დანაშაულში მონაწილე ექიმები, მაყურებლები და მაღალჩინოსნები

თვითმკვლელობის მცდელობამდე „ქრონიკა+“-ისთვის გამოგზავნილი წერილი

„ახლა კი დროა, დავარღვიო დუმილი და დეტალურად მინდა გაგაცნოთ ყველა იმ დაფარულ ფაქტსა თუ დაუსჯელად დარჩენილ პირებთან დაკავშირებული ინფორმაცია, რაც დაიმალა გიგა ფარტენაძის სისხლის სამართლის საქმეში. დეტალურად აღვწერ ყველა იმ პირის ქმედებას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გიგა ფარტენაძის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რასაც მისი გარდაცვალება მოყვა. ვისაუბრებ, დანაშაულის ჩადენის მოტივებზე და გაგაცნობთ გიგა ფარტენაძის გარდაცვალების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. დავასახელებ იმ პირებს, რომლებმაც უშუალოდ გააყალბეს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე და მათ, ვინც ხელი დააფარეს დამნაშავე პირებს. მოგახსენებთ, რომელი მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართული დანაშაულის ჩადენაში და რა დაპირებებისა, თუ შეთანხმებების სანაცვლოდ ჩამრთეს ამ პროცესში. ხუთი წლის შემდეგ პირველად მოგეცემათ შესაძლებლობა, იცოდეთ სიმართლე, გააკეთოთ ზუსტი სამართლებრივი ანალიზი მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე“.

ასე იწყებოდა წერილი, რომელიც პატიმარ შოთა შანიძის ოჯახმა გაზეთის გამოსვლამდე ხუთი დღით ადრე გადმოგვცა. ორი დღის შემდეგ კი შანიძე საკუთარ საკანში, თავის ჩამოხრჩობის მიზნით, პოლიეთილენის პარკზე დაკიდებული იპოვეს და კომატოზურ მდგომარეობაში „ინგოროყვას“ კლინიკაში გადაიყვანეს. დღეს შოთა შანიძე მართვად სუნთქვაზე იმყოფება და აპარატზეა მიერთებული. მისი წერილის გამოქვეყნების შემდეგ კი „ქრონიკა+“-ს კიდევ უფრო სკანდალური ინფორმაცია ჩაუვარდა ხელთ, რასაც უცვლელად გთავაზობთ. პირველ რიგში კი მომხდართან დაკავშირებით შოთა შანიძის ადვოკატის, გიორგი გოგინავას კომენტარს შემოგთავაზებთ.

გიორგი გოგინავა _ ადვოკატი:
_ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში შოთა შანიძის ინტერესების დასაცავად, დაახლოებით, სამი თვის წინ ჩავერთე სააპელაციო სასამართლოში, როდესაც საქმე თითქმის დასკვნით ეტაპზე იყო. საქმე უამრავი დარღვევით არის ნაწარმოები, პირველ რიგში, გამოძიების მხრიდან.
_ დარღვევებში რას გულისხმობთ და, პირველ რიგში, მაინტერესებს მიზეზები _ შეგნებულად დაუშვეს საქმის შეფერხებისთვის, ძიების არასწორი მსვლელობის მიცემისთვის თუ მაღალჩინოსანთა და მათი პროტეჟეების ვინაობის დასაფარად?
_ როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, ძიება თავიდანვე არასწორად წარიმართა და ხარვეზებიც შეგნებულად დაუშვეს. მან უკვე დეტალურად განმარტა „ქრონიკა+“-ისთვის გამოგზავნილ წერილში, რატომ აწარმოებდა პროკურატურა მსგავსი მიმართულებით ძიებას, სახელები და გვარებიც დაასახელა ამ და პროკურატურის მაღალჩინოსნებიც ამხილა, რომლებმაც პირდაპირი მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ სისტემურ დანაშაულში.
_ შანიძის მიერ დასახელებეული პირები დღესაც მოქმედი მაღალჩინოსნები არიან პროკურატურაში?
