დავით საყვარელიძე: „მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შემოვა ორი ფეხით და ორი ხელით, როგორც გავიდა“

უკრაინასა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე „ქრონიკა+“ ესაუბრება დავით საყვარელიძეს:

_ ბატონო დავით, პოროშენკოს ცნობილმა გადაწყვეტილებამ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე, რამდენად შეცვალა პოლიტიკური სურათი უკრაინაში, რა განწყობაა საზოგადოებაში, პოლიტიკურ სპექტრში?

_ პრეზიდენტ პოროშენკოს ამ გადაწყვეტილებამ იმდენად შოკში ჩააგდო საზოგადოების თითქმის ყველა ფენა, რომ ის ადამიანებიც კი დაფიქრდნენ და დაიჭირეს ჩვენი მხარე, ვინც აქამდე კრიტიკულად იყო განწყობილი ჩვენ მიმართ. იმიტომ, რომ არც ადამიანურად და არც პოლიტიკურად ეს ნაბიჯი გამართლებული არ იყო და არ არის. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თვითონ პრეზიდენტი პოროშენკო არის დაბნეული და ვეღარ გაუგია, როგორ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან. თუ აქამდე ზოგიერთი არ გამორიცხავდა და ამბობდა, რომ სააკაშვილი შეიძლება იყოს პოროშენკოს პროექტი და ეს დაპირისპირებები სპეციალურად ხდებოდა, ახლა ყველა დარწმუნდა, რომ ასე არ არის და ეს ნამდვილი ოპოზიციური ძალაა.

ჩვენი მოქმედებები ამას ცხადყოფდა. დღეს, ამ ყველაფრის შემდეგ, ხალხის განწყობა ძალიან ბრაზიანია. ასეთი მეთოდებით პოლიტიკური ოპონენტის დევნა და გაგდება ქვეყნიდან უკრაინელებისთვის მიუღებელია. ეს ყველაფერი მათ ახსენებს წარსულს, წინა პრეზიდენტებს, მათ შეცდომებს, როგორ დამთავრდა მაშინ ის ყველაფერი, კარგად გვახსოვს და ამ შემთხვევაშიც ანალოგიური რამ მეორდება. ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტი პოროშენკო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში და ივანიშვილს შეხვდა. ილაპარაკეს რეზიდენციაში. როგორც ჩანს, ეს მოლაპარაკება შედგა. საბოლოოდ რაზე შეთანხმდენენ, არ ვიცი, მაგრამ მართალი გითხრათ, არ მგონია, ივანიშვილს ძალიან უნდოდეს სააკაშვილი საქართველოში ნებისმიერი ფორმით. არ მგონია, მას აწყობდეს ასეთი კალიბრის ადამიანის პოლიტიკურ პატიმრად ყოლა, რომელიც კონსოლიდაციას გამოიწვევს ძალიან ბევრი ადამიანის, რომელიც დღეს შეიძლება მოდუნებულია, იმედგაცრუებულია და ა. შ. ამიტომ დაველოდებით მოვლენებს, ვდგამთ ნაბიჯებს, მის დაბრუნებას ველოდებით უკრაინაში, რა ფორმით, რა გზით და რა პროცედურების გავლით, ამას თავად გამოაცხადებს, ალბათ, რამდენიმე დღეში, და ყველაფერი კარგად იქნება. პოლიტიკური ძალა უკვე არსებობს, გავიჩინეთ ძალიან ბევრი პარტნიორი. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა პოროშენკომ მას შემდეგ მიიღო, რაც განცხადება გავაკეთეთ 400 საერთო მოქმედების შტაბის შექმნასთან დაკავშირებით. ეს შტაბები იქმნებოდა იმისთვის, რომ შემოდგომაზე მოგვეთხოვა პოლიტიკური კლასის გადატვირთვა, პარლამენტის ახალი, ვადამდელი არჩევნები. ამ პოლიტიკურ ძალას უნდა აეღო ინიციატივა, რომ პოლიტიკური კლასი უკრაინაში გადატვირთულიყო, რაც საშუალებას მოგვცემდა დაგვეწყო რეალური გარდაქმნები და რეფორმები. სწორედ ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა, რეალურად მას ეშინია ნებისმიერი კარგად ორგანიზებული პოლიტიკური ძალის. მაგრამ პოროშენკო ცდება, ეს შტაბები მაინც შეიქმნება ყველა ქალაქში, ყველა რაიონში. ახლა მე და ჩემი კოლეგები აქტიურად დავდივართ დიდ ქალაქებში, რეგიონის ცენტრებში.

