დავით ბერიკაშვილი: „ამ დანაშაულის უკან ყოფილი შს მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე დგას!“

საპატრულო პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა, დავით ბერიკაშვილმა, რომელიც, საკუთარ ოჯახთან ერთად, სამართალდამცველების უსამართლო დევნის ობიექტი გახდა, საქართველოში სამართალი ვერ იპოვა და პოლიტიკური თავშესაფარი გერმანიაში მიიღო. პოლიციის მაიორი „ქრონიკა+“-ს უყვება, რომ ამ დანაშაულის უკან ყოფილი შს მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე დგას. მისივე თქმით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალ თანამდებობებზე შემთხვევითი ხალხი აღმოჩნდა, რომელთა განათლება და კვალიფიკაცია არ შეეფერება მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებს და შესაბამისად, უკანონობები ხდება.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება დავით ბერიკაშვილი:

_ საქართველოს დატოვებამდე შს სამინისტროში ვმსახურობდი, პოლიციის მაიორი ვარ, ბოლო 10 წლის განმავლობაში ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციაში ვმუშაობდი, ფაქტობრივად, შექმნის დღიდან. ზოგადად, პოლიციაში მუშაობის 18 წლის სტაჟი მაქვს. ცხოვრება ჩვეულებრივი რიტმით გრძელდებოდა, მყავს ორი შვილი, ველოდებოდით მესამეს, ჩემი მეუღლე 7 თვის ფეხმძიმე გახლდათ. 2015 წლის 9 იანვარს, ერთ ჩვეულებრივ დღეს, სამსახურიდან სახლში ღამე დავბრუნდი. დაახლოებით ღამის 01:30 საათზე პირადი ხელმძღვანელი, ოცმეთაური მირეკავს, რომელიც ინფორმაციას მაწვდის, რომ განგაშია და სამსახურში ფორმით უნდა გამოვცხადდე. 18-19-წლიანი სტაჟის პოლიციელისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და არ გამკვირვებია. მოვემზადე და როცა გამოვედი, სადარბაზოსთან, დაახლოებით, 20-მდე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანი დამხვდა, რომლებიც სრულიად მოულოდნელად თავს დამესხნენ. ეს იყო თავდასხმა ორგანიზებული და ჩასაფრებული პოზიციიდან. რა თქმა უნდა, ამდენი ადამიანის წინაშე უძლური ვიყავი და წინააღმდეგობის გაწევის დროს, სანამ გავერკვევოდი, რა ხდებოდა, ერთ-ერთმა თქვა, რომ პოლიციიდან იყვნენ და კითხვები ჰქონდათ. ბორკილები დამადეს. მიზეზს რომ ვკითხულობდი, არ მპასუხობდნენ. ჩემს მაშინდელ მდგომარეობას ვაფასებ, როგორც გატაცებას. ვაზისუბნის პოლიციის განყოფილებაში მიმიყვანეს, სადაც იმყოფებოდა როგორც საპატრულო, ასევე თბილისის კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელობა. მაშინდელი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის გუნდი იყო, რომელმაც დამაკავა და გამიტაცა, ისინი მაშინ თბილისის კრიმინალურ პოლიციას აკონტროლებდნენ. გრიგოლ ბესელია, რომელიც ქალაქის კრიმინალური პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე იყო,  ფაქტობრივად, სიტუაციას განაგებდა და ორგანიზებას ახდენდა, ბრძანებებს იძლეოდა, კითხვებს სვამდა. კონკრეტულად იგი არაადამიანურად მეპყრობოდა და დამამცირებელ მდგომარეობაში მაყენებდა.

_ პოლიციაში დაკავების მიზეზად რა დაასახელეს?

_ მისვლისას სრულიად აბსურდულ და გაუგებარ სიტუაციაში აღმოვჩნდი, ჩემგან გარკვეული ტიპის დანაშაულზე აღიარებას მოითხოვდნენ, რომელიც წინა დღით იყო ჩადენილი და, მოგვიანებით, უკვე საკუთარ თავზე აღებას.

_ რა ტიპის დანაშაულზე იყო საუბარი?

