დევნილებიანად გაყიდული შენობა და „ოცნების“ დეპუტატის კომპანიის მიერ აღმართული ღობე!

ქიზიყის ქუჩა #26-ის მცხოვრები დევნილები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები შენობის მეპატრონე შპს „წისქვილკომბინატი თბილისის“ მესვეურებს კორპუსში მცხოვრები 30 ოჯახის შევიწროებაში ადანაშაულებენ. თეთრი წყაროს მაჟორიტარ დეპუტატ გოდერძი ჩანქსელიანის ფირმა, რომელიც გადეპუტატებისას სხვის სახელზე გადააფორმა, ჯერჯერობით, მის ქონებაში განთავსებულ მოქალაქეებს ბინების დაცლას არ აიძულებს, თუმცა შენობის ირგვლივ 3-მეტრიან ღობეს ავლებს და იქ მცხოვრებ მოსახლეობას შესასვლელს არ უტოვებს.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „წისქვილკომბინატი თბილისმა“ 2008 წლის 14 მაისს ქიზიყის ქუჩა #26-ში მდებარე 7319.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი მასზე დამაგრებული შენობებით, რომლის საერთო ფართია 3061.00 კვ.მ., საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსგან აუქციონზე შეიძინა. შპს „წისქვილკომბინატი თბილისი“ ამ ქონების გარდა ქიზიყის ქუჩაზე, #18, #20, #22, #24 და მის მიმდებარედ, უამრავ შენობა-ნაგებობას ფლობს. ბოლო მონაცემებით, 2011 წლიდან ფირმას „საქართელოს ბანკში“ იპოთეკით აქვს დატვირთული 40 106.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. შპს „წისქვილკომბინატი თბილისის“ მეპატრონე არის შპს „ბევრილი ჯგუფის“ დამფუძნებელი, თეთრი წყაროს მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, გოდერძი ჩანქსელიანი, რომელმაც ფირმა გადეპუტატების შემდეგ სხვის სახელზე გადააფორმა. ყოფილი პოლიციელი ჩანქსელიანი 2007 წელს მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა, _ მას ხორბლის ბაზარზე მოქმედი „სვანური კლანის“ ხელმძღვანელობას ედავებოდნენ.

 

ქიზიყის ქუჩა #26-ის მცხოვრებთა სახელით „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ნაზიბროლა ჩიტაიშვილი:

_ დევნილები ამ შენობაში 2001-2002 წლებიდან ცხოვრობენ, მე პირადად 2003 წლიდან ვცხოვრობ. ადრე ეს კორპუსი „საქწიგნს“ ეკუთვნოდა, ისინი დევნილებს ბინების დაცლას აიძულებდნენ, მაგრამ სასამართლოში იჩივლეს და ამ კორპუსზე ორი ინსტანციის სასამართლოში დევნილებმა მოიგეს. შემდეგ ხანძარი გაჩნდა და კორპუსი დაიწვა, რომელიც დევნილთა სამინისტრომ აღადგინა. ჩვენს მიმდებარედ, ერთი ღობე გვყოფს, ფუნქციონირებს შპს „წისქვილკომბინატი თბილისი“, რომელიც ეკუთვნოდა თეთრი წყაროს მაჟორიტარ დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“, გოდერძი ჩანქსელიანს. ამჟამად ამ კომბინატს „ბევრილი ჯგუფი“ ჰქვია. გოდერძი ჩანქსელიანმა თავისი ქონება სხვის სახელზე გადააფორმა. 2008 წელს შპს-მ ეს ტერიტორია მთლიანად 205 000 დოლარად შეისყიდა, კორპუსიც და ეზოც. 2008-დან 2012 წლამდე სულ ტერორში ვიყავით, გვეუბნებოდნენ, რომ გაგვასახლებდნენ, ხან ამბობდნენ, თავიანთი მუშებისთვის სჭირდებოდათ საცხოვრებლად, ხან უნდა დავანგრიოთ და მასალა გავიტანოთო. 2009-2010 წლებში რეზერვუარები, სადაც ხორბალს ინახავდნენ, დაენგრათ და ვალი დაედოთ, ამიტომ ჩვენი კორპუსი და ტერიტორია ბანკში იპოთეკით დატვირთეს. 2012 წლიდან დღემდე არ გვეხებოდნენ, არავინ შეგვხმიანებია და არავის უთქვამს, გაგასახლებთო. როგორც ჩანს, ჩუმად იყვნენ იმიტომ, რომ ქონება იპოთეკით იყო დატვირთული და ძალა არ ჰქონდათ.

_ ბინების დაცლას გაიძულებენ?

