დენ სიაო პინი, პოლიტიკოსთა ვარსკვლავთცვენა ჯავახიშვილზე და ნარმანიას ბოლო თბილისობა… მერის რანგში

კატალონიის რეფერენდუმზე ვიტყვი ჯერ: როცა ბარსელონას „ნოუ კამპის“ ცარიელ ტრიბუნებს შევხედე, თენგიზ კიტოვანი გამახსენდა. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ თუ კატალონიელები გაქირზე დადგებიან, კარგა ხანს ნგრევა-წეწვაში იქნებიან. სრულიად ევროპა ესპანეთის ერთიანობის მომხრეა. მეტს ამ თემაზე არაფერს ვიტყვი, ვირთან ერთად მოგზაურ მამა-შვილს რომ არ დავემსგავსო. სეპარატიზმი, თქვენი არ იყოს, არც მე მეხატება გულზე და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გარდაცვლილი სეპარატისტი ისეთივე ძვირი სანახავია, როგორც ხორცი მაცივარში.

 

როცა კატალონიელი დასტაქრები პოლიციელებისა და რეფერენდუმელების დაკა-დაკაში დასისხლიანებულებს იარებს უწმენდნენ, მოსკოვის სამედიცინო პერსონალი ბიზნესმენ ბახტიატ სალიმოვს ადგა თავზე. ახალგაზრდობის ბოლო შეტევაში მყოფმა, 45 წლის სალიმოვმა, თავისი სექსუალური შესაძლებლობანი გადაჭარბებით შეაფასა და 48 წლის რუს ბალერინას, ანასტასია ვოლოჩკოვას კინაღამ… დააკვდა. რუსული მედიის ცნობით, ზურგი სასტიკად ასტკივდა და ხახამშრალად დარჩენილმა ბალერინამ სასწრაფო ორჯერ გამოიძახა. საკვირველია, პირველი გამოძახების შემდეგ რაღა ესექსებოდა. ამის წერის დროს ხმამაღლა გამეცინა და კასპელმა გივიამ, რომელიც ყავას სვამდა, მაგიდის მეორე ბოლოში გაკვირვებით შემომხედა. ავუხსენი, რაც ხდებოდა. როცა ანასტასიას ფოტოს დახედა, სტალინური ულვაში ააცმაცუნა: ასეთები მოგვცა კასპში წელის მოსარჩენადო… და შემომჩივლა, _ მაინც, რა უკუღმაა მოწყობილი ქვეყანა, მე „ნასილკის“ ქაჩვით მაქვს ჩაქცეული გვერდები და დახე, რა „მაროჟნივით“ კაცები დადიან ქვეყანაზეო.

თუ როგორ შეაფასეს თავიანთი შესაძლებლობანი საქართველოს ახალი სახელმწიფო ბიუჯეტის შემდგენლებმა (რა თქმა უნდა არა ის, რაც ბახტიატ სალიმოვმა), ამას მაშინ გავიგებთ, როცა ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყება, ახლა კი გვითხრეს, რომ იგი 949 მლნ ლარით გაიზრდება და ჯამური თანხა 12 მილიარდს გადააჭარბებს. პენსიონერების საყურადღებოდ: ვერც ამ წელს მიიღებთ 180 ლარზე მეტს. არადა, დიდი იმედი მქონდა, რადგან სახელმწიფო, თურმე, 2 მილიარდის სესხის აღებას აპირებს. ორ მილიარდს თუ მასესხებ, 949 მილიონით კი არა, მილიარდნახევრით გავზრდი ბიუჯეტსო, _ ამბობს ჩემი ეზოს პარლამენტის სპიკერი, ომარა ქეციანი. _ რატომ ორივეთი არაო? _ ეკითხებიან. _ ნახევარ მილიარდს ჩემს საყვარელ მეზობლებს მოგახმართ, _ პასუხობს ქეციანი და ყვარყვარესავით ბუტბუტებს: მანამ არ აგიდგათ გვერდებიო.

