დეპუტატების დაპირისპირების ფონზე მოსმენილი სუს-ის ანგარიში

19 აპრილს პარლამენტის პლენარულ სესიაზე შემაჯამებელი ანგარიშით წარდგა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური. მიუხედავად ოპოზიციის მოთხოვნისა, არ დახურულიყო სხდომა კითხვა-პასუხის ნაწილში, სხდომის ეს ნაწილი მაინც დაიხურა _ უმრავლესობის თქმით, დეპუტატებს, შესაძლოა, ჰქონოდათ „მგრძნობიარე“ კითხვები სუს-ის უფროსის მიმართ, პასუხების ნაწილი კი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ყოფილიყო.

სხდომის დახურვის თემას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ემზარ კვიციანმა „ევროპული საქართველოს“ ლიდერ გიგა ბოკერიას წყალი შეასხა და არაკაცი უწოდა.

სუს-ის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის დეპუტატებს თავისი უწყების საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის მოკლე ვერსია გააცნო, შემდეგ კი, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, სხდომა დაიხურა. ანგარიში 27-გვერდიანია, ის ოკუპირებული ტერიტორიების ქვეთავით იხსნება და საუბარია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დღემდე არსებულ საფრთხეებზე, მათ შორის, დიდი ოდენობით რუსულ სამხედრო კონტინგენტსა და მზარდ მილიტარიზაციაზე, ანექსიის მცდელობაზე, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციაზე, თავისუფალი გადაადგილებისა და განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვასა თუ „ბორდერიზაციის“ პროცესზე. სუს-ის ხელმძღვანელის განცხადებით, უწყება მუდმივად ახდენს ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს, აქტიურად მონაწილეობს ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. ვახტანგ გომელაურმა გამოსვლისას ისიც აღნიშნა, რომ სუს-ი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რათა გიგა ოთხოზორიას მკვლელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს.

კონტრდაზვერვითი საქმიანობის ნაწილში ლაპარაკია იმაზე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გაზრდილი ნაკადების კონტროლის შედეგად, გამოვლინდნენ პირები, რომელთა ქმედებებში იკვეთება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები და დადგენილია მათი კონტაქტები საქართველოს მოქალაქეებთან. ტერორიზმთან ბრძოლის თაობაზე სუს-ი წერს, რომ საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, თუმცა გარკვეული გამოწვევები მაინც არსებობს, რადგან „ისლამურმა სახელმწიფომ“ და სხვა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა საქართველოს ცალკეულ რეგიონებში მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა შეიძინეს. თუმცა ანგარიშში ასევე წერია, რომ ბოლო სტატისტიკით, შემცირდა ტერორისტულ საქმიანობაში ჩართვის მსურველი, რადიკალიზებული მოქალაქეების რაოდენობა. „2016 წლის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ტერორისტული აქტივობის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 9 საქმეზე, რამდენიმე პირზე დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში ბრალდების მხარის სასარგებლოდ დასრულდა 2015 წელს აღძრული რამდენიმე რეზონანსული სისხლის სამართლის საქმე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

რაც შეეხება პიროვნების პერსონალურ მონაცემთა დაცვას და ფარულ მიყურადებას, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან და ატარებდა ყველა აუცილებელ ღონისძიებას კონტროლის ეფექტიანად განხორციელებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად. საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის მიერ განხორციელდა სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის გეგმური ინსპექტირება, რის შედეგადაც უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისმა დანაყოფმა გაითვალისწინა მათი შენიშვნები და რეკომენდაციები.

კორუფციასთან ბრძოლის საკითხზე საუბრისას გომელაურმა სტატისტიკა მოიშველია და აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში 2016 წლის 1-ლი იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 47 საქმეზე, მათ შორის, ქრთამის აღების _ 22, ქრთამის მიცემის _ 2, თაღლითობის _ 8, კომერციული მოსყიდვის _ 5, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების _ 4, მითვისების ან გაფლანგვის _ 2, სამსახურებრივი გულგრილობის _ 2 და სხვა ცალკეულ დანაშაულებზე. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 59 პირი.

