დაპირისპირება სუს-სა და პარტიას შორის

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემა, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას.

თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს სახელმწიფოს. საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახური თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან. სამსახურის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

სუს-ის საქმიანობის სფეროა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

სამსახურის საქმიანობის მიმართულებებია: საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის დაცვა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისგან;

სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობილებისა და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და დაცვის უზრუნველყოფა; ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ტერორიზმთან ბრძოლა;

სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ტრანსნაციონალური ორგანიზებული და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;

კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება, სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება და მათი შესრულების კონტროლი;

ქვეყნის საგარეო საფრთხეებისგან დაცვა.

სუს-ის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე.  სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნისას, სამსახურის უფროსის მიერ უფლებამოსილი ერთ-ერთი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამსახურის საქმიანობას სამსახურის უფროსის არყოფნისას.

ამ ქვეყანაში სწორედ პარლამენტმა და „ქართული ოცნების“ ურავლესობამ სუს-ს განსაკუთრებული ძალაუფლება მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ სუს-ზე აღმატებული აღარაფერი დარჩა.

ფაქტია, „ქართული ოცნება“ შიგნით დუღს და პარტია რამდენიმე ნაწილადაა გაგლეჯილი.

სწორედ პრემიერთან ბოლო ვიზიტისას „ოცნების“ გარკვეული ჯგუფი სუს-ის კონტროლზე ალაპარაკდა. შევიწროებული დეპუტატები პრემიერს სთხოვდნენ, რომ თუ გომელაურის მოხსნა შეუძლებელი იყო, მაშინ გომელაურის მოადგილეების მოხსნის ინიციატივით მაინც გამოსულიყო, რადგან სუს-ის ბრჭყალები უკვე თავად დეპუტატების ოჯახებზე აისახა და მათ საკუთარ ჯიბეში დაიწყო ფულის თვლა. რა მოხდა ამ შეხვედრაზე?

შეხვედრამ შეხვედრისთვის ჩაიარა. როგორც ჩანს, „ოცნების“ რამდენიმე დეპუტატი უკვე ულტიმატუმზე წავიდა და პრემიერს არჩევნის გაკეთება მოსთხოვა. პრემიერი ან მოხსნის გომელაურის ყველა მოადგილეს და რეორგანიზაციას სთხოვს, ან დეპუტატები პარლამენტში, უბრალოდ, კანონპროექტებს მხარს აღარ დაუჭერენ.

 

_ ამას როგორ შეხვდა კვირიკაშვილი?

_ მოუსმინა და ამისთვის მხოლოდ მცირე დრო მოითხოვა. დრო სექტემბრის შუა რიცხვებამდე აქვს აღებული.

_ დათანხმდება პრემიერი?

_ პრემიერი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ვიღაცების გაწირვა და გვერდით გაყვანა აუცილებელია, ეს მასებზე კარგად იმუშავებს. ასევე ჰგონია, რომ შსს უფრო უნდა გაძლიერდეს, ვიდრე სუს-ი და ჯამში ითხოვს, სუს-მა სტრატეგია შეცვალოს, ცოტა ხანი გაჩერდეს და რადიკალურ ნაბიჯებს ნუ გადადგამს.

_ გოგაშვილზე რა ხდება?

_ გოგაშვილზე ის მოხდება, რომ თუ პრემიერმა გადაწყვიტა, ყველა მოადგილეს მოხსნის და, რა თქმა უნდა, გოგაშვილსაც. ამით გოგაშვილი მოადგილეებს კონკურენტებად ვეღარ აღიქვამს. მაგრამ რა ბედი ელის გომელაურს, დღეს ეს უფროა საკითხავი.

 

ე. ი. პარტია და სუს-ი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

შეგახსენებთ: როცა კუდ-ი და სოდ-ი პარტია „ნაცმოძრაობას“ დაუპირისპირდნენ, უკვე მაშინ დაიწყო რღვევა. როცა კუდ-ი უკონტროლო იყო, სახელმწიფო მანქანამ გაჩერება დაიწყო და 2012 წლის შედეგი სწორედ ეს გახლდათ.

 

  1. S. როგორც წესი, ღია სისტემა გამოიყენება დახურული სისტემის საპირისპიროდ, რომელსაც არ აქვს კონტაქტი მის გარემოცვასთან. დახურული სისტემა, ადმინისტრირების თეორიაში, ძირითადად, თეორიული კონცეფციის სახით რჩება, რადგან ყველაზე იზოლირებული მექანიკური სისტემებიც კი შეუძლებელია, გარემოდან რაიმე სახის ზეგავლენას არ განიცდიდნენ. შესაბამისად, საჯარო ადმინისტრირების თეორია დღეს ღია სისტემურ ჩარჩოს უფრო მეტად აღიარებს. ღია სისტემური ჩარჩო უმნიშვნელოვანეს ხაზგასმას სწორედ გარემოზე აკეთებს, რომელიც წარმოადგენს ორგანიზაციის მატერიალური, ენერგეტიკული და საინფორმაციო განვითარების ძირითად წყაროს და სასიცოცხლო რესურსს სისტემის შემდგომი ეფექტიანი ფუნქციონირების გასაგრძელებლად. საერთო ჯამში, ღია სისტემურმა ჩარჩომ გასული საუკუნის 60-იან წლებში სრულად ჩაანაცვლა არსებული დახურული ორგანიზაციული პერპექტივა და ორგანიზაციის სწავლებებში სრულიად ახალ პრობლემებზე მსჯელობას დაუდო საფუძველი. დღეს ღია და დახურურლი სისტემის ბრძოლაა. პარტია ღია სისტემაა, სუს-ი _ დახურული. როგორც ჩანს, დახურული სისტემები ვერ ამართლებს და უფრო მეტ პრობლემას ჰქმნის. ამიტომ არ გამოვრიცხოთ, რომ მალე პარლამენტი და პრემიერი ახალი დილემის წინაშე ვნახოთ, უბრალოდ, ქვეყანამ სუს-ი მხოლოდ იმიტომ გააუქმოს, რომ ის დახურული სისტემაა.

 

მაკა მოსიაშვილი