გრიგოლ გეგელია: „ის, რომ საქართველოს ბევრი მოიაზრებს „შავ ხვრელად“, ძალიან დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის“

ირინა მაკარიძე

„ქართული ოცნების“ გააფთრება და მორიგი ანტიდასავლური ისტერია  გამოიწვია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცოგოვინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. საქართველოს კი მხოლოდ მოუწოდეს, რომ შეასრულოს, რაც შავით თეთრზე დაუწერეს, ანუ 9 დათქმა.

საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტის მნიშვნელობაზე, რუსეთის რეაქციასა და სხვა გეოპოლიტიკურ საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ლელოს“ საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია:

_ ჩვენ, ერთი მხრივ, ვხედავთ პროცესს, რომელიც გულისხმობს მეტ ინტეგრაციას. ევროკავშირის კარი გახსნილია სახელმწიფოებისთვის, შეუძლიათ, ეს კარი გამოიყენონ, რომ მეტი უსაფრთხოებისა და მშვიდობისკენ შეაბიჯონ. ამავე დროს ვხედავთ, რომ ახლა იწერება ახალი გეოპოლიტიკური კონტურები, რაც ისტორიაში ხდება ძალიან იშვიათად, როდესაც იხსნება უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც ან იქნება გამოყენებული სახელმწიფოების მიერ, ან _ არა. მაგრამ ეს ფანჯარა დაიხურება გარკვეულ დროს, შესაძლოა, საკმაოდ მალე და შემდეგი ასწლეულის განმავლობაში აღარ გაიხსნება. ასეთი ისტორიული მომენტის საპირწონედ ვხედავთ, რომ რიგი სახელმწიფოები მას თავის სასარგებლოდ იყენებენ, მაგრამ საქართველოში არ გაგვიმართლა, რადგან რუსეთის მსახური ხელისუფლება გვყავს მაშინ, როცა უნიკალური რაღაცების მიღწევა შეგვიძლია ჩვენი ეროვნული სუვერენობისა და თვითმყოფადობის წინ წასაწევად. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ არის ისტერიკაში, რადგან მას აქვს დავალება, ჩვენ არ წავიდეთ წინ ევროატლანტიკური გზაზე, ამავე დროს, ხედავს, რომ ქართველები ძალიან კარგად ამჩნევენ იმას, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება, რომ უკრაინა, მოლდოვა, ბალკანური სახელმწიფოები, ყველა წინ წავიდა, ჩვენ კი ვრჩებით მაჩანჩალა სახელმწიფოდ, რომელიც 5%-საც ვერ იყენებს იმ შანსის, გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით, რაც ახლა არის შექმნილი.

_ უკრაინისა და მოლდოვის შემდეგ ბოსნია-ჰერცოგოვინის დაწინაურების შემდეგ „ქართული ოცნება“ ისევ ევროპის უსამართლობაზე საუბრობს. მაგალითად, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, ისევ მეორე ფრონტზე დაიწყო ლაპარაკი და აღნიშნა, რომ უსამართლო ევროპას ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა უნდოდა და ეს რომ არ გამოუვიდა, შემდეგ იძულებული გახდა, კანდიდატის სტატუსი მიეცა ქვეყნისთვისო. რას იტყვით ამ განცხადებებზე?

_ კახი კალაძე აქამდე ხომ ამბობდა ამ სისულელეებს, რომ ევროპა გვთხოვს ომს, ეგ ხომ იყო ერთ-ერთი, ვინც ასეთებს როშავდა, მერე ხომ ვნახეთ, რომ ომი არ დაწყებულა, არც ტრადიციების წინააღმდეგ არავის არაფერი უთხოვია.  მაინც იგივეს ამბობს, ანუ ეს ნიშნავს, რომ ის არის სულელი. კარგი სიტყვა არის სულელი, კარგად აღწერს კახი კალაძეს. კიდევ იმას რომ იტყვი, რომ ევროპა გთხოვდა რამეს კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, როცა უკვე მივიღეთ კანდიდატობა და არც ომი დაწყებულა და არც სხვა რამე უთხოვიათ, მოგვცეს იმიტომ, რომ ხალხი იმსახურებდა. აი, ასეთ ადამიანზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

_ არა მხოლოდ კალაძე, ამას საუბრობს „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ ყველა წარმომადგენელი.