ერთი თქვენიც, სანოტარო ბიუროა თუ საკრებულო, ჩემდა თავად აქ გამჩერებელიცო და ალეკო ელისაშვილმა ვადაზე ადრე დატოვა საკრებულო, თანაც ოპოზიციონერ დეპუტატებსაც მოუწოდა, სამი კვირა დარჩა ამ საკრებულოს აღსრულებამდე და მთლად საფლავში ნუ ჩაჰყვებითო. მათ კი ელისაშვილის ამ ნაბიჯს „პოპულისტური“ უწოდეს: თუ წასვლა უნდოდა, მოსამართლე ნაზღაიძეს რომ კანფეტივით მიართვეს ჰექტარი მიწა, მაშინ დაეტოვებინაო.

მთავარი მეხი კი სახელმწიფო აუდიტის ნაცრისფერ, ძნელადმოსავლელ შენობაში გავარდა. ახალმა უფროსმა, ნოდარ ჯავახიშვილის გარდა, ყველა მოადგილეს გამოუცხადა: ძვირი იყოს თქვენი ფეხი ამ დაწესებულებაშიო. ასეა ეს ცხოვრება მოწყობილი, ზოგს უშვებენ, ზოგი თავისით მიდი-მოდის.

როგორც იქნა, ბრიტანელებსაც გაუჩნდათ ობიექტური სინამდვილის ასახვის სურვილი ჩვენი ბედკრული სამშობლოს მიმართ და საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამმა“ დაასკვნა, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად სამ კერძს მიირთმევენ: შემწვარ კარტოფილს, ლობიოსა და აჯაფსანდალსო. ჰო, მიირთმევენო, თორემ კი არ უყვართო. ეჰ, ეს ახლა მივირთმევთ, თორემ ზამთარში ესეც აღარ გვექნება. იგივე ორგანიზაციის კვლევით (მაინც მაგარი „გამოკვლეულია“ ეს „ოქსიფამა“), როცა ჩვენ ლობიოში მჭადს ან პურს ვიყრით, თურმე, სამეგრელო-ზემო სვანეთში საცივი ყელში აქვთ ამოსული. თქვე ჩერჩეტებო, სამეგრელოში საცივს კი არა, მეგრულ ხარჩოს ჭამენ, რომელიც, აგრეთვე, ნიგვზით მზადდებაო, _ ამბობს „ლუნახოდი“ ლამარა.

მთავარი მოვლენები თბილისის ნარმანიას სახელობის მერიასთან განვითარდა. „ნარმანიას სახელობის“ ტყუილად არ მითქვამს, მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, რაც მერი იყო, ის „სასტავი“ ჰყავდა. კარგა ხანს იბრძოლეს ზალიკომ, ნიკანორმა და მათმა მომხრეებმა, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მერი ზღაპრული მზეთუნახავივით შეინახა სამართალდამცველთა ეშელონმა. „ენმ“ ამჯერადაც ხელმოცარული დარჩა და ვერც იზამს რამეს, სანამ სხვა პარტიები სეირს უყურებენ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ არჩევნების მერე ადგილობრივი ხელისუფლება მკვეთრად ორპარტიული იქნება. ნეტავ, არ ახდეს, მაგრამ როცა მხოლოდ ორი ფალავანი ჭიდაობს, მესამე ყოველთვის ზედმეტია. ჭიპზე რომ გასკდეს, ბრინჯაოზე ზევით ვერ ახტება.

