გოდერძი ჯოლოხავაზე ზეწოლას პოლიციელი ლაშა მალაქია ახდენდა?

გოდერძი ჯოლოხავას სახელი და გვარი მედიაში პირველად 2013 წელს გამოჩნდა, როცა მან საჯარო განცხადებები გააკეთა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, დეტალურად მოყვა, როგორ აწამებდა პატიმრებს მთავარი პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე, ბრალი დასდო ოლეგ ფაცაციას და მეგის ქარდავას.
მოგვიანებით, მან ჩვენება შეცვალა, ბაჩო ახალაიას მეუღლესთან ანი ნადარეიშვილთან მივიდა და ვიდეო ინტერვიუში აღიარა, რომ ჩვენება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნების ზეწოლის შედეგად მისცა, კონკრეტულად კი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, ქ. თბილისის პროკურორი მაია მწარიაშვილი დაასახელა.
მესამედ გოდერძი ჯოლოხავამ ჩვენება „ქრონიკა+“-თან ინტერვიუში შეცვალა და განაცხადა, რომ გენერალი გიგი კალანდაძე მას ემუქრებოდა, ის გაიტაცეს ოდესაში, იყო ნაცემი და აიძულეს, ვიდეო ინტერვიუ ჩაეწერა.
ამჯერად, გოდერძი ჯოლოხავა წინა სამი შემთხვევისგან განსხვავებულ ვერსიას ყვება და ზეწოლაში პოლიციის მოქმედ თანამშრომელ ლაშა მალაქიას ადანაშაულებს.
„რუსთავი 2“-ზე გასული ინტერვიუს შემდეგ მთავარმა პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო და გოდერძი ჯოლოხავა მოწმის დაცვის პროგრამაშია ჩასმული.

რა ჩვენება მისცა გამოძიებას? ვინ არის პოლიციელი, რომელიც წლების განმავლობაში გოდერძი ჯოლოხავას სხვადასხვა უკანონო დავალების შესრულებას აიძულებდა? რა კავშირი აქვს მას მერაბ ბაღათურიასთან?
ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს გოდერძი ჯოლოხავა ესაუბრება:

_ გოდერძი, როდის მიიღე გადაწყვეტილება, რომ ეს განცხადებები უნდა გაგეკეთებინა და ყველა იმ საქმეზე მოგეყოლა, რასაც შენ ამ წლების განმავლობაში პოლიციელების ზეწოლით აკეთებდი?
_ ელისო, როდის მივიღე და უკვე მოკვლით დამემუქრა, სხვა გზა აღარ მქონდა და თუ რამით მეშველებოდა, ეს იყო ერთადერთი გამოსავალი. რაც ვიფიქრე, ეგ იყო, რომ საჯაროდ მეთქვა.
_ ვინ არის ის პოლიციის თანამშრომელი, სახელი და გვარი რომ მითხრა და რამდენი ხნის განმავლობაში ახორციელებდა შენზე მსგავსი ტიპის ზეწოლებს?
_ ეს არის ლაშა მალაქია და ამას აკეთებს უკვე ხუთი წელია. მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა, ჩემი მეგობრის ფული იყო, სოციალურად დაუცველის, მითხრა, ბინას გავუკეთებო, მაგაზე გამომართმევინა ფული. ამის დროც დადგა, ტყუილებს ზღვარი არ ჰქონდა, დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ. ჩემი ფულიც ჰქონდა წაღებული. რომ მოვთხოვე, _ ან ბინაზე რას შვები, ან რაღაცა-მეთქი, თუ არადა, პირს დავაღებ-მეთქი რომ ვუთხარი, მაშინ მითხრა, _ სადაც არ უნდა წახვიდე, პროკურატურა იქნება, პოლიცია, თუ გენინსპექცია, მაინც მე გავიგებ და გაქრები როგორც ზოგ-ზოგიერთიო. მაშინ ერთადერთი გამოსავალი დამრჩა _ ფაქტების გასაჯაროება. ექვსი თვე ჩაკეტილი ვიყავი, ვიფიქრე, რომ ციხეში ვარ, ეგეთ დღეში ვიყავი და მაშინ გადავწყვიტე, რომ ჟურნალისტებთან მივსულიყავი და დახმარება მეთხოვა.
