დამარცხებულები, რომლებიც დამარცხებაზე უარს აცხადებენ _ ენმ-ს VII ყრილობის ქრონიკა

დიდი ანალიზის უნარი არ არის საჭირო იმისთვის, აღმოაჩინო, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა ძირითადი ბირთვი იდეის ერთგული და, კაცმა რომ თქვას, ცოტათი უცნაური ადამიანები არიან: როცა პარტიას, წესით, კრიზისის ხანა უნდა დაუდგეს, სწორედ მაშინ აივსებიან ენერგიით, ირაზმებიან და ერთად დგებიან.

რასაკვირველია, ორგანიზება ყველაფერს სჭირდება და არც სპორტის სასახლესთან მისულა ყველა თვითდინებით, მაგრამ იმ ფონზე, რაც ყრილობამდე, სულ, რვა დღით ადრე მოხდა ენმ-ში, ყველაზე დიდი ოპტიმისტებიც კი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ყრილობაზე ამდენი ადამიანი მივიდოდა.

ყრილობისთვის სამზადისმა, მოსაწვევებსა და დასწრებაზე არნახულმა მოთხოვნამ ბევრს ის პერიოდი გაახსენა, როცა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ენმ-ში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, თითქმის ორჯერ გაიზარდა და ეს გაზრდა იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ პარტიამ გადაწყვეტილება მიიღო, გაწევრიანების მსურველთათვის, ვირტუალურად, ენმ-ს ვებგვერდიდანვე მიეცა პარტიაში შესვლის უფლება.

ბევრს 19 აპრილის აქციაც გაახსენდა, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მხარდასაჭერად გამართული, სადაც 10.000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ყოფილი პარლამენტის წინა ტერიტორია მთლიანად გაავსო. თანაც, მაშინ საპარლამენტო არჩევნებიდან, სულ რაღაც, 6 თვე იყო გასული, ანუ პერიოდი, რა დროშიც იმ მძიმე და მტკივნეული დარტყმების შემდეგ, რომელიც ენმ-მ განიცადა, ფეხზე წამოდგომა ნებისმიერ სხვა პარტიას გაუჭირდებოდა.

მაგრამ ენმ-ს VII ყრილობის წინა სამზადისიც და თვითონ ყრილობაც წინა შეკრებებისგან, წინა ყრილობისგან თვისობრივად განსხვავებული იყო _ ენმ-ს ბირთვი, პარტიის ინტელექტუალური ნაწილი და, ზოგის აზრით, ლოკომოტივად მიჩნეული პირების უმრავლესობა პარტიიდან წავიდა და ახალ პარტიაში გადაბარგდა.

სწორედ ამ და სხვა გარემოებების გამო ყრილობას ზოგი სკეპტიკურად უყურებდა, ზოგი კი დაუფარავი ირონიით ელოდებოდა. ენმ-მ მოქირქილეებს კიდევ ერთხელ გაუცრუა იმედი და მათთვისაც კი, ვისთვისაც რაოდენობაა მთავარი და არა ხარისხი, შედეგი დადო: სპორტის სასახლე გაივსო და ყრილობის დაწყებაც კი დაგვიანდა, სანამ ორგანიზატორებმა არ გადაწყვიტეს, რომ დელეგატთა რეგისტრაცია დაჩქარებული წესით ჩაეტარებინათ, რათა ყრილობის დაწყება დიდად არ გაწელილიყო. საბოლოოდ, რეგისტრაცია 7 ათასიდან 6 ათას 871-მა დელეგატმა გაიარა და ყრილობა მუშაობას შეუდგა.

მოვლენებს რომ ცოტა წინ გავუსწროთ, უნდა ვთქვათ, რომ დემოკრატიულობის კუთხით ეს ყრილობა ვერც სხვებისგან გამორჩეული გამოდგა და ვერც უკეთესი: როგორც ჩანს, ფორსმაჟორში მომუშავე ორგანიზატორებმა ყრილობის ვიზუალურ მხარეზე უფრო იზრუნეს (როგორც ყოველთვის), ამიტომაც პოლიტსაბჭოს წევრთა კანდიდატების სიები წინასწარ არ გამოუქვეყნებიათ.

მართალია, პოლიტსაბჭოში დასახელებულ ყველა წევრს, რომელთაც სცენაზე იხმობდნენ, დარბაზი ოვაციით ხვდებოდა და ერთხმადაც დაუჭირა მხარი, მაგრამ, რასაკვირველია, ეს არ იყო ნორმალური პროცედურა _ როცა ორ წუთში 70 გვარს და სახელს დაგისახელებენ, ვერც იმას გაიაზრებ, ვინმეს წინააღმდეგი ხარ თუ არა ამ სიაში, ვერც იმას, ვინ მოისაკლისე.