_ ყველაფერს აკეთებენ, რომ ევროკავშირში არ მიგვიღონ, მაგრამ ევროპამ არ მისცა მათ შანსი, რომ პროცესი ჩაეშალათ. ეს ყველაფერი ფაქტებით დასტურდება: ორი კვირით ადრე, ვიდრე პირველი ანგარიში იქნებოდა, ნიკა გვარამია დააპატიმრეს, თითქოს სამ კვირაში ვერ გააკეთებდნენ იგივეს, თუ ამის საჭიროება სამართებლივად იყო, რაც რეალურად არც იყო, მაგრამ ამის საპირისპიროდ მაინც ჯინაზე გააკეთეს, რუსული ხელწერით, რომ ევროკავშირს ჰქონოდა შეშფოთება და არ მოეცათ კანდიდატის სტატუსი. ფაქტობრივად, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ არ მიგვეღო სტატუსი, მაგრამ ევროკავშირმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. 24 წელია, თურქეთი კანდიდატია, მაგრამ არის გაყინული. საქართველოც შეიძლება, მრავალი წელი იყოს ასე, თუ ხალხი არ გამოვა და სწორ არჩევანს არ გააკეთებს, ეს უნდა მოხდეს წელს.

_ ევროკავშირის ელჩმა გარკვევით განაცხადა, რომ თქვენ მოგცეს 9 დათქმა, რომელიც შავით თეთრზე წერია და უნდა შეასრულოთ. ეს არის წინაპირობა იმისა, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები დაიწყოს. რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ ეს შეიძლება მოხდეს „ქართული ოცნების“ პირობებში?

_ აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ხელისუფლებამ რომელიმე პუნქტი შეასრულოს. ეს ფაქტია, ნაცვლად იმისა, რომ ნაბიჯები წინ გადაედგათ, ძალიან მკაფიოდ უკან გადადგეს. მათ შორის კოლეგებმა, რომლებიც ჯერ კიდევ რაღაც ფორმატში „ქართულ ოცნებასთან“ დადიან. მათთან ყოველთვის მაქვს კითხვა, მათ გადაწყვეტილებებს პატივს ვცემ, მაგრამ რისთვის დადიან, სამი შეხვედრა იყო და შედეგი? _ არაფერი. შედეგი იყო ის, რომ საარჩევნო მიმართულებით, რომელიც არის ყველაზე კრიტიკული შვიდი თვით არჩევნებამდე, „ქართულმა ოცნებამ“ გადაფხრიწა ვენეციის კომისიის დასკვნა. აი, ამ ხელისუფლებას რაზე შეიძლება ელაპარაკო, რომელ რეფორმაზე?!. მაგალითად, ვენეციამ უთხრა მათ, რომ არ გაეუქმებინათ ოპოზიციური მოადგილე ცესკო-ს თავჯდომარის, მათ გააუქმეს; ვენეციამ უთხრა, რომ არ მიეღოთ კანონი ამ ფორმით, მათ მიიღეს, ვენეციის კომისიის დასკვნა გადაფლითეს. აი, ასეთ ფონზე, ვკითხულობ, რატომ შეიძლება, რომ ვინმემ კონსტრუქციულობა გთხოვოს და იქ იმ ფორმატში ჯდომა? მიშელის შეთანხმება ჰქონდათ, რომ შეესრულებინათ; 12 პუნქტი ჰქონდათ და სამი შეასრულეს; ახლა 9 აქვთ და უკვე ჩააგდეს რამდენიმე. რატომ შეიძლება, რომ ვინმეს მოლოდინი ჰქონდეს, რომ მამუკა მდინარაძე და შალვა პაპუაშვილი აპირებენ რაიმე რეფორმის გატარებას? ნუ მოვიტყუებთ თავს. რეალური გამოსავალი ის არის, რომ ბევრი ქართველი გამოვიდეს და მისცეს ხმა ნებისმიერ პროდასავლურ, ოპოზიციურ ძალას. მე ვისურვებდი, ეს „ლელო“ იყოს, რადგან ყველაზე კომპეტენტური ძალა მგონია, ნათელი და მკაფიო ხედვით. ოპოზიცია თუ გაიმარჯვებს, გამორიცხულია, ერთი რომელიმე კონკრეტული ძალა მოვიდეს ხელისუფლებაში, ასეთი „ოქროს შანსი“ ჯერ არ გვქონია, მაშინ შევუწყოთ ხელი გაჯანსაღებასა და კოალიციას.

_ თქვენ ბრძანებდით, აზრი არ აქვს ოპოზიციის მონაწილეობას სამუშაო ჯგუფებშიო, მაგრამ ესეც ხომ ევროპელი პარტნიორების მოთხოვნა იყო? თუნდაც იმის გამო, რომ ხელისუფლებას არ ჰქონოდა ოპოზიციაზე გადაბრალების შესაძლებლობა, ეს არ არის მნიშვნელოვანი?

_ „ქართული ოცნება“ ამ გზის გამოყენებით ეწევა შანტაჟს, მერე იტყვის, რომ რახან ვიღაცა არ დამიჯდა მაგიდასთან, ვერ გავატარე რეფორმაო. პირველი: ამ შანტაჟს არ უნდა ავყვეთ, მეორე: ხომ უზის რვა პარტია მაგიდასთან, ატარებს რეფორმას? არ ატარებს. ე. ი., ამაში არ ყოფილა საქმე, თუ ვინმეს ჯერ კიდევ ეს ფიქრი ჰქონდა, რომ ვიღაცის ჯდომა და თავზე ხელის გადასმა სჭირდებოდათ.

