დამოუკიდებელი საქართველოს „პრეზიდენტული ვნებები“

დამოუკიდებელ საქართველოს სამი პრეზიდენტი ახსოვს და, პირდაპირ თუ ირიბად, სამივეს საკმაოდ რთული ხვედრი ერგო.

ვისაც ხელეწიფება და ხეებზე არანაკლებ უყვარს, ფსიქოანალიზი ჯერ არ გაუკეთებია და არ ვიცით, დაეთანხმება თუ არა (ნიცშესი არ იყოს), მაგრამ ის კი შეიძლება ითქვას, რომ გამორიცხული არ არის, პრეზიდენტთა ამგვარი რთული სვებედი ქართველების ცნობიერებაში არსებული პირველობის მანიას, ან პირველთა მუდმივად ძიძგნის სურვილს უკავშირდებოდეს.

თუმცა დათქმა აქაც არსებობს: მეოთხე პრეზიდენტთან მიმართებით ეს „პირველი პირი“ მხოლოდ სიმბოლურია და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, მიუხედავად პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ჩვენი დიდი პატივისცემისა, „პირველი პირი“ და, მით უმეტეს, „მთავარსარდალი“, მხოლოდ პირობითად თუ შეიძლება ეწოდოს.

ვეტოები და შიგადაშიგ შეწყალებები საერთო სურათს ვერ ცვლის _ გიორგი მარგველაშვილი, უფრო სწორად, ის ფორმა, რა ფორმითაც გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტად აგვარჩევინა, მიუხედავად მისი მცდელობებისა, წარმოჩინდეს დამოუკიდებელ მოთამაშედ, მხოლოდ ირონიულ ღიმილს იმსახურებს და ის თანაბრად არ მოსწონთ „ნაცებს“, „ქოცებს“, „რესპებს“, „ნაც-ქოცებსა“ თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ბოლო, მეოთხე პრეზიდენტით პრეზიდენტთა საქმიანობისა და ვადების განხილვა იმიტომ დავიწყე, რომ შესადარებლად უფრო მარტივი გამხდარიყო, რა განსხვავებაა მეოთხესა და წინა სამს შორის. თუმცა მარგველაშვილის პრეზიდენტობის შედარება ყველაზე კონტრასტული მაინც სააკაშვილის პერიოდთან იქნებოდა, მით უმეტეს, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მიშა ნამდვილად იყო პრეზიდენტი და, ამავდროულად, არაოფიციალურად _ თავდაცვის მინისტრიც, პროკურორიც და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც, რასაც გიორგი მარგველაშვილზე ვერ ვიტყვით.

არადა, მეოთხე პრეზიდენტის შემთხვევაში, წესით, ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო, როგორც იმ ბრძენ კაცს უნდოდა… ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ისეთი ადამიანი შეარჩია, რომელიც მისი მორჩილი, ფეხთა მტვერი უნდა ყოფილიყო და მის დაუკითხავად ნაბიჯი არ გადაედგა. არ ვიცით, გიორგი მარგველაშვილმა ასეთად მოაჩვენა თავი და სხვა რამ ჰქონდა გეგმაში თუ, უბრალოდ, მართლა ასეთი დამყოლი იყო და თავმოყვარეობის ჭია შემდეგ შეუჩნდა, მაგრამ ის, ვისაც ხალხმა „პლასტელინი“ შეარქვა (უფრო სწორად, ეს მეტსახელი, ფაქტობრივად, თვითონ შეირჩია), ნამდვილად არ ტოვებდა ურჩის შთაბეჭდილებას.