„ოცნების“ გამარჯვების ხუთი წლისთავზე „მდაბიური“ ენით რომ ვთქვათ, ქართული სასამართლო მსოფლიო რეიტინგში 89-ე ადგილზეა. ფიფას რეიტინგისა არ იყოს, სასამართლოც ავადაა ქართული ფეხბურთივით და ორივეგან ან მოთამაშეები უნდა გამოიცვალოს, ან მათი მწვრთნელები. იცოცხლეთ, სისტემის შეცვლა სჯობს, მაგრამ, ჯერჯერობით, ეს ჩვენთვის ისევე წარმოუდგენელია, როგორც… როგორც თუნდაც გიორგი ვაშაძის თბილისის მერობა. ეს გუგავაც აგვიანებს მოსვლას, ან სხვა მხარეს ხომ არ წავიდა? ნეტავი, ეგეთი სუფთა ხელები და წარსული ჰქონდეს ყველას, მაგრამ ისეთი პირი უჩანს ამ არჩევნებს, რომ კამათელიც გაგორებულია და გამგორებლის კოჭიც ალჩუზე ზის!

ზუგდიდში კი ახალი საფეხბურთო სტადიონი შენდება, რომელიც სასაკლაოს, ანუ „ბოინს“ უფრო ჰგავს: ბეტონის ღობე, რომელზეც, სავარაუდოდ, სარეკლამო ფარები უნდა განთავსდეს, ზედ სათამაშო მინდორზეა მიბჯენილი და აუტის ან კუთხურის ხაზს გაცდენილი, შეიძლება ისე შეასკდეს, აღარცერთმა საავადმყოფომ აღარ მიიღოს. გაფუჭებულ საქმეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ ზვიად (დომენტი) სიჭინავას აბრალებს, ის _ მუნიციპალიტეტს და ორივე ერთად _ მშენებლებს. სამშენებლო კომპანია არქიტექტურის სამსახურისკენ იშვერს თითს. ერთი რამ ცხადია, ეს არის მსოფლიოში პირველი საფეხბურთო მოედანი რკინის რობოტებისთვის, რადგან ჩვეულებრივი ადამიანისთვის იგი სასიკვდილო საფრთხის შემცველია.

სამშაბათ დილით „ნაციონალი“ ლევან ხაბეიშვილი პროკურატურაში დაიბარეს, რატომ? ჩემთვის ორი ვერსიაა ცნობილი: ერთი, ხაბეიშვილის, მეორე კი _ პრემიერ კვირიკაშვილის. თავად მე ერთი რამ დავინახე, რამდენიმე კაცი ებდღვნა ლევანს, მომიტინგეებიდან გამოათრია და ჯიკავ-ჯიკავით შეაგდო მერიაში. რტყმევა-რტყმევითო, _ ამბობს ხაბეიშვილი. პრემიერ-მინისტრი კი პირიქით, შეუძლოდ გახდაო და მერიის თანამშრომლები ასულიერებდნენ და ეხვეწებოდნენ, გარეთ არ გახვიდე, შვილო, პულსი გაქვს აჩქარებულიო… „ღვინის ქურდების“ ელიბოსი არ იყოს: ჩემს მარანში რა გინდოდათო? მერიაში როგორ მოხვდა ხაბეიშვილი, ანდა როგორ შეამჩნიეს უსაფრთხოების სამსახურის ყოჩაღმა ბიჭებმა, პულსი ჰქონდა აჩქარებული, თუ კუჭში იყო შეკრული? ეტყობა, ფერი არ მოეწონათ მისი და სამკურნალოდ შეათრიეს მერიაში.

ადგილობრივთა საყურადღებოდ! სოფელ ნატახტარში, საგურამოსა და დიღომში სახელმწიფოს დაუბრუნდა 45650 კვ.მ. მიწის ფართობი, რომლის საერთო ღირებულება, დაახლოებით, ერთ მილიონ ლარს შეადგენს. გამოძიებამ 14 ადამიანის დაკითხვა დაიწყო და დაადგინა, რომ მათ დაამზადეს 1997-98 წლებით დათარიღებული ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის თანახმადაც, ეს ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცათ. ახლა ამათ თავისი კაცი თუ არ ჰყავდათ ქონების სარეგისტრაციო კანტორაში, ამ ოპერაციას როგორ ჩაატარებდნენ? მაგალითად, მე, საუცხოეთო პასპორტის აღება ერთ კვირით გამიჯანჯლდა იმის გამო, რომ 1983 წელს აღებულ ერთ-ერთ საბუთში ვიღაც ჩინოვნიკმა დაბადების თარიღის 15 დეკემბრის მაგივრად, რატომღაც, 27 აგვისტო ჩამიწერა. ამათმა კი, ლამის, 46 ათასი კვ.მ. ფართობი (მეტი კი არაა ზოგიერთი სახელმწიფო) მიითვისეს და 20 წელი კრეფდნენ იქ ვაშლსა და ღოღნაშოს.