_ გოდერძი, რას გულისხმობდა ზოგ-ზოგიერთში? ხომ არ დაუკონკრეტებია სახელი და გვარი ვინმესი, ვინც გამქრალი იყო?
_ არ დაუკონკრეტებია, მაგრამ მიმანიშნა, ტელევიზორში რაც ხდება და, ზოგადად, რა ინფორმაციაც არის… ყველამ ვიცით, საქართველოში რა ხდება, ცალკე კრიმინალები გადამკიდა… ვფიქრობ, კრიმინალები იმიტომ, რომ იმათ მოვეკალი, თვითონ თავისუფალი იქნებოდა, თუ არადა, თვითონ დამემუქრა, ხმას თუ ამოვიღებდი…
_ ჯერ იმ სისხლის სამართლის საქმეებით დავიწყოთ, რომელშიც მისი ზეწოლით მონაწილეობა მიიღე. მე ვიცი, რომ ავტომატის ჩადებაში მონაწილეობდი. იყო თუ არა სხვა ასეთი გახმაურებული ან გაუხმაურებელი ფაქტები, რომელიც შენი მეშვეობით განხორციელდა?
_ იყო, იყო, ბევრი შემთხვევა იყო მასეთი და ყველაფერს ვეტყვი გამოძიებას. მაგის გახსენებაც მიჭირს უკვე და ძალიან ცუდ დღეში ვარ, მეტირება, ისეთ დღეში ვარ…
_ რა საქმეების გაკეთებას გაიძულებდა, შეგიძლია, რამდენიმე ფაქტი გაიხსენო?
_ როგორ არა, აი, ნარკომანებიდან რომ ფული წამომეღო, ვითომ წამალი უნდა მიმეტანა, მათ თვალწინ დამიჭერდა, ვერც ფულს მოითხოვდა ნარკომანი და ამ სახით მიჰქონდა გარკვეული თანხები. სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფებისგან ჰქონდა წამოღებული და თვითონ მიჰქონდა… მიუხედავად ამისა, ვიღაცას კიდევ იარაღი, ვიღაცის სახელი და გვარიც ვიცი, მაგრამ რა ვიცი, ახლა, მაგის დაწერა რამდენად…
_ სახელი და გვარი, ვინ არის, ვისაც იარაღი ჩაუდეთ?
_ მოლაშხია გიგო…
_ და, ალბათ, ეს ადამიანი გამამტყუნებელი განაჩენით ციხეში ზის, ხომ?
_ იჯდა, იჯდა…
_ გოდერძი, ამ კონკრეტული პიროვნების რა ინტერესი ჰქონდათ, რაიმე საქმეში მონაწილეობდა, თუ?
_ კონკრეტული პიროვნების არანაირი ინტერესი არ ჰქონდათ, მაგათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იქნებოდა, მთავარია, საქმე გაეკეთებინათ.
_ ანუ სტატისტიკისთვის აკეთებდა ამას, თავი გამოეჩინა, რომ დანაშაული გაეხსნა?
_ დიახ, დიახ, რა თქმა უნდა, თორემ ვინ იქნებოდა, _ გლეხი, მწყემსი თუ კრიმინალი, მნიშვნელობა არ ჰქონდა…
_ ნარკოტიკები თუ ჩაგიდევთ ვინმესთვის?
_ არა…
_ გოდერძი, ძალიან კარგად მესმის შენი მდგომარეობა. ახლა იმ პოლიტიკურ საქმეებზე გადავიდეთ, რომლებზეც გაიძულეს, ჩვენება მიგეცა. ამ კონკრეტული პოლიციელის გარდა ამბობ, რომ მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩართული, კონკრეტულად თუ შეგიძლია გაიხსენო საქმეები, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც ამ ჩვენებებს უთანხმებდი?
