დავით ვარდიაშვილის კომფორტის ზონა

1969 წლის 12 ოქტომბერს დაბადებული, პროფესიით ჯერ ინჟინერ-მშენებელი, შემდეგ კი იურისტი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის სამუშაო გამოცდილება საკმაოდ მავალფეროვანია, რასაც მის ქონებრივ დეკლარაციაზე ვერ ვიტყვით.

ბოლოს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ფინანსურ საკითხებში დირექტორი, უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროში ინაცვლებს და მინისტრის მოადგილე ხდება. იგი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს და ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

რაც შეეხება მის ქონებრივ დეკლარაციას, რომელიც მიმდინარე წლის 8 თებერვალს შეავსო, ვიგებთ, რომ იგი 1993 წლის ნასყიდობით შეძენილ 200 კვ.მ.-ის ბინას (ოღონდ, რატომღაც, 0,00 ლარია გადახდილი ამ ნასყიდობაში) ფლობს თბილისში, ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე. აქვე ფლობს 50 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთსაც. დანარჩენი უძრავი ქონება მისი, მეუღლის ან შვილების სახელზე დეკლარაციაში მითითებული არ არის.

მეუღლე, ეთერ ჭანუყვაძე, 2014 წელს ნასიდობით, 14000 აშშ დოლარად შეძენილ Lეხუსრხ-330 2004-ს ფლობს.

დეკლარაციის შევსების დროს ვარდიაშვილის „ვი-თი-ბი ბანკის“ სახელფასო ბარათზე ნაშთის სახით 10 ლარია (+), ხოლო „რესპუბლიკა ბანკში“ _ 970ლ(+); მეუღლის, ეთერ ჭანუყვაძის „ქართუ ბანკის“ სახელფასო ბარათზე 1000 _ ლ(+), „ვი-თი-ბი ბანკის“ სახელფასოზე კი _ 200ლ(+).

ასევე, დოკუმენტის შევსებისას მინისტრის მოადგილის სახელზე დაგროვებით მიღებული ნაღდი ფულის რაოდენობა 18000,00 აშშ დოლარია.

არც ვარდიაშვილი და არც მისი ოჯახის წევრები სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულები არ არიან (ეს მხოლოდ დეკლარაციის მიხედვით).

რაც შეეხება მის, ან ოჯახის წევრის მიერ შესრულებულ ნებისმიერ ანაზღაურებად სამუშაოს, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის რანგში, 2016 წლის მანძილზე, მიღებული აქვს 7150 ლარი.

ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ფინანსურ დირექტორად მუშაობისას 2016 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით ფინანსური შემოსავალი  12541 ლარია.

ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტობისას ერთწლიანი შემოსავალი _ 11812 ლარი.

დაბოლოს, შს მინისტრის მოადგილეობისას, წინა წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით (4-თვიანი), მიღებული შემოსავალი 132100 ლარია.

გრაფაში: „საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ წინა წლის პირველი იანვრიდან დღემდე დადებული ან/და მოქმედი ხელშეკრულება, რომლის საგნის ღირებულება აღემატება 3000 ლარს (მათ შორის, წილის მინდობის ხელშეკრულება ღირებულების მიუხედავად)“ ვხედავთ, რომ მის სახელზე 2018 წლამდე საქართველოს ბანკში აქვს 20000,00 ლარიანი სესხი, რომლიდანაც წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგი 14370,00 ლარია (გასავალი).

ასევე, სესხი კვლავ 2018 წლამდე, ოღონდ, ამჯერად, „ვი-თი-ბი ბანკში“, 7500,00 ლარის ოდენობით და აქედან წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგი   6791,00 ლარია (გასავალი).

ბლოს კი 2017 წლის ოქტომბრამდე  ბანკში (რომლის დასახელებაც არ წერია) აქვს კრედიტი, 12041,00 ლარის ოდენობით, საიდანაც კვლავ წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგი 2120,00 ლარს უდრის (გასავალი).

ამით მინისტრის მოადგილის ქონებრივი დეკლარაცია იწურება და ცარიელი რჩება გრაფები:

„თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული საჩუქარი, რომლის ღირებულება აღემატება 500 ლარს“ და „წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან/და გასავალი, რომლის ოდენობა (ღირებულება) თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1500 ლარს და არ არის მითითებული ამ დეკლარაციის სხვა ფურცლებზე“.

ქონებრივი დეკლარაციის გაცნობის შემდეგ აუცილებელია, მისი საცხოვრებელი პირადად ვნახო, გავიგო, ხალხი რამდენად იცნობს მას, არის თუ არა კომუნიკაბელური, რამდენად სალმიანია და ა. შ. ამიტომ გზას მცხეთის ქუჩისკენ გავუყევი.