_ თქვენ ახსენეთ პოროშენკო-ივანიშვილის შეხვედრა, ამ შეხვედრის გარეშე ვერ მოახერხებდნენ კომუნიკაციას და შეთანხმებას? ვერ შეთანხმდებოდნენ ტელეფონით, ან სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით? რით იყო გამოწვეული ეს აუცილებლობა?

_ სატელეფონო კომუნიკაციამ შესაძლოა გაჟონოს და ყველა თემაზე ტელეფონით, ცხადია, ვერ ილაპარაკებ, ვერ ისაუბრებ, უფრო მეტად სარისკოა, ვიდრე პირადი შეხვედრა. მარგველაშვილთან შესახვედრად რომ არ ჩავიდა პოროშენკო, ახლა მაგაში ეჭვი არავის ეპარება. შეხვდა იმ ადამიანს, რომელიც დღეს საქართველოში არაფორმალური მმართველია, მთავარი მმართველი, ვისზეც დღეს, სამწუხაროდ, დამოკიდებულია ნებისმიერი ქართველის ყოველდღიურობა, მომავალი და კეთილდღეობა. ამ ადამიანთან შედგა ეს საუბარი.

_ თვითონ ეს გადაწყვეტილება გასაგებია, რისთვისაც იყო გამიზნული, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონოდა არჩევნებში უშუალოდ მონაწილეობის საშუალება, მაგრამ ეს ვერ შეუშლის ხელს მის პარტიას, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

_ რა თქმა უნდა, ხელს ვერ შეუშლის!

_ არც დაასუსტებს მისი უკრაინაში არყოფნა? ჩვენ ვნახეთ, რომ მისმა საქართველოში არყოფნამ, გარკვეულწილად, დაასუსტა „ნაციონალური მოძრაობა“. ხომ არ მოხდება იგივე უკრაინაში, თუ მიხეილ სააკაშვილი იქ ვერ იქნება?

_ უკრაინაში სხვაგვარი სიტუაციაა, ამან უფრო მეტი სტიმული მისცა პარტიის ბევრ წევრს და ბევრ ადამიანს, სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც, რაღაც გამაერთიანებელი როლი ითამაშა. საზოგადოებამ ეს იმის ნიშნად მიიღო, რომ პრეზიდენტი პოროშენკო ცდილობს, პოლიტიკური პროცესი მოკლას უკრაინაში. უკრაინა საკმაოდ თავისუფლებისმოყვარე ქვეყანაა და არ დაუშვებს პოლიტიკური პროცესის განადგურებას. პოროშენკო ვერ ჩაკლავს პოლიტიკურ პროცესს ამ ქვეყანაში, ისევე როგორც ეს სცადეს და ვერ შეძლეს მისმა წინამორბედებმა. ეს არის დროებითი მოვლენა და პირიქით, ამან გამოიწვია უფრო მეტი კონსოლიდაცია პოლიტიკურ სპექტრშიც და საზოგადოებაშიც და დაჯერება იმისა, რომ ეს არის ერთადერთი და ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა.

_ როდესაც პოროშენკომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ ითქვა, რომ ეს, საბოლოო ჯამში, ახალ მაიდანს გამოიწვევდა.

