„დავიძინე ერთ ქვეყანაში და გავიღვიძე სხვა რეალობაში“ _ ინტერვიუ ქართველ ებრაელთან

მიხეილ ხაჩიძე

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ქვეყნის არმიას უბრძანა შეტევის მომზადება ღაზის სექტორის სამხრეთ ქალაქ რაფაში.

„შეუძლებელია ომის მიზნის მიღწევა, „ჰამასის“ ლიკვიდაცია, თუ მისი ოთხი ბატალიონი დარჩება რაფაში. ისრაელი არ დაუშვებს თავის შეკავებას,  საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების მიუხედავად, რომლებიც მუდმივად მოუწოდებენ ისრაელს, გამოიჩინოს თავშეკავება ტერორისტებთან ბრძოლაში“, _ განაცხადა მან პარასკევს პრემიერ-მინისტრის ოფისში.

აშშ-ის მთავრობამ და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ისაუბრეს ბოლო დღეებში რაფაში სამხედრო მოქმედებების წინააღმდეგ.

„მაგრამ გეგმები, რომლებიც სამხედრო ხელმძღვანელობამ მთავრობას უნდა წარუდგინოს, ასევე უნდა მოიცავდეს რაფაში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას“, _ განაცხადა ისრაელის პრეზიდენტის ოფისმა.

რას ნიშნავს ეს? _ ისრაელის მთავრობა უზრუნველყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას, გაკეთდება დერეფანი და ხალხი ტერიტორიას დატოვებს. ამის შემდეგ „ცაჰალი“ ტერორისტების განადგურების ოპერაციებს დაიწყებს.

პრეისტორია: ქალაქ რაფაში ომამდე, დაახლოებით, 300 000 მოსახლე იყო.  ამჟამად იქ 1,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მათი უმეტესობა ქალაქში  ღაზის სექტორის სხვა ნაწილებიდან ომის დაწყების შემდეგ გადმოვიდა.

„აშკარაა, რომ რაფაში ინტენსიური (სამხედრო) აქტივობა მშვიდობიანი მოსახლეობისგან საბრძოლო ზონის გაწმენდას მოითხოვს“, _ თქვა ნეთანიაჰუმ პარასკევს. ამიტომ მან სამხედრო ხელმძღვანელობას დაავალა, წარედგინა მთავრობისთვის მოსახლეობის ევაკუაციისა და „ჰამასის“ ბატალიონების განადგურების „კომბინირებული გეგმა“.

შეგახსენებთ: 100-მდე მძევალი ჯერ კიდევ „ჰამასის“ ტყვეობაშია, რომლებსაც  შესაძლოა, ტერორისტები რაფაში მალავდნენ, რადგან ეს ადგილი ადრე ისრაელის არმიისგან უსაფრთხოდ მიიჩნეოდა.

ღაზის ომი 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში „ჰამასისა“ და სხვა ექსტრემისტული ჯგუფების მიერ განხორციელებულმა უპრეცედენტო ხოცვა-ჟლეტამ გამოიწვია. ისრაელის მხარეს 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რამაც დაარწმუნა ისრაელის საზოგადოება, რომ ეს ქვეყანა ვერ იცხოვრებდა ასეთ სასტიკ ტერორისტულ დაჯგუფებასთან მის სამეზობლოდ და დაიწყო მასობრივი იერიში ტერორისტების წინააღმდეგ მათ სამიზნეებზე, გვირაბებსა და შეიარაღებაზე.

30 წლის ქართველი ებრაელი, ირინა ფიჩხაძე, მთელი ცხოვრება თბილისში ცხოვრობდა, თუმცა უკვე თითქმის ერთი წელია, ისრაელში გადავიდა. გადაწყვეტილება სპონტანურად დასთან ერთად მიიღო. მშობლები თბილისში დარჩნენ, დები კი მეორე სამშობოში _ ისრაელში გაემგზავრნენ. ენა არ იცოდნენ, შესაბამისად, ადამპატიაცა და, ფაქტობრივად, ახალი ცხოვრების დაწყება მოუწიათ. ისრაელის ხელისუფლება, თავის მხრივ, მაქსიმალურად ეხმარება სამშობლოში ახალ ჩასულებს ფინანსურად თუ უამრავი სახის პროგრამით.