_ ყურადღებას ამახვილებდნენ ჩხუბზე, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ადამიანთან, რომლის არსებობაც უშუალოდ პოლიციის განყოფილებაში გავიგე. ჩემი დაკავებიდან გასულია, დაახლოებით, 10-12 საათი (სულ დაკავებული ვიყავი 15 სთ-ის განმავლობაში), შუადღის 12:00 საათია და მეორე კაბინეტიდან შემთხვევით მესმის ხმა: „კურიერში“ აცხადებენ, რომ დაკავებულია საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც მკვლელობა აღიარა. ეს წარმოუდგენელი იყო, რამაც ჩემი აღშფოთება გამოიწვია, კატეგორიულად მოვითხოვე, რომ სიტუაციაში გავრკვეულიყავი! კრიმინალური პოლიციის რგოლში მასობრივი დაბნეულობა შეინიშნებოდა და, ფაქტობრივად, არ არსებობდა ადამიანი, რომელიც პასუხს გამცემდა. ჩემი კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თუ არ ვცდები, ვაზისუბნის განყოფილების უფროსის მოადგილე განმარტავს, რომ, მაქსიმუმ, ერთ საათში გამიშვებენ, რომ ეს იყო რაღაც გაურკვევლობა და ამასთან დაკავშირებით პირადად მომახსენებს ჩემი, ანუ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობა. ვერ წარმოვიდგენდი, ამ დროს ჩემს ოჯახში რა ხდებოდა. ეს იყო კატასტროფა, წარმოუდგენელი დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს შს სამინისტროს მაღალჩინოსნებმა პოლიციელის ოჯახის _ ფეხმძიმე ცოლისა და შვილების მიმართ. სახლში დაბრუნების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩემი გაყვანის შემდეგ მძინარე ოჯახში შეიჭრნენ და დააწიოკეს, მცდელობა ჰქონდათ, რომ ფეხმძიმე მეუღლე გაეტაცებინათ, თუმცა ეს მეზობლებმა და ნათესავებმა, რომლებიც კორპუსში ცხოვრობენ, წინააღმდეგობის შედეგად, აღკვეთეს. ამის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღეს და შვილები გარეთ, სადარბაზოში გამომიყარეს, ჩემი მეუღლე მარტო მიიმწყვდიეს და ზუსტად იგივე დროით, ანუ ჩემი გატაცებიდან დაბრუნებამდე, დაახლოებით 15 საათის განმავლობაში, ძალადობდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, არაადამიანურად ექცეოდნენ, სულიერ ტანჯვასა და ტკივილს აყენებდნენ. სამართლებრივ ენაზე რომ ვთქვათ, აიძულებდნენ გარკვეული ტიპის ინფორმაციის მიღებას იმასთან დაკავშირებით, რომ გაემყარებინათ ის საქმე, რომლის დაბრალების მცდელობაც ჰქონდათ. დეტალებში შესვლისგან თავს შევიკავებ, რა ტიპის ზეწოლა ხდებოდა ფეხმძიმე ქალის მიმართ, ეს პროკურატურისთვის განკუთვნილი ჩვენება იქნება, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, _ მათი ქმედება სრულად კვალიფიცირდება სისხლის სამართლის კოდექსით, ეს გახლავთ 144-I მუხლი, სადაც წერია, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით, ორგანიზებულად ძალადობა, წამება და არაადამიანური მოპყრობა წინასწარი შეცნობა ფეხმძიმე ქალის მიმართ, რომლის მიზანს წარმოადგენს მასთან დაკავშირებულ, ან მეორე-მესამე პირზე გასვლა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე მტკიცებულების მოპოვების მიზნით. ბინაში შეჭრა გახლდათ სრულიად უკანონო, არ წარუდგენიათ და ბუნებაში არ არსებობდა სასამართლოს განჩინება; არ წარუდგენიათ და ადგილზე არ გამოტანილა გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება. ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად, მოქმედებდნენ ყველანაირი უფლებისა და უკანონობის ფარგლებში, ასე უსწორდებოდნენ ჩემს ოჯახს. ჩემს მეუღლეს ძალიან მძიმე ფეხმძიმობა ჰქონდა, ამის მტკიცებულებაც გვაქვს, რომ ბავშვის მოცილების ნიშნები იყო და შენარჩუნებაზე არაერთი მკურნალობა ჩაიტარა. სწორედ 9 იანვარს, დილის 10:00 საათზე ჰქონდა ჩანიშნული ექიმთან ვიზიტი. რა თქმა უნდა, ახლობელთან დარეკვის საშუალება არ მომეცა, რადგან არ მიშვებდნენ, სხვისთვის მეთხოვა, რომ კონსულტაციაზე წაეყვანა, ან რას მომცემდნენ, თურმე, ალყაში ჰყავდათ მოქცეული. ამაზე განსაკუთრებით იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ წოლითი რეჟიმის მქონე ქალზე 15 საათის განმავლობაში ძალადობდნენ. რა თქმა უნდა, საბოლოოდ, ეს ყველაფერი მის მდგომარეობაზე აისახა, ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და ბავშვი ავადმყოფი გაჩნდა, რომლის მკურნალობაც საქართველოში შეუძლებელი გახდა. გერმანიაში ორი უმძიმესი ოპერაცია ჩატარდა და მკურნალობა დღემდე გრძელდება. ჯერჯერობით, ისიც არ ვიცით, მკურნალობის პროცესი როდის დასრულდება.