სწორედ ამიტომ კრიტიკული პათოსი „ფეისბუქზე“ ყრილობის დასრულებიდან რამდენიმე საათში გაჩნდა. ზოგმა ვინ მოისაკლისა პოლიტსაბჭოში და ზოგმა _ ვინ, ძირითადად, რასაკვირველია, ისინი, ვინც ნამდვილად იმსახურებდა იქ ყოფნას, მაგრამ ბევრმა ისიც თქვა, სინამდვილეში, ძალიან ბევრი ადამიანი იმსახურებს პოლიტსაბჭოში ყოფნას და ეს ორგანო ყველა ღირსეულს ვერ დაიტევსო…

მთავარი მაინც არა პრეტენზიები, არამედ ის რეაქცია იყო, რაც ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრების მხრიდან კრიტიკას მოჰყვა: მაგალითად, ჩიორა თაქთაქიშვილი კრიტიკულად განწყობილებს, რომლებიც წერდნენ, რომ პარტიის დაბრუნება ხალხისთვის ბლეფია, კი არ გაემიჯნა და ლანძღვა კი არ დაუწყო, პირიქით, აღნიშნა, რომ პოლიტსაბჭოს წევრთა სიის წინასწარ არგამოქვეყნება შეცდომა იყო:

„მართალი ბრძანდებით! პოლიტსაბჭოს შემადგენლობა, თუნდაც, მისი შემადგენლობის პირველადი ვერსია, წინასწარ უნდა გამოგვექვეყნებინა.

ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ შეგვეშალა, მაგრამ ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. ფაქტია, ამჯერად ჩვენ ვერ შევძელით გამჭვირვალობის ახალი სტანდარტის დამკვიდრება. თუ ამას დღეს ვაღიარებთ, მომავალში იგივე შეცდომას აღარ გავიმეორებთ.

ძალიან დიდი მადლობა, რომ მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი ხარვეზისა, თქვენ ერთხმად გამოგვიცხადეთ ნდობა, ნდობა გამოუცხადეთ პოლიტსაბჭოს ახალ წევრებს, ახალ თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს.

ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანისთვის.

ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რომ საქმით დავამტკიცოთ ის, რაც ვთქვით ყრილობაზე: დიახ, ჩვენ არ შეგვეშინდება სიახლეების, გახსნილობის, გამჭვირვალობისა და თქვენ წინაშე ანგარიშვალდებული ვიქნებით.

მაგრამ ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ შორს ვერ წავალთ, თუ ამ უნიკალური, უმნიშვნელოვანესი და უძლიერესი ყრილობის თაობაზე მთავარ დასკვნას გამოვიტანთ „მეც უნდა ვყოფილიყავი, ისიც უნდა ყოფილიყო პოლიტსაბჭოში!“ „რატომ არ ვარ პოლიტსაბჭოში?“ _ ამ ჭრილიდან.

არიან ისეთი უმაგრესი ადამიანებიც, რომლებიც ნამდვილად დააკლდნენ ამ შემადგენლობას!!! დამეთანხმებით, რომ შეუძლებელია ისეთი ჩამონათვალის გაკეთება, რომლითაც ყველა კმაყოფილი დარჩება და რომელსაც არავინ დააკლდება. ჩვენ 600 000 ვართ!

ცხადია, მნიშვნელოვანია პოლიტსაბჭოს წევრობა, მაგრამ აქ არ წყდება პარტიის ბედი. მთავარია, რას გავაკეთებთ ერთად მომავალში.

მთავარია, რომ შევძლოთ და თითოეულ ადამიანს შევუწყოთ ხელი, მიუხედავად ყოველგვარი თანამდებობისა, რომ მათი უნიკალური გამოცდილება, ცოდნა და შესაძლებლობები საერთო საქმეს, ჩვენს მთავარ იდეას, ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას მოხმარდეს“, _ აღნიშნა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

რაც შეეხება ისევ ყრილობას, დარბაზსა და განწყობას, 20 იანვარს ბევრი საინტერესო და დასკვნის გასაკეთებლად გამოსადეგი ფაქტის შემჩნევაც შეიძლებოდა.

ალბათ, ყველაზე მთავარი და ენმ-ში დარჩენილი ლიდერშიპისთვის, პირველ რიგში, საინტერესო ის იყო, რომ დელეგატებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის იმედიანი განწყობა შეინიშნებოდა.

„ქრონიკა+“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ დელეგატებსა და სტუმრებს ესაუბრა და სტუმრებს შორის ისეთებიც იპოვა, რომლებიც საგანგებოდ ყრილობაზე დასასწრებად ჩამოფრინდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან. მათი აზრი პარტიის განახლებასთან დაკავშირებით ცალსახა იყო _ თითქმის ყველა ამბობდა, რომ განახლება და მათი ჩამოცილება, ვინც ვიწრო წრეში იღებდა გადაწყვეტილებებს, ჯერ კიდევ, დიდი ხნის წინ იყო საჭირო:

„არ ვიცი, თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს, მაგრამ მე რასაც ვხედავ ისაა, რასაც ჩემი უამრავი ნაცნობი მეუბნება, ისინი, რომლებიც არასდროს უჭერდნენ მხარს ენმ-ს. ისინი ამბობენ, რომ ვის გამოც ვერ იტანდნენ სააკაშვილის მმართველობის წლებს, ენმ თითქმის ყველამ დატოვა. ახლა არ შევუდგები იმ პერსონების ჩამოთვლას, მიმაჩნია, რომ ეს ურთიერთბრალდებები უნდა მორჩეს და გამიჯნულებმა თავიანთი გზით უნდა იარონ, ჩვენ _ ჩვენი გზით“, _ თქვა აშშ-დან ჩამოსულმა ერთ-ერთმა მოწვეულმა სტუმარმა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ სამეგრელო და კერძოდ, ზუგდიდი ამ პროცესებში არცთუ კარგად წარმოჩინდა ჩვენი სამი წარმომადგენლის მხრიდან. ისღა დამრჩენია ვთქვა, რომ მხოლოდ ეს სამი ადამიანი არ არის ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის სახე და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მათ, თითქმის, არავინ გაჰყოლია თან. საქართველოსთვის მნიშვნელოვან პერიოდში სამეგრელო ყოველთვის სწორ და მართალ პოზიციას იკავებდა და ახლაც ასეა“, _ თქვა ზუგდიდელმა დელეგატმა.

ენმ-ს ყრილობაზე კიდევ ერთი სიურპრიზი თითქმის დავიწყებული ძველი სახეების გამოჩენა იყო. მაგალითად, გრიგოლ ვაშაძისა და ხატია დეკანოიძის. ეს უკანასკნელი ყრილობაზე წარადგინეს, როგორც „უკრაინასა და საქართველოში პოლიციის რეფორმის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი“. რასაკვირველია, უკვე საღამოს ამ წარდგენას აღშფოთებული კომენტარები მოჰყვა სოციალურ ქსელებში _ პოლიციის რეფორმის სულისჩამდგმელი ვანო მერაბიშვილი იყო და არა ხატია დეკანოიძეო. არადა, მერაბიშვილის როლის დაკნინება ამ საკითხში არავის უცდია, მით უმეტეს, რომ თავად მასაც არაერთხელ მოუხსენიებია ხატია დეკანოიძის წვლილი პოლიციის რეფორმაში.

„ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე კი გამოუვიდათ“, _ გრიგოლ ვაშაძის ეს ფრაზა, ალბათ, ყველაზე ნათლად ასახავს განწყობასაც და მომავლის იმედსაც, რაც იმ დღეს სპორტის სასახლეში შეიმჩნეოდა. გრიგოლ ვაშაძემ ერთი საინტერესო ფრაზაც თქვა: „კინწისკვრით გააგდეთ პარტიიდან ყველა, ვინც იქ პირადი გამორჩენის მიზნით მივა, ერთი დღეც არ გააჩეროთ…“

იყო სხვა მნიშვნელოვანი გზავნილებიც: მაგალითად, სამირა ისმაილოვამ თქვა, რომ ბოლნისსა და მარნეულში საქართველოში მცხოვრები „ეთნიკური უმცირესობის წევრებმა“ დაამტკიცეს, რომ ეთნიკურად არაქართველები ყოველთვის არ აძლევენ ხმას სახელისუფლებო გუნდს: „ჩვენ ამას სხვა დროსაც დავამტკიცებთ, სხვა არჩევნებზე“, _ თქვა ისმაილოვამ.

როგორც ყოველთვის, ემოციურობითა და პირდაპირობით გამოირჩეოდა ზაზა ბიბილაშვილის გამოსვლა, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს მოღალატე ხელისუფლება ჰყავს: „ჩვენ უნდა ავაფრიალოთ ეროვნული დროშა ჯერ სოლოლაკის ქედზე, შემდეგ კი სოხუმში, _ თქვა მან და დაამატა, _ შეუძლებელია იმ ხალხის დამარცხება, რომელიც დამარცხებაზე უარს აცხადებს“.

მიხეილ სააკაშვილის გზავნილები, მისი ჩართვის დროს, სიგნალის ხშირად შეწყვეტის გამო, დარბაზს ჩვეულ დრაივში ვერ მიეწოდა, მაგრამ, მოგვიანებით, ყრილობის ბოლო ნაწილში, ის ისევ ჩაერთო და ამჯერად ყველაფერი თქვა, რისი თქმაც უნდოდა. რასაკვირველია, არც ჩვეული გაბრაზება დავიწყებია და ასე განაცხადა, _ სწორი ის კი არ არის, ფსევდოლიბერალიზმის ეგიდით ვინ რას ამბობს, მართალი მხოლოდ თქვენ ხართო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ არის და ვერ გახდება ელიტური კლუბი“, _ თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

კიდევ ერთი დეტალი: არც ერთ გამომსვლელს, მათ შორის, არც მიხეილ სააკაშვილს, ენმ-დან წასული პირები ყრილობაზე პერსონალურად არ უხსენებია. მეტიც, მიხეილ სააკაშვილს, სულ ერთხელ, აბსოლუტურად მისაღებ კონტექსტში, წამოსცდა „მე“ და მაშინვე პირველი პირის მრავლობითში გადააკეთა: „ჩვენ“… ეს, ალბათ, იმის გამო, რომ ვისაც არ ეზარებოდა, ყველა იმას აყვედრიდა, მისგან სულ „მე, მე, მე, მე“ ისმისო…

 

ლაშა ბერულავა