დავით ბერძენიშვილი: „ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, თუ ორბანს გამოუვიდა, მე რატომ არ გამომივა?“

ირინა მაკარიძე

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ ირაკლი კობახიძე შედარებით თვალს მიეფარა და დასავლური ორგანიზაციების, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ ბრძოლის დროშა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაიბარა. ის ასევე მოგვევლინა ეკლეესიისა და ე. წ. სიწმინდის _ სტალინის ხატის დამცველად.

რას უკავშირდება სიწმინდეებისა და რელიგიის მიმართ სახელისუფლებო სპექტრის ასეთი თავგამოდება? რატომ ჩაანაცვლა კობახიძე პაპუაშვილმა? რა ჩაიფიქრა ოლიგარქმა და როგორი საარჩევნო წელი გველოდება წინ? _ ამ და სხვა პოლიტიკური საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებელი, დავით ბერძენიშვილი:

_ ძალიან ძნელია ბიძინა ივანიშვილის ქმედებებში მხოლოდ რაციონალური მოტივების ძიება, ამიტომ არ ვიმარჩიელებ, ის ძალიან უცნაური კაცია. რა თქმა უნდა, მისი მესამედ ოფიციალურად დაბრუნება პოლიტიკაში „საპატიო თავმჯდომარის“ სტატუსით უცნაურია. თან მთავარი მრჩეველია და თან პარტიის თავმჯდომარის უფროსია, პრემიერის წარდგენა მხოლოდ ამ „საპატიო თავმჯდომარე-მრჩეველს“ შეუძლია. ეს არ ჯდება „პოლიტიკური ანა-ბანას“ კონტექსტშიც კი, უბრალოდ, ივანიშვილს ასე მოუნდა, რომ ეს დარქმეოდა მას. სინამდვილეში, ის არის პარტიაში დიქტატორი, ასეთი იყო ამ პოსტის გარეშეც, ასეთი იყო მისი თავმჯდომარეობისას, ასე იქნება „საპატიო თავმჯდომარეობის“ დროსაც. ირაკლი კობახიძე, ისევე როგორც სხვა ირაკლები, მოგეხსენებათ, ამ სახელს არ გაუმართლა თანამედროვე, ქართულ პოლიტიკაში, იმიტომ რომ ბლომად არიან და რუსული „მატრიოშკის“ პრინციპით ერთმანეთში სხედან და არიან მოტივირებულები, ვინ უფრო მოაწონებს თავს ბიძინა ივანიშვილს. ბუნებრივია, ცვეთა აქვთ ასეთ ადამიანებს, ვეზირებსა და ვეზირების ვეზირებს, ამიტომ ივანიშვილმა რაღაც სიახლე ხომ უნდა მოიტანოს თავისი მესამე დაბრუნებისას. როგორც ჩანს, მან მიიჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საკმარისად არ აქტიურობს, ამჟამად მას დაავალა ამ თემებზე საუბარი. ირაკლი კობახიძისგან ამ თემებზე საუბარი უკვე ძალიან გაცვეთილია, ირაკლი ღარიბაშილს კი ასეთ რამეებს ვერ დაავალებ, იმიტომ რომ ის ოთხ სიტყვაში სამ შეცდომას უშვებს. ამიტომ შეირჩა თანამდებობით მნიშვნელოვანი და არსებითად უმნიშვნელო ფიგურა შალვა პაპუაშვილის სახით. მიაქციეთ ყურადღება, _ შალვა პაპუაშვილს ბიძინა სწორედ იმ ტოტს აჭრევინებს, რომელზედაც პარლამენტის თავმჯდომარე იჯდა. ნახევარი ცხოვრება მას სწორედ არასამთავრობო სექტორში, დასავლურ ფონდებსა და გერმანულ ფონდებში აქვს გატარებული. თანამშრომლობიდან დაწყებული, საქართველოში ამ ფონდის წარმომადგენლობის უფროსობის ჩათვლით. როდესაც ის ურტყამს სწორედ დასავლურ ფონდებს, ამით ის, პრაქტიკულად, საკუთარ წარსულსაც ერჩის. ბიძინა ივანიშვილის სტილი სწორედ ეს არის, რომ ადამიანს, მის ქვეშევრდომს, უნდა დაავალოს, მთლიანად მიენდოს მას, არ უნდა ჰყავდეს სხვა არც პარტნიორი და არც პატრონი, გარდა ივანიშვილისა. ამიტომ დაუპირისპირა პაპუაშვილი საკუთარ  წარსულს, გერმანიას, სადაც ისწავლა, იშრომა, გერმანული ფულით თავი ირჩინა, კარგად და მსუყედ ირჩინა თავი სწორედ გერმანულ ფონდში მუშაობის პროცესში და სწორედ ამ დასავლურ ფონდებს ერჩის ახლა ის.