_ დიახ. შოთა შანიძე აცხადებს, რომ გამოყოფილი საქმეა, სადაც საგამოძიებო მოქმედებები სრულად ჩატარდა. ანუ გიგა ფარტენაძის საქმეში მან რამდენიმე საგამოძიებო ქმედებაში მიიღო მონაწილეობა და ამ დროს მოპოვებული მტკიცებულბები მისი გამამართლებელი განაჩენის საფუძველია. მაგრამ ეს მასალები პროკურატურამ დამალა, რაც სისტემური დანაშაულის უსერიოზულესი ნაწილია.
_ ბატონო გიორგი, რას აცხადებს შოთა შანიძე გასაგებია და ამას აქვეყნებს კიდეც სრულად „ქრონიკა+“, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენი სამართლებრივი შეფასება გვაინტერესებს. ანუ „შანიძემ თქვა“ კი არა, თქვენ რას ამბობთ მის ამ სკანდალურ მხილებებთან დაკავშირებით?
_ მე, როგორც იურისტი, ვერ დავარღვევ ამა თუ იმ პირის უდანაშაულობის პრეზუმპციას და მხოლოდ დადასტურებულ ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით შემიძლია ვისაუბრო. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, როგორც შოთა შანიძე ამბობს, იმ „ბლეფ“ ანუ გიგა ფარტენაძის საქმეში, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება საინამდვილეს, ფარტენაძის ცემის შემდეგ საკანი ისე დაალაგეს, რომ გამომძიებელს საშუალება არ მიეცა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება მომხდარიყო და ნივთმტკიცებები ამოეღოთ. საკანში შემთხვევის დროს ძალიან ბევრი კანონსაწინააღმდეგო ნივთი იყო.
_ კონკრეტულად თქვენი მოსაზრება როგორია ამ ყველაფერთან დაკავშირებით?
_ რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას! როცა საქმე ეხება ციხის დანაშაულს, იგი ყოველთვის სპეციფიკური გახლავთ, სადაც უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. ამ დროს მსგავს დანაშაულზე, სულ მცირე, სამსახურებრივ გულგრილობაზე შეიძლება იყო საუბარი. ეს კი არ გამორიცხავს, რომ ციხის ადმინისტრაცია შეგნებულად უშვებდა და უშვებს კანონდარღვევებს. თავად განსაჯეთ, მთელი ოთხი წლის განმავლობაში (უკვე მეხუთე დაიწყო), ადმინისტრაციის თანამშრომლები არ გაუთავისუფლებიათ და არც პასუხისგებაში მიუციათ, მაღალჩინოსნებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. გამოძიებაც არ არის მათზე დაწყებული, როდესაც ორი მოწმე ამბობს, რომ უშუალოდ შეესწრნენ კონკრეტულ დანაშაულს, იკრიბებიან ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები, კეტავენ დანაშაულის მონაწილეებს თუ შემსწრეებს საკანში და ავალებენ, სასწრაფოდ დაალაგონ საკანი, აწმინდონ სისხლის ლაქები და სხვა დარღვევები.
_ ეს დარღვევებია თუ უსერიოზულესი დანაშაული ციხის ადმინისტრაციის მხრიდან? მათ, ფაქტობრივად, მკვლელობის კვალი დაფარეს!
_ რა თქმა უნდა! გარდაცვლილი გიგა ფარტენაძის ფოტოსურათების დათვალიერებით, ჯერ ცხედარი არ არის დარეგისტრირებული პროზექტურაში და ექსპერტებს უკვე დაწყებული აქვთ სურათების გადაღება. თავიდანვე არასწორად ჩატარდა ექსპერტიზა და ჩვენს ეს მასალები სასამართლოს წარვუდგინეთ, როგორც ახლად მოძიებული მტკიცებულებები. კიდევ უამრავი დარღვევა დევს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში და ვიმედოვნებთ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მის დასკვნით სიტყვას შეისწავლის. 22 თებერვალს პროცესია ჩანიშნული, მაგრამ შუამდგომლობას დავაყენებ, რომ შანიძის გარეშე სხდომა არ ჩატარდეს, ვინაიდან იგი უმძიმეს მდგომარეობაშია.