გაჩერება პირველი: „საზმაუს“ მორიგი გადაცემა „არჩევნები“ ამბროლაურში ჰქონდა. წამყვანმა „ოცნების“ ადგილობრივი მერობის კანდიდატ ზვიად მხეიძეს მიმართა: გაქვთ თუ არა კონკრეტული გეგმა, რაც შეაჩერებს მიგრაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტიდან? იმან უპასუხა: რა თქმა უნდა, მტკივნეული თემაა ყველა ქართველისთვის, ყველა რაჭველისთვისო… და მოჰყვა მერე ისე, როგორც „ოცნების“ სხვა კანდიდატები სხვა მუნიციპალიტეტში. მე, თქვენს მონა-მორჩილს, ამის ყურება-გაგონებაზე ისე გადმომეკარკლა თვალები, რის საშუალებასაც ბუნება მაძლევს. საქმე ის არის, რომ ამ ექვსიოდე თვის წინათ მე და ჩემი მეგობრები ფილმს ვაკეთებდით ამბროლაურზე და აღტაცებულნი დავრჩით იმის გამო, რომ რაჭის ამ ულამაზეს ადგილებს უკანასკნელ წლებში ათასობით წასული დაუბრუნდა და მათი მიგრაციის პრობლემა აქ არ დგას, უფრო სხვა პრობლემებია. ონის მუნიციპალიტეტი რომ იყოს, კიდევ ჰო: მშობიარე ქალს მუცელი რომ ასტკივდეს, ამბროლაურში მიარბენინებენ იმიტომ, რომ ონში, თითი რომ გაიჭრა, იქაურ ექიმს უფლება არ აქვს, გიმკურნალოს. ასე ადგილობრივები ამბობენ, თორემ მე პირადად რაჭაში, უმადური ადამიანებისგან ოტებული, საწყალი იური ბურდილაძის, ერთ დროს მქუხარე სახელის მქონე ექიმ-ფიტოთერაპევტის, მოსანახულებლად ვიყავი ჩასული. კაცს პენსია რამდენიმე თვეა, გაყინული აქვს და ნახევრად მშიერია. იქნებ, ვინმემ მიხედოთ საარჩევნოდ მაინც, თორემ ზამთარში გაიყინება.

„აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების“ სოხუმში მოქმედმა საქველმოქმედო საზოგადოებამ ახალი სიზმარი ნახა და კრემლისგან უხვად დაფინანსებულ „სპუტნიკზე“ გაეროსა და იუნესკოს მიმართა, _ არიქა, გვიშველეთ, ჩვენი ტაძრები საქართველოს გამანადგურებელი პოლიტიკის შედეგად დაღუპვის პირასააო. ამ დროს არავითარი აფხაზური ტერიტორია და ტაძრები არ არსებობს, ერთიც საქართველოსია და მეორეც. ამ მიმართვის ავტორები ცდილობენ, ოკუპაციის პერიოდში მათ მიერ იავარქმნილი და გადაღებილი ხელოვნების ნიმუშები (ილორი, ბედია) ქართულ „ხელს“ გადმოაბრალონ. ეს განცხადება იმდენად ცინიკური გახლდათ, რომ თვით კულტურის მინისტრმა ინება „პირიდან ფაფის გამოღება“ და… ამის საპასუხოდ ჩვენ რიგგარეშე ანგარიშს კიდევ გადავუგზავნით, სადაც ჯერ არსო, _ განაცხადა მიხეილ გიორგაძემ და კეთილი ნების უნამუსო ელჩები ქართული კვალის წაშლის მიზანმიმართულ ქმედებაში დაადანაშაულა.