ირინა ჯერ ისრაელში ბოლომდე აწყობილი და დალაგებული არც იყო, როცა „ჰამასის“ ტერორისტებმა 7 ოქტომბრის სასტიკი ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. ამ დღის შემდეგ ქართველი ებრაელი დებისთვის, ისევე როგორც მთელი ისრაელისთვის, სხვა რეალობა დადგა. ირინა ფიჩხაძე ამბობს, რომ ისრაელი შეიცვალა, _ ჩასვლისას სხვა იყო, ახლა სხვა გახდა.

„ქრონიკა+“-მა ქართველ ებრაელ ირინა ფიჩხაძესთან დისტანციური ინტერვიუ ჩაწერა და მოისმინა იმ მდგომარეობის შესახებ, რაც ახლა ისრაელშია. განწყობები, შემართებები, მოტივაცია და პატრიოტიზმი ისრაელს რომ ისეც არ აკლდა, ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ახლა ყოველივე ეს გაასმაგებულად თვალნათელია:

_ ირინა, 7 ოქტომბერს სად იყავით?

_ 10 თვეც არ იყო, რაც ისრაელში ვიყავით ჩამოსულები. ჩემი ნათესავები ცხოვრობენ აშდოდში, ეს ქალაქი ახლოს არის ღაზის სექტორთან, ჩვენ ხულონში ვიყავით, ცოტა მოშორებით ნათესავებისგან. ჩვეულებრივ რიტმში მიდიოდა ცხოვრება, დატვირთული გრაფიკი მქონდა, აეროპორტში ვმუშაობდი და ადაპტაციის პერიოდში ვიყავით ჯერ კიდევ, რადგან ახალ ბინაში გადავედით მე და ჩემი და.  6 ოქტომბერს საღამოს ვიყავით მეგობრებთან, ქართული სუფრა გვქონდა. არავის ჰქონია განცდა, რომ რამე ცუდი მოხდებოდა. ეს იყო ჩვეულებრივი პარასკევი საღამო. სიმშვიდე და კარგი ატმოსფერო იყო, სახლში ღამის ორ საათზე წამოვედით.

მეორე დღეს ზღვაზე მივდიოდით. ჩემს დას ვეუბნებოდი, დილით არ გამაღვიძო ადრე, ჩემით გავიღვიძებ და მოვალ ზღვაზე-მეთქი. დავიძინე სადღაც ღამის სამ საათზე, პირველი საჰაერო განგაში ჩართულა დილის შვიდის ნახევარზე 7 ოქტომბერს. ვერ გავიგე ვერც მე, ვერც ჩემმა დამ. ისე დაიწყო ეს ამბავი, რომ ვერაფერი გავიგეთ. დილის შვიდ საათზე ჩემს დას თავისით გაეღვიძა და დახვდა მეგობრის მესიჯი, რომელიც სწერდა, რომ ვიცი, გეშინიათ მარტო დარჩენის და თქვენთან მოვალო. ის გულისხმობდა საჰაერო განგაშების შიშს. მალევე მეორე განგაში ჩართულა და უვკე ჩემმა დამ მეც გამაღვიძა, ასე დილის შვიდი საათი იქნებოდა. მეც დავურეკე ჩემს დაქალს, რა ხდება- მეთქი? მან მითხრა, რომ არაფერია, დღესასწაულზე „ჰამასი“ სულ ასე აკეთებს და არ შეშინდეთ, არაფერი ისეთი არ ხდებაო. ანუ არავის ჩვენ  გარშემო რეალური ინფორმაცია არ ჰქონდა, ყველას ეგონა, რომ ეს იყო მხოლოდ საჰაერო განგაში და რაკეტების შეტევა.

_ თქვენ როგორი რეაქცია გქონდათ, რა იყო თქვენი პირველი ფიქრები?

_ ინფორმაციები მოგვდიოდა ძალიან ნელ-ნელა. შევედი ქართული ნიუსების შესამოწმებლადაც და მხვდება პოსტები ისრაელის პოლიციის შენობიდან, რომელიც აიღეს ტერორისტებმა და ყველა დახოცეს. მანდ მივხვდი, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა. მეორე ნიუსიც ვნახე, რომ სამხედრო ბაზა აიღეს და ძალიან შევშინდი. მივხდვი, რომ ნიუსები უბრალოდ აღარ უნდა მენახა. ისრაელი პატარაა და ასე თუ გადმოკვეთეს საზღვარი, სად როდის მოვიდოდნენ, კაცმა არ იცოდა. ინფორმაციის წაკითხვა შევწყვიტე. მალევე დაიწყო თბილისიდან პანიკური ზარები, ტელეფონს ხელიდან ვერ ვუშვებდი: სად ხარ, რომელ ქალაქში ხარ და ა. შ., ანუ ღამე დავიძინე ჩვეულებრივად და დილით ასე გავიღვითეთ, ჯერ ვერ ვიაზრებდით, რა ხდებოდა რეალურად.