თბილისში, ვაკეში, ცენტრალური ჭავჭავაძის ქუჩის პარალელურად, ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი) კორპუსებს შორის რომ მრგვალი ბაღი მდებარეობს, ეს, თითქმის, ყველამ იცის, თუმცა შორიახლოს რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ცხოვრობენ, ბევრმა _ არა.

გასული ნომრებისთვის „კომფორტის ზონის“ საძიებლად ამ ადგილს უკვე ვესტუმრეთ, ოღონდ ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, დავით ნატრიაშვილის საცხოვრებელი იყო, რომელიც ამავე ქუჩაზე #8-ში მდებარეობს, ახლა კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილს მივადექით, ამავე ქუჩაზე, ზუსტად ნატრიაშვილის კორპუსის მოპირდაპირედ მდებარე კერძო სახლში, რომელიც მცხეთის ქუჩა #9-შია.

ამინდისთვის (როგორც ამბობენ, 13 აპრილამდე მარტი არ დასრულებულაო ძველი კალენდრით, რაც მართლდება ხოლმე) ხასიათის „დაჭერა“ რთული აღმოჩნდა, რადგან დილით მზით დაწყებული გარემო რამდენიმე წამში წვიმად დამაწია ბუნებამ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია და მეც ხსენებულ მრგვალ ბაღს გავცდი თუ არა, ხელმარჯვნივ, მცხეთის ქუჩას დავადექი.

როგორც თითქმის ყოველთვის, ამ ქუჩაზე ადამიანების გამორჩეულ სიმრავლეს ვერ შენიშნავთ, მაგრამ ცვალებადი ამინდის ფონზე, ჟუჟუნა წვიმაში მოსეირნე და გარეთ მდგომი ხალხის რაოდენობა არც ისე ცოტა იყო.

ქუჩა იწყება კორპუსების წყებით, რომელთა წინაც, ჩვეულებრივ, მანქანები დგას. კორპუსების პირველი სართული უბნის მაღაზიებს, ატელიეს, თონეს, მარკეტებს უჭირავს. აქვე, გზის მარჯვენა მხარეს, ინდურ მაღაზიას, ან საკვებ ობიექტსაც ნახავთ, რომლის გვერდზეც შეგეძლებათ საკმაოდ იაფად, ფაქტობრივად, ერთი ლარიდან შეიძინოთ საქონელი _ ამას ამავე მაღაზიის წარწერიდან ვგებულობთ. ზემოთ ხსენებული თონიდანაც ცხელი პურის სუნი მოდის, რომელსაც წვიმა ოდნავ უფრო ამძაფრებს და მე ისევ დანიშნულების ადგილისკენ მივემართები.

ერთ-ერთი ქსელური მაღაზიის წინ (რომელიც, სხვათა შორის, მას შემდეგ გამოჩნდა ბაზარზე, რაც გარემოვაჭრეები სააკაშვილის ხელისუფლების დროს „აყარეს“) შავებში ჩაცმული არც ისე ხანში შესული ქალბატონი ზის, რომელსაც გალაკული ხელჯოხი უჭირავს და მოწყალებას ითხოვს. მაღაზიიდან გამოსული ახალგაზრდა ხურდას უყრის და გზას ჩემი მიმართულების საპირისპიროდ აგრძელებს.

ამ წამს ჩამიარა შუახნის მამაკაცმა, რომელსაც წითელი მაისური და უმკლავო შავი ჟილეტი აცვია, თან ორი ცალი ცხელი შოთის პური უჭირავს. ვაჩერებ:

_ გამარჯობა, დავით ვარდიაშვილს თუ იცნობთ?

_ მინისტრის მოადგილეს?

_ დიახ.

_ გამიგია, რომ აქ ცხოვრობს, მაგრამ მე არა, არ ვიცნობ.

_ კარგი, გმადლობთ, _ გზას ვაგრძელებ, თუმცა მალევე უკან ვბრუნდები და მაღაზიაში შევდივარ, რომელიც კორპუსის ქვევით, ამ თონის გვერდით მდებარეობს. ხორცი, ყველი და ცოტაოდენი ბოსტნეული იყიდება.

შევდივარ. ერთი კაცი სკამზე ზის, მეორე დგას. პოლემიკა გაუმართავთ. ორი ქალბატონიც აქვეა. ერთი მათგანი აშკარად გამყიდველია, მეორე _ მყიდველი.

_ გამარჯობა, კითხვა მაქვს (ყურადღებას არავინ მაქცევს, სანამ არ გავჩუმდი და ჩემკენ არ გამოვახედე).