ბიძინა ივანიშვილი ისე იყო დარწმუნებული საკუთარი არჩევანის სისწორეში, რომ ერთ ბრიფინგზე, ცოტა არ იყოს, გაბრაზებითაც კი აღნიშნა, _ თუ გიორგი მარგველაშვილს პროცენტულად ცოტა ამომრჩეველი მისცემს ხმას, ჩავთვლი, რომ მე არ დამიჯერეს და მეწყინებაო…

ადრე, მონათმფლობელურ ეპოქაში, იმის ნიშნად, რომ საკუთრებას წარმოადგენდა, პატრონი მონას დაღავდა ხოლმე. დაღი ყველას სხვადასხვანაირი ჰქონდა, მაგრამ მათი საერთო ნიშანი თვალსაჩინოობა იყო: ანუ სადაც უნდა წასულიყო, მონას ეს დაღი თან დაჰყვებოდა, ხოლო თუ სხვა პატრონი იყიდდა, ის თავისი დაღით „ამკობდა“. მერე, როცა რაღაც პირობებით შესაძლებელი გახდებოდა მონობიდან თავის ამოყიდვა, მონას დაღი მაინც მთელი სიცოცხლის განმავლობაში რჩებოდა, ასე რომ, ყოფილი მონა, ფაქტობრივად, არც არსებობდა _ საზოგადოების დამოკიდებულება თავგამოსყიდული მონის მიმართ არ იცვლებოდა…

რასაკვირველია, პარალელი მხოლოდ ბუკვალურია, მაგრამ, დაახლოებით, ასეთი დადაღვის შთაბეჭდილება დატოვა ბიძინა ივანიშვილმა, როცა ერთ-ერთ წინასაარჩევნო მიტინგზე გიორგი მარგველაშვილს კალამი გადასცა.

აი, ხომ თითქოს არაფერი, მაგრამ ეს საჩუქარი სწორედ იმის სიმბოლო იყო, რაც ივანიშვილს უნდოდა: მან შექმნა მარგველაშვილი „ხატად თვისა“, ოღონდ, ბიბლიური შემთხვევისგან განსხვავებით, მას თავისუფლება, არჩევანის უფლება და გონი კი არ დაანათლა, არამედ სათავისოდ დაიგულა, წარმატებაც კი მისნაირი უსურვა _ კალმის გადაცემისას დააყოლა, _ ეს „წარმატების კალამია“, საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდში თავად ვსარგებლობდი და წარმატება მომიტანაო. რასაკვირველია, საჩუქარი მარგველაშვილმაც შეიფერა, რომელიც მაშინ მისთვის ყველა სხვა საჩუქარზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო, განაცხადა, რომ საჩუქარი სიმბოლურია და გაუფრთხილდება.

არ ვიცით, მართლა „წარმატების კალმის“ დამსახურება იყო, თუ ივანიშვილის სურვილის (ალბათ, უფრო მეტად, მეორის), მაგრამ მარგველაშვილმა არჩევნებში გაიმარჯვა და პრეზიდენტიც გახდა. რასაკვირველია, მისი მოღვაწეობა უღიმღამოდ დაიწყო და ძალიან სიმბოლური იყო მისივე გამოქვეყნებული ფოტოებიც _ პრეზიდენტი კატების გარემოცვაში, სავარძელზე ნებივრად გადაწოლილი; პრეზიდენტი საქსოვი ჩხირებით ხელში…

მსგავსი ფოტოები, რასაკვირველია, მსოფლიოში ცნობილი ქვეყნების ცნობილ პრეზიდენტებსაც აქვთ, მაგრამ ჩვენი შემთხვევისგან განსხვავებით, ისინი ასეთ ფოტოებს საქმეებს შორის შესვენებისას, განმუხტვისას იღებენ, ჩვენი პრეზიდენტის ერთადერთი საქმიანობა კი, იმ პერიოდში მაინც, მხოლოდ ფოტოების გადაღება და მისი პიარსპეციალისტების მიერ „ფეისბუქის“ გვერდზე ატვირთვა იყო…

სხვათა შორის, პრეზიდენტად მარგველაშვილის არჩევის შემდეგ ბევრმა პოლიტიკოსმა და ანალიტიკოსმა აღწერა პროცესები, თუმცა კახა კუკავა იყო ყველაზე ორიგინალური შედარების ავტორი. მან მარგველაშვილი, არც მეტი, არც ნაკლები, ჩერნენკოს შეადარა:

„მარგველაშვილი, დაახლოებით, იგივე ფუნქციას ასრულებს, რა ფუნქციასაც ასრულებდა 1984 წელს ჩერნენკო, მოკვდა ანდროპოვი და ვერ ირჩევდნენ გენერალურ მდივანს, იმიტომ, რომ რამდენიმე კლანი ებრძოდა ერთმანეთს. ჩერნენკო კი იმ ნიშნით აირჩიეს, რომ ის მაინც მალე მოკვდებოდა, მათ შეარჩიეს ნომინალური ფიგურა, 1985 წელს კი გორბაჩოვმა გაიმარჯვა. მარგველაშვილიც, დაახლოებით, ერთგვარი, შუალედური ფიგურაა, არც ღვინოა და არც წყალი, რადგან, ჯერჯერობით, არც ერთი კლანი მზად არ არის, რომ ძალაუფლება ხელში ჩაიგდოს. არც უცხოეთის მთავრობები არიან მზად, საბოლოოდ, საქართველოში რომელიმე ჯგუფზე დადონ ფსონი, ამიტომაც შეარჩიეს ნეიტრალური ფიგურა, რომელმაც თქვა, რომ მზად არის, პლასტელინის ფუნქცია შეასრულოს და ყველაფერს მოერგოს. მოვა პრორუსული მთავრობა და გახდება პრორუსული, გაგრძელდება პროდასავლური კურსი და იქნება პროდასავლური პრეზიდენტი“.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავდაპირველად მოწმენდილ ცაზე ღრუბლის ნაფლეთიც კი არსად ჩანდა და იმის წარმოდგენა, რომ მარგველაშვილი გაურჩდებოდა, ყველაზე მდიდარი ფანტაზიის პატრონსაც გაუჭირდებოდა: ივანიშვილთან ერთად საკვანძო საკითხებში თანხმობა არსებობდა, ანუ მარგველაშვილს, არჩევიდან ძალიან მალე, ავლაბრის რეზიდენცია უნდა დაეტოვებინა და მთავრობის მიერ შემოთავაზებულ შენობაში გადასულიყო, უნდა გამხდარიყო, ფაქტობრივად, ნომინალური პოლიტიკური ფიგურა, რომლის დანიშნულება ჰალსტუხის ტარება, საზეიმო მიღებების მოწყობა, რწმუნებათა სიგელების გაცემა და მიღება უნდა ყოფილიყო, ხოლო შეწყალების აქტების გამოცემა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან უნდა შეეთანხმებინა.

ასეც იყო და მარგველაშვილი პირობას დებდა, რომ ავლაბრის რეზიდენციას მალე დატოვებდა, მაგრამ სულ ცოტა ხანში გაირკვა, რომ ის ამას არ აპირებდა. ბევრმა ეს ივანიშვილთან მისი დაპირისპირებით ახსნა, მაგრამ, სავარაუდოდ, მიზეზი „ივანიშვილის რჩეულთა“, ანუ პრემიერ ღარიბაშვილისა და პრეზიდენტ მარგველაშვილის ქიშპი იყო და არა ის, რომ მარგველაშვილი ივანიშვილს დაუპირისპირდა. ივანიშვილს ამ დაპირისპირებულთა შორის ფავორიტი უნდა აერჩია და სწორედ ამის შემდეგ დაიწყებოდა ორკესტრირებული შეტევა მასზე, ვისაც ის თავისი ფრთებიდან გამოდევნიდა. ასეც მოხდა: ივანიშვილმა ღარიბაშვილი აირჩია და ორკესტრირებული შეტევა მარგველაშვილზე სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

პრეზიდენტს დაბრალდა თითქმის ყველაფერი: სააკაშვილთან საიდუმლო შეხვედრებით დაწყებული, ხელისუფლების მიმართ საბოტაჟით დამთავრებული. საქმეში ივანიშვილის ფავორიტი ინტელიგენციაც ჩაერთო და პრეზიდენტის ახალი მეტსახელებიც გაჩნდა: „კარალევა მარგო“ და „აბი მარგველაშვილი“, რაც ერთდროულად გულისხმობდა მისი თანამდებობის ნომინალურობასაც და პიროვნულ დაკნინებასაც…

