზა? არ შეხედოთ ვალუტის კურსს, დაიკიდეთო. მამაძაღლი, დაიკიდებდა კაცი, მაგრამ ფასებიც რომ იზრდება? ინდაურს რომ უკვე ბურვაკის ფასი ადევს? ინფლაცია რომ მიდის და მიგლიჯინობს? აგერ, მღებრიშვილი დაწინაურდა, საერთოდ აღარ აქვეყნებს დანაშაულის სტატისტიკას და ყინჩად გაიძახის, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, წლის ბოლომდე არაფერი გამოვაქვეყნოთო, ყველა ისე იგებს, როგორც უნდაო. ტაში, მეგობრებო. კრიმინალი აღარაა ამ ქვეყანაში, რაკი მინისტრი აღარ აქვეყნებს! მშვენიერი გამოსავალია, საარჩევნო წელს სტატისტიკას არ აქვეყნებდნენ, რომ ვერავის გაეგო, ვერავის შეედარებინა წინა წლების აღნიშნულ პერიოდებთან. მშვენივრად გადააბალახეს ქვეყანა სტატისტიკის გარეშეც. მერე რა, რომ ირგვლივ ყველაფერი ხდება და ყველაფერს ვიგებთ, რა ხდება ჩვენ გარშემო? ვიგებთ იმაზე მეტსაც კი, რაც მედიით არც შუქდება _ ობიექტური მიზეზების გამო, უბრალოდ, ყველა დანაშაულზე არაა ინფორმირებული მედია, ვერ ხდება ხმის მიწვდენა საჭირო ადგილამდე. ყველა ყველაფერს ვიგებთ, მაგრამ ლოკალურად ჩვენ გარშემო და ეს არ იხატება ქვეყნის მასშტაბით! არ შევხედოთ ვალუტის კურსს, დანაშაულის სტატისტიკას, ეს გავიგეთ, მაგრამ იმას როგორღა შევხედოთ, ხალხს დასაქმებას რომ ჰპირდებოდით და 10%-იანი შემცირებები რომ დაიწყეთ საბიუჯეტო სექტორში? ჯერ გაბერეთ, ახლა ჩუტავთ, „ნასოსი“ ხართ?

ხალხს თვალებში ნაცარს აყრიან, ხელფასებს ვამცირებთ უწყებებშიო, ქამრებს ვიჭერთო და ამ დროს არ იკითხავთ, რა ხდება, ზოგან ამცირებენ, ზოგან, პირიქით, ზრდიან. სუს-ს 10%-ს უზრდიან ხელფასს, თავდაცვის სამინისტროს 6,4%-ით უმცირებენ, სამაგიეროდ, კულტურის სამინისტროს 5,4%-ით უზრდიან, ნეტავ, რატომ, ახლა ვარძია რომ აგვიფეთქონ კარგად?  განათლების სამინისტროს 6,8%-ით უმცირებენ, ბარემ, სულ გააუქმონ, კომბლე მაინც მოისვენებს.

კომბლეზე გამახსენდა, მხოლოდ ჭეშმარიტ „ქოცს“ შეუძლია ამტკიცოს, რომ კომბლეს და ქართულ ფოლკლორს „ქოცთა“ მწიგნობართუხუცესი ჯეჯელავა კი არა, ამერიკა ებრძვის, კომბლეს გვართმევს!

„ქოცს“ არც ეს აინტერესებს და არც ის, რომ კომბლე საერთოდ არაა სასკოლო პროგრამაში. ჯეჯელევას, კიდევ, სავარაუდოდ, კომბლე ისე აქვს წაკითხული, როგორც მის ბრძენ კაცს _ ყვარყვარე! და კიდევ კარგი, მულტფილმი არ ახსოვს, თორემ, კომბლე იმის გამო დაამუნათა, ეგ რა მეწარმეა, 2 ცხვარი ჰყავდაო და იმ მულტფილმში საერთოდ ერთი ძროხა ჰყავს _ ჭრელა. და ყველამ რომ თავის ბატონის ჭრელას _ ზებრას მიხედოს და ფოლკლორს მოეშვას, ვერა?

და მანახეთ რუკაზე ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც აყვავებულა გადასახადების ზრდით! _ არ არსებობს, ჯეჯელავა თუ არ მიახატავს რამე ახალ გამოგონილ ქვეყანას. მერე რა, მე შენ გეტყვი და „ქოცები“ არ დაიჯერებენ ამ მიხატული ქვეყნის არსებობას, თუ? სადაც მგელი დაიჯერეს ბაჩო ახალაიას „ბალკონზე“, სადაც ის დაიჯერეს, რომ ვინმეს სჭირდება ვიღაცის საშვილოსნო, სადაც დაიჯერეს, რომ თირკმლებს „სუმკით“ დაატარებენ და მიშა კევის მაგიერ ძუძუებს ღეჭავს, მიხატული ქვეყნის დაჯერებას რაღა უნდა? დაიჯერებენ და ჩვეულებრივ ამბად მიიღებენ იმას, რომ თამბაქოზე აქციზი იზრდება _ რითაც ქოცმთავრობას 200 მილიონი შეუვა დამატებით. ჩვენი ჯიბეებიდან, კიდევ, უფრო მეტი წავა, ვიდრე აქამდე მიდიოდა. თან გვარწმუნებენ, რომ, თურმე, ეს ჩვენი ჯანმრთელობის გამო ხდება, რომ, თურმე, ჩვენზე ზრუნავენ! და ჩვენც რომ ვიზრუნოთ მათზე და სულ ალალი გინებით გავუმასპინძლდეთ? სექსი მარგებელია და ეგებ, ასე ვუპასუხოთ მათ ზრუნვას? მაგრამ „ქოცი“ რის „ქოცია“, თუ მიშას ბოღმას მოინელებს და ბიძინას საგინებლად მოიცლის? ან რა „ნამუსით“ აგინონ, ჯერ თავისუფლად ამოასუნთქა და ახლაც მათ ფილტვებზე ზრუნავს, თამბაქოს კვამლი და მავნე მინარევები რომ არ შეისუნთქონ თავისუფლად, იმაზე ზრუნავს!

მარტო სიგარეტის კვამლისთვის კი არა, ავტომობილების გამონაბოლქვისთვისაც ენანებათ ჩვენი ფილტვები და საწვავზეც გაზარდეს აქციზის ფასი. განა, ის 250 მილიონი უნდათ, რომელიც დამატებით შეუვათ. ჩვენზე ზრუნავენ, რომ ბევრმა მანქანამ არ გაგვჭვარტლოს. თურმე, ნუ იტყვით და, თურმე, ესტონურად გვბეგრავენ. თურმე, ხალხის ყვლეფისა და ხალხის გადაკუზვის ამ პოზას ესტონური პოზა რქმევია, მაინც რა ახალი პოზები არ შედის ამ პოლიტ-კამასუტრაში…

მაგრამ რა გინდა, ხალხი მაინც კმაყოფილია. გაგებით ეკიდება ამ ყველაფერს. ის ბრძენი კაციც არხეინადაა და, აგერ, ისევ ხეების დარგვითაა გართული. წინა პარლამენტმა ბუსუსებიანი პრეზერვატივით დაიწყო, ეს პარლამენტიც ამ თემას მიუბრუნდა, წინა პარლამენტში ჯაჭვლიანი და იბიარდი იყო, ამ პარლამენტში კვიციანი და რეზერვუარი არის.

„ქოცები“ მაინც ზურგზე არ ეცემიან. რაც მთავარია, აღარც მიშაა, აღარც ქადაგიძე და ლარს დედაც არ …?

 

რეზო შატაკიშვილი