ალეკო ელისაშვილმა კი კახა კალაძე გამოიწვია დუელში, არც შუამავლები მჭირდება და არც სეკუნდანტებიო. ბიჭი ვარ და მოვდივარ და ბიჭი ხარ და დამხვდიო. ეს დუელი თქვენ პუშკინის და დანტესის დუელი არ გეგონოთ, უფრო ილფისა და პეტროვის „ოქროს კერპის“ ორი კომიკური პერსონაჟის _ მიხეილ სამუელოვიჩ პანიკოვსკისა და შურა ბალაგანოვის ჩერნომორსკულ ჩხუბს ჰგავს. როგორც ოსტაპ ბერტა მარია ბენდერი იტყოდა, დამარცხებული მაშინვე კატლეტად გადაიქცევა. გამარჯვებულს და დაღლილს მერე ან ზალიკო შეჭამს, ანდა კუკავა, რა სათქმელია და, გუგავა მოვა!

საქართველოს პარლამენტს გუგავას აჩრდილი არ ასვენებს, უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურორ ლუცენკოს კი _ მიხეილ სააკაშვილის. „სააკაშვილი ითხოვს, მიენიჭოს სტატუსი, რომლის მიხედვითაც ის დამატებით დაცვას საჭიროებს“, _ განაცხადა მისმა ადვოკატმა მარკიან გალაბალამ. მისცემენ ვაია და არ მისცემენ, _ უი! 17 ოქტომბრის მერე გადაწყდება სტატუსობა და უსტატუსობა. მოგეხსენებათ, მიშას იმ დღეს მიტინგი აქვს კიევში. ისიც მოგეხსენებათ, რომ ზოგიერთი ასეთი მიტინგის მერე სააკაშვილს ვიღაც-ვიღაცებისთვის კი არა, პრეზიდენტობისთვის დასხმული ჩაის დალევა აქვს ტრადიციად!

არჩევნების პერიოდში, როგორც ყოველთვის, კვლავ გამოჩნდა შალვა რამიშვილი. ეტყობა, წელს პატრონებმა მოქმედების დიაპაზონი შეუზღუდეს და როგორც ახალდაჭედილი მოზვერი, მხოლოდ ახლა გამოაგდეს არენაზე. საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, ბაზალეთში ნაჭამი სირცხვილის შემდეგ, მისი აქციები ლარის კურსივით დაეცა. ახლა გამოჩნდა, თუმცა ნიძლავს ჩამოვალ, 21 ოქტომბრის მერე ახალ არჩევნებამდე დაიკარგება. პირდაპირ გეტყვით, არჩევნებზე დიდი ფული ტრიალებს და ისიც თაფლზე (არ მინდა ამ გაზეთში სხვა სიტყვა ვიკადრო!) გაწუწკებული ბუზივითაა. ისე, ყინჩად კი ეჭირა თავი და სიტყვებსაც დაუბრკოლებლად ისროდა.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IჭF) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომამ საერთაშორისო შეჯიბრებებიდან ერთი წლით მოკვეთა ჩინეთის, რუსეთის, ბელარუსის, თურქეთის, ყაზახეთის, უკრაინის, მოლდოვის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ძალოსნები. მათ დოპინგ-ტესტები ჩააგდეს. „ჰოდა, შეუკარით ტალახაძეს ზურგსუკან ხელები და პირველი ძალოსანი იქნება ისტორიაში, რომელიც კუტათი მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს“, _ აცხადებს ქართველი გულშემატკივარი. ლაშა ტალახაძე, მოგეხსენებათ, მძიმე წონაში ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია.

პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციაში გაემგზავრა ყველა ბრუნვაში ნატრიალებ ბუკიკიოსთან შესახვედრად. არ ვიცი, წვიმის ბრალი იყო, არ ვიცი, საგანგებოდ შეიარა თუ არა სალონში, მაგრამ მისი ვარცხნილობა ოთხშაბათ დილას ასო „ჭ“-ს ჰგავდა.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო სამინისტროს სირიის სახალხო საბჭოს დელეგაცია სტუმრობდა ბოსნია-ჰერცოგოვინაში შემავალ ე.წ. სერბთა რესპუბლიკის წარმომადგენლებთან ერთად. დასხდნენ აქაური, სერბელი და სირიელი სირები და მახათები მოიმარჯვეს. პუტინის აფხაზმა ნაცვალმა ხაჯიმბამ განაცხადა, იმედია, საერთო ენას გამოვნახავთო. რასაც ხაჯიმბა გამონახავს, არავის გაუყოს, უცხოელ სირებს კი თავისი სირობა თავზე გადასდით.

„ეროვნული ბანკის“ შეფმა საზოგადოებას ახალი ვიდეორგოლი წარმოუდგინა სახელწოდებით: „რა არის ფინანსური პირამიდა“. ვიდრე კობა გვენეტაძე რგოლაობს და პირამიდაობს, მისი ხელმოწერით გამოშვებულ 5-ლარიანებს „ლიბერთი ბანკის“ არც ერთი აპარატი არ იღებს: ან ახალი ქაღალდი არ ევასება, ან _ ბატონი კობა. თუმცა ამ ღონისძიებებს რომ „სასტავი“ ესწრებოდა, მავანი 5-ლარიანის კი არა, ოცლარიანის ხელში დაკავებას აღარ კადრულობს!

ამ კვირაში ახდა მინისტრ ჯეჯელავას ნატვრა: ზოგიერთ სკოლაში ვაშლების დარიგება დაიწყეს. ამას „ჯანსაღი ცხოვრების კამპანია“ დაარქვა „ჭკვიანმა ხალხმა“. როგორც ყვარყვარე თუთაბერი იტყოდა, _ დღეიდან ბოლშევიკურად უნდა ვიმუშაოთ და ვისწავლოთო. ახლა ჩვენი კუდრაჭა გოგო-ბიჭები ვაშლებს ახრამუნებენ, პედაგოგები და მანდატურები კი ნერწყვს ყლაპავენ. ვინაიდან ახლოსაა ციტრუსების სეზონი, განათლების მინისტრს უფასო რჩევას მივცემ: ხახამშრალ პედაგოგებს თითო თუ არადა, ჯანი გავარდეს, ნახევარ-ნახევარი მანდარინი მაინც დაურიგეთ, ე, ბიჭო, იწამეთ ღმერთი და მაგათ საცოდაობას ნუ მაყურებინებთ! თან ეს აკადემიური მოსწრების დონესაც ასწევს, მანდარინნაგემი მასწავლებელი ვაშლით გატიკნილ მოწაფეს იმ ნიშანს მაინც დაუწერს, რაც ეკუთვნის.

