დამოუკიდებლობის ეკონომიკური გარანტიები, ანუ რატომ უნდა ვაშენოთ მცირე ჰესები?

მაშ, ასე! _ ბოლო დღეებმა თვალნათლივ წარმოაჩინა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება ლიტონი სიტყვები არ არის. ჩვენ ვიცით და გათვითცნობიერებული გვაქვს, რომ დამოუკიდებლობასაც და თავისუფლებასაც დაცვა და ბრძოლა სჭირდება. მაგრამ ეს მეტწილად გვესმის და გააზრებული, გნებავთ, კოდირებული გვაქვს პოლიტიკურ, ეროვნულ-პატრიოტულ კონტექსტში.

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ასპექტების გააზრება იმავე დონეზე ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენში სულ ცოტათია წინ წაწეული დამოუკიდებლობის მოპოვებამდე არსებული გააზრებიდან _ ჩაი და ბორჯომი გვარჩენს. არა, იმას არ ვამბობ, რომ არ გვესმის მხოლოდ ჩაი, რომელიც, ფაქტობრივად, არც გვაქვს ან ბორჯომი, ან ღვინო, გნებავთ თხილი. ხილი არაა საკმარისი ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის. უბრალოდ, კონცეპტუალურ დონეზე ვერ ვიაზრებთ, რომ გნებავთ, პოლიტიკური დამოუკიდებლობის უმთავრესი გარანტი სწორედ ეკონომიკური დამოუკიდებლობა და, პირველ რიგში, ენერგოდამოუკიდებლობაა.
აბა, დავაკვირდეთ განვითარებულ ქვეყნებს _ მათი ეკონომიკის განვითარების უმთავრეს გარანტიას რა წარმოადგენს? პირველ რიგში, არა მხოლოდ კანონები და შესაბამისი სფეროების რეგულაციები, არამედ სწორედ რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა.
ახლა არც იმაზე დავიწყებ საუბარს თუ რამდენი ატომური ელექტროსადგური (ატს) მუშაობს ევროპაში, აშშ-სა და ზოგადად მსოფლიოში. არც იმით გადაგღლით, რომ გაგახსენოთ რამდენიმე წლის წინ ფუკუსიმაზე მომხდარი უმძიმესი ფაქტები და არც იმ იარებს გაგიშიშვლებთ, რომელიც სერიალმა „ჩერნობილმა“ ამოატივტივა ჩვენს მეხსიერებაში. შესაბამისად, როგორც იტყვიან, პირდაპირ სათქმელზე გადავალ _ ჩვენ სახელმწიფოს განვითარებისთვის გვჭირდება მაქსიმალური ენერგოდამოუკიდებლობა.
ჰიდრორესურსების ეფექტიანი გამოყენება კი ამ ენერგოდამოუკიდებლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ჩვენ ხშირად მოვისმენთ, _ რას გვაძლევს მცირე ჰესების მშენებლობა? ერთი მცირე ჰესის სიმძლავრე ხომ 5-6 მგ ელექტროენერგიაა და ღირს კი ამის გამო ხალხისა და სოფლის გადაკიდება ან რა ეკონომიკური ეფექტი შეიძლება მას ჰქონდეს? მაგრამ რა ხდება ათი მცირე ჰესის შემთხვევაში ან უფრო მეტის? _ 60 ან 100 მგ. ელექტროენერგია. და ეს არის მხოლოდ ეკონომიკური სარგებელი? რეალურად, არა. მაგრამ ჩვენ ხომ სიღრმეებში არ მივდივართ. ეს არიან დასაქმებული ადამიანები, ესაა ინფრასტრუქტურა, თანმდევი ეკონომიკური და სოციალური აქტივობები და, პირველ რიგში, ეს არის _ სოფელი, დასახლება, რომელსაც ჰყავს პატრონი და რომლის ახალგაზრდობა თვითმიზნად არ ისახავს ქალაქში გაქცევას.
ჩვენ უნდა გავიაზროთ საკითხის პოლიტიკური კონტექსტიც. რადგან დამოუკიდებლობის უმთავრესი გარანტია მაინც ეკონომიკური სიძლიერე და ეკონომიკური დამოუკიდებლობაა სტრატეგიული მიმართულებებით, ვინ შეიძლება ამ საკითხში იყოს სახელმწიფოს უმთავრესი ხელის შემშლელი და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე? დიდი სჯა-ბაასის გარეშეა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლებელი, _ რუსეთი. და თუ ამ შემთხვევაში გვერდზე გადავდებთ რუსეთის პოლიტიკურ ინტერესს, ვერანაირად ვერ უგულვებელვყოფთ მის ეკონომიკურ ინტერესებს. წლების წინათ რუსი ექსპერტები აცხადებდნენ: „ნუ მიაყენებთ ზიანს თქვენს ეკოსისტემას, იყიდეთ ელექტროენერგია რუსეთისგან“. ხომ გასაგებია ამ „კეთილი“ რჩევის შინაარსი და მოტივაცია? ერთი _ როცა უნდა, მაშინ შეგიწყვეტს მიწოდებას „ობიექტური“ მიზეზით და მეორე _ ფული შევა მის ყულაბაში. პირველი პოლიტიკური შემადგენლობისაა, მეორე _ ეკონომიკური. ანუ გინდა თუ არა, მასზე მიბმული ხდები. რაც შეეხება სხვა ასპექტებს, რაც ზემოთ აღვნიშნე, შესაბამისი სოფლის, დასახლების ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს, ეს რუსეთის საქმე და საზრუნავი არ არის.
