დავით ნარმანიასა და როკფელერების ოჯახის საერთო პროექტი _ ერთი „ლიმონი“ მერის მრჩევლისთვის

უცნაური ამბები ხდება საქართველოში. თბილისის მერიის მიერ გავრცელებული განცხადებით დავიწყებთ.

„როკფელერის ფონდი“ დედაქალაქის მერიას XXI საუკუნის გამოწვევების დაძლევაში ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას გაუწევს, რისთვისაც 1 მილიონ დოლარს გამოყოფს“, _ ეს განცხადება პირადად თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გააკეთა.

ნარმანიას განმარტებით, გამოყოფილი თანხა, ანუ ერთი მილიონი დოლარი, იმ უცხოელ ექსპერტს დააფინანსებს, რომელიც მუდმივად თბილისში იქნება. კიდევ უფრო დავაკონკრეტებთ: ერთი „ლიმონი“ (უკაცრავად სლენგისთვის) დავით ნარმანიას მრჩეველს ხელფასის სახით როკფელერის ოჯახისგან დაენიშნება.

ალბათ, იკითხავთ, სად დავით ნარმანია და სად _ ჯონ დ. როკფელერ III? მაგრამ ისევ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ოფიციალური პრესრელიზი ჩავიკითხოთ ბოლომდე:

„პოსტსაბჭოთა სივრცეში თბილისი პირველი ქალაქია, რომელიც „100 მდგრადი ქალაქის“ ინიციატივას შეუერთდა. იგი ქალაქებს ეხმარება სხვადასხვა გამოწვევის წინაშე, როგორიც არის სტიქია და შოკები, რომელიც პერიოდულად არსებობს.

„100 მდგრადი ქალაქი“ ითვალისწინებს ქალაქების მდგრადობას სტიქიებთან ბრძოლისა და სირთულეების დროული დაძლევის თვალსაზრისით, მათ შორისაა, უმუშევრობის მაღალი დონე, არაეფექტიანი სატრანსპორტო სისტემა, ენდემური ძალადობა და ა. შ.

ქალაქებმა უნდა შეიმუშაონ და დანერგონ საერთო-საქალაქო მდგრადობის სტრატეგია, გამოხატონ მზადყოფნა სტიქიური უბედურებისა და სოციალური პრობლემების გადაჭრის ახლებური გზების გამონახვაზე. მათ შორის, დანიშნონ მდგრადობის საქმეთა კოორდინატორი, ითანამშრომლონ „100 მდგრადი ქალაქის“ წევრებთან და მათ პარტნიორებთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფინანსური და ტექნიკური საშუალებების გამოყენება მდგრადობის გაუმჯობესებისა და სტრატეგიის დანერგვისთვის.

„როკფელერის ფონდი“ „100 მდგრადი ქალაქის“ კონკურსში გამარჯვებულებს სთავაზობს: გრანტს მდგრადობის კოორდინატორის თანამდებობის შექმნისა და დაქირავებისთვის, რომელიც კოორდინაციას გაუწევს მდგრადობის სტრატეგიის შემუშავებას; ტექნიკურ მხარდაჭერას მდგრადობის ამაღლების კომპლექსური მიდგომების შემუშავებისთვის და ა. შ. ჯილდოს რაოდენობა, ქსელის წევრების შეხედულებისამებრ, 1 მლნ დოლარის ფარგლებში დადგინდება. „100 მდგრადი ქალაქის“ წევრები მიიღებენ ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ინოვაციები, ტექნოლოგია, ინფრასტრუქტურა, მიწათსარგებლობა, საზოგადოებრივი და სოციალური მდგრადობა.

პროექტის განხორციელება „როკფელერის ფონდმა“ 2013 წელს დაიწყო და, თავდაპირველად, 32 ქალაქი შეარჩია. მოგვიანებით, 2014 წელს, 94 ქვეყნის 330 აპლიკანტიდან ქსელში კიდევ 35 ქალაქი ჩაერთო. კონკურსის ბოლო ეტაპზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ თბილისი 325 აპლიკანტს შორის შეარჩია.

თბილისთან ერთად „100 მდგრადი ქალაქის“ წევრები არიან: ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი, ჩიკაგო, ლონდონი, მილანი, ბარსელონა, პარიზი, რიო-დე-ჟანეირო და სხვ.“, _ ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვინმეს, საქართველოს მოქალაქეთაგან რომელიმეს, გაუგია რამე ამ კონკურსის შესახებ? სადმე გაუვრცელებია მერიას  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხსენებულ კონკურსში მონაწილეობს? ანდა, როდის იყო, „როკფელერის ფონდი“ კონკურსებს ატარებდა?