_ გისმენთ (შემომხედეს).

_ დავით ვარდიაშვილს თუ იცნობთ?

_ არა, აქ კი ვცხოვრობ, მაგრამ არ ვიცით, _ მიპასუხა მყიდველმა ქალბატონმა ჩანთით ხელში.

_ არ ვიცი, _ მეორე ქალბატონმაც (გამყიდველი).

უარის ნიშნად თავი გაიქნია, ასევე, ფეხზე მდგომმა შედარებით ახალგაზრდა მამაკაცმაც.

_ მინისტრის მოადგილეზე ამბობთ, ხომ? _ გამომეხმაურა შედარებით ხანშიშესული მამაკაცი, იქვე, დახლთან ახლოს რომ იჯდა.

_ დიახ, _ ვუპასუხე.

_ კი, როგორ არ ვიცი, აქვე ცხოვრობს, კერძო სახლში.

_ გინახავთ თვითონ? რამდენად სალმიანია?

_ თვითონ იშვიათად, მეუღლე დადის ხოლმე ჩემთან.

_ აქ ყიდულობს პროდუქტებს?

_ კი, კი ჩვენთან დადის, ძალიან სალმიანი და სასიამოვნო ქალბატონია, ოჯახიც კარგია.

_ რამეს არ ატყუებდე, ბიჭო და სხვაგან არ გაუშვა გოგონა, _ უთხრა მყიდველმა, ჩანთიანმა ქალბატონმა.

_ არა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეზე ამბობთ, ხომ?

_ დიახ.

_ ჰოდა, მაგაზე ვამბობ მეც. ვიცი, რომ აქ ცხოვრობს.

_ კარგი, გმადლობთ და კიდევ ერთი კითხვა, _ რამდენად მშვიდი უბანია? კრიმინოგენური მდგომარეობა როგორია აქ?

_ საკმაოდ მშვიდი უბანია, არაფერი განსაკუთრებული, ადრე იყო ხოლმე, მაგრამ ახლა არაფერი, პატრული დადის ძალიან ხშირად და ყველაფერს ამოწმებს.

_ დიდი მადლობა, _ ვამბობ და გამოვდივარ.

გზას დანიშნულების ადგილისკენ ვაგრძელებ. ისევ იმ ქსელურ მაღაზიას და მის წინ მჯდარ მოწყალების მთხოვნელ ბებოს გავცდი, მაღაზიიდან სამი ბიჭი გამოვიდა, რომლებსაც იგივე ვკითხე, თუმცა პასუხი უარი იყო, არც კი გაეგოთ, ვინ არის დავით ვარდიაშვილი. ისევ გზა გავაგრძელე.

უბანში ძალიან მაღალი ხეები დგას, რომელიც მზის სხივებს ხან ატარებს, ხანაც _ არა. გზის მარჯვენა მხარეს გადავდივარ. #7 ჩამოვიტოვე და აი, #9-ც გამოჩნდა. ორსართულიანი აგურის სახლია. ფანჯარასთან კონდიციონერი აყენია. აქვეა ორფეროვანი ტრაფარეტი, რომლის ცისფერ ფონზე თეთრი ასოებით მცხეთის ქ., ხოლო თეთრ ფონზე ცისფრად #9 წერია.

ჭიშკარი მწვანეა, საღებავგამძვრალი, რომ არ ვიცოდე, ვერც ვიფიქრებდი, რომ მინისტრის მოადგილე ამ სახლში ცხოვრობს. „თავმდაბალია“, _ გავიფიქრე და ჭიშკრის ჭუჭრუტანიდან ეზოში შევიხედე. არავინაა, ეზოც არაფრით გამორჩეული და განსხვავებული. კერძო სახლში შეჭრის უფლება არ მაქვს. ფოტოებს ვუღებ. ისევ წვიმს.

ამ სახლის გვერდით კერძო დაწესებულებები მდებარეობს, საბავშვო სტუდია, გვერდზე კაფეა და მოსაუბრე გოგონები გარეთ მაგიდასთან სხედან, იმის გვერდით კი აფთიაქია, სადაც შევდივარ, ორ ფარმაცევტ გოგონას ვხედავ და ვეკითხები:

_ გამარჯობა, დავით ვარდიაშვილს თუ იცნობთ, ან თუ გაგიგიათ, მეზობლად რომ ცხოვრობს?

_ არ ვიცი, ვინ არის ვარდიაშვილი?

_ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა.

_ აჰ, კი, ეგ ვიცი, გვერდით სახლში ცხოვრობს, თუ არ ვცდები.