_ რა უნდა გექნათ, ამაზე თუ იფიქრეთ?

_ არ ვიცი, არ მიფიქრია იმაზე, თუ როგორ მოვიდოდა ტერორისტი ავტომატით, რა უნდა გამეკეთებინა. მეოთხე სართულზე ვცხოვრობ, ვიფიქრე, რამე გადამეგდო ფანჯრიდან, რომ თავზე დაცემოდა, კარზე ამეყუდებინა რამე. გეგმა დიდი არ გვქონდა. ფანჯრიდან გადავმხტარიყავი, ალბათ.

_ შეგეშინდათ ძალიან?

_ ძალიან შევშინდით, პირველ დღეს უკვე როცა გავიგეთ და გავიაზრეთ, რაც ხდებოდა, სულ აფეთქებების ხმა ისმოდა და საჰაერო განგაში ირთვებოდა. აფეთქებების ხმა საიდან მოდიოდა, დღესაც ვერ გავიგე, მაგრამ არ გაჩერებულა. რაკეტებისა და საჰაერო განგაშის ჩართვა უკანა პლანზე იყო. უკვე ის ფიქრი გვქონდა, ტერორისტები არ შემოგვჭროდნენ. გავრცელდა თან ინფორმაცია, რომ ტერორისტებს პოლიციელების ფორმა ჰქონდათ გადაცმული და დადიოდნენ ქუჩებში. მერე უკვე კიდევ უფრო დაიძაბა სიტუაცია „ჰეზბოლას“ მხრიდან. პირველი 3 დღე ვფიქრობდით, საქართველოში ხომ არ წავსულიყავით, ძალიან გვეშინოდა.

ყოველ ღამე, 12 დღის მანძილზე, ომის საშინელი სიზმრები მქონდა,

ჩემი და საჭმელს ვერ ჭამდა ნერვიულობისგან. უბრალოდ წავედით დასაძინებლად და 4 საათში სხვა ქვეყანაში გავიღვიძეთ. დავიძინე ერთ ქვეყანაში და გავიღვიძე სხვა ქვეყანაში. 7 ოქტომბრამდე როგორიც იყო ისრაელი, ისეთი აღარაა, სხვა ქვეყანაა.

_ თქვენები რას ამბობდნენ, ისინიც ძალიან ნერვიულობდნენ? 

_ დედაჩემი გიჟს ჰგავდა, ყოველდღე რეკავდა, რომ დროზე ჩამოდით, ჩამოდითო. ძალიან ნერვიულობდნენ ჩემი მშობლები და უნდოდათ, რომ საქართველოში მაშინვე ჩავსულიყავით.  რეალურად, არავინ ვიცოდით, რა იქნებოდა, შეიძლება ფრენებიც გაუქმებულიყო და აეროპორტიც დაკეტილიყო. მაგრამ არ ვიცი, გავრისკეთ და დავრჩით მაინც ისრაელში.

_ ახლა რა ვითარებაა თქვენ გარშემო?

_ ახლა ერთგვარი ჩვეულებრივი სიტუაციაა. ვუბრუნდებით ყოველდღიურობას. განსხვავება კი ცალსახაა. თითქოს სხვა ქვეყანა გახდა ისრაელი. როგორი სიტუაციაა იცით? _ ჩემი ქალაქი ისევ ისეთია, როგორიც იყო, მაგრამ თელ-ავივში სულ პლაკატებია, ინსტალაციებია გატაცებულების თემაზე, ავტობუსებზე, გაჩერებებზე ყველგან გაკრულია. ქალაქში რომ გადიხარ, ყველგან ხვდები, რომ ომია. ყველგან ომზეა საუბარი. ავტობუსში სანამ გაჩერებას აცხადებენ, ერთად გავიმარჯვებთო ამბობს ჩაწერილი ხმა. ისე კი ჩვეულებრივად მუშაობს ყველაფერი: კაფეები, ბარები ღიაა. დეკემბრამდე დაკეტილი იყო, როგორც კოვიდს დროს. ახლა ყველაფერი ცოცხალია,

არ ჩერდება ცხოვრება, ისეთი ქვეყანაა ისრაელი და შენც ვერ ჩერდები.

პირველი დღეები ძალიან რთული იყო, მაგრამ ახლა ვუბრუნდებით რეალობას.  ისრაელი გაიმარჯვებს და მშვიდობა იქნება!