ავლაბრის რეზიდენციის დათმობა-არდათმობის პარალელურად დავა დაიწყო იმაზე, თუ ვინ უნდა გამგზავრებულიყო გაეროში, ასამბლეაზე სიტყვით გამოსასვლელად. წინა ხელისუფლების დროს, ცხადია, ამ პრეროგატივას სააკაშვილს ვერავინ წაართმევდა და ამ მისიას წარმატებითაც ართმევდა თავს, მაგრამ მარგველაშვილს ღარიბაშვილი შეეცილა და სოციალურ ქსელებში ენამოსწრებული ხუმრობები და კარიკატურები, ფოტოკოლაჟები გაჩნდა, რამდენიმე უცხოურმა გამოცემამაც მოიცალა ხელისუფლების ზედა შტოებში შექმნილი კომიკური სიტუაციის აღსაწერად და კარგადაც დაგვცინა. რასაკვირველია, სრულიად სამართლიანად…

ცოტა ხნის შემდეგ, როცა დაინახა, რომ მარგველაშვილი საბოლოოდ გავიდა მისი კონტროლის ზონიდან, ივანიშვილის აღიარებამაც არ დააყოვნა:

„…არ დავმალავ, უკეთესს ველოდი. პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა და ნამდვილი ხასიათი გამოავლინა მარგველაშვილმა არჩევნების შემდგომ. 60 წლის ვხდები და მსგავსი მაგალითი არ მახსოვს…“

არადა, გვახსოვს. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც, როგორც მოვლენების შემდგომი განვითარება ცხადყოფს, 2003 წლის შემდეგ, როცა პრეზიდენტი გახდებოდა, რუსეთთან შემრიგებლური და დამთმობი პოლიტიკის გამტარებელი უნდა ყოფილიყო _ ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ სწორედ ამიტომ არ გაუწია წინააღმდეგობა მაშინ რუსეთმა ჩვეული პროვოკაციებით ედუარდ შევარდნაძის ჩანაცვლებას (რასაკვირველია, შევარდნაძის მიმართ პუტინს თავისი პირადი, ფარული მტრობაც ჰქონდა, თუნდაც, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანაში შეტანილი წვლილის გამო, რამაც რუსეთის, როგორც მსოფლიო დომინანტის როლი დააკნინა).

თავდაპირველად, კაცმა რომ თქვას, სააკაშვილიც პლასტელინის როლის შესრულებას შეუდგა: პირველი ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა და ამის შემდეგ, 2004 წლის 12 აპრილს, „იზვესტიაში“ მისი ინტერვიუც დაიბეჭდა, სადაც ამბობდა:

,,მე მივხვდი, რომ პუტინს ყოველთვის ატყუებდა შევარდნაძე, ამიტომ მას ნდობა ჰქონდა დაკარგული საქართველოს ლიდერებისადმი. შევარდნაძე არ ასრულებდა არც ერთ დანაპირებს. მე რომანტიკული ადამიანი ვარ და ამიტომ შემიძლია, თამამად ვთქვა, _ პუტინს პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს, სწორედ ასე, _ პატიოსანი ადამიანის თვალები. მე ვენდე მას და დამიჯერეთ, არ შევმცდარვარ. მან ყველა დანაპირები შეასრულა…“

ალბათ, ეს სიტყვები საქართველოს მესამე პრეზიდენტის ყველაზე დიდი შეცდომა იყო. ახლა არ ღირს იმაზე დავა, სააკაშვილმა მაშინ მართლაც პატიოსანი ადამიანის მზერა დაინახა პუტინის თვალებში, თუ ეს, უბრალოდ, მეზობელი დიდი სახელმწიფოს მეთაურის მიმართ გაგორებული კოჭი იყო _ იმ ქვეყნის მეთაურისთვის, ვისზედაც ბევრწილად იყო დამოკიდებული საქართველოს შემდგომი კეთილდღეობა.