_ ახალი მაიდანი არა მგონია, რომ მოხდეს, მაგრამ მოხდება ფართომასშტაბიანი ცივილიზებული პროტესტი და ესეც, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაც, პროტესტის ერთ-ერთი კომპონენტი იქნება, არა მთავარი, შეიძლება, მაგრამ ერთ-ერთი სერიოზული კომპონენტი ამ პროტესტის. ეს პროტესტი ისედაც მწიფდებოდა, ეს შტაბები უამისოდაც იქმნებოდა, ხდებოდა კოორდინაცია ყველა სხვა მთავარ ოპოზიციურ, აქტიური ძალების ლიდერებთან და წარმომადგენლებთან რეგიონებში. დაიწყება ის, რაც დაგეგმილი გვქონდა. რა თქმა უნდა, მოქალაქეობის წართმევა უფრო გაამძაფრებს ამ ყველაფერს.

_ უპასპორტო მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც, ამ ეტაპზე, არც რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა აქვს და არც არანაირი სტატუსი გარდა ერთი სტატუსისა „მიხეილ სააკაშვილი“, დადის ქვეყნიდან ქვეყანაში, უღებენ კარს, იღებენ პატივით. იურიდიულად ეს რა ფენომენია და თუ გახსენდებათ რამე მსგავსი პრეცედენტები?

_ მსგავს პრეცედენტებს ვერ დაგისახელებთ, რაღაც პრობლემები შეიძლება ჰქონიათ პოლიტიკურ ლიდერებს სხვადასხვა ქვეყანაში და ადგილას, მაგრამ პოლონეთის შემთხვევაში მოხდა ის, რომ პოლონელებმა ნახეს, ბაზაში ჰქონდათ ინფორმაცია, პასპორტი იყო გაუქმებული, მაგრამ პირველივე ზარის შემდეგ ხელმძღვანელობასთან შემოუშვეს, მიაცილეს. ასეთი ადამიანების თვალში, განსაკუთრებით თავისუფალ სამყაროში და აღმოსავლეთ ევროპაში, მიშას დიდი ავტორიტეტი და რეპუტაცია აქვს. ეს პოროშენკოს, ივანიშვილისა და, საერთოდ, ოლიგარქების მდგომარეობას უფრო ამძიმებს, ვინაიდან ისინი მეტად და მკვეთრად სასაცილოდ გამოიყურებიან იმ სიტუაციაში, როდესაც არავინ ცნობს სააკაშვილზე შეთითხნილ სისხლის სამართლის საქმეებს. მეცინება ხოლმე, ამ ბოლო პერიოდში დაუმატებიათ მკვლელობა, რაღაცის განადგურება, მითვისება-მოთვისება, უბრალოდ, სასაცილოა უკვე და აღარაფერში ჯდება ეს ყველაფერი. რუსეთის გარდა, არავინ ამას ყურადღებას არ აქცევს, ახლა დაემატა პოროშენკო, იმიტომ რომ უკრაინაშიც და საქართველოშიც დღეს იგივე სიტუაციაა, რაც რუსეთშია, ოლიგარქატი მართავს ამ ქვეყნებს და ერთბაშად მოხდება ამ პრობლემის გადაწყვეტა.

_ იმ ფონზე, როდესაც იგივე პოლონეთი ზარზეიმით ხვდება სააკაშვილს, უშვებენ უპასპორტოდ, ჩვენი პროკურატურა, თეა წულუკიანი, პოლონეთს სთხოვს მის გადმოცემას. ეს ისტერიის რა ფაზაა? საერთოდ დაკარგეს რეალობის შეგრძნება, ადეკვატურად აღქმის უნარი?