„ქრონიკა+“ შეეცადა, დეტალებში გარკვეულიყო და სანამ მერიას დაუკავშირდებოდა, ექსპერტებს მიმართა.

ცნობისთვის: „როკფელერის ფონდი“ ნიუ-იორკში მდებარეობს. ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ  100 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა გენმოდიფიცირებული კულტურების კვლევებზე, რომელიც შემდგომში საკვებ მრეწველობაში გამოიყენეს. დასაწყისშივე დავძენთ, რომ ფონდის ძირითადი ყურადღება მიმართულია განვითარებად ქვეყნებზე.

როგორც წესი, ფონდის სლოგანი კეთილშობილურ მიზნებზე მიუთითებს. აი, ერთ-ერთი მათგანი: „როკფელერის ფონდი“ _ ეს გახლავთ გლობალური ფონდი კონკრეტული უფლებამოსილებებით, რომლის მიზანს წარმოადგენს მსოფლიოს გაჭირვებული მოსახლეობისთვის ცხოვრების შემსუბუქება“. ეს არის ფონდის პრეზიდენტ გორდონ კონუეის განცხადება, რომელიც მან 1999 წელს გააკეთა კომპანია Monsanto-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. აქვე დავძენთ, რომ Monsanto გახლავთ მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაცია გენმოდიფიცირებული თესლისა და პესტიციდების წარმოებაში. თავის დროზე, გორდონ კონუეიმ, სოფლის მეურნეობაში ე. წ. გმო-რევოლუციის მიზეზად 2020 წლისთვის პლანეტის მოსახლეობის 2 მილიარდი ადამიანით გაზრდა დაასახელა.

სწორედ „როკფელერის ფონდი“ აფინანსებდა ბოლო 18 წლის განმავლობაში გენმოდიფიცირებულ კულტურებთან დაკავშირებულ თითქმის ყველა კვლევას. დღესდღეობით 400-მდე წამყვანმა მეცნიერმა (ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის ფილიპინები, ტაილანდი, კენია და ჩინეთი) გადამზადება გაიარეს ხსენებულ სფეროში სწორედ „როკფელერის ფონდის“ წყალობით. არ არის გამორიცხული, რომ სულ მალე მათ რიცხვს ქართველი მეცნიერებიც შეუერთდნენ. ყოველ შემთხვევაში, თბილისის მერის, ნარმანიას მრჩეველი (კონკრეტულად რომელი, ამაზე ცოტა ქვემოთ) მათ რიცხვს ოფიციალურად შეუერთდა.

 

ფონდის საქმიანობის სფეროების შესახებ „ქრონიკა+“-თან საუბრობს „ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარე _ გია ბურჯანაძე:

_ „როკფელერის ფონდი“ 1914 წელს ნავთობკონცერნმა „სტანდარტ ოილ ტრასტ“-მა დააარსა, რომელიც როკფელერების ოჯახის საკუთრებაა. 1945 წლამდე როკფელერების ფონდი უფრო სპონსორობას ეწეოდა. კერძოდ, იგი აფინანსებდა ევგენიკის (მოძღვრება ადამიანის მოდგმის, მისი მემკვიდრული ბუნების გაუმჯობესებისა და სრულყოფის შესახებ, _ რედ.) საკითხებში კვლევებს, რომელმაც შემდგომ ძალიან ცუდი რეპუტაცია მოიპოვა ფაშისტური ექსპერიმენტების გამო რასობრივ სისუფთავეზე. როკფელერის ფონდი, ასევე, მხადამჭერი იყო ამერიკული ევგენიკური საზოგადოებისა და ხალხთა განსახლების საბჭოსი. მას მერე, რაც ომის შემდეგ ცნობილი გახდა მესამე რაიხის პროგრამის შესახებ რასობრივი გაუმჯობესების თაობაზე, როკფელერებმა ფონდის სტრატეგია შეცვალეს და ეკოლოგიის კუთხით დაიწყეს მუშაობა. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებდნენ, ფონდის კურსი მსოფლიოს მოსახლეობის რიცხოვნობაზე დაწესებული შემცირების კონტროლის კუთხით არ  შეცვლილა(?!!).

_ ეს რას ნიშნავს? ერთმა ოჯახმა, რაც არ უნდა ძლევამოსილი იყოს, როგორ უნდა აკონტროლოს მსოფლიოს მოსახლეობის ზრდა, ანდა შემცირება?

_ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის მემორანდუმს _ „NSSM 200 “-ს გრიფით „საიდუმლო“ 1980-იან წლებში მოეხსნა. მანამდე, 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, „როკფელერების ფონდი“ კონცენტრირებული იყო ბიოტექნოლოგიების შემუშავებაზე, გენური ინჟინერიის კვლევებსა და მათ პროპაგანდირებაზე. და ყოველივე ეს, ათეული წლების განმავლობაში, განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის რიცხოვნობის კონტროლზე  განხორციელებული პროგრამების შედეგი იყო. უფრო დეტალურად აგიხსნით: 1972 წელს პრეზიდენტმა ნიქსონმა „როკფელერების ფონდის“ მმართველთა ჯგუფის წევრი, ჯონ დ. როკფელერ III საპრეზიდენტო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა „მოსახლეობის განსახლებისა და ამერიკის მომავლის“ საკითხებში. ზუსტად ჯონ დ. როკფელერ III-მ 1952 წელს დააარსა „ხალხთა განსახლების შესახებ“ საბჭო და ღიად მოუწოდა მას „მოსახლეობის ნულოვანი ზრდისკენ“. ეს მისი ტერმინია. სწორედ როკფელერის კომისიამ განსახლებისა და ამერიკის მომავლის შესახებ საფუძველი ჩაუყარა ჰენრი კისინჯერის ნაციონალური უსაფრთხოების მემორანდუმს _ „NSSM 200 “-ს 1974 წლის აპრილში, სადაც მოსახლეობის ზრდა სტრატეგიულ, ბუნებრივი რესურსებით მდიდარ განვითარებად ქვეყნებში ნაციონალური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს საკითხად განიხილებოდა. კისინჯერის კაბინეტის წევრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ერლ ბატცი, ასახავდა რა კისინჯერის პოლიტიკას, აცხადებდა: „მშიერი ადამიანები უსმენენ მხოლოდ მათ, ვისაც აქვს პური. საკვები _ ეს არის იარაღი. ეს გახლავთ ინსტრუმენტი აშშ-ს მოლაპარაკებათა არსენალში“.

_ პრინციპში, ასეც არ არის?

_ როგორც უკვე გითხარით, 1974 წელს კისინჯერმა თავისი მემორანდუმი „NSSM 200 “ აშშ-ს პრეზიდენტ ნიქსონს წარუდგინა და მიუთითა მოსახლეობის ზრდის შესახებ საკვანძო მომენტებზე განვითარებად ქვეყნებში, რომლებიც მდიდარი იყვნენ ბუნებრივი რესურსებით და განაცხადა, რომ მათში მოსახლეობის ზრდა აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. მას შემდეგ სწორედ ამ განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის ზრდის ეკონომიკური კონტროლი აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების პრიორიტეტად იქცა. აქვე დავძენთ, რომ კისინჯერი სიცოცხლის ბოლომდე სარგებლობდა როკფელერების ოჯახის ფინანსური მხარდაჭერით. ასე და ამირგად, კისინჯერის მემორანდუმი „NSSM 200 “ ვაშინგტონის ოფიციალურ პოლიტიკად იქცა განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის, მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდის გაკონტროლება, რაც უკვე თავისთავად გულისხმობდა მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირებას.

_ მემორანდუმის მოქმედება დღესაც გრძელდება?

_ 1975 წელს კისინჯერის შემცვლელად ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტზე ბრენტ სკოუკროფტი დაინიშნა, რომელიც, მოგვიანებით, კისინჯერის ბიზნესპარტნიორი გახდა. მას ეკუთვნის სიტყვები: „აშშ-ს ლიდერობა აუცილებელია მოსახლეობის ზრდასთან საბრძოლველად, რათა განხორციელდეს პროგრამა მსოფლიო ერების რიცხვნობის რეგულირების შესახებ“.

_ და ეს ყველაფერი ღიად ცხადდებოდა?

