გრიგოლ გეგელია: „ძალიან საშიში „მიქსი“ ვნახეთ: ქვეყანას მართავენ ადამიანები, რომლებსაც არც კომპეტენცია გააჩნიათ, არც უნარი და არც სინდისი“

ირინა მაკარიძე
გლობალური კლიმატური ცვლილების ეპოქაში ვცხოვრობთ და ხელისუფლება განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს არსებული გამოწვევის მიმართ. რა გამოიკვეთა შოვის ტრაგედიიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ? რაზე გვაქვს პასუხი და რა არის გამოსაკვლევი და გამოსაძიებელი? _ ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტია „ლელოს“ საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია.
_ გლობალური კონტექსტი არის ძალიან აშკარა, ყველასთვის მკაფიო, ვისაც რამე წარმოდგენა აქვს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებზე. კლიმატური ცვლილება, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასე შორსაც რომ არ წავიდეთ, ჯერ კიდევ 2021 წელს გვქონდა ძალიან მყარი სამხილი სახელმწიფოსავე სააგენტოს, „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ კვლევის სახით, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ კონკრეტულად შოვი და არა რომელიმე რეგიონი, ზოგადად, არის ღვარცოფსაშიში ზონა, შესაბამისად, მინიმუმ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო, რომ ყველა დღე, როდესაც იქ არ მიიღება შესაბამისი ზომები, არის ცეცხლთან თამაში და ადამიანების სასიკვდილოდ გაწირვა. მინიმუმ 2 წლის განმავლობაში ჩვენ ყოველი დღე შეგვეძლო გამოგვეყენებინა იმისთვის, რომ ეს შემზარავი ტრაგედია, რაც თავს დაგვატყდა, არ მომხდარიყო, რომ არცერთი ადამიანი დღეს არ ყოფილიყო გარდაცვლილი. სახელმწიფოს ადრეც ჰქონდა გაცხადებული იმასთან დაკავშირებით, რომ ადრეულ სასიგნალო სისტემას დააყენებდა. ესეც დაგვიანებული იყო, რადგან გვახსოვს 2015 წლის ვერის ხეობის სტიქია. აქედან 3 წლისთავზე გააკეთა განცხადება მაშინდელმა გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რომ 2 წელიწადში გაკეთდებოდა ყველგან ადრეული გაფრთხილების სისტემა. ამ განცხადებიდან 5 წლის შემდეგაც კი სისტემები არ არის დაყენებული. ამის გამო ჩვენ დავკარგეთ უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის, ბავშვები. მსგავსი შემზარავი უპასუხისმგებლობის მაგალითი, ვფიქრობ, საქართველოს უახლეს ისტორიაში არ გვქონია, იმ ქვეყანაშიც კი, სადაც, სამწუხაროდ, ასეთ მაღალ ნიშნულზეა არაკომპეტენტურობა თუ გულგრილობა ადამიანის უსაფრთხოებისა და ბედის მიმართ. ამიტომ ნებისმიერი განცხადება, რომ „სტიქია მოხდა, ჩვენ რა გვექნა, მთავრობა ვერაფერს გააკეთებდა“, არის მცდარი და არასწორი, რადგან ჩვენ დადასტურებულად ვიცით, რომ საჭირო იყო მთელი რიგი ქმედებები სახელმწიფოს მხრიდან. ასეთი არის ადრეული სასიგნალო სისტემები და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ზომების მიღება. არსებობს მთელი რიგი ინფრასტრუქტურული ძალისხმევები, რაც უნდა გატარდეს მსგავსი ტიპის ზონებში, მით უმეტეს, ასეთი მოშიშვლებული იყო ეს ტერიტორია, საფრთხე იყო გათვლადი და ეს რისკი _ დაზღვევადი.
_ ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმშია და აცხადებს, რომ 5 მოვლენის თანხვედრა მოხდა. რამდენად ათავისუფლებს ეს მათ პასუხისმგებლობისგან, იმის გათვალისწინებით, რომ ვიცით, გლობალური დათბობის ეპოქაში ვცხოვრობთ და კატაკლიზმების მასშტაბი გაზრდილია. ეს საკითხი კიდევ უფრო მეტ ყურადღებას არ საჭიროებს? გარდა ამისა, აცხადებენ, რომ 2021 წლის დოკუმენტში არა ბუბაზე, არამედ მეორე მდინარეზე იყო საუბარი, ეს რას ცვლის, თუ შედეგი ერთი და იგივე იქნებოდა?