_ რაც შეეხება ეკლესიისა და სიწმინდეების ვითომ დამცველის როლში ყოფნას, თავის წარმოჩენა რატომ დასჭირდა „ოცნებას“, რასაც პაპუაშვილის პირით ახმოვანებს, რის შემდეგაც ხდება მისი განცხადების ორკესტრირება „ოცნების“ სხვა წარმომადგენლების მიერ?

_ ეს, რა თქმა უნდა, გაჭირვების არის. ივანიშვილმა იფიქრა, რომ საპატრიარქო, რომელიც შეზრდილია ხელისუფლებასთან, ამჟამად უფრო კარგად უნდა გამოიყენოს, „მტრის ხატის“ შექმნის ფუნქციაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულებინოს. ივანიშვილი არ არის მორწმუნე ადამიანი, ის ჯერ კიდევ 2005 წელს ძალიან ამაყობდა იმით, რომ „ვედემოსტიში“ ძალიან დიდი და ყოვლისმომცველი ინტერვიუ მისცა, სადაც ყველა სიტყვა, სანამ დაიბეჭდებოდა, მასთან იყო შეთანხმებული. ის ამბობს პირდაპირ: „მე ვარ მატერიალისტი, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არ მჯერა“. ისედაც ივანიშვილი საკმაოდ აგდებული დამოკიდებულების არის მორწმუნეების მიმართ, ამიტომ მას არავითარი რელიგიური მოტივაცია არ აქვს, როდესაც საქართველოს საპატრიარქოს „დაცვას“ იწყებს მისი ვეზირების მეშვეობით. მას აქვს მხოლოდ და მხოლოდ ელექტორალური მოტივაცია. საერთოდ, საპატრიარქო ხელისუფლებისაა, რა მნიშვნელობა აქვს, რომლის? რომელი ხელისუფლებაც არის, იმისია საპატრიარქოს მმართველობა, ასეთია ილია მეორის სტილი 1977 წლიდან მოყოლებული.

_ კახა კუჭავა ევროკავშირის დროშის ხელახლა აღმართვის შემდეგ  დაემშვიდობა თანამდებობას, მაშინ როდესაც მოძალადე ჯგუფებმა იგი ჩამოხიეს, დაწვეს და პარლამენტის წინ ჯვარი აღმართეს, მათ არავითარი წინააღმდეგობა არ შეხვდათ.