_ როგორ გაგათავისუფლეს?

_ ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში ის არის, რომ დაკავებიდან 15 საათის შემდეგ, როდესაც სახლში გამიშვეს, ხელმძღვანელმა პირებმა გამომაცილეს და განმარტეს, რომ ეს იყო გაუგებრობა, ვრჩებოდი საპატრულო პოლიციის რიგებში და ყველას საკადრისი პასუხი გაეცემოდა. საპატრულო პოლიციის უფროსი მაშინ გახლდათ დავით ცინარიძე. ამ ამბიდან რამდენიმე დღეში პირადად შევხვდი და ყველაფერი მოვახსენე, კატეგორიულად მოვითხოვე პასუხი, _ რატომ გამწირეს, რატომ არ მომცა საშუალება, რომ, თუნდაც, სამსახურში მივსულიყავი და იქ დავეკითხეთ, სადაც ვერ გაბედავდნენ ღირსების შელახვას და დამამცირებელ მდგომარეობაში ჩემს ჩაყენებას. პასუხი არ მიმიღია. საფუძველი მაქვს განვაცხადო, რომ მსგავსი მასშტაბის დანაშაული _ თანხმობის მიცემა, _ თავის გუნდთან შეეძლო მხოლოდ მინისტრს და სწორედ ეს ადამიანი, ყოფილი შს მინისტრი, ჭიკაიძე დგას ამ დანაშაულის უკან, რომელმაც ბრძანება გასცა.

_ თქვენ რას უკავშირებთ ამ ამბავს? რატომ უნდა დაებრალებინათ დანაშაული, მით უმეტეს, მინისტრს?

_ ჩემი აზრით, შს სამინისტროში, განსაკუთრებით კი 2012 წლის არჩევნების შემდეგ, მაღალ პოზიციებზე შემთხვევითი ხალხი აღმოჩნდა, რომელთა განათლება და კვალიფიკაცია აბსოლუტურად არ შეეფერება მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებს, პირველი ამ კითხვის გამოძახილი გახლავთ ეს; მეორე _ მათ სახელი დაიმკვიდრეს და მინდა გაგახსენოთ პოლიციის სამაგალითოდ დასჯის რამდენიმე ფაქტი. ვარაუდის, ცრუ დასმენის დონეზე, ყოველგვარი ლოგიკისა და მტკიცებულების გარეშე, საკმარისი იყო, ინტერესი გასჩენოდათ, მათ მიზანს წარმოადგენდა სამაგალითო დასჯა, რომელიც ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს _ სრულ კონტროლს შს სამინისტროს თანამშრომლებზე; მესამე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს გახლდათ ჩემ მიმართ ცრუ დასმენა. ეს ადამიანი ჩემ მიერ, ჩემი წყაროებით არის იდენტიფიცირებული და ამის თაობაზე არაერთი პატაკი დავწერე მინისტრის სახელზე, არაერთი განცხადება _ მთავარი პროკურორის სახელზე, სადაც ღიად, ხაზგასმით ვადასტურებ, რომ კონკრეტულმა ადამიანმა განახორციელა ცრუ დასმენა ჩემ მიმართ და ამას მოჰყვა უმძიმესი შედეგები, არაკომპეტენტური მოქმედება, ფსიქოლოგიური, უფლებრივი, ყველანაირი უკანონო ზეწოლა და ანგარიშსწორება; დატერორებული ოჯახი, ფეხქვეშ გათელილი ღირსება და მუნდირი, ლამის ხელებში ჩაკლული მეუღლე და ბავშვი, საბოლოო ჯამში, უარი პოლიციელის დაცვაზე, სამსახურიდან უკანონო გაშვება, ქვეყნის დატოვება და ლტოლვილად ქცევა და ა. შ.! დღეს საქართველოში მივიღეთ სიტუაცია, სადაც ფეხქვეშ გაითელა პოლიციის დაბალი რგოლის უფლებები, მათზე ერთდროულად ძალადობს ჯერ ხელმძღვანელობა და, შემდეგ, კრიმინალი. ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელებული კრიმინალის თავდასხმა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანები პოლიციელები იყვნენ, საგანგაშო და კატასტროფულია. დღეს გარდაცვლილი და დაჭრილი პოლიციელების რიცხვი სტატისტიკით „მხედრიონის“ ეპოქას უტოლდება.