_ რა თქმა უნდა, როგორც ყველამ კარგად იცის უკვე ზედხედებიდან, დრონებით გადაღებული კადრებიდან, ეს ორი მდინარე, ჭანჭახი და მისი მარჯვენა შენაკადი ბუბისწყალი, ამ ხეობაში იყრის თავს. ნებისმიერი ასეთი ტიპის პასუხი აღმაშფოთებელია და არის თავის დაძვრენის უბადრუკი მცდელობა. „ქართული ოცნება“ დღეს სწორედ ამას აკეთებს, რომ პასუხისმგებლობა აირიდოს. ისინი ცდილობენ რიტორიკის სხვა ჩარჩოში გადაყვანას, რომ საქმე ასე წარმოაჩინონ: შემთხვევა გვქონდა ისეთი ტიპის სტიქიურ მოვლენასთან, საიდანაც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლებელი იყო. ეს არის ტყუილი, რადგან ადრეული გაფრთხილების სისტემის შემთხვევაში, გონივრული დრო ექნებოდათ ადამიანებს, რომ, სულ რაღაც, 300-400 მეტრი, რომელიც კრიტიკული აღმოჩნდა ამ შემთხვევაში, გაევლოთ საპირისპირო მიმართულებით, მორიდებოდნენ უშუალოდ ზოლს, სადაც ღვარცოფის საშიშროება არსებობდა და, შესაბამისად, გადარჩენილიყვნენ. ეს იყო შესაძლებელი. ამას ადასტურებს მეცნიერული აზრიც. რეალურად, თუ წავიკითხავთ და ძალიან ბევრი მასალა წავიკითხე ადრეული გაფრთხილების სისტემასთან დაკავშირებით, ვნახავთ, რომ არსებობს რეალურ დროში ადამიანების გამაფრთხილებელი შესაბამისი დანადგარები, რომლებიც, უბრალოდ, მოახერხებდა არა იმას, რომ სტიქია გაჩერებულიყო, რასაც გვაბრალებენ, რომ თითქოს ჩვენ ამას ვითხოვთ ხელისუფლებისგან, არამედ იმას, რომ ადამიანები დროულად გაცლოდნენ ამ სტიქიას და არ გვქონოდა ასეთი მსხვერპლი. ეს ერთი ფუნდამენტური შეცდომა არის და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლავთ ის, თუ როგორ მართეს კრიზისი. სახელმწიფოს მიერ კრიზისის მართვასთან დაკავშირებით იკვეთება კიდევ არანაკლებ შემზარავი არაკომპეტენტურობა, მაგალითდ ის, რომ პირველ საათებში მათ არ გამოიყენეს ის საგარეო დახმარება, რომელიც ჩვენ შემოგვთავაზეს მთელმა რიგმა პარტნიორებმა. როგორ შეიძლებოდა, რომ ნატო-ევროკავშირისთვის ან ჩვენი მეზობლების, აზერბაიჯანისა დ სომხეთისთვის გვეთქვა უარი? ეს ხომ წარმოუდგენელი სისულელეა, თან რა საბაბით, რომ „საჭიროება არ არის“, ეს რას ნიშნავს? მთავრობამ ძალიან მარტივად იფიქრა, ჩათვალა, რომ იქ არავინ იქნებოდა გადარჩენილი და რაღატომ ვიჩქაროთო. ამავე დროს, იფიქრეს, რომ თუ ჩვენ მოვიღებდით დახმარებას, ბევრად უფრო მალე ამოიყვანდნენ ადამიანებს და ბევრად უფრო მალე გამოჩნდებოდა რეალური მსხვერპლი? შესაბამისად, წმინდა პიარული მნიშვნელობით, რაც უნდა საშინლად ჟღერდეს, მათ კრიტიკულ დახმარებაზე უარი თქვეს. ეს იმ ფონზე, როდესაც აშკარა იყო და ვიცოდით, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია ღამის ხედვის აპარატურა, არ შეგვიძლია ღამით მუშაობა სტიქიის ზონაში და, მეორე მხრივ, აშკარა იყო, რომ ბინდდებოდა და დაბინდებამდე ვერ მოესწრებოდა ოპერაციის დასრულება. 10 დღის თავზეც კი, ჯერ კიდევ არ მიუგნიათ ყველა დაკარგული ადამიანისთვის.
ეს არის ენით აღუწერელი უტიფრობა და არაკომპეტენტურობა. ამის შემდეგ გვეუბნებიან, რომ კითხვები არ დავსვათ, რასაც ვერ ეღირსებიან.
_ ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ, რომ მათ დახმარება შესთავაზეს და მათ უარი თქვეს, ამაზე რას იტყვით?