_ კისინჯერის ეს დოკუმენტი „NSSM 200“, მონიშნულია, როგორც  „საიდუმლო“ და უცნობია 1989 წლამდე. სხვათა შორის, ამ დოკუმენტში წერია: „მსოფლიოს მოთხოვნილება სამრეწველო პროდუქტებზე წელიწადში 2,5%-ით გაიზრდება, მაშინ როდესაც ნიადაგის მთელი რესურსი უკვე ათვისებულია. ასე რომ, დამატებითი საკვები შეიძლება მივიღოთ მხოლოდ მრეწველობის გაზრდისა და უფრო დიდი რაოდენობის მოსავლის აღების შემდეგ“. სწორედ ამ მემორანდუმის შემდეგ ვაშინგტონმა იზრუნა, რომ მსოფლიო ბანკსა და ეუთოს მოსახლეობის რიცხოვნობის რეგულირების პროგრამა მიეღო, როგორც ოფიციალური პოლიტიკა. 1970-იანი წლებიდან დაწყებული მსოფლიო ბანკის ყველა პროგრამა განვითარებად ქვეყნებზე იყო მიბმული იმ კუთხით, რომ მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდა გაკონტროლებულიყო.

_ თქვენ ხშირად ახსენებთ მემორანდუმში შემავალ განვითარებად ქვეყნებს. ჩამოგვითვალეთ ისინი.

_ „NSSM 200 “ მემორანდუმში ღიად არის ჩამოთვლილი: ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეში, ინდონეზია, ტაილანდი, ნიგერია, ფილიპინები, ეთიოპია, მექსიკა, ბრაზილია და კოლუმბია. ამ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან თითოეულში 1974 წელს სერიოზული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ძვრები მოხდა.

_ რა ბედი ეწია მემორანდუმს შემდგომ _ ბუშისა და ობამას პრეზიდენტობის პერიოდში?

_ ბუშის პრეზიდენტობის დროს მემორანდუმის წინააღმდეგ უკვე ღიად გაილაშქრეს გავლენიანმა კათოლიკურმა ჯგუფებმა. მათი სლოგანი იყო „უფლება სიცოცხლეზე“ და ბუში იძულებული ახდა, მათთვის დაეთმო.

_ თქვენ სოფლის მეურნეობა ახსენეთ. ამ დროს ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაფინანების სფეროა „როკფელერის ფონდისთვის“.

_ 1971 წელს „როკფელერის ფონდმა“ „ფორდის ფონდთან“ და მსოფლიო ბანკთან ერთად დააარსა საკონსულტაციო ჯგუფი საერთაშორისო აგრარულ კვლევებზე (CGIAR), რომელსაც 16 საკვლევი ცენტრი მთელ მსოფლიოში აქვს და რომელთა უმეტესობა განვითარებად ქვეყნებშია განთავსებული. ამაში ფონდი 350 მილიონ დოლარს ხარჯავს წელიწადში. პროგრამის მიზანია გენმოდიფიცირებული კულტურების მოყვანა განვითარებად ქვეყნებში.

_ საქართველოში თუ მოქმედებს ეს პროგრამა სოფლის მეურნეობის სფეროში?

_ დღესდღეობით CGIAR მსოფლიო ბანკის ეგიდით მუშაობს და 20 განვითარებად ქვეყანაში ცდილობს სპონსორების მოზიდვას. უფრო დაგიკონკრეტებთ: „როკფელერის ფონდი“, მსოფლიო ბანკი, Mონსანტო და სხვა აგროგიგანტები ერთად არიან თავმოყრილი, ასე ვთქვათ, CGIAR-ის სამოქმედო ქოლგის ქვეშ. ამრიგად, გარდა იმისა, რომ „როკფელერის ფონდმა“ დიდი წვლილი შეიტანა CGIAR-ის შექმნაში, ფონდი, ასევე, ძირითადი დონორი იყო აგრო-ბიოტექნიკური საერთაშორისო სამსახურისა, იგივე ISAAA-ის.

_ISAAA -ის სააგენტოც ფონდს ეკუთვნის?

_ ISAAA, თავდაპირველად, შექმნილი იყო „ძმებ როკფელერების ფონდის“ თანხებით და მისი მიზანი გახლდათ დაპატენტებული ბიოტექნოლოგიების გადატანა მსოფლიოს კორპორაციული ინდუსტრული ლაბორატორიებიდან სამხრეთის მიწათმოქმედ ქვეყნებში. აქ ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი: ISAAA-ის მიერ „როკფელერის ფონდის“ გარდა ფინანსდება: კომპანია Monsanto (აშშ),Syngenta (შვეიცარია),Dow AgroSciences (აშშ),Pioneer Hi-Bred (აშშ),Cargill (აშშ),Bayer CropScience (გერმანია), ასევე USAID.

_ კიდევ ერთხელ დაგვიკონკრეტეთ, რას აკეთებს „რკფელერის ფონდის“ მიერ ჩამოყალიბებული ISAAA-სი?