_ წულუკიანი ის მინისტრია, რომლის არაადეკვატურობაში უკვე მრავალი წელია, დავრწმუნდი, ჩემი მანდ ყოფნის პერიოდშიც და მერეც. წულუკიანის მოთხოვნა გამომდინარეობს მისი წარსულიდან. ამ ადამიანმა განაცხადა, რომ მამამისის ქრთამზე დაპატიმრებას არავის აპატიებდა და თავისი ცხოვრების აზრად და ფუნქციად დაისახა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის განადგურება. ეს ქალი ამით ცხოვრობს და ახლა ივანიშვილის ხელის რამდენი მინისტრი, დაწყებული პრემიერ-მინისტრით _ დამთავრებული წულუკიანით, რაღაცას იბჟუტურებს, არ მგონია, ეს სერიოზულად განსახილველი იყოს. ამაზე რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება, უბრალოდ, შეუძლებელია.

_ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებთ, კარსაა მომდგარი არჩევნები, ფაქტია, რომ ხელისუფლება ეცდება გაყალბებას, როგორ განვითარდება მოვლენები და სადაა გამოსავალი?

_ გამოსავალი არის საზოგადოების გაერთიანება. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა უნდა გადადოს იმედგაცრუებაც, პირადი ამბიციებიც და გაერთიანდეს ერთი მიზნის ქვეშ, ქვეყანა უნდა განთავისუფლდეს ოლიგარქიული მმართველობისგან. ქვეყანას სჭირდება გამოცდილი ძალა, რომელიც შეაჩერებს უკუსვლას და ქვეყანას წინ წაიყვანს. საქართველო პატარა ქვეყანაა და მას სჭირდება ისეთი ძალა, ისეთი პერსონები, ვინც თავისი დაუღალავი შრომით, მასშტაბით, ქარიზმით, მთელი ძალისხმევით აქაჩავს ქვეყანას საერთაშორისო არენაზე, გაზრდის ინტერესს ქვეყნის მიმართ, მოიზიდავს ინვესტორებს, ააღორძინებს ეკონომიკას. ივანიშვილს ეს ამოცანები არ გააჩნია, ივანიშვილი საქართველოს უყურებს, როგორც მის მიერ პრივატიზებულ პატარა ქვეყნას, რომელიც სჭირდება სათავისოდ, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მას არ აინტერესებს, ეკონომიკა რა დღეშია, რას გრძნობს ხალხი, მისთვის მთავარია, რომ თავად და მისი კლანი იყოს ხელშეუხებელი, მთავარია, რომ მის ძალაუფლებას არ დაემუქროს საფრხე და ამიტომ ამისთვის მთავარია, რომ ერთი იმდენი ხალხი არ შიმშილობდეს, მაგრამ ამ ფუნქციასაც ვერ ართმევენ თავს. დაათრევს ხეებს, აშენებს თავის ბაღს ისტერიულად და საერთოდ არ აინტერესებს ამ ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები. ვინც არ მოსულა მილიარდებით და არ წავა ხელისუფლებიდან მილიარდებით, ასეთი ადამიანების ხელში უნდა დაბრუნდეს სახელმწიფოს მმართველობა, მე არ ვამბობ, რომ ეს უნდა ვიყო მე, ან სააკაშვილი, მაგრამ სახელმწიფოს მმართველობაში უნდა დაბრუნდნენ იდეალისტები. ყველას დაეწყო იმედგაცრუება, ბევრ იდეალისტს არ სჯერა დღეს, რომ საქართველო შეიძლება კვლავ დადგეს ფეხზე, ეს არის ცუდი ტენდენცია და ამისთვის უნდა მოხდეს ერთგვარი გამოცოცხლება, საზოგადოების გაერთიანება.