რომ გითხრათ, მთელი ქვეყანა მოუთმენლად ელოდა პრეზიდენტ მარგველაშვილისა და პარლამენტის „შესანიშნავი შვიდეულის“ შეხვედრასო, არ ვიქნები მართალი. სხვისი რა მოგახსენოთ და მჯეროდა, რასაც შეიტანდნენ, ისევ იმას გამოიტანდნენ, თუმცა ამჯერად კორექტულად დაშორდნენ ერთმანეთს და არ უთქვამთ: თუ შენ რამეს მიპირებ, მაშინ დედას გიტირებო. ამ მხრივ, პროგრესი არის, თუმცა ყველამ იცის, რომ მარგველაც და ვანოს „შეშინებულნიც“ ბედკრული „ოცნების“ შვილები არიან. თუ ამათ შეკრებაზე პოლიტიკოსს, წამლად რომ გდომოდა, ვერ შეხვდებოდით, სამაგიეროდ, ჯავახიშვილის ქუჩაზე „ლეიბორისტების“ ოფისში ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იყო. ყველა ყოფილი ცოცხალი პარლამენტის თავმჯდომარე აქ იყო, თვით ივანიშვილის ერთ დროს დიდი ფალავნის, დავით უსუფაშვილის ჩათვლით. 2012 წლის ოქტომბერში ამას ვინმე წარმოიდგენდა?! სწორედ მაშინ არ იყო ზენიტში ნათელაშვილისა და ივანიშვილის „დაუცხრომელი ურთიერთსიყვარულ-პატივისცემა?“ რაზე ითათბირეს, არავინ იცის. მედიისთვის ლიდერთა საფიხვნო დახურული იყო. იმედია, ქართული პოლიტიკის ალუდა ქეთელაურის, იგივე შალვა ნათელაშვილის „გზიანი“ სიტყვები დაამშვენებდა ვარსკვლავთცვენას. ის კი არა, პრეზიდენტის დღევანდელი ადგილსამყოფელის ერთადერთი პოლიტიკოს-ბინადარი, მარად ახალგაზრდა და უსიმპათიურესი ფიქრია ჩიხრაძეც იმ დღეს, ქართველ დენ სიაო პინად გადაქცეული, ბატონი შალვას საპატიო სტუმარი იყო.

უჰ, დავიღალე. ამდენ ქაქანში, ლამის, სული გამძვრეს.

კიდევ კარგი, მეორე გაჩერებაა: გერმანიის ქალაქ მიუნსტერის სასამართლომ დაადგინა, რომ ყავა და ფუნთუშა სრულფასოვან საუზმედ არ ითვლება და საუზმე ცივი ხორცისა და ყველის ნაწარმსაც უნდა შეიცავდესო. სარჩელი საგადასახადო სამსახურმა შეიტანა, მოპასუხე კი ერთ-ერთი კომპანია იყო, რომელიც თანამშრომლებს უფასო საუზმით უზრუნველყოფდა, რის გამოც (კარგად გაიგონეთ კანონების საცოდავო ქართველო მომგონებელო-დამწერებო!) გადასახადს არ იხდიდა!!! უტუ ხელისუფლებისთვის (ძველებისთვის, დღევანდელისთვის და აწი, თუღა მოვა, იმისთვისაც!) ვიმეორებ, კომპანია გერმანიაში გადასახადს არ იხდის, თუ თანამშრომლებს, რომელთა ხელფასებიც აქ არც დაგესიზმრებათ (გამგებლები და მინისტრების გარდა!), უფასოდ აჭმევს საუზმეს, რომლის მენიუსაც მკითხველს აღარ შევახსენებ, რადგან ჩვენთან წითელ წიგნში შეტანილი პროდუქტებითაა გამოტენილი. გერმანიის ამ ქალაქის სასამართლომ კი დაადგინა: თუ კომპანია ყავისა და ფუნთუშის გარდა ცივ ხორცსა და ყველის ნაწარმსაც (რა ვქნა? აქ გამოტოვება აღარ გამოდის) მიართმევს თანამშრომლებს, საგადასახადოს სარჩელს არ დავაკმაყოფილებო. აი, ეს არის სასამართლო და არა ის, იმაზე რომ აქვს თვალები დაპრაწული, არიქა, კაი ნაჭერი მომიზომეთ დედაქალაქის მიწებიდანო! აი, ესაა თავი და თავი იმისა, რატომ „დროშა ვერ დაკიდენ!“

სხვათა შორის, შედგა ახალი ფორმატით წარმოდგენილი „კომედი შოუს“ პრემიერა. ძალიან მაგარი იყო! განსაკუთრებით ნიკა არაბიძის ფრაზა: „ეს უნდა იყოს მესამე კლასში და კვიციანი პარლამენტში უნდა იჯდეს?!“ მხოლოდ კვიციანი, ბატონო ნიკა?! ჰა და ჰა, 10-15 მართლა უნდა იჯდეს პარლამენტში, ერთი ამდენი გისოსებს მიღმა, დანარჩენი _ სახლში! აი, ასე სჯობს, დაკონკრეტების გარეშე. ხომ ჰგონია ახლა ამის წამკითხველ პარლამენტარს, რომ იმ 10-15-შია, პარლამენტში რომ უნდა იჯდეს. გულში ქე იცის, რა ხვითოცაა, მაგრამ ტყუილად კი არ ამბობდა ყაზბეგი: „ადამიანს გული დახურული იმიტომ აქვს, შიგ არავინ ჩაიხედოსო“.