_ საქართველოში იმყოფებოდა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა სახემ, გია ვოლსკიმ, ეს უმნიშვნელო ვიზიტად შეაფასა. მან თქვა: „საქართველოში გენერალური მდივნის ჩამოსვლის დახასიათება რაღაც საგანგებო ღონისძიებად არ მესახება სწორად, ვინაიდან გენმდივანი ჩამოდის მოკავშირე, სანდო ქვეყანაში“. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ ვიზიტს?

_ ბატონ ვოლსკის აქვს შესანიშნავი პოლონური გვარი, მაგრამ საშინელი რუსული მენტალობა. არ მგონია, ვოლსკის რაიმე კომპეტენცია ჰქონდეს გეოპოლიტიკურ საკითხებში. ვოლსკი არის ერთ-ერთი წარმომადგენელი რუსეთის მსახური ხელისუფლებისა, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საქართველო ჩამოშორებოდა ევროკავშირს.

რაც შეეხება ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული ვიზიტი იმ დროს, როდესაც პუტინი ე. წ. არჩევნებს ატარებდა და კიდევ ერთხელ იფორმებდა ფაშისტურ მმართველობას. ამავე დროს, სომხეთში არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელი ძვრები. ბატონი ფაშინიანი აკეთებს სწორ სვლებს, რომ სომხეთის გეოსტრატეგიული პოტენციალი აამაღლოს და რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს. ეს ნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიაში მცირდება რუსეთის გავლენა. ამ ფონზე ჩვენც უნდა შევძლოთ რუსეთისგან დამოუკიდებელი პლაცდარმის შექმნა. ასეთ ვითარებაში ნატოს გენერალური მდივანი როდესაც ჩამოდის, ის აფიქსირებს, რომ ნატო არის ჩვენ გვერდით. ნატო არ დააცდის „ქართულ ოცნებას“, რომ ეს ქვეყანა ჩაითრიოს რუსულ წუმპეში. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი, ის გზავნილებიც, რაც გაკეთდა დემოკრატიასა და რეფორმების საჭიროებაზე აქცენტირებით.

_ ამას მოყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება. უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, ნატო დაადანაშაულა კავკასიაში „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობაში, ასევე აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს პოსტსაბჭოთა საქართველოსთვის კოალიციური სტანდარტების თავს მოხვევა. რას იტყვით ამ განცხადების შესახებ?

_ ეს არის მარია ზახაროვას მორიგი საცირკო წარმოდგენა, აბსურდი. ზახარავა ახლა არის ჩვეულებრივი, იაფფასიანი პროპაგანდისტი.  საქართველოს მოქალაქეების 90% სწორად ხედავს, რომ იქ, სადაც არის ნატო, არის მშვიდობა, იქ სადაც არ არის ნატო, არის დაძაბულობა, ომი  და უბედურება. ამის მაგალითია პატარა ლატვია, რომელიც არის ნატო-ში და არის მშვიდად, თუმცა ფხიზლად.

_ რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის შესაძლო ფაქტებზე რას იტყვით? რამდენიმე დღის წინ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური მოძრაობა და გამოთქვა ეჭვი, რომ ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს სანქციების გვერდის ავლას. ამ ეჭვებს ასევე აძლიერებს ტვირთბრუნვის გაზრდილი სტატისტიკაც, რომელზე საუბრისთვისაც რომან გოცირიძეს პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატებმა „მოღალატე“ ეძახეს. რა შეგიძლიათ თქვათ ამ საკითხების შესახებ?

_ მრავალი ეჭვი და კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რამდენად ადეკვატურად არის დაცული სანქციების რეჟიმი. ჩვენ ყოველთვის ვერიდებით, რომ ჩვენს სახელმწიფოს დავაბრალოთ რამე, რისი პირდაპირი მტკიცებულებაც არ გაგვაჩნია. ფაქტია, რომ ჩვენ ვართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც პირველად ისტორიაში საქართველოს ხელისუფლების მისამართით ისეთი კითხვები ისმის, რომლის მსგავსი არადროს ყოფილა. ეს უკვე არის უდიდესი დანაშაული. ჩვენ მიმართ კითხვებიც არ უნდა იყოს, ვიცავთ თუ არა სანქციებს. Iს, რომ საქართველოს ბევრი მოიაზრებს „შავ ხვრელად“ ძალიან დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის, რეპუტაციისთვის, შესაბამისად, ინვესტიციებისა და განვითარებისთვის. ამიტომ უნდა შევცალოთ ხელისუფლება და შევაბიჯოთ ევროკავშირში.