ძალიან მალე სააკაშვილმა უარი თქვა რუსეთის მიმართ პლასტელინურ დამოკიდებულებაზე და სულ სხვა ქვეყნის შენებას შეუდგა თავის გუნდთან ერთად, რისთვისაც მანაც და ქვეყანამაც არაერთი უსიამოვნო სიურპრიზი მიიღო…

თავის დროზე, ეს მსოფლიოში დემოკრატად აღიარებულმა პრეზიდენტმა შევარდნაძემაც ვერ შეძლო _ მან ლავირების პოზიცია აირჩია, ხისტობაზე უარი თქვა და ეგონა, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის არჩევანის მონაცვლეობით სასურველ შედეგს მიაღწევდა, მაგრამ ასე არ მოხდა _ რუსეთმა ის იმისთვის გამოიყენა, რომ საქართველო დსთ-ში შეეყვანა და ამ „თანამეგობრობიდან“ გამოსვლა ქვეყანას ყველაზე ძვირი დაუჯდა.

რაც შეეხება საქართველოს პირველ პრეზიდენტს, თავის დროზე, რუსეთის მიმართ დამთმობლური პოლიტიკის წარმატებულობის მოსინჯვა მანაც სცადა. ფორმალურად, სწორედ ეს გახდა მისი გარემოცვის მიერ მასთან დაპირისპირების მიზეზი: ალბათ, გახსოვთ, „გკჩპ“ და გვარდიის გადაყვანა შს მინისტრის დაქვემდებარებაში, რაც თენგიზ კიტოვანმა და თენგიზ სიგუამ, შემდგომში კი ჯაბა იოსელიანმაც, წარმატებით გამოიყენეს პატრიოტულ გრძნობებზე მანიპულირებისთვის.

თომა ჩაგელიშვილს, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ჯერაც უცნობ და მეტ-ნაკლებად ცნობილ ეპიზოდებს შესანიშნავ დოკუმენტურ ფილმებად გარდაქმნის, ერთ-ერთ ეპიზოდში, სადაც 1991-92 წლების სამხედრო გადატრიალებაა ნაჩვენები, აღწერილი აქვს, რა პირობები წაუყენა რუსეთმა ზვიად გამსახურდიას, რათა ის არ მომხდარიყო, რაც მოხდა და რის შედეგადაც გადამწვარი თბილისი, ათეულობით დახვრეტილი მოქალაქე და სისხლის კალო მივიღეთ. 1991 წლის 21 დეკემბერს, სსრკ-ს დაშლის პარალელურად, სწორედ რუსთაველზე ომის დაწყების წინადღეს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა შეიქმნა და საქართველო ამ თანამეგობრობის წევრი უნდა გამხდარიყო.

თომა ჩაგელიშვილის ვერსიით, სწორედ დსთ-ში გაწევრიანების პირობა წაუყენეს ზვიად გამსახურდიას, რაზედაც მის უარს რუსთაველზე გასროლა მოჰყვა. ჟურნალისტისა და მედიამკვლევრის ვერსიით, მას შემდეგ, რაც გამსახურდიამ გააცნობიერა, რომ რუსთაველზე დაწყებული შეტაკებები ლოკალური არ იყო და მთელ ქვეყანას ემუქრებოდა, მან მოსკოვს დსთ-ში გაწევრიანებაზე თანხმობა შეუთვალა, თუმცა იქიდან მოკლედ უპასუხეს: „უკვე გვიანია…“

თუ დავაკვირდებით, სამივე პრეზიდენტის აქილევსის ქუსლი რუსეთთან ურთიერთობა და საკუთარი გარემოცვა იყო. მეოთხე პრეზიდენტი კი ისეთი შემთხვევაა, როცა მისგან, ამ ეტაპზე შექმნილი დამოუკიდებელი მოთამაშის ილუზიის მიუხედავად, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი პოზიცია ექნება და რა გარემოცვა ეყოლება…

 

ლაშა ბერულავა