_ ბატონო გიორგი, მას მერე, რაც შოთა შანიძემ „ქრონიკა+“-ს წერილი გამოუგზავნა, სადაც ყველა მაღალჩინოსნის სახელი და გვარი იყო დასახელებული, ვინც სისტემურ დანაშაულში მიიღო მონაწილება, შანიძე გაურკვეველ ვითარებაში, საკუთარ საკანში, თავის ჩამოხრჩობის „მცდელობით“ კომატოზურ მდგომარეობაში გადაჰყავთ საავადმყოფოში…
_ ეს ინფორმაცია სასჯელაღსრულების სამინისტრომაც გაავრცელა, რაც ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. კერძოდ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პარასკევ დღეს მოვინახულე, განწყობა ძალიან კარგი და ბრძოლისუნარიანი ჰქონდა, იცოდა, რომ სამშაბათს მისი წერილი თქვენს გაზეთში გამოქვეყნდებოდა, ხოლო ორშაბათს მისი ხელმოწერილი კორესპონდენცია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში უნდა გაგზავნილიყო. ჩემთვის ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ადამიანი ამის შემდეგ მსგავს ქმედებას ახორციელებდეს.
_ რას გულისხმობთ, რომ მას „მიეხმარნენ“ თავის ჩამოხრჩობაში?
_ პარასკევ საღამოს, 21.38 საათზე, პაციენტი „ინგოროყვას“ კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს. ოჯახს ამის შესახებ 14 საათის შემდგომ ატყობინებენ. რაც შეეხება სასჯელაღსრულების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, იგი ან გამორჩათ, ან შეგნებულად არ აღნიშნეს, რომ შოთა შანიძე არ არის მიყვანილი მხოლოდ თვითმკვლელობის მცდელობით,. შეყვანისას იქ პირდაპირ წერია, რომ პაციენტს ფსიქოტროპული საშუალებების ზედოზირება აქვს.
_ ზედოზირება ანუ ჭარბი რაოდენობით მიღება? და საიდან ჰქონდა ან სად ინახავდა პატიმარი საკანში, სადაც ორი კამერა აყენია, ჭარბი რაოდენობის ფსიქოტროპულ საშუალებებს?
_ ამას, ალბათ, გამოძიება დაადგენს, მაგრამ თავიდანვე უკვე არასწორად მიმდინარეობს იგი. რაც ჩემი წყაროებით მაქვს დადგენილი, ამ კუთხით არანაირი სახის საგამოძიებო ქმედებები არ ჩატარებულა. მაგალითად, სისხლის ნიმუშის აღება ინტოქსიკაციის დასადგენად, _ არანაირი ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა არ ჩატარებულა. დღეს გამოძიების მხრიდანაც მოკლებული ვართ ამის შესაძლებლობას, ვინაიდან ტოქსიკური ნარჩენები ორგანიზმში სამი დღის განმავლობაში რჩება. 48 საათის შემდეგ ექსპერტიზის ჩატარებას ამ კუთხით აზრი აღარ აქვს. გამოძიებამ უნდა ამოიღოს, რა ფსიქოტროპული საშუალებები ჰქონდა დანიშნული შოთა შანიძეს. რაც შეეხება თავად მსჯავრდებულს, ბოლო სამი თვის განმავლობაში, რაც მე მისი ადვოკატი ვარ, არც ერთხელ მინახავს რაიმე პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ. იგი სისტემატურად ვარჯიშობდა და მარილიც კი იყიდა „გირებისთვის“. დღის განმავლობაში, მინიმუმ, სამჯერ ვარჯიშობდა. ასე რომ, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება მომხდართან დაკავშირებით. მაინტერესებს, ამოღებულია თუ არა კამერის ჩანაწერები.