სხდომის დახურვის გამო საზოგადოებამ ვერ მოისმინა ის პოლიტიკური განცხადებები და შეკითხვები, რომლებიც ოპოზიციას ჰქონდა მომზადებული. სხდომის დახურვის თემას ასევე მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანგარიშის მოსმენისთვის, ემზარ კვიციანის თქმით, სხდომის დახურვას აზრი არ აქვს, როცა პარლამენტში უცხო ქვეყნის რეზიდენტი ზის და გიგა ბოკერიაზე მიუთითა. ამ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ მხრიდან სიცილი მოჰყვა. ემზარ კვიციანმა „ევროპული საქართველოს“ დეპუტაციის მისამართით ჯერ წყალი გადაასხა, შემდეგ კი იგი პირადად გიგა ბოკერიას დაუპირისპირდა, „ევროპული საქართველოს“ ლიდერს კალამი ესროლა და არაკაცი უწოდა.

 

„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ გომელაური გაურბის მწვავე კითხვებზე საჯაროდ პასუხის გაცემას, ოპოზიციას კი არაერთი მწვავე შეკითხვა ჰქონდა დასასმელი: „სუს-ი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მართვის მთავარი ინსტრუმენტია და ის არის საფრთხე საზოგადოებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, სხვადასხვა ინსტიტუციისთვის“.

 

„ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი წევრის, გიორგი ტუღუშის, განცხადებით კი, მათი ძირითადი შეკითხვები შეეხებოდა ე. წ. მოსმენების შესახებ კანონს და წინასაარჩევნო პერიოდში სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიებების ბედს, რაც არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოს: „ჩვენ ვიცით, რომ პარლამენტმა და უმრავლესობამ სუს-ს დაუტოვა ე. წ. მოსმენების ფუნქცია. ნამდვილად გვაინტერესებს ბატონი გომელაურისგან იმის მოსმენა, თუ როგორ აპირებს უზრუნველყოს ახალი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დამოუკიდებლობა საკუთარი თავისგან. ჩვენ ასევე ვითხოვთ პასუხს, რა ბედი ეწია წინასაარჩევნო პერიოდში სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებას. გახსოვთ, ალბათ, კვირა ისე არ გავიდოდა, რომ სუს-ის ჩინოვნიკებს არ დაეანონსებინათ ბრიფინგი, სადაც საუბრობდნენ სახელმწიფო გადატრიალების საფრთხეებზე. ჩვენ ისიც გვაინტერესებს, რატომ არის ყოველი არჩევნების წინ სუს-ი აქტიურად ჩართული არჩევნებში და, ზოგადად, პოლიტიკურ პროცესებში“.

სუს-ის საქმიანობას სკეპტიკურად უყურებენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ და აცხადებენ, რომ ამ უწყებისთვის გამოყოფილი არცთუ მცირე რესურსი არასწორად იხარჯება.

 

რომან გოცირიძის განცხადებით, სუს-ი, რომელზედაც ბიუჯეტიდან 127 მილიონი ლარი იხარჯება, მთელ თავის რესურსს პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და მათ მოსმენას ახმარს და არა სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას. გოცირიძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმე ჯაშუშების გამოვლენაა და არა აქტიური მოქალაქეების თვალთვალი.

 

პარლამენტის სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა. ეს გადაწყვეტილება სესიაზე 99 ხმით 16-ის წინააღმდეგ მიიღეს.

პარლამენტის დახურულ სხდომაზე მოსმენილი სუს-ის ანგარიში, ხმაური და დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში „ქრონიკა+“-თან ექსპერტებმა შეაფასეს.

 

ნიკა ჩიტიძე _ პოლიტოლოგი:

_ ვიცით, რომ უსაფრთხოების სამსახური შს სამინისტროს გამოეყო, რაც 2012 წელს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო. უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს და, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებსაც ბევრი შეკითხვა ჰქონდათ, თუმცა სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. მმართველი ძალა ამას ისე ხსნის, თითქოს სხდომაზე ისეთი დოკუმენტებისა და ინიციატივების განხილვა იყო, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს, ამ საკითხზე გახლდათ საუბარი, მაგრამ, მეორე მხრივ, შესაძლებელია, „ქართულ ოცნებას“ მთელ რიგ კითხვებზე არ აქვს შესაბამისი პასუხები. ამიტომ, შესაძლებელია, რომ სხდომის დახურვისთვის ორივე მიზეზი ერთად არსებობდა.