_ დადასტურებულია, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურეკა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და დახმარება შესთავაზა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე შესთავაზა დახმარება თავის სამძიმრის წერილში, იმავე დღეს, 3 აგვისტოს. აზერბაიჯანს აქვს ძალიან ძლიერი ჯარი, უნგრეთი არის ნატოსა და ევროკავშირის სტანდარტის სახელმწიფო, ძალიან ძლიერი დახმარებისა და კრიზისის მართვის ჯგუფებით. ამ ყველაფერზე ითქვა უარი იმიტომ რომ, თურმე, ვციტირებ: „ამის საჭიროება არ იყო“. ეს აჩვენებს ენით აღუწერელ არაკომპეტენტურობას.
_ რა სისტემურ პრობლემას აჩვენებს ის, რომ თუნდაც წინასწარი პროგნოზირების აპარატურა, რომლისთვისაც გამოყოფილი იყო თანხა, არ დაყენდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ საფრთხის შემცველ ზონაში შეიძლება ჩინოვნიკის ოჯახის წევრებიც ისვენებდნენ და არავინ იცის, როდის რა მოხდება, მაინც არ არის მგრძნობელობა მსგავსი საკითხების მიმართ. ეს მხოლოდ ხელისუფლების პრობლემას აჩვენებს თუ, ზოგადად, ქვეყანაში არასათანადო დამოკიდებულებაზე მსგავსი საფრთხეების მიმართ?
_ შეიძლება, მეც აღმოვჩნდე ან ჩვენი ახლობლები, ოჯახის წევრები იმავე მდგომარეობაში; იგივენაირად განვიცდი ნებისმიერი იდეოლოგიური მიმართულებისა თუ პარტიის წარმომადგენლების ახლობლები თუ აღმოჩნდებიან მსგავს ვითარებაში, „ქართული ოცნება“ კი ამ საკითხსაც პოლიტიკურ ჭრილში უყურებს. შემთხვევითი არ იყო, რომ მათი მთელი რიგი მომხრეები, რადიკალური ნაწილი, თავს ესხმოდნენ სტიქიის დროს დაღუპულ ადამიანებს და მათზეც კი კომენტარებს აკეთებდნენ: „ნახეთ, თურმე, რისი სწამდა, აი, თურმე, რას იცავდა“. თითქოს რამე მნიშვნელობა ჰქონდეს ახალგაზრდა გარდაცვლილი ადამიანის პოლიტიკურ მრწამსს. ამ დონეზე დაშვება არის მორალური ფსკერი, მაგრამ პოლიტიკური თვალსზრისით, ეს აჩვენებს იმას, რომ საქართველოს დღეს მართავს საშიშად არაკომპეტენტური ადამიანების გუნდი, რომლებსაც შეუძლიათ, რომ არაფერზე არ აიღონ პასუხისმგებლობა. გასცენ დაპირებები, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდეს, „ურემი როდესაც გადაბრუნდება“, არაფერი არის გაკეთებული. ეს ადამიანები პიარისთვის მუშაობენ მხოლოდ და თუ მათ პიარს ის აწყობს, რომ არ გამოიყენონ დახმარება, ასე გააკეთებენ. მგონი, აქ ძალიან საშიში „მიქსი“ ვნახეთ: ქვეყანას მართავენ ადამიანები, რომლებსაც არც კომპეტენცია გააჩნიათ, არც უნარი და არც სინდისი.
_ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დაიწყეს საუბარი, გამოთქვეს ამის სურვილი, თქვენ რა აზრის ხართ ამაზე და როგორ ფიქრობთ, რა უნდა გამოიძიოს ამ კომისიამ?