„ჩემი მერობის დასასრულს კიდევ ერთხელ გავაანალიზე ჩემი წინასაარჩევნო პროგრამა და დაპირებები და არსებითად შეუსრულებელი დაპირება არ მაქვს, გარდა ერთისა _ ეს არის ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა… პროექტი მზად არის, ტერიტორია შერჩეულია, უბრალოდ, გამომდინარე ფინანსური რესურსების შეზღუდულობიდან, ვერ ჩავსვით წელს ეს პროექტი“, _ რა გგონიათ, ვის ეკუთვნის ეს სიტყვები? ვინმესგან რომ გამეგონა, სიკვდილამდე ვერ დავიჯერებდი, თუ დავით ნარმანია ამას იტყოდა. ასეთი ხმამაღალი განცხადება, ერის ყველაზე დიდ მოამაგეს, დავით აღმაშენებელს არ გაუკეთებია, პირიქით. „გულზე დამადგით ფეხი ყოველმანო“, _ ბრძანა. მეტს არაფერს ვიტყვი, „ოცნებამ“ თავად გამოუტანა ვერდიქტი თავის დავითს და როგორც მისმა სეხნია აქუმ „კავკასიაზე“ განაცხადა, მგონი, მონღოლეთში უპირებენ ელჩად გაშვებასო. ვიმეორებ, აქუბარდიამ თქვა, თორემ მე ისიც არ ვიცი, მონღოლეთთან საერთოდ გვაქვს თუ არა დიპლომატიური ურთიერთობა და იმ ავბედითი მონღოლური ლაშქრობების შემდეგ, მგონი (თუ ძიუდოისტებს არ ჩავთვლით), იუმჟაგინ ცედენბალის (მონღოლთა დირექტორი იყო ბრეჟნევის დროს) მეტი მაგათგან არც არავინ ჩამოსულა თბილისში. სამაგიეროდ, დაგვიბრუნდა „პატრიოტთა“ დელეგაცია მოსკოვიდან და ადა მარშანიამ აეროპორტშივე განაცხადა: „როცა ადამიანს სახლში დაბრუნება უნდა, ის ყველაფერს მიაღწევს“. ღმერთმა გისმინოს, ქალბატონო ადა და მშვიდობით დაბრუნებულიყოს ყველა თავის კუთვნილ მიწა-წყალზე. თქვენ საქმე გვიჩვენეთ, რომ ადგილიდან დაიძრა და შემდეგ ვიზიტზე მოსკოვში კი არა, კოლიმაზე და მაგადანში გამაგზავნეთ, თუ დაგჭირდებათ. ისეთი საქმე კი არა, ნარმანია რომ გაიძახის, „შეუსრულებელი დაპირება არ მაქვსო“. არადა, ყვარყვარესი არ იყოს, ერთი ზაჰესის ხიდი ვერ გადო ბოლომდე. ამასობაში კი ჩაიარა თბილისის ძველი მერის, როგორც მერის ბოლო თბილისობამ, რასაც გულითადად ვულოცავ ბატონ ნარმანიას და მისი „სასტავის“ იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მალე დატოვებენ მერიას.

ესეც ბოლო გაჩერება: წერეთელზე თბილისობისთვის 1,60-ლარიანი ყურძენი მიუღიათ, ჩავდივარ კი არადა… გავდივარ. მომავალ სამშაბათამდე!

ზაალ ნემსაძე