_ შეუძლებელია არ დაგეთანხმოთ, საზოგადოება მართლაც იმედგაცრუებულია და ბევრს აღარც სჯერა, რომ ეს ქვეყანა ისევ ფეხზე დადგება, მაგრამ, ჩემი აზრით, იმედგაცრუების ფესვები კიდევ უფრო ღრმადაა წასული და მიზეზები ისევ საზოგადოებაშია საძებნი. გულწრფელად გეტყვით, „ნაციონალური მოძრაობა“ ისე ჩამოშორდა ხელისუფლებას, მის დანერგილ სიკეთეებს ჩემამდე, ჩემნაირებამდე თითქმის არც მოუღწევია, თუ არ ჩავთვლით უსაფრთხო ქუჩას, მომსპარ კორუფციას. მაგრამ მქონდა იმედი, რომ, ადრე თუ გვიან, ეს წინსვლა იმ ფენასაც შეეხებოდა, რომელსაც ვეკუთვნი, მაგრამ შეიცვალა ხელისუფლება და ამით დამთავრდა ყველაფერი. ახლა, ისევ რომ მოვიდეს ხელისუფლება და თავიდან დაიწყოს ქვეყნის შენება, სანამ ის სიკეთე ჩემამდე მოვა, ისევ გამოხტება ეს საზოგადოება, მაშინდელივით მოსწყინდება პროგრესი, ცხადია, დროებით, მაგრამ იმ მოწყენილობაში, სანამ ჩემამდე მოაღწევს ქვეყნის წარმატება, ხელისუფლებას შეცვლიან და ისევ აირჩევენ სხვას, რომელიც უკან დახევს ქვეყანას. და ასე ვივლით მოჯადოებულ წრეზე…

_ არა მგონია… ეს არის ჩვეულებრივი პროცესი და ამ ჩვეულებრივი პროცესის დროს ადამიანი ეჩვევა პროგრესს და მიაჩნია, რომ ასეც უნდა იყოს. ვერც ახალი თაობა და ვერც წინა თაობა ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ხედავს და ვერც გაამტყუნებ, რომ საქართველოში დღეს არის შუქი, გაზი, საპატრულო პოლიცია მუშაობს, ხელფასები დროულად გაიცემა, შეიძლება დიდი ხელფასები არაა, მაგრამ რაცაა, დროულად რიგდება, კრიმიანლი არ თარეშობს ისე, როგორც თარეშობდა, ყველა დონეზე არაა კორუფცია და ა. შ. ცხრა წელი არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ქვეყანა სრულფასოვნად დამდგარიყო ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების შეუქცევად გზაზე, ამას სჭირდება მეტი დრო. ამიტომ ვამბობ, რომ ყველა უნდა გაერთიანდეს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა უნდა მიხვდეს, რომ ოლიგარქიული მმართველობა ქვეყანას პროგრესს ვერ მოუტანს. იმ ქვეყნებში, სადაც ოლიგარქიული მმართველობაა, არის სიბნელე, მათ შორის განათლებაშიც, ახალგაზდრობაშიც, ცნობიერებაშიც. პოლიტიკის კეთების თამასაც და ქვეყნის განვითარების თამასაც ივანიშვილმა ძალიან დაბალ დაიყვანა. როდესაც იგი ახალი შემოსული იყო პოლიტიკაში და რაღაც სისულელეს რომ დააბრეხვებდა, ჩვენ გვეცინებოდა. როდესაც მის განცხადებებზე კომენტირება გვიწევდა, მართლა გვეცინებოდა, ეს რა სისულელე თქვა და რას ბოდიალობს ეს კაცი და ა.შ., მაგრამ დღეს უკვე ისე მიეჩვია ამ ყველაფერს ხალხი, რომ აღარც რეაგირებს მის სისულელეებზე აღარც ეცინება. სამწუხაროდ, ესაა დღევანდელი პოლიტიკური ყოფა და ეს უნდა დამთავრდეს, იმიტომ რომ ამის უფლება საქართველოს ფიზიკურად არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს ასეთ პატარა ქვეყანას, როდესაც თითოეული ინვესტორი სადევნი, სალოლიავებელი და საფერებელია. ხელისუფლებაში ყოფნისას, იმისთვის რომ შედეგი ყოფილიყო, თითოეულ პროექტზე ვიყავით გადართული ყველა, ვისაც სახელმწიფო სავარძელი გვეჭირა, ან არ გვეჭირა. მიუხედავად იმისა, შედიოდა თუ არა ჩვენს უფლებამოსილებაში ეს ფუნქცია, ყველა ვიყავით გაერთიანებული სახელმწიფო ახალი რელიგიის შესაქმნელად, ეს რელიგია იყო სახელმწიფოს მშენებლობა, რაც ახლა აღარ არის. საერთოდ ვერ გაიგებ, რა ხალხია, საიდან მოდიან… ქვეყნის ერთადერთი მთავარი ნიუსმეიკერი არის ჯეჯელავა, დაახეთქებს რაღაცას და მასზე კეთდება მთელი კვირა კომენტარები.