_ კონკრეტულად არავის შევხვედრივარ. ერთადერთი შემთხვევა იყო, პროკურატურაში რომ მიმიყვანეს, მაშინ ოთარ მირზოევი დამხვდა და მანამდე თავიდან ლაპარაკი დამიწყო ამ თემასთან დაკავშირებით, სულ მიხსენებდა _ ზემოთ საქმის კურსში არიან მაღალი რანგის, მაღალი თანამდებობის პირები, მინისტრმა ყველაფერი იცის! მსგავსი სიტყვებით მიმანიშნებდა, რომ ირმა ინაშვილისთვის მეთხოვა წულუკიანთან შეხვედრა. კბილაშვილს შევხვდებოდი კიდევაც, რაც რეალურად მოხდა და, ცოტა არ იყოს, შემეშინდა… წულუკიანი იქნება, კბილაშვილი იქნება, სხვა გზა აღარ დამიტოვა, რა ვიცი, ცუდად ვარ, რა, ძალიან…
_ მესმის და შევეცდები, ძალიან მოკლედ დავამთავრო ეს თემა… წულუკიანთან შეხვედრა გაიხსენე, როგორ მოხდა შენი და წულუკიანის შეხვედრა და სად?
_ ჩემი და წულუკიანის შეხვედრა მოხდა იუსტიციის სამინისტროში…
_ როგორ აგიყვანეს, _ საშვით, თუ არაოფიციალურად?
_ მე მგონი, საშვით, რა ვიცი… ვფიქრობ, საშვით იყო, კი…
_ და რა თემაზე გელაპარაკა იუსტიციის მინისტრი?
_ არაფერზე, თვითონ კი არ მელაპარაკა, მე მოვუყევი, თითქოსდა ახალაია, საყვარელიძე, მეგის ქარდავა და სხვა მაწამებდნენ, ასევე „კოჭოიას“ აწამებდნენ. ასევე გუნდიშვილზე მოვუყევი, ზერეკიძე მახსენებინეს, არადა, იმ საწყალს არ ვიცნობდი. რა ვიცი, ყველაფრის გახსენებაც ძალიან მიჭირს მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო. ყველა დეტალის, ყველა სიტყვის გახსენება ძალიან რთულია…
_ რა გიპასუხათ თეა წულუკიანმა, როცა მას ეს მოუყევით?
_ არაფერი, ყურადღებით მომისმინა. უბრალოდ, მითხრა, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა და გვითხრა, რომ პროკურატურაში გადაგვამისამართებდა რაღაც დღის მონაკვეთის შემდეგ. მოხდა ისე, რომ კბილაშვილს შეხვდი…
_ არჩილ კბილაშვილთან შეხვედრაზე რაზე იყო ლაპარაკი?
_ ანალოგიურად: ასე იყო, ასე იყო… კბილაშვილთან ერთად მაია მწარიაშვილი იყო, თუ კარგად მახსოვს, ანალოგიურად მოვუყევი ყველაფერი და მორჩა, მაგით დაიწყო ძიება და მერე პროკურატურაში დაკითხვაზე დამიბარეს…
_ ანუ ჩვენებები, რაც მიეცი, ახლა ამბობ, რომ ყველა არასწორი იყო?
_ რა თქმა უნდა… ამის შემდეგ არ ვიცი, რას ელოდებოდა და როგორ ელოდებოდა, მერე ეს პოლიციელი მალაქია ინიშნება თელეთის პოლიციის უფროსის მოადგილედ. ამ დროს მე ქვემო ფონიჭალაში ვცხოვრობდი. მერე მითხრა, რომ „ნაციონალებთან“ ოფისში მივსულიყავი. თავიდან მეკითხა მინაშვილი ან თუთბერიძე, მგონი, ეგრე მახსოვს. იქ რომ ვერავინ ვნახე, მეორე დღეს ახალაიას პროცესი იყო, მალაქიამ მითხრა, კალანდაძესთან მივსულიყავი და მეთქვა, რომ ასე და ასე, ზეწოლის შედეგად მივეცი ინტერვიუ და მიშველეთ, გამიყვანეთ საზღვრებზე-მეთქი, რაც რეალურად ეგრეც მოხდა…
_ როგორ ფიქრობთ, ეს პოლიციელი მარტო მოქმედებდა, თუ შენთან საუბარში უხსენებია სხვადასხვა თანამდებობის პირები, ან ზემდგომებში ვის გულისხმობდა?