„ქრონიკა+“-ის მიერ მოძიებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ გამოძიების მასალებში, რომელიც არ წარდგენილა სასამართლოში, თუმცა დაცვის მხარეს გადმოეცა, ბრალდების მხარის მიერ 2014 წლის 3-4 მარტს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაკითხულები არიან #14 პენიტენციური დაწესებულების #320-ე საკნის პატიმრები: ვ. შ., ლ. ვ., რ. ტ, გ. შ., გ. ჟ., მ. ც.; #323-ე საკნის პატიმრები: გ დ., ნ. ჩ., გ. გ., ა. დ., ი. გ.; #324-ე საკნის პატიმრები: რ, ა., ლ. ჯ., ნ. ბ., მ. ჩ., ტ. ჭ.; #325 საკნის პატიმრები: კ. ჟ., გ. თ., ა. ა., ა.მ., დ. ჩ. და #243-ე და #244-ე საკნის პატიმრები: რ. კ., ტ. დ.
საინტერესოა, რატომ არ წარადგინა პროკურატურამ მითითებულ მოწმეთა დაკითხვის ოქმები სასამართლოში, როგორც მტკიცებულება და კიდევ უფრო საინტერესოა, იმავე სართულზე განთავსებული 40-ზე მეტი საკნიდან, რატომ შეარჩია გამოძიებამ დასაკითხად მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ საკნებში მყოფი მსჯავრდებულები? ვინ იცის, რა ინფორმაციას ფლობდნენ სხვა პატიმრები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით?
აუცილებლად უნდა ვისაუბროთ სასამართლოში წარდგენილი საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის, თეიმურაზ ლომთაძის 2014 წლის 10 მარტის #13/28-14813 მიმართვის წერილზე (გაგზავნილი სად-ის #14 დაწესებულების დირექტორის მოადგილის, ბესიკ მაქაცარიას სახელზე), სადაც სხვა დოკუმენტებთან ერთად მოითხოვა ინფორმაცია, თუ როდის და ვინ გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა? ამავე წერილის საფუძველზე ბესიკ მაქაცარია შესაბამის საპასუხო წერილში უთითებს, რომ 2014 წლის #14 დაწესებულებაში 2014 წლის 04 მარტს 02:35 საათზე ექიმი გამოიძახა დაწესებულების მთავარმა ექიმმა გიგა რევიშვილმა.
უფროსი გამომძიებელი თეიმურაზ ლომთაძე 2014 წლის 10 მარტის #13/28-14828 წერილით მიმართავს სს „ჩემი ოჯახის კლინიკის“ სასწრაფო დახმარების ქუთაისის ფილიალის მენეჯერ ქალბატონ მაია მაისურაძეს და ითხოვს სასწრაფო დახმარების გამოძახებისა და გასვლის თაობაზე შეტყობინების ზუსტ დროებს, გამოძახებული ბრიგადის შემადგენლობას. 2014 წლის 11 მარტს ამავე კლინიკის სამედიცინო მენეჯერის. ს. ძოწენიძის წერილით დგინდება, რომ 112-ის მიერ 2014 წლის 04 მარტს 02:28 საათზე შეტყობინება გადმოსცეს მისამართზე: გეგუთის კოლონია, გიგა ფარტენაძესთან, გამომძახებელი რევიშვილი და გამოძახებაზე გასვლა მოხდა 02:29 საათზე. ხოლო გამოძახების #170-ე ბარათზე დროდ მითითებულია 02:39 საათი.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, სასწრაფო ბრიგადა გამოიძახეს 2014 წლის 04 მარტს 02:35 საათზე, ხოლო გამოძახებაზე სასწრაფო ბრიგადა გასულა 06 (ექვსი) წუთით ადრე, კერძოდ 02:29 საათზე. მსგავსი ფაქტი სრულ აბსურდს წარმოადგენს და საქმე გვაქვს გაყალბებულ ინფორმაციასთან.