_ მათივე განმარტებით, ISAAA-სი პროპაგანდისტულ აქციებს ატარებს გენმოდიფიცირებული კულტურების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად.

_ თუ გაქვთ ინფორმაცია, საქართველოში ამ კუთხით რა ხდება?

_ ყოველევე ეს იმიტომ ჩამოგითვალეთ, რომ „როკფელერის ფონდი“ საქართველოში აქამდე ღიად არასოდეს შემოსულა. ის კი არა, არც დაფიქსირებულა. ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგია. მაგალითად, კარგად იცით, რომ სააკაშვილის მთავრობა ცალსახად უჭერდა მხარს აშშ-ს მთავრობას (ბუშსაც და ობამასაც). ორივე პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი დამფინანსებლები როკფელერები იყვნენ, მაგრამ სააკაშვილს „როკფელერის ფონდი“ არ შემოუყვანია. რატომ? ძალიან სკანდალური შლეიფი მოყვება Monsanto -ს და იმიტომ. რატომ გადაწყდა, რომ „ოცნების“ ხელისუფლების დროს შემოეყვანათ, აი, არ მესმის. თან, ეს მერიის პროექტი, რა არის, ვერ გავიგე?! ნარმანიაზე აკეთებენ ცდებს? ანუ მერია სახელისუფლებოც არის და ნებისმიერ დროს შეუძლიათ თქვან, რომ არ არის სახელისუფლებო? თავად განსაჯეთ, დღესაც კი, ISAAA -სი (კიდევ ვიმეორებ, „რეკფელერის ფონდის“ მიერ დაარსებული ორგანიზაცია) ისეთი კომპანიების მოქმედებას განსაზღვრავს, როგორებიც არიან: Monsanto , DuPont, Cargill, Dow Agri-sciences, Syngenta, Bayer AG და სხვა ბიოტექნოლოგიური გიგანტები, რომლებიც, თავის დროზე, მწვანე რევოლუციების მიზეზი გახდნენ.

 

„ქრონიკა+“ შეეცადა, თავად გარკვეულიყო, კონკრეტულად, რა პროექტები უნდა განახორციელოს „როკფელერის“ ფონდმა თბილისის მერიასთან მიმართებით? ეს გახლავთ უმსხვილესი მსოფლიო კონცერნი, დაფუძნებული ოჯახურ ბიზნესზე, საკმაოდ სკანდალური პრეისტორიით, გენმოდიფიცირებული კვლევების უმსხვილესი დამფინანსებელი და განვითარებად ქვეყნებზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაცია.

 

ნინი მთვარაძე _ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი:

_ რომ არ დაგიმალოთ, საზოგადოებისთვის აბსოლუტურად გაურკვეველია, კონკრეტულად, რას აფინანსებს მერიაში „როკფელერის ფონდი“? მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდი დააფინანსებს მრჩეველს მდგრადობის საკითხებში. ეს, რა, ფეიკია?!

_ ჩვენ მოვხვდით მსოფლიოს 100 ქალაქს შორის. მათ შორის არის ბარსელონა, პარიზი, ნიუ-იორკი და ა. შ.

_ მოვხვდით რას ნიშნავს, კონკურსში გავიმარჯვეთ? ანუ შეიძლებოდა, ვერ მოვხვედრილიყავით?

_ ეს ნიშნავს, რომ პროგრამაში ჩაგვსვეს.

_ რა პროგრამაში?

_ მდგრადობის საკითხებში, ანუ სტრესებთან და შოკებთან მდგრადობის, მათ შორის შედის: სტიქიები, ენდემური ძალადობა, სხვადასხვა სახის სოციალური საკითხი.

_ სოციალური საკითხები?

_ მაგალითად, უმუშევრობა. ჯერ უნდა შეიქმნას პოზიცია _ მდგრადობის საკითხების მმართველი, რომელიც ქალაქის მდგრადობის სტრატეგიას დაწერს, სადაც გაიწერება ქალაქში მოქმედ სტრესებთან და შოკებთან დაკავშირებული ბრძოლის გზები.

_ ამ მდგრადობის სტრატეგიაში წყალდიდობებთან ბრძოლა და უმუშევართა დასაქმება ერთ კატეგორიაში განიხილება?

_ ასე მარტივად არ იქნება.

_ რატომ გადაწყვიტა „როკფელერის ფონდმა“, მაინცდამაინც, ახლა შემოსულიყო საქართველოში?