_ დიახ, ვერ გაიხსენებთ კუჭავას მხრიდან ასეთ შავრაზმულ განწყობებსა და საჯარო განცხადებებს. რაც შეეხება შალვა პაპუაშვილს, ის არ არის შემჩნეული თეოლოგიის ღრმა ცოდნაში. მას არ ვიცნობ, ვერ ვიტყვი, სახარება წაკითხული აქვს თუ არა, მაგრამ ივანიშვილს რომ არ აქვს წაკითხული, ამის შთაბეჭდილებას, ივანიშვილი ყოველთვის მიტოვებდა. ეს საკითხები, რელიგიის ისტორია, ეს არ არის ივანიშვილის ინტერესების სფერო. ამ თვალსაზრისით ის თუ რამეთი გამოირჩევა, გამოირჩევა ელემენტარული ცოდნის არქონით ამ სფეროში. მხოლოდ ეკლესიურობა არ არის რელიგია, სახარებისა და ბიბლიის აუცილებელი მინიმუმის ცოდნა ეს არის კულტურისა და განათლების საკითხი. მეორე საკითხია, ვის უტევს და რა კონტექსტში ხელისუფლება და მასთან მიყოლებული ცეკას ინსტრუქტორი ვოლსკი, რომელმაც ძალიან „გამახალისა“, როდესაც „გორბაჩოვის მეგობარი“ დაარქვა ევროპარლამენტარ კუბილიუსს, რომელიც ლიეტუვის დამოუკიდებლობის სათავეებთან იდგა და ორჯერ ლიეტუვის პრემიერი იყო. ახლაც მისი პარტია არის კოალიციის ლიდერი, პრემიერი მისი გამოზრდილია. ამას დასცინის ვოლსკი, რომელიც 80-იან წლებში იყო საბჭოთა კომპარტიის ინსტრუქტორი და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას შეხვდა კომპარტიის ჩინოვნიკის რანგში. ახლა ის გამოდის რელიგიის დამცველად, მისი  ახალგაზრდობის დროს უსაფრდებოდნენ ხალხს, წირვაზე ვინ დადიოდა, სააღდგომოდ ვინ მიდიოდა ეკლესიაში და შობას ვინ აღნიშნავდა. ამ ხალხის განცხადებები კონტექსტშია ანტიდასავლურ განცხადებებთან. „ჩვენ ვიცავთ ტრადიციებს“, ამბობს დღევანდელი ხელისუფლება, არა მარტო დღევანდელი, სხვათა შორის, წინა ხელისუფლებებიც ამ თვალსაზრისით საკმაოდ მდარედ იქცეოდა და საკმაოდ ელაქუცებოდა საქართველოს საპატრიარქოს, როგორც ელექტორალურად მნიშვნელოვან სუბიექტს საარჩევნოდ. მანამდე სააკაშვილი და უფრო ადრე შევარდნაძე ელაქუცებოდა ილია მეორეს. თუმცა შევარდნაძის ისიც მახსოვს, რომ თქვა: „ჩვენ მაშინ, 1977 წელს, შევარჩიეთ პატრიარქად და გამოდგა ილია“. არ დაუმალავს, ვინ შეარჩია რეალურად ილია მეორე პატრიარქად. ეს იცოდა მან, ადამიანის ქებასთან ერთად მისი რელური ზომა-წონის მინიშნება. ასეთ ვითარებაში ეს ფსევდორელიგიური კამპანია ვითომ ტრადიციების დაცვის, პრაქტიკულად კი „ორბანიზაციის“ პროცესის შემადგენელი ნაწილია.

_ რას გულისხმობთ „ორბანიზაციაში“?

_ „ორბანიზაციას“ ვეძახი ევროკავშირსა და ნატოსთან ეკლიან ურთიერთობას, როდესაც უკრაინას არ ეხმარება, ბრიუსელთან და ვაშინგტონთან „ხმალაობს“, ვაჭრუკანობს, რაღაც გადმომიგდეთ, რომ წინაათმდეგობა არ გავუწიო უკრაინის შეიარაღებას, ფინანსებით უზრუნველყოფას, კანდიდატობაზე მოლაპარაკების დაწყებას და ა. შ. ეს არის ორნაბიზაციის პროცესი, ეს არის პუტინთან ლაქუცის, ბირიუსელიდან და ვაშინგტონიდან ფინანსების გამოღლეტის ორბანისტული სტილი. ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, თუ ორბანს გამოუვიდა, მე რატომ არ გამომივა? 

_ რაც შეეხება სტალინის ხატის სიწმინდედ გამოცხადებას, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სამების ტაძარში ყურადღება მიაქციეს მატრონას ხატზე სტალინის გამოსახულებას. ამ საკითხზე  ეკლესიამ მოკლე ხანში უკან დაიხია, ამის მიუხედავად, რამდენიმე დღის შემდეგ პაპუაშვილმა განცხადება გააკეთა და სტალინის ფიგურის ხატზე გამოსახვა იმით გაამართლა, რომ ხატებზე დიოკლეტიანესა და წმინდა გიორგის გამოსახულებაც არის. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო აქტივისტმა განახორციელა პროტესტის აქტი და ოპოზიციას ამ საკითხზე ასეთი მკვეთრი პოზიცია არ დაუფიქსირებია, მაინც ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს დაესხა თავს. ამაზე რას იტყვით?