რატომ გავამახვილეთ ყურადღება ამ კონკრეტულ ფაქტებზე?! იმიტომ, რომ შოთა შანიძის ე. წ. თვითმკვლელობის (ან „მკვლელობის“) მცდელობის დაფარვა, სავარაუდოდ, იგივე სცენარით განხორციელდება. სამედიცინო პერსონალი არავის შეუცვლია და მეთოდებიც იგივე აქვთ. ასე რომ, რა და როგორ იქნება, „ქრონიკა+“ თვალს ადევნებს და ვეცდებით, გაყალბების საშუალება არავის მივცეთ.
გამოძიების ვერსიით, 322-ე საკანში მკვლელობის ფაქტს შეესწრო ხუთი მსჯავრდებული. აქედან სამი პასუხისგებაშია მიცემული, ერთი გარდაცვლილია (გიგა ფარტენაძე), ხოლო მეხუთე _ გ. კ. _ გამოძიებამ კონკრეტულად გამოძიების მიმდინარეობისას დაკითხა, მაგრამ მოწმე პირთა დასაკითხ სიაში არ შეიყვანა, ანუ იგი სასამართლოში არ დაუკითხავთ.
რას მალავს გამოძიება და რას შეეძლო გამოეწვია შოთა შანიძის „თვითმკვლელობის“ მცდელობა?
შანიძის წერილიდან ამ სკანდალურ მონაკვეთს პირველად ვაქვეყნებთ:
„მინდა, მოგახსენოთ ის ფაქტი, რომ სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში გიგა ფარტენაძის საქმეზე, ჩემი ინტერესების დამცველ ადვოკატებთან ერთად, მოლაპარაკებებს აწარმოებდა პროკურატურის წარმომადგენელი დიმიტრი ფაღავა, რომელიც ხშირად ახსენებდა, რომ პროკურატურა გიგას საქმის რეალური გამოძიებით იყო დაინტერესებული და საჯარო მოხელეების მიმართ სისხლის სამართლის საქმე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გულგრილობის ფაქტზე ცალკე წარმოებად იყო გამოყოფილი. ამ მოტივზე დაყრდნობით, იგი ამბობდა, რომ გ. ს.-სთან და ლ. მ.-სთან ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იყო აუცილებელი. კერძოდ, გლდანის ციხეში უნდა მომხდარიყო მათი ეტაპირება და ჩემთან საკანში შემოსახლება. გამეხსენებინა 2014 წლის 03-04 მარტს #14 დაწესებულების #322-ე საკანში მომხდარის შესახებ, ისინი მაქსიმალურად უნდა ჩამერთო საუბარში და მეცადა, სიმართლე ელაპარაკათ და ამ პროცესში ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განხორციელებულიყო. საგამოძიებო ორგანო ასევე საკანში მობილურ ტელეფონს მომცემდა, რომლითაც შემდგომში უნდა დავკავშირებოდი გ. ს.-ს და ლ. მ.-ს ოჯახის წევრებს, ასევე გ. კ.-ს (მაგ დროისთვის განთავისუფლებული იყო საპატიმრო სასჯელის მოხდისგან). ამით ისინი ფარულ მიყურადებას ჩაატარებდნენ და მათ საუბარს მოისმენდნენ. დიმიტრი ფაღავა მითითებას მაძლევდა, რომ ზარები ასევე უნდა განმეხორციელებინა თავისუფლებაზე მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებთანაც, რომელთაგან „საერთოებზე“, „ობშიაკებზე“ უნდა მომეპოვებინა ინფორმაცია, რადგან მათ ყველაზე მეტად აინტერესებდათ, თუ ვინ და რომელი საჯარო მოხელე იყო გასვრილი და ვინ იყო კავშირზე კრიმინალურ სამყაროსთან. დიმიტრი ფაღავა დამპირდა, რომ ამ ყველაფერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე გააკეთებდა. ყველა ზემოთ ხსენებულ შემოთავაზებაზე თანხმობა განვუცხადე.