_ ბოლოს ყოველგვარი რეკორდი მოხსნა _ წიგნების და ცოდნის ნაცვლად სკოლებში ვაშლების დარიგებას აპირებს.

_ სისულელე თქვა, მაგრამ მისი ეს წინადადება ხომ განიხილება? ზოგი იცინის, ზოგი ღიზიანდება, არაფერი ხომ არ იცვლება? იმ სოფელში ყველა იდიოტი ხომ არ იყო, რომელიც არქიფო სეთურმა თავის ყაიდაზე მოიყვანა? ასე ცდილობს ივანიშვილი თავის ყაიდაზე მოარგოს, ჯეჯელავას ყაიდაზე მოარგოს საქართველო საბოლოო ჯამში. ხალხი ამას, სამწუხაროდ, ეჩვევა, ახალგაზრდობაც ეჩვევა.

_ თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ გაერთიანება, ეს თემა დღეს საქართველოშიც აქტიურად ტრიალებს, თქვენი ყოფილი თანამებრძოლის მხრიდან, ვგონებ, თქვენ სხვა ტიპის გაერთიანებას გულისხმობთ და არა იმ ტიპის გაერთიანებას, რომელსაც გულისხმობს გიორგი ვაშაძე. ის აქტიურად მოუწოდებს, მეტიც, აიძულებს პოლიტიკურ სპექტრს გაერთიანებისკენ, პრაიმერისკენ, ერთი კანდიდატის გამოსავლენად.

_ არა, მე არ ვეთანხმები პოლიტიკური ძალების ამგვარ გაერთიანებას. არ ვთვლი, რომ წვრილ-წვრილი, ურესურსო პარტიების გაერთიანება რამეს მოიტანს. საუბრობ საზოგადოების კონსენსუსზე. უნდა გაერთიანდნენ საზოგადოების აქტიური ძალები, ხალხი, რომელიც ახალია მოძრაობაში, პოლიტიკაში, ან ახლა აპირებს ჩაბმას, უნდა რომ უშველოს ქვეყანას. უნდა გაერთიანდნენ, არ აქვს მნიშვნელობა, ვისი დროშის ქვეშ, მთავარია, იყოს ერთიანი იდეა, რომ ოლიგარქიული მმართველობა დამთავრდეს საქართველოში და მოვიდეს ის ხალხი, ვისაც ნამდვილად სურს იდეისთვის ბრძოლა და არა პირადი უსაფრთხოება და პირადი ინტერესების დაკმაყოფილება. ამ მიზნის დაკარგვაზე, იდეალიზმის დაკარგვის საფრთხზე მაქვს საუბარი. ეს მიზანი, იდეალიზმი, ნამდვილად ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მე ამით ვამაყობ და ყოველთვის ვიამაყებ. მეამაყება, რომ ვარ იმ სახელმწიფო მოხელეებისა და პროკურორების რიგიდან, ვინც ვალებით და საბანკო კრედიტებით წავედით უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობებიდან, რასაც ნამდვილად ვერავინ იტყვის ივანიშვილის ჯიბის მინისტრებსა და პროკურორებზე. ამიტომაც ამ იდეალიზმზე და ამ იდეისთვის ბრძოლის და ენთუზიაზმის დაბრუნებაზე მაქვს საუბარი. საზოგადოების მხრიდან ინიციატივა უნდა აიღოს ახალგაზრდობამ.