_ „როკფელერის ფონდმა“ რატომ გადაწყვიტა, ვერ გეტყვით. შეგიძლიათ, მათ ინტერნეტგვერდზე შეხვიდეთ და იქ ნახოთ.

_ იქ რას ვნახავ, თბილისში რატომ შემოვდივართო?

_ იქ ნახავთ ყველაფერს.

_ რატომ შემოდის ფონდი ახლა, როდესაც აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა როკფელერებს აქტივები შეუზღუდა და, პოპულარული ენით რომ ვთქვათ, შტატებიდან „დაიფრინა“?

_ ვაიმე, ძალიან არამერიის საკითხებზე მელაპარაკებით.

_ ფონდს თავის ქვეყანაში მოქმედ ხელისუფლებასთან პრობლემები აქვს და საქართველოს ხელისუფლებასთან გარიგებაში შემოდის. ჩემი კითხვა ამას ეხება.

_ ასეთ დეტალებზე ნამდვილად ვერ გიპასუხებთ.

 

„ქრონიკა+“ პოლიტოლოგ ნიკა ჩიტიძეს დაუკავშირდა:

_ საქართველოში უკვე წლების განმავლობაში ფუნქციონირებს „სოროსის ფონდი“ თავისი წარმომადგენლის, „საქართველო _ ღია საზოგადოების“ სახელით. ბუშის ადმინისტრაციის პირობებში იგი გახსნილად მოქმედებდა, ვინაიდან კარგად მოგეხსენებათ, რომ სოროსი მხარს უჭერს დემოკრატებს. „სოროსის ფონდის“ გარდა არის სხვა ფონდებიც, რომლებიც დემოკრატებს უჭერენ მხარს, თუნდაც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, რომელიც დემოკრატიულ პარტიასთან თანამშრომლობს და ა. შ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ინტერესებს პრობლემა არ შექმნიათ, თუ „როკფელერის ფონდი“ საქართველოში შემოვა, უბრალოდ, რამდენად სავარაუდოა, რომ იგი მერიაში რამეს დააფინანსებს?..

_ მერიაში უკვე დაგვიდასტურეს…

_ ანუ ოფიციალურ დონეზე გამოდის?!

_ დიახ და ჩვენი კითხვა სწორედ ეს გახლავთ: რამდენად შესაძლებელია, რომ კონკრეტულმა ბიზნესმა, ოჯახურმა კლანმა, დააფინანსოს საქართველოს სახელისუფლებო რგოლის კონკრეტული თანამდებობა?

_ ეს ცოტა ექსტრაორდინარული თემაა, თუმცა ზოგიერთი ფონდი სამთავრობო სტრუქტურებს აფინანსებს. მაგალითად, „მარშალის ფონდი“ სახელმწიფო სტრუქტურებსაც აფინანსებს იგივე ინფრასტრუქტურის ხელშეწობაზე კონკრეტულ სამინისტროში. მაგალითად, საქართველოში „მარშალის“ წარმომადგენელი „შავი ზღვის მხარდაჭერის“ ფონდია.

_ კარგით, სხვანაირად დავსვამ კითხვას, _ სად _ როკფელერი და სად _ ნარმანია?

_ მართლა ძალიან საინტერესოა. შეიძლება, გლობალური დათბობის თემაც თუ არის მანდ, ვინაიდან მდგრადობაზეა გაანგარიშებული. მეცნიერთა გათვლებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ტემპერატურა 0,9 გრადუსით გაიზარდა. დიდი ნაწილი მოდის ქალაქებზე, მიუხედავად იმისა, რომ, ზოგადად, ქალაქებზე სახმელეთო ტერიტორიის მხოლოდ 3% მოდის, მაგრამ, ამავე დროს, სამრეწველო ნაწილი, „სმოგი“, რომელიც იქმნება და ა. შ., გარკვეულ პრობლემას ქმნის გარემოს გაჭუჭყიანებასა და გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით. უცნაურია, უბრალოდ, რომ ახლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და პოსტსაბჭოთა სივრციდან მხოლოდ ჩვენ მოვხვდით.

_ აქამდე თუ გსმენიათ „როკფელერის ფონდზე“ საქართველოსთან მიმართებით?

_ არ მსმენია არც „როკფელერის“ და არც „ფორდის ფონდთან“ მიმართებით. ფონდების შესახებ მაქვს კი ინფორმაცია, მაგრამ, ძირითადად, აქ „სოროსის ფონდი“ საქმიანობდა და ერთი პერიოდი იყო „მაკარტურის ფონდი“.

 

თამარ როსტიაშვილი