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების „ე“ კორპუსის #105-ე საკანში მომიტანეს განჩინება, მობილური ტელეფონი და იგი შესაბამისი აპარატურით აღჭურვეს. ამის შემდეგ ლ. მ. და გ. ს. ქუთაისიდან ეტაპირებით ჩამოიყვანეს. პროკურატურის დავალებით მითითებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში ჩემი ციხის მეგობარი გ. მ. მეხმარებოდა. ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე გამომძიებელმა ნიკო დარჩაშვილმა განჩინება გაგვაცნო, რომელზედაც ორივემ მოვაწერეთ ხელი. ფარული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას (ვგულისხმობ აუდიო-ვიდეო ჩანაწერს) გ. ს. და ლ. მ. დეტალურად ყვებიან და აღწერენ, თუ რა მოხდა 2014 წლის 03-04 მარტს #14 დაწესებულების #322-ე საკანში, კონფლიქტში მონაწილე ყველა პირსა და იმ საჯარო მოხელეებს ასახელებენ, რომლებმაც რეალურ დამნაშავეებს უშუალოდ დააფარეს ხელი, ასევე იმ პირებს, რომლებმაც გამოძიებას ცრუ და არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, შემდგომში კი _ სასამართლოს (ვგულისხმობ ჩვენებებს). საკანში საგამოძიებო მოქმედებების შესასრულებლად მობილური ტელეფონი გვქონდა, თუმცა არა მხოლოდ ამ საქმეზე, სხვა სისხლის სამართლის საქმეებზეც. ჯამში, სამი ტელეფონი (იგულისხმება საგამოძიებო მოქმედება ფარული მიყურადება). ლ. მ.-ს და გ. ს.-ს საკანში ყოფნის პერიოდში მხოლოდ ერთი ტელეფონი გვქონდა, დანარჩენი ორი შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით გამომძიებლისთვის მქონდა გადაცემული. გ. ს.-ს და ლ. მ.-ს საკანში ტელეფონის არსებობა უკვირდათ, მაგრამ მე და გ. მ.-მ დავარწმუნეთ, რომ გარეთ, სიტუაციის დალაგების მიზნით, ადმინისტრაციასთან ,,გაიასნებული“ გვქონდა. გ. ს. და ლ. მ. საკანში მხოლოდ ერთი დღე იყვნენ, შემდეგ სად წაიყვანეს, ჩემთვის უცნობია.
საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას (იგულისხმება საგამოძიებო მოქმედება ფარული მიყურადება) გამომძიებელს საკნიდან ხშირად გავყავდი. საქმისთვის მნიშვნელოვანი ფიგურანტების ტელეფონის ნომრებს მაძლევდა და მიმითებდა, ვის უნდა დავკავშირებოდი მობილური ტელეფონით. გამოძიებისთვის ამის გარკვევა ძალიან მარტივია, რადგან იმ დროს მობილურზე გ. კ.-ს დავურეკე. მან აღიარა, რომ ქუთაისის ციხეზე გიგა ფარტენაძის ცემაში მონაწილეობის გამო გასეირნების ოთახში „პრაგულკაზე“ პატიმრებმა სცემეს. არსებობს პატიმარ დ. დ.-ს სატელეფონო საუბრის ჩანაწერიც, რომელშიც იგი ციხის მაყურებლებს ასახელებს. ასევე არსებობს ლ. მ.-ს მამისა და ძმის სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, მ. ვ.-ს დედის სატელეფონო ჩანაწერი და კიდევ სხვა პირების.