ცალსახად უნდა ვიცოდეთ, რომ ენერგეტიკისა და გენერაციის ობიექტების მშენებლობა არის ჩვენი ენერგეტიკული სტრატეგიის ფუნდამენტური ნაწილი. მცირე ჰესების მშენებლობის გარეშე კი ჩვენი ეკონომიკის წინსვლა წარმოუდგენელია, ვინაიდან ეს ვერ უზრუნველყოფს ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებას.
უნდა გავიაზროთ, რომ მიმდინარე ეტაპზე საქართველო არის ენერგოდეფიციტური ქვეყანა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საშუალოდ 2 მილიარდ კვ/სთ ელექტროენერგიას ყიდულობს. არც ისაა ვინმესთვის დასამალი, რომ იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულება ბევრად აღემატება ადგილზე წარმოებული ელექტრონერგიის ფასს. პარალელურად, ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება 4-5%-ის ფარგლებში. და ეს დეფიციტი მუდმივ შევსებას მოითხოვს. ამიტომაც პრობლემის გადაწყვეტა ვერ გახდება იმპორტის დაუსრულებელი ზრდა, რომელიც საბოლოოდ დააქცევს ქართულ ეკონომიკას. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ენერგიის მიღების წყაროდ შეუძლია ეფექტიანად გამოიყენოს ჰიდრორესურსები და ამაზე უარის თქმა იქნება საქართველოს არა მხოლოდ ეკონომიკური, პოლიტიკური უსაფრთხოებისთვის დამაზიანებელი და დამანგრეველი ფაქტორი.
„ქვეყნის დამოუკიდებლობა და განვითარება გადის ენერგეტიკის დამოუკიდებლობასა და განვითარებაზე, თუ ჩვენ არ გვექნება განვითარებული და მაქსიმალურად დამოუკიდებელი ენერგოსისტემა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და განვითარებას ვერ მივაღწევთ“, – აცხადებს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში პაატა ცინცაძე.
ცინცაძე განმარტავს, რომ ქვეყნის ერთადერთი რესურსი ეს არის ჰიდრორესურსი და მისი ათვისება არის გარდაუვალი და აუცილებელი.
„არავინ ამბობს, რომ ეს ათვისება უნდა მოხდეს ეკოლოგიური წესებისა და ნორმების დარღვევით. რა თქმა უნდა, ყველა ნორმა უნდა იყოს დაცული. ჰესები აუცილებლად უნდა აშენდეს, ამას ალტერნატივა არ აქვს. ყოველწლიურად 80-დან 100 მილიონ დოლარამდე ვიხდით იმპორტირებულ ელექტროენერგიაში და ამ ფულს ვდებთ მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკის განვითარებაში. ჩვენ რომ ეს ფული ჩვენს ენერგეტიკას მოვახმაროთ, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით“, – მიიჩნევს ექსპერტი.
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მოსახლეობასთან არასათანადო კომუნიკაცია და მცირე ჰესების მშენებლობის სარგებლიანობის შესახებ არსებობს არასაკმარისი ინფორმაცია, რასაც რუსეთი ეფექტიანად იყენებს, როგორც ჰიბრიდული ომის ნაწილს და ხშირად ვიღებთ ვითარებას, როდესაც მოსახლეობა ბოლომდე ვერ წონის ზიანისა და სარგებლის დონეს.
ამიტომ მოსახლეობას კარგად უნდა განვუმარტოთ, რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს თითოეული ჰესის მშენებლობამ ქვეყანას, კონკრეტულ რეგიონსა და იქ მცხოვრებ თითოეულ ადამიანს.
ვაღიაროთ, არათუ ჰესის, სახლის მშენებლობაც კი ზიანს აყენებს გარემოს, მაგრამ ენერგეტიკულ სფეროში მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ მცირე ჰესების მშენებლობა, ზოგადად, არის ყველაზე უსაფრთხო და გარემოსთვის მინიმალური ზიანის მომტანი. ვიმეორებ, მინიმალური ზიანის და ეს სწორად უნდა გავიაზროთ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ თუნდაც ისეთ „უწყინარ“ სფეროს, როგორიც ტურიზმია, გარემოსთვის ზიანის მიყენება არ შეუძლია, ძალიან ცდება. თუნდაც ველური ტურიზმი აყენებს ზიანს გარემოს. და თუ სარგებლისა და ზიანის ხვედრით წილს ვზომავთ, მაშინ სარგებელი მცირე ჰესიდან ბევრად დიდია, ვიდრე მისგან მიყენებული ზიანი.