_ თქვენ ბრძანეთ, რომ წვრილ-წვრილი პარტიების გაერთიანება არაფერს მოიტანს. კარგს არაფერს მოიტანს, თორემ მოტანით როგორ არ მოიტანს? მათთან გაერთიანებულ „ნაცმოძრაობას“ დააკარგვინებს ელექტორატის მხარდაჭერას. „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებენ, გაერთიანდეს ოპოზიციურ პარტიებთან, მათ შორისაა, მისგან წასული ჯგუფები. „ნაციონალური მოძრაობის“ მყარი ელექტორატის ნერვებზე გადაიარა ამ ჯგუფების წასვლამ, ეს ელექტორატი გვერდით ედგა ამ პროცესებში „ნაცმოძრაობას“, მათთან ერთად განიცდიდა, ნერვიულობდა, და თუ დღეს ენმ ისევ შეუერთდება მათ, რა თქმა უნდა, ეს ელექტორატში მძაფრ გაღიზიანებას გამოიწვევს. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, თუ ისევ უნდა გაერთიანებულიყავით, რაღას იშლებოდით?

_ იშვიათად ვაკეთებ ხოლმე კომენტარს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, მაგ პროცესზე დავწერე და დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ჩემმა სტატუსმა. ვწერდი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნამცეცების, ნაკუწების, ნაგლეჯების გაერთიანება დღეს არაფერს მოიტანს. მოხდა, რაც მოხდა, წავიდა ის ხალხი, ვინც უნდა წასულიყო და წაიღეს ნამცეცები და დღეს იმ ნამცეცების შეკოწიწებით  აღარაფერი გამოვა და არ მოხერხდება. მთავარია, იდეის გარშემო გაერთიანდეს ის ხალხი, რომელსაც არ აქვს ერთმანეთის მიმართ რაღაც წყენები, რომელთაც აქვთ ერთადერთი წყენა, რომ საქართველო უფსკრულისკენ მიექანება. უნდა გაერთიანდეს ყველა, ისიც, რომელსაც შეიძლება აქამდე არც ჩაუდგამს ფეხი პოლიტიკაში, მაგრამ ანერვიულებს თავისი ცხოვრება და თავისი ქვეყნის ბედი და არ უნდა საზღვარგარეთ შავ მუშად წასვლა და უნდა, რომ იცხოვროს და იშრომოს თავის ქვეყანაში. ამიტომაც ასეთი ადამიანების გაერთიანებაზეა საუბარი. თუ ვიღაცას დისკომფორტი აქვს, რომ პოლიტიკური პარტიის წევრია და უნდა, რომ ერქვას პოლიტიკური პარტიის წევრი, არც ესაა პრობლემა, ეს გაერთიანება უნდა მოხდეს საზოგადოებრივი მოძრაობის დონეზე და ეს საზოგადოებრივი მოძრაობა უნდა გაერთიანდეს ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ, როგორც მოხდა ეს რუმინეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში.

_ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებების ქმედებების მიუხედავად, უკრაინაში ამერიკელები სამხედრო ობიექტებს აშენებენ, საქართველოში ვიზიტით ჩამოვიდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი. ცხადია, ეს მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინაც და საქართველოც აშშ-სთვის კვლავ აქტუალურია და აჩენს იმედს, რომ არ შეგვატოვებენ პირისპირ რუსეთს. თუ სხვა პროცესები მიდის და ჩვენ პირისპირ ვრჩებით დათვის წინაშე?