ამ ფაქტს პროკურატურა ვერ დამალავს, რადგან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების გაქრობა მოუწევთ, როგორც სასამართლოდან, ასევე პროკურატურიდან და შესაძლოა, სხვა უწყებიდანაც, რასაც, დიდი ალბათობით, ვერ განახორციელებენ ის საჯარო მოხელეები (ვგულისხმობ იმჟამინდელი მთავარი პროკურორის მოადგილეებს, გიორგი გაბიტაშვილსა და მამუკა ვასაძეს, რომლებიც ზედამხედველობას უწევდნენ გამოძიებას) და განაჩენის მიუხედავად, ყველა პირი წილობრივად აგებს პასუხს.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ინტერესების დამცველი ადვოკატები: მერაბ ჩიქოვანი და რამაზ ჩინჩალაძე მითითებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საქმის კურსში იყვნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ მათ არ მოსთხოვეს პროკურატურას, როგორც დაცვის მხარისთვის, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების გადაცემა. დღემდე დუმან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ მიუთითებს ჩემი კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებისაკენ, რასაც ნორმალური გამოძიების ჩატარების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიეცეს სწორი სამართლებრივი შეფასება. ასევე მათი დაპირება, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე პროკურატურასთან მოლაპარაკებას წარმატებით დაასრულებდნენ, ვერ განხორციელდა. ისინი 100%-იან გარანტიას მაძლევდნენ, რომ განსაკუთრებული თანამშრომლობისთვის პროკურატურას ჩემთან საპროცესო შეთანხმებას აუცილებლად გააფორმებინებდნენ და მნიშვნელობა არ ჰქონდა, პირველი ინსტანციის სასამართლო ჩემ მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა თუ არა, რადგან სააპელაციო სასამართლოში გიგა ფარტენაძის საქმეს ყოველგვარი შეფერხების გარეშე დამიპროცესებდნენ ან პროკურატურა გაავრცელებდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობებს (ბრალდებულის პასუხისმგებლობისგან ან სასჯელისაგან სრულად განთავისუფლება და თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვა), მაგრამ დღემდე არც ერთი დანაპირები არ შესრულებულა.
ისინი მეუბნებოდნენ, რომ პირველ ინსტანციაში პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმება ან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების გავრცელება არ აწყობდა, რადგან ფაქტი ახალი მომხდარი იყო და დაზარალებულების აყვირების ეშინოდათ, აპელაციაში აუცილებლად დაალაგებდნენ დაზარალებულთან ჩემს თემას. ამით დროს იგებდნენ.
ხსენებული ადვოკატები ხშირად შემოდიოდნენ ციხეში და მათგან მითითებებს ვიღებდი, გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს როგორ უნდა მოვქცეულიყავი. კერძოდ, არ უნდა მეთქვა სიმართლე და ზოგ პროცესზე არც კი უნდა გამოვცხადებულიყავი, რასაც ვახორციელებდი კიდეც, რადგან ისინი ამბობდნენ, რომ ეს იყო პროკურატურის დავალება. დროთა განმავლობაში მათდამი ნდობა დავკარგე და ჩემს საქმეს ჩამოვაშორე.
როგორც აღვნიშნე, პროკურატურას საჯარო მოხელეების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად ჰქონდა გამოყოფილი.
გამომძიებელმა ნიკო დარჩაშვილმა საუბრისას აღნიშნა, რომ გამოძიებამ შემთხვევის ადგილი (ვგულისხმობ #322-ე საკანს) თავიდან დაათვალიერა და იქ არსებული სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი ამოიღო, მათ შორის, ჭიქები (რომლიდანაც დნმ-ის ნიმუშები აიღეს). ნიკო დარჩაშვილი, მისივე განმარტებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნ. ნ.-ს, იგივე „ბუწალიჩის“, გ. ა.-ს, ლ. ჭ.-ს და იმავე სართულზე განთავსებულ საკნებში მყოფი სხვა მსჯავრდებულებისთვის დეენემის ნიმუშების აღებას აპირებდა, რის საფუძველზეც გენეტიკურ (ბიოლოგიურ) ექსპერტიზას დანიშნავდა და ნიმუშებს გიგა ფარტენაძის საქმეში არსებულ იმ გენეტიკურ პროფილებს შეუდარებდა, რომელიც ვის ეკუთვნოდა იმ დროისთვის, დადგენილი არ იყო. ამის შემდეგ ყველა ზემოხსენებულ პირს ჩვენებებს ჩამოართმევდნენ.