რაც შეეხება ხელჩართულ ბრძოლას, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა და მოგეხსენებათ, პირველ რიგში, არაკონსტრუქციულობით ბატონი კვიციანი გამოირჩეოდა. როდესაც იგი საუბრობს იმაზე, რომ ბატონი ბოკერია გახლავთ უცხო ქვეყნის რეზიდენტი, თუმცა არ ასახელებს, რომელი ქვეყნის და არავითარი წყარო არ გააჩნია, საზოგადოების მოაზროვნე ნაწილს კითხვები უჩნდება ბატონ კვიციანთან. რატომ მოხდა, რომ ის აფხაზეთის ტერიტორიის გავლით ჩავიდა რუსეთში? არსებობს ჩანაწერები კოდორის მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც ის საუბრობს, რომ მას აფხაზეთის ე. წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან გარკვეული კავშირები ჰქონდა და ა. შ. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ აღნიშნული საკითხი ეთიკის კომისიამ უნდა განიხილოს. საერთო ჯამში, ასე მგონია, რომ აღნიშნულ დროს უნდა მოქმედებდეს სისხლის სამართლის კოდექსი. ეს არა მხოლოდ ამ ინციდენტს ეხება, პარლამენტში ცემა-ტყეპა არ იყოს დასჯადი _ არ ჯდება ლოგიკაში.  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მითითებულია კონკრეტული მუხლები, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა არის დასჯადი და არ არის მითითებული, ის პარლამენტის შიგნით ხდება თუ გარეთ. ამიტომ ეს კანონი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს. ამ შემთხვევაში, ალბათ, თუ გამკაცრდება კონკრეტული წესები და დადგება კონკრეტული პარლამენტარისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი, ან მისთვის საპარლამენტო მანდატის გაუქმების საკითხი და ა. შ., ასეთი პრეცედენტები პარლამენტში ნაკლები იქნება. არ მგონია, კვიციანს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივები ჰქონდეს წარსადგენი. ადამიანი, რომელიც რეზერვებსა და რეზერვუარებს ვერ არჩევს, აქედან გამომდინარე, წინა პარლამენტშიც გვახსოვს, ასეთი დაპირისპირებებით სწორედ ასეთი ადამიანები გამოირჩეოდნენ, რომლებიც დიდი ცოდნით ვერ დაიკვეხნიან. მარტო კვიციანში არ არის პრობლემა, აქ კიდევ ერთი საკითხია _ თუ ვინ ირჩევს ამ ადამიანებს და რატომ ირჩევენ? პრობლემაა ის, რომ საქართველოში რამდენად არის განვითარებული პოლიტიკური კულტურა და რამდენად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს იგი? არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ 88 000 ხმა მიიღო, ასევე საინტერესოა და აქ ისმის კითხვა, _ რატომ მიიღო „პატრიოტთა ალიანსმა“ შემოწირულობების სახით 2 მილიონი ლარი? „ქართული ოცნების“ შემდეგ ყველაზე მეტი შემოწირულობა მიიღო „პატრიოტთა ალიანსმა“, რატომ? ეს კითხვაც უნდა არსებობდეს! პარლამენტში კვიციანის არაკონსტრუქციულობა შედეგია იმისა, რომ ის არის პარლამენტში იმ ადამიანებთან ერთად, ვინც აცხადებს, რომ ნატო არ გვინდა და ა. შ. ასე რომ, ბევრი კითხვა არსებობს!

 

პეტრე მამრაძე _ „მართვის სტრატეგიული ცენტრი“:

_ საკითხის შეფასებას დაპირისპირების ნაწილით დავიწყებ: თავის დროზე, 1991 წელს, შესანიშნავმა მწერალმა ვაჟა გიგაშვილმა გამოაქვეყნა წერილი სათაურით: „ლექის აღზევება“. მაშინ, იმ წლებში, სწორედ ლექის აღზევება მოხდა და პოლიტიკაში ცნობად სახეებად მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც თითქოს სრულიად შეუფერებელნი იყვნენ დაწყებული თავიანთი აღზრდით, კულტურით, ზნეობითა და შეუთავსებელნი იყვნენ იმასთან, რომ რაიმე კავშირი ჰქონოდათ სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობასთან. პარლამენტარი სწორედ ასეთი თანამდებობაა. ეს გრძელდება დღემდე. მე მაქვს უფლება, ამ საკითხზე ვისაუბრო, რადგან ბევრს ახსოვს და ვისაც არ ახსოვს, შეუძლია ინტერნეტში ნახოს, როგორ მორბის ჩემკენ „ნაცების“ ცნობადი სახე ბობოხიძე და უწმაწური გინებით როგორ მარტყამს თავის არეში. თავიც კი არ შევატრიალე, არც სიტყვიერად და არც ფიზიკურად, საერთოდ რეაგირება არ მოვახდინე ამ ძალადობაზე ბობოხიძის მხრიდან. სამწუხაროდ, ეს გრძელდება, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ისტორიული პროცესია, ზოგმა ქვეყანამ გაიარა და ზოგიც უბრუნდება ასეთ რამეს. ჩვენთან იკავებენ მაღალ თანამდებობებს, მათ შორის, სახელმწიფო პოლიტიკურს, ვინც თავიანთი იმ თვისებებით, რომელიც ჩამოგითვალეთ, არანაირად არ პასუხობს იმას, რაც უნდა ჰქონდეს ერს, რომელსაც, ჯერ კიდევ, თამარ მეფის დროს ჰყავდა დარბაზი, სადაც დარბაისლური ქცევებით გამოირჩეოდნენ. წესით და რიგით, პარლამენტი უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკის ნამდვილი ტაძარი.