_ კი ბატონო და თქვენთან შემოდის ხოლმე? რამდენად სალმიანია?

_ ეგ არ ვიცი, არ ვიცნობ, უბრალოდ, ვიცი, გამიგია, რომ აქ ცხოვრობს.

_ კარგი, გმადლობთ.

გამოვდივარ აფთიაქიდან და გზაზე ისევ რამდენიმე ახალგაზრდას ვაწყდები, ერთს შავებში, მეორეს კი ჯინსის ქურთუკში გამოწყობილს:

_ გამარჯობა, დავით ვარდიაშვილს თუ იცნობთ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს?

_ არა, ეგეთი არ ვიცით.

_ ისე, აქ როგორია კრიმინოგენური მდგომარეობა?

_ რა ვიცი, სიმშვიდეა, _ გვიცავს ჩვენი პოლიცია (იცინიან).

_ ხშირად დადიან აქ, ქუჩაზე?

_ საკმაოდ.

_ გმადლობთ…

ამათაც გამოვემშვიდობე და ახლა ქუჩის გადაღმა მდგარი ტაქსის მძღოლებისკენ ავიღე გეზი. ერთი მათგანი შედარებით მაღალი და ჭაღარა იყო, მეორე _ გამხდარი და შავგვრემანი. ორივე თავიანთ მანქანებში ისხდნენ. მათ სიმაღლეში მას შემდეგ გავერკვიე, რაც მანქანიდან გადმოვიდნენ. აღმოჩნდა, რომ საკმაოდ კარგად იცნობენ ჩვენს მინისტრის მოადგილეს და იმაზეც მომაწოდეს ინფორმაცია, რომ  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ნატრიაშვილიც ამავე ქუჩაზე, ზუსტად მინისტრის სახლის წინ მდებარე კორპუსში ცხოვრობდა (რაც უკვე ისედაც ვიცოდით, მაგრამ მაინც).

_ როგორი მეზობელია დავით ვარდიაშვილი?

_ „კანფეტ!“ _ მეუბნება ჭაღარა მძღოლი და თან მიღიმის.

_ ანუ იცნობთ?

_ რას ჰქვია, არ ვიცნობ?! მინისტრის მოადგილეობამდეც და მერეც ვიცნობდი და ახლაც ასეა.

_ გესალმებათ ხოლმე?

_ კი, გამოდის, გვესალმება, გვიკითხავს, ხელს ჩამოგვართმევს და რამდენიმე წუთით ვსაუბრობთ.

_ თქვენთან გამოდის სასაუბროდ?

_ ნუ, ახლა, აქ კი არ დგას სულ, მაგრამ იყო დრო, როცა გამოდიოდა ხოლმე, უშუალოა ძალიან. მთელ ოჯახს ვიცნობთ, მეუღლეს, ბავშვებს. მაგისი ძმა აქ გაიზარდა, საერთოდ.

_ ახლა, რაც მინისტრის მოადგილე გახდა, ხშირად ნახულობთ ხოლმე კიდევ?

_ ახლა იშვიათად. ისე, სხვათა შორის, ნატრიაშვილიც აქ ცხოვრობს, თანამდებობის პირია ეგეც, თუ იცით.

_ კი, ვიცი.

_ ჰო, მაგასაც ვხედავთ ხოლმე, ნაკლები შეხება გვქონია, მაგრამ მაინც.

_ მშვენიერი, კარგი კაცია ვარდიაშვილი, _ ჩაერთო საუბარში ტაქსის მეორე მძღოლიც.

_ ანუ თქვენც იცნობთ?

_ აქ ყველამ იცის, ვინ ვინ არის და მე დასაწუნიც რა მაქვს, მშვენიერი, კარგი ხალხია, რა.

_ იქ, კერძო სახლში ცხოვრობენ, ხომ?

_ კი, კი, კერძო სახლში არიან.

_ და კრიმინოგენური მდგომარეობა როგორია უბანში?

_ სიმშვიდეა, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, _ ერთად მპასუხობენ.

_ კარგი, დიდი მადლობა.

_ გაიხარეთ! _ მეუბნებიან და მოვდივარ.

 

უკვე მომატებული სიხშირით ცვივა წვიმის წვეთები, თან მზე ანათებს. კიდევ რამდენიმე ფოტო გადავიღე და უკან, მრგვალი ბაღისკენ გამოვბრუნდი. ცოტა ხანში ისევ ცენტრალურ ჭავჭავაძეზე აღმოვჩნდი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის კომფორტის ზონა კი უკან _ იქ, მაღლა, მცხეთის ქუჩაზე, #9-ში დავტოვე.

 

 

ნინო ტაბაღუა