_ ყველა ბერკეტი, რაც გვაქვს როგორც საზოგადოებას და ასევე როგორც პოლიტიკურ კლასს, უნდა იყოს გამოყენებული. პარლამენტი ამისთვის არის, თუნდაც ავტორიტარიზმის პირობებში, რომ რაც შეიძლება მეტად გააშიშვლოს სისტემა, ეს ძალიან მახინჯი რეჟიმი. საპარლამენტო კომისიამ, თუკი შეიქმნება, რაც მთავარია, უნდა უპასუხოს საზოგადოების კითხვებს და დაკვეთას, რაც ჩემი ღრმა რწმენით არის ის, რომ აღარასდროს იგივე არ მოხდეს, ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაზღვეული იმისგან, რომ ასეთი რამ არ განმეორდეს. შესაბამისად, მათ შეეძლოთ თავის ქვეყანაში მშვიდად ყოფნა დასვენებისას იქნება ეს თუ ქუჩაში გასვლისას. დღეს ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხი დგას ძალიან მძიმედ _ ჩვენ გვახსოვს, პატარა გოგონა დავკარგეთ ვაკის შადრევნის ტრაგედიის დროს, სულ ახლახან, ერთი თვის წინ, ბიჭი შეეწირა პარკში არასწორად გაყვანილ ელექტროსისტემას. ზოგადად, ძალიან ბევრი შეუსაბამობაა საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებში, მაგალითად, ბენზინგასამართი სადგურები დგას ისეთ ადგილებში, სადაც არ შეიძლება, მათ შორის, სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან ახლოს, რეკრეაციულ ზონებთან, კორპუსებთან, გზის პირზე, სადაც ასევე არ შეიძლება. უამრავი პრობლემაა საზოგადოებრივი უსაფრთხოების კუთხით და ჩვენი ყოველდღიურობა არის გამართლებაზე დამოკიდებული, თუ როგორ გაგიმართლებს იმ დღეს, რომ უამრავი საფრთხიდან რომელიმე არ შეგემთხვევა. ხომ არ შეიძლება შენს ქალაქში, სოფელში, თუ დაბაში გამართლებაზე და ალალბედზე ცხოვრობდე, ჩვენ ხომ სახელმწიფოს ქონის ამბიცია გვაქვს? ამიტომ მგონია, რომ საპარლამენტო კომისია იქნება ეს, თუ პარლამენტს გარე კომისია, საკრებულოსი, თუ ყველა სხვა ბერკეტი მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ იგივე აღარ განმეორდეს. მეორე მხრივ, ჩვენი საზოგადოება ძალიან მკაფიოდ უნდა იქნეს ინფორმირებული პასუხისმგებლობის დღის წესრიგზე, რომ მთავრობა გვყავს იმისთვის, რათა ადამიანებმა იცხოვრონ მშვიდად და დაცულად და არა იმისთვის, რომ თავიანთი მითოლოგიები გვასმენინონ.
_ სამწუხაროდ, ქვეყანა ცხოვრობს ტრაგედიიდან _ ტრაგედიამდე და ვიდრე რაიმე გაირკვევა, ძველს ახალი ტრაგედია გადაფარავს ხოლმე. რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ ეს საკითხები, რაზედაც თქვენ საუბრობდით, გაირკვევა?
_ ძალიან კარგი შენიშვნაა, აბსოლუტურად ვიზიარებ, ეს ჩვენი, საზოგადოების პრობლემაა და მათ შორის ოპოზიციის. ამას სახელი უნდა დაერქვას, რომ ვცხოვრობთ ნიუსიდან _ ნიუსამდე. ეს ავტოკრატიისთვის დამახასიათებელია და ასე მუშაობს ავტორიტარიზმი, რომ ხდება ერთი თემის სხვა სკანდალით გადაფარვა, რომ საზოგადოებამ ყურადღება იქით გადაიტანოს. ამიტომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ თუ ამ საკითხებს არ მივყვებით ბოლომდე, სრულფასოვნად, რაციონალურად და გადაჭრამდე, თუ არ მოხდება საკითხების განხილვა ემოციების გარეშე, მშრალი ფაქტებით, თუ ჩვენ არ გადავალთ ასეთი აზროვნების ფორმებზე, მაშინ ვიქნებით მხოლოდ ნიუსიდან ნიუსამდე მოარსებე საზოგადოება და პრაქტიკული შედეგის თვალსაზრისით, დავრჩებით ერთ წრეზე, ვიცხოვრებთ ტრაგედიიდან _ ტრაგედიამდე. ამიტომ მგონია, რომ ყველა ბერკეტი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რომ თემები არ იყოს მხოლოდ ნიუსები, რომლებიც ერთი, ორი თუ სამი კვირა იქნება და მერე ყველას დაავიწყდება, ვიდრე იგივე არ მოხდება. ასე იყო ვერის ხეობაში, იქაც დავკარგეთ ადამიანები, არანაკლები შემზარავი ტრაგედია იყო, ის უნდა ყოფილიყო ძალიან მკაფიო გაფრთხილება, თუმცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, იქ ისევ დაიწყო მშენებლობები სტიქიის ზონაში.