_ ვინ არის ცრუ დამსმენი, რა ინტერესი ჰქონდა მას თქვენ მიმართ?

_ ცრუ დამსმენი არის ადამიანი, ვისზეც ერთ-ერთმა ოჯახმა მიიტანა ეჭვი, რომ მათი გარდაცვლილი შვილი მისი მოკლული იყო და საგამოძიებო ორგანოებს მისი დაკავება მოსთხოვა. კონკრეტულად, გარდაცვლილის მამამ; ხოლო მოტივი, _ რას ემსახურებოდა მის მიერ ცრუ დასმენა, ეს გახლავთ დანაშაულის დაფარვა, თავის არიდება, ცრუ კვალზე დაყენება და ა. შ.

_ თქვენთან პირადი მოტივაცია ჰქონდა?

_ დიახ! ეს დადასტურებულიც მაქვს! ეს იცის გამოძიებამ და, საბედნიეროდ, საშუალება მომეცა, გარდაცვლილის ოჯახს შევხვედროდი. ეს ორივე მხარის ინიციატივით შედგა. ბევრი კითხვის ნიშანი მოიხსნა, პოზიციები გავცვალეთ და სწორედ მაშინ გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ ამ ადამიანის მხრიდან მოვხვდი ამ გაუგებრობაში და გარდაცვლილის მამას პრეტენზიები მის მიმართ ჰქონდა.

_ როგორ გაგრძელდა თქვენი სამსახურებრივი საქმიანობა?

_ შს სამინისტროს რიგებში ვრჩები. ჩემთვის, პოლიციელისთვის, რომელიც სკოლის შემდეგ 19 წელი ვემსახურებოდი მუნდირს და ღირსეულად მაქვს ეს წლები გავლილი, ძალიან რთული იყო გადაწყვეტილების მიღება, რომ მოძალადე მაღალჩინოსნებს დავპირისპირებოდი. ვიცოდი, რომ ეს ძალიან რთული ბრძოლა იყო, ვიცოდი, რომ ერთ მხარეს იქნებოდა რიგითი, ოღონდ ღირსეული პოლიციელი, ხოლო მეორე მხარეს იქნებოდნენ ამხელა გავლენის მქონე მოძალადე კრიმინალი მაღალჩინოსნები, რომელთა ზურგსაც, დიდი ალბათობით, გაამაგრებდა სახელმწიფო ინსტიტუტები, მაგრამ მეუღლის ნაადრევმა მშობიარობამ და ბავშვის ასეთმა მდგომარეობამ ეს გადამაწყვეტინა და მზად ვიყავი, ჩემი ოჯახის ღირსება დამეცვა. როდესაც ჩემი პირველი პატაკით შს მინისტრს მივმართე, ვაცნობე, როგორ მოექცნენ პოლიციელს, მის ოჯახს და ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩემთვის მორალურად ძალიან მძიმე იყო ამ სისტემაში ყოფნა, ძალიან მძიმე იყო ამ ხალხის კოლეგებად აღქმა, მოვთხოვე ეფექტიანი გამოძიება და მათთვის ამ პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება. ეს იყო ხალხი, ვისაც წლების განმავლობაში დანაშაულის შემთხვევაზე გამოძახებაზე შევხვედრივარ და შესაძლოა, კვლავაც შევხვედროდი, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე იქნებოდა და სწორედ ამ ყველაფერს რომ ვაანალიზებდი, მინისტრს ვაცნობე და ორგანოებიდან ჩემი გაშვება მოვითხოვე. ამ პატაკს დღემდე არ მისცემია რეაგირება. პატაკის დაწერის შემდეგ ცინარიძემ დამიბარა. იგი დამპირდა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ყველა პასუხს აგებდა, მაგრამ არაფერი შეიცვალა, მდგომარეობა გაურკვეველი დარჩა. ამავე პერიოდში განცხადებით მივმართე მთავარ პროკურორს და გამოძიება მოვითხვე, თუმცა უშედეგოდ. გამოძიების არჩატარებით დამატებითი დანაშაულია ჩადენილი და პასუხისგებაში მისაცემ ხალხთა რაოდენობა გაფართოებულია. ორი წელი გვიდა, ერთი კითხვა, ერთი პასუხი, არც ერთი საგამოძიებო ორგანოდან არ ყოფილა.