_ გეოპოლიტიკურად, რა თქმა უნდა, ამერიკისთვის საქართველო დარჩება საინტერესოდ. ალბათ, ეს ის მომენტია, როდესაც ამერიკელები ნამდვილად ნანობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ქვეყნის ხელისუფლებაში, ვინაიდან დღეს ძალიან სარისკო და კრიტიკული პერიოდია, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით ხდება ახლებური, ასე ვთქვათ, მანევრირება და გადალაგებები. ამ სიტუაციაში რუსეთი შეიძლება იყოს არაადეკვატურად აგრესიული საქართველოს მიმართ და სწორედ ამიტომაა საჭირო დღეს ქმედითი, ძალიან ეფექტიანი ხელისუფლება, რომელიც ყველა ზომას გაატარებს იმისთვის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი დაიცვას, განამტკიცოს. თქვენ როგორ გგონიათ, ხვალ რომ რუსეთმა გადაწყვიტოს საქართველოში შემოსვლა და ვაზიანის ბაზის დაკავება, ივანიშვილი გაუწევს წინააღმდეგობას?

_ არა მგონია.

_ არც მე არა მგონია. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას, ქვეყანას შეატოვებს ვიღაცას, ჯეჯელავასნაირს და გაიქცევა, ან ეტყვის, _ ა, ბატონო, თქვენ თვითონ მიიღეთ გადაწყვეტილება. გამოჩდება ვიღაც რაინდი, ახალი ფსევდომართლმადიდებლური იდეოლოგიის მატარებელი რუსეთის დროშის ქვეშ და იტყვის, რომ რუსეთს არ უნდა ვეჩხუბოთ, უნდა შემოვუშვათ ვაზიანის ბაზაზე და ა. შ. ასე მოხდება ეს ყველაფერი. მცოცავი ოკუპაცია ისედაც მიდის, აგენტურა ისედაც გაჯეჯილებულია, ტარდება რაღაც მარშები, საერთოდ გაურკვეველია, რაზე კონცენტრირდება საზოგადოების ყურადღება და რაზე იმართება დებატები, ხან მონარქია უნდა აღვადგინოთ, ხან თურქები უნდა ჩავქოლოთ, ხან არაბები უნდა გავყაროთ და ა. შ. არ შეიძლება, ამდენ იდიოტიზმზე იმართებოდეს პოლიტიკური დისკუსია, დღეს არის მაქსიმალური მობილიზება საჭირო, რომ საქართველო არ აღმოჩნდეს პოლიტიკურ თამაშებში მიტოვებული საკუთარი ხელისუფლების მიერ. ესაა სარისკო.

_ ბატონო დავით, რას აპირებს მიხეილ სააკაშვილი, თუ არის ცნობილი მისი გეგმები თქვენთვის?

_ ცხადია, აპირებს ბრძოლას, ეს არის მისი ღირსების ბრძოლა, არის დიდი მხარდაჭერა, გვყავს ძალიან ძლიერი მოკავშირე ამ სიტუაციაში, ეს მხარდაჭერა მოიტანს იმას, რომ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდება და ბრძოლას გააგრძელებს, როგორც უკრაინისთვის, ისე საქართველოსთვის. საქართველოში ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს ბრძოლა ერთია, ვინც არ უნდა იქილიკოს და რამდენიც არ უნდა იყიყინონს, ჩვენმა შინაურმა მტერმა „უკრაინა და უკრაინის პოლიტიკოსი“, ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ უკრაინაში ბრძოლა საქართველოსთვის ბრძოლაა? ჩვენ ამ ბრძოლაში ვიქნებით ისეთივე უკანდაუხეველი და უკომპრომისო, როგორც აქამდე, როგორც მანდ ვიყავით, როგორც აქ ვიყავით.

_ როგორ დაბრუნდება? აიძულებთ პოროშენკოს, რომ კვლავ დაუბრუნოს წართმეული მოქალაქეობა, თუ როგორ მოხდება ეს?

_ ის უკრაინაში შემოვა ორი ფეხით და ორი ხელით, როგორც გავიდა და მას აქ დახვდება რამდენიმე ათეული ათასი მხარდამჭერი, რომლის წინააღმდეგაც ვერანაირ ძალას ვერ გამოიყენებენ და თუ გამოიყენებენ, ეს დამთავრდება ძალიან ცუდად და მათთვის საბედისწეროდ.

 

რეზო შატაკიშვილი