რომ არა შოვის შემზარავი ტრაგედია, ჯუთის გზაზე დატრიალდებოდა ტრაგედია. ჯუთის გზა, სადაც არის საშინლად ავარიული სიტუაცია, ისე არ დაიკეტებოდა. როგორც ჩანს, იქ უნდა დავხოცილიყავით და ეს შეახსენებდა მერე ვინმეს, რომ ეს გზა უნდა შეკეთებულიყო, რომ დაედგათ გამაფრთხილებელი ნიშნები და იქ მძიმე მანქანებს არ ევლოთ. ვინც ნახავს ჯუთის გზის ფოტოს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, ადვილად მიხვდება, რომ იქ გადაადგილება საფრთხის შემცველია.
_ მაგრამ მაინც დავდივართ, თუნდაც რიკოთის გზაზე, სადაც უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს. რა ახსნა აქვს ამას?
_ რიკოთთან დაკავშირებით ჩვენ მოვითხოვეთ საერთაშორისო კომისია, რომელიც შეისწავლის მათ შორის უსაფრთხოების საკითხებს, ყველა კრიტერიუმსა და პარამეტრს, თუ რამდენად შესაბამისობაში არის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სტანდარტებთან რიკოთის გზა. ჩვენ ვიცით, რომ ეს სამუშაოები სრულდება ძალიან უხარისხოდ, ამის დამადასტურებელი ფაქტი უკვე ვნახეთ, როდესაც ჩამოიშალა გვირაბი. „ლელო“ ამ საკითხს მიიჩნევს საყურადღებოდ, მით უმეტეს, ისეთ გეოლოგიურ და გეოგრაფიულ პირობებში, რომელიც აქვს საქართველოს. ხელისუფლება კი, რომელიც უკვე 11 წელია მართავს ამ ქვეყანას, ისე გვესაუბრება, გეგონება, ტურისტები არიან სლოვენიიდან, რომლებმაც პირველად ნახეს, როგორია ეს ქვეყანა. ჩვენ ხომ ვიცით, ათასწლეულობის განმავლობაში ეს ქვეყანა დგას ასეთი მძიმე გეოლოგიური გამოწვევების წინაშე, ამას სჭირდება პოლიტიკური პასუხი, რათა ადამიანები იყვნენ დაზღვეულები, ისევე როგორც შვეიცარიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, სადაც აქვთ შესაბამისი სისტემა, იმიტომ რომ მათ აქვთ ასევე მთაგორიანი და ძალიან რთული რელიეფი. საქართველო დღეს ხომ არ აღმოგვიჩენია, რომ ასეთი ქვეყანაა?
საქმე ისაა, რომ ეს ხელისუფლება თავიდან ბოლომდე, თხემით ტერფამდე, ემსახურება რუსეთს და არა საქართველოს ინტერესებს, შესაბამისად, არც გეოლოგიური და არც გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური ინტერესი მათ არ გააჩნიათ.
_ გამოსავალს სად ხედავთ, საკმარისია ამისთვის ხელისუფლების შეცვლა?
_ ყველა ამ პრობლემიდან გამოსავალი ცალსახად არის ხელისუფლების შეცვლა. ამ ხელისუფლების პირობებში არც კომისია გვიშველის და არც კომიტეტი. ახლა ვცდილობთ, ვიდრე არ შეგვიცვლია ეს მავნებელი ხელისუფლება, ისეთი ტიპის ცვლილებებს მივაღწიოთ, რაც უკეთესი იქნება ამ ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი ქვეყანაა და ძიძგილაობას არ უნდა გადავაყოლოთ, მაგრამ იმის ილუზია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში რამე არსებითი შეიცვალოს, მე, პირადად, ძალიან დიდი ხანია, არ გამაჩნია. ამიტომ ვიცი ნათელი მიზანი: მე მინდა დაცული, უსაფრთხო, ნორმალური სახელმწიფო, რომელიც არ იქნება ამ ტიპის პრობლემებში ჩაფლული, ადამიანებს არ შეეშინდებათ დილით სახლიდან გასვლა, იმდენად დაუცველია საზოგადოებრივი უსაფრთხოება. ასეთი ტემპით ვერც ჩინეთის ეკონომიკურ გავლენებს გავუძლებთ და ვერც ნატოსა და ევროკავშირში ვინტეგრირდებით, რადგან ჯერ კიდევ ის გვაქვს სახვეწარი, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემა იდგეს ზონაში, სადაც იცი, რომ ღვარცოფი მოვა ნებისმიერ წამს. ასე რომ, პრიორიტეტები არის შესაცვლელი, ძალიან მაღალი ამბიცია გვჭირდება დღეს ქვეყანაში. ასეთი საკითხები, რაზედაც გვიწევს კამათი, სასაუბროც კი არ უნდა იყოს, მით უმეტეს, ადამიანები არ უნდა ეწირებოდნენ ამას.