_ გერმანიაში როგორ აღმოჩნდით?

_ როგორც აღვნიშნე, ბავშვის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. 2015 წელს, ჯერ კიდევ, მოქმედ თანამშრომელს მომყავს ბავშვი გერმანიაში, ვუკეთებთ ორ უმძიმეს ოპერაციას და უკან ვბრუნდებით. ექიმის რეკომენდაციით, აუცილებელია ბავშვის 3 თვეში ერთხელ კონტროლი. 2016 წლის აპრილში გვიწევს ბავშვის პირველ კონტროლზე ჩაყვანა და დაბრუნებულს მხვდება შეცვლილი სიტუაცია _ შეცვლილია მინისტრი, საპატრულო დეპარტამენტის დირექტორი და ეს ბატონები ახლა მოქმედები გახლავთ _ მღებრიშვილი და რაზმაძე. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ორივემ ძალიან კარგად იცის ჩემი მდგომარეობა, არც იმას დავმალავ, რომ გარკვეული ტიპის დაფინანსება, რაღაც ეტაპზე, შს სამინისტრომ მიიღო და სიტუაცია მას შემდეგ იძაბება, რაც გერმანიაში მორიგი ვიზიტის დაფინანსებაზე, 2016 წლის აგვისტოში, უარი განმიცხადეს.

_ მიზეზი რა იყო?

_ პასუხი მოულოდნელი იყო. ამას მოჰყვა ის, რომ კადრების სამმართველოს უფროსმა ჭილაიამ დამიბარა, რომელიც კატეგორიულად მოითხოვდა, რომ მინისტრის სახელზე ორგანოებიდან დათხოვნის პატაკი უნდა დამეწერა რიცხვის მითითების გარეშე. რა თქმა უნდა, ამას ნებისმიერი მიხვდება, რომ უკანონო მოთხოვნა იყო, არ დავემორჩილე და განვუცხადე, რომ იმ დღესვე ვიყავი მზად, ორგანო დამეტოვებინა და ამას ერთი წლით ადრე ვითხოვდი. მსგავსი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ურიცხვო პატაკი არ დაიწერება და ის მოტივი, რომ თითქოს ოჯახური პირობების გამო ვტოვებდი სამსახურს, არ ჩაიწერებოდა. მოთხოვნა არ შეჩერდა, ის მემუქრებოდა, თუ არ დავემორჩილებოდი, მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი და ა. შ. ამ ყველაფერზე საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელ რაზმაძეს ინფორმაცია მივაწოდე და ავუხსენი, რომ კატეგორიულად მიუღებელი იყო ჩემზე და ჩემს ოჯახზე განმეორებითი ზეწეოლა და ვერ ვხვდებოდი, ეს ყველაფერი რას ემსახურებოდა? ვერ ვხვდებოდი, რატომ არ ფინანსდებოდა ჩემი შვილის მკურნალობა, რომელიც ამ ქვეყანას მოევლინა დედის მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად, შსს-ს მაღალჩინოსნების მხრიდან ფსიქოლოგიური ტრავმის მიყენებით, ნაადრევად ჯანმრთელობის პრობლემის შექმნით? გაცემული დაპირების მიუხედავად, ჩემთან შეხვედრა აღარ ინებეს. ამ გაურკვევლობაში მყოფმა გადაწყვეტილება მივიღე და 24 მაისს მღებრიშვილის სახელზე პატაკი დავწერე, ერთი წლის წინანდელი პატაკის ასლი დავურთე, რომელიც რეაგირების გარეშე იყო დატოვებული, ორი განცხადების ასლი დავურთე, რომელიც მთავარი პროკურორის სახელზეა დაწერილი და რეაგირების გარეშეა დატოვებული და კატეგორიულად მოვითხოვე, რომ აღსრულდეს სამართალი და გაივლოს წითელი ხაზი _ სამინისტრო იცავს პოლიციის ოფიცერს და მის ოჯახს, თუ უარს ამბობს ამაზე და აგრძელებს დამნაშავეების დაცვას?