რაც შეეხება სუს-ის უფროსის ანგარიშის მოსმენას დახურულ რეჟიმში _ ორივე ფაქტორს შეიძლება ჰქონდეს ადგილი _ როცა სუს-ის მოხსენებაა, ბევრგან უშიშროების სამსახურისა და მისი მოხსენების რაღაც ნაწილი პარლამენტში თუ კონგრესში მიმდინარეობს დახურულ კარს მიღმა, რაღაც ნაწილი სრულიად ღიაა და კიდეც ქვეყნდება ანგარიშები გერმანიაში იქნება ეს, აშშ-ში თუ სხვაგან, მაგრამ აქ გამიჭირდება თქმა, რომელმა ფაქტორმა უფრო იმოქმედა, ვინაიდან მგრძნობიარე თემები შეიძლება არ შეადგენდეს სახელმწიფო საიდუმლოებას, მაგრამ, სამაგიეროდ, მერე საზოგადოებასა და მედიაში მისცემს ისეთ ბიძგს გაშუქებისთვის, რომელიც მტკივნეული იქნება ზოგიერთი ადამიანისთვის და ა. შ. რთული სათქმელია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, _ მეორე ფაქტორმა, რომ ხელისუფლებას არ აწყობდა პარლამენტში ხმაური, ამან გარკვეული როლი ითამაშა.

 

ვაჟა ბერიძე _ პოლიტოლოგი:

_ მოგეხსენებათ, უშიშროების სამსახური სპეციფიკური სტრუქტურაა, სუს-ი სპეციალურ მიმართულებებზე მუშაობს და ის არის ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში მაინცდამაინც მკაფიო კონტურები არ აქვს. იმდენად ვერ იპოვა ამ მიმართულებამ თავისი ადგილი ჩვენს ხელისუფლებათა დანაწილებაში, რომ პრეზიდენტთან არსებული უსაფრთხოების სამსახურის მთლიანად გაუქმებასაც კი აპირებდნენ. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ პოლიტიკურ კლასს მკაფიო წარმოდგენა უსაფრთხოების საკითხებზე არ გააჩნია. ჩვენ ცოტა დრო გვაქვს დამოუკიდებლობის პირობებში ჩვენი ეროვნების დაცვის და მაინც მიმაჩნია, რომ სხვათა მოიმედეობაზე ვართ ყოველთვის დამოკიდებულნი. მაგალითად, პირველ პერიოდში, 1991-1992 წლების გადატრიალების შემდეგ, ძირითადად, რუსული სპეცსამსახურების გავლენა იყო ამ მიმართულებით, შემდეგ უკვე თანდათან შეერთებული შტატები ხდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი პოლიტიკური ელიტა თითქოს ფიქრობს, რომ ამერიკული და სხვა, დასავლეთთან აპელირებული სპეცსამსახურები უზრუნველყოფენ მის უსაფრთხოებასაც. ჩემი აზრით, ასე იმიტომ ხდება, რომ ჩვენი ქვეყანა არის ეკონომიკურად ღატაკი, გაჭირვებული, ეს კი ძალიან ხარჯტევადი მიმართულებაა. პარალელი რომ გავავლოთ ისრაელის სპეცსამსახურების საქმიანობასა და ქართულს შორის, კაცმა რომ თქვას, ამოცანა ჩვენ არანაკლები გვაქვს გადასაწყვეტი დამოუკიდებლობის პირობებში, ვიდრე ისრაელს მრავალი ათეული წელია და ამ დროს ისრაელის სპეცსამსახურისთვის მიმართული ხარჯები არის ფანტასტიკური რაოდენობის ჩვენს ძალიან მწირ და ღატაკ ბიუჯეტთან შედარებით. დამოუკიდებლობის მთელი პერიოდის მანძილზე უსაფრთხოების თემა განიხილება, როგორც ხელისუფლებაში მყოფი ძალების, ან პიროვნების მომსახურე სტრუქტურა. თავისი ბიოგრაფიის განმავლობაში ეს სტრუქტურა, ძირითადად, მუშაობადა არა საგარეო საფრთხეების ნეიტრალიზებაზე, არამედ ხშირად ასრულებდა პოლიტიკურ დაკვეთას პირველი პირის, ან ხელისუფლებაში მყოფი ძალის. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ამის გათვალისწინების გარეშე, რას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახური, ძალიან ძნელია, კონკრეტული ფაქტი შეაფასო. ჩემი აზრით, პარლამენტში სუს-ის ანგარიშის განხილვა უნდა მოხდეს დახურული ფორმატით. თუ პოლიტიკურ კლასსა და მის განსაკუთრებულ ნაწილს _ პარლამენტს, საქმის კურსში ჩაყენება უნდა, ანგარიშის მოსმენა და შეფასება, საკითხი ჯერ სამუშაო ვითარებაში, ანუ დახურულ ფორმატში უნდა იყოს დამუშავებული და არა პარტიული კინკლაობის პრიზმაში. მაგალითად, „ნაციონალები“ და ხელისუფლება, „ევროპული საქართველო“ და ხელისუფლება და ა. შ. არამედ, უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც არის მყარი, მკაფიო, გამოკვეთილი და რომელსაც ჰქვია ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცება, სუვერენიტეტის დაცვა და, ბოლოს და ბოლოს, პასუხის გაცემა კითხვაზე, _ დამოუკიდებლად არსებობის უფლება საქართველოს აქვს თუ არა?! უსაფრთხოება არის ის პრიზმა, რომელსაც ამ საკითხზე მსჯელობა ეკუთვნის, მოცემულ შემთხვევაში, ქვეყნის პირველ პირებსა და პარლამენტს, მათ ეს უეჭველად უნდა მოისმინონ დახურულ ფორმატში. ის რეციდივები, რაზედაც ოპოზიცია მიუთითებს, ჩემი აზრით, ყველა ბოლომდე გამოსაძიებელია, რადგან ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დადგეს პერიოდი, როდესაც უსაფრთხოების სამსახური არ იქნება პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტი. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ისეთ მდგომარეობამდე მივალთ, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობა დადგება ეჭვქვეშ და შეიძლება ხუხულასავით დაინგრეს იმიტომ, რომ ჩვენ ახლა, ფაქტობრივად, ვარკვევთ _ შეგვიძლია დამოუკიდებლად არსებობა თუ არა? ნაცვლად იმისა, რომ ამას თვითონ დამოუკიდებლად ვაკეთებდეთ, ვეძებთ ახალ იმპერიულ წიაღს, რომელსაც თავს შევაფარებთ. აქ გაბატონებულია მოსაზრება, რომ თუ რომელიმე დიდმა ქვეყანამ არ დაგვიჭირა მხარი, ჩვენ დამოუკიდებლად არსებობას  ვერ შევძლებთ, რაც, ჩემი აზრით, არ არის ცალსახა და ამას დაფიქრება უნდა. მე ეჭვქვეშ არ ვაყენებ შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას, მაგრამ აშშ-ს მოიმედეობას, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს. „ტრამპის ეფექტმა“ ბევრი რამ გამოამზეურა და რთული საკითხების წინაშე დავდგებით. სუს-ის ანგარიშის შესახებ ბევრი არაფრის თქმა შეგვიძლია, რადგან ისეთ თემებზეა საუბარი, რომლის შესახებ ჩვენ არ ვართ ინფორმირებულნი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეტი საჯაროობა არის სფერო და მიმართულება, სადაც უფრო საჯარო უნდა იყოს სპეცსამსახური, რაც სასურველი და აუცილებელია.

რაც შეეხება ფიზიკურ თუ სიტყვიერ დაპირისპირებას, ჩემი აზრით, ემოციური ფონი არანაირ ღირსებას არ ჰმატებს ჩვენს პარლამენტს. რა თქმა უნდა, დაუშვებელია, რდესაც ადამიანს არ ეთანხმები პოლიტიკურად, ან მასთან გაქვს რთული ურთიერთობა და უნდა გაუსწორდე ფიზიკურად, ეს ჩვენი ქვეყნის პრესტიჟს და საზოგადოების თვალში პარლამენტის ავტორიტეტს არაფერს ჰმატებს. ამ შემთხვევაში, ემზარ კვიციანს ვთხოვდი, რომ მომავალში მსგავსი ექსცესები არ განმეორდეს.

თამარ ბატიაშვილი