ჩემთვის ნიკო დარჩაშვილისგან ცნობილი გახდა, რომ ოფიცრებს _ ბალანჩივაძესა და კაპანაძეს _ გამოძიებისთვის დეტალური ინფორმაცია ჰქონდათ მიწოდებული და მათი ჩვენებები გიგა ფარტენაძის საქმეზე გამოძიებისა და სასამართლოში მიცემული ჩვენებებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. მათ ციხის იმჟამინდელ უფროს კახაბერ ბებიასგან ნაბრძანები ჰქონდათ გიგა ფარტენაძის საქმეში ერთ-ერთ ფიგურანტად ჩემი დასახელება. ჩემს შეკითხვაზე, _ ციხის ორ მითითებულ თანამშრომელს პასუხისგებაში რატომ არ აძლევდნენ? გამომძიებელი დარჩაშვილი მპასუხობდა, რომ გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობის მოტივით პროკურატურა მათ განრიდების გაკეთებას უპირებდა, ანუ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან სრულად განთავისუფლებას.
ნიკოლოზ დარჩაშვილისგან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ იმ ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში, რომელშიც ვმონაწილეობდით მე და გ. მ. (იგულისხმება გ. ს.-ს და ლ. მ.-ს აუდიო ვიდეო-ჩაწერა) შესაბამისი ექსპერტიზა დასრულებული იყო, საქმე თითქმის ბოლომდე გამოძიებული და დასკვნა, სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საგამოძიებო ორგანოში ინახებოდა. სხვა ფიგურანტებს, ვგულისხმობ, გ. ა-.ს, ნ. ნ.-ს, გ. კ.-ს, მ. ვ.-ს და პ. ხ.-ს, გამოძიება მათ პასუხისგებაში მიცემასა და მათზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აპირებდა. მინდა აღვნიშნო, რომ გ. მ. ი. გ.-სა და დ. ო.-ის საქმეების გახსნაში, სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედების განხორციელების მიზნით, ჩემთან ერთად მონაწილეობდა. გამომძიებლის გადმოცემით, ყველა პირზე, მათ შორის, დიმიტრი დარბაისელის, სიმონ ჩიქოვანის, იგივე „სიმონიკას“ და კახაბერ ბებიას მობილური ტელეფონის სიმბარათებზე საგამოძიებო მოქმედებები იყო ჩატარებული. კერძოდ, ადგილმდებარეობის მიხედვით შემავალი და გამავალი ზარების, ასევე ანძების დეტალური დაშიფვრა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ იმ პერიოდში, როდესაც გიგა ფარტენაძის საქმის მსჯავრდებულები, ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების მიზნით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ვიყავით გადაყვანილი, გამომძიებელ გოჩა ჭაბუკიანის ტელეფონის ნომერზე კახაბერ ბებიას მობილურიდან დიმიტრი დარბაისელს ჰქონდა დარეკილი. ეს ინფორმაცია გამოყოფილ საქმეში მოწმის სახით დაკითხულმა გოჩა ჭაბუკიანმა დაადასტურა.
2018 წლის 28 დეკემბერს განცხადებით მივმართე საქართველოს მთავარ პროკურორს, დეტალურად მივაწოდე ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია, ვთხოვე საქმის დეტალური შესწავლა და განცხადებაში მოყვანილი ფაქტების ირგვლივ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გამოძიების დაწყება 146-ე, 150-ე, 117-ე, 332-ე, 333-ე, 335-ე, 342-ე, 3421-ე, 370-ე და 372-ე მუხლებით, რასაც რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია“.

თამარ როსტიაშვილი