_ რა რაოდენობის თანხაზე იყო საუბარი?

_ ოპერაციები საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა, ბოლოს უარი მითხრეს, დაახლოებით, 2000 ევროზე, რომელიც კონსულტაციისთვის იყო საჭირო. პატაკის დაწერის შემდეგ ყველაზე დიდი სასწაული მოხდა: 24 მაისს ჩაბარებულ პატაკს მეორე დღესვე მოსდევს გენერალური ინსპექციის ზარი, მიბარებენ. როდესაც მივედი, აღმოვაჩინე, რომ მიყენებენ აბსურდულ საკითხს, ჩემ წინააღმდეგ წარმოებულს, რომელიც უკავშირდება ჩემი მხრიდან კონკრეტულ გადაცდომას. რა თქმა უნდა, კატეგორიულად უარვყავი, ჩვენებაც მივეცი და ხაზგასმით აღვნიშნე, ეს ყველაფერი ხდებოდა იმიტომ, რომ არ დავემორჩილე კადრების სამმართველოს უფროსის უკანონო ბრძანებას ურიცხვი პატაკის დაწერასთან დაკავშირებით. ერთი თვის თავზე გენერალური ინსპექციის დასკვნა მივიღე, რომ დათხოვნილი ვარ შს სამინისტროს რიგებიდან. ამ ქმედებებით, ფაქტობრივად, მეორედ დამიყენეს ოჯახი რისკის ქვეშ ისე, რომ წარბიც არავის შეუხრია და ნამუსი არავის შეტოკებია. ასე აღმოვჩნდი გერმანიაში და დღეს ეს სახელმწიფო ზრუნავს ჩვენზე, ვინაიდან ჩემმა სახელმწიფომ, ჩემმა სამინისტრომ თქვა უარი _ დაეცვა პოლიციელი და მისი ოჯახი. ამ ისტორიაში რაც ყველაზე საშინელია _ ინერტულობა, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გულგრილობა ასეთი მძიმე დანაშაულის მიმართ. განსაკუთრებით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს და მის უფროს ვარლამ ხათრიძეს ვგულისხმობ, რომელთა დასკვნამაც გამიშვა სამსახურიდან, ასევე პროკურატურის. ყველა კანონიერი გზა გამოვიყენე, პირად ხელმძღვანელობას მივმართე, მივმართე მინისტრს, მთავარ პროკურორს, მორალური უფლების დასაცავად _ სასამართლოს, ამ ქვეყანაში სხვა გზა აღარ არსებობს, მე, პოლიციელს უფლება არ მქონდა, ქუჩაში მიტინგი მომეწყო, ამიტომ ვითხოვდი ორგანოდან გაშვებას, იქნებ, ეს გზაც გამომეყენებინა, მაგრამ არ გამიშვეს, ხოლო როდესაც გამიშვეს, მიტინგებისთვის და აქციებისთვის დრო აღარ მქონდა, ბავშვის ჯანმრთელობა რისკის ქვეშ იდგა. აქედან გამომდინარე, იძულებული გავხდი, ქვეყანა დამეტოვებინა. მოსამართლე ურთმელიძის პირველი ნათლობა ჩემს საქმეზე შედგა, რომელიც გახლდათ შს სამინისტროს წინააღმდეგ მორალური დავა საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო კუთხით და სრულიად თავხედურად 10-ჯერ უარი მითხრა წარმოებაში მიღებაზე, მით უმეტეს, რომ უფლება არ აქვს, მოსამართლემ სამოქალაქო საქმის განხილვაზე უარი გითხრას, თან მორალურზე. ეს საქმე 10 უარის შემდეგ მიიღეს, მაგრამ დღესაც არ განხილულა. რა დანაშაულიც ხელეწიფებოდათ, არაფერი დარჩენილა, რომ არ ჩაედინათ. ერთადერთი, ჩემი ფიზიკური ლიკვიდაცია არ განხორციელებულა.