_ არ ვიცი, ზემოდან, ზემოდანო და მერე მართლა რომ წულუკიანთან და კბილაშვილთან შენახვედრი ვიყავი უკვე, მერე მითხრა, უკვე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს საქმე, მინისტრი საქმის კურსშიაო. მეც ისეთ დღეში ვიყავი, რომ რა ვიცი… ყველაფერს ვფიქრობდი და ყველაფერს ველოდებოდი. მე ვთქვი, ხო, კაი, მივედი და გავაკეთე კიდევაც…
_ ანუ ანი ნადარეიშვილთან შენი მისვლა, ის ვიდეომიმართვა, რაც გააკეთე, ამ გეგმის ნაწილი იყო? წინასწარ იყო დაგეგმილი?
_ რა თქმა უნდა. მერე ეს იმას იზამდა, მე რომ ვკითხე, მერე რა მოხდებოდა ამით, ვითომ ამათმა გამიტაცეს და რა ვიცი, მერე რა ჰქონდათ გეგმაში, მაგას ვერ გეტყვით…
_ ლაშა მალაქია ახსენებდა თუ არა მერაბ ბაღათურიას გვარს?
_ რა თქმა უნდა, მე მას ციხიდან მოყოლებული ვიცნობ, ორთაჭალის ციხიდან ვიცნობ. ბაღათურიაზე მითხრა, რომ მისი ბიძაა, მამიდის თუ დეიდის ქმარი, ზუსტად აღარ მახსოვს… ამის შემდეგ ის იყო, რომ ჩამოვედი უკრაინიდან, მე არც „ნაციონალებს“ შევხმიანებივარ და არაფერი. ისინი, რატომღაც, ჩემს ინტერვიუს ელოდებოდნენ. უკრაინაში ყოფნის დროს გაასაჯაროებდნენ და მერე, როგორც ზოგადად ლაპარაკობდა, უნდა აეტეხათ დებოშის მაგვარი, ვითომ თვითონ იცოდნენ, ვინ გამიტაცა და რა ვიცი, ვის დაჭერას და რა ღონისძიებებს გეგმავდნენ, დეტალებში ვერ გეტყვით, რა…
_ თუმცა ამ სცენარით აღარ განვითარდა შემდეგი მოვლენები…
_ არა, აღარ განვითარდა.
_ არ უთქვამს ამის შემდეგ, რას აპირებდა? შემდეგი ნაბიჯები რა იქნებოდა?
_ ზოგადად ხუმრობის სტილშიც ვეუბნებოდი, _ ახლა ეს რომ „ნაციონალებმა“ გაასაჯაროონ, მერე რა უნდა გავაკეთო-მეთქი? პირს დავაღებ და სიმართლეს ვიტყვი, ესენი ხომ დამიჭერენ-მეთქი წულუკიანზე და იმათზე ისეთი რაღაც მქონდა ნათქვამი, ვითომ ამათმა მოახდინეს ზეწოლა… _ არა, ნუ გეშინია, როგორც კი მაგათ გაასაჯაროებენო, მესიჯით მიმაწერინა ირმა ინაშვილთან, _ ვითომ, ბოდიშს გიხდით, ასე დამემართა, მივსულიყავი „ობიექტივში“ და მეთქვა, რომ „ნაციონალებმა“ გამიტაცეს. დამემუქრა შვილზე, ძმისშვილებზე და რა ვიცი, ყველა სიტყვას ვერ ვიხსენებ… სხვა გზა არ მქონდა, თორემ რას ამბობ, მე რა ჩვენებაც მივეცი თავიდან, იმ ჩვენების აზრზე რომ ვიყავი. ინტერვიუს მიცემის შემდეგ მესამე-მეოთხე დღეს იყო, მითხრა, ნახალოვკაში შემხვდიო. როცა შევხვდი, მითხრა, იგივე ჩვენებას მივწოლოდი, ბიჭები დამიჭერდნენ, რა დროსაც „ემელის“ ჯიპმა გადმოაყენა, ამ პოლიციელს გადაუჭრა, ეს „შკოდით“ იყო, სახელმწიფო მანქანით… არ მგონია, ახლა პოლიციელმა „შკოდა“ გააჩეროს, ესეც დაგეგმილი იყო. ოთხმა კაცმა გადმომიყვანა და ქალაქის პროკურატურაში წამიყვანა, რა დროსაც ეს მალაქია უკან გამომყვა, ზევით იყო, სადაც ვიკითხებოდი იმ დერეფანში, დაკითხვის დაწყებამდე დამხვდა ოთარ მირზოევი, როგორც გამეცნო, კრიმინალური დეპარტამენტის უფროსი თუ უფროსის მოადგილე…
_ მირზოევმა რა გითხრა?