_ საპატრიარქო ადეკვატურად მოიქცა, მისი მოტივაცია ბოლომდე ზუსტი და  მისაღები შეიძლება არ გვეჩვენოს, _ არ დასტურდება მატრონასთან სტალინის შეხვედრაო, თითქოს ახლა გველეშაპთან წმინდა გიორგის შეტევის დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს. ეს არ იყო საკმარისი არგუმენტი, მაგრამ ამ მოტივით თუ იმ მოტივით, ეკლესია სწორად მოიქცა, როდესაც ხატი იქიდან გაიტანა. პოსტსაბჭოთა საპატრიარქო თავისი არსით არის ხელისუფლების ნაწილი. როგორც იყო შევარდნაძე პატრიარქის მთავარი ნათლული, მერე მიშასგან 25 მილიონი მშვენივრად მიიღეს. თვალში საცემია, როგორ იცვლება ხელისუფლებაში ყოფნის დროს და მას შემდეგ პოლიტიკოსთა ეკლესიურობაც. მიაქციეთ ყურადღება, როგორ უხერხულად ეჭირა ხელში უზარმაზარი სანთელი პაპუაშვილს კობახიძის გვერდით და როგორი ნაძალადევი იყო ეკლესიასში მისი დგომა. ვიდრე ამ თანამდებობის პირი არ გახდა და არ დაევალა საპატრიარქოსთან ასეთი სიახლოვის დემონსტრიტება, იმ დრომდე არ გვახსენდება ეს ხალხი ეკლესიაში. როცა აღარ იქნებიან თანამდებობის პირები, ისევ აღარ გამოჩნდებიან არც სამებაში, არც სხვა ეკლესიაში, როგორც არ ჩანან ახლა ყოფილი სახელისუფლებო ფიგურების აბსოლუტური უმრავლესობა.  ეს ასეთი პოლიტიკური ფლირტია, სათანამდებობო ფლირტი და არა ბუნებრივი რელიგიური მოთხოვნილება. ესენი აფერისტები არიან _ პოლიტაფერისტები.

_ რომელი პარტიების ერთად დაჯგუფება მიგაჩნიათ შესაძლებლად? 

_ ოპოზიციიდან ვინც შეიძლება გადალახოს 5-პროცენტიანი ბარიერი არის „ნაციონალური მოძრაობა“. ახლოს არის ბარიერთან, მაგრამ გამსხვილება დასჭირდება გახარიას პარტიას. გახარიასთან უფრო მიესვლება, ალბათ, და გახარიასთვისაც უკეთესი იქნება, ჩემი აზრით, თუ 2016-18 წლების „ქართული ოცნების“ კვალიფიციური და უფრო წესიერი დეპუტაცია, რომელიც ნელ-ნელა იმ საარჩევნო ციკლის ბოლოს წავიდა ოპოზიციაში, გახარიას გუნდს შეუერთდება. მთავარი და არსებითი _ „მესამე ძალას“ რასაც ვეძახით, წესით ეს უნდა იყოს პირველი ძალა ოპოზიციაში, მთავარი ალტერნატივა, ეს არის „პატარების დიდი გაერთიანება“. თუ მოხერხდება გაერთიანება მთელი საპარლამენტო ოპოზიციის, „ნაცებისა“ და გახარიას გარდა, თითო-ოროლა ადამიანით რომ არიან წარმოდგენილი, აქ „ლელოსაც“ ვგულისხმობ, რესპუბლიკელებსაც, უპარტიო დეპუტატებსაც, რომლებიც არიან ქართული საპარლამენტო ოპოზიციის ბირთვი, განსაკუთრებით ქალები ლიდერობენ ახლა ქართულ საპარლამენტო ოპოზიციაში, საუკეთესო იქნება. აგრეთვე საკრებულოებში მყოფი ადამიანები და მათი პარტიები, იქნება ეს ანა დოლიძე, თუ „ზურა გირჩი-ჯაფარიძე“, ელენე ხოშტარია და სხვები. ეს ხალხი ერთიანად თუ შეძლებს ერთი დიდი შუაშისტური, არანაცური, არაგახარია ბლოკის შექმნას, ეს ბლოკი აიღებს 20 პროცენტზე მეტს და იქნება ოპოზიციაში ლიდერი. ამ გაერთიანებაში, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ნიკა მელიას შესაქმნელ პარტიას, როგორც ამ გაერთიანების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შემადგენელს. ამ გაერთიანებას შეეძლება „ნაციონალებზე“ მეტი ხმის აღება. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ბარიერგადალახულ პარტიებთან ერთად კოალიციური მთავრობის შექმნა. ეს არის გამარჯვების ფორმულა