_ თქვენი ინფორმაციით, ასეთი ფაქტები ხშირად ხდება?

_ ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩვეულებრივი წესია, მაგრამ მაღალჩინოსნები რომ ერთგვარად ძალადობენ პოლიციის დაბალ რგოლზე, ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა და წესად არის ქცეული. როგორც კი ხმას ამოიღებ, სიმართლისა და ღირსების დაცვას გაბედავ, მაშინვე მთელი აპარატი ერთვება, ასეთ პოლიციელს, მინიმუმ, სამსახურს ატოვებინებენ და, მაქსიმუმ, საპატიმროში კეტავენ. მეც სწორედ მათ წინააღმდეგ სამართლიანი ბრძოლა არ მეპატია. ვერ შეეგუენ იმას, რომ ვერ შემაშინეს და გამტეხეს, ვერ დამაჩოქეს. როგორ მანიპულირებდნენ ბავშვის დაფინანსების საკითხებით იმის სანაცვლოდ, რომ სამართლებრივი ბრძოლა შემეჩერებინა. დღეს ოჯახი გაყოფილი მაქვს, ორი შვილი საქართველოში დარჩა, მე და ჩემი მეუღლე აქ წამოვედით პატარა ბავშვით და გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მივიღეთ. არავინ იფიქროს, აქ ადვილია ყოფნა, განსაკუთრებით იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც თავისი ქვეყანა მნიშვნელოვანია.

_ სახალხო დამცველს არ მიმართეთ?

_ დიახ მივმართე და ბოლოს უჩა ნანუაშვილსა და მის აპარატს, შევპირდი, რომ დადგებოდა დრო და საზოგადოება გაიგებდა მათ სამარცხვინო ქმედებას. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ ჩემი საქმის შესწავლა არ დაეწყოთ. ჩემი მხრიდან თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად ძალით დავაწყებინე შესწავლა, მაგრამ დღემდე პასუხი არ მაქვს _ რას სწავლობენ და რას აკეთებენ? ორი მიმართულებით დაიწყეს შესწავლა, სამსახურიდან გაშვების შესახებ მალევე დაიდო დასკვნა, რომელიც სამარცხვინოა! ფაქტობრივად, არაფრით განსხვავდებიან იმ ორგანოებისგან, რომელიც ჩემს უფლებებს ლახავდა. ძალადობას არ ვგულისხმობ, მაგრამ როდესაც არ იძიებ, უფლებას ლახავ! როდესაც სასამართლო არ იღებს სარჩელს, მათი ქმედებაც იდენტურია! სახალხო დამცველის აპარატმა დოკუმენტი მომთხოვა, რომელიც გენერალური ინსპექციის პასუხს გააბათილებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პასუხი ოფიციალურად ელექტრონულ ფოსტაზე გავუგზავნე, თავხედურად უარყვეს და დასკვნაში მსჯელობენ, ეს დოკუმენტი მათთვის არ მიმიწოდებია, ხოლო ჩემს საპროტესტო განცხადებას სახალხო დამცველის სახელზე, რომ მისი აპარატის უსამართლო დასკვნები გაეკონტროლებინა, დღემდე პასუხი არ გასცემია. სამი თვეა, უხეშად არღვევენ კანონს სახალხო დამცველის შესახებ და ჩემს განცხადებებს არ პასუხობენ. ეს არის რგოლი, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს ატარებს. მათთვის უფრო უპრიანი აღმოჩნდა მოძალადე მაღალჩინოსნების დაცვა, ვიდრე ლტოლვილად ქცეული პოლიციელის ოჯახისა!

 

თამარ ბატიაშვილი