_ ახლა ეს ქონება გამოიხსნეს, დაზუსტებით არ ვიცით, მაგრამ ასეთი ინფორმაცია გვაქვს, რომ კორპუსის დათმობის სანაცვლოდ გამოიხსნეს. ბინების დაცლას, ამ ეტაპზე, არ გვაიძულებენ, მაგრამ სხვა სახის ზეწოლას მიმართავენ, რომ იძულებულები გაგვხადონ, იქიდან წამოვიდეთ და ზეწოლას ახორციელებენ. ახლა ქუჩას გვედავებიან ეზოს მხრიდან შიგნით, ფანჯრებიდან ორ მეტრში, ჩემი აივნის კედელს მიჰყვებიან და 3-მეტრიან გოფრირებულ თუნუქის ღობეს გვიშენებენ. მთელი კორპუსის პერიმეტრზე არ გვიტოვებენ შესასვლელს, სამანქანოს ვინ ჩივის, ფეხით შესასვლელიც კი არ გვექნება მაშინ, როცა კორპუსში 55-მდე მცირეწლოვანი, ბაღისა და სასკოლო ასაკის ბავშვი ცხოვრობს, მაშინ, როცა კორპუსში არიან პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დაახლოებით, 30 ოჯახი, აქედან _ ნახევარი დევნილები. პირადად არ ვარ დევნილი, მაგრამ ჩემი სამივე შვილი ამ მისამართზეა მიწერილი. ერთ-ერთი შვილი ფილტვებით დაავადებული მყავს, რომელიც არ იკურნება, ძალიან ხშირად ემართება ფილტვების ანთება, ხშირად მჭირდება სასწრაფო დახმარება და ასეთ პირობებში, როცა კორპუსს შემოსასვლელი და მისადგომი არ ექნება, რა უნდა გავაკეთო?! ჯერ როგორ უნდა იცხოვროს ფილტვებით დაავადებულმა ბავშვმა იქ, სადაც ორ მეტრში ამხელა ღობეა აღმართული და ჰაერი არ ტრიალებს?! 13 წლის განმავლობაში რაც მიშრომია და მიწვალია, ყველაფერი იმ კედლებზე მაქვს დახარჯული, ახლა კი ასეთ დღეში აღმოვჩნდით.

_ ფაქტია, შენობა და ეზო კერძო ფირმის მფლობელობაშია და მათ ნებაზეა დამოკიდებული აშენებაც და დანგრევაც. კომპანიის ხელმძღვანელობას თუ შეხვდით, არ აუხსენით თქვენი მდგომარეობა?

_ შევხვდით და ღობე ოდნავ გაწიეს ისე, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა შემოვიდეს. ერთხელ ამ კორპუსში უკვე გაჩნდა ხანძარი და დაიწვა, გვეშინია, იგივე რომ განმეორდეს, როგორ უნდა მოვიდეს სახანძრო მანქანა და როგორ უნდა ჩააქროს ცეცხლი?! თუნდაც მიწისძვრა რომ მოხდეს, სად უნდა წავიდეს მოსახლეობა თავის გადარჩენის მიზნით?! შიგნით ხომ ჩავიხოცებით, მაგრამ ეს ამათ არ აიტერესებთ. ეს კაცი არის პარლამენტის წევრი, ფული აქვს, ხელისუფლება მის ხელშია, კანონშემოქმედებით საქმიანობას თვითონ ეწევა… სამი დღის წინ დავინახეთ, რომ კომპანიის წარმომადგენელი იყო მოსული, სალაპარაკოდ გავედით. როცა მეზობლები დაგვინახა, მძღოლს მანქანა შორს გააჩერებინა და ახლოს არ მოვიდა, რომ არ დაგვლაპარაკებოდა. ძმასაც ველაპარაკეთ, გვითხრა, ამ აივანს რომ არ განგრევინებთ, კარგი ხალხი ვართო. ზედ აივანზე აშენებენ ღობეს, არც შუქი, არც ჰაერი შემოვა სახლში და ხომ ამოვიხუთებით?!

_ თვითონ გოდერძი ჩანქსელიანი გინახავთ აქ მოსული?

_ კი, ადრე მოდიოდა, ბევრჯერ გვინახავს. ჩვენი კორპუსი დაკანონების ნუსხაში იყო, ხელშეკრულებები დევნილებს ხელზე მისცეს, ფართები აზომეს, ნომრები მიანიჭეს, მაგრამ აგვისტოს ომის მერე, 2008 წელს, რატომღაც, ეკონომიკის განვითარების სამინისტრომ ერთ საათში გაიტანა აუქციონზე და შენობა გაყიდა, რომელიც შპს „წისქვილკომბინატი თბილისმა“ დევნილებიანად იყიდა. მაპატიეთ ამ სიტყვაზე და, თხებივით გაგვყიდეს. დღეის მდგომარეობით ეს ტერიტორია კერძო მფლობელობაშია.

_ რა მოთხოვნა გაქვთ?

_ შპს „წისქვილკომბინატი თბილისმა“ ადამიანურად ცხოვრების საშუალება მოგვცეს. ჯერ რომელ ცხოვრებაზეა საუბარი, ისეთ პირობებში ვართ, მაგრამ რაც ადრე გვქონდა, იმას და ქუჩაში დარჩენას კი სჯობია აქ. ზემოთაც ხომ გითხარით, 13 წლის განმავლობაში თუკი რამე ვიშრომეთ და ვიწვალეთ, ყველაფერი ამ კედლებს შევალიეთ.

_ რას აპირებთ?

_ ბრძოლას ვაპირებთ, მაგრამ როგორ ვიბრძოლოთ, ისიც არ ვიცით, ან ვის ვებრძოლოთ, 9-თავიან დევს, რომელსაც ყველგან აქვს კავშირები?!

 

თამარ ბატიაშვილი