_ მირზოევმა მითხრა, ლაშა ჩვენი მეგობარია და ნუ გეშინია, ილაპარაკე, როგორც არისო. ანუ მიმახვედრა, ლაშამ რაც გითხრა, ყველაფერი ისე მოყევიო. იგივე ჩვენება მივეცი, მერე რაც მქონდა ნათქვამი „ობიექტივში“…
_ მწარიაშვილი ამ დროს პროკურორი აღარ იყო.
_ არ ვიცი, მაშინ თუ იყო მწარიაშვილი, მართლა არ შემხვედრია მანდ და არ ვიცი, ვინ იყო, რა იყო და სად იყო?
_ მირზოევთან სხვა დროსაც თუ გქონია შეხვედრა?
_ არანაირი, არასდროს… მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელებთან, ზოგადად, ვიცოდი, ვინ და რა, შეიძლება სახელი და გვარი მქონოდა განაგონი, მაგრამ ნანახი არასდროს მყავდა.
_ ხომ არ უხსენებია მალაქიას შენთან საუბარში მინისტრის გარდა ვინმე სხვა პირი?
_ არა, სხვა კონკრეტული სახელი და გვარები არ უხსენებია, ტყუილს ნაღდად ვერ ვიტყვი, ნახსენები რომ მქონდეს, სადაც ამდენი ვთქვი, მაგასაც ვიტყოდი… უკვე უკან დახევის დრო აღარ არის და ვიტყოდი ნამდვილად, მაგრამ ეს ამბობდა, რომ ზემოთ ყველა საქმის კურსშია, ნუ გეშინია, აქა ვართო და რა ვიცი…
როცა პოლიციის თანამშრომელი მოქმედებს, არა მგონია, იმ დონის თანამდებობის პირი ის არ იყო, რომ თვითონ მიეღო გადაწყვეტილება მსგავს საკითხებზე, ეს ლოგიკურიც არის და რეალურიც.
_ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მირზოევი თამაზაშვილის რეკომენდაციით დაინიშნა კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილედ, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ღარიბაშვილის გარემოცვაც საქმის კურსში იყო, ალბათ…
_ რა ვიცი, მაგას მე ვერ ვიტყვი, ვერც დავაზუსტებ, ვერც უარვყოფ, მაგრამ ფაქტია, რომ თვითონ კონტაქტი ჰქონდა ვიღაცებთან. ზოგადად, თავს მარიდებდა ტელეფონზე საუბრის დროს, გვერდით გადიოდა და მერე რაღაც ნაწილს მეუბნებოდა…
_ ამის შემდეგ, როცა ეს თემა მორჩა, პოლიტიკური ჩვენებების მიცემა _ ახალაიას, ქარდავას, კალანდაძისა და სხვების წინააღმდეგ, შემდეგ რას გავალებდა, ბოლო წლების განმავლობაში, მაგალითად, წელს ან შარშან?..
_ აი, რასაც მავალებდა, ახლა რასაც ვუფიქრდები, ეს იყო თანხის გამოძალვა, ამას გამოძალვა ჰქვია, ნარკომანებისთვის რომ ფული გამომერთმია, ვითომ მივუტანდი წამალს და სანამ მივუახლოვდებოდი, მაგათ დასანახად დამიჭერდნენ და ვითომ ვეტყოდი, დამიჭირეს და ვერც ფულს მოითხოვდა და ვერც ნარკოტიკს.
_ ბევრჯერ მოხდა ასე?