აქვე გავითვალისწინოთ ის მდგომარეობა, რომ მცირე ჰესი უშუალოდ ადამიანის ჯანმრთელობას ვერანაირ ზიანს ვერ აყენებს.
გარემოს დაცვის ექსპერტების ერთი ნაწილი ხშირად საუბრობს განახლებად ენერგიაზე, როგორც ენერგიის ალტერნატიული წყაროს მიღების საშუალებაზე და კონკრეტდება, რომ საუბარია მზისა და ქარის ენერგიაზე. სამწუხაროდ, ადამიანებს არ ეძლევათ განმარტება იმის თაობაზე, რომ განახლებადი ენერგიის კლასიფიკაციას მიეკუთვნება ჰიდორესურსებით წარმოებული ელექტროენერგიაც.
მსოფლიოში არის ქვეყნები, სადაც ჰიდროენერგეტიკის ხვედრითი წილი ენერგოუზრუნველყოფაში შეადგენს 90%-ზე მეტს. უპირველესად ამ მხრივ უნდა გამოვყოთ ნორვეგია, როგორც ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის თვალსაზრისით ყველაზე მოწინავე ქვეყანა. აქ ჰიდროენერგეტიკის ხვედრითი წილი 99%-ია.
ამიტომ რუსული ნარატივი და ცალკეული ექსპეტრების, რომლებიც მხოლოდ ზედაპირულად იცნობენ საკითხს, განმარტებები გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით არის სწორედ რომ საქართველოს ენერგოუსაფრთხოების წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედება, რომელიც ქვეყნის _ სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და ენერგოუზრუნველყოფის საკითხს ვიწრო ჭრილში უყურებს. ისინი ნებსით თუ უნებლიეთ საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოს ენერგეტიკულ სტრატეგიას და პირდაპირ თუ ირიბად რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გამტარებლები ხდებიან.
სტრატეგიული თვალსაზრით კი ენერგეტიკული ობიექტები და ინფრასტრუქტურა – ეს არის აუცილებელი ნაწილი ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისა. თავის მხრივ, ენერგეტიკული სახელმწოფოს უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტიაა.
ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში გია არაბიძე აცხადებს, რომ ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოება ენერგეტიკაზე გადის. ქვეყანას, რომელსაც არ გააჩნია ენერგიაშემცვლელები: გაზი, მაზუთი, ნავთობი, _ დღის წესრიგში ჰიდრო ენერგეტიკული რესურსი აქვს. ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, პოლიტიკური უსაფრთხოებისთვის ქვეყანამ უსიკვდილოდ უნდა აითვისოს თავისი ჰიდროენერგეტიკული რესურსები, თუ გვინდა, რომ ქვეყანამ შედეგს თავისი ეკონომიკით და თავისი პოლიტიკური მდგრადობით მიაღწიოს.
ჩვენ ხშირად ვაკვირდებით და ეს განსაკუთრებით აქტუალურია პანკისის ხეობაში, როდესაც ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ჰესების ნეგატიურ გავლენაზე. ასეთ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ეს, მხოლოდ და მხოლოდ, იმ ძალების ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომელთაც არ სურთ, რომ ენერგეტიკულად განვვითარდეთ. ეს მხოლოდ საქართველოს მტრების ინტერესებში შეიძლება იყოს. საუბარი იმაზე, რომ მცირე ჰესები მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას მოახდენს ადამიანების საცხოვრის გარემოზე, არის აბსურდი.
სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და სხვა თანმდევი დოკუმენტები საქართველოს ავალდებულებს, დაიცვას ყველა ის სახელმძღვანელო სტანდარტი და ნორმა, რომელიც შეეხება ადამიანების ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, გარემოს.
უნდა მივაქციოთ ყურადღება სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესს, რომლის მიხედვითაც ჩვენი ელექტრო სექტორის 80% არსებულ ჰიდროელექტროსადგურებზეა დამოკიდებული. ნებისმიერი ახალი ჰესის მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ენერგოსექტორის განვითარებისთვის.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების პოპულარობისა, ჰიდრორესურსები მსოფლიოში გამოყენებადი და განახლებადი ენერგიის პოპულარულ წყაროდ რჩება.
დავასრულებ იმით, რითიც დავიწყე: პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას აუცილებლად სჭირდება ეკონომიკური მხარდაჭერა _ ეკონომიკური გარანტიები და, პირველ რიგში, ენერგოუსაფრთხოება და დამოუკიდებლობა. სხვა მხრივ ის უდიდესი მონაპოვარი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა თავგანწირული ბრძოლით მოიპოვეს, მუდამ საფრთხის ქვეშ დადგება და ყველა პოლიტიკური მიღწევა იქნება მყიფე. ამიტომ საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ ენერგოუსაფრთხოებისა და კონკრეტულად მცირე ჰესების მშენებლობის საკითხს უნდა შეხედოს სახელმწიფოებრივ პრიზმაში, როგორც ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობის უმთავრეს კომპონენტს.

გოჩა მირცხულავა