_ კი, კი, რამდენჯერმე მოხდა ასე და ვფიქრობ, რატომაც აკეთებდა, ამან იფიქრა უკვე ეს… ყველა დებილი არ არის, დღეს დამიჭირეს, ხვალ გარეთ ვარ, ამ კრიმინალებს ერთიმეორესთან ურთიერთობა რომ აქვთ და კავშირი, ერთიმეორეში რომ ილაპარაკებენ და გადამეკიდნენ მოსაკლავად და ეს რომ ვუთხარი, ასეა-მეთქი, თან ამ ბინის ფული ჰქონდა წაღებული, თან ჩემი ფულიც ჰქონდა, სხვისგან ვისესხე და მივეცი, საქმესთან დაკავშირებით საშველი რომ არ დადგა, უკვე ბინის მიცემის დროც უკვე მოსული იყო და ვუთხარი, რომ ან გაეკეთებინა ბინის ამბავი, მოეგვარებინა, ან დაებრუნებინა თანხა, თუ არადა, პირს გავაღებ-მეთქი რა დროსაც მითხრა მსგავსი სიტყვები: უგზო-უკვლოდ გაქრებიო!!!..
_ და სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებით პროკურატურაში დეტალური ჩვენება უკვე მიეცი?
_ ახლა კი, თავიდან ბოლომდე, როგორც თქვენ გიყვებით, 18 ეპიზოდი არის, როგორც მახსოვს: ამ კაცს საიდან ვიცნობ, რა ხდებოდა ნაცნობობის დროს და თავიდან მეგობრული ურთიერთობა მქონდა, მერე რაც მოხდა თავიდან ბოლომდე, როგორც თქვენ ჩამოგიყალიბეთ, ყველაფერი მოვუყევი.
_ 18 ეპიზოდი რას ნიშნავს? ჩვენ ამ წუთას 3 თუ 4 ეპიზოდზე ვილაპარაკეთ და რა არის დანარჩენი ეპიზოდები?
_ ეპიზოდი, როგორც მე ვიცი, ანუ ჩვენების 18 ფურცელი…
_ თეა წულუკიანთან დაკავშირებით თუ ჰქონდა გამოძიებას კითხვები?
_ კი, სად შევხვდი? როგორ შევხვდი? რა ვითარებაში შევხვდი? ვინ წამიყვანა? და მსგავსი კითხვები იყო…
მკითხეს არჩილ კბილაშვილთან დაკავშირებით, წულუკიანთანაც, ვინ წამიყვანა უკრაინაში? იქ ვისთან ვიყავი და მერე რა ხდებოდა ამ ნარკოტიკების თანხასთან დაკავშირებით? ის ბინის ფული რომ წაიღო, იმასთან დაკავშირებითაც და რაც ხდებოდა, ზოგადად, ყველა კითხვა დამისვეს.
_ თუ გაქვს ინფორმაცია, პოლიციელი მალაქია დაკითხულია?
_ არ მაქვს ინფორმაცია, გუშინწინ ვიყავი და არ იყო დაკითხული. გუშინ და დღეს რა მოხდა, არ ვიცი.
_ ინტერვიუს ბოლოსკენ წავიყვან, რადგან შენი მდგომარეობა მესმის: როგორ ფიქრობ, გამოძიება რამდენ ხანში დასრულდება? მოწმის დაცვის პროგრამაში ჩაგსვეს იმიტომ, რომ ჩათვალეს, შეიძლება საფრთხე გემუქრებოდეს და რას გეუბნებიან, კიდევ უნდა მისცე დამატებითი ჩვენებები თუ, უბრალოდ, ამ ეტაპზე მორჩა შენი დაკითხვა?
_ ამ ეტაპზე ჩემი დაკითხვა მორჩა. გამომძიებელმა თქვა, რომ დამატებითი კითხვები თუ ექნება, დამიბარებენ. რა თქმა უნდა, თავისთავად, ეს როგორ მორჩება. ვფიქრობ, როგორც მპირდებოდნენ, როგორც თავიდან დამემუქრა, ციხეში რაღაც საქმეს შემიკოწიწებდნენ, გამიშვებდნენ და იქ დამშტირავდნენ, ვინც დანაჭერი ჰყავდა მაგას…
_ მუდმივად დაცვის თანხლებით ხარ და ბუნებრივია, შენი უსაფრთხოებაც დაცულია…
_ ზოგადად, მეც არსად გავდივარ, არსად მიმესვლება და არავისთან მიმესვლება…

ელისო კილაძე